პოეტის გზა „მხედრიონიდან“ _ „დაიცავი საქართველომდე“


არცთუ შორეულ წარსულში ის ოლიგარქის საყვარელი პოეტი იყო. უფრო ადრე „ვარდების ბარიკადებზე“ იდგა და მიხეილ სააკაშვილს ეკურკურებოდა, 90-იანი წლებში კი ჯაბა იოსელიანის ფანი გახლდათ. სხვათა შორის, სოციალურ ქსელში ლექსიც გავრცელდა, რომელიც დავით მაღრაძემ თითქოს ჯაბა იოსელიანს უძღვნა. „ჩემო გენერალო“ _ ასე ჰქვია აღნიშნულ ლექსს, რომლის ავტორობაც პოეტ მაღრაძეს არ გაუპროტესტებია და არ უთქვამს, ეს სტრიქონები ჩემს კალამს არ ეკუთვნისო.

ლექსი კი ასეთია:
„ჩემო გენერალო! ცეცხლი მაშინდელი თმენამ ვეღარაფრით ვეღარ მიაცია.
მინდა, გაგიმხილო ჩემი ხვაშიადი, თუ არ დაირღვევა სუბორდინაცია,
ჩემო გენერალო, ჩემო გენერალო, გუშინ აჭიკჭიკდა ბაღში მაფშალია,
ვიყავ უგრძნობელი, როგორც მინერალი, სისხლი გაყინულა, ცრემლი გამშრალია.
ჭმუნვა ვერაფერმა ვეღარ გამიქარვა, ზოგნი უმეცარნი კარგი მერე რაო
ბოღმა წავიყოლე ჭუბერს მიმავალმა და არ მავიწყდება ჩემო გენერალო.
იყო ტრაგედია, იყო კომედია, მტერთა საქილიკო, მოყვრის სავალალო,
მაგრამ გულში მაინც შენი იმედია და შენც ჩემი გქონდეს ჩემო გენერალო.
უფლის სანაპირო სისხლით განიბანა, რეგვენ სირაქლემას როგორ დავემსგავსო,
ჩემი მოლოდინი შენი ბრძანებაა და მეც ველოდები, ჩემო გენერალო…“

ეს ლექსი შესაძლოა, მაღრაძეს მართლა არ დაუწერია, მაგრამ ის, რომ მას ჯაბა იოსელიანთან და, ზოგადად, „მხედრიონთან“ კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ცხადზე ცხადია. მარტო ის რად ღირს, რომ ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე, 1992 წელს, როცა ქვეყანას ჯერ ჯაბა იოსელიანისგან, თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანისგან დაკომპლექტებული სამხედრო საბჭო მართავდა, შემდეგ კი, ედუარდ შევარდნაძე მოვიდა სათავეში, პოეტი კულტურის მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობას 1995 წლამდე იკავებდა.
საქართველოს დაცვაზე მზრუნველი შემოქმედის ჩინოვნიკობა შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მაგრამ 1995 წლის არჩევნებში „მოქალაქეთა კავშირის“ სიით იყრის კენჭს და დეპუტატი ხდება, ანუ ეს შტრიხიც მეტყველებს, რომ მას ყოველთვის იმ ძალისკენ ჰქონდა და აქვს მიდრეკილება, რომელიც ძალაუფლებას ფლობს.
ეს მოსაზრება, შესაძლოა, ზოგმა არ დაიჯეროს და თქვას, თუ მაღრაძე ძალაუფლებისკენ მიილტვის, მაშინ „ოცნებასა“ და, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილს არ აუმხედრდებოდაო, მაგრამ ვინ, ვინ და, ყველაზე კარგად სწორედ ეს პიროვნება ხვდება, რომ „ოცნების“ დღეები დათვლილია და, შესაბამისად, ივანიშვილის ძლევამოსილების მითიც მალე გაქარწყლდება. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ახლა გადაწყვიტა მან საქართველოს დაცვა „ოცნებისგან“ ისე, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს, ანუ რა გამოდის? _ მაღრაძე „ოცნებას“ ებრძვის, თან „ოცნებასთან“ მისასვლელ გზებსაც იტოვებს. რას იზამთ? _ წინდახედული ადამიანია _ თუ დაინახავს, რომ მმართველ გუნდს ფეხებს ვერ მოსჭამს, მაშინ, ალბათ, ისევ ავა სოლოლაკში და შუშის სასახლის მბრძანებელს ეტყვის, „ნიჩორტა“ მქონდა და ისე გაკრიტიკებდით, სინამდვილეში, თქვენი ფეხის ნაბანი წყლის დალევაზეც თანახმა ვარო.
