გია ნოდია: „ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებისგან უპირობო ერთგულებას ითხოვს“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა, რომელიც 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. ყველა ერთხმად თანხმდება, რომ შუალედური არჩევნები ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს კვირა საკმაოდ უცნაური პოლიტიკური გადაწყვეტილებით დაგვამახსოვრდა, _ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ევროპულმა საქართველომ“ შუალედური არჩევნებისთვის ერთიანი ბლოკი შექმნეს. მათ მთაწმინდაზე გასამართ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელეს.

ცნობისთვის: შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იყო. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია გაუგებრობა და პროტესტი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში. დევნილობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა გრიგოლ ვაშაძეს გადაულოცა.
როგორი პოლიტიკური მოცემულობის წინაშე ვდგავართ? რამდენად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“? რას გამოიწვევს მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება და ამ მოცემულობით რჩება თუ არა „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად?

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:
_ ბ-ნო გია , როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირებას? მანვე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება. ეს ფაქტორი ხელს ხომ არ შეუშლის 2020 წელს გაერთიანებულ ოპოზიციას?
_ სააკაშვილის ფაქტორი ამომრჩევლისთვის პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც. „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც სააკაშვილის პარტიად აღიქმება. კოალიცია „ძალა ერთობაშიაც“ მის გარშემო შექმნილ კოალიციად აღიქმება. ამომრჩევლის დიდი ნაწილი მის გამო აძლევს ხმას. მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად არც უთქვამს, რომ დისტანცირებას მოახდენს ქართული პოლიტიკიდან. რაც ჩვენ ზუსტად ვიცით, არის ის, რომ მან გრიგოლ ვაშაძის ხელდასხმა გააკეთა, როგორც პარტიის მომავალი თავმჯდომარისა. ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ პროცესებს გამოეთიშება. უბრალოდ, მან, რატომღაც, მიიჩნია, რომ ამ კოალიციაში მის გარდა ისეთი ლიდერი უნდა არსებობდეს, რომელიც საქართველოშია. მან იფიქრა, რომ გრიგოლ ვაშაძემ, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატმა, ლიდერის თვისებები გამოავლინა და ახლა ლოგიკურია, ფორმალურად პარტიის ლიდერი გახდეს. მაგრამ ეს, თავისთავად, სააკაშვილის ჩრდილში გადასვლას არ ნიშნავს, იმ თვალსაზრისით, რომ ის აღარ გამოჩნდება მედიაში, აღარ ჩაწერს ლაივებს და არ იქნება ყურადღების ცენტრში. ზუსტად არ ვიცით, ეს ასე იქნება თუ არა, მაგრამ, ჯერჯერობით, იმის საფუძველი არ გვაქვს ვთქვათ, რომ ის აღარ იქნება ყურადღების ცენტრში. თუ ის ყურადღების ცენტრში დარჩება, მაშინ დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, ვაშაძის თავმჯდომარეობას. ხალხის, როგორც მტრის, ისევე მოყვრის თვალში, ეს პარტია მაინც მიშასი იქნება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ალბათ მიშამ იფიქრა, ლოგიკური იქნებოდა, ფორმალურად ვაშაძე გამხდარიყო ლიდერი. ე. ი. ვაშაძე, უბრალოდ, ფორმალურად მოირგებს ლიდერის როლს?
_ გააჩნია, რას დავარქმევთ ფორმალობას. იმ ნაწილში, რაც პარტიის საქმიანობას ეხება, შეიძლება ვაშაძის როლი გაიზარდოს, მაგრამ როდესაც არჩევნებსა და ამომრჩეველზე ვსაუბრობთ, იმის გამო, რომ ვაშაძე თავმჯდომარედ აირჩიეს, ამომრჩეველი არ იტყვის, რომ პარტია მიშასი აღარ არის. ამ თემებზე საუბრისას, ბუნებრივია, 2 წლის წინანდელი მოვლენები გაახსენდათ, როდესაც პარტია, პრაქტიკულად, ამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზის გამო გაიყო. ვინც ახლა „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენს, ამბობდა, რომ თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. თუმცა დღეს თვისობრივად განსხვავებული ვითარებაა, რადგან თვითონ სააკაშვილი გამოვიდა ამ ინიციატივით და თავადვე დაასახელა, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, ანუ, პრაქტიკულად, სააკაშვილმა თავმჯდომარე დანიშნა. რადგან ეს ამ ფორმით მოხდა, ხალხი არ აღიქვამს, რომ მიშა ჩაჩოჩდა. მიშას მომხრეები იფიქრებენ, რომ საქმისთვის ასეა საჭირო.
