ხათუნა ლაგაზიძე: „ოპოზიციურ ფლანგზე მთავარი ფიგურა ნიკა გვარამიაა!“

ქართულ პოლიტიკაში რომ ყველაფერი ყირამალაა, ამას დიდი დაკვირვება და ანალიზი არ სჭირდება, თუმცა ხელისუფლება ჯიუტად აცხადებს, საგანგაშო არაფერი ხდება და, უბრალოდ, ხალხს აღქმა აქვს, რომ ცუდად ცხოვრობსო. ისიც შესაძლოა, აღქმას დააბრალონ, პოლიტიკური ელიტა ერთმანეთს რომ ჭამს. ისე, ამ კუთხით მშვიდი ვითარება არათუ „ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც არ არის. ყოველ შემთხვევაში, ანატილიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ მმართველი გუნდის დაშლის ფონზე, საზოგადოება მეორე ფლანგზე, ანუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

მოკლედ, რა სტრატეგიით მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი? რა ურჩიეს „პიარშჩიკებმა“ ხელისუფლებას და ოპოზიციას და რა მიზნისთვის სჭირდება „ოცნებას“ ლევან ვასაძე? _ „ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ხათუნა ლაგაზიძესთან:

_ გასულ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილი საჯაროდ პირველად გამოჩნდა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე „ოცნების“ დაშლაზე ვრცლად ისაუბრა. ხათუნა, მოდით, მმართველი გუნდის თავმჯდომარის ეს და ის ინტერვიუ, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის მისცა, ერთმანეთს შევადაროთ. თქვენი აზრით, მაშინდელი ივანიშვილი უფრო მოტივირებული იყო თუ _ ახლანდელი?
_ მთავარი, რაც ამ ბოლო ინტერვიუდან მე და, ალბათ, მაყურებელმაც გაიგო, ის „ერთი წელი“ იყო, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დააანონსა, ანუ არა მარტო პირველი ტურის, არამედ სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ პირველი სიტყვები, რაც ივანიშვილმა თქვა, ასეთი იყო, _ თქვენ, ამომრჩეველმა, თქვენი ვალი მოიხადეთ, ახლა ყველაფერი ჩემი საქმეა და ჩემგან ვალის გასწორების დრო დაიწყოო. არჩევნებიდან ოთხი-ხუთი თვე გავიდა და ყველას აინტერესებს, ამ ხნის განმავლობაში წინ რა წავიდა და, საერთოდ, ის „ერთი წელი“, რაზედაც მაშინ საუბრობდა, რას ეხებოდა? ბოლო ინტერვიუდან მივხვდით, რომ ივანიშვილმა ეს „ერთი წელი“ საკუთარი პარტიის დასალაგებლად აიღო.
_ არ ვიცი, ასეთი შთბეჭდილება რატომ შეგექმნათ. პირადად მე მგონია, რომ ივანიშვილის ინტერვიუ „ოცნებიდან“ გაქცეულების მიწასთან გასწორებასა და მათ „ნაციონალებთან“ გათანაბრებას ემსახურებოდა.
_ ეს ცალკე თემაა და ამას აუცილებლად მივუბრუნდები. საერთოდ, ეს ერთხაზოვანი ინტერვიუ არ ყოფილა, სადაც მხოლოდ ერთ შტრიხზე გაამახვილა ყურადღება. მოკლედ, ზემოხსენებული ერთი წელი ივანიშვილისთვის საკუთარ პარტიაში წესრიგის დამყარების მცდელობას უტოლდება. ყოველ შემთხვევაში, ამ ინტერვიუს დიდი ნაწილი პარტიას, მისი დალაგების მცდელობასა და იმ სურათს მიეძღვნა, რომ პარტიაში ძალიან სერიოზული პრობლემები კვლავ ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში ზუსტად ამისთვის შემობრუნდა. სხვათა შორის, თქვა, _ აი, პარტიაში არსებული ქაოსის დაძლევას ხუთი თვე მოვანდომე და ვფიქრობ, ახალ ტალღაზე გადავიყვანეო. მაგრამ ამ განცხადებიდან ორ დღეში „ოცნებიდან“ დემარშით საკმაოდ ცნობილი ორი წევრი _ ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარაშვილი გავიდა, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ ამ ორი ადამიანის კი არა, ზოგადად, პარტიის პასუხია, ანუ ეს, ერთგვარად, ხელთათმანის სროლაა იმაზე, რომ პარტიის დალაგების მცდელობა, ჯერჯერობით, მცდელობადვე რჩება. ამასთან, „ოცნების“ დაშლის ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და ამას ისეთი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელსაც ვერაფერი შეაკავებს.
