1920 წლის ივნისი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8-11.
ოსების აჯანყება

1920 წლის ივნისში საქართველოში კვლავ ომი დაიწყო. საბჭოთა აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ ვითარება, ამჯერად, უკვე, შიდა ქართლში დაიძაბა, სადაც ოსებმა მთავრობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და ქართულ სახელმწიფოს იარაღით დაუპირისპირდნენ. აჯანყებული ოსები ბოლშევიზმის დროშით გამოდიოდნენ, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ამ ამბოხს ნაციონალური ნიადაგი ჰქონდა და წითელ დროშასა და კომუნისტურ ლოზუნგებს მხოლოდ რუსი ბოლშევიკების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით იყენებდნენ. ოსების გამოსვლის მიზეზების თაობაზე გაზეთი „ერთობა“ 11 ივნისის ნომერში პირველ გვერდზე მეწინავე სტატიას ბეჭდავს: „მხოლოდ ჩამორჩენა და სიველურე, რომელიც ჯერ კიდევ ახასიათებს მთის მცხოვრებთ, ვერ ასცდა იმ ბნელ ქადაგების უგუნურ შედეგებს, რომელსაც კომუნიზმი აუფარებია და პროლეტარებათ, ბურჟუაზიის მესაფლავეთ, პირველ ყოფილ მდგომარეობიდან ახლათ გამოსულ მთის თემებს დაუსახავს. ოსების გამოსვლა საქართველოს წინააღმდეგ _ ყოველ კრიტიკულ მომენტში, რომელიც კი დასდგომია საქართველოს ამ რევოლიუციური წლების განმავლობაში _ ამ მხრივ პირდაპირ დამახასიათებელია.
მთის ხალხს არ შეუძლია მიხვდეს იმ წყალობას, რომელიც მათ მიანიჭა განახლებულმა ცხოვრებამ. ოსეთის ბრმა და გაუნათლებელი ხალხი, რომელიც დღეს სამწუხაროთ ხელში ჩაუვარდა ნასტრაჟნიკალებს და ყაჩაღებს, რომელთაც მხოლოდ ძარცვა აინტერესებს _ ასეთ პროვოკატორულ როლში გვევლინება სისტემატიურად. ომი გვქონდა ბათომის გარშემო ოსმალეთთან _ ჯავის ხეობა მსწრაფლ აღიჭურვა ჩვენს წინააღმდეგ და მთიდან ბარს თავს დაეცა. დღეს გაიმართა ომი გაწითლებულ ადერბაიჯანთან _ ოსეთის გახუნებული გმირები კვლავ მზათ არიან ზურგიდან მახვილი ჩაგვცენ. და ყველა ამას მეთაურობენ ის კომუნისტები და ძმანი მათნი, რომელნიც აქ, თფილისში ტკბილი, შემპარავი ენით მოგვითხრობენ კომუნისტურ სამოთხის გაშენებაზე, რომელიც თურმე მათ აქვთ განზრახული.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მათ ეხმარებიან ბანდები გადაღმა ოსეთიდან, ესე იგი რუსეთის სამფლობელოდან, რაც ერთიანათ არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ერთი თვის წინეთ მოაწერა ხელი საბჭოთა რუსეთმა. უნდა ვიფიქროთ ორში ერთი: ან საბჭოთა რუსეთს არ აქვს ჩვეულებათ თავის სიტყვის პირნათლათ ასრულება, ან მისი ადგილობრივი წარმომადგენლები არ გრძნობენ საჭიროებას, ცენტრის დადგენილება და ხელშეკრულება განახორციელონ. ჩვენთვის ორივე შემთხვევაში იბადება აუცილებლობა რეალურ ზომების მიღებისა ჩვენი საზღვრების დასაცავად. ხელშეკრულებით მთელ საზღვარზე ნეიტრალიზაციაა გავლებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილში საბჭოთა რუსეთიდან თავდამსხმელი არ უნდა მოევლინონ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ჯარს ხელი ეხსნება, მტერს იქ გაუმკლავდეს, სადაც ის მუხანათობას იჩენს“.