ერთი სიტყვით, საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას განცდა შეექმნა, რომ „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი დავით მაღრაძე, ჩცდ-ს ცოტნესი არ იყოს, დაქირავებული მტრის როლის მორგებას ცდილობს, თუმცა მისი მცდელობა და მიზანი საშუალებას გაამართლებს თუ არა, ამ ეტაპზე ამის დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია.
ზოგადად, ამ პიროვნების პოლიტიკური გემოვნება ხშირად რომ განიცდის ტრანსფორმაციას, წერილის დასაწყისიდანაც გამოჩნდა: ჯაბადან _ შევარდნაძემდე, შევარდნაძიდან _ სააკაშვილამდე და სააკაშვილიდან _ ივანიშვილამდე, მაგრამ საინტერესოა, ამ „პოლიტიკურ ხუთწლედებში“ მაღრაძემ ყველაზე არასასიამოვნო როლი როდის შეასრულა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული არ უნდა იყოს, რადგან იგივე 90-იანი წლების შავ-ბნელი მოვლენები ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ასევე ცნობილია, რომ მაშინ მაღრაძე ჭანჭიკის როლს არ ასრულებდა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამონარიდი ჯაბა იოსელიანის მოგონებიდან, რომელიც 1991-92 წლების მოვლენებს ეხება, სადაც „მხედრიონის“ ლიდერი, ბევრ სხვა პიროვნებასთან ერთად, მაღრაძესაც ახსენებს და იმ როლზე წერს, რაც მაშინ მას ჰქონდა:
„ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლისთვის შექმნილ „საგანგებო კომიტეტის შემადგენლობისთვის („ჩეკა“), რასაკვირველია, გამოვრიცხე საბჭოთა ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია, გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი, ყოფილი გვარდიელი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე, ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები: გია ყარყარაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი, შევარდნაძის აპარატის ხელმძღვანელი ვაჟა ლორთქიფანიძე.
თბილისში გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი. კომენდანტად დავნიშნე ზაზა ჩაჩუა…
…მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ.
გია ჭანტურია კისრულობს ედპ-ს 200-კაციანი რაზმის შეკრებას და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს.
გია ჭანტურია ჰკითხავს „ზვიადისტებს“, არის ფეხებში სროლა და დაჭრებიც…
ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისთვის დავით მაღრაძე“.
სხვადასხვა დროს პოეტ მაღრაძეს საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსული ნარატივის გატარებაში ამხელდა. ამ მხრივ საინტერესოა მწერალ ზურაბ ოდილავაძის სტატია, რომელიც 2011 წლით თარიღდება.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პოეტ მაღრაძეს საქართველოს მთავარ მეციხოვნეობასა და დამცველობაზე აქვს პრეტენზია, „ქრონიკა+“ ოდილავაძის სტატიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს გთავაზობთ (სხვათა შორის, ეს სტატია, თავის დროზე, forum.ge-ზეც გამოქვეყნდა და დაინტერესებულ პირებს მისი ინტერნეტში მოძებნა დღესაც შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forum.ge/?showtopic=34229640&f=&st=0&)
„შემთხვევით „მე-2 არხზე“ გადავრთე _ მგოსანი დავით მაღრაძე ხოტბას ასხამს საქართველო-რუსეთის ისტორიულ ურთიერთობებს. და ამ ბოდვას ახალგაზრდების აუდიტორიას აყრის თავზე… ერეკლეს „ბრძნული“ გადაწყვეტილებით დაიწყო, ევროპაში დაგვაბრუნა პეტრეს გაჭრილი „ფანჯრიდანო“. ილია და იაკობიც რუსეთის გარეშე ვერაფერი იქნებოდნენო, თბილისი აგვიშენესო და მერე ვეღარ გავუძელი, დედაჩემი იჯდა იმ ოთახში“, _ ვ. გაბუნიას შეტყობინება Facebook-ის „ვოლზე“.
