სააკაშვილის ნარატივების ლაბირინთები

როგორც იტყვიან „დედა აფეთქებული“ რამეა ნარატივი, მით უფრო ისტორიულ-პოლიტიკური. ნარატივი, თავისთავად, თხრობაა, სხვა არაფერი, მაგრამ მთავარია _ თხრობა როგორ? უფრო დეტალურად თუ ვიტყვი, ნარატივი გახლავთ სამყაროს, ფაქტის, მოვლენის აღქმის ისტორიულ-კულტურული ინტერპრეტაცია გარკვეული პოზიციიდან.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ისეთი ნარატივი მოგვისმენია, როდესაც უშუალოდ ფაქტის მონაწილენიც კი ვყოფილვართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი „ვიღაცას“ სხვა ინტერპრეტაციით წარმოუჩენია. როდესაც ჩვენ ფაქტს „მივწოლილვართ“, მასა სხვა მხარეს აღმოჩენილა. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი „ვიღაცამ“, „იმან“ თქვა. აი, აქ კი, ისევ და ისევ, ათასწლეულები უნდა გადავფურცლო უკან და ტრაგედია „მედეას“ ავტორი _ ლუციუს ანეუს სენეკა მოვიხმო. ბარემ ნიცშესაც დავიმოწმებ, რომელმაც მისი, ჩემ მიერ დასამოწმებელი ფორმულა კიდევ უფრო განავრცო. რაზე ვსაუბრობ? ეს ორი გამორჩეული ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, „ვინ ამბობს“ და მერე _ „რას ამბობს“.
დიახ, ნარატივების, ანუ ფაქტებისა და მოვლენების აღქმის ინტერპრეტაციების „ავტორები“ არიან ისინი, ვინც ამ ფაქტებს ინტერპრეტირებენ. მთქმელის ავტორიტეტი, გამორჩეულობა, ნდობა მათ მიმართ, განაპირობებს იმას, რომ მასაში ინდივიდების უმეტესობა ან უმცირესობა, რომელიც მონაწილეობდა კონკრეტულ ფაქტსა და მოვლენაში, ავტორიტეტის მიერ წარმოჩენილ ვერსიას უპირობოდ ეთანხმება.
კონკრეტულსაც თუ თავს დავანებებთ, ისტორია უხვად არის გაჯერებული ნარატივებით, ფაქტების ინტერპრეტირებით. დაახლოებით რომ ავხსნა, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობას დღესაც მიაჩნია, რომ შორეულ 1812 წელს მათმა წინაპრებმა ბოროდინოს ბრძოლა მოიგეს, ხოლო მოსკოვის ჩაბარება მხოლოდ საბრძოლო ტაქტიკა იყო. ბევრს აქ _ ჩვენთან, მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარეშე. ეს „მიჩნევა“ სულაც არ აკნინებს თავად ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეას და მის ძალისხმევას ჩვენი მენტალური ცვლილებების კონტექსტში. მაგალითად, უზბეკეთსა და თურქმენეთში არავის უბრძოლია იმავე კონტექსტში და ძალისხმევით _ მით უფრო, მაგრამ დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. მაშინ, როდესაც არაერთი ბელარუსი დისიდენტი იბრძოდა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, მაგრამ დამოუკიდებელი ბელარუსი დღეს დემოკრატიით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

***
და მაინც, რატომ დამჭირდა ზემოთ აღნიშნულის თქმა? საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუ „რუსთავი 2-თან“ იმდენი ნარატივით იყო გაჯერებული, ცალკეული ფაქტების თხრობის დროს ძნელიც კი გახდა მართლის, ტყუილისა და ინტერპრეტაციის ერთმანეთისგან გარჩევა.