_ ამ თემაზე საუბრისას მეორე მოსაზრებაც იჩენს თავს, რომ ეს ფაქტი „ოცნებას“ ხელს შეუშლის „ანტიმიშა“ პროპაგანდის ეფექტიანად წარმოებაში და ზეგავლენა ექნება „ოცნების“ ჩვეულ პროპაგანდაზე…
_ შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სააკაშვილმა ეს ნაბიჯი გადადგა, სწორედ ზემოთქმული მოსაზრება იყოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ პოზიციიდან რომ შევხედოთ, მათ მაინც არ აქვთ სხვა სალაპარაკო. ისინი მაინც გააგრძელებენ იმაზე საუბარს, რასაც აქამდე ამბობდნენ და იტყვიან: რა მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა სააკაშვილი თავმჯდომარე, მიშა და „ნაციონალები“ ერთი და იგივე არიან. რამდენად შეუშლის ეს ფაქტორი ამ პროპაგანდის ეფექტიანობას ხელს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავის პოლიტიკას „ოცნება“ არ შეცვლის.
_ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი დეპუტატებმა დატოვეს, აქტიურად განიხილება მოსაზრება იმის შესახებ, რომ ივანიშვილი 2020 წლისთვის საკუთარ ოპოზიციას ქმნის, იზიარებთ თუ არა ამ ვერსიას?
_ ის, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, მგონია, რომ ნამდვილი დაპირისპირება და ბრძოლაა გუნდში. ივანიშვილის ინტერესი და მისი მონაწილეობა 2020-ის კონტექსში არის ის, რომ, მისი აზრით, მისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია, დისციპლინებული გუნდი, რომელიც მას დაუჯერებს. თუ ვინმე მას არ უჯერებს, ის გუნდიდან უნდა წავიდეს! _ ასეთია მისი დამოკიდებულება. ის მესიჯები, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხშირად ახმოვანებდა, თავად ივანიშვილის გამონათქვამებშიც იყო, რომ არავის აქვს უფლება, გუნდის ნების წინააღმდეგ წავიდეს. ჩვენ ვიცით, რომ გუნდის ნება ეს ივანიშვილის ნებაა. ივანიშვილი საკუთარი გუნდის წევრებისგან უპირობო ერთგულებას ითხოვს. ის პირები, რომლებიც უპირობოდ ერთგულები არ არიან, უნდა წავიდნენ. ჯერჯერობით, მას მდგრადობის საკმარისი რეზერვი აქვს, _ ერთი ამდენი კიდევ რომ წავიდეს, „ქართულ ოცნებას“ მაინც ძალიან მყარი უმრავლესობა ექნება. ივანიშვილისთვის მთავარია, გუნდში ვინც დარჩა, ისინი მართვადები იყვნენ. რამდენად მიაღწია ამას, სხვა საკითხია. მისი ამოცანაა, რასაც იტყვის, გუნდმა ის გააკეთოს. ბოლო ხანებში ასე აღარ იყო და ეს ბიძინა ივანიშვილისთვის პრობლემაა. ახლა ცდილობს ამ პრობლემის გადაწყვეტას.
_ თუ ვამბობთ იმას, რომ ივანიშვილს ბოლო პერიოდში გუნდის წევრები აღარ უჯერებდნენ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მან ავტორიტეტი დაკარგა? რამდენად სახიფათო ნიშნულს მიუახლოვდა ამ კუთხით ივანიშვილის დავარდნილი ავტორიტეტი?