როგორც იქნა, გამართლდა ქართველთა მოლოდინი _ ნობელის პრემიის პრეტენდენტმა, პოეტმა დავით მაღრაძემ, ჩამოაყალიბა „ახალი ნაციონალური იდეა“! ტელეკომპანია „კავკასიისა“ და „მე-2 არხის“ ეთერით, სტუდენტებსა და „ქართული აკადემიის“ დასს, „ერსა და ბერს“, მოკლედ, ყველას, ყველას, ყველას ემცნო: „ავტოკრატიის რვაწლიანი ქაოსისა და გაუგებრობის შემდეგ ქართველები გადავდივართ ეროვნული კონსოლიდაციისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების ფაზაში!“ ამ სასიხარულო და რევოლუციურ, აქამდე ართქმულ სიტყვას ქართულ პოლიტოლოგიაში ჰქვია _ „ახალი ნაციონალური პროექტი ანუ ახალი ქართული კონსერვატიზმი“!
როგორც ჩანს, ამ ნოვატორ ადამიანს რაღაც ჩემთვის აუხსნელი ფარული ვნება უნდა აკავშირებდეს სიტყვისადმი _ „ახალი“! აბა, რა უნდა იყოს ახალი ერეკლეს მიერ 1783 წელს ხელმოწერილ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მაღრაძისეულ ვერსიაში?! აქაც იგივე აბერაციასთან ხომ არ გვაქვს საქმე, როგორიც საქართველოს ჰიმნის „ახალ“ ტექსტშია, სადაც მხოლოდ ორი სიტყვა: „განათებული მთა-ბარი“ ეკუთვნის მის „ახალ“ ავტორს? განვიხილოთ პოეტის მორიგი „ახალი“ შემოთავაზება:
„ახალი ნაციონალური პროექტის“, იგივე „ახალი ქართული კონსერვატიზმის“ განმარტება იმედის მომცემი, თანამედროვე გზავნილით იწყება. ახლახან ბარაკ ობამამ და ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს აუწყეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დიქტატორული რეჟიმებისადმი და მხარი დაუჭირეს სოზოგადოების როლის გააქტიურებას ამ ქვეყნებში. ხოლო დავით მაღრაძის ინტერპრეტაციით ხსენებული ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით ასე ჟღერს: „ქართველნო, 2007 წელს ვერ დაგიჭირეთ მხარი, ახლა კი თქვენთან ვართ! ხელი გაანძრიეთ, გამოაცხადეთ საყოველთაო ეროვნული კონსოლიდაცია, გაზარდეთ სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ამ გაზაფხულზევე ჩამოაგდეთ დიქტატორი სააკაშვილი!“ დასასრულ, პოეტი აკეთებს რევოლუციურ მოწოდებას: „რაც მართალია ეგვიპტესა და ალჟირში, ის საქართველოშიც მართალია!“ და ამავრდოულად გვემუქრება ჰილარი კლინტონის „მოგზაურობით“: „ეს ეტლი საქართველოშიც ჩამოივლის“ და ვაი, ჩვენს ტყავს, თუ არ გვექნება შესრულებული დავალებაო! თუმცა რით ჰგავს ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ჩამყაყებული, 24-42-წლიანი დიქტატორული რეჟიმები საქართველოს ხელისუფლებას, არ აზუსტებს. ამ უწყინარი, მცირე წაყრუების შემდეგ „ახალ პროექტში“ დგება სიმართლის „ახალი“ ტყუილით შეცვლის ეტაპი.
კრიმინალების მდიდარ არსენალში ინახება ასეთი ფოკუსი _ „სმენკა“, ანუ შეცვლა. აღნიშნული აფერის დროს შემსრულებელს ორი, აბსოლუტურად იდენტური „ხელოვნების“ ნიმუში (ბეჭები, ჯაჭვი) აქვს: ერთი _ ბაჯაღლო ოქროსგან ნაკეთი, ხოლო სხვა _ „კუკლა“ _ მოოქროვილი სპილენძისგან გამოჭედილი. მყიდველი, ანუ არიფი, ოქროს ნაკეთობას ხარბად ათვალიერებს, ხოლო შეძენისას, მას შემდეგ, რაც ქარხნული წარმოების ნივთი ოქრომჭედელთან გაივლის ექსპერტიზას, აფერისტი შეუმჩნევლად აწარმოებს მის ყალბი ნიმუშით ფარულ შეცვლას. ფოკუსის ჩატარება დიდ გამოცდილებასა და არტისტიზმს მოითხოვს. დავით მაღრაძეც ოსტატურად იგივე „სმენკას“ გვიტარებს და ძველ რუსულ იმპერიულ „კუკლას“ „გვატენის არიფებს“.
