ნიკა პეტრიაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტყვიით დაგვხოცა, „ოცნებამ“ _ შიმშილით“

ახალგაზრდების პროტესტი ყოველთვის გამორჩეული და ეფექტიანი შედეგის მომტანია. თუმცა პოლიტიკურ რეალობაში ახალგაზრდები ხშირად ისე ხდებიან მართული პროცესების მონაწილეები, რომ ამას იმ წამს თავად ვერ ამჩნევენ. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს, რომ აქტუალური თემის გასაპროტესტებლად ახალგაზრდებს აღარც დრო დარჩეთ და აღარც _ ენერგია. მათ თავიანთი თუნდაც ეკონომიკური პრობლემები ისედაც თავზე საყრელად აქვთ.

როგორ მოქმედებს ხელისუფლება მმართველ გუნდთან მიმართებით? რა განსხვავებაა ამ კუთხით წინა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის? რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ახალგაზრდებს და დაიწყება თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრის განახლება?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრ ნიკა პეტრიაშვილს ესაუბრა:

_ნიკა, ჩვენ იმ პოლიტიკურ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, სადაც ბიძინა და მიშა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი თემა, რას ფიქრობთ ამ პროცესებთან დაკავშირებით, რა განაპირობებს მოვლენებს?
_ ვფიქრობ, პოლიტიკა საქართველოში მთლად ორპულუსიანი არ არის. არსებობს ძალიან დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელსაც არც ერთი მოსწონს და არც _ მეორე, მესამე ძალას ეძებს. რეალურად, ახლა მიმდინარეობს მესამე ძალის ფორმირება და, სავარაუდოდ, საკმაოდ მაღალ შედეგსაც გვიჩვენებენ საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება „ქართული ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ბიძინასა და მიშას, ეს მთლიანად ხელოვნურად შექმნილი პროცესია. სწორედ ამისთვის შეინარჩუნა ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და არ აღადგინა სამართლიანობა, რომ ყოველი მომდევნო არჩევნების წინ არჩევანი გაკეთებულიყო ან სისხლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ან უმაქნის „ქართულ ოცნებას“ შორის. ეს არის ძალიან მარტივი. თუ დააკვირდებით, ყოველთვის, როცა საქართველო წინასაარჩევნო ფაზაში შედის, სწორედ მაშინ აქტიურდება მიხეილ სააკაშვილი და აჟღერებს იმ მესიჯს, რომ ის საქართველოში ჩამოდის. რეალურად, ეს ერთმანეთთან შეთანხმებისა და გარიგების საფუძველზე ხდება. ორივეს აწყობს ერთმანეთი. „ოცნებისთვის“ ყველაზე მარტივი „ნაციონალებისგან“ თავის დაცვაა იმიტომ, რომ ყოველთვის შეუძლია წამოაძახოს მას ძალიან მძიმე დანაშაულებები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა. „ნაციონალებისთვის“ კი ყველაზე მარტივად დასამხობი „ქართული ოცნებაა“, რადგან ის არაფერს აკეთებს. დღეს ჩვენი ქვეყანა სრულ უძრაობაშია, არც ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით რაღაც ძალიან მცირე გამონათებებს, რომელიც ინერციით მიმდინარეობს. ხელისუფლება საერთოდ რომც არ გვყავდეს, ამას თავისთავადაც მივიღებდით. ეს არის დღევანდელი რეალობის მოკლე მონახაზი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხალხი ახლა უფრო მეტად არის გარკვეული და უკეთესად ხვდება რეალობას. სულ უფრო მეტი ადამიანი გაემიჯნა ამ ორ პოლიტიკურ ძალას, რადგან ორივე დანაშაულებრივია. ერთმა ტყვიით დახოცა ადამიანები და მეორემ _ შიმშილით. ვფიქრობ, სიკვდილი არავის გვინდა, არადა, რეალურად ორივე გვკლავს.
_ უკვე დიდი ხანია, მითიურ მესამე ძალაზე ვსაუბრობთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს საზოგადოების დაკვეთაა. მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რატომ არ ხდება მიწოდება?
