ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული მოზარდის საქმე _ პროკურატურის ახალი მოწმე

დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეში პროკურატურამ ახალი მოწმე გამოაჩინა. სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, რომ საქმეში ახალი მოწმე ლ.ნ.-ს ჩვენებით მსჯავრდებულ გ.ბ.-ს მიერ დავით სარალიძის ეპიზოდში დანის გამოყენება დასტურდება.

ზაზა სარალიძე „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ პროკურატურა არის არა სახელმწიფო მბრალმდებელი, არამედ მიხეილ კალანდიას მიერ დაქირავებული პირადი ადვოკატი და მის ინტერესში არ შედის რეალური მკვლელის პასუხისგებაში მიცემა:

_ზაზა, ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ დღეს უკვე დანამდვილებით შეგიძლიათ ისაუბროთ, თუ რა მიზნით ჩაერთო მირზა სუბელიანი თქვენი შვილის მკვლელობის საქმეში. კონკრეტულად რა იგულისხმეთ, როცა ეს განცხადება გააკეთეთ?
_ ფაქტია, როდესაც მირზა სუბელიანი ამ საქმეში ჩაერთო, რაღაც მიზანი ჰქონდა და ეს არ იყო მხოლოდ მ.კ.-ს გადარჩენა. მისი გამოჩენა იყო კონკრეტულად საკუთარ შვილზე მიმართული. მისი ხელშეწყობით საერთოდ გამქრალია სატელეფონო და სოციალურ ქსელში მიმოწერები. რატომ არ ამოიღეს, თავის დროზე, ეს ტელეფონები? რატომ არ ჩაატარეს ფარული მოსმენები და რატომ არ გაჩხრიკეს მ.კ.-ს საცხოვრებელი სახლი? დავუშვათ, მ.კ. არაფერ შუაშია, თუმცა, მასთან ერთად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმალებოდა უკვე ბრალდებული გ.ჯ., რომელიც პირველი ეჭვმიტანილი იყო მკვლელობაში. პოლიცია არ იტერესდება მ.კ.-ს საცხოვრებელი სახლით, არც ზედამხედველი პროკურორი გასცემს ჩხრეკის განკარგულებას და ა. შ.
მ.კ.-ს სახლიდან სხვა სახლში დაიმალნენ და არც იმ სახლის ასავალ-დასავალი იცის ვინმემ. შეიძლება, კულუარებში იციან, მაგრამ ფაქტია, დოკუმენტურად არსად არის დადასტურებული არც იმ სახლის ჩხრეკა. ჩხუბში მონაწილე ბავშვების არც ერთი სახლი არ გაუჩხრეკია გამოძიებას, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმცემი ყოფილიყო, მით უმეტეს, იმ ბავშვებიდან ერთი მ.კ.-ს ჯგუფიდან დაიჭრა. ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და მალევე შეწყდა, რადგან ვერ დადგინდა, რა საგნით იყო ჭრილობა მიყენებული.
ეს ყველაფერი პირდაპირი საფუძველია იმისა, რომ სუბელიანი მტკიცებულებების გაქრობისთვის ჩაერთო ამ საქმეში და მისი მთავარი მიზანი იყო, წინასწარ ორგანიზებულ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მოეხსნა საკუთარი ოჯახის წევრისთვის. ეს ფაქტია და ამიტომ ჩაჯდა ციხეში.
_ მირზა სუბელიანი ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ის სასჯელი, რაც მას მიესაჯა, თქვენთვის დამაკმაყოფილებელია?
_ არ ვეთანხმები იმ განაჩენს, რაც მოსამართლემ მირზა სუბელიანის მიმართ გამოიტანა. ეს იყო სპეციალურად შეთანხმება მირზა სუბელიანთან, რაზედაც თავად ისაუბრა კიდევაც იმ ფარულ ჩანაწერებში, რაც „რუსთავი 2-ის“ ეთერით გაჟღერდა. იმედი მაქვს, პროკურატურა გაასაჩივრებს ამ განაჩენს და ამის გამო ომი და ბრძოლა არ მომიწევს! მეორე და ყველაზე მთავარი: არასდროს ვეთანხმებოდი სუბელიანზე წაყენებულ ბრალს! მას სულ სხვა ბრალი და წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში. ფაქტია, მირზა სუბელიანის დავალებით და ჩართულობით გაყალბდა თავიდან ბოლომდე ეს საქმე, თუ რამე მტკიცებულება არის გამქრალი და თუ რომელიმე მოწმე არ ლაპარაკობს სიმართლეს, ეს ყველაფერი სუბელიანის დამსახურებაა.
_ რა შეგიძლიათ გვითხრათ საქმის ახალ მოწმეზე, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გამოაჩინა?
_ სასაცილოდ მეჩვენება ახალი მოწმის გამოჩენა. აქამდე, როცა მივდიოდი პროკურატურაში, საგამოძიებო უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ყველა მეუბნებოდა, _ ერთი მოწმე მოგვაძებნინეთ, ვინც რაღაც ინფორმაციულს იტყვისო. ბატონებო, ახალმა მოწმემ დადასტურებულად თქვა, რომ მ.კ.-ს ხელში ეჭირა ორი საგანი, ერთი დანამდვილებით თქვა, რომ დანა იყო, მეორე _ რაღაც ტარი, პირი თუ ჰქონდა, არ დამინახავს, ვერ ვიტყვი დადასტურებულადო. შეიძლება, ჩაკეცილი იყოო. მაგრამ პროკურატურამ დამაზუსტებელი კითხვის დროს ასეთი პასუხი გააცემინა, უფრო სწორად, კითხვა დაუსვა: „ნამდვილად დაინახეთ ეს ორი საგანი, თუ თქვენ ივარაუდეთ?“ მოწმეს პროკურატურამ მიანიშნა, ისეთი პასუხი გაეცა, რა პასუხიც მიიღო: „მე ნამდვილად კი არ დამინახავს, უბრალოდ, ეს ჩემი ვარაუდი იყო“. ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას სურდა, მოწმის ჩვენება გაებათილებინა. ამ ყველაფრით ის მივიღეთ, რომ პროკურატურა სახელმწიფო ბრალდება კი არ არის, არამედ ის მ.კ.-ს მიერ დაქირავებული ადვოკატია, პროკურატურა ადვოკატირებას უწევს ჩემი შვილის მკვლელს _ ეს ფაქტი არანაირად არ გამოუვათ! იქამდე ვიბრძოლებ, სანამ სამართალს ბოლომდე არ მიიყვანენ და როცა ვიტყვი, რომ ამ საქმეზე სამართალი აღდგა, მაშინ დამთავრდება ყველაფერი.
