გიორგი იმედაშვილი: „საქართველო სისხლისგან იცლება!“

ქართულ პოლიტიკა დღითი დღე სახეს კარგავს, პოლიტიკოსები პირადი ინტერესებისთვის დიდი მონდომებით იბრძვიან. ამ ფონზე კი აღარავის ახსოვს ის ადამიანები, რომელთათვისაც ქვეყნიდან გაქცევა ერთადერთი გამოსავალია. მათ შორის არიან პერსპექტიული, პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდები. ისინი საქართველოში დარაზულ მომავლის კარს უცხოეთში აღებენ.

რა ვითარებაა ქვეყანაში? რატომ უწევთ ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნის იძულებით დატოვება? რა გზა უნდა ავირჩიოთ არსებული რეალობის შესაცვლელად?
ამ თემებს რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ განვიხილავთ.

„ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ გიორგი იმედაშვილს ესაუბრა:

_გიორგი , როგორ შეაფასებ ქართულ პოლიტიკაში არსებულ მდგომარეობას?
_ „ქართული ოცნება“ პარტია არ არის, ის კონკრეტული ინტერესის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა პერიოდული ერთობაა, რომელიც ხან იცვლება, ხან _ არა. მას პარტიად ვერ მოვიაზრებთ. მით უმეტეს, როცა დღევანდელ ვითარებაში მას არც ერთი კოალიციური წევრი აღარ დარჩა, გარდა ერთადერთი გამაერთიანებლისა და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ეს პოლარიზაციაა _ ერთ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი, მისი მონა-მორჩილი ე. წ. პოლიტიკოსებით, რომლებიც, სინამდვილეში, პოლიტიკოსები არ არიან, რადგან მათ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი მრწამსი და ხედვა თუ რისთვის იბრძვიან პოლიტიკური თვალსაზრისით; მეორე მხარეს კი დგას ყველა სხვა, ვინ ცდილობს, რომ საქართველოში იყოს დემოკრატიის რაიმე სახის წინსვლა. ყველაფერ ამას უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, ყველა იმ 10-ზე მეტ პარტიას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არის გაერთიანებული, ასევე იმ პარტიებსაც, რომელიც არ შედის ამ გაერთიანებაში. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ღიად პრორუსულ და კოლაბორაციონისტულ ძალებს, რომელთა არსებობაც, თავის მხრივ, მხოლოდ ასეთ საქართველოშია შესაძლებელი, სადაც მთავრობა, გარკვეულწილად, ხელს უწყობს მათ საქმიანობას და ზურგიდან ფარავს. აქედან გამომდინარე, პოლარიზაცია ხდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და ყველა დანარჩენს შორის. ეს კარგად გამოჩნდა ორ შემთხვევაში. პირველი: მოსამართლეების უვადოდ დამტკიცება და მეორე: საარჩევნო რეფორმის ყოველგვარი დაბლოკვა. სახელმწიფოს სტრუქტურები ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ცდილობენ, რომ არ მიიღონ საარჩევნო რეფორმა და დატოვონ მაჟორიტარული არჩევნები, რაც მისთვის ხელისუფლებაში დარჩენის ერთადერთი შანსია. ეს წესი ქართველი ერის არჩევანის გამყალბებელია. სწორედ ეს არის დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე წყალგამყოფი.
_ გრიგოლ ვაშაძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა რას მოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“ და აისახება თუ არა ეს ფაქტი უარყოფითად მიხეილ სააკაშვილზე, როგორც ლიდერზე?
_ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური პარტიაა, ანუ მას აქვს მყარი პოლიტიკური ბაზისი, წარსული, თანამედროვეობა და, სავარაუდოდ, მომავალიც, რომელზეც ის დგას. აქედან გამომდინარე, მის პოლიტიკურ იდეოლოგიაში დიდი გავლენა ექნება იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებმაც ის შექმნეს. პირველი ყოველთვის იქნება მიხეილ სააკაშვილი, რადგან ეს მისი დაფუძნებული პარტიაა. როგორც ბოლშევიკების პარტია ვერ გამოეყოფოდა ლენინის სახელს სიცოცხლის ბოლომდე, როგორც ლიკუდი ვერ გამოეყოფა მისი დამფუძნებლის, მენახემ ბეგინის სახელს, ზუსტად ასეთივე სიტუაციაა ამ შემთხვევაში. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, ყოველთვის იქნება კონკრეტული პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, სწორედ ამიტომ, წნეხის, უფულობისა და პოლიტიკური დევნის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და ოპოზიციად არსებობს. ეს არის ერთადერთი შემთხვევა საქართველოში, როცა მმართველი ძალა ოპოზიციაში დარჩა, ყველა სხვა მმართველი ძალა ხელისუფლების შეცვლისას განადგურდა. მაგალითად, ასე დაემართა „მრგვალ მაგიდას“, „მოქალაქეთა კავშირს“ და დარწმუნებული ვარ, ასე დაემართება „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება თავმჯდომარის ცვლილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი განთავისუფლდა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ჩვენი კონსტიტუციით ასეა. მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პოლიტიკური ფიგურები არიან, განსაკუთრებით გამოხატვის ფორმებით, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რაც არ გააჩნია „ქართულ ოცნებას“ _ მსგავსი პოლიტიკური იდეოლოგია. ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას არა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აღარ არის, არამედ იმიტომ, რომ მან იცის, რას წარმოადგენს ეს პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ცვლილებით, მხოლოდ და მხოლოდ, გაძლიერდა. გრიგოლ ვაშაძის გამოცდილების, სტაჟისა და გაქანების პოლიტიკოსი საქართველოში არ მეგულება. ამიტომაც ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ პარტიას გააძლიერებს, არამედ _ კოალიციასაც. სწორედ გრიგოლ ვაშაძეა ამ კოალიციის გარანტი, მისი სახელის უკან გაერთიანდა პირველად ეს კოალიცია. საბოლოო ჯამში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ისეთ მოცემულობას, როცა ყველა, ვინც დღევანდელ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების წინააღმდეგია, ერთად დადგება.
_ ხშირად აღნიშნავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩენა „ოცნებას“ აწყობს…
_ „ნაციონალური მოძრაობის“ სიძულვილი ერთადერთი პოლიტიკური აჯენდაა (დღის წესრიგი, _ რედ.), რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. სხვა პოლიტიკური მესიჯი მათ არ გააჩნიათ. ფაქტია, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობა არ აწყობთ, ეს მყარდება იმით, რომ ყველა შესაძლო მეთოდით გვებრძოდნენ. დღემდე პარტიას შეზღუდული აქვს დაფინანსების წყაროები, ლიდერები ციხეში ჰყავს, ნაწილი ქვეყნის გარეთაა გაქცეული, უამრავი პოლიტიკური პატიმარია; ბოლო მსხვერპლი, დავით კირკიტაძე, რომელმაც რუსთავში ორივე ტური მოიგო, დღეს ამისთვის ისჯება და ციხეში ზის. ეს არის პოლიტიკური დევნა და კარგად გვახსოვს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის გამონათქვამი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან უნდა გაქრეს, _ ეს არის მათი მთავარი პოლიტიკური მიზანი. ხალხმა და მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია უმტკივნეულად ჩაანაცვლოს „ქართული ოცნება“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ პარტიას შეუძლია ქვეყნის ჭაობიდან ამოყვანა და იმ რელსებზე დაყენება, რომელზედაც ქვეყანა იდგა. ეს მეხსიერება ხალხში ჯერ კიდევ ცოცხლობს.
_ ამ პოლიტიკური პროცესების პარალელურად ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, რამდენად რთული ვითარებაა და როგორ გგონია, რა არის გამოსავალი?
_ ეს არის ზუსტად რუსული მოდელი. 90-იან წლებში ეს რუსეთში უკვე გაკეთდა, მაქსიმალურად ღიად დატოვეს კარი. ჩვენთან ეს განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მოხდა. ახალგაზრდებს გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ადგილი არ არის. თუ თქვენ გინდათ ცხოვრება მერიტოკრატიაში, სადაც წარმატება წყდება არა იმით, ვის იცნობ და ვის შეუსრულებ კარგად ბინძურ საქმეებს, არამედ განათლებით, კვალიფიკაციით და ა. შ., თქვენ ასეთ შემთხვევაში წასვლა მოგიწევთ. „ღარიბაშვილები“ ამ ქვეყნის დათმობას არ აპირებენ. ხელისუფლების მესიჯი ცხადია, _ ის იმ ხალხთან იქნება კარგად, ვინც მათთან მაქსიმალურად ყველა საკითხზე ითანამშრომლებს, მათი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, დანარჩენისთვის კი კარი ღიაა, მათ ეუბნებიან, რომ აქ კარგი არაფერი ელოდებათ. აქედან გამომდინარე, „გაეროს“ სტატისტიკით საქართველო, ბოლო წლებში, 800 000 ადამიანმა დატოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში მომავალს ვერ ხედავენ. ყველას, ვისაც უცხოეთში რამის გაკეთება შეუძლია, მიდის. არადა, როგორც წესი, საზღვარგარეთ რაღაცის გაკეთება ძალიან ნიჭიერ ხალხს შეუძლია, აქედან გამომდინარე, საქართველო სისხლისგან იცლება. ეს არის სპეციფიკური „გაკულაკების“ სისტემა, რაც რუსეთში ყოველთვის ხდებოდა, ანუ მოსახლეობას იმ დონეზე აღარიბებენ, რომ ქვეყნიდან წავიდეს, ვინც დარჩება, იძულებით