მაია სამიტაშვილი: „როსტომ სესიაშვილი აყვირდა, ხელები მიქნია: „შენ ვინ ხარ, ვინ გეკითხება და კიდევ რას მიბრძანებო?“

ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი უფროსი, მაია სამიტაშვილი, გასული წლის დეკემბერში მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. როგორც მედია იუწყებოდა: „ყვარლის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ მაია სამიტაშვილს თანამშრომელი ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მანანა ელოშვილი ამბობს, რომ სამსახურის ხელმძღვანელი რამდენიმე თვეა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას აიძულებს.
ელოშვილი, რომელიც ამ სამსახურში მეთოდისტის თანამდებობაზე მუშაობს, ყვება, რომ სამიტაშვილი სამუშაო ოთახში შესვლას უკრძალავს და სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით არათანაბარ პირობებში აყენებს“.

„5 წელია, ამ სამსახურში ვარ. რაც ის ამ თანამდებობაზე 2015 წელს მოვიდა, მას შემდეგ გადამეკიდა. მეუბნება, რომ ჩემი თანამდებობა გინდოდა და არ გაგახარებო. თანამშრომლებს ჩემთან ურთიერთობას უკრძალავს. ყვარლის მერიც ჩავაყენე საქმის კურსში. ისე დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა, რომ პოლიციაც გამოვიძახე“, _ ამბობს მანანა ელოშვილი.
ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი. მაია სამიტაშვილი აცხადებს, რომ პირიქით, მანანა ელოშვილი ცდილობს მასზე ზეწოლას.
„მისი ქმარი მოკვლით მემუქრებოდა. ამ ცრუ ბრალდებებზე მივმართავ პროკურატურას“, _ აღნიშნავს მაია სამიტაშვილი.
თებერვალში ყვარლის მერმა ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გაათავისუფლა.
სამიტაშვილის განთავისუფლებას როსტომ სესიაშვილი ასე ეხმაურება:
„სამსახურიდან მისი განთავისუფლების მთავარი მიზეზი იყო ადამიანებთან არაჯანსაღი დამოკიდებულება. ის კონფლიქტური გახდა, რის გამოც ყველასთან დაეძაბა ურთიერთობა, მათ შორის, ჩემთან“.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამიტაშვილის განთავისუფლების შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი, რომელმაც, რატომღაც, სწორედ ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ბოტკოველის განმარტებით, რამდენიმე ბაგა-ბაღში ბავშვების ყოფნა სახიფათოა, რადგან ზაფხულობით ქვეწარმავლები გამოდიან.

მაია სამიტაშვილი კი მანანა ელოშვილთან დაპირისპირებას სხვაგვარად ხსნის და მერთან კონფლიქტში თავად მერს ადანაშაულებს:
_ 2015 წლიდან ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორად ვმუშაობდი. 2019 წლის 11 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა, სამსახურიდან გამათავისუფლა, ის უფლება გამოიყენა, რომ მერი ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის ხელმძღვანელს. ბრძანებაში საფუძველი არ წერია.
მთელი წელი მორალურად გამანადგურა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამუშავა და „ოცნების“ პარტიის სახელით მაშანტაჟებდა. მე ვარ უკანონოდ განთავისუფლებული, როსტომ სესიაშვილის პირადი მსხვერპლი. იგი ნამდვილ მიზეზს ვერ ამბობს, რაც გახლავთ შემდეგი: მიყვირა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ხელები მიქნია! საპასუხოდ მეც ვუყვირე და აი, ესაა მიზეზი, თუმცა დიდი ხნის ჩანაფიქრი იყო ჩემი განთავისუფლება, მუშაობაში ხარვეზი ვერ მიპოვა და პირადი კონფლიქტის გამო მომხსნა.
_ რა პრობლემები გქონდათ როსტომ სესიაშვილთან მუშაობის პროცესში?
