„დაიცავი საქართველოს“ და ეკა ბესელიას პარტიას „კანონიერი ქურდები“ აფინანსებენ?

კრიმინალურ სამყაროში დიდი ომი იწყება.
9 აპრილს ქურდული სამყაროს ნათლიმამა ტარიელ ონიანმა კოლონია „შავი დელფინი“ დატოვა. ის განთავისუფლებისთანავე დააკავეს და ამჟამად დეპორტაციას ელოდება ან საქართველოში, ან _ ესპანეთში. როგორც გაირკვა, ტარიელ ონიანი საქართველოს მოქალაქეა, შესაბამისად, დიდი ალბათობით, მას საქართველოში დაადეპორტებენ. ცხადია, ონიანი საქართველოში საცხოვრებლად არ დარჩება და გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში გადავა.

გავლენის სფეროების მოსაპოვებლად ომი ქართულ კრიმინალურ სამყაროში ორ დაჯგუფებას შორის რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დაპირისპირების მეორე მხარეს ასლან უსოიანის („დედ ჰასანი“) მარჯვენა ხელი, ლაშა შუშანაშვილი დგას, რომელიც 2018 წლის აპრილში საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში დააკავეს. მასთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრი. ლაშა შუშანაშვილი ონიანისა და „დედ ჰასანის“ კლანებს შორის ომში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.
56 წლის ლაშა შუშანაშვილი არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული და მასზე წლებია. ძებნა იყო გამოცხადებული. შუშანაშვილის ექსტრადირებას რამდენიმე სახელმწიფო ითხოვდა, მათ შორის, ესპანეთი და საქართველოც. ამ დროისთვის ოცწლიან სასჯელს ესპანეთში იხდის მისი ძმაც, კახა შუშანაშვილი.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ლაშა და კახა შუშანაშვილები ორჯერ მოხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ შავ სიაში, მათ შორის, პირველად 2012 წელს. ამის გამო ევროპის ტერიტორიაზე ისინი არალეგალურად და ყალბი პასპორტებით ცხოვრობდნენ.
ტარიელ ონიანისა და ძმები შუშანაშვილების ომი გარდაუვალია. ამ ხმაურიანი გარჩევისთვის ორივე მხარე დიდი ხანია, ემზადება. ლაპარაკი ქუთაისელმა „კანონიერმა ქურდმა“, გაიოზ ზვიადაძემ დაიწყო და როგორც „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, ის სწორედ ლაშა შუშანაშვილის დავალებით მოკლეს თურქეთში. იგივე წყაროს ცნობით, იმ 40 „კანონიერი ქურდიდან“, რომელმაც ონიანის წინააღმდეგ „პრაგონს“ ხელი მოაწერა, დიდმა ნაწილმა ზავი არჩია და განაცხადა, რომ მათი ხელმოწერა გაყალბებულია. მათ ამის აღიარება საჯაროდაც, ქურდულ „სხადნიაკზე“ მოუწევთ, სადაც კითხვები ორივე მხრიდან დაისმება და პასუხებსაც იქვე მოისმენენ.
მას შემდეგ, რაც ბოლნისელი „კანონიერი ქურდი“ ნადირ საფილოვი („გული“) საპატიმროდან განთავისუფლდა, ამ სამყაროში ხელახალი გადანაწილება დაიწყო. „გული“ თურქეთში გადავიდა და თურქული კრიმინალის ნათლიმამას, სედათ პეკერს დაუახლოვდა, რომელსაც პირადად ერდოღანი მფარველობს. სწორედ პეკერის მხარდაჭერით, საფილოვმა თურქეთიდან
კალაშოვისა და შუშანაშვილის მომხრე ყველა ქურდი განდევნა. მართალია, ის ამ დრომდე ონიანი-შუშანაშვილების ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მაგრამ, საბოლოოდ, ალბათ, არჩევანს მაინც ონიანის სასარგებლოდ გააკეთებს.
ქართული კრიმინალური სამყაროს გარჩევები შეიძლება არც კი ყოფილიყო იმდენად საინტერესო, რომ არა 13 აპრილს ფილარმონიაში გამართული სამოქალაქო მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრება. ჰიმნის ავტორმა და „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ გამოგვიცხადა, რომ მას აღარ მოსწონს „ქართული ოცნების“ მმართველობის ფორმა, ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუწბილა და „ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს ისე, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ აღარ დაბრუნდნენ. დავით მაღრაძის გვერდით ფილარმონიაში გია გაჩეჩილაძე, ეკა ბესელია, ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარაშვილიც გამოჩნდნენ. ყოფილი მეოცნებეები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პარტიიდან მათი წასვლის მიზეზი ლევან მურუსიძე და სასამართლოში მოკალათებული კლანი გახლდათ. ვატო შაქარაშვილი ბევრად შორს წავიდა და „ქართულ ოცნებას“ ჯალათების პარტია უწოდა. ეს შეკრებაც ისევე უფერულად ჩაივლიდა, როგორც სხვა დანარჩენი, რომ არა ფილარმონიაში გადაღებული ერთი ფოტო, რომელიც „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ჩაუვარდა ხელში.
მანამდე კი „დაიცავი საქართვლოს“ ლიდერებმა ჟურნალისტების მთავარ კითხვას, _ ვინ აფინანსებდა ფილარმონიაში შეკრებას? _ ორაზროვნად უპასუხეს, რომ ფული დეპუტატებმა გაიღეს (17 000 ლარი დარბაზის ქირა); მეორე ნაწილი აცხადებდა, რომ მათ მეგობარი ბიზნესმენები აფინანსებენ, მაგრამ ფოტო, რომელზედაც ზემოთ მქონდა საუბარი, სულ სხვა კვანძებს ხსნის…
ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ ფოტოზე „ქართული ოცნების“ ყოფილი სახე და იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ გულო ზედაშიძესთან ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ფილარმონიაში, „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე პოზირებს.