საინტერესოა, თუ როგორ იკრებდა ძალას ოსური სეპარატიზმი და ქრონოლოგიურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები ცხინვალის რეგიონში: 1920 წლის 23 მარტს რუსეთის ბოლშევიკური პარტიის კავკასიის საოლქო კომიტეტმა სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და რევკომის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
6 მაისს სამხრეთ ოსეთის რევკომმა როკის რაიონში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა და როკის უღელტეხილი ჩაკეტა. იმავე დღეებში ჩრდილო კავკასიიდან ოსთა დასახმარებლად რუსული სამხედრო ნაწილები გადმოვიდნენ.
28 მაისს ოსებმა სპეციალური მემორანდუმი გაგზავნეს მოსკოვში, სადაც საბჭოთა რუსეთთან შეერთების სურვილს გამოთქვამდნენ. 8 ივნისს კი ღია სამხედრო კონფრონტაცია წამოიწყეს. რუსების მხარდაჭერით ოსებმა ცხინვალი დაიკავეს და ონიდან დუშეთამდე სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკა გამოაცხადეს.
გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 12 ივნისი: „ამ სამი წლის განმავლობაში, ჩვენი რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხეებში, ძველი პსიხოლოგიით და სულისკვეთებით გაჟღენთილმა წრეებმა რამოდენიმეჯერ მოახდინეს შეიარაღებული გამოსვლები. რესპუბლიკამ ბოლო მოუღო მათ გამოსვლებს და ყველგან დემოკრატიული წესრიგი დაამყარა. ოსებს კი ვებოდიშებით. გვეგონა, რომ შეიგნებდენ თავიანთ მოვალეობას რესპუბლიკის წინაშე. ამ ორი წლის განმავლობაში არც ერთი ჯარისკაცი არ მიუციათ სახელმწიფოსთვის. ერთი შაური არ შეუტანიათ რესპუბლიკის ხაზინაში და როგორც პარაზიტები, ცხოვრობდენ რესპუბლიკის დანარჩენ მოქალაქეების ხარჯზედ.
ეს მათ არ იკმარეს. როგორც ეტყობა, მათ მეთაურებს გადაუწყვეტიათ, რომ უკეთესი იქნება და მოსაგებიც, თუ ცხინვალის რაიონში მცხოვრებ ქართველ დემოკრატიას დაიმონავებდნენ და ჩვენს მოქალაქეებს ხარკს დაადებდენ კონტრიბუციის სახით ყოველდღიურ ხარჯებისათვის. იმ ადამიანებს, რომელთაც ამ ორი წლის განმავლობაში არავითარი ვალი არ მოუხდიათ რესპუბლიკის წინაშე, სურთ ჩვენი მშვიდობიანობის სიყვარული ბოროტად გამოიყენონ. დღეს რესპუბლიკამ უნდა სთქვას _ „კმარა!“ და მთელი თავისი სიძლიერით უნდა შეაგნებინოს თავაშვებულ ბრბოებს, თუ რას ნიშნავს რესპუბლიკანური წესრიგის დაცვა და მოქალაქის ელემენტარულ მოვალეობის ასრულების საჭიროება“.
სეპარატიზმის აღსაკვეთად ხელისუფლებამ რეგიონში რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილები გაგზავნა. საქართველოში ჯერ კიდევ აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტის დროს დაწესებული სამხედრო ცენზურა მოქმედებდა, ამიტომ შიდა ქართლში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ პერიოდულ გამოცემებში მხოლოდ გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ცნობებია დაბეჭდილი.
როგორც ამ ცნობებიდან ჩანს, აქტიური საბრძოლო მოქმედებები რეგიონში 12 ივნისიდან დაიწყო და 25 ივნისამდე მიმდინარეობდა. სამხედრო კამპანია ქართველი ჯარისკაცების სრული გამარჯვებით დასრულდა. ქართულმა ნაწილებმა ოსები ჯერ ცხინვალიდან განდევნეს, შემდეგ კი ჯავის რაიონში მთლიანად აღადგინეს წესრიგი და უღელტეხილებზე კონტროლი დააწესეს. ოსთა აჯანყება სასტიკად ჩაახშეს, ამბოხის 13 მოთავე კი სიკვდილით დასაჯეს.
