მთავარი საზოგადოება კახი კალაძეს და ლევან კობიაშვილს ვეტერანი ფეხბურთელი უეფაში უჩივის

კახი კალაძეს და ლევან კობიაშვილს ვეტერანი ფეხბურთელი უეფაში უჩივის

625
0
გაზიარება

თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელ ვაჟა ჟვანიას „გამზრდელი“, ცხადია, წაკითხული აქვს, მაგრამ კახი კალაძის გულგრილობისა და უპასუხისმგებლობის გამო, თავის მოკვლის ნაცვლად, მის მხილებას აპირებს. თავის დროზე, თბილისის მოქმედი მერი კიევის „დინამოში“ სწორედ ვაჟა ჟვანიას რეკომენდაციით მოხვდა, მაგრამ ეს ამაგი არც კი გახსენებია და როცა ვეტერან ფეხბურთელს ფეხბურთის ფედერაციასთან სერიოზული პრობლემები შეექმნა, მან მის რეკომენდატორს არც კი მოუსმინა.

ვეტერანი ფეხბურთელი „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ პროკურატურაშიც იბრძვის.
ფაქტებზე თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი, თასების თასის მფლობელი და 1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ვაჟა ჟვანია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ 2005-2006 წლებში ვეტერანი ფეხბურთელები, პირდაპირი მნიშვნელობით, სულს ვღაფავდით. გადავწყვიტე, სოციალური პროექტი გამეკეთებინა და უეფასთან დავიწყე შესაბამისი მოლაპარაკება. მივწერე, რომ ეს ადამიანები ცოცხალი ანტიკვარები არიან, სსრკ ჩემპიონატი აღარ არსებობდა, ასევე სსრკ თასის გათამაშება და აღარც თასების თასის გათამაშება. ეს უკვე ისტორიის კუთვნილებაა და ამიტომ ეს ხალხი სოციალურ დახმარებას იმსახურებს-მეთქი. უეფადან პასუხი მომივიდა, _ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა კლუბმა რომ დახმარება მოგვთხოვოს, ასე სად არისო?
მე ვუთხარი, _ არა, ბატონებო, ორად-ორი კლუბია სსრკ-ში, ეს არის თბილისის „დინამო“ და კიევის „დინამო“. ვალდებული ხართ, სოციალური პროექტი გააკეთოთ-მეთქი. დავიწყე ვეტერანების შეკრება, „საქართველოს ბანკში“ ჩემი სახლი ჩავდე, იპოთეკით დავტვირთე, ავიღე 14 ათასი, 18 ათასი, 28 ათასი… და 20 ათასიც ავიღე, მეორე ბინაც ჩავდე. მოხდა ისე, რომ ამ დროს მიკავშირდება „თიბისი ბანკი“ და მთავაზობს: 18%-იანი სესხი გაქვთ ყოველწლიური და ჩვენ გთავაზობთ 12%-იან სესხსო. ექვსი-ექვსნახევარი პროცენტი წლიურში ძალიან ბევრია, მე ათწლიანი ვადით მქონდა სესხი გამოტანილი, დამაინტერესა და მივედი. ეს არის პაატა ძიძიგური. „თიბისი ბანკში“ კარგად შემხვდნენ, ყველაფერი გააკეთეს და მოხდა პორტირება.
_ „საქართველოს ბანკიდან“ მთლიანი სესხი გადაიტანეთ?
