გიორგი შაღაშვილი: „მეამაყება, რომ ჩემი სამოსი მსოფლიო ბრენდების გვერდით იყიდება“

ქართველებს რომ შავი ფერის სამოსი განსაკუთრებულად გვიყვარს, ყველა დამეთანხმებით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ შავი ფერი ასოცირდება ელეგანტურობასთან, ძალაუფლებასთან, სიმდიდრესთან და უსაფრთხოებასთანაც კი. ის ადამიანები, რომლებსაც შავი ფერი უყვართ, მეტი სიმტკიცით და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან, რომელიც, არც მეტი-არც ნაკლები, დიდი დოზით იგრძნობა გიორგი შაღაშვილის თითოეულ ნამუშევარში. დიზაინერის კოლექციებში სწორედ შავი ფერი დომინირებს და ლიდერობს.
დიზაინერი გიორგი შაღაშვილი, რომელიც გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სტილით, გემოვნებითა და ხედვით „მერსედეს ბენც ფეშენ ვიკისთვის“ აქტიურად ემზადება. გარდა ამისა, სწორედ ის იქნება დიზაინერი, რომელიც მომღერალ ოთო ნემსაძის სასცენო იმიჯზე იზრუნებს „ევროვიზიაზე“.

როგორ ემზადებიან „ევროვიზიისთვის“? რამდენი კოსტიუმი უნდა მოირგოს ოთო ნემსაძემ?
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს დიზაინერი გიორგი შაღაშვილი ესაუბრება:

მინიდოსიე:
• 2000 წელს გიორგი შაღაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა;
• შემდეგ იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და სამაგისტრო პროგრამა მოდის დიზაინის განხრით;
• 1999 წელს გიორგი შაღაშვილს მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო ავანგარდული იდეისა და 17 კოსტიუმისთვის;
• კოლექციების გარდა, გიორგი შაღაშვილს გამართული აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა გრაფიკული და ფერადი ხელოვნების მიმართულებით;
• 2003 წელს გიორგიმ შექმნა ხუთი კოსტიუმი „რუსული სილუეტისთვის“ სახელად „დაბადება“. აღნიშნული კოლექცია ფინალური შოუსთვის შეარჩიეს;
• 2009 წლიდან გიორგი შაღაშვილის კოლექციები გადის საქართველოსა და დანიის ბაზრებზე. მას ასევე გაყიდული აქვს კოლექცია ყაზახეთსა და რუსეთშიც;
• 2009 წელს გიორგი შაღაშვილმა დანიაში საკუთარი კომპანია დააარსა;
• 2016 წლიდან მოყოლებული გიორგი შაღაშვილი აქტიურად მონაწილეობს „მერსედეს ბენც ფეშენ ვიქ თბილისის“ ჩვენებაში და მოდის აუდიტორიას საკუთარ ბრენდს წარუდგენს;
• 2018 წლის მაისში ეკატერინბურგში გიორგი შაღაშვილმა „საქართველოს მოდის დღეების“ ფარგლებში საკუთარი ბრენდი წარადგინა.

_ გიორგი, ძალიან საინტერესო დოსიე გაქვთ. ჩვენი საუბარი თავიდან დავიწყოთ, _ როგორ მოხვდით მოდის სფეროში?