ქართული არმიისა და სახალხო გვარდიის წარმატებულმა ოპერაციამ ბოლშევიკების უკმაყოფილება გამოიწვია. კომუნისტების მტკიცებით, საქართველოს წინააღმდეგ ოსების შეიარაღებული გამოსვლა ერთა თვითგამორკვევის მაგალითი იყო და ქართული ხელისუფლება ოსების ამ კანონიერ მისწრაფებას სისხლში ახშობდა. ასეთი ბრალდების საპასუხოდ გაზეთმა „ერთობამ“ 15 ივნისს კომუნისტების პროპაგანდის საწინააღმდეგო დიდი წერილი გამოაქვეყნა: „ბოლშევიკებმა ხმა ამოიღეს. მათ თქვეს თავის გულის ნადები, მაგრამ ისე, როგორც შეფერის მათ იდეიურობას. ისინი წინააღმდეგი არიან, რომ საქართველოს ჯარმა იარაღით გასცეს პასუხი აჯანყებულ ჯავის ხეობას. რათა? იმიტომ ხომ არა, რომ ეს აჯანყება თითონ მოაწყვეს და მათი ლოზუნგების საფარველ ქვეშ დააყენეს ის ნასტრაჟნიკალი და ნაპრისტავალი ხელმძღვანელები, რომელნიც ყაჩაღებთან ერთად ამყარებენ ცხინვალის რაიონში ბოლშევიკურ „სოციალიზმს“?
ერთა თვითგამორკვევის _ ამ დიადი იდეის სახელით ამართლებენ ბალშევიკები ოსების მუხანათურ თავდასხმას. ოსები თავს დაგვესხენ მაშინ, როდესაც ჩვენ ფრონტი გვქონდა ადერბაიჯანის საზღვარზე და ბათომის ოლქში. ამას ეძახიან ჩვეულებრივ ენაზე მოღალატეობას, დემოკრატიისთვის ზურგში მახვილის ჩაცემას, რაც ჯავის ოსებს, მათი ბალშევიკური ყაჩაღების ლიდერობით სისტემათ გადაექცათ, და თუ ჩვენ ამის წინააღმდეგ გავილაშქრებთ, ესე იგი თავდამსხმელი მოვიგერიეთ, ეს არის თურმე „თვითგამორკვევის უფლების შელახვა“.
მერე მართალია ბოლშევიკების იდეური წუწუნი? „კომუნისტების“ პროგრამა ყველას გასაგონათ ამბობს, რომ ყველა ეროვნებას აქვს უფლება ნაციონალური თვითგამორკვევისა, სრულ გამოყოფამდე და ცალკე სახელმწიფოს დაარსებამდე. კეთილი! მაგრამ ერთი ვიკითხოთ, მართლა ახორციელებს ამას კომუნისტების ლაშქარი და კამისრები? ავიღოთ ჩრდილო-კავკასია, სადაც იმყოფება ოსეთის მთავარი ტერიტორია. ბალშევიკები ჯავის ხეობის გადმოსახლებულ ოსებს ურიგებენ სახელმწიფოებრივ უფლებებს _ რატომ ჩრდილო ოსეთის, ესე იგი ოსეთის ნამდვილ ტერიტორიაზე არ ახორციელებენ ამ თავის პროგრამას? იქ ხომ საქართველო აღარ ყავთ ხელის შემშლელი? ან ჩეჩნები, დაღესტნელები რატომ ვერ ღებულობენ დამოუკიდებლობას, ან კიდევ ყაზახები და სხვა? რათ დაუყენეს მათ სათავეში ზევიდან დანიშნული კამისრები და წითელ არმიელთა სისხლიანი ხიშტებით ახშობენ მათ თავისუფლებას?.. ოსთა თვითგამორკვევა უნდა მოხდეს ე. წ. ჩრდილო ოსეთში, სადაც ოსი ოთხმოცდა ათი პროცენტი ცხოვრობს და არა ჯავაში, სადაც სულ რამოდენიმე სოფელია ოსის“.

რუსეთის დიპლომატიური მისია

1920 წლის ივნისში საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა, იგივე საელჩო გაიხსნა. 20 ივნისს თბილისში საბჭოთა რუსეთის ელჩი სერგეი კიროვი ჩამოვიდა. მოსკოვის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოს დედაქალაქში დიდი პატივით, საპატიო ყარაულითა და სამხედრო ორკესტრით მიეგებნენ. საქართველოს მთავრობის სახელით რუს დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და თბილისის კომენდანტი გენერალი მიქაშავიძე დახვდა. საელჩომ ბინა სოლოლაკში, პასკევიჩის ქუჩაზე დაიდო. საელჩოში დაახლოებით სამასამდე თანამშრომელი ირიცხებოდა. ეს იყო ყველაზე მრავალრიცხოვანი დიპლომატიური მისია საქართველოში.