_ რაც მქონდა „საქართველოს ბანკში“, ჩემი საკუთარი სახლის იპოთეკის პორტირება გავაკეთეთ და ხელშეკრულება შედგა. ისე კარგად მესაუბრებოდნენ, რომ ნდობითი ფაქტორი აღმოჩნდა და ხელი მოვაწერე. ვხედავ, ციფრი 30 000-ია, ანუ აბსოლუტურად ყველაფერზე წავედი, ხელი მოვაწერე, 4-5 თვის მერე დამატებით თანხა დამჭირდა და კიდევ ახალი სესხი _ 36 ათასი დოლარი გადავიყვანე საერთო ჯამში 10-წლიანი ვადით. 5 წელი ვიხდიდი ჩვეულებრივად. როგორც იყო, _ „საქართველოს ბანკშიც“ ვიხდიდი და _ „თიბისი ბანკშიც“, დაბალანსებული მქონდა სიტუაცია. 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. რა მოხდა, მგონი, თქვენთვისაც ცნობილია. მე, ვაჟა ჟვანიას, რომელსაც ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის უვადო ხელშეკრულება მქონდა ფეხბურთის ფედერაციასთან, ჩემი გაშვება მოინდომეს. მითხრეს, _ შენთან ურთიერთობას აღარ დავიჭერთო. ვეკითხები, _ რატომ, რისთვის-მეთქი? ახსნა-განმარტება არ მომცეს. მხოლოდ მითხრეს, _ აუდიტის დასკვნის შემდეგ ვისაუბრებთ და განცხადება დაწერეო. ვუთხარი, _ თქვენ ისე ცუდად იქცევით, სიამოვნებით დაგიწერთ განცხადებას, მაგრამ ეგ განცხადება არ არის ისეთი რამე, რომელიც მოგებულ სიტუაციაში დაგტოვებთ და მერე მიხვდებით, თუ რატომ-მეთქი. ისე წავიდა საქმე, რომ სესხს ვეღარ ვიხდიდი. შევხვდი „თიბისი ბანკს“ და „საქართველოს ბანკს“. ვუთხარი, შემიწყვეთ ხელი, რომ გადახდა შევძლო. 3500 ლარი მქონდა შემოსავალი, დღეს მაქვს 1500. თავიანთი პირობები წამიყენეს, რომელზედაც არ წავედი, _ თქვენ როგორც გინდათ, ეგრე არ არის, შემოსავალი აღარ მაქვს-მეთქი. ერთადერთი შემოსავალი მქონდა ბიძინა ივანიშვილის ყოველთვიური დახმარება და ეგეც მომიხსნეს, სამი წლის განმავლობაში აღარ ამიღია და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. ფეხბურთის ფედერაციას ვუხსნი, _ მოდით, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, რატომ აღმოვჩნდი მსგავს მდგომარეობაში კაცი, რომელმაც ამხელა სოციალური პროექტი შევქმენი და ყველას გავუკეთე შემოსავალი-მეთქი.
_ დავაზუსტოთ: რას ნიშნავდა ეს სოციალური პროექტი და რა შემოსავალი ჰქონდათ ვეტერან ფეხბურთელებს?
_ ვიფიქრე, უეფას მოვუგებდი და წინასწარ „რაზგონი“ ავიღე, რომ ამ პროექტის გაკეთება დამეწყო. მართლაც, 2008-2009 წლებში ვეტერანებმა უეფასგან 300 ათასი ევრო მივიღეთ და 38 ფეხბურთელს მივაღებინე სოციალური სტატუსი, ამას საბუთებით ვლაპარაკობ. მაშინ იყო 38 ფეხბურთელი, დღეს დარჩა 30 ფეხბურთელი, დანარჩენი წავიდა: შენგელია, ურუშაძე, სიჭინავა, დიდი ფეხბურთელები წავიდნენ… ეს იყო „მწვანე მინდვრის ლეგენდები“, ეგეთი რამე სხვა დროს არ მომხდარა. დღესაც გრძელდება ეს სოციალური პროექტი, უეფა ყოველწლიურად გვიგზავნის თანხას, რომელიც მათ ეძლევათ. ამას დავარქვი „სიცოცხლის გახანგრძლივება“, ვეტერან ფეხბურთელებს სიცოცხლე გავუხანგრძლივე. ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც აღარ ღებულობს ამ შემოსავალს, პროექტს ჩამომაშორეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაბუტული ვარ, ეს პროექტი მე მოვიფიქრე, მე შევქმენი და მე გავაკეთე, ზუსტად „მეს“ ვლაპარაკობ. ამიტომ არც კალაძის ტვინში მოიხარშა მსგავსი რამ, არც _ კობიაშვილის, არც _ ნოდარ ახალკაცის ტვინში, არც _ სიჭინავას ტვინში. ამიტომ იყო დადებული ხელშეკრულება ფეხბურთის ფედერაციასა და ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციას შორის, სადაც ყველა ესენი არიან გაერთიანებული: გაბელია, ჩივაძე და ა. შ., ყველა ის დამსახურებული ფეხბურთელი, რომელიც ამ გასამრჯელოს ღებულობდა. კისერზე არ ვეჯექით ფეხბურთის ფედერაციას. ამ შემთხვევაში ხელშეკრულებაში წერია: „დასაფლავება, გარდაცვალება, იუბილე, ვალების გასტუმრება, ბინის ქირის გადახდა“. რაც ხელშეკრულებაში წერია, აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი, დოკუმენტებით ვლაპარაკობ. მთელი ეს ბუღალტრული დოკუმენტები სახლში მიდევს. იქამდე მივედით, რომ ფეხბურთის ფედერაციას შარშან განცხადებას ვუწერ, 21 თებერვალს და ვეუბნები, _ რატომ მოხდა ეს, მოდით, განვიხილოთ, დამსახურებული ვეტერანი ფეხბურთელი ვაჟა ჟვანია რატომ ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში! ამიტომ სავალდებულოა, განვიხილოთ, _ თუ დამნაშავე ვარ, დავისჯები, თუ დამნაშავე არ ვარ, ხელის შეწყობა აუცილებელია-მეთქი. როგორც თქვენ არ გაგიციათ არც სიტყვიერად და არც წერილობით ამაზე პასუხი, ისე არ მიმიღია მაგათგან პასუხი.