სანამ „სმენკას“ შეუდგებოდეს და დამალულ „კუკლას“ გამოაჩენდეს, მგოსანი აკეთებს ქართული ყურისთვის საამო ისტორიულ წიაღსვლებს. ის გვასწავლის: „დღევანდელი ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება _ ათინასა და იერუსალიმის, ანუ ანტიკური კულტურის, რაციონალიზმისა და ქრისტიანული სულიერების სინთეზს. ამგვარი უნისონი აყალიბებდა ქართველი ერის ცხვირ-პირს, ამ კლასიკური ევროპული ტრადიციით და ქრისტიანობით მორწყულ ნიადაგზე აღმოცენდა უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“! მოკლედ, ევროპის ცივილიზაციის მედროშეობა ჩვენ გვეკუთვნოდა, რომ არა მონღოლებიო. ასე მოხდა ქართველების ამოგლეჯა ევროპული ცივილიზაციის წიაღიდან და (ყურადღება _ აქ იწყება „ახალი“ ტყუილის მისაღებად შემზადება!), რომ არა გულმოწყალე რუსეთი, გადავშენდებოდით ძირძველი ევროპელებიო!
დავით მაღრაძე განგვიმარტავს: „ისტორიკოსები ტყუიან, როდესაც ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მოწყვიტა საქართველო ევროპას! სწორედ „ათინას“ და „იერუსალიმის“ შეერთებას გულისხმობდა ერეკლეს ბრძნული გადაწყვეტილება, რადგან მაშინდელი საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას“. „გაიხსენეთ სატახტო ქალაქები _ თელავის ისტორიული ცენტრი _ ბატონის სასახლე და თბილისის ზემო და ქვემო კალა _ ეს არის ევროპა და პეტერბურგი იყო აზია?! _ ლენინგრადული აღფრთოვანებით გვეკითხება საქართველოს ბედშავობით გულნატკენი პოეტი. ის იყო, „პეტერბურგულ“ მტკიცებულებას მომავალმა ნობელიანტმა რუსების მიერ აჭარის შემოერთებაც დაურთო და ამ დროს Facebook-ზე დაიდო კომენტარი: იური მირცხულავა. „აჭარა შემოიერთა და აჭარიანა რუსეთს შეუერთდა“.
„არიფი“ უკვე შემზადებულია „სმენკის“ ჩასატარებლად და ეპოქალური „ახალი პროექტის“ დასკვნითი ნაწილი უკვე დაუფარავად ქადაგებს ავადსახსენებელ რუსულ უწყებაში დაწერილ ტყუილს: „დღეს საქართველოს არჩევანი არა პრორუსულსა და პროამერიკულს შორის მდებარეობს, არამედ _ ავტოკრატიასა და თავისუფლებას, სატელიტობასა და დაბალანსებულ პოლიტიკას შორის. მხოლოდ თერგის გავლით შეიძლება დაუბრუნდეს საქართველო ევროპულ კულტურას!“ _ ამგვარ ჩრდილო-ოპტიმისტურ ნოტზე მთავრდება „ახალი ქართული კონსერვატიზმის“ არსის ახსნა.
რეალურად კი ხდება საღი აზრის _ „ევროპისკენ სწრაფვა“, „კუკლით“ შეცვლა _ „დასავლეთისკენ, ოღონდ რუსეთის გავლით“. დასაწყისში ნაჩვენები „ევროპული სატყუარა“ მხოლოდ საზოგადოების სიფხიზლის მიძინებას ემსახურება და ის სულ „მცირე“ სიცრუით მიიღწევა: „რუსეთს ჩვენ მუდამ ვუყვარდით, ის ჩვენ სამშვიდობოს ევროპაშიც გაგვიყვანს, ნატოშიც და დასავლურ ცივილიზაციასაც გვაზიარებს. ბოლოს, ერთმორწმუნე ძმების წყალობით საქართველოში აშენდება ათასწლოვანი ბედნიერების სამეფო _ იგივე კომუნიზმი, ანუ სამოთხე!“ თავიდან მითი „ახლებურად“ და კეთილად იწყება _ დასავლეთით, ხოლო ბოლო აქვს ძველი და ბნელი _ რუსეთი. რათა „ერთმორწმუნე ძმების“ ხელკავის გარეშე არ ვენდოთ დასავლეთს, ხდება მისი დემონიზაცია, რისთვისაც ავტორი ამერიკის დამპყრობლურ ხასიათს უსვამს ხაზს, აღნიშნავს რა, თუ როგორ გვაქცია შეერთებულმა შტატებმა თავის „სატელიტ“ ქვეყნად „მარიონეტული მთავრობით“. ასეთია ამ „ევროპული შეფუთვით“ ობმოდებული რუსული მითის „სიახლე“. ასე შეუმჩნევლად „გვაგოიმებს“ მგოსანი ძველი იმპერიული „კუკლით“.