კიროვის ჩამოსვლას მისიასთან უამრავი რუსი ელოდა, რომელსაც კიროვმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ბოლშევიკების წარგზავნილმა თავისი სიტყვა რუსეთისა და საქართველოს მშრომელთა დემოკრატიის დღეგრძელობის სურვილით დაასრულა. რა თქმა უნდა, კიროვის ჩამოსვლით უმალ ისარგებლეს საქართველოში მყოფმა ბოლშევიკებმა და რუსეთის ელჩთან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კომუნისტების შევიწროებაზე იჩივლეს. ამ თემას გაზეთი „ერთობა“ 1920 წლის 23 ივნისის ნომერში დაბეჭდილ სპეციალურ წერილსაც უძღვნის: „ჩვენი მუშები, განაცხადეს მათ, ორგანიზაციული ძალდატანებით ჩამოშორებული რუსეთის მუშათა კლასს და სოციალისტურ რევოლიუციას, მალე აღადგენს ამ კავშირს და ჩადგება მებრძოლთა პროლეტარების მოწინავე რიგში“, _ ამბობს ბალშევიკი კიკნაძე.
ვინ უშლისთ, რუსეთის „სოციალისტურ რევოლიუციის“ ასეთ გულმხურვალე კომუნისტებს მიბრძანდენ სოციალისტურ რუსეთში და დასტკბენ მისი სამოთხისებური წყობილებით? განა ჩვენ ვეზიდებით მათ „კონტრ-რევოლიუციურ“ საქართველოში დასარჩენათ? მიბრძანდით ბატონო იქა და რასაც შესტრფით, იმით დაიტკბეთ სული. აქ კი ასეთ „გამოსვლებზე“ ხელი აიღეთ. ჩვენ ვიცით, თქვენს ასეთ „რევოლიუციურ“ განცხადებას რა სუნი უდის.
ბატონი კიროვიც, რომელსაც მეზობლობის დამყარება აქვს დავალებული, მეტათ ახირებულათ ახასიათებს თავის როლს. იგი აქ აპირებს საქართველოს მუშების გაბედნიერებას. „რუსეთის მუშათა კლასი და მისი მთავრობა არას დროს არ ივიწყებს სხვა ქვეყნების დაჩაგრულ ამხანაგებს და არც საქართველოს მუშათა კლასი იქნება მის მიერ დავიწყებული“.
უნდა გულახდით მოვახსენოთ ამ გულხადილ სიტყვებზე კიროვს: თუ ის აქ გულისხმობს ჩვენს საქმეებში ჩარევას და თავის ექსპერიმენტების ჩვენი მუშათა კლასისთვის თავზე მოხვევას, არც უნდა ჩამობრძანებულიყო. ყოველ შემთხვევაში არ უნდა ჩამოსულიყო მისიის სახელით და ფორმით. მისია საერთაშორისო ურთიერთობის ორგანოა და ამ მიზნიდან გადახვევა _ ეს იქნება კეთილ მეზობლობის დარღვევა, რასაც საქართველოს მუშები და გლეხები არავის დაანებებენ“.
24 ივნისს გაზეთი „ერთობა“ კიროვთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საქართველოს დეპეშათა სააგენტომ ჩამოართვა. ინტერვიუს დასაწყისში კიროვი აცხადებდა, რომ მისი მისია საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის კეთილმეზობლური განწყობილებისა და მტკიცე მშვიდობის დამყარებისთვის იღვწოდა. შემდეგ კიროვი ცხინვალის რეგიონში მომხდარ ოსთა აჯანყებას შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთი მართალია, მხარს უჭერს ცალკეული ერების დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსკოვი იარაღით ხელში დაეხმარება რომელიმე ერს ამაში. პირიქით რუსეთი მზად არის, ამ კონფლიქტურ ვითარებაში შუამავალის როლი შეასრულოს და მხარეებს შორის მშვიდობა დაამყაროს.
