„ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები და მათი ბიზნესები

შეაჩერე კორუფცია

შპს „ჯი-ემ-პი“
2016-2017 წლებში მან ჯამურად 240 000 ლარი ჩაურიცხა „ქართულ ოცნებას“.
კომპანია სარგებლობდა „ქართუ ბანკის“ კომერციული კრედიტით, ასევე პროექტის, „აწარმოე საქართველოში“, მხარდაჭერით.
შპს „ჯი-ემ-პის“ მფლობელია პარლამენტარ კახა ოქრიაშვილის მეუღლე ლანა თოფურია.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი საქართველოს მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია.
ამავე დროს, რამდენიმე კომპანიის მფლობელი, მეწილე და აქციონერია:
შპს „ალფა“, შპს „მანდარინი“, სს „პსპ დაზღვევა“, შპს „ჯისითი ინჯინირინგი“, შპს „პატრია მედიკა“, შპს „მარგვეთი“, შპს „სანიმედი“, შპს „GMP Production Ltd “, შპს „პსპ საქართველო“, შპს „აქსა მედიქალ“, შპს „პსპ ფარმა“, შპს „ჯეომედი“, სს „ელექტრონიკა 94“, შპს „სპორტს საიენს ჯორჯია“, „ჩვენი კლინიკა“.
ლანა თოფურია ორი კომპანიის დირექტორია: სს „ეგის ფარმაცეუტიკალის“ წარმომადგენლობა საქართველოში, შპს „ლინატი“.

***
შპს „გაგრა+“
2016 წელს „ქართულ ოცნებას“ შესწირა 120 000 ლარი, 2017 წელს _ 120 000 ლარი; 2018 წელს კი 100 000 ლარით დააფინანსა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია.
საქმიანობის სფეროა კონცენტრატების, არომატიზატორების, დანამატების წარმოება და ვაჭრობა.
კომპანიის მფლობელია გიორგი მანაგაძე, რომელსაც, ამავე დროს, შპს „ნიუ ტექნოლოჯიზის“ 50% ეკუთვნის.

***
შპს „ლაიონ“
„ქართულ ოცნებას“ 2016-2017 წლებში შესწირა 240 000 ლარი. ამას გარდა, კომპანიის დირექტორმა ვაჟა ლეკიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 2017 წელს 40 000 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 2018 წელს _ 15 000 ლარი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას.
ზურაბიშვილის შემომწირველია კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ქეთევან ხარაიძეც. მისი შემოწირულობა 5000 ლარს შეადგენს.
ვაჟა ლეკიშვილი 2010 წელს სოზარ სუბარის ძმასთან, ვახტანგ სუბელიანთან, ერთად დაკავებული იყო ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადების ბრალდებით.
კომპანიის საქმიანობის სფეროა ბენზინგასამართი სადგურები; ნავთობით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა (საავიაციო ბენზინითა და ნავთით; დიზელის სათბობით).

***
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“
2016-2017 წლებში კომპანიას „ქართული ოცნებისთვის“ 240 000 ლარი აქვს ჩარიცხული.
„კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ეკუთვნის ზურაბ ჩხაიძეს.
ზურაბ ჩხაიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 60 000 ლარით დააფინანსა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია.
ზურაბ ჩხაიძე „ასკანელი ძმების“ 25%-იანი წილის მფლობელია, ამავე დროს „კიდობანი 2-ის“ 14,4%-იან წილსაც ფლობს.

***
შპს „აქვა ტერრა“
230 000 ლარი 2016-2017 წლებში.
კომპანიის დირექტორი და 50%-ის მფლობელია გიორგი მედულაშვილი.
მედულაშვილი, 1999 წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, 2000 წლის მონაცემებით _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო საჩივრების სამმართველოს უფროსი, 2003 წლის მონაცემებით _ ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის, მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ხოლო 2004 წლის მონაცემებით _ ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურის აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი იყო.
2006 წლის მაისში, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ საგადასახადო ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა: სერგო ჯავახიძე, ლევან მესხიშვლი და გიორგი მედულაშვილი. საქმე ეხებოდა გადამზიდავ ფირმა „ფეროს“, რომელმაც 2005 წელს ბიუჯეტისთვის ზედმეტად გადახდილი 620 000 ლარის დაბრუნება მოითხოვა.
შპს „აქვა ტერრას“ მოგებული აქვს 104 ტენდერი შესყიდვის კატეგორიებში _ ცხოველთა საკვები, ფარმაცევტული პროდუქტი, ავეჯი, სპორტული ინვენტარი და ა. შ. უმეტესობა მარტო მონაწილეობით. ასევე 43 გამარტივებული შესყიდვა ამავე კატეგორიებში.
საქმიანობის სფერო:
ზოომაღაზიები;
ცხოველების საკვებით ვაჭრობა;
საკვები დანამატებით ვაჭრობა (მეცხოველეობისთვის);
ქალისა და მამაკაცის თეთრეულით ვაჭრობა.