_ რა თქმა უნდა, ეს სახიფათოა და ბიძინა ივანიშვილის, როგორც ლიდერის, სისუსტის მაჩვენებელია. ერთი ან ორი ადამიანი პრობლემა არ არის. თავის დროზე კობა დავითაშვილიც წავიდა, ეს სერიოზულად არავის აღუქვამს, მაგრამ უკვე რამდენიმემ დატოვა პარტია. შესაძლოა, ეს პროცესი კიდევ გაგრძელდეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვატო შაქარიშვილიც გეგმავს პარტიის დატოვებას, ანუ პროცესი აღარ ჩერდება, რაც აღიქმება ივანიშვილის, როგორც ლიდერის სისუსტედ. შესაძლოა, ავტორიტეტი დაკარგა ან გუნდის შიგნით წინააღმდეგობებს ვეღარ აგვარებს, თუმცა მთავარი, რაც ფაქტია, _ ის გუნდს ვეღარ მართავს. მას ამ რეალობის გარდატეხა სურს. ამის დასტურია ღარიბაშვილის დაბრუნება. გუნდის რაღაც ნაწილისთვის ღარიბაშვილი უფრო მისაღები ფიგურაა, ვიდრე _ კობახიძე, მაგრამ ღარიბაშვილის გზავნილიც ის იყო, რომ ივანიშვილის ერთგულები უნდა ვიყოთ, რასაც ის გვეტყვის, უნდა გავაკეთოთო. მას სხვა არსებითი არაფერი უთქვამს.
_ ღარიბაშვილის დაბრუნების პარალელურად „ოცნებამ“ ახალი სახეების მოზიდვაზე დაიწყო ზრუნვა. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი და როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი ისევ თალაკვაძე-მდინარაძის მსგავს გამხმოვანებლებს ეძებს?
_ ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი სახეები იმას ნიშნავს, რომ მას ვიღაცები არ გამოადგნენ და სხვებით უნდა ჩაანაცვლოს. ეს არის ტიპური ბიზნესმენის მიდგომა, _ კადრები არ გამოადგა, რაღაც ფუნქციები ვერ შეასრულა და ახლა ახლები უნდა იპოვოს. როგორ უნდა იპოვოს? როგორც ბიზნესმენები ქირაობენ HR კომპანიას, ისე დაიქირავებენ და ქასთინგს ჩაატარებენ, კომპანია შეარჩევს და ბოლო ეტაპზე, შესაძლოა, ბიძინაც გაესაუბროს და პირადად გადაწყვიტოს, ვინ გამოადგება. ივანიშვილმა ამით წასულებსა და პოტენციურ წამსვლელებს აჩვენა, რომ მათ მაგივრად ახლებს იპოვის.
_ ივანიშვილი ხშირად აღნიშნავდა, რომ მენეჯმენტი მისი „კანიოკი“ იყო. რამ მიიყვანა ის ამ კრიზისამდე, როცა უკვე ვეღარ ახერხებს გუნდის მართვას?
_ ის აქამდე უნდა მიმხვდარიყო, რომ მენეჯმენტი მისი ძლიერი მხარე არ იყო. მისი პრობლემა სწორედ ის გახლდათ, რომ სწამდა, _ პოლიტიკური პარტიის მართვა ისევე შეეძლო, როგორც _ ბიზნესის. მან არ გაითვალისწინა, რომ ბიზნესისგან განსხვავებით პოლიტიკა სხვა რამეა. ბიზნესში ადამიანებს დაასაქმებ, ხელფასს უხდი და თუ არ მოგწონს, უშვებ. ივანიშვილს ჰგონია, რომ პოლიტიკაშიც ასეა. ამ ადამიანებს არა მხოლოდ სამსახურის ქონის სურვილი ამოძრავებთ, არამედ აქვთ ამბიციები, თავიანთი თავი რაღაც ფიგურებად მიაჩნიათ და პატივისცემას ითხოვენ. თუ დაფასების გარკვეულ დონეს ელოდებიან და ეს ვერ მიიღეს, ბიძინა თუ რომელიმეს განყოფილების გამგედ გადაიყვანს, ეს შეიძლება ეწყინოთ და აღშფოთდნენ. ბიძინამ ირაკლი კობახიძე რომ დანიშნა თავმჯდომარედ, ამ დროს ზვიად კვაჭანტირაძეს შესაძლოა ეგონა, რომ თვითონ კობახიძეზე ნაკლები არ იყო და შეიძლება გაიფიქრა: ეს ლაწირაკი რატომ უნდა მასწავლიდეს ჭკუასო?! საჯარო პოლიტიკაში კი ეს ყველაფერი სხვანაირადაა, ხოლო ბიძინას ჰგონია, რომ ეს საჯარო მხარე უბრალოდ ფასადია და მარიონეტების თამაში. ცხადია, რომ დღეს ვინც პარლამენტში უმრავლესობაშია, ყველა ბიძინას წყალობით მოხვდა და რადგან ეს ასეა, ამიტომ პირადად მას უნდა დაემორჩილონ. თუმცა პოლიტიკაში ეს არ მუშაობს. შესაძლოა, ბევრი ემორჩილება, მაგრამ ვიღაცები არ ემორჩილებიან და ეს ადამიანები რაც არ უნდა პრაგმატულები იყვნენ და როგორც არ უნდა მოსწონდეთ ხელისუფლებაში ყოფნა, ისინი გარკვეულ თემებზე თავიანთ შეხედულებებს არ თმობენ. ასე რომ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკას, როგორც ბიზნესს, ისე უყურებდა. ის ვერ ხედავს, რომ პოლიტიკა და მენეჯმენტი ერთი და იგივე არ არის.
_ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ივანიშვილმა მოსახლეობას ერთ წელი სთხოვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურად გამოიყენა არჩევნების შემდგომი პერიოდი ივანიშვილმა და შეინიშნება თუ არა პოზიტიური ძვრები?
_ თუ ამბობ, რომ ერთ წელიწადში რაღაც შედეგი უნდა აჩვენო ხალხს, პირველ ოთხ თვეში უნდა გამოჩნდეს, საით მიდიხარ, რაღაც კონტური უნდა ჩანდეს. ჯერჯერობით, ეს კონტური არ ჩანს. პრაქტიკულად, ბიძინა ივანიშვილი რეაგირების მოდუსშია, რომ რაღაც აჯანყება დაიწყო და ამის ჩაქრობას ცდილობს. ყოველ შემთხვევაში, წარმოქმნილ პრობლემებს, რაღაცნაირად, უვლის თუ ვერ უვლის. როგორც ჩანს, ეს ერთი წელი მაშინ იმიტომ თქვა, რომ რაღაც უნდა ეთქვა. ის არ ელოდა პირველი ტურის შედეგებს, ერთგვარად, პანიკაში ჩავარდა. პიარის სპეციალისტებმა, ვინც ჰყავდა, ალბათ, ითათბირეს და უთხრეს: უნდა ეღიარებინა, რომ რაღაცები ისე არ იყო, როგორც ხალხს ჰპირდებოდა და კონკრეტული თარიღი უნდა დაესახელებინა. ასევე მას უნდა ეთქვა რაც შეიძლება ახლო თარიღი და ეს იყო ერთი წელიწადი. არ მგონია, როდესაც მან ერთი წელიწადი ითხოვა, მაშინ რამე კონკრეტული გეგმა ჰქონდა, უბრალოდ, უნდა ეთქვა, რომ ამ დროში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ამის გასაკეთებლად კი რას იზამდა, ამას შემდეგ მოიფიქრებდა. ის რაღაცებს აკეთებს იმ აზრით, რომ პენსიებისა და მასწავლებლის ხელფასების მომატებას არ აპირებდა და ახლა აპირებს. 20-30 ლარით მოუმატებს და სათქმელიც ექნება. ანუ, როგორც ჩანს, გუნდის შიგნით ისეთი რამეების გაკეთებაზე ფიქრობენ, რაც ხალხს მოეწონება. თუმცა მის მიერ დაპირებული ერთი წელი ხალხმა დაიმახსოვრა და ერთი წლის შემდეგ დაინახავს, რომ არაფერიც არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი გამონათქვამით და დაპირებით კიდევ ერთი ფენა ეჭრება საზოგადოების მხრიდან ივანიშვილის მიმართ არსებულ ნდობას.
_ ქართულ პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური გაერთიანება „კანონი და სამართალი“ გამოჩნდა, რომელსაც თაკო ჩარკვიანი უხელმძღვანელებს. როგორც წესი, წინასაარჩევნოდ პარტიები საკმაოდ დიდი ამბიციებით იქმნება, თუმცა მალევე ქრება. ამჯერად სად ხედავთ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილს?
_ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს, არ მგონია, რამე შანსი ჰქონდეს, მაგრამ ის „ძალა ერთობაშიას“ ორბიტაზე იმოძრავებს. თაკო ჩარკვიანი არის თაკო ჩარკვიანი, ჯანსულ ჩარკვიანის შვილი. ის იმ სოციალური ფენიდანაა, რომლის წარმომადგენლებსაც სააკაშვილი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ. არსებობს ვარაუდი, რომ თაკო ჩარკვიანი რაღაც ხმებს მოიზიდავს ამ დიდი კოალიციისთვის. ის, რომ მან დამოუკიდებლად ითამაშოს რაიმე როლი, არ მგონია, ამის იმედი პირადად თაკო ჩარკვიანს ჰქონდეს. თუ თაკო ჩარკვიანი, ეს პიროვნებაც კი, რაღაცნაირად შემობრუნდა სააკაშვილისკენ, ამ ფაქტორმა შესაძლოა, ამ სოციალური წრის სხვა ადამიანებიც დააფიქროს.
