9 აპრილი _ ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას


ეს თარიღი ტრაგიკულიც არის და ამაღლებულ-საზეიმოც. ტრაგიკულია იმიტომ, რომ ზუსტად ამ დღეს _ 1989 წლის 9 აპრილს _ საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა, ანუ დღევანდელმა რუსეთის იმპერიამ, მზისა და ვარდების საქართველოს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნამდვილი ბართლომეს ღამე მოაწყო _ რუსმა ოკუპანტებმა ქართველ გოგო-ბიჭებს, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ და მტრის ტანკებს ცეკვა-სიმღერით შეხვდნენ, სამშობლოს სიყვარული არ აპატიეს და მათი პატრიოტიზმის ჩაკვლა სისხლით სცადეს, მაგრამ კრემლისა და კრემლთან კოლაბორაციაში მყოფი ქართველი კომუნისტების მიზანმა საშუალება არ გაამართლა _ 1989 წლის 9 აპრილი არათუ საქართველოს დამოუკიდებლობის, არამედ მთელი წითელი იმპერიის დაშლის საფუძველი გახდა!

სისხლიანი 9 აპრილიდან გავა ზუსტად ორი წელი და 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭო, იმავე წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობას აღადგენს.
რაც შეეხება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს, ამ დღეს საქართველოს მოსახლეობამ, მათ შორის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლებმა, პასუხი გასცეს კითხვას, რომელიც ასე იყო ფორმულირებული: „გსურთ თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის საერთო მოსახლეობის 90,3%-მა. აქედან 98,9%-მა კითხვას დადებითად უპასუხა. შესაბამისად, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.რომელსაც წინ უძღოდა 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმი,
9 აპრილს აღდგენილი დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველო 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მსოფლიოს სახელმწიფოებმა, მათ შორის, გაერომ, საქართველო ისე კი არ ცნო, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, არამედ როგორც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე.
ერთი სიტყვით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომლის საფუძველზეც მსოფლიომ სხვადასხვა დროს საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო.
ეს აქტი, შინაარსობრივად, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს, ანუ პირველ ნაწილში საქართველოს ახლო წარსულია მოთხრობილი:
„საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.
1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მისი ფაქტობრივი ანექსია მოყვა.
საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია, დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ.
1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“.
რაც შეეხება დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მეორე შინაარსობრივ ნაწილს, ის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით აღიარებულ დებულებებს ეხება:
„საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.
საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.
საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტები და კონვენციები.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომელიც აღიარებს და განამტკიცებს ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება“.
როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნეთ, სწორედ 1989 წლის 9 აპრილი გახდა იმის საფუძველი, რომ ბოლშევიკური იმპერია შერყეულიყო. ეს მოსაზრება ვინმესთვის შესაძლოა, საკამათოა, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის ტრაგედიის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ გალაშქრება აზერბაიჯანმაც გაბედა და ბალტიისპირეთმაც, ანუ 1990 წლის 20 იანვარს მოსკოვმა ბაქოში პროტესტი სისხლით ჩაახშო (საბჭოთა არმიამ აზერბაიჯანში 107 ადამიანი მოკლა), 1991 წლის 13 იანვარს კი _ ვილნიუსში (დაიღუპა 14 ადამიანი).
ზოგი ამბობს, რომ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლო. არც უამისობა იყო, თუმცა ის მოსაზრებაც არსებობს, რომ 9 აპრილით საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი დასაჯეს, ანუ ცნობილია, რომ პატიაშვილს სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ამბროსის ძემ ჯუმბერ ილიჩზე ქართველების სისხლით იძია შური.
იმ ეჭვს, რომ შევარდნაძემ თბილისის მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ წინასწარ იცოდა, მაგრამ ამის თავიდან ასაცილებლად საკუთარი გავლენა არ გამოიყენა, მოგვიანებით პატიაშვილის მინიშნებაც გაამძაფრებს, ანუ მოარული ხმების თანახმად, 1989 წლის 8 აპრილის ღამეს თბილისის აეროპორტში საგანგებო რეისით თვითმფრინავი დაეშვა, სადაც შევარდნაძე იჯდა. ეს ხმები, როგორც ვთქვით, პატიაშვილს კატეგორიულად არ უარუყვია.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში, რუსთაველზე მიმდინარე ახალგაზრდების მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლას შემართებით ითხოვდნენ მაშინდელი პარტიული ფუნქციონერები. ცნობილია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა ნუგზარ ფოფხაძე, რომელიც იმ დროს ცეკას იდეოლოგიას განაგებდა.