***
შპს „იბეროილი“
2016-2017 წლებში 210 000 ლარი.
კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელ გოჩა ჩოკოშვილს 2016-2018 წლებში შეწირული აქვს 110 000 ლარი;
ასევე 30%-ის მფლობელ სიმონ გეგელაშვილს ამავე წლებში _ 125 000 ლარი;
20%-ის მფლობელ ირაკლი პეტრიაშვილს _ 105 000 ლარი;
20%-ის მფლობელ დავით ალიბეგაშვილს 105 000 ლარი.
მთლიანობაში „ქართულ ოცნებას“ კომპანიისგან მიღებული აქვს 655 000 ლარი 2016-2018 წლებში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2018 წლის 20 მარტს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, უნდა დამტკიცდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება #12 და მიენიჭოს საქმიანობის განხორციელების უფლება, შპს „იბეროილის“ 6050მ3 (50000 ტ. წლიური ტვირთბრუნვით) ნავთობბაზის მშენებლობასა და ექსპლოატაციაზე; ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. ნავთობპროდუქტების წლიური ბრუნვა იქნება 50000 ტ., 30000 ტ. დიზელის საწვავი და 20000 ტ. ბენზინი.

***
შპს „ციტადელი“
კომპანიას „ქართული ოცნებისთვის“ 2016-2017 წლებში ჩარიცხული აქვს 140 000 ლარი.
კომპანიის მფლობელები არიან ალექსანდრე ივანიშვილი (75%), რომეო ღვინიაშვილი (13%), გია ნოზაძე (12%); დირექტორი _ ბადრი ბუთხუზი.
ბადრი ბუთხუზს 2016 და 2018 წლებში „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის შეწირული აქვს ჯამურად 35 000 ლარი;
ალექსანდრე ივანიშვილს 2016, 2017 და 2018 წლებში _ 105 000 ლარი.

***
შპს „Georgian Travel Group“
2016-2017 წლებში _ 130 000 ლარი.
კომპანიის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პაატა კვიჟინაძემ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ შესწირა 60 000 ლარი.
პარტნიორებმა რატი ძერიამ და კონსტანტინე დავითიძემ 60 000-60 000 ლარი იმავე წელს;
კომპანიის საქმიანობის სფერო:
ავიაბილეთები;
შიდა ტურები;
ტურისტული სააგენტოები;
სასტუმროების დაჯავშნა;
გიდების მომსახურება.

***
შპს „გაგრა პლუსი“
2017 წელს ჩარიცხული აქვს 120 000 ლარი.
კომპანიის დირექტორსა და პარტნიორ გიორგი მახათაძეს _ 2017-2018 წლებში 105 000 ლარი;
პარტნიორ ბესიკ ჩიხრაძეს 2012 წელს 50 000 ლარი აქვს შეწირული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ხოლო 2016 წელს 50 000 ლარი ილია კოკაიას საარჩევნო კამპანიისთვის.
კიდევ ერთ პარტნიორ ქეთევან მახათაძეს _ 50 000 ლარი 2017 წელს „ქართული ოცნებისთვის“.
კომპანიის საქმიანობის სფეროა:
ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა (საბითუმო);
ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობა;
უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობა (საბითუმო);
ლუდით ვაჭრობა (საბითუმო);
ბრენდები:
„რედ ბული“
„ნემიროვი“
„ფრეისენეტი“
„ლეიბელ 5“
„ბუდვაიზერი“.

***
შპს „ალფა“
2016 წელს 120 000 ლარი.
კომპანიის დამფუძნებელია კობა კურდღელაშვილი, საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი.
კომპანიას მოგებული აქვს 17 ტენდერი კატეგორიებში: სხვადასხვა საკვები პროდუქტი; ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული; ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები და ა. შ.
კომპანიის საქმიანობის სფეროა:
გაყინული ხორცპროდუქტებით ვაჭრობა (საბითუმო);
კვების პროდუქტებით ვაჭრობა (საბითუმო);
მაკარონით და ბურღულეულით ვაჭრობა;
მარილით ვაჭრობა (საბითუმო).

***
შპს „სადისტრიბუციო კომპანია სარაჯიშვილი“
კომპანიის შემოწირულობა 2017 წელს შეადგენს 120 000 ლარს.
კომპანიის დირექტორ თამაზ გელოვანს 2016-2018 წლებში ქართული ოცნებისთვის ჩარიცხული აქვს ჯამურად 115 000 ლარი; ამავე წლებში კომპანიის მფლობელ ზურაბ ბუბუტეიშვილს _ 170 000 ლარი;
ბუბუტეიშვილის კიდევ ერთი კომპანია „სს სარაჯიშვილი“ შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამის ბენეფიციარია და „ქართუ ბანკის“ კომერციული კრედიტით სარგებლობს.

***
შპს „მისო ლიდერკრედიტი“
2016 წელს კომპანიას შეწირული აქვს 120 000 ლარი.
2016 და 2018 წლებში კომპანიის დირექტორ ზაზა ნარაკიძეს _ 19 000 ლარი;
2018 წელს კომპანიის ყოფილ პარტნიორს, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრ ისკო დასენს _ 5 000 ლარი.
კომპანიის საქმიანობის სფეროა:
ვალუტის გადამცვლელი ობიექტები;
ლომბარდები;
ფულადი გზავნილები;
მიკროსაფინანსო კომპანიები.