_ თქვენ რას ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
_ მიზეზზე მე კი არ ვფიქრობ, ეს დადასტურებულიც არის _ ყველა შემთხვევაში გემახსოვრებათ ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნები 2015 წლის 3 ოქტომბერს, როცა კანდიდატები იყვნენ რეზი არველაძე და ლევან კობიაშვილი. არჩევნების წინ ხდება მოლაპარაკება, პროგრამების გაცვლა-გამოცვლა, ვინ რას გააკეთებს. ისე წავიდა საქმე, რომ ვეტერანები შევხვდით ლევან კობიაშვილსაც, რეზი არველაძესაც, მათ თავიანთი პროგრამები წარმოადგინეს, მაგრამ საქმე ისე წავიდა, როგორც ვეტერანთა ფეხბურთელებთან (თავკაცი როცა გარდაიცვალა, ვოვა ელოშვილი, მერე მე გავხდი მათი თავმჯდომარე). რეზი არველაძეს ვეუბნები, _ ვეტერანების 80%-ს უნდა კობიაშვილი, 20%-ს არ უნდა. უმრავლესობას უნდოდა ლევან კობიაშვილი და ჩვენ შევთანხმდით, რომ არჩევნებში კობიაშვილს მეტი უჭერდა მხარს. ამ განლაგებით 21-ით 12-ს აგებდა რეზი არველაძე. პირდაპირ ვამბობ, ეს მისთვისაც ცნობილი იყო. 2-ში მე რეზის ვუთხარი, _ შანსი არ გაქვს, ჯობია, კაცურად წახვიდე თეთრ ცხენზე-მეთქი. _ არა, მე მხარს მიჭერს მთავრობაცო. ვუთხარი, _ რამდენადაც ვიცი, მთავრობა არ გიჭერს მხარს, არ გინდა და თავი დაანებე-მეთქი. მეორე დღეს, არჩევნების წინ, რეგისტრაცია გავიარეთ, რიგით მეთვრამეტე ვიყავი რეგისტრაციაში, ლეგიტიმაცია მოხდა, 18 ადამიანს შეეძლო არჩევნების ჩატარება. თუ გახსოვთ, აქეთ მხარეს იყვნენ კობიაშვილის მომხრეები, იქით ოთახში არველაძეებმა ხალხი გაისტუმრეს და ოთახში ჩავიკეტეთ, ვეკითხები, _ რა ხდება-მეთქი? _ მეუბნებიან, წამალი ჩაუდეს და ღამე დააკავეს გობეჯიშვილიო. მე ვუთხარი, _ გავარკვევ-მეთქი. წავიდა გარკვევა. 8 საათის განმავლობაში მე, ვაჟა ჟვანიამ, ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია ჩავატარე და ვთქვი, _ სანამ იმ ყმაწვილს არ გამოუშვებენ, არჩევნები არ შედგება-მეთქი. ულტიმატუმს არავის ვუყენებთ, ამიტომაც იცოდეთ, რომ თუ ის ადამიანი გარეთ გამოვა, არჩევნები ჩატარდება. ეს ვთქვი მე, რაც დარჩენილია ისტორიისთვის. სურკინთან მაქვს მოლაპარაკება პირადად მე და რუსულად მეუბნება, _ ვაჟიკო, აქედან არ წავალ, სანამ იმ ბიჭს არ გამოვიყვანთო. _ არა, გენაცვალე, მანდ შენ გიზის მეორე ადამიანი, კახი კალაძე, მისი ერთი დარეკვა და ხუთ წუთში ეს ბიჭი გარეთ იქნება-მეთქი. ამიტომ არ შედგება არჩევნები, თუ ის ბიჭი გარეთ არ გამოვა. სამი შვილის მამას რა პასუხი გავცე, თანაც ხმის უფლებითაა. იქიდან მითვლიდნენ კალაძე და კობიაშვილი, _ გამოათრიეთ ჟვანიაო. იციან, რომ მე პირობა მივეცი, მაგრამ სინდის-ნამუსთან უნდა ვიყო მართალი. _ კაცის დაჭერაზე არ დავპირებივარ ხელის მოწერას, აქ გითხარით შეთანხმებულად, თანაც ფარული კენჭისყრაა და აგიხსენით, რომ 80 ვეტერანი ფეხბურთელი გიჭერთ მხარს. იქით 20 პროცენტში ხურცილავა, ძოძუაშვილი არ იყვნენ კობიაშვილის მხარეს, მაგრამ ამას არ ვაკონტროლებდი, ყოველ შემთხვევაში, ვეტერანების ამდენი პროცენტი ამას უჭერდა მხარს. ისე მოხდა, რომ კობიაშვილმა გაიმარჯვა. მე კი ისე შემოვხაზე, რომ ერთი ბიულეტენი გავაფუჭე, ასე იყო საჭირო. მერე ტელევიზიით წავიდა საუბარი, „არმიცემას“ და „ვერმიცემას“ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ვერ მივეცი იმიტომ, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინეს. ამიტომაც მაგ თამაშებიდან თქვენი გუნდიდან ოდნავ გადავიხარე-მეთქი. მეორე თუ მესამე დღეს პირობები წამიყენეს, უნდა წახვიდეო. _ კი გენაცვალე, წავალ, მაგრამ სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი, ისე არ წავალ-მეთქი.