თავი დავანებოთ „ხლაპუშკას“ და ივანიშვილის ბავშვურ თამაშებს, ასევე თავი დავანებოთ იმას, რაზედაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება „იგრძნოს“ ლიდერმა. რა თქმა უნდა, რა გასახსენებელია ნეტარი ავგუსტინე, რომელმაც, ჯერ კიდევ, როდის დასვა კითხვა: „რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ყაჩაღთა ბანდა?“
ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვაღიაროთ _ ისტორიული ნარატივი ხშირად სასარგებლოც კი არის, მაგრამ მხოლოდ ისტორიული და ეროვნული სარგებლის მომტანი. როდესაც საქმე ეხება რეალობას და მომქმედ პერსონებს, იქ ნარატივი _ გაკეთილშობილების მცდელობა, ნამდვილად დამღუპველიც კი გახლავთ.
ამ კონტექსტში 2009 წლის 23 აპრილს (ათი წლის წინათ) გამოქვეყნებული ჩემი ერთი პუბლიკაცია გამახსენდა (თარიღზე შეგნებულად ვაპელირებ „ნაცებისა“ თუ „ქოცების“ გასაგებად). გამახსენდა იმის საპირწონედ, რომ მაშინ არაფერი ხდებოდა ცუდი და ჩვენ ყველაფერი გველანდება დღევანდელი გადასახედიდან. უფრო რომ დავაზუსტო, მესამე პრეზიდენტის ბოლო ნარატივის საპირწონედ, მე, მსმენელი, ვერ ვითავისებ, ეს ადამიანი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გრძნობს, ბოლოს და ბოლოს, თუ _ არა? დღეს იმაზე საუბარი, რომ ცუდი რაც იყო, იმის გამო დავმარცხდით 2012 წელს, სულაც არ არის პასუხისმგებლობის გააზრება.
ცოტა ვრცელი ციტატის მოხმობა მომიწევს: „დღევანდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მწარე რეალობა კი კვლავინდებურად ძველ და უკვე გაცვეთილ შეფასებებში ჯდება _ ხელისუფლება მოვლენებს არაადეკვატურად აღიქვამს (ამჟამადაც ასე ხდება, ესეც ვაღიაროთ, _ ავტ.). რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს პროცესი მუდამ ქვეყნისთვის ხდება სავალალო, თორემ ხელისუფალთ ექსპერტების პორტფელები, დევნილის სტატუსები და უსინდისოდ მოხვეჭილი ქონების ზრდისა და სხვადასხვა სექტორში დაბანდების პერსპექტივა გარანტირებული აქვთ. თუმცა ეს ყველაფერიც იმის მიხედვით, ვის რა წონის „დამსახურება“ მიუძღვის ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
ასე იყო გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული. მაშინ ვერც პატიაშვილმა _ რომელსაც 1988 წლის ნოემბრამდე ლამის აღმაშენებლად რაცხდნენ (ნეტავ, რატომ და რისთვის?) _ გაუმართლა ქართულ საზოგადოებას იმედები. განახლების აუცილებლობის შეგრძნების ნაცვლად, პარტიულ-ნომენკლატურულმა მერკანტილიზმმა სძლია; ვერც გამსახურდიამ _ რომელმაც ქვეყნისა და საზოგადოების უდიდესი მხარდაჭერა მოიპოვა _ შეძლო თავისი მოქალაქეები, მათი პოზიციების მიუხედავად, ერთიან ორგანიზმად აღექვა. რაც შეეხება შევარდნაძეს, მან საზოგადოება ელიტარულებად და დანარჩენ მასად გაყო და სწორედ ამ გაყოფას გადააყოლა ქვეყანა, რომელსაც მართვის მექანიზმების უამრავი სიმახინჯე „ამკობდა“.