_ ივანიშვილი იმის დემონსტრირებასაც ხომ არ ცდილობდა, აი, მე კარგი „ტიპი“ ვარ და „ოცნება“ ცუდებისგან უნდა გავწმინდოო? სხვათა შორის, თქვა კიდეც, არაფერი შემშლიაო…
_ ივანიშვილის განცხადებების ქვეტექსტი, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ პარტიიდან გამსვლელებს ის გამოწვევები არ ესმით, რომლის წინაშეც „ოცნება“ დგას. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა მოსამართლეთა საკითხია და ამ კუთხით „ოცნება“ კომპრომისზე მიდის.
მოკლედ, დღევანდელი ვითარება ივანიშვილისგან, ვფიქრობ, სრულიად სხვა რამეს მოითხოვდა, ანუ პარტიის შიგნით და ყოფილი კოალიციის წევრებისთვის მტრისა და მოღალატის კლიშის მიკერებას კი არა, პირიქით, მოყვრების შემოკრებას, მაგრამ ივანიშვილმა უკვე წასულებსა და წამსვლელებთან წითელი ხაზები გაავლო.
აქვე, იმ წერილსაც შევეხები, რომელიც ორი კვირის წინ გამოქვეყნდა _ მასში სულ სხვა სულისკვეთება იყო: უნდა გავერთიანდეთ, პოლიტიკური წარსულის შეხსენების დრო დამთავრდა, რადგან ეს არის ის, რის გამოც ქვეყანა ფეხზე ვერ დგებაო. მაგრამ იმ ინტერვიუში სულ სხვა სულისკვეთება მოვისმინეთ. „ოცნება“, რეალურად, ფანტომია. ამიტომ დღეს ივანიშვილისთვის მთავარი გამოწვევა ყოფილ თანაგუნდელებსა და თანამებრძოლებთან წითელი ხაზების გავლება და კედლების აგება კი არა, მოყვრების შემოკრებაა. ივანიშვილი ყველასგან ელოდა გაგებას, თუ რატომ არის მისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვისაც მოსამართლეების საკითხის იმგვარად გაგება, როგორც თავად ხედავს, მართებული. ანუ მას აქვს ძალიან მყარი რწმენა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს კონტროლი მათ არ დარჩათ, ვინც დღეს აკონტროლებს, მაშინ სასამართლო ხელისუფლება „ნაციონალების“ ხელში გადაინაცვლებს.
_ ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა სამ მინისტრზეც გააკეთა მინიშნება, რომელიც კარგად არ მუშაობს. მართალია, მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ეს მინიშნება და იგივე ყოფილ თუ ჯერ კიდევ მოქმედ თანაპარტიელებთან წითელი ხაზების გავლება იმიტომ დასჭირდა, რომ ვითარება კიდევ უფრო დაძაბოს და საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანოს?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა, თუმცა ორი სიტყვით, მოსამართლეების თემას ამოვწურავ.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ ამ ინტერვიუს შემდეგ მივხვდი, რომ ივანიშვილი მთელ თავის გუნდს უსაბუთებდა, მოსამართლეების მიმართ ჩემეული ხედვა და მიდგომა სწორი იმიტომაა, რომ ეს ერთადერთი გზაა, რითაც „ნაცმოძრაობა“ სასამართლო ხელისუფლებას ხელში ვერ ჩაიგდებსო. ივანიშვილს არ ესმის, ამ ხედვაში გუნდის ის ნაწილი რატომ არ აჰყვა, რომელიც მოსამართლეების საკითხს სულ სხვა კუთხით უყურებს. აი, სწორედ ამიტომ ავლებს წითელ ხაზებს.
რაც შეეხება კითხვას, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ კრიზისს ხელოვნურად ქმნის. მეტიც, ის კონფიგურაცია, რომელიც ლაგდება, მისთვის წამგებიანი არ არის.