იმის მიუხედავად, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა და საქართველოსაც პრეტენზია დემოკრატიულობაზე აქვს, ფოფხაძე მაინც აქტუალური ფიგურაა _ ის „ოცნების“ ერთ ნაწილთან არის დაკავშირებული და ძალიან ბევრი ცუდი რამ, რაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, ზუსტად მის სახელს უკავშირდება.
1989 წელს „პერესტროიკა“ კი დაწყებული იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი მაინც ჩაკეტილ სივრცედ მიიჩნეოდა, შესაბამისად, ყველაფერ უარყოფითზე პასუხისმგებლობა უშიშროების კომიტეტს ეკისრებოდა, მაგრამ 9 აპრილის ტრაგედიის შემთხვევაში, საბჭოთა საქართველოს სუკ-ის შეფი, გივი გუმბარიძე, არათუ დასაჯეს, არამედ დააწინაურეს _ ცეკას მდივნის პოსტზე პატიაშვილი მან შეცვალა. ამანაც გაუსვა ხაზი, რომ სისხლიანი ღამე თავიდან ბოლომდე „კაგებეს“ დაორგანიზებული იყო. სხვათა შორის, როგორც მაშინდელი ოფიციოზი იუწყებოდა, მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ და ხელისუფლებამ მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო. ე. ი. სუკ-მა ყველაფერი გააკეთა, რომ ადგილობრივ და საკავშირო პარტიულ ხელმძღვანელობას დარბევის გადაწყვეტილება მიეღო.
ასევე საბჭოთა ოფიციოზის ცნობით, 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 21 ადამიანი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა. კომუნისტებმა არც ის აღიარეს, რომ საბჭოთა არმიის „მერვე პოლკმა“ უიარაღო ქართველების წინააღმდეგ, საბრძოლო ნიჩბებთან ერთად, „სი-ესი“ და სხვა მომწამვლელი გაზიც გამოიყენა.
„სი-ესი“ არც 16 წლის ნათია ბაშალეიშვილის ნეშტის ექსპერტიზის დასკვნაშია ნახსენები, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზად ტოქსიკური მოწამვლა დასახელდა.
ნათია ბაშალეიშვილი 17 აპრილს „არამიანცის“ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გარდაცვალების წინა დღეს გოგონა მონათლეს. მართალია, ამ დროს ნათია უგონოდ იყო, მაგრამ როცა მოძღვარს ნათლობის რიტუალის შესრულება დაუწყია, როგორც ამბობენ, წარბები შეურხევია.
ნათია ბაშალეიშვილი 1989 წლის 23 აპრილს, ბზობას, ვერის სასაფლაოზე დაასაფლავეს. 1989 წლის 9 აპრილს ნათიას თანაკლასელი თამრიკო ჭოველიძეც დაიღუპა. ნათია და თამრიკო მეგობრები იყვნენ.
წლების შემდეგ ნათიას დედა, მაგული ბაშალეიშვილი იტყვის, რომ მისი შვილი ისტორიულ კატაკლიზმებს შეეწირა:
„1989 წლის 8 აპრილს, ღამის 11 საათზე, ნათია და თამრიკო ჭოველიძე ერთმანეთს ფილარმონიასთან შეხვდნენ. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ისინი თამრიკოს დედის მეგობარს უნდა წაეყვანა, მაგრამ ის ქალბატონი არ მოვიდა… ამის შესახებ ნათიამ არ გამაგებინა, თორემ ბავშვებს მიტინგზე მარტო არ გავუშვებდი… სხვათა შორის, წინა დღეს ხმა გავრცელდა, რომ შესაძლოა, აქცია ცრემლსადენი გაზით დაეშალათ, ამიტომ ნათიას ნიღაბი შევუკერე“.