_ ამ შემთხვევაში დიდი როლი ეკისრება ხელისუფლებას. ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მისი მთავარი ჩამნაცვლებელი აუცილებლად უნდა იყოს მესამე ძალა, რადგან „ნაციონალების“ მობრუნება წარმოუდგენელია. მათ არ ჰყავთ იმ რაოდენობის მხარდამჭერი, რომ მთავრობაში მოვიდნენ და ხელისუფლება დააკომპლექტონ. ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირველი მესიჯი, რაც გააჟღერა, ეს იყო, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო. ეს ადამიანი ყველაფერს ცდილობს, რომ მესამე ძალა არ გააქტურდეს _ დაწყებული ფინანსური პრობლემების შექმნით სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ და დამთავრებული, თუნდაც, პირადი ზეწოლით. მთავარი პრობლემა არჩევნების დროს არის: მოსყიდვა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადამიანების რაოდენობა. არჩევნების შედეგებიც შესაბამისია, _ წარმოიდგინეთ, ცესკო მთლიანად ხელისუფლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებითაა დაკომპლექტებული. ასევე ცესკოს არჩეული ვითომ ნეიტრალური წევრებით. რაც არ უნდა მაგარი შედეგი დადო, მათ ყოველთვის აქვთ იმის ბერკეტი, რომ შენი ხმები შიგნით არ დაგათვლევინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ რადიკალურ ნაბიჯებზე უნდა წახვიდე, რომელმაც ქვეყანაში ვითარება შესაძლოა, კარგ დასასრულამდე არ მიიყვანოს. ივანიშვილის გადმოსახედიდან შეხედეთ: ის ხელისუფლებაშია, ქვეყანაში მის უნებართვოდ ერთი პატარა აგურიც კი არ დაიდება და არის იმის რეალური საშუალება, რომ მან ეს გავლენა დაკარგოს. ასეთ დროს ურჩევნია, ოპოზიციაში ჰყავდეს ის ძალა, რომელიც ხალხის თვალში 100%-ით დისკრედიტებულია, რომლის მობრუნებაც ხელისუფლებაში არავის უნდა და როდესაც ამომრჩეველს ასეთი არჩევანის წინაშე აყენებს, ადამიანები მას აძლევენ ხმას. მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი სილა გააწნა „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობამ, როდესაც პირველ ტურში არჩევნები წააგო.
_ ამ პროცესების პარალელურად, რა არის ახალგაზრდების მთავარი გამოწვევა?
_ რაც პოლიტიკურ მოვლენებს ვაკვირდები, ახალგაზრდების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა, ახალგაზრდებში გაერთიანება არ მომხდარიყო, ამიტომ უნივერსიტეტში სასწავლო ჯგუფი გააუქმა. მის გზას ადგას „ქართული ოცნებაც“. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ახალგაზრდობა ის ძალაა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. ყველაზე დიდი გარდატეხები, რეფორმები, რევოლუციები ყოველთვის ახალგაზრდების ინიცირებით ხდება, ამიტომ ახალგაზრდობა ხელისუფლებისთვის დიდი საფრთხეა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ის საპროტესტო ტალღა, რომელიც ქვეყანაშიცაა და ახალგაზრდებშიც ან საერთოდ ჩაახშონ, ან ისეთ საკითხზე მიმართონ, რაც მათ პრობლემას არ უქმნის და რასაც მოაგვარებენ. ჩვენ ვნახეთ ამ კუთხით მართული პროცესები. რაც შეეხება ახალგაზრდების წინაშე მდგარ გამოწვევას, ძალიან დიდი პრობლემაა დასაქმება, როდესაც ადამიანი ყველაზე მეტად ქმედითუნარიან ასაკში ვერ მუშაობს და ვერ ქმნის იმ პროდუქტს, რომელმაც შემდეგში ქვეყანა უნდა გააძლიეროს. ამას მოჰყვება ფსიქოლოგიური პრობლემები. რატომ არის გახშირებული ასეთი მასშტაბით ახალგაზრდებში სუიციდის პრობლემა? მათ არ ეძლევათ თვითრეალიზაციის საშუალება, რაც იწვევს დეპრესიასა და სხვა ცუდ რამეს, რომელსაც სუიციდამდე მიჰყავს ახალგაზრდა. მეორე პრობლემაა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ასპარეზი. ქვეყანა დაცლილია ახალგაზრდებისგან. ყოველი მეორე თუ უკვე წასული არაა, ფიქრობს მაინც ქვეყნიდან წასვლაზე. ისინი ხედავენ, რომ აქ პერსპექტივა არ გააჩნიათ.
_ ჩვენ ახალგაზრდები არ გვინახავს არც დასაქმებისა და არც განათლების პრობლემების გასაპროტესტებლად, ვნახეთ მარიხუანის თემაზე გამოსულები, მართული პროცესი ახსენეთ, კონკრეტულად ამას გულისხმობთ?
_ დიახ, ჩემს სუბიექტურ აზრს გეუბნებით, მაგრამ არა მგონია, ვცდებოდე. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ის საპროტესტო აქცია მართული იყო სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ კონტრაქციაც გაიმართა. ორივე მართული იყო. შეიძლება, თვითონ ეს ახალგაზრდები არ იყვნენ საქმის კურსში, რომ მათ ვიღაც მართავდა. რეალურად, არსებობდა პროტეტი იმ არანორმალური ნარკოპოლიტიკის მიმართ, რაც ქვეყანაში იყო, ეს პროტესტი უნდა გამოსულიყო, მაგრამ რა ფორმით და რა შედეგი ექნებოდა, სხვა საკითხი იყო. ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტის მიმართვა მოხდა ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც აუცილებლად შესაცვლელი იყო, ხელისუფლება დეკრიმინალიზაციას ვერ გაექცეოდა. ე. ი. თითქოს ახალგაზრდების პროტესტს ხელისუფლებამ მოუსმინა და „ბოდიშიც მოუხადა“ თავის „საყვარელ“ შვილებს, მომავალ თაობას (ჩვენ გვახსოვს გახარიას ბოდიში) და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. ორივე მხარე მშვიდობიანად დაშალა. პოლიტიკურად ღრმად რომ შევხედოთ, ასეთი ტენდენციაა: როდესაც ქვეყანაში რაიმე გასაპროტესტებელია, მათ გვერდით ჩნდება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის გვერდით დგომისთვის მოაზროვნე ადამიანი შინაგანად მზად არ არის. ასე მოხდა ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს, როდესაც ზაზა სარალიძე გამოვიდა და 15 წუთში მას ნახევარი საქართველო გვერდით დაუდგა. მაგრამ მის გვერდითვე „ნაციონალების“ გამოჩენის შემდეგ პროტესტის ტალღა ჩაქრა.