მიხეილ სააკაშვილმა კი პოლიტიკური სწორება დავით აღმაშენებელზე აიღო, თუმცა დიდი დავითის საფლავთან ფიცის დამდებმა პრეზიდენტმა, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ვერც ქვეყანას უდავითა, საკუთარ თავს კი დაფნის გვირგვინის ნაცვლად „საკნების გეტო“ უსახსოვრა. ამ ყველაფრის მიზეზი ძალიან მარტივია _ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარ ხელისუფლებას წინამორბედთა ყველა მანკიერი თვისება დაანათლა, რითაც ერთბაშად გახდა პრეზიდენტი „ნაციონალებისთვის“ და არა სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის…
პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა მიხვდეს, რომ მას პირადი მტრები არ ჰყავს, უფრო სწორად, საზოგადოება ვერ იქნება მისი პირადი მტერი და განადგურებისა თუ დაბეჩავების მოსურნე. ეს უფრო ინდივიდების ზნეობის გამოხატულებაა და ასეთ დამოკიდებულებას საზოგადოება არ და ვერ გამოამჟღავნებს… დღეს ცხადად ჩანს ერთი რამ _ პრეზიდენტი მოსახლეობის ერთი ნაწილის პოზიციას კვლავ აბუჩად იგდებს. ეს ვლინდება ყველაფერში, დაწყებული გაუთავებელი ქაქანით („დავიწყოთ დიალოგი“) ისეთ საკითხებზე, რომელიც მის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და დამთავრებული ძალზე ელემენტარულით _ სირაქლემის პოზით, ვითომ ქვეყანაში არაფერი ხდება…“
აქ გავჩერდები… დიახ, მესამე პრეზიდენტი მაშინაც თავისას უბერავდა იმ კონცეპტუალურ საკითხებზე, რომელიც „დანარჩენ“ საქართველოს სტკიოდა, თორემ მისი მომხრეები ყელმოღერებულები მღეროდნენ „მიშა მაგარიას!“ და როდესაც დღეს პოლიტიკოსები სინანულით (რა ეტყობა მათ უმეტესობას სინანულის) დაფიქრდებიან, რატომ არის ქვეყანა ორ, რადიკალურად დაპირისპირებულ ფრთად დაყოფილი, პასუხი ხომ ძალიან ადვილია _ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პერიოდში ეროვნული ერთიანობის მისაღწევად პირადი ამბიციები არ დაუთმია. ამის მცდელობა ჰქონდა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ ამ მცდელობამდე და გნებავთ ქმედებამდე, მანაც ვერ შეძლო იდეის გარშემო ერის გაერთიანება. აქ მიზეზების საერთოდ სხვა მოცემულობაა. და როდესას მესამე პრეზიდენტი გვთავაზობს ნარატივს, რომ „მაშინ“ ცუდი არაფერი ხდებოდა, ის ისევ მიჯნავს საზოგადოებას, ერს, ხალხს მის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.
ბარემ, აქვე ვიტყვი ამ გამიჯვნის კლასიკურ მაგალითზეც: როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ეძალება ზუგდიდს და მუდმივად ფიქრობს, რომ სამეგრელო მისია, სააკაშვილს და დღევანდელი ოპოზიციის ლიდერებს რატომ ავიწყდებათ, რომ ამ ქალაქში ერთ ტროტუარზე გამაუპატიურებლები დადიან და მეორეზე _ გაუპატიურებულები? და თუ ვიღაც ვიღაცას არ კლავს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაუპატიურებულთა სული დამშვიდებულია. აქ უმთავრესი პოლიტიკური შემადგენელი კი არ არის ან ის, ხვალ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში არჩევნებს თუ არა, არამედ უმთავრესია მორალურ-ზნეობრივი კონტექსტი _ ერთი ადამიანის ტრაგედია. და როდესაც ამბობ _ ცუდი არაფერი ხდებოდა, იმ ერთ ადამიანს რას უშვრები? ერთი ნამდვილად არ არის სტატისტიკა, ერთია ტრაგედია. აქ ხომ ასევე მნიშვნელოვანია პერსონალური პოლიტიკური შემადგენელიც, ანუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა _ გრძნობ თუ არა ამ პასუხისმგებლობას იმ ერთი ადამიანისთვის, იმ ერთი ოჯახისთვის, იმ ერთი კოშმარისთვის, იმ ერთი ტრაგედიისთვის. და უბედურება კიდევ იცით, რა არის? ის ერთი რომ არ გვტკივა და იმ ერთისთვის არ შეგვიძლია ბოდიშის მოხდა. აქ ნამდვილად არ ვსაუბრობ გაუპატიურებულ 26 ათას ნარჩევ ქართველ ვაჟკაცზე _ „ქოცების“ აბსურდულ და დამაკნინებელ ნარატივზე. შესაბამისად, როდესაც ნარატივი ერთი ადამიანის, ერთი ფაქტისა და ერთი მოვლენის ნიველირებას ეძღვნება უკვე ტრაგედიაა, რაოდენ სასიამოვნოც არ უნდა იყოს ის მოსასმენად მრავალთათვის. დაახლოებით იმის არ იყოს, ბიზნესსა და საკუთრებას რომ არავის ართმევდნენ. აგერ ვარ საკუთრება წართმეული და კრინტი არ გამიღია და ეს პოლიტიკურ შოუდ არ მიქცევია არასოდეს. თუმცა მე ნუ მეტყვის ვინმე, რომ ასე არ ხდებოდა და ნურც იმას, რომ ერთეული ფაქტი ვარ.