ზოგადად, საქართველოში აქტიური ანტისაბჭოთა მოძრაობა 1988 წლიდან დაიწყო. საბჭოთა მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის კონფლიქტი 1989 წლის 18 მარტს, ე. წ. ლიხნის ასამბლეის ჩატარების შემდეგ გამწვავდა, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა, რომელიც ბოლშევიკებმა აფხაზეთს მიანიჭეს.
„აფხაზები ყველაფერ ქართულს წვავდნენ და ანადგურებდნენ. მახსოვს, რუსთაველის ძეგლიც ჩამოაგდეს და უროებს ურტყამდნენ, რომ ნაფშვენებად ექციათ. ამის საპასუხოდ, ეროვნულმა ძალებმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც აფხაზურ სეპარატიზმს აღვივებდა, მიტინგები და საპროტესტო აქციები მოაწყვეს.
საპროტესტო აქციებმა 1989 წლის 4 აპრილს მიაღწია პიკს. მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. საქართველოს კომპარტიამ კი კრემლს დამხმარე ძალის გამოგზავნა სთხოვა და… როდიონოვიც საქმეს შეუდგა.
არ დამავიწყდება როდიონოვის გამოსვლები ტელევიზიით _ ზიზღი, სიძულვილი, აგრესიული ცინიზმი ქართველების მიმართ და მუქარა, რომ დესტრუქციული ძალები (ეროვნული მოძრაობა დესტრუქციულ ძალად წარმოაჩინა) სასტიკად დაისჯებოდნენ.
გენერლის მუქარის მიუხედავად, 9 აპრილს ღამით კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის პროსპექტზე.
ვიდექით სანთლებით ხელში…
უსინათლო მომღერლები ჩონგურზე „შავლეგოს“ მღეროდნენ…
დროდადრო ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ, ხალხს ამხნევებდნენ: „გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ძლიერ საქართველოს!“
ამ ფრაზას ტაშით ვხვდებოდით და ყველანი ერთად, მრავალი ათასი ადამიანი, ვიმეორებდით: „გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ, თავისუფალ, ძლიერ საქართველოს!“
იყო ამ სიტყვებში ისეთი მაგია, რომელიც ჯადოსავით მოქმედებდა.
ჩვენ, ყველანი, საქართველოს სიყვარულით ვიყავით მოჯადოებულნი, თავს უძლეველებად ვგრძნობდით და იოტისოდენა შიშიც კი არ გვქონდა.
როდიონოვის არმია უკვე სოლოლაკში, ქუჩებში იყო განლაგებული და გენერლის ბრძანებას ელოდა.
ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა დემონსტრანტებში და ლიდერებმაც გამოაცხადეს. ამ ცნობას ხალხი შეძახილით შეხვდა: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“
უსინათლო მომღერლებმა შემოსძახეს: „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს“ და ხალხიც აჰყვა. სიმღერას ცეკვა „ქართული“ მოყვა, დოლის ხმა და „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ გუგუნებდა რუსთაველზე.
ფსიქოლოგები ასეთ ვითარებას „კოლექტიურ არაცნობიერს“, „ბრბოს ფსიქოლოგიასა“ და „ადრენალინის დიდი დოზით აწევას“ უწოდებენ. ასეთი შეფასებების მოსმენა სასიამოვნო არაა, მით უმეტეს მაშინ, როცა მაღალი იდეალებისთვის იბრძვი და თავგანწირვისთვისაც მზად ხარ, მაგრამ შესაძლოა, ეს ასეცაა, რადგან როცა პატრიარქი მოვიდა და ხალხს დაშლა სთხოვა, ხალხი არ დაიშალა.
საფრთხე რეალური იყო, მაგრამ გინდ ცნობიერი უწოდე და გინდ _ არაცნობიერი, იმ ღამეს ყველა იქ მდგომი გმირი იყო.
კარგად მახსოვს ის მომენტი, ის რამდენიმე წუთი სრული სიჩუმისა, ვიდრე ტანკები გამოჩნდებოდნენ.
