ქართველი ხელოვანის გერმანული ტრიუმფი

ლევან ბაშარული გერმანიაში 2008 წელს გაემგზავრა. ქართველმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა რთული გზა გაიარა, სანამ 2015 წელს გერმანიაში „Deutscher Filmmusik Preis“-ის ცერემონიალზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორის ჯილდოს მიიღებდა. ის დღეს გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კინოკომპანიებთან („Roxy Film Produktion“ „Wiedemann und Berg“) თანამშრომლობს. „Luis Trenker“, „NEMEZ“, „Alles über Menschen“, „Hörst du es auch?“, „Job Interview“, „Das Blut“, „Untold Borders“, „Marie fängt Feuer“, „Sophia“, _ ეს იმ გახმაურებული ფილმების ჩამონათვალია, რომელმაც ქართველ ხელოვანს უდიდესი აღიარება მოუტანა.

ლევან ბაშარული, გარდა მუსიკის შექმნისა, სხვადასხვა ქვეყანაში უნიკალურ პროექტებს ასხამს ხორცს. მან განახორციელა თვალწარმტაცი შოუ პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, რომელიც მაყურებელს 11 საათის განმავლობაში აოცებდა. ლევანმა ცნობილი გერმანული სერიალებისთვისაც („Luis trenker“ და „NEMEZ“) შექმნა მუსიკა, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით გერმანიის ყველაზე რეიტინგულ არხებზე „ARD“ (გერმანიის პირველი სახელმწიფო ტელევიზია) და „ZDF“ (გერმანიის მეორე სახელმწიფო ტელევიზია _ „NEMEZ“) გადაიცემა.

„ქრონიკა+“ წარმატებულ ქართველს გერმანიაში დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

_ ლევან, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თქვენი სტატუსი წავიკითხე, სადაც წერთ:
„ბოდიში, მეგობრებო, ვრცელი სტატუსისთვის, მაგრამ უნდა დამეწერა. ფრაგმენტი მეგადაჯილდოებიდან, სადაც გერმანიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის ჯილდო ავიღე. 4 წელი გავიდა და არც ერთი ქართული ტელევიზია და გადაცემა არ დაინტერესებულა ამ ფაქტით. საქართველოში გადაცემებს აკეთებენ და სახეს იხოკავენ, თუ რატომ არის ხატია წერეთელი ცნობილიო და განიხილავენ, ტაშ-ფანდურა თუ მდარე ხარისხის მუსიკა რატომ მეფობს საქართველოშიო.
საქართველოში თუ არ გაბულინგებენ, თუ არ დაგცინიან და ნეგატივს არ გამოიწვევ, თურმე ტელევიზიისთვის საინტერესო არ ყოფილხარ.
ახლო მეგობარმა ჩემ შესახებ რამდენიმე რეიტინგულ გადაცემას მიაწოდა ინფორმაცია. პასუხი ასეთი იყო: „ამ ეტაპზე ასეთი ინფოებით არ ვკავდებით“.
მე არც მსმენელი მაკლია და არც აღიარების კომპლექსები მაწუხებს, არც ჩემი წარმატების ვინმეზე თავს მოხვევა მინდა. ვწერ ბევრ მუსიკას და ყველა ფილმში, ღონისძიებაზე, აქაურ მედიაში „გერმანიაში მცხოვრებ ქართველ კომპოზიტორად ვსახელდები“ _ ეს ასეც დარჩება!“
ამ თემით მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი… რატომ დაწერეთ ეს სტატუსი?