_ როგორ გაგრძელდა ბანკებთან თქვენი ურთიერთობა?
_ ასე დამემართა ბანკებთანაც, მომიჭირეს, მომიჭირეს. გავაგებინე, „თიბისი ბანკს“ ვხვდებოდი, გაშავებული ვიყავი, ვხვდებოდი „საქართველოს ბანკსაც“, პარალელურად მთელი ეს მსვლელობები მიდის და ვუხსნი, _ შემიწყვეთ ხელი, შემიძლია ამდენი და ამდენის გადახდა-მეთქი, მაგრამ არავინ არ წამოვიდა დათმობაზე. ეჭვი გამიჩნდა, ამ ეჭვის უფლება მაქვს, რომ ისინი რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ბანკები იმიტომ მაწვებიან, რომ იციან, წვდომაა ჩემს ანგარიშებთან და ჰგონიათ, რომ ჟვანია თუ არ გადაიხდის, არსებობს ეს სოციალური პროექტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ფეხბურთის ფედერაციამ მაინც გადაუხადოს. თან მე კობიაშვილს ვწერ, _ მიშველეთ, ასეთ მდგომარეობაში ვარ, ვერ ვიხდი და დამეხმარეთ-მეთქი. მეორე განცხადება დავუწერე. ამ დროს სასამართლოები იმართება, უკვე მსვლელობაში შევიდა. თავი გადავდე და ისევ მივმართე კობიაშვილს, _ გამეცით პასუხი-მეთქი. კორექტულად ვესაუბრები, არ ვილანძღები და არ ვაგინებ. ვეუბნები, _ არსებობს უეფას ეთიკის კოდექსი, კალაძეც იყენებდა, თუ გახსოვთ, ეთიკის კოდექსს. მე გავაგებინე ამ უწიგნურებს, რომ თქვენ ხართ ფიფას და უეფას წევრები, ამიტომ ვალდებული ხართ, დაიცვათ ფიფას და უეფას კანონები, 10 პუნქტია ეთიკის კოდექსში, მისი დევიზია: „ჩვენ ვართ ოჯახი, რომელიც სამართლიან თამაშს თამაშობს“. კოდექსში წერია: „ფიფას აღმასკომს და ფიფას საგანგებო საკითხების მოგვარების კომიტეტს აქვს უფლება, დროებით შეუჩეროს პიროვნებას თავისი მოვალეობები და გამოაცხადოს იგი „პერსონა ნონ გრატად“, შესაბამისი საქმე უნდა წარედგინოს ფიფას სადისციპლინო კომიტეტს დამატებითი სადისციპლინო ნორმების დასაწესებლად“.
ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია კობიაშვილს დაარტყას, მაგრამ ეს რომ მოხდება, მერე ქვეყანასაც დაარტყამენ, ეს ძალიან კარგად მესმის და ამიტომ მე უნდა ამოვწურო აბსოლუტურად ყველაფერი. მეორე წერილზეც პასუხი არ გამცეს _ არც სიტყვიერი და არც წერილობითი. სიტყვიერი ნიშნავს იმას, რომ პასუხი გამცეს მაინც, _ მკიდიხარ ერთ ადგილზეო. შეხვედრას ვითხოვ, შევხვდი სათითაოდ ფიფიასაც ვუთხარი, _ მე ვარ თბილისის „დინამოს“ დამსახურებული ვეტერანი ფეხბურთელი, ნება იბოძე, აღმასკომის წევრი ხარ, გააგებინე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ცუდი რამე მოხდეს-მეთქი. ვერაფერი გააკეთა. მეუბნება, _ კალაძე ნახეო. ფიფიას ვეკითხები, _ რატომ უნდა ვნახო, კალაძეა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი-მეთქი?! _ არა, მაგრამ უნდა ნახოო. წავედი, ვნახე კობიაშვილი და იგივეს მეუბნება, მუჯირიც იგივეს მეუბნება, ვეტერანი ფეხბურთელი, აღმასკომის წევრი ჯამარაულიც იგივეს მეუბნება, _ ნახე კალაძეო. მე ვეკითხები, _ კალაძე წყვეტს ყველაფერს-მეთქი? შეხვედრა მოვინდომე. თვითონ არ გამიკეთეს და არ მინდა დავასახელო, ვისი მეშვეობით მოხერხდა კონტაქტი, კალაძეს „ჩათში“ მისწერა და ის დაჰპირდა, _ რაზეა საუბარი, შევხვდებიო. როგორც თქვენ შეხვდით, ისე მე შევხვდი კალაძეს. ის ადამიანი ერთი თვის მერე მეკითხება, _ რა ქენიო? ვუთხარი, _ ვცდილობდი, მესიჯებით ვწერდი, მაქვს ეგ მესიჯები, არ გამიკარა-მეთქი. მითხრა, _ მაგას ვაჩვენებ სეირსო. _ არ არის საჭირო, ახლა ის იყოს თქვენს ვალში, რახან მან არ შეასრულა პირობა, ამიტომაც აბსოლუტურად არ მჭირდება მასთან შეხვედრა, მე ვიცი ჩემი საქმის-მეთქი. ადამიანმა ჩემი ორწუთიანი შეხვედრა მოინდომა, დაგიდასტურეთ და არ შემხვდით, მე არსად მეჩქარება, მოვა დრო და მასაც მოვთხოვ პასუხს-მეთქი. ცამდე მართალი ვარ, ახლა სასამართლოები მაქვს და სამოქალაქო დავებს გავყევი, ამ სამოქალაქო დავაში მოსამართლეს ვუხსნი, _ ეს არ არის სამოქალაქო დავა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია-მეთქი. ის მეუბნება, _ დაგაჯარიმებთო. _ ბატონო მოსამართლე, მე შემიძლია, სისულელეც ვილაპარაკო, მაგრამ თქვენ უნდა მომისმინოთ და მერე გამცეთ პასუხი-მეთქი.
_ ვინ არის მოსამართლე?
_ პირველი იყო კაკაბაძე, სამოქალაქოზე ვლაპარაკობ. მაშინ „თიბისი ბანკმა“ საჩივარი შეიტანა, რომ მე უნდა გადავუხადო ის პროცენტები, რომელიც დაგროვდა _ 23 500 დოლარი. საბოლოო ჯამში, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს 28 ათას დოლარზე თავისი ჯარიმებით და საურავებით. სასამართლომ 28 ათასი დოლარის გადახდა გამოიტანა. მერე „თიბისი ბანკმა“ დამიბარა, გვარსა და სახელს ვამბობ, ყველაფრის იდენტიფიცირება დოკუმენტურად თან მაქვს, ეს არის ვიღაც რატიანი, „თიბისი ბანკის“ ამომღები ჯგუფი, სადაც შევხვდი მას და მის კოლეგას, იმის გვარი არ მახსოვს. ხელს ვადებ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ ოფისში ასე მესაუბრნენ, _ ახლა სასამართლოს გადაწყვეტილება არის და გადმომიფორმე ეს სახლიო, „ბლატაობა“ დამიწყეს. ვკითხე, _ ჩვენი საუბარი თუ იწერება-მეთქი. _ არაო. _ რატომ არ იწერება-მეთქი? თქვენ გაწყობთ, რომ არ ჩაიწეროთ. რახან