ამ მსჯელობას ნურც ივანიშვილის ხელისუფლების პარალელში განიხილავს მავანი. ეს თემიდან გაქცევა იქნება. არც ივანიშვილი გიკრიტიკებიათ გონივრულად და საქმიანად ამ პარალელის შემომგდებებს. არც ახლა ხდება ეს, თორემ, იქნებ, ქვეყანაში საერთოდ სხვა ვითარება ყოფილიყო. „ის ერთი ფაქტი“ მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი ლიდერისთვის ტრაგედიად რომ ქცეულიყო, იქნებ არც ივანიშვილი გვეხილა პოლიტიკაში და აქაც პასუხისმგებლობას როგორ უნდა გაექცეს პრაგმატიკოსი პოლიტიკოსი? იდეალისტზე არაფერს ვაბობ, რადგან ასეთებს ეს ნარატივი არც კი დასჭირდებოდათ.

***
ახლა კიდევ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტის შესახებ იმავე ინტერვიუდან.
პირველი საკითხი _ NATO თუ რუსეთი? თუ უფრო დავაკონკრეტებ კონტექსტს: „აფხაზეთის დაბრუნება“. ამ თემით უამრავი პოლიტიკოსი სპეკულირებს. ფუნდამენტურად რუსეთის ორბიტაზე მყოფმა ქართველმა პოლიტიკოსებმაც კი იციან, რომ რუსეთი არაფერს დაგვიბრუნებს, მისი გუბერნიაც რომ გავხდეთ. ამიტომ რუსეთთან ვაჭრობა, _ ნატოში არ შევალ და აფხაზეთი დამიბრუნეო, _ მარაზმიც კი არა, მის მიღმა გახლავთ. ან რა უფლებით საუბრობს მესამე პრეზიდენტი ჩემი ან უამრავი ჩემნაირის ნაცვლად, როდესაც ცდილობს ადგილობრივ ობივატელს და რუსეთის ისტებლიშმენტს გააგონოს: „თუ აფხაზეთი დაბრუნდება“… და მე მეკითხებით, მინდა ამ ფასის გადახდა და რუსეთში შესვლა, ჩემს ღირებულებით არჩევანზე უარის თქმა? თუ ეს იოლი გზაა „აფხაზეთის დასაბრუნებლად“ და პრორუსი ამომრჩევლის მოსამხრობად, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის ხმების გამოსატყუებლად?
იმ პირობებში, როდესაც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ საქართველოში ჩატარდა თავისი შინაარსით ნატოს უპრეცედენტო სწავლება _ ეს ნარატივი და მესიჯი რელევანტური იყო? ეს ხომ ალიანსისთვის და მოკავშირეებისთვის ზურგში დანის ჩარტყმა გახლდათ. ვინც არ იცის, ავხსნი, რა იყო სწავლების შინაარსი: ურთიერთქმედებათა ალგორითმის გამომუშავება იმ რისკთა წარმოშობის შემთხვევაში, რასაც არ ითვალისწინებს ნატოს წესდების მეხუთე მუხლი „კოლექტიური თავდაცვის შესახებ“. ანუ ის ქმედებები, რაც ნატომ, როგორც მრავალეროვანმა ორგანიზაციამ და არა უბრალოდ წევრმა ქვეყნებმა, შეიძლება მოიმოქმედონ მაშინ, თუ გაიზრდება საქართველოს _ ალიანსის არაწევრი ქვეყნის _ წინააღმდეგ მორიგი აგრესიის რისკი ან განხორციელდება ამგვარი აგრესია ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო სწავლება _ „გზავნილია“, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობაც და მაპიც სწორედ თავდასაცავად გვჭირდება.