_ იმასთან ერთად, რომ სამედიცინოზე ვსწავლობდი და თან ვხატავდი, სულ მქონდა მოდის ინტერესი. 1999 წელს თბილისში მონაწილეობა მივიღე ავანგარდული მოდის ასამბლეაში, კოლექციით „მეტამორფოზა“, სადაც მასალად გამოვიყენე თაბაშირი და მართლა. შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს, სკულპტურა იყო სხეულზე. ამ კოლექციით გავიმარჯვე და მივიღე პრიზი ნომინაციაში საუკეთესო ავანგარდული იდეისა და შესრულებისთვის. 2003 წელს მარინა გუნიასა და სოფო ჭყონიას ხელმძღვანელობით გაიმართა რუსული სილუეტის მორიგი შესარჩევი კონკურსი თბილისში, საიდანაც გამარჯვებული მიემგზავრებოდა დასკვნით, ფინალურ კონკურსზე ქალაქ მოსკოვში. ეს ყველაფერი ნიკიტა მიხალკოვის მეუღლის ეგიდით ტარდებოდა. გავაკეთე კოლექცია სახელწოდებით „დაბადება“. ჩემი ცოლი ორსულად იყო პირველ ბავშვზე, როცა ემბრიონის ფოტო ვნახე, აქედან წამოვიდა ინსპირაცია, რომელიც კოსტიუმში გადავიტანე. ხუთი კოსტიუმი უნდა გამეკეთებინა, ასეთი იყო საკონკურსო მოთხოვნა. 2003 წლის შემდეგ, რადგან მოდის სფეროში სულ რაღაცას ვაკეთებდი, გადავწყვიტე, შესაბამისი განათლება მიმეღო. 2004 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც როტაციის ნაკადში მოვხვდი. ბაკალავრიატის შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა. გარდა ამისა, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა ოჯახმა. დედა ყოველთვის ინდივიდუალურად იკერავდა სამოსს, არაჩვეულებრივი ქსოვილები იყიდებოდა და ძალიან ლამაზად, გემოვნებიანად იმოსებოდა. შესაბამისად, ჩემს ოჯახში მაგიდაზე მოდის ჟურნალები იყო მიმოფანტული. შაბათ-კვირას გვიწევდა სხვადასხვა წვეულებაზე წასვლა, სადაც დედას აუცილებლად ახალი უნდა სცმოდა, რადგან ისეთი სანათესავო და სამეგობრო წრე გვყავდა, რომ ჩაცმას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. შემდეგ, სკოლის პერიდოში, სურვილი გამოვთქვი, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი, მაგრამ რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ოჯახიდან წინააღმდეგობას წავაწყდი.
_ რატომ?
_ დიზაინერობა მაშინ არ იყო დაფასებული პროფესია. ყველა მშობელს სურს, რომ თავისმა შვილმა ისეთი განათლება მიიღოს და ისეთი პროფესია შეარჩიოს, რომ შემდგომში ცხოვრება გაუადვილდეს.
_ თქვენ რა გადაწყვეტილება მიიღეთ?
_ სამედიცინოზე ჩავაბარე, თუმცა მანდაც არ უნდოდათ, რომ ჩამებარებინა. სამედიცინო უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, მაშინვე მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა ჩემი საბოლოო პროფესია. ერთი წელი სეფსისის ცენტრში ვმუშაობდი და მივხვდი, რომ ეს პროფესია ბედნიერებას არ მანიჭებდა. ვერ შევძელი პროფესიისა და პირადი ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბავშვების განყოფილებაში ვიყავი და ჩემზე ეს ყველაფერი ემოციურად ძალიან მოქმედებდა. საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება უნდა განმეხორციელებინა, რაშიც მეუღლემაც ძალიან შემიწყო ხელი.
მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ ძიებაშია და ყოველთვის ცდილობს, სუბიექტური დამოკიდებულება სამყაროსთან მოდით გადმოსცეს. არ დაკარგოს ის ესთეტიკა, რომელიც მას ხელწერის სახით ახლავს. ჩემი ყოველი კოლექცია, გარკვეულწილად, არის ჩემი პატარა ისტორია, მოთხრობა, თუ რა განვიცადე, რა ვნახე და რამ მოახდინა ჩემზე გავლენა. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს მხატვარი, კონკრეტული პიროვნება ან მოვლენა. მოგზაურობა ჩემთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ რაღაც შევქმნა. რომ დავჯდე და ვთქვა, რომელი ფერია მოდაში და ტენდენციურობაზე დავიწყო საუბარი, ეს არ შემიძლია, არ გამომდის, დიდი ტყუილი იქნება. საზოგადოება ძალიან ადვილად გრძნობს შენს სიყალბეს, მას ვერასდროს მოატყუებ. ენერგეტიკულად ვერ დატვირთავ იმ ნივთს, თუ იტყუები.
მომხმარებელმა ამაყად უნდა ატაროს შენი სამოსი, რადგან სამოსი თუ არ არის ამ ფორმით, ამ სიღრმეებით და ენერგიით დატვირთული, ის ქსოვილია, რომლის მსგავსსაც შესაძლოა სადღაც წააწყდეთ. ამიტომ ჩვენ იმაზე ფიქრი დავიწყეთ, თუ ვინ დგას სამოსის უკან, როგორი პიროვნებაა და ვისი სამოსი შეიძლება, რომ ვატაროთ ამაყად. სამოსი არის ერთგვარი პრესტიჟი, თუ რას იცვამ, როგორი ფორმით და ვის სამოსს, ეს ადამიანის გარკვეულ სოციალურ ცენზს განსაზღვრავს. შეიძლება, ბრენდული სამოსი გეცვას, მაგრამ ძალიან უგემოვნოდ, თუმცა შესაძლოა, გეცვას უბრალო, არაბრენდული, მაგრამ ძალიან გემოვნებით. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ იმოსები, რამდენად გემოვნებიანად.
