ცოტნე კობერიძე: „ახალგაზრდები ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ“

ქართულ პოლიტიკურ ორბიტაზე ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი პოლიტიკურ პარტია „გირჩია“. თუმცა, ამის პარალელურად, „გირჩის“ იდეები ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უფროს თაობაში.

რა პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიას თავისი ლიბერალური მიდგომების გამო? როგორია მათი ხედვა ახალგაზრდული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით? როგორ აფასებენ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას „გირჩში“?

რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“-ს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი, ცოტნე კობერიძე ესაუბრა:
_ როგორ შეაფასებთ იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ?
_ უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლება ხვდება, რომ ძალაუფლებას კარგავს. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით დაინახეს, რომ მათი ძალაუფლება სუსტდება. ამიტომ გადავიდნენ იმგვარ რეჟიმში, როცა სისტემა ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ძალადობს, რაზეც მოსახლეობის პრეტენზიები უფრო და უფრო იზრდება. თითქმის აღარ დარჩა ჯგუფი, რომელსაც უშუალოდ არ შეეხო მთავრობა და მისი გადაწყვეტილებები. ამ ჯგუფებში არიან: ტაქსისტები, ახალგაზრდები, რომლებსაც საპენსიო რეფორმის შედეგად 6%-ს ართმევენ და ა. შ. საზოგადოების ყველა შრეს შეეხენ, მათ შორის, სასამართლოსაც. ამ კუთხით პრობლემები ყველაზე ნათლად გამოჩნდა. მოსახლეობა კარგად ხედავს, რაც ხდება და გაფართოებული თვალებით აკვირდება პროცესს, მთავრობა კი ხვდება, რომ სისტემას საკუთარი თავის გადასარჩენად აღარაფერი დარჩენია და ცდილობს, უფრო და უფრო გაამკაცროს კანონები. მაგალითად, პირველი აპრილიდან შევიდა ძალაში კანონი, რომლის მიხედვითაც ნარკოტესტს უკვე ქუჩებში გამოიყენებენ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხმიანება საზოგადოების დაკვეთას. „ოცნებაც“ იმავე წრეზე მიდის, რაზეც _ წინა ხელისუფლება, როდესაც მეორე ვადის დასრულების დროს, მათი ლეგიტიმაციის შემცირებისას, ძირითადად, სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო ჩამოკიდებული. დღევანდელი სისტემაც ამ გზას მიუყვება, _ პოლიციის ძალით ცდილობენ, საზოგადოების მაქსიმალური კონტროლი მოახერხონ და ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა შეცვალონ, ამისთვის ფულსაც იხდიან. ჩვენ ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რამდენიმე მილიონი დახარჯეს, რათა მოსახლეობა მოესყიდათ და მისი სესხები შეეძინათ. მმართველი გუნდი ხალხის დაკვეთას არ ასრულებს, საზოგადოებას კი აღარ სჭირდება „ქართული ოცნება“, ამიტომაც პირდაპირ დაიწყეს ამომრჩევლის მოსყიდვა.
_ რამდენჯერმე ახსენეთ, რომ ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებს. ეს არის თუ არა საზოგადოების პრობლემა? რამდენად განაპირობებს აღნიშნულ მდგომარეობას ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე არ დგას?
_ დიახ, სამოქალაქო საზოგადოება არ დგას მოწოდების სიმაღლეზე და კონტროლი მათი მხრიდან არ არის იმგვარი, როგორიც უნდა იყოს. უშუალოდ კონკრეტულ ფენას თუ არ შეეხება სამთავრობო გადაწყვეტილებები, ისე ნაკლებად ცდილობენ, ნაკლებად ატანენ ტვინს და შესაბამისად, ნაკლებად ხვდებიან იმას, რომ დღეს იმავე ლოგიკით, რა ლოგიკითაც მათ თავზე იძალადა სახელმწიფომ, სხვა მოქალაქეებსაც შეეხება ეს ყველაფერი ჯაჭვური პროცესით. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება იშვიათად არის ადეკვატური და ვერ ხვდება ხელისუფლების მათზე ძალადობის ლოგიკას.