კიროვმა აგრეთვე ისაუბრა რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებზე საქართველოში და ხაზი გაუსვა საქართველოს ნავსადგურების უდიდეს მნიშვნელობას. გარდა ამისა, კიროვმა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობასა და ვრანგელის თეთრგვარდიულ მოძრაობაზეც შეაჩერა ყურადღება.
ინტერვიუს ბოლოს, კიროვი კვლავ საქართველოს საკითხს დაუბრუნდა: „მოსკოვის მთავრობამ ზავი შეჰკრა საქართველოსთან არა სათვალთმაქცოთ და არა იმიტომ, რომ ევროპისათვის ეჩვენებინა პატარა ერებთან თავისი დამოკიდებულება. 7 მაისის აქტი ხელმოწერილია იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ზავი საქართველოსა და რუსეთს შორის. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში არავითარ დაბრკოლებას არ შევხვდებით საზავო ხელშეკრულების ცხოვრებაში გატარების დროს.
მოსკოვი ყველაზე ნაკლებად ფიქრობს, რომ თავის აღმოასვლეთის პოლიტიკაში ჩაითრიოს საქართველო. მოსკოვის სახალხო კომისრების საბჭოს სრულებით არ უნდა თავისი პოლიტიკის გართულება საქართველოს ნაწილის შავი ზღვის სანაპიროების გამოყენებით. არის სხვა გზები, რომლებიც იძლევა მარტივ საშუალებას აღმოსავლეთში მოსკოვის პოლიტიკურ საკითხების გადასაწყვეტათ“.

ბრიტანელების მიერ ბათუმის დატოვების გადაწყვეტილება

1920 წლის ივნისის დასაწყისში გაზეთის ფურცლებზე იმატა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ჩანდა, რომ ბრიტანელები ბათუმიდან და ბათუმის ოლქიდან გასვლას აპირებდნენ. გაზეთ „ერთობის“ 15 ივნისის მასალაში, რომელიც ბათუმში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს, წერია, რომ ბრიტანელებმა ქობულეთში მყოფი ნაწილები გაიწვიეს. საგუშაგო მოხსნეს მდინარე ჩოლოქთანაც. მეორე დღეს გაზეთი სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბათუმში ბრიტანელთა მეთაურმა კონსტანტინოპოლიდან მიიღო ბრძანება ბათუმიდან სამხედრო და სამოქალაქო პირთა დაუყოვნებელი ევაკუაციის თაობაზე. ამის შემდეგ ბრიტანელებმა, თურმე, სასწრაფოდ დაიწყეს გემების დატვირთვა.
20 ივნისის გაზეთი „ერთობა“ უკვე ბრიტანელთა ევაკუაციის კონკრეტულ მოქმედებებს აღწერს. როგორც ამ ცნობიდან ჩანს, ბრიტანელებმა გაანადგურეს ბათუმის ფორტის დიდი კალიბრის ქვემეხები. ბარცხანის ფორტიდან ჩამოიღეს და ააფეთქეს ყველა საარტილერიო დანადგარი. იგივე ვითარება იყო ბათუმის სხვა ფორტებშიც. აფეთქებების ხმამ ქალაქის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. ხელისუფლება კი მოსახლეობას ცნობებს არ აწვდიდა და ამით ხალხში შიშსა და გაურკვევლობას კიდევ უფრო აძლიერებდა.
29 ივნისს გაზეთ „ერთობაში“ გამოჩნდა ინფორმაცია, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა ბათუმიდან ბრიტანელების გასვლა და ქალაქის საქართველოსთვის გადაცემა. ამ ცნობაში ბრიტანელთა გასვლის ზუსტი თარიღი არ ეწერა, მაგრამ ბათუმის ოლქსა და თავად ქალაქს ისინი რომ საქართველოს გადასცემდნენ, ეს უკვე დაზუსტებულ ამბად იყო წარმოდგენილი: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ ბათომი და მისი ოლქი მოკლე ხანში საქართველოს რესპუბლიკას დაუბრუნდება. მთელი ამ ორი წლის განმავლობაში, მიუხედავათ აუარებელ ფრონტებისა, შინაურ მდგომარეობის გართულებისა და უთვალავ საჭირ-ბოროტო კითხვებისა, საქართველოს დემოკრატიის განცდაში იყო ერთი შავი წერტილი, რომელიც მას გულს უღრღნიდა და მის მრავალ გამარჯვებას შავ დაღს ასვამდა. ეს იყო ბათომის საკითხი.