_ რომელ კონფიგურაციას გულისხმობთ?
_ „დაიცავი საქართველო“ და დავით მაღრაძე, რომლის გარშემოც გარკვეული ადამიანების გაერთიანება მოხდება. ასევე ალეკო ელისაშვილი გააქტიურდება და ახალგაზრდა მემარცხენეები, რომლებიც მთაწმინდაზე გრიგოლ გეგელიას გარშემო არიან, საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დავით ჭიჭინაძემაც გამოაცხადა, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს. ანა დოლიძის მიმართაც ძალიან მაღალი ხარისხის მოლოდინია. ყველაფერ აქედან გამომდინარე, 2020-ის არჩევნებზე „ოცნება“, თავს მოვიჭრი, საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, დიდი ალბათობით, ისეთ უმრავლესობასაც ვერ აიღებს, რომელიც მთავრობის დაკომპლექტებისთვისაა საჭირო!
მოდით, ყველაფერ ამას ივანიშვილის გადმოსახედიდან შევხედოთ _ სამპროცენტიანი ბარიერია, რომელსაც ხუთი-ექვსი პარტია მაინც გადალახავს. ამასთან, „ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მაჟორიტარული არჩევნები არ დათმოს, რადგან ძალიან კარგად იცის, მაჟორიტარული არჩევნების დათმობის შემთხვევაში, არჩევნებს ცალსახად წააგებს და ხელისუფლებას დათმობს. მოკლედ, ახალ პარლამენტში „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“, მეტ-ნაკლებად, თანაბარი წარმომადგენლობა რომ ჰქონდეთ და დღის წესრიგში კოალიციური ხელისუფლების საკითხი დადგეს, მაგალითად, „დაიცავი საქართველო“, გამორიცხულია, რომ „ნაციონალებისკენ“ წავიდეს.
_ ეს გასაკვირი თუნდაც იმიტომ არ იქნება, რომ ბოლო ინტერვიუში ივანიშვილმა ყველაზე „ლაითად“ მაღრაძეს აუწია ყური.
_ დიდი შანსია, რომ სამპროცენტიანი ბარიერი „პატრიოტთა ალიანსმაც“ გადალახოს და ცხადია, ისიც საით წავა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელებსა და ყოფილებთან წითელი ხაზები გაავლო, ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ კატასტროფის წინაშე დგას, რადგან ზუსტად ისე ითვლის, როგორც ახლა ჩვენ ვითვლით _ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში გავლენ, მთავრობის ფორმირებისას კოალიციას „ოცნებასთან“ შეკრავენ და არა _ „ნაცმოძრაობასთან“.
_ ერთია გათვლა-დათვლა, მეორე კი _ რეალობა.
_ არჩევნების დროს რეალობა როგორი იქნება, ეს მხოლოდ ივანიშვილსა და „ოცნებაზე“ არ იქნება დამოკიდებული. ზოგადად, ახლა ყველანი „ოცნების“ დაშლაზე ვართ კონცენტრირებული. ამ დროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და წონიან რინგზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები ჰქვია, არანაკლებ საინტერესო დუღილია.
_ რას გულისხმობთ?
_ ის, რაც უკრაინაში ხდება, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებისთვის ძალიან საინტერესო სიმპტომია, ანუ პოროშენკოს შტაბში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გიორგი ვაშაძეა. სააკაშვილი კი ჯერ ტიმოშენკოს უჭერდა მხარს, ახლა ზელენსკის მხარდამჭერად მოიაზრება. მის მიმართ დადებით ეპითეტებს თავად ზელენსკიც არ იშურებს. ამ დროს ქვეყნის შიგნით, საპრეზიდენტო არჩევნებზე, ვაშაძე და სააკაშვილი ერთიან მონოლითურ ძალას წარმოადგენდნენ. ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ამავდროულად, ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ლიდერი უფრო ნიკა გვარამიაა, ვიდრე _ გრიგოლ ვაშაძე, ანუ პოლიტიკური რეალობის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციურ ფლანგზე მთავარ ფიგურად, დიახ, ნიკა გვარამია მიმაჩნია!