დავუშვათ, დავეთანხმეთ დ. მაღრაძის „ისტორიულ სიმართლეს“ _ გავიხსენეთ საბჭოური სკოლის კედლის პორტრეტებიდან რუსეთში განსწავლულთა ნათელი სახეები, თავი მივეცით ტკბილ მოგონებებს: „ეს იყო პეტერბურგში!..“ დაა… ისმის შარკოს ცივი შხაპივით შემაფხიზლებელი შეძახილი: „შე კრეტინო, რას მიგილულავს თვალები _ საუკუნოვანი ისტორიული გამოცდილება ხომ სრულიად საპირისპიროს მეტყველებს! პეტრეს შემდეგ, რა, რუსეთი ევროპული ფასეულობების გზით წავიდა, თუ ჩვენ გაგვაუბედურა _ ავტოკეფალია, სამეფო გაგვიუქმა, მოახდინა ერის რუსიფიკაცია და გუბერნიად გვაქცია?! 1921 წლის ბოლშევიკური ოკუპაცია შემდგომი 80-წლიანი კომუნისტური ჯოჯოხეთით, დახვრეტებით, ერის საუკეთესო ნაწილის მიზანმიმართული გენოციდით _ არ ყოფილა?! თუ ეს წარსულია და „არ ითვლება“?! დღეს რა, „პუტინისტური“ რუსეთი ცივილიზებული სამყაროსკენ მიდის?! 1992-93 წლების აფხაზეთის ომი, სამაჩაბლო, ასი ათასობით დევნილი, ათი ათასზე მეტი გარდაცვლილიც _ „არც ეს ითვლება“?! აგვისტოს ბარბაროსული აგრესია?!“… სწორედ ასეთ შეუსაბამო შედარებებზე, როგორიც დ. მაღრაძეს მოჰყავს, ამგვარ ისტორიულად გაუმართლებელ პარალელებზეა ნათქვამი: „სად ერეკლე და სად …?!“
დამატებით ერთი კითხვა გებადება კაცს, _ რატომ უნდა ვიაროთ „ერთმორწმუნე“ მტერთან ხელიხელჩაკიდებული და ასე შევიდეთ ევროპაში? ნუთუ, პატარა ბავშვივით, ვთქვათ, ლონდონში რომ ჩავიდეთ, აუცილებლად რუსეთში უნდა გავიაროთ, პირდაპირ რომ გავფრინდეთ ლონდონის რეისით, არ შეგვიძლია? _ არაო, გვიკრძალავს ნობელის პრემიის მაძიებელი და მხოლოდ პეტერბურგიდან „გაჭრილი“, ოდნავ შეღებული ფანჯრით გვპირდება ევროპისკენ ჭვრეტას“… თუ რუსეთმა, როგორც მას ეს სჩვევია, არ ამოგვიქოლა სარკმელი და ფეხზე მდგომთ არ გვამღერა: „Ñîþç íåðóøèìûé ðåñïóáëèê ñâîáîäíûõ ñïëîòèëà íàâåêè Âåëèêàÿ Ðóñü“ მართლაც, ძლიერ მაინტერესებს და ვერ გამიგია, _ რად გვინდა რუსეთი ევროპულ კულტურასთან თუ დასავლურ ფასეულობებთან ზიარებისთვის?!
საქართველოსა და რუსეთის „ინტერესთა თანხვედრის“ შესახებ ეს „ახალი“ ზღაპარი საყოველთაოდ ცნობილია! თუ რა უწყებაში იწერება ეს სცენარი და იჭედება ამგვარი „კუკლები“ – ესეც ყველამ ვიცით! გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ „გვატენის“ „ახლებურად შეფუთულ“ საუკუნოვან მითს დ. მაღრაძე? ახსნა ერთი შეიძლება იყოს _ მისი კომკავშირული წარსულის გათვალისწინებით, საქმე უნდა გვქონდეს „ახალი“ ნობელიანტის „ძველ“ მენტალობასთან.