არ მინდა, პირფერობაში ჩამომართვათ, მაგრამ ქართველებს შინგანად გემოვნების თანდაყოლილი ზომა გვაქვს. კოპეჰაგენში ვცხოვრობ და, ზოგადად, იმდენს ვმოგზაურობ, რომ თამამად შემიძლია ქართველებზე ამ კუთხით პოზიტიურად ვისაუბრო.
_ გიორგი, ყველა ხელოვან ადამიანს ჰყავს თავისი მუზა. ამ შემთხვევაში ვინ არის თქვენთვის შთაგონების წყარო?
_ ჩემი ცოლი ჩემი ყველაზე დიდი ინსპირაციაა. ძალიან მიყვარს, როდესაც ლამაზ ქალს შემოსავ ანდროგენულად. შეიძლება, ქვეცნობიერად არ დავარქვა მუზა და საერთოდ არ მიყვარს სტერეოტიპის შექმნა. მუზა რაღაც აბსტრაქტულად გაიდეალებული წარმოსახვა ჰგონიათ. მუზა კი, შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი იყოს, რომელიც შენ გვერდით არის. ასეთი იყო ოდრი ჰეპბერნი ჟივანშისთვის, ივ სენ ლორანისთვის _ კატრინ დენევი. მეუღლე კი აღვნიშნე, მაგრამ ხანდახან ესკიზებს რომ ვხატავდი, ადამიანის ტიპაჟი სულ მას ჰგავდა (მეუღლეს) და სულ ვფიქრობდი, რომ ამას ჩემი მეუღლე თუ ჩაიცვამს, ე. ი. სხვაც ჩაიცვამს. ყველა არა, რადგან მე არ ვარ ორგანული მოდის წარმომადგენელი.
_ რას გულისხმობთ?
_ მოდის კლასიფიკაციებია ორგანული და არაორგანული. ორგანული მოდის საწყისი არის მცენარისა და ცხოველური წარმოშობის კრისტალი. მაგალითად, კავალე ძალიან ბევრ მცენარეულ ორნამენტს იყენებს, მე _ არა. ჩემთან უფრო გეომეტრიული ფორმებია, აქცენტი უნდა გაკეთდეს თარგზე, კონსტრუქციულ ხაზებზე, სილუეტსა და ა. შ. არ მიყვარს ამის გამიჯვნა. ზოგიერთი დიზაინერი ამ ორივეს ერთმანეთში ურევს, მაგრამ მე მინდა, რომ აკადემიურად გავყვე ამ კლასიფიკაციას, ფორმას და ვიყო იმის წარმომადგენელი, რასაც ვაკეთებ.
_ საერთოდ, საქართველოში მოდა რა დონეზეა?
_ საქართველო მოდის მიმართულებით ძალიან განვითარებულია და გეტყვით, რატომ: ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთან მოდის ინდუსტრია არ და ვერ ვითარდება, რადგან არ ვიცით, სხვა ქვეყნებში როგორ და რა ფორმით ვითარდება ეს სფერო. იცით, რომ საბჭოთა პერიოდში ყველაფერი შეზღუდული იყო და შესაბამისად, მოდა ვერ იქნებოდა იმ ფორმით განვითარებული, როგორც პარიზში, მილანში, ნიუ-იორკსა და ა. შ. მე ჩემი კომპანია დანიაში 2009 წელს დავაარსე და ბიზნესსაქმიანობა იქ დავიწყე, თუმცა ყველაფერი საქართველოში იკერებოდა, _ როგორც სამოსი, ასევე ფეხსაცმელი. ძირითადად, ჩემი სამოსი დანიაში იყიდებოდა და კოპენჰაგენის მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი. ტრენდშოუში ყოველთვის ჩემი სამოსი ხვდებოდა.
_ თქვენს ბოლო ჩვენებას დიდი გამოუხმაურება მოყვა…
_ ეკატერინბურგში ჩვენება მქონდა. ორგანიზატორებმა ჩვენებას ქართული მოდის დღეები დაარქვეს, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე გაიმართა, კმაყოფილი ვარ, რადგან საოცრად კარგად ორგანიზებული იყო და მეამაყება, რომ მსოფლიო ბრენდების გვერდით იყიდება ჩემი სამოსი უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში. ეს ყველაფერი იმ წლებმა მოიტანა, რომელიც აქამდე დიდი შრომისა და წვალების ფონზე გამოვიარე.
_ თქვენს კოლექციებში, ძირითადად, შავი ფერი დომინირებს. რატომ?