_ ეს მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია. არ შეიძლება, რეიტინგი გქონდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც მოიყვანო სტუდიაში და მერე დასცინო. მესმის, მარკეტინგულად ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ მერე ნუღარ გვეუბნებიან, რომ ვერაფერს გვთავაზობენ ახალსა და საინტერესოს ქართველი ხელოვანები ან ცოტას გვთავაზობენ ხარისხიან მუსიკას. პირადად ყველას ძალიან დიდი პატივს ვცემ, ვინც რაღაცას აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს… ეს ნებისმიერ შემთხვევაში დასაფასებელია. თუმცა არ შეიძლება, გამუდმებით დაბალი დონის თემების პოპულარიზაცია. ამ ყველაფერზე, ალბათ, ჩემზე კომპეტენტურმა პირებმა უნდა იზრუნონ ტელევიზიებში. არც მინდოდა ამის დაწერა, უბრალოდ, ვალდებულად მივიჩნიე თავი, როცა ამ გადაცემის ნაწყვეტი ვნახე სოციალურ ქსელში. გემოვნების პრობლემა გვაქვსო და მეორე წუთში, არ მომერიდება და, უდაბლესი დონის მუსიკა გააშუქეს. ასეთ დროს პასუხიც არსებობს, _ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და საქართველოშიც უამრავი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი მოღვაწეობს. ისინი წვალობენ და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ, _ ცდილობენ, თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ, ხომ შეიძლება, ცოტა მეტი ყურადღება ამ ადამიანების მიმართაც იყოს?! ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქრონიკა+“-ს იმისთვის, რომ დამიკავშირდით და ამ ყველაფრით დაინტერესდით. ჩვენთვის, უცხო ქვეყანაში მოღვაწე ქართველებისთვის, მნიშვნელოვანია, მჭიდრო კავშირი გვქონდეს ქართულ მედიასთან, რათა ვესაუბროთ იმ ყველაფრის შესახებ, რასაც ვაკეთებთ და რა წარმატებებსაც ვაღწევთ ნებისმიერ სფეროში. ეს ყველაფერი შეიძლება სხვისთვის უდიდესი მოტივაცია აღმოჩნდეს ცხოვრებაში.
_ საქართველოდან წასვლის მიზეზი რა იყო?
_ საქართველოდან ჩემი წასვლის მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ჩემი პროფესიული განვითარება, რომ აქამდე მოვსულიყავი, სადაც ახლა ვარ. საქართველოში ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან კინომუსიკის მიმართულებით ჩვენთან ცოტა რამ ხდებოდა და დღესაც ასეა.
_ თბილისის კონსერვატორიაში მიღებული განათლება რამდენად დაგეხმარათ უცხო ქვეყანაში?!
_ სტუდენტური წლები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, რაღაცნაირად ლაღი, ახლის სწავლას მეტი ეფექტი ჰქონდა, ვიდრე ევროპაში. თბილისის კონსერვატორიაში რაც ვისწავლე, თუნდაც თეორიული განათლება, აქ აღარ დამჭირვებია ამ ცოდნის გაღრმავება, იმიტომ რომ ძირეული და ღრმა ცოდნით ჩამოვედი გერმანიაში. კლასიკური მიმართულებით საქართველოში ვისწავლე, ეს ცოდნა დღემდე მომყვება და დანაკლისი არ მქონია. უბრალოდ, არის თანამედროვე სფეროები, რაც ჯერ კიდევ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. თუ შევადარებ ევროპული სწავლის მეთოდს, აქ სწავლების დროს უკვე ორკესტრი გვყავდა და სწავლების პერიოდში სრულდებოდა ჩვენი ნაწარმოებები, რაც ძალიან დიდი გამოცდილებაა. როდესაც გერმანიაში კონსერვატორია დავამთარე, მიუნხენის სიმფონიურმა ორკესტრმა ჩემი სადიპლომო ნაწარმოები შეასრულა.
_ წარმატების მიღწევა უცხო ქვეყანაში, სავარაუდოდ, ბევრ სირთულეს უკავშირდება. როგორი იყო ეს გზა თქვენთვის?
_ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და მიუნხენში ცხოვრობდა, გვერდით მედგა და ყველაფერში მხარს მიჭერდა, ძალიან ბევრი რამე ჩემი გასაკეთებელი აღმოჩნდა. თავიდან ვერც ჩავაბარე გერმანიაში, აქ ჩამოსვლის პირველ წელს კონსერვატორიის გარეშე დავრჩი, რადგან სტუდიური პროგრამები არ ვიცოდი და თუ აქ სწავლის გაგრძელება გინდა, ტექნიკური მზადყოფნა აუცილებელია. გარკვეული მქონდა საკუთარ თავთან, რა მინდოდა და ამისთვის კიბეებიც ვხეხე, თეფშებიც ვრეცხე, რესტორანშიც ვიმუშავე… ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი სწავლა დამეფინანსებინა. არ მქონია დიდი მატერიალური ხელშეწყობა და თუ ევროპაში ჩავიდოდი, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყველაფერი მექნებოდა.
_ ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
_ დედაჩემი აქტიურად იყო ჩართული ჩემს მუსიკალურ განვითარებაში, მამაჩემიც, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ფინანსურად უზრუნველმყოფდა, რომ ჩემს სწავლას რეალური შედეგი გამოეღო. ჩემი ოჯახი ყოველთვის გვერდით მედგა ყველა გადაწყვეტილების, სირთულის დროს და ყველა წარმატების დროსაც კიდევ უფრო ახლოს იყო ჩემთან.