რუსეთის ისტორიის „გათეთრება“ რომ მოხერხდეს და ჩვენი მეხსიერებიდან ამოიშალოს მისი ველური, დამპყრობლური ხასიათი, „დიადი იმპერიის“ მეხოტბეები არ იშურებენ ძალასა და ფანტაზიას. ხსენებული „ახალი“ მითოლოგები ცდილობენ, როგორმე მაინც გაამართლონ რუსეთის ყველაზე შავბნელი, პირსისხლიანი ბოლშევიკური პერიოდი. ამ მიზნით ისინი იშველიებენ იმპერიაშივე გამოგონილ შოვინისტურ-რელიგიურ ზღაპარს იმის შესახებ, რომ რუსეთი თვით მოექცა ბოლშევიკური (იგულისხმება _ ებრაელები, მასონები) ოკუპაციის ქვეშ. ამგვარი შეხედულება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. თვით რუსეთის იმპერიის არსი საუკუნეებია, არ იცვლება _ მას „მეფე“, „მტკიცე ხელი“ სჭირდება, რომელიც მართავს ბრბოს. ერსა და მმართველ ელიტას შორის იმპერიის გაფართოების საკითხში სრული ერთსულოვნება სუფევს და ის არასოდეს ირღვევა _ რუსეთი საუკუნეებია, იყო და რჩება სხვისი ტერიტორიების დაპყრობასა და იქ მცხოვრები ერების ასიმილიაციაზე ორიენტირებულ იმპერიად. ტყუილად არ ერქვა მას მეფის რუსეთის დროს „ევროპის ჟანდარმი“, ხოლო დღეს _ „ბოროტების იმპერია“! „ახალი“ მითი კი, როგორც აღვნიშნე, რუსეთშივე დაიწერა და ეს რელიგიური ზღაპარი ასახავს _ მასონების ანუ ებრაელების „მზაკვრულ“ გეგმებს, მათ ბრძოლას „მესამე რომის“ წინააღმდეგ. „მესამე რომის“ იდეოლოგიის თანახმად, რუსეთის იმპერიის უმთავრესი მისია მდგომარეობს მართლმადიდებლობის დაცვასა და, შესაბამისად, ის ერთადერთი სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე, რომელსაც გლობალური მასშტაბით, „მსოფლიო მასონიზმი ებრძვის“, კერძოდ კი „ინგლის-ამერიკა ცდილობს მის განადგურებას“! ამ სახელმწიფოებში ხედავს რუსეთის იმპერია ძირითად ისტორიულ კონკურენტს მსოფლიო ჰეგემონობაზე. ასე ხდება რუს ხალხში „მტრის ხატის“ შექმნა და ამითივე მართლდება რუსული ექსპანსიონიზმი. სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში ეხმარებიან მას „ახალი ქართული კონსერვატიზმის“ იდეოლოგები.
ეს ადამიანები „ყამირი ტვინების“ იმედით ქადაგებენ რუსულ მითს _ „კუკლას“ მასონებისა და ებრაელების მიერ „მესამე რომის“ ოკუპაციის შესახებ. რუსული იმპერიული სცენარი კი უცვლელია _ შიდა რყევებით მიაღწიოს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ანუ მოახდინოს „ციხის შეგნიდან გატეხა“ და შემდეგ შინაური ძალების მოპატიჟებით შემოიჭრას ქართველი ერის „სახსნელად“ მორიგი „სამშვიდობო მისიით“. ასეთია რუსეთის იმპერიის უცვლელად აგრესიული სახე _ დღესაც, მისი პოლიტიკური ელიტის ძირითადი საზრუნავია საბჭოთა კავშირის აღდგენა. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა ასე გამოიყურება _ „ბოროტების იმპერიის“ კლანჭებიდან თავის დაღწევა, დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკურ სტრუქტურებში დროული ინტეგრაცია. არსებული ვითარება გვკარნახობს აღვიქვათ რუსეთი, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი! გვსურს ჩვენ თუ არა _ ასეთია მკაცრი რეალობა და ის საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაითავისოს.