_ გასაგებია, რომ ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლების გზას ირჩევს და სისტემას სათავისოდ იყენებს, სამოქალაქო საზოგადოება კი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას. ამ პროცესებში სად არიან ახალგაზრდები და რა არის მათი მთავარი გამოწვევა დღეს?
_ ახალგაზრდების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავენ და უპერსპექტივობის განცდაა მათი მთავარი პრობლემა. ვთანხმდებით, რომ დღეს შესაძლოა, იმგვარი პირობები არ გვქონდეს, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებშია, მაგრამ გარდა ამისა, იმასაც ვხვდებით, არც ხვალ და ზეგ იქნება იმის პერსპექტივა, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება ღირდეს. ერთი მხრივ, ჩვენ ხელი მიგვიწვდება გლობალურ ინფორმაციაზე, ინტერნეტზე, ვიცით სად რა ხდება, ვიცით, რომ ჩვენი შესაძლებლობები და უნარები შეიძლება სხვაგან ძალიან თავისუფლად გამოვიყენოთ, შედეგად კი უკეთესად ვიცხოვროთ, ამ ნაწილში კი ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, რომ ისევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს, ისევ საბჭოთა აზროვნების ადამიანები გვიწყვეტენ ხვალინდელ დღეს. პოლიტიკაში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ, მათი თამაშის წესები, ძირითადად, მორგებულია სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე; უმრავლესობა იქნება თუ ოპოზიცია, ძირითადად, პენსიონერებზე, საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებზე დებენ ფსონს და მათ უსრულებენ დანაპირებს. ყველა ის ახალგაზრდა, ვისაც რაიმე ტიპის შესაძლებლობა აქვს, ცდილობს, მაქსიმალურად გაერიდოს ამ ქვეყანას და სხვაგან იპოვოს სიცოცხლისთვის უკეთესი პირობები, რაც, ცხადია, არ არის სწორი და რაციონალური ქმედება, მაგრამ მათ უპერსპექტივობის განცდა აქვთ და ასე ამიტომაც იქცევიან. რთულია, როცა ხედავ, რომ შენი ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით ვითარდება და იცი, რომ ისეთ ქვეყანას, რომელსაც ტელევიზორში უყურებ, 50-80 წლის შემდეგ დაეწევი… და 80 წლის შემდეგ რომ მოხუცი იქნები, ამასაც ხვდები და სანამ ცოცხალი ხარ, გირჩევნია, ამ ქვეყანას გაერიდო.
_ პენსიონერებიც და საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და მათთვის ყურადღების მიქცევა და დანაპირების შესრულება არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდებზეც იზრუნოს…
_ ცხადია, ასეა, მაგრამ, ძირითადად, როცა მსგავს სეგმენტზე აკეთებენ გათვლებს, მათ სოციალურად ორიენტირებულ პროგრამებს სთავაზობენ და გულის მოსაგებად არარეალურ დაპირებებს აძლევენ. მაგალითად, 1000(!) ლარზე მეტი პენსია და მსგავსი უცნაური დაპირებები, რაც, რა თქმა უნდა, ისეთ ჯგუფებზეა გათვლილი, რომელიც საქართველოში, პოლიტიკურად, სამწუხაროდ, ყველაზე აქტიურია. სწორედ ისინი დადიან არჩევნებზე. ამას ვგულისხმობდი, თორემ, რა თქმა უნდა, ადამიანის თავისუფლება ფუნდამენტური უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ასაკობრივ სეგმენტს.
_ ახალგაზრდები ნაკლებად არიან პოლიტიკით დაინტერესებული. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს პოლიტიკაში?