_ 2015 წელს „Deutscher Filmmusik Preis“-ის ცერემონიალზე გერმანიის წლის საუკეთესო კომპოზიტორად დაგასახელეს და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი, მოგვიყევით ამის შესახებ.
_ 2015 წელს ნომინირებული ვიყავი გერმანიის „წლის საუკეთესო კომპოზიტორის“ ნომინაციაზე. ამ დაჯილდოებაზე სამ კომპოზიტორს შორის მოვხვდი, ერთ-ერთი იყო ძალიან ცნობილი ჯეფ ფილი, რომელმაც „House of Card“-ისთვის მუსიკა დაწერა და ეს დიდი წარმატება იყო პირადად ჩემთვის. ფესტივალებსა და კონკურსებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა. აქ, გერმანიაში, ყველა ეცნობა ერთმანეთის მუსიკას და ამ ფესტივალის წარმომადგენლებმა უკვე იცოდნენ ჩემ შესახებ, პირდაპირ წერილი გამომიგზავნეს, რომ დაჯილდოებაზე ნომინირებული ვიყავი. არაფერი გადამიგზავნია და არ მიბრძოლია ამისთვის, ამ მხრივ ძალიან პასიური ვარ. „Deutscher Filmmusik Preis“-ის დაჯილდოება გახმაურებული მოვლენაა გერმანიაში კინომუსიკის სამყაროში და თუ აქ ხარ ნომინირებული, იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი იგებს შენ შესახებ… ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საინტერესო პროექტები წამოვიდა ჩემს ცხოვრებაში და არა მხოლოდ კინოს სფეროში, _ მიუნჰენში არსებობს ხელოვანთა ჯგუფი „SUPER+“, რომელიც არტ-პროექტებს ახორციელებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი „ფენიქსის ფრენა“ იყო, რომლის პრეზენტაცია პარიზში გაიმართა. 70-მეტრიანი ვერცხლის პოლიეთილენის გიგანტური ფიგურა ჰაერში გაუშვეს, რომელიც საინტერესო ფორმებს იღებდა. ეს ყველაფერი მუსიკალურად მე გავაფორმე და ეიფელის კოშკის წინ, ამ ფიგურის ფონზე, თერთმეტი საათი ჟღერდა ჩემი მუსიკა. საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა და უამრავი ადამიანი უყურებდა და უსმენდა ამ ყველაფერს.
_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კინომუსიკაში საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას მიაღწიო?
_ თუ პრეტენზია გაქვს, რომ იყო კინოკომპოზიტორი და იყო ამ სფეროში, უნდა შეგეძლოს ყველა მიმართულების მუსიკალურ ჟანრში მუშაობა.
_ ამ შემთხვევაში, მუსიკის წერის დროს, რა არის ხელოვანისთვის ინსპირაციის წყარო?
_ აუცილებლად ფილმი გაძლევს იმ ემოციას, რაც შემდეგ მუსიკაში, როგორც კომპოზიტორმა, უნდა წარმოაჩინო. როდესაც ფილმის კადრი მოდის ან სცენარს ვკითხულობ, სწორედ ამ დროს იბადება უკვე თემები, მოტივი, ეს ყველაფერი სინქრონული პროცესია… ამის შემდეგ არის პერიოდები, როდესაც რეჟისორი მუშაობის პროცესში ერთვება და მას სასურველ იდეას სთავაზობ. სწორედ ეს არის ყველაზე სასიამოვნო.
კინომუსიკის შექმნა გუნდური სამუშაო პროცესია, შენ ამ შემთხვევაში არ წერ სოლო ნაწარმოებს, რომელსაც პუბლიკას გაუზიარებ.
_ თქვენს შემოქმედებაში ყველაზე დიდი გავლენა რომელი კომპოზიტორის შემოქმედებამ მოახდინა? თავად ვის უსმენ და რას ფიქრობ ქართველ კლასიკოსებზე?!
_ ძალიან ბევრი მყავს, გამოყოფა მიჭირს. გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ, თუმცა იმ კომპოზიტორის მუსიკა, რომელიც ძალიან მიყვარს, ყოველთვის ყურში ჩამესმის. ეს ჯონ უილიამსია და, სხვათა შორის, მისი ლირიკული მიმართულებით შექმნილი მუსიკა უფრო მომწონს… ახლა უამრავი კომპოზიტორი მომდის თავში. რაც შეეხება ქართველებს, რა თქმა უნდა, გია ყანჩელი ცოცხალი ლეგენდაა! მისი შემოქმედება ჩემი სამაგიდო წიგნია.