_ ზოგადად, შავი ფერი ძალიან მიყვარს. სულ ვამბობდი, რომ ადამიანი, რომელიც შავ ფერს ატარებს, მას ფერადი სული აქვს და არ სჭირდება დამატებითი ფერები იმისთვის, რომ მისი გარეგნული სახე გაალამაზოს. გარდა ამისა, შავი ფერი ელეგანტური და დამაჯერებელია. აქცენტი, ძირითადად, გადადის პიროვნულ მახასიათებელზე, სახეზე, გამომეტყველებასა და ჟესტიკულაციაზე. ის სიღრმეები, რაც შავს აქვს, უფრო მეტად გითრევს.
_ გარდა ამისა, შავი ფერი ქართველებს განსაკუთრებულად გვიყვარს და მომხმარებელიც, შესაბამისად, ბევრი ეყოლება. ასეა?
_ ჩემი მომხმარებელი ჩემი მეგობარია. ჩემთვის მომხმარებელი მხოლოდ იმით არ მთავრდება, რომ იყიდა და წავიდა. მიხარია, როდესაც ადამიანები კმაყოფილები არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს ჩემ მიერ შექმნილ სამოსში.
_ ევროვიზიაზე მინდა გკითხოთ: როგორც უკვე ცნობილია, ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, მომღერალ ოთო ნემსაძის ჩაცმულობაზე თქვენ იზრუნებთ.
_ ნათია უზნაძე ჩემი მეგობარია და მან რამდენჯერმა მთხოვა, რომ ევროვიზიის წარმომადგენლებისთვის ჩამეცვა, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი.
_ რატომ?
_ არ ვიცი, იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნის წინაშე, რომ, სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინია კიდეც. როდესაც ამხელა ნაბიჯს დგამ, ვიცი რომ კრიტიკის ქარცეცხლში უნდა გაიარო. თან ეს ძალიან თემატურია, ეს ხომ არაა ჩემი განცდები. აქ უნდა შექმნა კონკრეტული ადამიანისთვის კოსტიუმი, სადაც უნდა გაითვალისწინო აბსოლუტურად ყველა დეტალი, პროპორციები, სიმღერა, თვითონ ევროვიზიის ფორმატი, განათება, სცენა, მოძრაობა და სხვა უამრავი დეტალი. ეს ყველაფერი თავისუფლებას მაკარგვინებს და ცოტა მთრგუნავს, შესაბამისად, ასეთ რაღაცებზე იშვიათად ვთანხმდები ხოლმე. ამ შემთხვევაში დავთანხმდი იმიტომ, რომ მე და ოთოს ძალიან კარგი საერთო მეგობრები გვყავს და მათ უარი არ ვუთხარი, რადგან ეწყინებოდათ. თან ამდენი უარიც არ მინდოდა ნათიასთვის.
_ მზადების პროცესზე რას გვეტყვით? წინასწარი დეტალები საინტერესო იქნება, _ რას აცმევთ, როგორია ოთოსთან თანამშრომლობა?
_ მოკლედ, ერთ კოსტიუმს ვაკეთებთ წითელი ხალიჩისთვის, ამჟამად მისთვის იკერება ფეხსაცმელი, ერთი ლუქი ჰოლანდიისთვის გავაკეთეთ და მესამე კოსტიუმი იქნება სასცენო, რითიც უკვე მაყურებლის წინაშე წარდგება.
_ რა ფერში გადაწყდება?
_ რა თქმა უნდა, შავში.
_ როგორია ოთოსთან მუშაობა?
_ ძალიან კარგი. არაჩვეულებრივი პიროვნებაა, უშუალო, უბრალო და კომფორტულია მასთან მუშაობა.
_ საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც პროფესიონალი დიზაინერის აზრი მის ჩაცმულობაზე. მოგწონთ სალომე ზურაბიშვილის სტილი?
_ ზოგადად, არ მინდა პოლიტიკური ფიგურების შეფასებები.
_ როგორც ქალ პერსონაზე გეკითხებით.
_ უკეთესად რომ შეიმოსოს, უფრო კარგი იქნება. აღარ არის ის ეპოქა, რომ ელიზაბეტ მეორეს ან მარგარეტ ტეტჩერს ვბაძავდეთ. ისინი, თავის დროზე, გენიალურად იმოსებოდნენ და სხვა პერიოდი იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ მის გარდერობს ცოტა გადახალისება სჭირდება და მეტი ყურადღება შეიძლება მიექცეს დეტალებს.

გიორგი საკარული