_ არსებულ პოლიტიკურ სისტემაში ის ადამიანები წინაურდებიან, რომლებიც გამორჩეულები არიან სხვადასხვა პროფესიაში, არიან „ფეისები“ (ცნობადი სახეები), რაც მოსახლეობისთვის მიმზიდველია. შესაბამისად, პარტიები ასეთ ადმიანებს ირჩევენ, ზრდასრულ მოცეკვავეს ან კარიერა დამთავრებულ სპორტსმენს, ანუ პატივსაცემ და კოლორიტ ადამიანებს. ასევე პოლიტიკაში ისეთები არიან, რომლებიც დღეს პოლიტიკის გარდა სხვაგან ვერსად იპოვიან სამსახურს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ადგილები, განახლებაზე ნაკლებად ზრუნავენ, ისევ შიდა წრიდან მოჰყავთ ახლობლები. ახალგაზრდები კი რომლებიც, ძირითადად, სწავლასა და თვითრეალიზაციაზე არიან ორიენტირებული, მათთვის ამ სისტემაში თავის შეყოფა უხერხულია, იქ არასასიამოვნო პირობებია. უნდა შეიცვალოს პარტიული სტრუქტურები, პარტია უნდა იყოს მაქსიმალურად ღია, გულწრფელი, იდეებით სავსე, რადგან ახალგაზრდებს სიახლეები ხიბლავთ. იდეა მათთვის არის ის, რაც საქმეს აკეთებინებს და რაც იმედს უსახავს. მსგავსი პარტიები კი იშვიათია. ჩემი პარტია მგონია სწორედ ასეთი და ამიტომაც ვარ „გირჩში“. სხვა პარტიები ასე არ არიან. აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში მაინც ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც უკვე წლებია, არიან და თვალებში მაზოლი ამოგვიყვანეს.
_ ერთი მხრივ, „გირჩი“ საინტერესო და მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, მეორე მხრივ, თქვენი იდეები მიუღებელია უფროსი ასაკობრივი სეგმენტისთვის. რა პოლიტიკური ფასის გადახდა გიწევთ თქვენი განსხვავებული მიდგომების გამო?
_ ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადადაც, ასეა, რომ ის იდეები, რომელიც მეტ თავისუფლებას ქადაგებს, ძირითადად, ახალგაზრდებს მოსწონთ, ეს ადამიანები ახლა იწყებენ ცხოვრებას, კონკურენცია სურთ სხვებთან, არჩევანის შესაძლებლობა უნდათ და სიახლეები სჭირდებათ. წლოვანებით უფროსი ასაკის მქონე ხალხი კი კონსერვატიული განწყობების არიან. მათ შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ, მათთვის რაიმე ფუნდამენტური რეფორმა მიუღებელია. რადიკალური ცვლილებები, მეტი თავისუფლება იმ ადამიანებს მოსწონთ, რომლებიც ცხოვრებას ახლა იწყებენ. რაც შეეხება იმას, რომ „გირჩი“ ამას შეგნებულად აკეთებს, ეს ასე არ არის. „გირჩმა“ თავისი იდეოლოგიური პლატფორმა გაახმოვანა, ყველამ იცის, რომ ჩვენ კლასიკური ლიბერალები ვართ. რაც შეეხება პოპულიზმს, ჩვენ რომ პოპულისტები ვიყოთ, ისეთი იდეები გვექნებოდა, რომელიც მოწონებით სარგებლობს საქართველოში. ჩვენ იმგვარი დაპირებები გვაქვს, რაც სწორი და საღი გვგონია. ამ ნაწილში საკუთარ ფასსაც ვიხდით, _ შესაძლოა, უამრავ ადამიანს გულზე არ ვეხატებოდეთ, მაგრამ ეს გვიღირს. იდეების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს საზოგადოებას მოსწონს, თავის დროზე, უმცირესობაში იყო და ფიქრობდნენ, რომ მიუღებელი გახლდათ. თუმცა სწორ ხედვებს ჯერ უმცირესობა იწონებს, შემდეგ, დროის ცვლილებასთან ერთად, ის საზოგადოების უფრო დიდი ნაწილის მოწონებას იმსახურებს.