ასევე ვიცით, რა მოხდა ზუგდიდის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით „ნაცმოძრობაში“ _ ნიკა მელიას უნდოდა და როცა სანდრა დაასახელეს, ბევრი სრულიად სხვა რეალობის წინაშე დადგა.
_ ერთი სიტყვით, ხათუნა, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ „ნაცმოძრაობაშიც“, უფრო ზუსტად, გაერთიანებულ ოპოზიციაშიც განხეთქილებაა?
_ განხეთქილებას ვერ დავარქმევ, მაგრამ დუღილის პროცესი იქაც არის. უბრალოდ, „ოცნების“ ყოველდღიური დაშლა-ჩამოშლის ფონზე, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დუღილის პროცესი ყურადღების ცენტრში აქტიურად არ ექცევა.
ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ 2020-ის პოლიტიკური სივრცის კონტურები მოვხაზოთ, მაგრამ ამას მხოლოდ „ოცნებით“ ვერ მოვხაზავთ, რადგან „ნაციონალებშიც“ საინტერესო პროცესები მიდის და არ ვიცით, ვინ, როგორ და რანაირად გამოიკვეთება, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, „ნაცმოძრაობაში“ გავლენის ცენტრი საით გადაინაცვლებს, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არჩევნებამდე „ნაცმოძრაობის“ დაშლას არ ველი _ ეს ლოგიკაშიც არ წერია. იქ საუბარი, უბრალოდ, გავლენების გადანაწილებაზეა.
_ ეს მესმის, მაგრამ ვადამდელ არჩევნებზე არაფერი მითხარით, არადა, იგივე გვარამიაც, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა, ვადამდელზე არაპირდაპირ მიანიშნებს ხოლმე. ერთი სიტყვით, თუ ვითარება ძალიან აფეთქდება, ვადამდელი „ოცნებისთვის“ გადარჩენა არ იქნება?
_ გადარჩენა როგორ იქნება, როცა „ოცნება“, როგორც ერთიანი ორგანიზმი, არ არსებობს. ვთქვათ, ყველაფერი ვადამდელამდე მივიდა და ივანიშვილი სიის დაკომპლექტების წინაშე დადგა, ვისით უნდა დააკომპლექტოს ის? ვინმეს სჯერა, რომ თუ „ოცნების“ ახალი სიის ხუთეულსა თუ ათეულში, სადაც თმაქოჩორა კობახიძე თავისი თანამეინახეებითურთ იქნება, რამე შედეგს დადებს? _ ეს გამორიცხულია.
_ გეთანხმებით, მაგრამ ხომ იცით, ფული ჯოჯოხეთს კი არა, პოლიტიკასაც ანათებს. ჰოდა, ვინმე ახალ სახეს იპოვიან და ლიდერად დასვამენ…
_ კი ბატონო, ახალი სახეებიც სალაპარაკოა _ როგორც ვიცი, ასეულობით ადამიანის გვარ-სახელი განიხილება, მაგრამ ვისზე შეიძლება, ივანიშვილმა სიის ვერტიკალი ააგოს? _ მოიყვანა ღარიბაშვილი, რომელიც ძველი ფორმაციის „მეოცნებეებისთვის“ ერთგვარი სიმბოლური ფიგურა იყო, მაგრამ დაშლის იმ პროცესს, რომელსაც ივანიშვილი ვერ აჩერებს, ღარიბაშვილი ვერ შეაკავებს.
ღარიბაშვილის შემოყვანას კიდევ ის მიზანი ჰქონდა, რომ პარტიის ვერტიკალი, რომელიც უპირატესად კალაძისა და კობახიძის ხალხით არის აგებული, სხვაგვარად გადაეწყოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს გახარია… კალაძესთან ივანიშვილის ურთიერთობა, როგორც იტყვიან, ასატანის ზღვარზე გადის, ანუ კალაძეც რომ გვერდზე გასწიოს, ამ „ოცნებაში“ ვიღა დარჩება?
