აუდიტის მიერ გამოვლენილი დანაშაულის შესაძლო ნიშნები იმერეთში


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიმდინარე წლის პირველ მარტს რამდენიმე ანგარიში გამოაქვეყნა. ფინანსური დოკუმენტაცია სამტრედიის, ქუთაისის, საჩხერის, რუსთავის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების შესახებ პროკურატურას გადაეგზავნა.
ანგარიშებში გარკვეული დანაშაულის შესაძლო რისკებსა და ნიშნებზეა საუბარი.

უხარისხოდ შესრულებული მსხვილბიუჯეტიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გარე განათების სისტემაზე არაეფექტიანად დახარჯული თანხები, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები სოციალურ საცხოვრისში, სამსახურებრივი ავტომანქანების დიდი რაოდენობა და მათზე არარაციონალურად დახარჯული თანხები _ ეს და სხვა საკითხები მოხვდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ეკონომიკის განვითარების პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში.
ქუთაისის საკითხი მედიასშუალებებმა ფართოდ გააშუქეს და განიხილეს, თუმცა არანაკლებ საინტერესოა საჩხერისა და სამტრედიის შემთხვევები, სადაც აუდიტის სამსახურის განცხადებით, დანაშაულის შესაძლო რისკები იკვეთება.

სამტრედია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2016-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტმა გზის მოასფალტების სამუშაოები მაღალი ფასით შეისყიდა, მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო გაცილებით ნაკლების გადახდა. სანიაღვრე არხების შეკეთების პროექტის შემსრულებელ კომპანიას არ დაუსრულებია სამუშაოები, თუმცა მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუჯარიმებია. შესყიდული სამუშაოების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა საგარანტიო ვადაში დაზიანდა. მიუხედავად ამისა, სამტრედიის მუნიციპალიტეტს მერიის შესაბამისი პასუხისმგებლობის პირების საქმიანობაში არც ხარვეზები გამოუვლენია და არც შემსრულებლები დაუჯარიმებია. აგრეთვე აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტს დაფუძნებული აქვს ა(ა)იპ-ი, რომელსაც სკვერებისა და პარკების მეთვალყურეობა ევალება, მაგრამ ორგანიზაცია დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტს იმ მოიჯარეებზე, რომლებმაც არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, პირგასამტეხლო არ დაურიცხავს. შედეგად, ადგილობრივმა ბიუჯეტმა იჯარით გაცემული ქონებიდან შემოსავალი დაკარგა.
თავდაცვის სამინისტრომ სამტრედიას საბორნე გადასასვლელის მოსაწყობად საჭირო მასალები გადასცა. მერიამ ვერ შეასრულა ვალდებულება. მასალები დასაწყობდა, ხოლო მოსახლეობა გადასასვლელის გარეშე დარჩა.
ყველაზე დიდი დარღვევა, რაც აუდიტის სამსახურმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინა, თანამშრომელთა დაქირავებასა და მათ შრომით ანაზღაურებას ეხება. მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა საქართველოს მთავრობის რეკომენდაცია და თანამშრომელთა პრემირების წესი არ დაამტკიცა. ამასთან, თანამშრომლებზე პრემია რეკომენდირებულ ოდენობებზე ზემოთ გასცა. შედეგად, მერია საპრემიო
თანხების ხარჯვისას არ ითვალისწინებდა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და
ეკონომიური ხარჯვის პრინციპებს. საქართველოს მთავრობის ბოლო დადგენილებით, დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია, კვარტალში მხოლოდ ერთხელ გასცეს პრემია პრემირებაზე წარმდგენი პირის მიერ სათანადო დასაბუთების საფუძველზე. მიღებული პრემია პირის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ორმაგ ოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. კანონის გვერდის ავლით მოხდა საკრებულოს არათანამდებობის პირების ხარჯების ანაზღაურებაც. შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამდებობის პირები არიან მხოლოდ თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ყველა სხვა დანარჩენი არათანამდებობის პირად მიიჩნევა. ამ პირებზე მუნიციპალიტეტმა ანაზღაურება (ტრანსპორტისა და მოქალაქეებთან კომუნიკაციის თანხები) შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გასცა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც სამტრედიის მუნიციპალიტეტში აღმოჩნდა, თანამშრომელთა დაქირავების წესს შეეხება. მუნიციპალიტეტმა შტატგარეშე თანამშრომლები არა დროებით, არამედ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად დაიქირავა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, შტატგარეშე მომსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სამსახურში, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული ვადით და არა მუდმივი დავალებების შესასრულებლად.
შიდა აუდიტის საქმიანობის შესწავლით დადგინდა, რომ 2016-2017 წლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტს არ მოუმზადებია და დაუმტკიცებია წლიური საქმიანობის გეგმები და ანგარიშები, არ ჩაუტარებია აქტივების აღრიცხვა.
აუდიტის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 2016 წელს დაზუსტებულ გეგმაზე 781, ხოლო 2017 წელს 1573 ლარით მეტი დახარჯა.