თქვენ ასე გინდათ, დავიწყოთ, როგორც გაგიხარდებათ, არც ზრდილობა გაქვთ და არც კულტურა. ითხოვდნენ, გადმოგვიფორმე სახლი, ყოველთვიურად შემოიტან 400 დოლარს და იმ დავალიანებას 2 წლის განმავლობაში თუ ვერ გადაიხდი, სახლს გაგიყიდითო. _ ვერაფერსაც ვერ გამიყიდით, სამართლებრივად შევუბეროთ-მეთქი. მართლაც „შევუბერეთ“ სამართლებრივად. ისე მოხდა, რომ სახლი აუქციონზე გაიტანეს, მე არ მივიღე მონაწილეობა. ინფორმაციები მოდიოდა, რასაც აპირებდნენ. მყიდველი მონაწილეობს, ვიღაც ლევან ნაზღაიძე და საბუთებით ვამტკიცებ, რომ ის ბანკის თანამშრომელია, ყოველ შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენელია, რომელმაც შეიძინა ჩემი ორსართულიანი სახლი ყაზბეგის ქუჩაზე, მანსარდით, 100 კვადრატული, დუპლექსი გამოდის, რომლის ღირებულებაც დღეს არის 120-130 ათასი დოლარი, მაგრამ „თიბისი ბანკს“ 82.138 დოლარად ჰქონდა შეფასებული. ვეუბნები, _ 82 000-ს გამოაკელით ის 33 ათასი, პროპორციულად მომეცით ის ფული, რომ იქიდან სადმე პერიფერიაში გადავიდე, რომ ოჯახი ქუჩაში არ დარჩეს-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, აბსოლუტური იგნორი გააკეთეს. დაიწყო იმ ნაზღაიძემ ბანკთან ერთად ჩივილი, მოვიდნენ ჩემთან, _ ჩვენ კეთილსინდისიერი მყიდველი ვართო. როგორ ხარ კეთილსინდისიერი მყიდველი, აქ 80 ათასზე ნაკლებად ასეთ სახლს ვერ იყიდი, წადი, გაიკითხე და მტკიცებულებაც მაქვს, 33 ათას დოლარად როგორ იყიდე ჩემი სახლი? მიიღე მონაწილეობა აუქციონში, ფული არ გქონია და სესხი „თიბისი ბანკმა“ არ გაგიფორმა და გიფორმებს „საქართველოს ბანკი“. ამიხსენი, რანაირად შეძელი, თუ ამათთან ერთად არ ხარ? ჩემი დოვლათით შენ იღებ სესხს და ჩემი შვილების სახლს ისაკუთრებ, ანუ აქ კონსტიტუციაც არის დარღვეული, დანაშაულია ჩადენილი იმიტომ, რომ პროპორცია არასწორად არის, 80 ათასს რომ გამოვაკლოთ ეს 31 ათასი დოლარი, 49 000 დოლარად თბილისის ნებისმიერ პერიფერიაში სახლს ვიყიდი. ამიტომ თქვენ ხართ ყაჩაღები, ქურდები, ბანდიტები და თაღლითები, როგორც იქცევით „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“. ჩემზე კი არ უნდა გეჩივლა, შენ უნდა გეჩივლა „თიბისი ბანკისთვის“, რომელმაც პრობლემები შეგიქმნა და რახან შენ იმას არ უჩივი და მე მიჩივი, აქ გამოჩნდა თქვენი ერთად ყოფნის ტანდემი, ამიტომ შესაძლებელია, თაღლითობაში გახვიდე და დასაჭერად გაგიხდეს საქმე. მე გითხარი ჩემი სათქმელი, ამიტომაც ფხიზლად იყავი- მეთქი. „თიბისი ბანკმა“ სახლი 33 ათას დოლარად გაყიდა, რომლითაც ჩემი თავი-ფული შეავსო, ის, რომელიც მქონდა აღებული, გადახდილი მაქვს. რეგულაციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გამოსცა, მანამდეც, 8 თვის განმავლობაში, არაფორმალურმა თუ ფორმალურმა მმართველმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მეოთხე ხელისუფლებას _ პრესას და ტელევიზიას უთხრა, რომ იპარავდა და გაქურდა ქვეყანა „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმაო“. ორი ბანკი დაასახელა. მერე სააკაშვილი გამოდის და საუბრობს, მერე ბახტაძეც ამბობს: თუ 2013 წლამდე თავი-ფული გადახდილია, პროცენტებს არ იხდის მსესხებელიო. მტკიცებულება მაქვს, რომ თავი-ფული გადახდილი მაქვს. ჯანდაბას, ის