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს პარტიაში ორი თუ სამი საყრდენი ფიგურა ჰყავს, პარტია ერთიანი და, შესაბამისად, არჩევნებისთვის მზად არ არის! მოკლედ, სიაში სულ ახალ კოკრებს და ხოხბებს რომ ჩაალაგებენ, „ოცნების“ ძველი ვერტიკალი ხომ იტყვის, ისედაც წყალი გაქვთ შემდგარი და ახლა თავზე ახალი კოკრები და ხოხბები რომ მომახვიეთ, წელებზე ფეხი მათთვის დავიდგაო? ასე რომ, ურთულესი ვითარებაა _ როგორ გინდა, მაგალითად, კობახიძის ვერტიკალი აიძულო, რომ სრულიად სხვა სიისთვის მაშინ მოიკლას თავი, როცა „ოცნება“ ირყევა, თორემ ეს 2016 წელი რომ იყოს, ყველა თავპირისმტვრევით გაქანდებდა და კობახიძე ვინ არის, მისთვის რომ ეერთგულა!
_ ისე, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თქვენი აზრით, ივანიშვილი არჩევანს კალაძის, უფრო კონკრეტულად, კალაძე-კობახიძის სასარგებლოდ გააკეთებს თუ გახარიასი?
_ კალაძე საიმისოდ საკმაოდ ჭკვიანია, რომ კობახიძის დამიწებულ რეიტინგთან ასოცირების სურვილი ჰქონდეს _ წარმოუდგენელია, რომ კობახიძის რეიტინგი „გარეცხო“.
_ ყოველ შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისე ჩანდა, რომ კალაძე და კობახიძე ერთ თამაშს თამაშობდნენ.
_ შეიძლება, მაგრამ თუ კალაძემ კობახიძის რეიტინგისა და იმიჯის რეცხვა დაიწყო, ეს შეიძლება, საკუთარ იმიჯად დაუჯდეს! გასაგებია, რომ მას საპარლამენტო დასაყრდენი სჭირდება, მაგრამ ყველაფერი ამ წელიწად-ნახევრით არ შემოიფარგლება _ ყველა 2020-ისთვის ილესავს კბილებს.
_ ე. ი. კალაძის რეალური კონკურენტი გახარიაა?
_ დღეს „ქართულ ოცნებაში“ ორი ღერძული ფიგურა კალაძე და კობახიძეა, თუმცა ღარიბაშვილის სახით მესამეც შემოვიდა _ შუალედური არჩევნების კანდიდატების წარდგენებზეც ჩანს, რომ ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური მდივანი, ძალიან აქტიურად არის ჩართული.
კობახიძე მანამ კვოტირებს, სანამ მოსამართლეების საკითხი ისე არ გადაწყდება, როგორც ივანიშვილს უნდა. მერე კი ის დაემართება, მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრი უნდა წავიდესო. ის აუცილებლად წავა!
_ ხათუნა, თქვენი პროგნოზით, ეს სამი ღერძულა ფიგურა „ოცნებაში“ გავლენის სფეროებისთვის ერთმანეთს არ დაერევა?
_ ეს ყოველთვის ასეა და გასაკვირი რა არის? თუ ქართულ პოლიტიკას გადავხედავთ, ყველას ჰყავდა გუნდი. მაგალითად, შევარდნაძესაც „დაყავი და იბატონეს“ პოლიტიკა ჰქონდა _ როგორც კი გუნდი მის წინააღმდეგ გაერთიანდა, შევარდნაძე მაშინვე დამთავრდა. ამიტომ სხვადასხვა ინტერესის ჯგუფს ინარჩუნებდა, რადგან ისინი ერთმანეთით დაებალანსებინა. სააკაშვილის დროსაც ასე იყო და როცა გუნდებს შორის ბალანსი ვეღარ შეძლო _ მერაბიშვილი, ახალაია და ამბავი, სააკაშვილიც მაშინ დამთავრდა, თუმცა საქართველოში რაც გვინახავს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მონოლითური ხელისუფლება იყო!
_ ივანიშვილი გუნდის მონოლითურობის შენარჩუნებას შეძლებს?
_ მაგას ვამბობ, რომ „ოცნება“ მონოლითური არასოდეს ყოფილა _ ივანიშვილისთვისაც ამოსავალი წერტილია, რაც შეიძლება მეტი ინტერესთა ჯგუფი არსებობდეს, რათა მათ ერთმანეთი დააბალანსონ და რომელიმე ჯგუფი თუ ლიდერი არც ერთ შემთხვევაში არ გაძლიერდეს!