უცებ ყველა ერთდროულად გაჩუმდა, სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა, თითქოს ყველანი გავქვავდით და…
უცნაური გუგუნი ფეხქვეშ _ თითქოს მიწა ატორტმანდა. ღამის 4 საათზე რუსთაველის პროსპექტს რუსული ტანკები შეესივნენ. ჩვენ შევმჭიდროვდით ორივე მხარეს, რომ უფრო ვრცელი დერეფანი ყოფილიყო ტანკების ჩასავლელად. მოდიოდნენ ტანკები და თავახდილ „ლუკებში“ ავტომატმომარჯვებული ჩაფხუტიანი ჯარისკაცები ჩანდნენ წელამდე. ტანკებს, ორივე მხარეს, ავტომატგადაკიდებული და ნიჩბებმომარჯვებული ჯარისკაცები მოჰყვებოდნენ.
ეს სურათი არასოდეს დამავიწყდება: ჩვენ ვიდექით თავაწეულები, ამაყები და არ გვეშინოდა!“ _ იხსენებს ჟურნალისტი მარიკა კახაძე.
როცა 9 აპრილზე ვლაპარაკობთ, ცხადია, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინდელმა მილიციამ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მუნდირს ატარებდა, არნახული გმირობა გამოიჩინა. თვითმხილველთა თქმით, მილიციის თანამშრომლებს რომ არ ემარჯვათ, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
იმ ღამეს ქართველმა ქალებმაც იმარჯვეს _ იმის იმედით, რომ მთვრალი რუსი ჯარისკაცები დაინდობდნენ, ქართველი დედები, ცოლები და დები ბრძოლის წინა ხაზზე გავიდნენ და თავიანთ ქმრებს, შვილებსა და ძმებს გადაეფარნენ, მაგრამ რუსულმა ჩექმამ ქალებიც არ დაინდო _ პირიქით, 21 გარდაცვლილს შორის 3 მამაკაცი იყო, დანარჩენი _ ქალი.
სხვათა შორის, 1989 წლის აპრილს რუსთაველის გამზირზე აქციები ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით დაიწყო, მაგრამ, მოგვიანებით, ამ პოლიტიკური ორგანზიაციის წევრები აქციის დაშლას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ვითარებას ვეღარ აკონტოლებდნენ _ ტრაგედიის წინ გადაწყვეტილებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა, უფრო რადიკალურად განწყობილი ლიდერები იღებდნენ. მათ აფხაზების საკითხი გვერდით გადაწიეს და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნა გამოიტანეს.
„აფხაზეთის პრობლემა საქართველოთვის არ არსებობს, აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს განუყოფელ ნაწილად და მასზე კონტროლს განახორციელებს ქართველი ერი“, _ აცხადებდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი ჭანტურია.
„აფხაზი ერი არ არსებობს“, _ აღნიშნავდა ზვიად გამსახურდიაც.
9 აპრილის ტარგედიიდან 20 წლის შემდეგ თამარ ჩხეიძემ რადიო „თავისუფლებასთან“ თქვა:
„1989 წლის 9 აპრილმა კიდევ უფრო გააშიშვლა საბჭოთა იმპერია, დროის მცირე მონაკვეთით დააჩქარა პროცესები. სამაგიეროდ, საქართველო ააცდინა იმ შედარებით კომპრომისულ და პრაგმატულ გზას, რა გზითაც წავიდნენ და განვითარდნენ ბალტიისპირა ქვეყნები. 9 აპრილის ტრაგედიამ მოაქცია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სათავეში რადიკალური ფრთა… 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას სხვა შედეგიც ჰქონდა _ იმავე აფხაზების იმ ნაწილს, რომელიც რუსეთისგან იმართებოდა, გაუმძაფრდა დაუსჯელობის სინდრომი. მათ დაინახეს, რომ ის საზოგადოება, რომელიც აფხაზეთის ქართველების უფლებების დასაცავად გამოვიდა, თავად დაისაჯა, თავად იქნა დასჯილი“.
„ერთმა ისტორიკოსმა თქვა: ხალხი, რომელიც ივიწყებს თავის წარსულს, განწირულია მისი ხელმეორედ განცდისთვისო, ეს წიგნი დავწერე იმისთვის, რომ აღარასდროს განვიცადოთ ახალი სისხლიანი კვირა“, _ ამ სიტყვებს მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგის პირველი მერი, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატი, ანატოლი სობჩაკი იტყვის, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა და რომელიც ამ თემაზე დაწერილ წიგნს ასე დაარქმევს: „თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა“.