პროცენტებიც წაიღეთ, დანარჩენი სად არის?! რახან შენ ძალიან დიდი რესურსების მატარებელი ხარ, არ გაქვს უფლება, ქვეყანაში პრობლემა შეუქმნა, ამ შემთხვევაში, 26 და 28 წლის ორ ადამიანს, რომელსაც ცოლ-შვილი არ ჰყავს. შენ ქუჩაში ტოვებ მათ, აქედან გამომდინარე, ქვეყანას პრობლემას უქმნი. თქვენ ჩემი სახლი დაისაკუთრეთ, ანუ იყაჩაღეთ, აქ ჩანს თაღლითობა, რომ 30 ათასი კი არ მომეცით, მიხსნით, რომ 300 ათასი ტრანში მაქვს გახსნილი და თურმე ეს 300 ათასი გამოვიყენე და ამის უკან დაბრუნებას მთხოვთ, თქვენ ხომ არ გაგიჟდით?! დამისაბუთეთ, რომ მე 300 ათასი დოლარი ავიღე, ჩნდება ეჭვი, რომ ეს 300 ათასი დოლარი ვიღაცამ გამოიყენა, აქედან გამომდინარე, „თიბისი ბანკმა“ თავისი ფული ამოიღო _ 70 ათასი დოლარი. ახლა დადგა „საქართველოს ბანკის“ ჯერი, რომელიც მედავება ვალს _ 8246 ათას ლარს და მეუბნება, რომ იყო ოვერდრაფტი და სესხით შეიცვალა. ვეუბნები, _ მაჩვენეთ ოვერდრაფტის ხელშეკრულება და ისიც მაჩვენეთ, რომ სესხით შეიცვალა. ყველა ხელშეკრულება მაქვს, ამონაწერიც, ყველაფერი მაქვს. ბუნებაში არ არსებობს, ოვერდრაფტი ავიღო. ეს არის უნიკალური თაღლითობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, სისხლის სამართლის დამნაშავეები გახდეთ-მეთქი.
_ რაიმე დოკუმენტი გაჩვენეს „საქართველოს ბანკში“?
_ არა, ქალბატონო ელისო, რას ამბობთ… ახლა გეტყვით, საბოლოო ჯამში, სად მივდივართ: მე ვიქცევი როგორც წესიერი მოქალაქე, კანონმორჩილი ადამიანი, ყველა რესურსი ამოვწურე. ამათ უნდათ, ფეხბურთის ფედერაციას დააწერონ. გამოჩნდა ფაქტი, რომ ფეხბურთის ფედერაციის გაწეწვაც უნდოდათ. თან, 300 ათასი ევროს წვდომა აქვთ. თურმე, ის 300 ათასი დოლარი თაღლითურად იმიტომაც გამიფორმეს, რომ ფიქრობენ, 300 ათასი ევრო აქვს ჟვანიას, გადამხდელუნარიანიაო. აქ ჰაკერები მაგრად მუშაობენ. მაჩვენონ, რომელი ფილიალიდან ჩაირიცხა ჩემს ანგარიშზე, მაჩვენონ ოვერდრაფტის ხელშეკრულება, მაჩვენონ სესხის ხელშეკრულება, აბსოლუტურად არ არსებობს. ამის მერე ეს რომ გავაკეთე, გენპროკურატურაში მივდივარ, განცხადებას ვწერ თადუმაძის სახელზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ტერიტორიული ქვემდებარეობით, _ რომელ ფილიალშიც არის ფაქტი მომხდარი, აღმაშენებელზე, იმ ადგილმდებარეობით. გამომძიებელი არის ეკატერინე ადუაშვილი, ზემდგომი პროკურორი _ მაია ჟვანია. ჩვენება მივეცი, დოკუმენტების ასლები 20 თებერვალს ჩავაბარე, თვე-ნახევარი გავიდა, 45 დღეზე მეტი და ამ დრომდე არ ვიცი, რა სტადიაშია გამოძიება. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები. თუ ადამიანს შემოსავალი 170 ლარზე ნაკლები აქვს, მაშინ იუსტიციას, აღსრულებას უფლება არ გააჩნია, ბინა დაგიყადაღოს ან აუქციონზე გაგიყიდოს. ვაჩვენებდი, რომ სამი წლის განმავლობაში არც ერთი კაპიკი შემოსავალი არ მაქვს, რანაირად გადავიხადო, უნდა მოვიპარო?! ვეუბნები, _ გაყიდე პროპორციულად და დანარჩენი მომეცი. ახლა აგიხსნით, რას აკეთებს „საქართველოს ბანკი“ _ ყოველთვიურად მიგზავნის, რომ თურმე ჩემი „კარტა“ მუშაობს, რომელიც მაშინ დამიბლოკეს და გამიუქმეს, ნოემბერში ჩამირთეს. ამაზე ყურადღება რომ გადავიტანო, ამ პერიოდში სამოქალაქო სასამართლოს დამთავრებას ელოდებიან.