დღიდან მის დაკარგვისა, საქართველოს დემოკრატიას მტკიცედ და შეურყეველად ჰქონდა გადაწყვეტილი მისი დაბრუნება, თავის კულტურის, ამ პოლიტიკური აკვანის შემოერთება. დღეს საქართველო ამ მიზანს აღწევს. მისი გამარჯვება სრულია. ბათომი და მისი ოლქი გადადის ნამდვილი პატრონის ხელში… დღეიდან გზა ევროპისკენ სამუდამოთ გახსნილია. ჩვენი დემოკრატია სავსებით ისარგებლებს ამ გზით თავისი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის“.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის მკვლელობა

1920 წლის ივნისში თბილისში კიდევ ერთი გახმაურებული ტერორისტული აქტი მოხდა: რუსთაველის გამზირზე მოკლეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ფათალი ხან ხოისკი. 1920 წლის აპრილის ბოლოს განხორციელებული ბოლშევიკური ოკუპაციის შედეგად, აზერბაიჯანის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნიდან დევნილი გახდა და მთავრობის წევრთა უმეტესობა საქართველოში აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანას თავი შეაფარეს დეპუტატებმა, მინისტრებმა, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკებმა. თბილისში იმყოფებოდა მეჯლისის, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე ჰასანბეგ აგაევი, იუსტიციის მინისტრი ჰალილ ჰასმამედოვი და თავად პრემიერ-მინისტრი ფათალი ხან ხოისკი.
19 ივნისს ხან ხოისკი და აზერბაიჯანის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ჰალილ-ბეკ ჰასმამედოვი რუსთაველის გამზირზე მდებარე კინემატოგრაფ „პიკადილში“ იმყოფებოდნენ და კინოსეანსის დასრულების შემდეგ სახლში ფეხით ბრუნდებოდნენ. სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს ხან ხოისკის.
მკვლელობის შესახებ გაზეთი „ერთობა“ თავის მკითხველს 22 ივნისის ნომერში მოუთხრობს: „19 ივნისს ღამის 11 საათზე ბოროტ-გამზრახველებმა ფეოდოსიის ქუჩაზე რევოლვერით მძიმეთ დასჭრეს ადერბაიჯანის ყოფილი მინისტრი ხან-ხოელი. გამოძიება სწარმოებს. მიღებულია ზომები ბოროტ-გამზრახველთა აღმოსაჩენათ. ფეოდოსიის ქუჩაზე მომხდარ ბოროტების შესახებ დაუყოვნებლივ აუწყეს მთავრობის წევრებს. გაიცა კატეგორიული განკარგულება, რაც შეიძლება დაწვრილებით გამოიძიონ და გამოარკვიონ მკვლელობის ამბავი“.
თავდამსხმელები ორნი იყვნენ. მათ გზაში გაუსწრეს ხოისკის და ჰასმამედოვს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ყოფილ პრემიერ მინისტრს მაუზერიდან ესროლა. სახის მარჯვენა ნაწილში მოხვედრილმა ტყვიამ მსხვერპლის ყელი და ზურგი გაიარა. სროლის შედეგად დაშავდა ჰასმამედოვიც, რომელსაც თავდამსხმელებმა ორჯერ ესროლეს. იგი მარჯვენა მხარსა და მარჯვენა ფეხში დაიჭრა, თუმცა ჭრილობას მისთვის სასიკვდილო ზიანი არ მიუყენებია. ამ თავდასხმის შემდეგ ბოროტმოქმედები ხალხის მასას შეერიენ და მათი დაკავება ვერ მოხერხდა.
შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი ჟორდანია, პროკურორები ტატიევი და კანდელაკი, გენერალ-გუბერნატორი სალუქვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის უფროსი გეგელაშვილი, ქალაქის თავი ბენია ჩხიკვიშვილი და მილიციის სისხლის სამართლის უფროსი ფაჩულია. დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი. თუმცა დამნაშავეების კვალზე გასვლა ვერ მოახერხეს. წინასწარ ძიებას განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი ჯომარჯიძე აწარმოებდა.
