მთავარი საზოგადოება ახალი რეგულაციები საგადასახადო კოდექსში და ქუთაისელი ვაჭრების ხმაურიანი აქცია

ახალი რეგულაციები საგადასახადო კოდექსში და ქუთაისელი ვაჭრების ხმაურიანი აქცია

148
0
გაზიარება

ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე „კეჩის ბაზრობა“ მრავალი წელია, არსებობს და ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ სავაჭრო ადგილს წარმოადგენს. ბაზრობის ტერიტორია კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნის. ადგილზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის მაღაზია და სავაჭრო დახლები. დახლებსა და მაღაზიებს მოვაჭრეები ბაზრობის მეპატრონისგან გარკვეული თანხის საფასურად ქირაობენ.

პირველ აპრილს ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბაზარში, კერძოდ „ოაზისი 2002-ში“, მომუშავეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტი ახალ საკანონმდებლო რეგულაციას შეეხო, რომლის მიხედვითაც მოვაჭრეებს ყველა დახლზე ინდივიდუალური სალარო აპარატის განთავსება ევალებათ. „ოაზისი 2002“ სავაჭრო კომპლექსია, სადაც მეორეული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დახლები და მაღაზიებია განთავსებული. ბაზრობის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია 2016 წელსაც გამართეს. მაშინ მიზეზი აბსოლუტურად განსხვავებული იყო, _ მომუშავეები არასათანადო შრომის პირობებს, კერძოდ კი შენობაში ვენტილაციის, სველი წერტილებისა და გათბობა-გაგრილების სისტემის არარსებობას აპროტესტებდნენ.
„სალარო აპარატების შეძენა ჩვენთვის საკმაოდ დიდი ტვირთია. ვაჭრობა თითქმის არ გვაქვს, უამრავ გადასახადს ვიხდით. დამატებით ყველა დახლზე აპარატების დადგმა მოვაჭრეებს ფინანსურად დაგვაწვება. გარდა ამისა, დაგვჭირდება ბუღალტრის დაქირავება, რაც ხარჯს ზრდის. უმრავლესობას ბანკის ვალი აქვს, რომელსაც ყოველთვიურად იხდის“, _ განაცხადეს მოვაჭრეებმა „ქრონიკა+“-თან.
აქციის წინა დღეს „ქრონიკა+“-ს პროტესტის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ. მოვაჭრეებმა განაცხადეს, რომ მაქსიმალურად ეცდებოდნენ პრობლემის მშვიდობიანად, აქციის გარეშე მოგვარებას.
„სამწუხაროდ, კანონი მაისიდან ამოქმედდება და გაირკვა, რომ მისი შეცვლა ვერანაირი მშვიდობიანი მოლაპარაკებით ვერ მოხდება. თუ რამე არ შეიცვლება, აქცია უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს“, _ აცხადებენ ორგანიზატორები.
ბაზრობა „ოაზისის“ მოვაჭრეებს მხარი დაუჭირა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიამ. მისი განცხადებით, ხელისუფლება დროულად უნდა მოვიდეს გონს და შეწყვიტოს ახალი რეგულაციების მიღება იმ ხალხისთვის, ვინც ლუკმაპურს ისედაც დიდი გაჭირვებით შოულობს.
„ქვეყანაში ყველას პროტესტი აქვს. აქციებს მართავენ ტაქსის მძღოლები, მოვაჭრეები. ხელისუფლება აგონიაშია და არ იცის, რა გააკეთოს“, _ განაცხადა პოლიტიკოსმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ახალი რეგულაციით ბაზრობის ორგანიზატორმა სავაჭრო ობიექტი ან სავაჭრო ადგილი საკონტროლო სალარო აპარატით უნდა უზრუნველყოს და იჯარით მხოლოდ იმ პირზე გასცეს, ვინც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში. მთავრობა განმარტავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით მოვაჭრეს სპეციალური სტატუსი მიენიჭება და დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით ისარგებლებს. კანონი ვაჭრებს ავალდებულებს, ყველა გაყიდულ საქონელზე საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერონ, გამოიყენონ სალარო აპარატი ან გამოწერონ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.
2020 წლის პირველ იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან. თუმცა ამ სიაში არ შედიან ადამიანები, რომელთაც მცირე ბიზნესის სტატუსი აქვთ ან რეგისტრირებულნი არიან დღგ-ს გადამხდელებად.
კანონით, ბაზრობის ტერიტორიაზე მეწარმედ რეგისტრაციისა და სალარო აპარატის გარეშე საქმიანობისთვის პასუხისმგებლობა ბაზრობის ორგანიზატორს დაეკისრება. სალარო აპარატები დახლებზე უნდა განთავსდეს მიმდინარე წლის მაისიდან. საკონტროლო-სალარო აპარატების ბაზრობაზე განთავსების ბოლო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.

შორენა ლაღაძე

 

დატოვეთ კომენტარი