მსოფლიო არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, დროთა განმავლობაში უფრო მკაფიოდ დაფიქსირდება რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსი. ხოლო აგრესორი და ოკუპანტი ადრე იქნება თუ გვიან, დაისჯება და დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს _ ასეთია კაცობრიობის ისტორიის გარდაუვალი ლოგიკა და გამოცდილება. ამიტომ მხოლოდ მილან კუნდერასეული მიდგომა გვმართებს ქართველებს რუსეთთან მიმართებით: „პრაღის გაზაფხულის“ შემდეგ მე მოვიძულე ყოველივე რუსული… მათი ეკლესიების გუმბათებიც კი მახსენებს მე საზარბაზნე ბირთვებს!“
ასე რომ, სად ერეკლე და სასურველი ევროპა და სად მაღრაძე და მისი საყვარელი რუსეთი?!“
მაღრაძის რუსულ მიდრეკილებებზე 2016 წლის მაისში სტატიას აქვეყნებს ინტერნეტგამოცემა Taimer.ge-ც სათაურით: „რა ღირს პოეტ დავით მაღრაძის გზა მეფის სასახლეებისკენ?“ აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ:
„ალბათ, ბედის ირონიაა, რომ საქართველოს ჰიმნის ავტორის, დავით მაღრაძის კალენდარზე, რომლისთვისაც სამშობლო, აკაკის მსგავსად, ხატი უნდა იყოს, სახატე კი _ მთელი ქვეყანა, რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არსად არის „აღნიშნული“, რაც, შეიძლება, მაღრაძის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, „განზრახ არის გაკეთებული“ და თუ „განზრახ გაკეთების“ ვერსიას გავყვებით, ალბათ, ისიც „განზრახ“ კეთდება, რომ დავით მაღრაძე შეფარულ პრორუსულ იდეოლოგიას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხიდან“ ქადაგებს, ანუ იმ ტელევიზიიდან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან მილიონობით ლარით ფინანსდება და ეს ის მოსახლეობაა, რომელმაც რეფერენდუმზე თავისი ევროატლანტიკური მისწრაფება ღიად და ნათლად დააფიქსირა. შეგახსენებთ: მაღრაძეს „პირველ არხზე“ მიჰყავს გადაცემათა ციკლი: „კალენდარი დავით მაღრაძესთან“.
ბოლო გადაცემაში მაღრაძის სტუმრები ცხონებული ლევან მიქელაძის ძმა, მხატვარი მამუკა მიქელაძე და მწერალი პაატა ქურდაძე იყვნენ. ეს უკანასკნელი, როგორც მაღრაძემ საზოგადოებას ამცნო, ბოლო 25 წელია, საფრანგეთში მოღვაწეობს. ჰოდა, საფრანგეთში მოღვაწე ქურდაძემ, რომელიც ზოგიერთისთვის „ინტელექტუალური გაუგებრობაა“, გვითხრა, რომ ფრანგები ოცნებობენ, პუტინი მათი პრეზიდენტი გახდეს. ამაზეა ნათქვამი, _ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. შე მამაცხონებულო, მწერალი რომ გქვია და პრეტენზია ობიექტურობაზე გაქვს და ამ კონტექსტში საფრანგეთის პრორუსულობას გვიმტკიცებ, სასხვათაშორისოდ მაინც ისიც აღნიშნე, რომ საფრანგეთმა კრემლს „მისტრალი“ არ მიჰყიდა და არც ის უნდა დაგავიწყდეს, რომ რუსეთს საფრანგეთის ტერიტორიები ოკუპირებული არ აქვს, მაგრამ გასაგებია, მწერალი და პოეტი ორ ხმაში შეფარულ პრორუსულ იდეოლოგიას რატომაც „აწვებიან“, ანუ როგორც „თაიმერს“ ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა, რომელსაც ამ გადაცემის შეფასება ვთხოვეთ, უთხრა, მაღრაძე-ქურდაძეები კრემლისთვის ბოლო იარაღია, რომლის გამოყენებითაც პუტინის იმპერიალისტური ინსტიტუტები საქართველოს მოსახლეობის გონების არევას ცდილობს.
ალბათ, გაინტერესებთ, მაინც, რა დააშავა პოეტმა მაღრაძემ? სანამ ამ კითხვაზე დასაბუთებულ პასუხს გავცემთ, ალბათ, უმჯობესია, აქვე დავსვათ მეორე კითხვა: რა ღირს დავით მაღრაძის გზა სასახლეებისკენ და რა ფასი აქვს საქართველოს გაყიდვის გზას პუტინის ოკუპანტური პოლიტიკის გასაბათილებლად?