_ ამის პარალელურად კი პარტია „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის ერთ ბლოკად გაერთიანდნენ, სადაც გაერთიანებული ბლოკის სახელით „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე იყრის კენჭს. რამდენად ლოგიკური სვლაა ეს იმ მოცემულობაში, როცა შალვა შავგულიძე სანდრო გირგვლიანის ადვოკატი იყო, როცა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მმართველ გუნდში იყვნენ?
_ ეს ნაბიჯი „ევროპული საქართველოს“ სტრატეგიაში იმ აზრით ჯდება, რომ მას სჭირდება, ხალხს თავისი იდენტობა აჩვენოს. შეიძლება, თავიდან ამ ხალხს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფა არ უნდოდა, მაგრამ რადგან მაშინ გაიყვნენ, ეს უკვე სხვა პარტიაა. ამას უნდა ჰყავდეს სხვა ამომრჩეველი და ახალი ელექტორალური რეზერვები უნდა მონახოს იმისთვის, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიმხროს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ის პიროვნებები არიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელებულ რეფორმებთან ასოცირდებიან, ამიტომ მათ, ერთი მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის იმედი აქვთ, მეორე მხრივ, უნდათ შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობაც, ანუ ისეთის, რომელსაც, თავის დროზე, „ქართულ ოცნებასთან“ იმედები ჰქონდა, მაგრამ გაუცრუვდა და ახლა პოლიტიკურად უპატრონოდ გრძნობს თავს. შესაძლოა, ამომრჩევლის ამ ნაწილმა სწორედ „ევროპული საქართველო“ განიხილოს იმ ძალად, რომელსაც მხარს დაუჭერს. ვისთვისაც გირგვლიანის სიკვდილი საშინელება და უბედურებაა, ამავდროულად, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებსაც ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებს. გასაგებია, რომ მათთვის ეს მიუღებელია. ასევე გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ერთგული ამომრჩევლისთვის შავგულიძეა მიუღებელი, მაგრამ ძალიან ერთგული „ნაციონალები“ მაინც „ნაციონალების“ მომხრეებად რჩებიან, ანუ „ევროპული საქართველო“ სხვა ტიპის „ნაციონალებზეა“ ორიენტირებული, ისეთებზე, რომლებიც არ არიან მაინცდამაინც პირადად მიშაზე დამოკიდებულები. ასე რომ, მიიჩნიეს, „ევროპული საქართველოს“ იმიჯისთვის ეს გადაწყვეტილება მომგებიანი იქნებოდა. თუ „ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძისთვის და ნინო გოგუაძისთვის მისაღებია და მათთვის ეს პრობლემა არაა, მაშინ ბევრმა ე. წ. შუაშისტურად განწყობილმა ადამიანმა შეიძლება გადალახოს თავისი ანტიპათია.
_ თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ თავად პარტიების აქტიურ მხარდამჭერებში დიდი გაუგებრობა და, ამავე დროს, პროტესტიც გამოიწვია. ასე რომ, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ დანაკარგებს გამოიწვევს ეს ცალკე ორივე პარტიისთვის და თავისთავად ამ გაერთიანებისთვის?
_ ყოველი ასეთი გაერთიანება მუდამ გულისხმობს რაღაც დანაკარგებს. როცა „ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადაწყვიტა, ვაშაძისთვის გამოეცხადებინა მხარდაჭერა, ამ ფაქტმაც გამოიწვია უკმაყოფილება ამომრჩევლის გარკვეულ წრეებში. არ არსებობს ისეთი ტიპის ნაბიჯი, რომ უკმაყოფილებას არ იწვევდეს. ამ შემთხვევაში ორივე მხარის ანგარიში არის ის, რომ ეს ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა, ბოლოს მაინც გაუგებს მათ და სამაგიეროდ, ვიღაც სხვა ადამიანებს ამით მიიზიდავენ. ეს ანგარიში გამართლდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უფრო დიდი შანსია გამართლების, ვიდრე არ გამართლების.