„1989 წლის 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა სთხოვა თბილისში წესრიგის აღსადგენად. შემდეგ კი, თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მოშიმშილეების უსასტიკესი მეთოდებით დარბევის დეტალების შესწავლას სსრკ-ს სახალხო დეპუტატების საგამოძიებო კომისია შეუდგა ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. ამ კომისიის დასკვნა მძიმე აღმოჩნდა საბჭოთა ხელმძღვანელობისთვის. კომისიის თავმჯდომარეს საბჭოთა არმიის სახელის შებღალვაში დასდეს ბრალი. დასკვნაში ითქვა, რომ თბილისში მიმდინარე მიტინგის დაშლის გეგმის მომზადებისას და ამავე გეგმის განხორციელებისას ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებს საკავშირო და რესპუბლიკური ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან.
საინტერესო დეტალებს იხსენებს ანატოლი სობჩაკი წიგნში „თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა“. ის მიუთითებს 1989 წლის აპრილის უმძიმესი გადაწყვეტილების მიმღებ მთავარ პირებს: ჯუმბერ პატიაშვილს, ბორის ნიკოლსკის (საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი 1984-89 წლებში), კონსტანტინ კოჩეტოვს (1989 წელს სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე), იგორ როდიონოვს (1989 წელს სსრკ ჯარების ამიერკავკასიის გარნიზონის მეთაური).
ხსენებულების გარდა, სობჩაკი ასახელებს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიების მზადებაში მონაწილე სხვა პირებსაც: ზურაბ ჩხეიძე (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ოთარ ჩერქეზია (უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე)…
„ეს პირები წარმოადგენდნენ „კოლექტიურ“ ხელისუფლებას, ისინი ყოველთვის ზარზეიმით უჭერდნენ მხარს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებს“, _ წერს ანატოლი სობჩაკი.
წიგნში „თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა“ აღნიშნულია, რომ თავიდან იგორ როდიონოვი წინააღმდეგი იყო თბილისში დემონსტრაციის დაშლის ღონისძიებაში სამხედრო ძალის გამოყენების: „როდიონოვს არ შეიძლებოდა, არ სცოდნოდა რაზე მიდიოდა, ამიტომ სავარაუდოა, რომ პროცესში მისი ჩართვის მიზეზი იმდენად საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს გადაწყვეტილება კი არ იყო, არამედ, მაგალითად, სსრკ თავდაცვის მინისტრის ბრძანება, ანდაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის ბრძანება… მაგრამ ყველაფერი ეს მარჩიელობაა, _ არც როდიონოვმა, არც გენერალმა კოჩეტოვმა, არც სსრკ თავდაცვის მინისტრმა იაზოვმა, არც ჩებრიკოვმა (1989-ში სსრკ უშიშროების ხელმძღვანელი) არ აღიარეს მსგავსი ბრძანების არსებობა. ამიტომ მომხდარი გენერალ როდიონოვის სინდისზე რჩება“.
საინტერესოა წიგნის ის ნაწილი, სადაც ავტორი საქართველოს სსრ უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელისა და 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტზე ჯუმბერ პატიაშვილის შემცვლელის, გივი გუმბარიძის შესახებ წერს:
„გუმბარიძე ვერ შეძლებდა მონაწილეობა არ მიეღო 1989 წლის 9 აპრილის ოპერაციის წინა თათბირებში. უცნაური ისაა, რომ ამ თათბირებში მონაწილეებს არ შეეძლოთ რაიმეს თქმა იმის შესახებ, როგორი იყო გივი გუმბარიძის პოზიცია. გადაწყვეტილებების მიღების მომენტში ის სადღაც გადიოდა ან ჩუმად იყო. ჩვენ დავადგინეთ, რომ გადამწყვეტ თათბირზე, რომელიც ვიწრო წრეში გაიმართა (პატიაშვილი, ნიკოლსკი, კოჩეტოვი, როდიონოვი) ის მიწვეული არ ყოფილა“.
