დავით უსუფაშვილი: ივანიშვილმა „მეორედ მოსვლის“ შემდეგ უფრო მძიმე შეცდომების დაშვება დაიწყო

„ქართული ოცნება“ მმართველობის მეშვიდე წელს რომ საგანგაშოდ გამოიყურება, ამას, სავარაუდოდ, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ხვდება, რომელიც შუალედური არჩევნების წინ ცდილობს, დაგეგმილ „სპექტაკლებში“ როლი ზედმიწევნით მოირგოს. პარალელურად კი ოპოზიცია თავისი ძალებით ემზადება შუალედური არჩევნებისთვის.

რამ გამოიწვია მმართველი გუნდის კრიზისი? მიდის თუ არა „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დასასრულისკენ? რა გეგმები აქვს საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ახლა უკვე „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ „შენების მოძრაობის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს ესაუბრა:

_ ბ-ნ- დავით ,ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ „ქართული ოცნების“ ისტორიული მისია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება იყო. ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, რა იყო იმ გუნდის მთავარი მისია, რომლის წევრიც თავად ბრძანდებოდით?
_ „ქართული ოცნების“ გუნდში ვიყავი 2012 წლის 21 თებერვლის 12-პუნქტიან სადამფუძნებლო დეკლარაციაში გაცხადებული მიზნების მისაღწევად. ამ მიზნებიდან ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება არჩევნების გზით, ხოლო დანარჩენი მიზანი ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, საზოგადოების გამთლიანებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ეკონომიკურ აღმავლობას, მრავალპარტიული და თავისუფალი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებასა და ა. შ. ვწუხვარ, რომ დღეისთვის „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა ყველა ეს მიზანი და დაიტოვა ერთადერთი _ ხელისუფლების შენარჩუნება.
_ „ქართული ოცნების“ მმართველობის მეშვიდე წელს რას მიიჩნევთ მმართველი გუნდის ყველაზე დიდ გამოწვევად, რაში გამოიხატება და რამ გამოიწვია ხელისუფლების კრიზისი?
_ ხელისუფლების კრიზისი გამოიწვია „ოცნების“ დამფუძნებლისა და გადაწყვეტილებების მიმღები ერთადერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის მოუმზადებლობამ პოლიტიკური ლიდერობისა და სახელმწიფო მმართველობისთვის. მან ქართული საზოგადოების მართვა იმავე ხედვებითა და მეთოდებით გადაწყვიტა, როგორც მართავდა სააქციო საზოგადოებას აქციების საკონტროლო პაკეტის მეშვეობით. დაშვებული შეცდომების მძიმე შედეგებმა და თითქმის ყველა ძირითადი დაპირების ვერშესრულებამ იგი ტოტალური იმედგაცრუებისა და შფოთვის ველში მოაქცია და „მეორედ მოსვლის“ შემდეგ, ბოლო ერთ წელიწადში, კიდევ უფრო მძიმე შეცდომების დაშვება დაიწყო. ესაა „ოცნების“ კრიზისის მთავარი მიზეზი.
_ როგორი იქნება ამ კრიზის ბოლო, ფიქრობთ თუ არა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური დასასრულისკენ მიდის?
_ „ოცნება“ პოლიტიკურად ვერ დასრულდება, რადგან იგი პოლიტიკურად არც შექმნილა. ვგულისხმობ იმას, რომ „ოცნება“ დარჩა ივანიშვილის საძალაუფლებო სტრუქტურის გარშემო შემოკრებილი ინდივიდების კრებულად, რომელთაც ერთმანეთთან არნაირი პოლიტიკურ-პარტიული ბმები არ აკავშირებთ. „ოცნება“ დასრულდება იმავე წამს, რა წამსაც ივანიშვილი დაკარგავს აბსოლუტურ ძალაუფლებას.
_ მიიჩნევთ თუ არა, რომ ივანიშვილი თავისი სცენარით ემზადება 2020 წლისთვის და ბესელიას პარტიიდან წამოსვლაც ამას უკავშირდება?
_ თუ გულისხმობთ იმას, რომ ბესელიას წამოსვლა ივანიშვილის კარნახით მოხდა, მე ასე არ ვფიქრობ. თუ გულისხმობთ იმას, რომ ივანიშვილის 2020-ის გეგმებში ბესელია შესაძლოა, აღარ შედიოდა და მან ამიტომაც დატოვა „ოცნება“, შესაძლოა ასეც იყოს. თუმცა არა იმიტომ, რომ ბესელიას „მატარებელში აღარ უშვებდნენ“, არამედ უფრო იმიტომ, რომ ბესელიამ დაინახა, რომ „მატარებელი დეპოში მიემართება“.
_ დღემდე აქტუალურია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების თემა, წინა და ამჟამინდელი ხელისუფლება კი ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, თქვენ როგორ აღიქვამთ ამ პროცესს?
_ მექმნება შთაბეჭდილება, რომ ორივე მხარე მართალია იმაში, რასაც ერთმანეთზე ამბობს ფარულ ჩანაწერებსა და მათ გავრცელებაზე.
_ როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის გააქტიურობას, მის ვიზიტს ხიბულასა და მეუფე პეტრესთან? როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი სათანადოდ იაზრებს კრიზისულ სიტუაციას?