მაშინ, თუ სააკაშვილი თანახმაა, უარი თქვას ნატოზე (ვინ აძლევს ქართველი ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების იგნორირების უფლებას, ეს ცალკე საკითხია) და რუსეთს გაურიგდეს, მაშინ რატომ სააკაშვილი, რომელიც პუტინისა და რუსეთისთვის არასანდო პარტნიორია? აგერ არ გვყავს ბურჯანაძე, თარხან-მოურავი, ვასაძე, იქნებ იგორ გიორგაძემ უკეთ გაქაჩოს ეს თემა ან ასლან აბაშიძემ? მივცეთ მათ ამის ლეგიტიმაცია?
ეს ნარატივი, რაოდენ კარგადაც არ უნდა ისმოდეს ყურში და მომხიბვლელობაც უნდა ახლდეს, ნიშნავს იმას, რომ მე და საქართველოს უამრავი მოქალაქე იდიოტები ვართ?! ანუ ვისაც მიგვაჩნია, რომ ნატო არის საშვი დასავლურ სამყაროში.
აქ ჩემი კოლეგის, დათო გამცემლიძის მოსაზრებას მოვიხმობ, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ რუსეთი თავისი ნებით არასოდეს „დაგვიბრუნებს“ აფხაზეთს, თუნდაც მის გუბერნიად ვიქცეთ: „სინამდვილეში, არც ერთი პოსტსაბჭოური და პოსტკომუნისტური ქვეყანა არ გაწევრებულა ევროკავშირში ნატოს გვერდის ავლით. ყველა მათგანი, უკლებლივ ყველა, ჯერ ალიანსში შევიდა და მხოლოდ ამის მერე მიიღეს ევროკავშირში. და ესენი რომ ჩვენს უსინდისოდ მოტყუებას ცდილობენ ამ „გაპრავებით“, ზუსტად საიდან ჩანს, იცით? _ ფინეთის მაგალითი მოჰყავთ. აქაოდა, ფინეთმა ხომ განაცხადა უარი ნატოს წევრობაზე და… მერედა, ფინეთმა თავის ტერიტორიაზე მოსკოვის ჯარები დააკანონა? ან თუნდაც შესთავაზა ამგვარი რამ?!! ამიტომ ეს ცრუპენტელური ალტერნატივა „ნატო თუ ტერიტორიული მთლიანობა“ სინამდვილეში ასე უნდა ჩამოყალიბდეს: რა გვირჩევნია, საქართველო იქცეს დასავლური სივრცის განუყოფელ, სისხლხორცეულ ნაწილად, ევროპულ ქვეყნად და ევროკავშირის წევრად თუ… დავიბრუნოთ ტერიტორიები? მე პირველი მირჩევნია მეორე რეალისტური რომც იყოს. იმიტომ, რომ ერთადერთი მორალური გამოწვევა სინამდვილეში იმ ქართველების უბედურებაა, რაც უკვე მოხდა. თორემ სხვა მხრივ, საქართველომ მოიშორა დიდი ჭირი (რუსეთი, _ ავტ.), რომელიც მუდამ იდებოდა ამ ქვეყნის სხეულში და არასდროს მისცემდა მას თავისუფალი და ბედნიერი განვითარების შესაძლებლობას“. სად წავა სააკაშვილი ან ამ თეორიის მომხრე რომელიმე პოლიტიკოსი, თუკი გუბერნია გავხდით და „აფხაზეთი არ დაგვიბრუნეს“? მთავარმართებლები იქნებიან, გუბერნატორები თუ მეფისნაცვლები? ეს არ გახლავთ წარსულის „მოგონებები“, ეს დღევანდელი მესიჯებია წარსული ფაქტების განმეორების, რომ დღესაც ამ აზრსა და ამ ჭკუაზე ხარ. ვიმეორებ: გუბერნიადაც რომ შევიდეთ რუსეთის შემადგენლობაში, ის ჩვენ აფხაზეთს არ დაგვიბრუნებს და ისეც არ აღმოჩნდეს, რომ ჩვენ გუბერნია გავხდეთ და გაპარტახებული სოხუმი _ დამოუკიდებელი აფზახეთის დედაქალაქი. იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ დამოუკიდებლობის არც ფასი ვიცით და არც ღირებულება, თორემ ამის თქმას სააკაშვილი ვერ გაბედავდა. როგორც ჩანს, ეს ფასი მესამე პრეზიდენტისთვისაც უცნობია, ყოველ შემთხვევაში, მისი ნარატივიდნ გამომდინარე, საჯარო დისკუსიაში ასე წარმოჩნდა. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ასე არ არის, ეს ჩემი შინაგანი რწმენაა და მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ ვიღაც კარგი ბიჭი და კარგი ლიდერია, ასეთი ინტერპრეტაციები თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის მოსახლეობის, თუნდაც თემაში გაურკვევლების, პირველ რიგში კი საკუთარი მომხრეების შეურაცხყოფაა. რადგან ეს არ არის მხოლოდ მსჯელობა, ეს უფრო მეტია, ეს იდეოლოგიაა _ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაკარგვის. ეს სუსტებისა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთილი პოლიტიკოსების ისტერია უფროა, ვიდრე პრაგმატიკოსების. იდეალისტებზე ამ შემთხვევაშიც ისევ არაფერს ვაბობ.
და მეორე საკითხი _ ვანო მერაბიშვილი. ცხადია, რომ მესამე პრეზიდენტს ამ პერსონის მიმართ გარკვეული ფობია აქვს _ შიშები. 2016 წლის გაზაფხულზე შეფარვით პოსტიც კი მიუძღვნა მაშინ ოდესის გუბერნატორმა და მერაბიშვილს ციხიდან გამოსვლის _ სასჯელის მოხდის შემდეგ, საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება „აუკრძალა“! ახლა არ მოვყვები დეტალებს იმის შესახებ, ამან მაშინ რა რეაქცია გამოიწვია, ჯერ კიდევ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. დაზუსტებულად არ ვიცი, მაგრამ მსმენია, რომ ამ თემაზე საკმაოდ მძიმე საუბრი იყო სააკაშვილსა და ბოკერიას შორის. თუმცა მერაბიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მესამე პრეზიდენტის „ის გამოხტომა“ მან გაატარა. ამის მიუხედავად, სააკაშვილი შანსს არ უშვებს ხელიდან და მუდამ ცდილობს, მერაბიშვილს თავში წამოარტყას, ამით კი დღეს-ხვალ „სვაბოდაზე“ გამოსულ მერაბიშვილს ან პოლიტიკაში დაბრუნება აუკრძალოს, ან „მოღალატეებთან“, „ევროპულ საქართველოში“ მიუჩინოს ადგილი. 2012 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც სრულად „ნაციონალური მოძრაობა“ შოკში იყო, სწორედ მერაბიშვილი და რამდენიმე ადამიანი იყო ის ლიდერი, რომლებმაც შეძლეს პარტიის შესანარჩუნებლად და მისი ტრანსფორმირებისთვის უდიდესი ძალისხმევა გამოეჩინათ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ პარტიის პირველი გენერალური მდივნის მიერ არის აშენებული ის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დღესაც პოზიციონირებს ქართულ პოლიტიკურ სცენაზე და საქმე საქმეზე რომ მიდგეს, არც უგულავას, არც ბოკერიას მით უფრო, არც ვაშაძეს და არც მელიას აქვთ იმდენი ინტელექტუალური ინვესტიაცია ჩადებული ამ პარტიაში, რამდენიც მერაბიშვილს. ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და ახლა ისევ პრეზიდენტის ბოლო ინტერვიუს ნარატივს მივყვეთ მერაბიშვილზე _ გირგვლიანის ქეისის კონტექსტში.