_ ახალგაზრდების დიდი ნაწილი აზარტულ თამაშებშია ჩაფლული, „გირჩს“ ამ თემასთან დაკავშირებით თავისი განსხვავებული ხედვა აქვს, რაც საკმაოდ არაპოპულარულია უფროს თაობაში. რატომ არ უნდა ავკრძალოთ აზარტული თამაშები და რა ალტერნატივას გვთავაზობთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
_ როდესაც საზოგადოება რაღაც პრობლემას ხედავს, პოლიციელი და ძალადობა არ უნდა გვესახებოდეს მისი აღმოფხვრის აუცილებელ გზად. მსგავსი ტიპის პრობლემებს სხვადასხვა სახის ინსტიტუცია უკეთესად მოაგვარებს, მაგალითად: ოჯახი, ეკლესია, სამეგობრო, ექიმი და ა. შ. როდესაც არ მოგვწონს, რომ ჩვენზე ძალადობენ, იგივე ლოგიკა უნდა გავრცელდეს სხვებთან მიმართებითაც და არ უნდა მოგვწონდეს, როცა სახელმწიფო სხვებზე ძალადობს. ძალიან საშიშია, როცა მსგავს მტკივნეულ თემებში სახელმწიფო ერევა, რადგან ადამიანი საკუთარი ცხოვრების შემოქმედია, მას აქვს უფლება, გადაწყვიტოს რისგან მიიღოს სიამოვნება და გარისკოს საკუთარი კაპიტალი. ჩვენ ამის წართმევის უფლება არ გაგვაჩნია, რადგან ადამიანი ამ უფლებით იბადება. ამიტომაც მას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც თვითონ სურს და არა ისე, როგორც საზოგადოებას მიაჩნია სწორად, რადგან სწორად ცხოვრების რეცეპტი არ არსებობს.
_ სადაც სხვისი თავისუფლება იწყება, იქ შენი მთავრდება. ხშირ შემთხვევაში მსგავსი პრობლემის ადამიანები სხვებს უქმნიან პრობლემებს: ოჯახის წევრებს, მეგობრებს. არაერთი ისტორია ვიცით, როცა ფულის გამო ყველაფერზე წასულან. ამ შემთხვევაში სად არის ლოგიკა?
_ ამ შემთხვევაში უნდა ვეძიოთ, სად იკვეთება დანაშაული. როდესაც ადამიანი ოჯახის საკუთრებას იპარავს, კონკრეტულად ეს ქმედება უნდა იყოს დასჯადი შესაბამისი ზომებით და არა ის ქმედება, რომელიც ამას ახალისებს. მაგალითად, მინახავს უამრავი ადამიანი, რომელიც შეყვარებულის გამო ანალოგიურად იქცევა და ოჯახიდან ზიდავს ნივთებს. ამ შემთხვევაში შეყვარებულს ხომ ვერ გავხდით დასჯადს?!
_ შეყვარებულის გამო იშვიათად იპარავენ ნივთებს ოჯახიდან…
როგორია „გირჩის“ პოლიტიკური გეგმები?
_ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აჯენდა და ამას მივყვებით. ჩვენთვის ფუნდამენტური საკითხი არ არის ხელისუფლებაში მოსვლა. ჩვენ ხელისუფლებაში არსებული ბერკეტების გარეშე შეგვიძლია ამ ქვეყანაში რაღაცების შეცვლა. ჩვენი მთავარი ბრძოლის ველი ადამიანთა ტვინია, თუ ტვინს შევცვლით, ისე მოხდება ყველაფერი, როგორც ჩვენ გვგონია სწორი. ისე, ამ ნაწილში, უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლებაში ვიქნებით, რადგან უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ. მაგრამ ჩვენ ახლაც ვაღწევთ დასახულ მიზნებს და ასეც გავაგრძელებთ.

ნენე ინჯგია