_ შუალედურ არჩევნებზე რამდენად დიდი შანსები აქვს ოპოზიციის კანდიდატებს, _ მთაწმინდაზე შალვა შავგულიძესა და ზუგდიდში სანდრა რულოვსს?
_ ამ ეტაპზე, როდესაც „ქართული ოცნების“ აქციები ასე დავარდა, ორივეს აქვს შანსი. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც კვირაში ორჯერ ტარდება გამოკითხვები და ამიტომ შეფასება ძნელია, უბრალოდ, უნდა მივხვდეთ, როგორია ამომრჩევლის განწყობა. ჩემი აზრით, ოპოზიციური პარტიების ორივე სვლა საკმაოდ აზრიანია. ზუგდიდი ის ადგილია, სადაც სააკაშვილის ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია და გასაგებია, რომ სანდრა რულოვსი, პრაქტიკულად, მისი წარმომადგენელია, მთაწმინდაზე კი განსხვავებული ვითარებაა, ვინაიდან თბილისია და შესაძლოა, შავგულიძის ფაქტორი იყოს პოზიტიური, მით უმეტეს, თუ „ნაციონალური მოძრაობაც“ დაუჭერს მხარს და თავიანთი მომხრეებით იქნებიან მობილიზებულები.
_ შანსი იმისა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, რამდენად დიდია?
_ ვფიქრობ, რომ ამის ძალიან მცირე შანსი არსებობს. ახლა რაც არის, იმაზე გაცილებით მძაფრი და მწვავე პოლიტიკური კრიზისი უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი რეალური გახდეს.
_ იმ შემთხვევაში, თუ მესამე ძალა არ გამოჩნდა, რომლის გამოჩენის აუცილებლობაზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ, „ქართული ოცნება“ რჩება თუ არა უალტერნატივო პოლიტიკურ პარტიად, იმ ფინანსური თუ ადმინისტრაციული რესურსის გათვალისწინებით, რაც მას აქვს?
_ „ქართული ოცნება“ უალტერნატივო არ არის, მესამე ძალა კი მითია. მესამე ძალები უკვე არსებობს, იგივე „ევროპულ საქართველოს“ რომ ჰკითხოთ, სწორედ ის არის მესამე ძალა. მათ ამის თქმის საფუძველიც აქვთ, რადგან უკვე ბოლო ორი არჩევნებია, მესამე ადგილზე გადიან. „კანონი და სამართალიც“ ხომ შეიქმნა? ყოველი არჩევნების წინ იქმნება რაღაც პარტიები, შემდეგ იშლება. მაგალითად, გავიხსენოთ პაატა ბურჭულაძის მიერ შექმნილი პარტია, რომელიც ხალხისთვის თავიდან ძალიან იმედის მომცემ ძალად მიიჩნეოდა, პარლამენტში უნდა შესულიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. გამოჩნდება თუ არა ისეთი ტიპის პიროვნება, რომლის გარშემოც სერიოზული ძალა შეიკვრება, ამის წინასწარმეტყველება პრინციპულად შეუძლებელია. იმ პარტიებიდან უნდა ამოვიდეთ, რომელიც დღესდღეობით არის. მათ, შესაძლოა, ვაჭრობა შემოდგომიდან ან ზამთრიდან დაიწყონ იმის თაობაზე, თუ რა ფორმით უნდა იყოს კოალიციები და ა. შ. როგორც ჩანს, არსებული პოლიტიკური ელიტის ამარა ვიქნებით. მაგალითად, ალეკო ელისაშვილს კოჭებში არ ეტყობა, რომ რაღაც ძალიან მაგარ პოლიტიკურ გაერთიანებას შექმნის, თუმცა შესაძლოა, მის მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია ანგარიშგასაწევი იყოს ან მის გარშემო რაღაც ტიპის ხალხი გაერთიანდეს, რომლისთვისაც „ევროპული საქართველოც“ და ყველა სხვა პარტიაც მიუღებელია. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ უალტერნატივო ნამდვილად არ იქნება. გასაგებია, რომ ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსი ისევ „ოცნების“ ხელშია და ამას ისევე გამოიყენებს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. შესაბამისად, მოლოდინი იქნება იმისა, რომ ის ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ დარტყმებს, რაც მისმა რეპუტაციამ ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო, ასევე გავითვალისწინებთ, რა შეიძლება მოხდეს 2020 წლის შემოდგომამდე, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვერ ვიტვით, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა.

ნენე ინჯგია