საჩხერე

გაცილებით მარტივად არის საქმე საჩხერის მუნიციპალიტეტში, თუმცა დარღვევა აქაც ბევრია და საყურადღებო.
მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად შეძენილი მასალების ნაწილი გაუხარჯავი და დასაწყობებულია. მერიამ მასალების დროულად ხარჯვისა და გამოყენების კონტროლი ვერ მოახერხა. პროექტების უმრავლესობა დაუსრულებელია.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას მერიამ მათი უმეტესობის ბოლომდე განხორციელება ვერ უზრუნველყო, რადგან არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რაც ხელს შეუშლიდა პროექტების წარმატებით დასრულებას. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია დახარჯული. ხშირად ობიექტები, რომელიც სხვადასხვა პროექტის მეშვეობით აიგო ან შეკეთდა, უფუნქციოა. მათი უმრავლესობა დაზიანებულია, რაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებითაა გამოწვეული. საჩხერის მუნიციპალიტეტს დროულად არ გამოუვლენია ყველა ობიექტზე არსებული ხარვეზი და არც შესაბამისი ღონისძიებები გაუტარებია. აქედან გამომდინარე, მიმწოდებლებს არ დაკისრებიათ არანაირი ვალდებულება, საგარანტიო პერიოდში ხარვეზები აღმოეფხვრათ.
საჩხერის მუნიციპალიტეტმა ტენდერები ბევრჯერ არასათანადოდ ჩაატარა. პრეტენდენტების არასწორი დისკვალიფიკაციის შემდეგ ხელშეკრულება გააფორმა მათთან, ვინც სამუშაოებისთვის გაცილებით მაღალ თანხას ითხოვდა. შესაბამისად, გასწია დიდი ხარჯი და ტყუილუბრალოდ უთხრა უარი დაბალი ფასის მიმწოდებელ ორგანიზაციებს.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა ფაქტი, როდესაც ნაწილობრივ შესრულებულ სამუშაოებში მუნიციპალიტეტმა თანხა სრულად გადაიხადა.
სააუდიტე პერიოდში საჩხერეში აღმოჩნდა იგივე დარღვევა, რაც სამტრედიაში _ შტატგარეშე მოსამსახურეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლით დადგინდა, რომ ისინი მუდმივი ამოცანების შესასრულებლად დაიქირავეს. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის შემთხვევის განხილვისას აღვნიშნეთ, ეს ფაქტი მოქმედ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
ასევე, სამტრედიის მსგავსად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ანაზღაურება კანონის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე გაიცა.
მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, თუ რისთვის სჭირდებოდა საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა მაშინ, როცა შესაბამისი რესურსი აქვს და ვალდებულია, საკუთარი რესურსებით განახორციელოს აღნიშნული საქმიანობა.
სააუდიტე პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული და გახარჯულია ძვირადღირებული, სუპერის მარკის საავტომობილო საწვავი. ამ დროს გაცილებით უფრო დაბალფასიანი საწვავის შესყიდვა და მოხმარება ტექნიკურად შესაძლებელი იყო. მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ გამოიყენეს სუპერის ტიპის საწვავი, აუდიტის სამსახურმა ვერ მოიპოვა.
აუდიტის სამსახურმა ასევე შეამოწმა გასულ წლებში მუნიციპალიტეტმა არსებულ დაღვევებზე გაცემული რეკომენდაციები შეასრულა თუ არა. აღმოჩნდა, რომ დარღვევათა უმრავლესობა არ გამოსწორებულა.
2016 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან დაზუსტებულ გეგმაზე 1999, ხოლო 2017 წელს _ 1864 ლარით მეტი დახარჯა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჩხერისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებს პრობლემების გამოსწორებისა და აღმოფხვრის რეკომენდაციები წარუდგინა; ბიუჯეტში არსებული თანხების გონივრული კონტროლისა და ხარჯის შემცირებისკენ და საქართველოს ორგანული კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

შორენა ლაღაძე