_ ლევან, როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ქართველების იმ დიდ წარმატებებს, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღწევენ?
_ პირველ რიგში, შინაგანი მუსიკალურობა, რაც ქართველებს გენეტიკურად მოგვდგამს. არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, ყოველი მეორე ადამიანი კარგად მღეროდეს. თუ ქართულ სუფრაზე შემთხვევით შეკრებილი 20 ადამიანიდან 10 მრავალჟამიერს საუკეთესოდ მღერის, ეს უკვე ნიშნავს, რომ ძალიან მუსიკალური ერი ვართ. გულით მიხარია ყველა წარმატებული ქართველის გვარისა და სახელის გაგება.
_ სოციალურ ქსელში ქეთი მელუასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეთ, რაიმე ტიპის საერთო პროექტზე ხომ არ მუშაობთ?
_ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ფოტოს გადაღებით შემოვიფარგლე. ეს ძალიან მაგარი შეხვედრა ოყო, მე და ქეთი მელუამ ერთმანეთი „Bayerischer Filmpreis“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გავიცანით, სადაც ფილმი „NEMEZ“-ი იყო ნომინირებული „VGF Preis“-ზე, რომლის მუსიკა მე გავაკეთე და სადაც ფილმის პროდიუსერებმა პრიზი აიღეს. სწორედ ამ ცერემონიის გახსნის ნაწილში მღეროდა იგი. მე, რა თქმა უნდა, როგორც ამ ფილმის კომპოზიტორი, მიწვეული ვიყავი და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი.ქეთი ძალიან კარგი ადამიანია, ჩემზე ყველას ეუბნებოდა: ეს ბიჭი ქართველია, კომპოზიტორი არის და ამ ფილმისთვის გააკეთა მუსიკაო.
_ ლევან, როგორ ვითარდება საქართველოში კინომუსიკა?
_ სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ბევრს ვერაფერს გეტყვით. როცა ქვეყანას ძალიან უჭირს, რა თქმა უნდა, ხელოვნების სფეროს განსავითარებლად რთულია დიდი ძვრები. კომპოზიტორი რეალიზებული რომ იყოს, ამისთვის საჭიროა კეთდებოდეს ფილმები, რომ შემდეგ რეჟისორებმა კომპოზიტორთან მუშაობა ისწავლონ. ის დიდი ეპოქა, რაც გვქონდა კინომუსიკისა და ფილმების მიმართულებით, რატომღაც, დამთავრდა და ახლა სულ ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს. სხვათა შორის, ბოლო დროს ქართული ფილმები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევს და ის პროდუქტი, რაც ჩემამდე მოდის, ძალიან მომწონს.
ხშირად ჩამოვდივარ თბილისში, ვერ ვძლებ მის გარეშე… ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და გერმანიაც არ გამხდარა ერთ წამში ისეთი წარმატებული, როგორიც დღეს არის. ის დაღი, რაც რუსეთმა და მისმა პოლიტიკამ ჩვენს ქვეყანას დაასვა წლების განმავლობაში, მის შედეგებს დღეს ვიმკით. და როდესაც ქვეყანაში ომია, არ რჩება იმაზე ფიქრის დრო, როგორ განვითარდე მენტალურად. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების ეტაპზეა და ბევრი სასიკეთო ცვლილება მიმდინარეობს. ძალიან მინდა, საქართველოში ჩემი კინომუსიკის კონცერტი გავაკეთო, ეს ყველაფერი ბიუროკრატიულ საკითხებთან არის დაკავშირებული და იმედი მაქვს, ჩემს სურვილს მალე განვახორციელებ.
_ პირად ცხოვრებაში რა ხდება?
_ დაოჯახებული არ ვარ და, ჯერჯერობით, არ ვაპირებ, იმიტომ რომ კარიერა, ამ ეტაპზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ჩაფლული ვარ პროფესიულ საქმიანობაში.
_ სამომავლო გეგმები რომ გაგვანდოთ?
_ ამჟამად გერმანიაში ფილმების გადაღების პერიოდია და, სავარაუდოდ, მაისიდან პოსტპროდუქციაზე ზრუნვა და მუშაობა დაიწყება. ერთი კონკრეტული პროექტი არის, მაგრამ, ამ ეტაპზე, ვერ გავამხელ.

ლევან ქემოკლიძე