ვინ არის გულო ზედაშიძე?

მისი ისტორია სხვა კრიმინალური ავტორიტეტების ისტორიისგან იმითაა განსხვავებული, რომ იგი ტიტულით „კანონიერი ქურდი“ არ არის, მაგრამ რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ გამზრდელია და მას ამ სამყაროში იმაზე მეტად ენდობიან, ვიდრე თავად ქურდები _ ერთმანეთს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გულო ზედაშიძე 90-იან წლებში დასავლეთ საქართველოში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი და ორგანიზატორი იყო, მისი ბანდიტური ჯგუფი ადამიანების გატაცებით, თურქეთიდან მომავალი ავტობუსების დაყაჩაღებითა და ბიზნესის რეკეტით იყო დაკავებული. ზედაშიძე იყო ყველა ოპერაციის დამგეგმავი, „მოზგი“.
ბოლოს ეს კრიმინალური დაჯგუფება ისე გათავხედდა, ფულის გამოძალვის მიზნით, თანამდებობის პირების გატაცებაც კი დაიწყო.
1995 წლის 29 ივნისს, დილის ცხრა საათზე, დამნაშავეთა ჯგუფმა საკუთარი ავტომანქანა „გაზ24-ით“ გაიტაცა ქუთაისის ეროვნული ბანკის დირექტორი, კარდუ კუხიანიძე, რომელიც ერთი თვე წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში გოჩა გოგლიჩიძის სახლში ჰყავდათ გადამალული.
1995 წლის ივლისში კრიმინალური ჯგუფის წევრები ზაზა ამბროლაძე, დავით სოხაძე, ლეონიდე ხარშილაძე, გურამ ხიმშიაშვილი, გიორგი ბარამიძე და მერაბ გამრეკელი დააკავეს.
აღნიშნული დანაშაულისთვის პოლიცია კიდევ ორ თანამონაწილეს _ თემურ ფურცხვანიძესა და გიორგი ზედაშიძეს _ ეძებდა. ორივე მათგანი დააკავეს კიდეც, გიორგი ზედაშიძე („გულო“), ოფიციალური ვერსიით, მტკიცებულებების არარსებობის გამო, გაუშვეს, თუმცა „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ქურდულმა სამყარომ დიდი ფული გაიღო ქრთამის სახით და ზედაშიძეს სამართალდამცველებთან მისმა ადვოკატმა, ეკა ბესელიამ მოუგვარა საქმე.
რაც შეეხება თემურ ფურცხვანიძეს, მისი საქმე ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე მარინა იმერლიშვილმა განიხილა. მისი ადვოკატიც ეკა ბესელია იყო, რომელიც აცხადებდა, რომ, რეალურად, ფურცხვანიძეს კუხიანიძის გატაცებაში მონაწილეობა არ მიუღია და პოლიციამ მას სახლში ტყვიები ჩაუდო. ამ ფაქტამდე რამდენიმე ხნით ადრე თემურ ფურცხვანიძე იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა, სოსო ონიანმა და თემურ ტყეშელაშვილმა, მოსკოვში დააკავეს, ტაქსიში ხელბორკილის გარეშე ჩასვეს, მაგრამ აეროპორტის გზაზე ფურცხვანიძე ტაქსიდან გაექცათ.
რაც შეეხება გულო ზედაშიძე, ის პოლიციამ მოგვიანებით თბილისი-ქუთაისის გზაზე ცოლთან ერთად დააკავა. მას თან ჰქონდა ნარკოტიკები და პოლიციის გამოჩენისთანავე იგი ცოლის ჩანთაში დამალა, სადაც იპოვეს კიდეც.
ეს არის მოკლე დოსიე იმ პირისა, რომელიც 13 აპრილს ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე დეპუტატ ეკა ბესელიასთან ერთად გამოჩნდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „დაიცავი საქართველოს“ შეკრება ფილარმონიაში სწორედ კრიმინალურმა სამყარომ დააფინანსა. ძმებ შუშანაშვილებსა და ბესელიას შორის შუამავალი გულო ზედაშიძე იყო, რომელმაც საქართველოში ფული შემოიტანა. ახალი სამოქალაქო მოძრაობისა და ეკა ბესელიას მომავალი პარტიის დამფინანსებლადაც „კანონიერი ქურდი“ ლაშა შუშანაშვილი სახელდება. ბესელიას მხარემ პირველი დივიდენდები უკვე გასცა _ მისი მეგობარი და „ბიზნესპარტნიორი“ ნანა კაკაბაძე ღიად გამოვიდა ქურდული სამყაროს შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით. პირველი ღია დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის კი შს სამინისტროს მიერ იურიდიულ კომიტეტში შემოტანილი კანონპროექტის