ღარიბაშვილის ხელმეორედ შემოყვანაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ პარტიაში კობახიძისა თუ კალაძის ვერტიკალი დაბალანსდეს. ამაში ივანიშვილი ცუდს ვერაფერს ხედავს. პირიქით, ყველაფერი ეს მისთვის მდგრადობისა და სტაბილურობის საფუძველია _ ეს ინტერესთა ჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს ყელშიც კი სწვდება!
_ ეს შიდა დაქსაქსულობა „ოცნებას“ უფსკრულამდე არ მიიყვანს?
_ რთული სათქმელია.
_ რთული სათქმელი რატომაა?
_ თუ დაინახავენ, რომ გემი იძირება, რა თქმა უნდა, ყველა ეცდება, რომ საკუთარი თამაში ითამაშოს და გაიქცეს, მაგრამ თუ დაინახავს, რომ პოლიტიკაში მათი ყოფნის ერთადერთი საშუალება ერთობაა, მაშინ ისევ ერთმანეთის დაბალანსებაზე გადავა და მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი თანაარსებობის რეჟიმს გააგრძელებს.
კიდევ ერთი, რაც „ოცნების“ შიდა პროცესებს არ უკავშირდება: ძალიან გააქტიურდა ვასაძის თემა.
_ ოო, ეს ძალიან საინტერესო თემაა, მით უმეტეს, ვასაძე, როგორც ამბობენ, რუსეთზე პირდაპირ არის მიბმული!
_ ამას თავადაც არასოდეს უარყოფს. იგივე „ფეისბუქლაივებში“ მისი რიტორიკა მკვეთრად ანტიდასავლურია და ასეთი ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოში არავის აქვს! სწორედ იმიტომ, რომ ის თავის პოზიციას არ მალავს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი პლუსია.
_ ეს როგორ?
_ თუ ვასაძე პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ სამწვერიან პოლიტიკურ სივრცეს მივიღებთ, რა დროსაც „ოცნება“ იტყვის: ერთ მხარეს, როგორც საფრთხე, „ნაცმოძრაობაა“ _ მოვა, რევანშს, შურისძიებას დაიწყებს და ყველა „არანაციონალს“ გასრესს. მეორე მხარეს ვასაძეა, რომელიც რუსულ ტანკზე ამხედრებული მოვა. ჰოდა, ვისაც არც რუსული ტანკი გინდათ და არც _ „ნაცმოძრაობის“ რევანში, თქვე საწყლებო, სად მიდიხართ, ისევ მოდით და ჩემს კალთას შემოეფარეთო.
მოკლედ, შევარდნაძისთვის საფრთხობელა აბაშიძე იყო, „ნაციონალებისთვის“ _ რუსეთი, „ოცნებისთვის“ კი საფრთხობელა „ნაცმოძრაობა“ და შესაძლოა, ვასაძეც იყოს.
სხვათა შორის, ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილმა ამ კონტექსტში ხუხაშვილი და უსუფაშვილი ახსენა. ამ ადამიანებს კარგად ვიცნობ, ჩემზე კარგად ივანიშვილი იცნობს და თავადაც დარწმუნებულია, რომ „ნაციონალების“ თამაშს არასოდეს თამაშობდნენ, მაგრამ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანისთვის „ნაციონალობის“ კლიშის მიკერება „ოცნების“ ხელწერაა. ცხოვრება უფრო უმარტივდება, როცა ის ადამიანებიც კი, რომლებიც, ათი რეინკარნაციაც რომ განიცადონ, საკუთარ თავს „ნაციონალების“ ხელშემწყობებად ვერ წარმოიდგენენ, „ნაციონალებს“ მიაწებონ!
_ ამ ლოგიკით ვასაძე „ოცნების“ პროექტი გამოდის, არა?
_ არ გამიკვირდება იმიტომ, რომ „ოცნებას“ დღეს მაშველი რგოლი ძალიან სჭირდება, თუმცა „ოცნების“ სტრატეგიაში „ნაცმოძრაობა“ საფრთხობელად ისევ დარჩება და ამას ზუგდიდის მერის არჩევნებიც მოწმობს.