გაზეთი „ერთობა“: „დაახლოვებით 12 საათზე შაბათს ხან-ხოელი მიიყვანეს მიხეილის საავათმყოფოში, რომელიც გონებაზე არ მოსულა ისე გარდაიცვალა 20 ივნისს დილის 4 საათზე. გამოსვენება მოხდა 11 საათზე 21 ივნისს. გარდაცვალებული მაჰმადიანთა სასაფლაოზე დაასაფლავეს. ხან-ხოელის თანამგზავრი ქალილ ბეკშახ მამედოვი მსუბუქად დაიჭრა. მისი მდგომარეობა უმჯობესდება“.
ვინ მოკლა აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმ დროს ვერავინ დაადგინა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ არც გაზეთ „ერთობაში“ ეწერა, თუმცა, წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხან-ხოელი სომეხმა ტერორისტებმა გამოასალმეს სიცოცხლეს. მკვლელობა სომხური პარტია „დაშნაკცუტუნის“ წევრებმა არამ ერკაიანმა და მისაკ გრიგორიანმა ოპერაცია „ნემეზიდას“ ფარგლებში განახორციელეს. ეს იყო სომხების მიერ ორგანიზებული ტერორისტული კამპანია, რომელიც სომეხთა მასობრივ მკვლელობებში ბრალდებული თურქი და აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწეების განადგურებას ითვალისწინებდა. ტერორისტების სიაში ხან ხოისკი ნომერ პირველ სამიზნეს წარმოადგენდა.

გამანადგურებელი სეტყვა კახეთში

1920 წლის ივნისის დასაწყისში გაზეთი „ერთობა“ კახეთში მოსული საშინელი სეტყვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. გაზეთის ცნობით სეტყვა კახეთს 25 მაისს დაატყდა თავს და მხარეს დიდი უბედურება მოუტანა. დაზარალდა ქიზიყის სოფლები: კარდენახი, ანაგა, ვაქირი, მარნარი, საქობო, ხირსი, ქვემო მაჩხაანი, დედოფლის წყარო, ბოდბის ხევი. განადგურდა ვენახები, დაიხოცა პირუტყვი. სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეც კი შეიწირა. გაზეთის ინფორმაციით, ბუნებამ დაახლოებით 500-მდე კომლი გაასწორა მიწასთან.
ჩალაუბნის ქედზე მოსულმა სეტყვამ და ნიაღვარმა საგრძნობლად დააზიანა რკინიგზა, წალეკა შპალები, ლიანდაგიდან სარკინიგზო შემადგენლობა გადააყირავა. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიწათმოქმედების სამინისტრომ კახეთისთვის სპეციალური ფონდიდან თანხა გამოჰყო. გაიგზავნა კომისია ზარალის დასადგენად და დაზარალებულთა დასახმარებლად.
პირველი ივნისის ნომერში გაზეთი „ერთობა“ კახეთში მოსული სეტყვის შესახებ თვითმხილველის მონათხრობს ბეჭდავს: „25 მაისს საღამოს 7 საათზე გამოჩნდა დასავლეთიდამ გულ შემზარავი შავი ღრუბლები, რომელიც გადაეფარა ს. ნაფარეულს, სანიორეს, ართანას, ფშაველს და სხვა სოფლებს. დაიწყო ქათმის კვერცხის ოდენა სეტყვა და გასტანა ორ საათ ნახევარს. ასტყდა სოფელში საშინელი გულ-შემზარავი წივილ-კივილი, რასაც შეუერთდა პირუტყვთა ბღავილი, ძაღლების ყეფა და ღმუილი, თოფებისა და სახელმწიფო მამულის ზარბაზნის სროლა, მაგრამ შველა არ იქნა. ბუნებამ თვისი აღასრულა;
მოჰყვა ნიაღვარი, ჩავარდა გომურებსა და სახლებში, საიდანაც მცხოვრებნი გარეთ გამორბოდნენ და იძახოდნენ: გვიშველეთ, წარღვნა მოვიდა და ვიხრჩობითო, მაგრამ მშველელი არვინ იყო, რადგან ყველას შიშით თავზარი ჰქონდა დაცემული და თავიანთი თავისთვისაც ვერა ეშველნათ. დაიღუპა გომურებში გამომწყვდეული საქონელი და მრავალი შინაური ფრინველი. ბევრი გომურები სავსეა სეტყვის ზვინებით. ნაფარეულში, მთელი ღამე გაისმოდა ხალხის ტირილი და მწუხარება.