ყმებად აქციონ. ეს უკვე გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათ მოსახლეობას პირობა წაუყენეს, _ ან აირჩევთ სალომე ზურაბიშვილს და არ მიაქცევთ ყურადღებას, რას ამბობს ის თქვენს სამშობლოსა და სოხუმზე, ან წახვალთ ქვეყნიდან. ეს მიდგომა ხელისუფლებას უადვილებს სახელმწიფოს მართვას, არა როგორც დემოკრატიული სახელმწიფოსი, არამედ როგორც მათი ფეოდის _ სამფლობელოსი. ამიტომ მათ არ აწყობთ თავისუფალი, კომპეტენტური ახალგაზრდების ან თუნდაც ასაკოვანი ადამიანების ჩართვა, მით უმეტეს, პოლიტიკურ პროცესში. მათ სურთ, ყველა ბიზნესმენი მათი „ხელის ბიჭი“ იყოს, ყველა ტელევიზია იმ ტრენდზე დაჯდეს, რომელზედაც ისინი გადაწყვეტენ. თუ ვინმე შეეწინააღმდეგება, მას ყველანაირად შეზღუდავენ და თუ საჭირო გახდა, ასეთი ადამიანი მათთგან პირდაპირ პოლიტიკურ დევნას მიიღებს. ამიტომაც მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი შევკრიბოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. უნდა ვაჩვენოთ ღიად, რომ ეს ადამიანი იმ ჩონჩხსაც დაშლის, რასაც დღეს ქართული სახელმწიფო ჰქვია. ქართული სახელმწიფო ისევ გადაიქცევა იმ გეოგრაფიულ ერთეულად, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო, ერთი ძალიან დიდი ქვეყნის მიყრუებულ პროვინციად, რომელშიც უნდათ კლუბს დაარბევენ ან პოლიციელი დააყაჩაღებს ბანკომატებს, ან წამალს გაყიდიან და საერთოდ, რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ. რაც ასლან აბაშიძის დროს ხდებოდა აჭარაში, ზუსტად იგივე ხდება, _ ხან მირზა სუბელიანის დაჯგუფება გადაეკიდება ფარცხალაძისას და ა. შ. ამიტომაც ხელისუფლებას უნდა შევუზღუდოთ მისი მოქმედების არეალი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, ვინ არის ამ ძალის მთავარი მოწინააღმდეგე და სწორედ ამიტომ მას აძლევს ხმას მიუხედავად იმისა, რომ ბოლო არჩევნებზე საშუალება ჰქონდა, ე. წ. მესამე ძალაზე გააკეთებინა არჩევანი. მან ეს არ გააკეთა, რადგან მოსახლეობის შეკვეთა აღარ არის „ქართული ოცნების“ შეცვლა, უკვე დასჯაა შეკვეთილი. ამიტომაც ირჩევენ რადიკალურ მოწინააღმდეგეს, თუმცა მსგავსი მიდგომა უნდა დასრულდეს, ეს ერთხელ უკვე გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ედუარდ შევარდნაძე ყველანაირი პასუხისმგებლობის გარეშე დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ შესაძლებელი იყო სისხლის სამართლის საქმის აღძრვა. ეს ჩვენს რეგიონში იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაინდეს. ეს აუცილებლად დასანერგია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაკეტილი წრიდან ვერ გავაღწევთ. ჩვენ პოლიტიკურ პროცესში უნდა ჩავრთოთ ის ადამიანები, რომლებსაც ამის გაკეთება პატიოსნად შეუძლიათ, _ ძველი სახე იქნება თუ ახალი, ასევე რა ასაკში იქნება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ ვაწყდებით პრობლემას, რომ ამ პირობებში ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლა არ უნდებათ, ორი ალტერნატივა აქვთ _ ან ბიძინა ივანიშვილის მომხრედ უნდა მოვიდნენ, ან მის წინააღმდეგ. ძალიან კარგად მესმის, რატომ არ უნდათ ივანიშვილის მომხრედ პოლიტიკაში მოსვლა, იქ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არაფერი ხდება, იქ ერთი ადამიანის ირგვლივ შეკრებილი მლიქვნელური საზოგადოებაა, რომელშიც შესვლა არ უნდათ. ხოლო ხალხი ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ არის, ამ ქვეყანაში კარგად ვერ ცხოვრობს. მთელი ეს პროცესი ახალგაზრდებს პოლიტიკაში ჩართვას ურთულებს. თუმცა საკუთარი ქვეყნის ბედით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული და ჩვენ კარგად გვახსოვს, როცა ახალგაზრდებმა თვითორგანიზებულად მოაწყვეს დიდი კამპანია მცდარი სამთავრობო ქმედებების წინააღმდეგ, რამაც, გარკვეულწილად, დიდი ცვლილება შეიტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მჯერა, რომ ქართული ახალგაზრდობა თავის სიტყვას იტყვის. ღრმად მწამს, რომ საქართველოს ასეთი თავისუფალი თაობა, როგორიც ახლა მოდის, თუნდაც პოლიტიკაში ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უკვე საუკუნეებია, არ ჰყოლია. ეს მარტივად დასადგენია, რადგან ისინი დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, აღარ აქვთ დაბადების მოწმობები სსრკ-ს სიმბოლიკით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

ნენე ინჯგია