***
შპს „Bolero & Company“
2016 წელს _ 120 000 ლარი.
კომპანიის დირექტორი და მფლობელია მამუკა ფოთოლაშვილი, რომელმაც 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა.
ფოთოლაშვილი 2016 წლის თებერვლამდე ფლობდა „გრუზვინპრომს“.
ღვინის სახელმწიფო საწარმო „გრუზვინპრომი“ აუქციონზე 31 105 000 ლარად გაიყიდა. მამუკა ფოთოლაშვილი წილს კიდევ ორ საწარმოში ფლობს და თამაზ ბერიაშვილის ბიზნესპარტნიორია, რომელიც, თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშთან ერთად ფლობს წილებს ოთხ ბიზნესკომპანიაში.
შპს „გრუზვინპრომი“ საქართველოს მთავრობამ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში 2015 წლის თებერვალში შეიტანა, ლარის დასტაბილურების მიზნით.
„გრუზვინპრომის“ ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, დავით თოფურიძეც, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის 50 000 ლარი გადარიცხა. საყურადღებოა, რომ „გრუზვინპრომი“, ისევე როგორც ბევრი ღვინის კომპანია, შეღავათიანი აგროკრედიტების პროგრამით სარგებლობდა „ქართუ ბანკიდან“.

***
შპს „თეგეტა მოტორსი“
2017 წელს _ 120 000 ლარი.
კომპანიის ერთ-ერთ პარტნიორ ზაურ ცხადაძეს 2016-2017 წლებში ჩარიცხული აქვს 120 000 ლარი.
გიორგი მშვილდაძეს კი 2018 წელს _ 55 000 ლარი.
„თეგეტა მოტორსი“ ძალიან აქტიურად არის ჩართული შესყიდვებში.
მისი საქმიანობის სფეროა: სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება; ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები; სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარები; ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის; ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

***
შპს „სითიენ ჯორჯია“
2016 წელს _ 120 000 ლარი.
საინტერესოა, რომ კომპანიის ერთ-ერთმა მფლობელმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ამავე წელს 50 000 ლარი ჩაურიცხა დამოუკიდებელ კანდიდატ ილია კოკაიას.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: ბავშვთა საკვები პროდუქტებით ვაჭრობა (საბითუმო).

***
შპს „მეეკი“
2017 წელს _ 120 000 ლარი.
კომპანიის დირექტორმა ნორაირ მკოიანმა 101 800 ლარიდან 2012 წელს 55 000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაურიცხა, 46 800 ლარი _ „ქართულ ოცნებას“ სამი წლის განმავლობაში. პარტნიორმა მარტუნ მკოიანმა კი 60 000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 40 000 ლარი _ „ქართულ ოცნებას“.
მარტუნ მკოიანი ენზელ მკოიანის ვაჟის, კარაპეტ მკოიანის ბიზნესპარტნიორია შპს „კაროში“ და „დეკმაკაში“. კარაპეტ მკოიანის კომპანია „ახალგაზის“ პარტნიორია შპს „ნეოგაზი“, რომელიც შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ ეკუთვნის და რომელიც დავით ბეჟუაშვილის ბიზნესწრეს უკავშირდება.

***
შპს „თ & რ დისტრიბუშენ“
2016-2017 წლებში _ 115 000 ლარი.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ 2012 წელს „ერთიან ნაციონლურ მოძრაობას“ ჩაურიცხა 15 000 ლარი, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 2016-2017 წლებში _ 105 000 ლარი.
თემურ ჭყონიას მხოლოდ ერთი პირადი შემოწირულობა აქვს _ 2012 წელს 60 000 ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
ნიკა ზაუტაშვილს კი სამჯერ აქვს „ოცნების“ სალაროში ფული ჩარიცხული _ ჯამურად, 135 000 ლარი.
კომპანიის საქმიანობის სფეროა: დისტრიბუცია, თამბაქოთი და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა (საბითუმო).
შეგახსენებთ, რომ კომპანიას ხანგრძლივი სასამართლო დავა ჰქონდა „ომეგა-ჯგუფთან“.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს კომპანიები ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი კანონმდებლობით, 120 000 ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა დაუშვებელია, ბიზნესმენები მიმართავენ შემოვლით გზებს და სხვადასხვა იურიდიული სტატუსით გამოხატავენ ფინანსურ მხარდაჭერას.
რას იღებენ ამისთვის სანაცვლოდ ან რამდენად უანგაროა მათი მხარდაჭერა, ამის გარკვევა ადვილია, თუ დავაკვირდებით, რამდენად წარმატებულია ესა თუ ის ბიზნესი და რამდენად იზრდება რომელიმე კომპანიისა თუ ბიზნესჯგუფის გავლენები ბიზნესსექტორში

ქეთევან ენუქიძე