პოეტმა მაღრაძემ იმ კონტექსტში, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა გაეუქმებინა, სომხების გენოციდი, ამასთან, უკრაინის მოვლენები მოიყვანა მაგალითად და გვამცნო, რომ ამ კუთხით საქართველოში „აღვირახსნილი პატრიოტიზმია“, რომელიც „ძალიან დიდ ფარისევლობას შეიცავს“.
არადა, ვინ, ვინ და სწორედ მაღრაძემ არ უნდა ილაპარაკოს ფარისევლობაზე და აღვირახსნილობაზე, რადგან ჯერ ერთი, აღვირახსნილი პატრიოტიზმი კი არა, კომფორმიზმი და მედროვეობა შეიძლება იყოს. პატრიოტი კი ხარ ან არ ხარ! მეორეც, როცა ფარისევლობაზეა ლაპარაკი, ძალაუნებურად გახსენდება მაღრაძის გზა კომკავშირის ინსტრუქტორობიდან _ „მხედრიონამდე“ _ თავის დროზე, მაღრაძე არ უარყოფდა, რომ „მხედრიონთან“ იყო დაახლოებული და კულტურის მინისტრადაც ჯაბა იოსელიანმა დანიშნა. „მხედრიონის“ დროს ჯაბა იოსელიანისგან ფეშქაშად ბოძებული ცირკის წილიც ყველას ახსოვს. გამომცემლობა „მერნის“ მეწილეობაც არავის დავიწყებია. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა _ ყველას კარგად ახსოვს დავით მაღრაძე „ვარდების რევოლუციის“ ბარიკადებზე, საიდანაც სააკაშვილის იდეებს გულმხურვალედ უჭერდა მხარს. დღეს კი ერთ-ერთი მათგანია, ვინც 9-წლიან რეჟიმზე ლაპარაკობს. არადა, თუ ისტორიას გადავხედავთ ან ვიდეოკადრებს ამოვიღებთ, იმ რამდენიმე ადამიანის გვერდით, რომელიც იგივე სანდრო გირგვლიანის მკვლელობას პირველივე წუთებიდან აპროტესტებდა, მაღრაძე აშკარად არ დგას! ალბათ, მაშინ, „აღვირახსნილი პატრიოტიზმით“ იყო გულანთებული და მიიჩნევდა, რომ „ნაცმოძრაობის“ კეთილდღეობას სანდრო გირგვლიანი მსხვერპლად უნდა შეწირვოდა!
როცა პოეტი მაღრაძე პატრიოტიზმს აღვირახსნილობას ეძახის, ამით შეურაცხყოფს 1921, 1937, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულებს და, ზოგადად, ყველა იმ ქართველს შეურაცხყოფს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა! მაღრაძის ლოგიკით, ეს ათასობით ადამიანი „აღვირახსნილი პატრიოტი“ ყოფილა და მეტი არაფერი!
„განცდილი მაქვს, რომ ჩემი სამშობლო საქართველოა. ვიღაცის სამშობლო არის რუსოფობია. რუსოფობია ისეთივე ქსენოფობიაა, როგორც ფრანკოფობია, არმენოფობია და ა. შ.“, _ ამ ფრაზის ავტორი პოეტი დავით მაღრაძეა. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი ფრაზაა, მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ამ ყველაფრით ახალი ტერმინოლოგიისა და, მეტიც, აზრის დამკვირდების მცდელობა ხდება, რომ აი, საქართველოში თითქოს რუსოფობია მძვინვარებს, რაც აპრიორი, მტკნარი სიცრუეა, რადგან რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოში თუნდაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს, არ დაფიქსირებულა ფაქტი, რომ კრემლის იმპერიალისტური პოლიტიკა რუს ერთან გაეთანაბრებინოს და ეთქვას, რომ რუსული კულტურა ცუდია და საქართველოში რუსი კლასიკოსები უნდა ავკრძალოთ!“
ზოგადად, ამა თუ იმ ადამიანის პატრიოტიზმის აწონა და გაზომვა შეუძლებელია. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, მაღრაძეს სამშობლო რა დოზით უყვარს, მაგრამ ყველაფერზე მისი ქმედებები და მისი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ფაქტიც მეტყველებს. ასე რომ, მაღრაძემ უნდა დაიცვას საქართველო თუ საქართველომ დაიცვას თავი მაღრაძეებისგან, ეს ჯერ კიდევ საკითხავია!

გიორგი აბაშიძე