_ ახალგაზრდების პრობლემას ვერ ხედავთ იმაში, რომ ისინი მარიხუანის თემაზე გამოდიან ქუჩაში და არა განათლების ან დასაქმების, როგორია ამ კუთხით მათი პასუხისმგებლობა?
_ ახალგაზრდებს თავიანთი წილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. მამათა და შვილთა ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია, მით უმეტეს, საქართველოში. ყოველთვის მათზე გადაბრალება, რომ თქვენ დაანგრიეთ და დანგრეული ქვეყანა დაგვახვედრეთ, _ ეს პოზიცია არასწორი იქნება. სწორედ ახალგაზდების გამოსასწორებელია ბევრი რამ. გარდა „ფეისბუქზე“ გაღიზიანებული კომენტარების წერისა, ვინმეს მოსვლია აზრად იმის გაპროტესტება, თუ რა დღეში არიან ახალგაზრდები სუპერმარკეტებში? ჩვენ ხომ ვკითხულობთ ყოველდღიურად, რა არაადამიანურ პირობებში უწევთ ადამიანებს 300 ლარად მუშაობა. მათ კამერებით აკვირდებიან, მათი უფლებები უხეშად ირღვევა. რომელიმე გახმაურებულ ფაქტზე მოხდა ახალგაზრდების კონსოლიდირება?!
_ მაშინ, ასე გკითხავ: რატომ არ დგანან ახალგაზრდები იქ, სადაც უნდა იდგნენ?
_ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. ალბათ უფრო სოციალური ფონია ამის განმაპირობებელი. ამ ახალგაზრდებსაც თავიანთი ყოველდღიურობა აქვთ გასატანი. ვიღაც იმაზე ფიქრობს, შეძლებს თუ არა შვილისთვის რძის ყიდვას, რომელიც, პირობითად, 15 ლარი ღირს. ამ ახალგაზრდას ჯერ ეს ფული აქვს საშოვნი. საქართველოში აზროვნება უკვე ინსტინქტებზეღა დადის, იმიტომ, რომ პირველადი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, რომლის გარეშეც ფიზიკურად ვერ იარსებებენ. ამიტომაც გიჭერს ხელისუფლება ეკონომიკური კუთხით.
_ აბსოლუტურად ყველა, მათ შორის, საზოგადოება, მაყურებელი, თანხმდება იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკას განახლება, ახალი სახეები სჭირდება, როგორ ხედავთ ამ პროცესს და გვაქვს თუ არა იმის ფიქრის საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში ეს პროცესი დაიწყება?
_ ნებისმიერ საქმეში თაობათა ცვლა, ზოგადად, მტკივნეული პროცესია. ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის პროცესი დაწყებულია. მაგალითად, 70-80-იანი წლების თაობაა მმართველი, უკვე 90-იან წლებში დაბადებულ თაობას თავის ხელში იმ ბერკეტების აღება უწევს, რომელიც ქვეყნის მართვაზე გავლენას მოახდენს. ეს პროცესი შეუქცევადია, ბუნების კანონია წასვლა-მოსვლა. ჩემი აზრით, 5-7 წელიწადში 90-იან წლებში დაბადებულმა თაობამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს ძირითადი მაკონტროლებელი რგოლების ძალიან დიდი ნაწილი. ახალგაზრდების მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება, სამაგიეროდ, აქვთ ახალი ხედვები და რეფორმებისკენ მიდრეკილება. ძველი თაობის წარმომადგენლის მთავარი პლუსია დიდი გამოცდილება და დაღვინებულობა. ამიტომაც ეტაპობრივად და უმტკივნეულად უნდა მოხდეს ჩანაცვლება, რომ ქვეყანა უარეს ჭაობში არ ჩაეფლოს.
_ როგორია „დემოკრატიული მოძრაობის“ გეგმები?
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დავიწყეთ. ჩვენს პარტიაში ახალი სახეები მოდიან, გვაქვს ახალი ხედვები, თუმცა არ ვაპირებთ გადავუხვიოთ საწყის ხაზს, რებრენდინგი გვსურს. ყრილობა მაისის ბოლოს ჩატარდება და გეპატიჟებით. გაგაცნობთ, რას ვთავაზობთ მოსახლეობას. უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი სასიამოვნო სიახლე იქნება.

ნენე ინჯგია