_ რა შემთხვევაში იტყვით, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდა?
_ ადგილზე მოქმედი ყველა პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში! მე არ ვითვლი წლებს, ვის რამდენს მიუსჯიან… ეს ჩემი დაინტერესება არ არის! ჩემი სურვილია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. გარკვეულწილად, ეს თავად გადაწყვიტონ, ვის რა ბრალეულობა მიუძღვის ამ საქმეზე და ვის რა სასჯელი ეკუთვნის. ფაქტია, ის გამომძიებელი, ვის კისერზეც იყო ამ საქმის გამოძიება და ზედამხედველი პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხისგებაში არიან მისაცემი. არავინ ამბობს, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება არ უნდა დადგეს, გარდა პროკურორებისა, რომ მ.კ. უდანაშაულოა.
_ ფაქტობრივად, ამ საქმემ მოქმედი ხელისუფლების რყევა გამოწვია…
_ ხელისუფლების რყევა ზაზა სარალიძეს არ გამოუწვევია, ეს ყველაფერი პროკურატურის დამსახურებაა და ჩემი მისამართით ხელს ვერავინ გამოიშვერს. პროკურატურამ ეს საქმე გააყალბა, მირზა სუბელიანის დაკრულზე იცეკვა და სანამ სუბელიანის კლანი იქნება პროკურატურაში, არც ერთ საქმეზე არასდროს დადგება ჭეშმარიტება. ესენი არიან ფულის მონები, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე, შეუძლიათ, ერთ ლარზე გაცვალონ, ისეთი ხალხია დღევანდელ პროკურატურაში…
_ წელიწადზე მეტი გავიდა ამ შემზარავი ფაქტიდან და დღეს თქვენ ისევ ითხოვთ დამნაშავეების დასჯას. თითქოს ერთ წრეზე ბრუნავს პროკურატურა და, რეალურად, არაფერს აკეთებს…
_ ერთ წრეზე კი არ ვბრუნავთ, პირიქით, რაღაცებს გამოააშკარავებენ და მერე ათმაგად ცდილობენ, მოსპონ და გაანადგურონ ყველაფერი. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იმალება მტკიცებულებები და ყალბდება ყველაფერი. თუ ასე გააგრძლეს, შეუძლებელი გახდება ჭეშმარიტების დადგენა ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე. მ.კ.-მ სააპელაციო სასამართლოშიც კი შეცვალა ჩვენება. საიდან უნდა დამიმტკიცონ და რა არგუმენტები უნდა მოიყვანონ მოსამართლეებმა, რომ მ.კ. გამოიყვანონ სანდო მოწმედ?! მ.კ-ს სანდო მოწმის გამოყვანის შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აღარ იარსებებს.
_ ზაზა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გ.ბ.-ს დედა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოში პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობაში მისი შვილის დადანაშაულებას ცრუ მოწმეებით ცდილობს. თქვენთვის ეს ყველაფერი რაზე მიანიშნებს?
_ ამ ოჯახთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ: მე ვერ დავაბრალებ ჩემი შვილის მკვლელობას ადამიანს, როცა დარწმუნებული არ ვარ, რომ მან ეს ჩაიდინა. ამ შემთხვევაში ვერანაირი ფაქტორი ვერ მარწმუნებს, რომ გ.ბ.-მ დანა გამოიყენა ჩემს შვილთან მიმართებით.
_ თქვენი შვილის საქმეზე დღეს თუ გაქვთ რაიმე ტიპის კომუნიკაცია ქვეყნის პირველ პირებთან?
_ ქვეყნის პირველ პირებთან არავითარი შემხებლობა აღარ მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ აზრს ვერ ვხედავ! არის გარკვეული რაღაცები, რაზედაც წინასწარ არ ვლაპარაკობ, რათა გამოძიებას რამეში ხელი არ შეეშალოს. არის გარკვეული საკითხები, რომელზედაც თავს ვიკავებ, რომ ვისაუბრო, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად ვიტყვი ყველაფერს, როდესაც დავინახავ დადებითისკენ ან უარყოფითისკენ გადადგმულ ნაბიჯებს _ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არც ერთ შემთხვევაში არ გავჩუმდები: კარგი გაკეთდება _ კარგს ვიტყვი, ცუდად გაკეთდება და ცუდზე ვისაუბრებ! კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსამართლეთა კოლეგია მაქსიმალურად მოუხმობს გულისხმიერებას და რა განაჩენიც გამოიტანა ქალბატონმა ეკა არეშიძემ, ანალოგიურ განაჩენს დააყენებს!

ლევან ქემოკლიძე