ეს ნარატივი ერთადერთი გახლდათ მთელი ინტერვიუს განმავლობაში, სადაც ლიდერის სინანული გამოჩნდა. როდესაც ვამბობ _ სააკაშვილი ძალიან ჭკვიანია, ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ის საკმაოდ და ცბიერად ჭკვიანია და ეს პოლიტიკოსისთვის პლუსია, მერწმუნეთ. ნახეთ რა გააკეთა? _ გირგვლიანის საქმეზე საუბრისას შემოიტანა მერაბიშვილის თემა. ცალკე მისი პასუხისმგებლობის საკითხი წამოწია და ცალკე საკუთარ ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე მიუთითა. მთავარი ამ ნარატივში ის არის, როგორც ეს შემოგვთავაზა:
„მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ ახლა, ასეთ სიტუაციაში, ეს არ შეიძლება. გირგვლიანის შემთხვევაში გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ. სატელეფონო ანძების მეშვეობით იპოვეს ყველა, ვინც მონაწილეობდა“.
უყურეთ, დააკვირდით, თავად იცოდა, რომ მერაბიშვილი გადასაყენებელი იყო, სხვებმა სთხოვეს _ ძალიან ბევრმა ადამიანმა _ და ამიტომ ვერ გადააყენა. ანუ მე მაგარი ვარ, ობიექტური და სამართლიანი და ისინი, ვინც მთხოვეს და მაიძულეს, გარეწრები იყვნენო. მერაბიშვილი ხომ თავისთავად იმათ მიათვალა, თავად ვერ მიხვდა, გადამდგარიყო და ადამიანებს მიგზავნიდაო. გირგვლიანის შემთხვევა გაუფრთხილებლობა იყო და მონაწილეები ციხეში აღმოჩნდნენო, ანუ მე დავიჭირეო, თან ყველა, ვინც მონაწილეობდაო და კანონი ჩემთან „ჰაი კლასის“ იყოო. ეს თქვა რეალურად ზემოთ მოხმობილ ციტატაში.
ახლა ამ ნარატივის უტრირებას თუ მოვახდენ, მას თუ აქვს ინტერპრეტირების უფლება, მე მსჯელობისას უტრირების უფლება მაქვს _ ეს ყველაფერი ასე ჟღერს: მე სამართლიანი ნეტარი ანგელოზი (ავგუსტინე არა) ვიყავი და ვარ, უბრალოდ, ირგვლივ ჯოჯოები მეხვივნენ და ახლა ეს ჯოჯოები არ მინდა და თქვენ დამეხვიეთო.

***
დიახ, მიხეილ სააკაშვილი ჭკვიანი პოლიტიკოსია _ პოლიტიკური ცხოველი _ ფენიქსიც კი, მაგრამ ერთი რამ უნდა აუცილებლად გაითვალისწინოს _ ამ ქვეყანაში მის გარდა ბევრი გონიერი ადამიანი ცხოვრობს და ის, რომ მათ უკეთ ცხოვრება სურთ, თუნდაც ის, რომ არც ივანიშვილი მოსწონთ და არც მისი ხატ-ფოტოები უკიდიათ ოთახებში, სულაც არ ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტის ნარატივების ლაბირინთებში გარკვევას არ შეეცდებიან ან გაუჭირდებათ. ამიტომ ის, რომ სააკაშვილი გაცვეთილ ლიბერალურ იდეოლოგიას არ აწვება და ცდილობს, საკუთარი ნარატივები ნაციონალისტური და არა ნაციონალური (ეს პარტია მას ინსტრუმენტად სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული საზოგადოება და ხალხი, თუნდაც, დავუშვათ, ამ საზოგადოებისა და ხალხის საკეთილდღეოდ) ფორმატით შეფუთოს _ არაფერი გამოვა. სხვათა შორის, იმასაც უნდა მიხვდეს, რომ უამრავი მისი „თანამებრძოლი“ მასაც საკმაოდ სარფიანად იყენებს. ამიტომ სენეკასი არ იყოს, ასგზის დასაფიქრებელია, როდესაც ხარ გამორჩეული „ვინ“ და „რას ამბობ“…

გოჩა მირცხულავა