_ ჩვენ შორის, თითქმის, ერთი წელია, მხოლოდ ერთი პრობლემა იყო, რომელიც, როგორც ახლა ვხვდები, მერმა ხელოვნურად შემაქმნევინა, რომ გავეთავისუფლებინე. ეს პრობლემა შემდეგია: ჩემს თანამშრომელ მანანა ელოშვილს, რომელმაც თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას (სპეციალისტი სააღმზრდელო დარგში, მთელი წელი უფუნქციოდ იყო), ფუნქცია შევუცვალე _ საქმის წარმოების სპეციალისტად. რა თქმა უნდა, როსტომ სესიაშვილთან შეთანხმებით. საქმის წარმოების სპეციალისტის გარეშე სამსახური ვერ იფუნქციონირებდა _ რადგან ეს ადგილი ვაკანტური გახდა, ახალი თანამშრომლის მოყვანას ვამჯობინე, ეს ფუნქცია მანანა ელოშვილისთვის გამეწერა, რომელიც არაფრით იყო დაკავებული და მისი შტატი უნდა გამეუქმებინა, თანაც 6300 ლარს დავზოგავდი და 528 ლარს აიღებდა (დარიცხულს, იგივე სახელფასო სარგოს, რასაც მანანდე იღებდა). ვიმეორებ: ეს ყველაფერი სესიაშვილთან შეთანხმებით გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერთი თვის განმავლობაში, სანამ ამ ფუნქციას დავაკისრებდი, მერს ვეუბნებოდი, რომ ელოშვილი არ იყო თანახმა, იმუქრებოდა, რომ მისი მეუღლე, დავით თეთრაშვილი, პარტიაში იჩივლებდა, რაზედაც მპასუხობდა, _ რას ჰქვია, ფუნქცია არ შეასრულოს?! არ შეასრულებს და დავიბარებ, მოვხსნიო! პარტიაში ჩივილზე მპასუხობდა, რომ თეთრაშვილის გამო არავინ დარეკავდა პარტიიდან. თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი დარეკავდა, მაშინ ვერაფერს გავხდებიო. ამ ყველაფრის შემდეგ ელოშვილს ფუნქცია გავუწერე, რომელიც მთელი თვე არ შეასრულა. ბრძანების წიგნში არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი, სამსახური შეფერხებით მუშაობდა და თვის ბოლოს იძულებული გავხდი, ეს ფუნქცია დროებით მთავარი ბუღალტრისთვის დამეკისრებინა, რადგან 345 ადამიანი უხელფასოდ არ დარჩენილიყო. შემდეგ მანანა ელოშვილის მეუღლე დავით თეთრაშვილი მერთან მივიდა და მოსთხოვა, რომ მისი ცოლი უკან, ისევ თავის ადგილზე დამებრუნებინა და ფანჯარაში ყურებაში 528 ლარი აეღო. მეც მერმა მიბრძანა და მასთან შეთანხმებული ნაბიჯი უკან გადამადგმევინა, რაც, თავისთავად, თანამშრომლების თვალში მაკნინებდა, მაგრამ დავაბრუნე. ამის შემდეგ მანანა ელოშვილი და მისი მეუღლე დავით თეთრაშვილი ჩემ წინააღმდეგ გააქტიურდნენ. მაია ელოშვილმა გამომიცხადა, რომ პრინციპულად არ შეასრულებდა ამ ფუნქციას, სამსახურში თავისი სურვილისამებრ დადიოდა, აცდენდა, რაც თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევდა, რომ მანანა ელოშვილი იყო პრივილეგირებული მერის მიერ. ელოშვილი კი თავის მხრივ აცხადებდა, რომ ზუსტადაც ყავის სმაში უნდა აეღო ხელფასი და იმუქრებოდა, რომ მისი მეუღლე პარტიაში იჩივლებდა. მიჩივლეს, თუკი სადმე ხმა მიუწვდებოდათ _ პოლიციიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული. ამ ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებდი სესიაშვილს, რაზედაც იგი პარტიის სახელით მეუბნებოდა, რომ პარტიაში ეს ამბავი გაიგეს, არ დადის, მაგრამ ხელფასი უნდა უხადოო.
ასევე მანანა ელოშვილმა, როდესაც 5 სამუშაო დღე გააცდინა (მისივე დაწერილი ახსნა-განმარტება მაქვს, რომ თვითნებურად გააცდინა და 5 დღის ხელფასი დავუკავე ნოემბერში), როსტომ სესიაშვილმა ისევ პარტიის სახელით მომწერა, რომ სასწრაფოდ დამებრუნებინა ეს ხელფასი, რადგან პარტიაში გაიგეს და იქიდან დაურეკეს. მთელი წელი მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც მერის, ასევე მანანა ელოშვილისა და მისი მეუღლის მხრიდან. როსტომ სესიაშვილი მაიძულებდა, ყველანაირი შეურაცხყოფა ამეტანა. 13 აგვისტოს ელოშვილმა სესიაშვილის სახელზე მერიაში განცხადება შეიტანა, რომ მე ვარ უავტორიტეტო, არაკომპეტენტური, რომ თანამშრომლებს არაადამიანურად ვეპყრობოდი და ვძალადობდი ისინი ჩემ განთავისუფლებას ითხოვდნენ. ელოშვილი მრავლობითში წერდა, თუმცა ხელმოწერა მხოლოდ თავისია. ამ წერილზე როსტომ სესიაშვილმა უპასუხა, რომ საკითხს შეისწავლიდნენ. როცა ელოშვილისა და მისი მეუღლის ქმედება ყველანაირ ზღვარს გასცდა, 10 დეკემბერს სესიაშვილს მივწერე, რომ ელოშვილს ვათავისუფლებდი. რა თქმა უნდა, სესიაშვილს არ უნდოდა, ეს ნაბიჯი გადამედგა. სესიაშვილმა ელოშვილი იმავე დღეს დაანიშნინა კულტურის ა(ა)იპ-ში, რაზეც მერმა ტელევიზიასა და გუბერნატორთან აღნიშნა, რომ მანანა ელოშვილი სხვაგან გადაიყვანა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იგი გავათავისუფლე. ამიტომ იმავე დღეს დანიშნა სხვა სამსახურში. როცა სესიაშვილს მთელი წელი ვთხოვდი, რომ იქნებ, სხვაგან გადაეყვანა, რადგან ელოშვილის ქმედებები ცუდად ისახებოდა სხვა თანამშრომლებზე, მეუბნებოდა, რომ არსად ადგილი არ ჰქონდა, თუმცა როგორც კი გავათავისუფლე, იმ დღისითვე გამოუნახა სამსახური.