გამკაცრების დროს დაიწყო, როცა ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დახურვას მხარი არ დაუჭირა, ხოლო ზარდიაშვილმა და მათიკაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. ბესელიას, რომელსაც უკვე ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები ქურდულ სამყაროსთან, სხდომის დახურვა ნამდვილად არ აწყობდა, დამკვეთებს ღია ეთერში უნდა ენახათ, როგორ ასრულებდა დეპუტატი ქურდული სამყაროს დავალებებს, რომელშიც, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოლიდური გასამრჯელოც იყო გადახდილი.
სხვათა შორის, ლაშა შუშანაშვილის მიერ ქართული ოპოზიციის დაფინანსება პირველი ნამდვილად არ არის.
ავსტრიის პოლიციისა და ევროპოლის ცნობით, 2009-2010 წლებში შუშანაშვილი საქართველოში მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ცდილობდა, მაშინ ოფიციალური თბილისი მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელი კრიმინალური ომის წინ, შუშანაშვილის დაჯგუფება საქართველოში პოლიტიკური ლობის მოპოვებას ცდილობს, მათი სტაჟიანი მოკავშირე კი დეპუტატი ეკა ბესელიაა, რომელიც არა მხოლოდ ფულით, კომპრომატებითაც ჰყავთ დაბმული (ჩვენი წყარო ამბობს, რომ ქურდულ სამყაროს ხელთ აქვს ზონებში გადაღებული არაერთი ვიდეომასალა და ერთ პიკანტურ ისტორიასაც იხსენებს, რომელიც „კანონიერ ქურდ“ გია ნიჟარაძეს უკავშირდება).
არის თუ არა „დაიცავი საქართველო“ და ბესელიას მომავალი პოლიტიკური პარტია რუსული პროექტი? მაღალი ალბათობით _ კი და ამის დასტურად ჩვენი წყარო ეკა ბესელიასა და ფსბ-ს შორის სასტუმრო „მეტეხში“ გამართულ შეხვედრას იხსენებს, სადაც რუსულმა სპეცსამსახურებმა ბესელიას ძველი ვალდებულებები შეახსენეს და ახალი დავალებებიც გადასცეს. სწორედ ამის შემდეგ მოხდა პოლიტპატიმრების სიის ფორმირება ადამიანის უფლებათა კომიტეტში და ბესელიას ინიციატივით, ამ სიაში რუსეთის ჯაშუშები მოხვდნენ.
„კანონიერ ქურდებთან“ კავშირს, თავის მხრივ, არც დავით მაღრაძე უჩივის.
„ქრონიკა+“-მა ცნობილი რუსული კრიმინალური საიტიდან https://www.primecrime.ru  მოიპოვა ფოტო, რომელზედაც საქართველოს ჰიმნის ავტორთან და „დაიცავი საქართველოს“ ლიდერ დავით მაღრაძესთან ერთად აღბეჭდილი არიან: „კანონიერი ქურდები“ გია კვარაცხელია, დავით კაკულია, გოგი შიოლაშვილი, მამა ლევან ფირცხალაიშვილი, ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი. ფოტო 2000 წელს მოსკოვშია გადაღებული.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გოგი შიოლაშვილი საქართველოს პარტიარქ ილია მეორის ძმისშვილი და მეუფე დიმიტრის ძმაა. ის 2001 წელს 40 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, პატრიარქს იგი გამორჩეულად უყვარდა. მისი გარდაცვალების მერე ხუთი დღე ოთახიდან არ გამოსულა. ფოტოზე ასევე ვხედავთ მამა ლევან ფირცხალაიშვილს, რომელიც ერთხანს პატრიარქის მდივანიც იყო, ახლა ის საპატრიარქოსთან მდებარე ეკლესიის წინამძღოლი და შორენა თეთრუაშვილის ერთ-ერთი ოქროს თევზია. როდესაც საპატრიარქოს ძალიან უჭირს, ლევან ფირცხალაიშვილის მეშვეობით ებრძვის ხოლმე ოპონენტებს, ასე იყო მეუფე პეტრეს წინააღმდეგაც. მოკლედ, ის კადრულობს იმას, რასაც სხვა მღვდელმთავრები ხელს არ მოაწერენ.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს მხოლოდ დასაწყისია. მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ პოლიტიკურ კვარცხლბეკს ლევან ვასაძისთვის ამზადებს. მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა რუსეთს იმედები გაუცრუეს და ქართულ პოლიტიკურ ველზე ლევან ვასაძის შემოყვანას რუსები გაზაფხულზე აპირებენ.

ელისო კილაძე