ბუნებაში არ არსებობს ოვერდრაფტი, მერე სესხი და გაჩვენებთ, როგორ მიდის მსვლელობა. ვეუბნები, _ თუ მე თქვენი ვალი მაქვს სამი წლის განმავლობაში, შეიტანე და სამართლებრივად შეუბერე, და არ შვრებიან. იცით რატომ არ შვრებიან? იმიტომ, რომ მოვალეთა რეესტრში აჩვენებენ, _ ვაჟა ჟვანიას 8 ათასი უკვე 30 ათასი გახდა. ამიხსნან, როდემდე უნდა გაზარდონ? ვუთხარი, _ დასაჭერად გაგიხდით საქმეს, ეს თაღლითობაა-მეთქი. თბილისელი კაცი ვარ და მიყვარს კონკრეტიზაცია, რომ მერე არ მითხრან _ არ გაგვაფრთხილე, არ გვითხარი, ზურგში დანა ჩაგვარტყიო, მე ასე ვცხოვრობ, სახელი მირჩევნია ყველანაირ დიდებას, იმიტომ გავეცალე ფეხბურთის ფედერაციას, მე მათი ლუსტრაცია გავაკეთე. კაცი არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საკანონმდებლო ხელისუფლებაში პარლამენტარი, გაგებაში არ არის. ერთიც ფეხბურთელია, მეორეც ფეხბურთელი, ამიხსნან. მე მიხაროდა, კალაძე ჩემი რეკომენდაციით მოხვდა უკრაინაში, ეს მამამისმაც იცის. ოთხი თამაში მომიწია თბილისის „დინამოში“ მწვრთნელობა, სანამ დათო ყიფიანი ჩამოვიდოდა. მე დავაყენე გზაზე ეს ბავშვი. ვკითხე, _ ვინა ხარ, რა ხარ, კარლოსი რა ხარ-მეთქი? _ შვილი ვარო. მე ვუთხარი, _ ე. ი. სისხლში გქონია თამაში-მეთქი და ოთხი თამაშის მერე ნოდარ ახალკაცი მიბარებს და მეუბნება, _ ვინ არისო? ვუთხარი, _ ნოდარ ფარსადანოვიჩ, იწოვს, ისეთი ნიჭიერია, რაც ავუხსენი, ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა-მეთქი. მაშინ ერთ რამეს გკითხავ, _ ლაბანოვსკი მთხოვს „ლევი ზაშჩიტნიკსო“. _ აუ, ზედგამოჭრილი კიევის „დინამოს“ შესაფერისია-მეთქი. _ მაშინ მომცემ უფლებას, ლაბანოვსკის ვუთხრა, რასაც შენ ამბობო, ანუ რეკომენდაციას გაუწევო? _ რაზეა საუბარი-მეთქი. ზუსტად მისცა და აიყვანეს.
_ რა კარგი „მეხსიერება“ ჰქონია კალაძეს, როგორ დაგიმახსოვრათ ეს სიკეთე.
_ მერე რომ შევხვდი, 12 კაცი იჯდა იქ, წყნეთში ვიყავით და ვეუბნები: გულზე ხელი დაიდე, კახი, როდესმე შემიწუხებიხარ-მეთქი? _ რატომ მეკითხებიო? _ ღმერთმა დამიფაროს, ღმერთმა ისე არ გამიჭირვოს, რომ შეგაწუხო-მეთქი, მაგრამ ამხელა საქმე რომ გაგიკეთე, მთელი ცხოვრება ვალში იქნები. ერთი რამე იცოდე, ვალს გასტუმრება სჭირდება-მეთქი. აი, ვალის გასტუმრებაც ასეთი იყო.
_ ახლა რას აპირებთ?
_ ამას რომ მოვრჩები, ფიფას უნდა ვაცნობო, ის საქმის კურსშია, 18 ივნისს აქ იყვნენ ჩამოსულები, კომიტეტის წევრები არიან. გეუბნება, _ ეთიკის კოდექსი 2006 წლის 6 ოქტომბერს არის დამტკიცებული ფიფას მიერ, 10 მუხლია, თუ რომელიმეს დაარღვევ, „პერსონა ნონ გრატად“ იქცევი, ოღონდ, მტკიცებულება უნდა დადო.
_ აპირებთ, რომ მიმართოთ ფიფას და უეფას?
_ რა თქმა უნდა. ჩემი პატივისცემა ინტელექტს, ვაჟკაცობას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! თბილისელი ადამიანი ვარ და ამ გორსალებს თავს არ დავაჩაგრინებ, თბილისელები გორსალებს ეძახდნენ გაუნათლებლებს, თორემ იმათ კი არა, ვინც პერიფერიიდან იყო. აი, ესეც არ ესმით.

ელისო კილაძე

 

დატოვეთ კომენტარი