მანანა ელოშვილმა ჩემ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მე სესიაშვილს შევხვდი და ეს ამბავი ვუთხარი, ასევე განვუმარტე, _ თუკი სასამართლოში დამიბარებდნენ, იძულებული ვიქნებოდი, სიმართლე მეთქვა, რომ ყველაფერი მასთან შეთანხმებით გავაკეთე, რისი თქმაც არ მინდოდა. სესიშვილი ყვირილზე გადავიდა, რაზეც ვუთხარი, რომ არ ეყვირა, ასევე ვკითხე, ამ საკითხის გარდა იყო თუ არა ჩვენ შორის რამე პრობლემა? იყო თუ არა ჩემი მუშაობით კმაყოფილი? მის გარეშე ერთი ნაბიჯი მაინც თუ გადამიდგამს და ბაღების ან ჩემ გამო თუ მიუღია შენიშვნა? რაზედაც მიპასუხა, რომ ჩემთან მუშაობაში ნამდვილად არანაირი პრობლემა არ ჰქონია. სესიაშვილს ვკითხე, თუ რატომ მატარებდა მანანა ელოშვილის ქმრის სურვილებზე, ეს ერთი პრობლემა რატომ ვერ მოგვარდა, რასაც მთელი წელი ვთხოვდი და ისევ აყვირდა, ხელები მიქნია: „შენ ვინ ხარ, შენ ვინ გეკითხება და კიდევ რას მიბრძანებო?“ რაზედაც მეც ვუყვირე, რომ ფსიქოლოგიურად რატომ მატერორებდა, ელოშვილს ქმარი უგვარებს საქმეს, ჩემი ქმარი კი საფლავშია და ამიტომ გადამიარეთ თავზე?! რაც გინდა, ის გააკეთე-მეთქი! კაბინეტიდან გამოვედი, რადგან შეიძლებოდა, ფიზიკურადაც შემხებოდა. ეს ყველაფერი 7 თებერვალს მოხდა. აი, ეს დაპირისპირება გახდა მიზეზი 11 თებერვალს სამსახურიდან ჩემი გაშვებისა.
მიზეზი ტელევიზიით გავიგე, თუ რატომ გამათავისუფლა. როგორც სესიაშვილმა აღნიშნა: „ქალბატონ მაიას, როგორც თავის სამსახურში, ისე ხელმძღვანელ პირთან კომუნიკაციისას, მათ შორის, ჩემთან, არაჯანსაღი ურთიერთობა ჰქონდა და, შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ და წესდების საფუძველზე გავანთავისუფლე, რისი უფლებაც მქონდა“.
მჯერა, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ვიცი, რომ როსტომ სესიაშვილი სააპელაციოში და ალბათ უზენაესშიც გაასაჩივრებს და ამას წლები დასჭირდება.
_ თქვენი განთავისუფლების შემდეგ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, ყვარლის ბაგა-ბაღები შემოიარა, სადაც კრიტიკული შენიშვნები გააკეთა, თუმცა მისი შენიშვნები, ძირითადად, გასული წელს გაჩენილ პრობლემებს შეეხებოდა. შესაბამისად, თქვენს ოპონენტებს კითხვა გაუჩნდებოდათ. დარჩით კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი?
_ როდესაც სასამართლოში სარჩელის შესატანად ჩავედი, კირკიტაძის სასამართლო ყოფილა. ჩემთან „იმედი“ და „რუსთავი 2“ მოვიდა და მაგიტომ მივეცი ინტერვიუ. მე ვარ ნაწყენი სესიაშვილზე და არა „ოცნებაზე“, მაგრამ მანანა ელოშვილს ადრევე ათქმევინეს ტელევიზიით, რომ პორტირებული „ნაციონალი“ ვარ და „ოცნების“ აქტივისტს ვდევნი. შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, მთელმა ყვარელმა იცის, რომ არანაირი შეხება არ მქონია „ნაციონალებთან“. პირველი, რაც გავაკეთე, ვიყავი გუბერნატორთან, დეპუტატთან, წერილი დავწერე „ოცნების“, პარლამენტისა და პრეზიდენტის სახელზე.

მაკა მოსიაშვილი