_ თუმცა ეს „საფრთხობელა“ უწინდებურად აღარ იმუშავებს.
_ მეც ამას ვამბობ, ანუ ძველებურად რომ აღარ იმუშავებს, ამიტომ „ოცნებას“ ახალი საფრთხობელა სჭირდება. ამასობაში კი ვისურვებდი, რომ ახალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა საერთი ენა რაღაცნაირად გამონახონ და ქოლგა ორგანიზაცია შექმნან.
რასაც ახლა ვიტყვი, 2020-ის არჩევნების მერე გავიხსენოთ: სამპროცენტიანი ბარიერი ბევრისთვის ძალიან ცუდი საცდურია და პოლიტიკაში ახალშემოსული ან შემოსვლის მოსურნე საინტერესო და ძალიან ამბიციური სახეები ფიქრობენ, სამი პროცენტის გადალახვას რა უნდა, შენი ჭირიმეო, მაგრამ არავინ იცის, გარეთ რამდენი დარჩება.
კიდევ ერთს ვიტყვი: „ქართული ოცნება“ პატრიოტიზმის ნიშას „აჯდება“ და ეს მხოლოდ ზვიადის გარდაცვალების ადგილას ივანიშვილის ჩასვლით არ გამოიხატება. იგივე 9 აპრილი ასე გრანდიოზულად არავის აღუნიშნავს და ესეც „ქართული ოცნების“ ახალი მოსასხამის ნაწილი იყო.
_ ვერ დაგეთანხმებით, რომ წელს 9 აპრილი ხელისუფლებამ გრანდიოზულად აღნიშნა _ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ისეთი იაღლიშები დაუშვა, რომ ჯობდა, საერთოდ არ აღენიშნა.
_ ზურაბიშვილი თვითონ შეცდომაა, მაგრამ ძალიან ბევრი ლაფსუსის მიუხედავად, ამ თემამ მაინც იმუშავა. საერთოდ, „ოცნებისთვის“, მგონი, ბედისწერაა _ როგორი კარგი ჩანაფიქრიც უნდა ჰქონდეს, ყველაფერს უკუღმა აკეთებს!
თითქოს დეტალია, მაგრამ სკოლებში საგალობლების სწავლა სავალდებულო გახდება და ესეც იმავე ოპერიდანაა, ანუ „ქართულ ოცნებას“ ახალი შლეიფი აქვს, რომელსაც „პატრიოტიზმი“ ჰქვია. „ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე სწორედ ამ ნიშით გამოვა, თუმცა ამავე ნიშას იგივე სააკაშვილიც კარგად ირგებს!
მოკლედ, როგორც ჩანს, ორივე მხარეს პოლიტტექნოლოგებმა უთხრეს, მთელ ევროპაში კონსერვატიზმის, პატრიოტიზმის აღორძინების ტალღაა და, მოდით, ჩვენც ამ ნიშაზე „დავსხდეთო“.
_ ე. ი., წინ ძალიან ცხელი და მძიმე წელიწად-ნახევარი გველის, არა?
_ დიახ, უმძიმესი.
_ კომპრომატებიც ისევ აქტუალური იქნება?
_ კომპრომატები იქნება და ეს ის არის, რასაც „ოცნებას“ ვერ ვპატიობ! წარმოუდგენელია, გინდოდეს და ეს პროცესი ვერ ალაგმო! ხელისუფლება რომ ხარ, უნდა გრცხვენოდეს, შენი მმართველობის დროს საზოგადოება ასეთი შეურაცხყოფილია! ყველაფერ ამისგან საზოგადოების ერთი წევრიც არ არის დაცული.
არ ვამბობ, რომ ეს „ოცნებისგან“ ან მარტო „ოცნებისგან“ მოდის, მაგრამ არაფერი ღირს იმად, რა მეთოდებითაც დღეს საქართველოში ერთმანეთს ებრძვიან! როცა საზოგადოებას უბიძგებ, რომ სახე დაკარგოს, ამად არაფერი ღირს! ეს არის მთავარი, რაც უნდა აილაგმოს! ეს საზოგადოების სულიერი გარყვნის მცდელობაა, რომლის აღკვეთასაც ხელისუფლება არ ახდენს!

გიორგი აბაშიძე