ანატოლი სობჩაკი 2000 წლის თებერვალში გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ მის სიკვდილში რუსული უშიშროების ხელი ურევია, რაც შესაძლოა, ლოგიკას მოკლებულიც არაა, რამეთუ ანატოლი სობჩაკი, პრაქტიკულად, ერთადერთი ყოფილი კომუნისტი გახლდათ, რომელიც კომპარტიის გასამართლების ინიციატივით გამოდიოდა. 2015 წლის 22 თებერვალს ქართული სიანფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ წერილს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია:
„ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა პოლიტიკური კარიერა სობჩაკთან სამსახურში დაიწყეს და მისი წყალობით გახდნენ რუსეთის ლიდერები… სობჩაკი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ქალაქ ლენინგრადის (დღევანდელი სანკტ-პეტერბურგი) პირველი პირი იყო და პუტინის აღზევებაც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში სწორედ ლენინგრადიდან, სობჩაკის გუნდიდან მოხდა, სადაც ის 1990 წელს მივიდა, როგორც ნაკლებად ცნობილი, „კაგებეს“ გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც ლენინგრადის უნივერსიტეტის ლექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 1996 წელს, ლენინგრადის ოლქში გუბერნატორობისთვის გამართულ არჩევნებში, ვლადიმირ პუტინი ანატოლი სობჩაკის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო… ხოლო უფრო ადრე, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად არჩევის დროს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრემიერი, დიმიტრი მედვედევი, სობჩაკის საარჩევნო შტაბის იმ დონის აქტივისტი იყო, რომ არჩევნების დროს კედლებზე მის საარჩევნო პლაკატებს აკრავდა. 2000 წლის 14 თებერვალს, სიკვდილამდე 5 დღით ადრე, თავად ანატოლი სობჩაკი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რა დონის ფიგურა იყო ანატოლი სობჩაკი უკვე პოსტსაბჭოთა ახალი რუსეთისთვის, რამხელა გავლენა ჰქონდა პოლიტიკურ პროცესებზე და რამდენი რამ იცოდა რუსეთის დღეევანდელ ხელმძღვანელობაზე“, _ ნათქვამია ინტერნეტპორტალ geoindependence.net-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ერთი სიტყვით, 1989 წლის 9 აპრილი გახდა ერთგვარი ბიძგი იმისა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები დაენიშნა, რომელშიც, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, როგორც ვთქვით, „მრგვალმა მაგიდამ“ გაიმარჯვა. „მრგვალი მაგიდის“ ინიციატივითვე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღეს. ამიტომ საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს კი არა, 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს. ამ იდეას ლობირებს დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძეც, რომელმაც 31 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა:
„საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ 31 მარტის რეფერენდუმია ზვიად გამსახურდიას უდიდესი მონაპოვარი, რისი საშუალებითაც აღადგინა 1921 წელს ოკუპაციის შედეგად დაკარგული თავისუფლებაო.
კაცმა რომ თქვას, სწორი ინფორმაციაა, მაგრამ სწორედ ამ ინფორმაციის ასეთი ხაზგასმა გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ისევ ჟორდანიას მიერ 1918 წელს გამოცხადებულ და შევარდნაძის მიერ 1995 წელს ზეპირი განკარგულების საფუძველზე დამკვიდრებულ 26 მაისს უნდა აღნიშნონ და არა _ 9 აპრილს და არაფერი შეცვალონ.
ზვიად გამსახურდიას მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, 1991 წლის 9 აპრილი კი მარტო კონსტიტუციაში უნდა ეწეროს თავისთვის, ჩუმად, მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოსაწერი დოკუმენტებისთვის.
არადა, ზვიად გამსახურდიას უდიდესი ღვაწლი სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებაა, რეფერენდუმი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც ეტაპი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ მიმავალ ეკლიან გზაზე, რისთვისაც მან, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, მთელი ცხოვრება იღვაწა და შეეწირა კიდეც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია, ასეა ეს ისტორიულად და ასეც არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველ მუხლში.
კონსტიტუციის შესრულება სავალდებულოა. რეალობა კი ის არის, რომ არ სრულდება.
გადაცემები, წერილები, საღამოები და მიტინგები არ შველის ამ საკითხის დაძვრას.
რა ვქნათ, რა ვიღონოთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ თუ ამ საიუბილეო დღეებში მაინც მოიღებენ მოწყალებას ძლიერნი ამა სოფლისანი და 9 აპრილს დაადგენენ და კიდეც აღნიშნავენ ხოლმე საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ!“

გიორგი აბაშიძე