როდესაც გათენდა 26 მაისი, ხალხი მინდორს მოედო ყანების სანახავათ, მაგრამ ტირილით უკან ბრუნდებოდა, მოესპო მიწის მუშას თვისის დიდება და სიამაყე. განადგურდა ყოველისფერი, როგორც ყანები, აგრეთვე ყოველ გვარი მცენარეულობა, თავზარდამცემ სურათს წარმოადგენს ვენახები და ხეხილი. ხალხი იძულებული ხდება დახნან მეორეთ და დათესონ სიმინდი, მაგრამ საუბედუროთ, უმრავლესობას სათესლე სიმინდიც არ მოეპოვება“.

თბილისის მოკლე ამბები

მოსალოდნელი სიცხეებისა და ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით, თბილისის გამგეობამ, ქალაქის ქუჩებში სანიტარიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ტკბილეულისა და ცივი წყლის გაყიდვა აკრძალა. გარდა ამისა, გამგეობამ მკაცრი ზომები დააწესა ქუჩებში უპატრონოდ მცხოვრები და სიბინძურეში მყოფი უსახლკარო მცირეწლოვნების მიმართ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მილიციას დაევალა ქუჩებში მცირეწლოვანი მაწანწალების მათხოვრობის აღკვეთა. უნდა გამოევლინათ და პასუხისგებაში მიეცათ ყველა ის პირი, ვინც ბავშვებს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა. ამასთან, გამგეობა იუწყებოდა, რომ ის მშობლები, ვისაც არ გააჩნდა ბავშვების მოვლისა და გამოკვებისთვის საჭირო წყარო, უნდა ჩაწერილიყვნენ ქალაქის შრომისა და სოციალური დახმარების განყოფილებაში, საიდანაც დახმარებას მიიღებდნენ.
თბილისის თვითმმართველობის დადგენილებით, ქალაქის გარეუბნებში ელექტროგანათების მოწყობა დაიგეგმა. გაზეთ „ერთობის“ ცნობით, განათების გაყვანა აუცილებელი იყო საბურთალოს, ნაძალადევისა და ახალშენის რაიონებში, სადაც ქუჩებში უკუნი სიბნელე იდგა. ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტში 620 ათასი მანეთი გადადეს.
1920 წლის 26 ივნისის ნომერში გაზეთი „ერთობა“ თბილისის ცხოვრების ამსახველ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით „მეტი ყურადღება“. ამ წერილში თბილისის ქუჩებში არსებულ ანტისანიტარიაზე და პროსტიტუციაზეა მოთხრობილი: „თფილისი საქართველოს დედა-ქალაქია, სწორედ ამისთვის უნდა მიექცეს მას დიდი ყურადღება. დღეს ეს ასე არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ქუჩებში მტვერია. ამავე დროს იქვე იყიდება ბალი, ალუბალი, ალუჩა და სხვ. მტვერი, რასაკვირველია, ზედვე ეკიდება ხილს, მაგრამ მოქალაქე არ უწევს ანგარიშს ამას, ყიდულობს ხილს და სჭამს. ამას შეუძლია გამოიწვიოს და გაავრცელოს ავათმყოფობა.
გარდა ამისა, თუ გაგივლიათ ალექსანდრეს ბაღში, თქვენ შეამჩნევდით ჯარისკაცებსა და ზნე-დაცემულ ქუჩის მეძავ ქალებს. ასე რომ იქ მოსასვენებლათ მოქალაქეს არ შეუძლია წასვლა. ამას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან ამას შუძლია გამოიწვიოს ჯარისკაცთა დასნეულება. თუმცა ადმინისტრაცია ცდილობს ასეთ ქალების ალაგმაზე, მაგრამ დადებით შედეგებს სამწუხაროთ, ჯერ-ჯერობით ვერ აღწევს. საჭიროა ყველა ამეებს ამ თავითვე დიდი ყურადღება მიექცეს, თორემ შეიძლება გვიან იყოს“.

მიხეილ ბასილაძე