_ ვფიქრობ, ივანიშვილი არათუ იაზრებს კრიზისის არსებობას (ეს თავად გვითხრა „მეორედ მოსვლისას“), არამედ სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერისთვის შეუფერებლადაც კია შეშფოთებული. ეს შეშფოთება და უიმედობა მთელ ხელისუფლებას გადაედო. ასე შეშფოთებული ხელისუფლება კი განსაკუთრებით სახიფათოა. ავიღოთ იგივე სრულიად ცალსახა წინასაარჩევნო ვიზიტი სამეგრელოში _ რა იყო აქ დასამალი და უნიჭოდ უარსაყოფი? წინასაარჩევნო პერიოდში რას უნდა აკეთებდეს პარტიის ლიდერი, თუ არა საკუთარი კანდიდატების მხარდასაჭერ ღონისძიებებს? მაგრამ იმდენად აქვთ გზა-კვალი არეული, რომ სალომე ზურაბიშვილის ეპოპეის არ იყოს, ახლაც ძალით იგონებენ პრობლემებს და მერე უნიჭოდ გვიმტკიცებენ, შავზე თეთრიაო.
_ როგორ ფიქრობთ, შესწევს თუ არა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, იმის უნარი, რომ გუნდის შიგნით და ქვეყანაში ავტორიტეტი დაიბრუნოს?
_ მას ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია პოზიტიურ ნოტზე დაასრულოს თავისი პოლიტიკური კარიერა _ თუ გაიაზრებს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის ფორმატში ხელისუფლების გაყოფას და პასუხისმგებლობების გადანაწილებას. თუ იგი 2012 წლის მდინარეში ხელახლა შესვლის მცდელობას გააგრძელებს, დიდ შარში გახვევს თავსაც და ქვეყანასაც.
_ბ-ნო დავით , მთავარ ოპოზიციურ ძალად ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება, პოლიტიკური გარემო ისევ პოლარიზებულია, რამდენად შესაძლებელია ამ გარემოს შეცვლა?
_ არათუ შესაძლებელი, აუცილებელია. ოღონდ აუცილებელია ამ მიმართულებით აქტიური მოქმედება და არა ფილოსოფიური განსჯები, ემოციური მოთქმა-გოდებები ან ტელევიზორში მესამედ გამოჩენის შემდეგ ყველას მიერ საკუთარი „მესამე ძალის“ შექმნები.
_ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იმოქმედებს თუ არა ოპოზიციის კონსოლიდაციის პროცესში უარყოფითად? როგორ ფიქრობთ, რატომ რჩება ის დღემდე პოლიტიკურ ფაქტორად?
_ სააკაშვილი პოლიტიკურ ფაქტორად დატოვა ივანიშვილის ზემოთ ნახსენები შეცდომებიდან ერთ-ერთმა, კერძოდ, „ხუთპროცენტიანი ნაცმოძრაობის“ კონცეფციამ (რასაც იგი აცხადებდა) და „სააკაშვილის პოლიტიკურ საფრთხობელად“ გამოყენების (რასაც იგი აკეთებდა) კონტრპროდუქტიულმა პიარმა.
_ შუალედურ არჩევნებს, რომელიც მაისში უნდა ჩატარდეს, აღიქვამთ თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიციად?
_ 2019 წლის მაისის ვადამდელი არჩევნები უფრო 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების „პოლიტიკური პახმელიაა“, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია.
_ რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხედავთ თუ არა ამის აუცილებლობას ამ მოცემულობაში?
_ ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ყოფილიყო ხელისუფლების წინასაპრეზიდენტო საარჩევნო პოლიტიკური განაცხადი და მაშინ გასული არჩევნებიც გაცილებით მეტ პოზიტივს მოიტანდა ქვეყნისთვის და ვადამდელი არჩევნებიც უკეთესი მომავლის გარანტია გახდებოდა. ეს ყველაფერი უკვე მორიგი ხელიდან გაშვებული შანსების რიგში გადავიდა.
_ როგორია „შენების მოძრაობის“ გეგმა და სტრატეგია?
_ ჩვენ მივყვებით 2 წლის წინათ გაცხადებულ გეგმას. ვაშენებთ ქვეყნის უკეთესად მართვის შემძლე პოლიტიკურ ორგანიზაციას და უარს ვამბობთ მხოლოდ სხვის ლანძღვა-გინებაში გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობაზე. „ოცნება“ შესაცვლელია, მაგრამ არა „ნაცმოძრაობით“. „ნაცმოძრაობის“ შიშით „ოცნების“ ხაფანგში არ უნდა მოვექცეთ ხოლმე და „ოცნების“ შეცვლის მცდელობაში ნაცრევანში არ უნდა დავუშვათ. ამისთვის საჭიროა კვალიფიციური, დემოკრატიული, პროევროპული ძალების კონსოლიდაცია. წარსულის ტვირთები სახელმწიფოებრივ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა შევძლოთ ერთმანეთთან თანამშრომლობა ყველამ, ვინც კანონთან მართალი ვართ და შეგვწევს საკუთარი შეცდომების გააზრებაც. პოლიტიკოსები არაპოლიტიკოსებით კი არ უნდა ჩავანაცვლოთ, ცუდი პოლიტიკოსები კარგი პოლიტიკოსებით უნდა შევცვალოთ, რისთვისაც თავ-თავისი საქმის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის მოტივაცია და შესაძლებლობა უნდა მივცეთ. ასე ვაშენებთ „შენების მოძრაობასაც“ და ასე ვაპირებთ ქვეყნის შენებასაც!

ნენე ინჯგია