სალომე, „კვაჭი ბესელგედი“ და მათი პოლიტიკური ამბიციები

ცხოვრება პარადოქსებითაა აღსავსე და მით უფრო, ქართული პოლიტიკა. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო რია-რია ნელ-ნელა ლაგდება _ არეული ფაზლის არ იყოს. სასამართლო მშვენიერი საბაბი გახდა ცალკეული პოლიტიკოსებისთვის დამოუკიდებელი თამაშის დასაწყებად, რომლის სიღრმეებში წვდომა სულ მალე საჭიროც არ გახდება და ყველაფერი თავისით ამოტივტივდება ზედაპირზე. მით უფრო, რომ „არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს“.

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის _ ბესელგედის ამბოხი და ბრძოლა 10-კაციანი სიის წინააღმდეგ, პრინციპებზე და პრინციპულობაზე საუბარი, პერსონიფიცირებულ დონეზე ვერ გახდა თავად ამ ორი პერსონის _ ბესელიასა და ფოფხაძის მიმართ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის მხრიდან დამოკიდებულების შეცვლის _ პოზიტიური განწყობების ჩამოყალიბების საფუძველი. არა იმიტომ, რომ კობახიძე და მისი რაზმი მოსწონს ვინმეს, არამედ იმიტომ, რომ გასული წლების განმავლობაში ბესელიამ და ფოფხაძემ იმდენი უგვანო კომენტარი აკეთეს ცალკეული ფაქტების „გასაპრავებლად“ ან არ აკეთეს ფაქტებზე წაყრუებით, რომ სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა ვერა და ვერ გახდა ბესელიას პოლიტიკურ „ჟანა დ’არკად“ მოაზრების, ხოლო ფოფხაძის პოლიტიკურ „რობინ ჰუდად“ გადაქცევის საფუძველი. „ბესელკების“ _ ცნობილი თეთრი ჩექმების _ მფლობელი ექსკომიტეტის თავმჯდომარე განდგომის შემდეგ კი იბრძვის, კი ცდილობს, რომ წამებულის თუ „ეკა მართალის“ მანტია მოისხას, მაგრამ მოსკოვის არ იყოს, არც თბილისს სჯერა ეკას ცრემლების. მართალია, სასამართლოს თემასთან ბმა, ანუ აღშფოთება სხვა პარლამენტარებსაც ჰქონდათ და არც საკუთარი პოზიციის გამოხატვა გასჭირვებიათ, მაგრამ მათი აფილირება ბესელგედის ინტერესებთან მაინც ვერ მოხერხდა.
იმ ფონზე, როცა „ქართულ ოცნებაში“ სასამართლოს თემაზე ვნებათა ღელვა ჯერაც დუღდა, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემაც განაცხადა. თან საკმაოდ უჩვეულოდ _ ბაქოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ფარგლებში _ დელეგაციაში ყოფნისას. თითქოს თბილისში ვერ მოიძებნა გამგზავრების დღეს 15 წუთი ან დაბრუნებულზე ვერ მოხერხდებოდა იგივეს გაკეთება. მაგრამ არა _ ბაქოში და თან პრეზიდენტის ვიზიტისას. _ მერე რაო? _ იკითხავს გულუბრყვილო ქართველი ობივატელი, მაგრამ არც მასეა საქმე. კვაჭანტირაძემ ბოლო კონსულტაციები გადასადგმელ ნაბიჯთან დაკავშირებით სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გაიარა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში ბატონი კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი გახლდათ, ხოლო მანამდე _ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ სტამბოლში (2004-2009). 2009-2012 წლებში ბატონი კვაჭანტირაძის საქმიანობის შესახებ საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი არაფერს გვეუბნება. თუმცა ესეც საკმარისია იმის გასაგებად, რომ იაროსლავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკლულტეტის კურსდამთავრებულის შესახებ რამდენიმე ფაქტი გავიხსენოთ. საგარეო უწყებაში ზვიად კვაჭანტირაძე გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოხვდა. თუმცა ისიც ცხადია, რომ მისი ლობისტი ამჟამინდელი პრეზიდენტი და იმჟამად (2004 წელს) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი იყო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ ორ პერსონას საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს. ერთია, თავად რა ლეგენდას მოჰყვება თურქეთში მისი მოღვაწეობის შესახებ და მეორეა, რა ფაქტებს არ ახმაურებენ მისი კოლეგა დიპლომატები იმ პერიოდში სტამბოლში საკონსულოს „ეფექტიან“ საქმიანობაზე. მაგრამ ეს არ არის ახლა თემა, თუმცა როგორც ინფორმირებული პირები ამბობენ, „სტამბოლის სქემის ანარეკლები“, რატომღაც, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში _ 2016 წლის შემდეგ, რამდენიმე ადგილას გაჩნდა. რატომ აბამენ ამ „ანარეკლებს“ ზვიად კვაჭანტირაძის სახელს? ალბათ, ამის შესახებაც გახდება „ოდესმე“ ცნობილი.
მაგრამ ახლა ისევ ძირითად თემას დავუბრუნდეთ. ბესელგედის ლიდერი _ ეკა ბესელია, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან რომ ძალიან ახლო ურთიერთობაშია, მგონი, ამასაც არ სჭირდება ზედმეტი მტკიცება. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ქალბატონი სალომე პარლამენტში რომ მივიდა, კობახიძეს კი არ შეხვედრია, ბესელიასთან ჰქონდა „ქალური“ დიალოგი, ხოლო ბატონი ზვიადი არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის, ფაქტობრივად, გვერდიდან არ მოშორებია სალომე ზურაბიშვილს და მეტიც: როდესაც ქალბატონი სალომე თავის შტაბს იშვიათად ტოვებდა, სწორედ ის იყო საარჩევნო მენეჯმენტით დაკავებული. მერე რა, რომ ამ საქმის არაფერი იცის, მთავარია, ძალიან მონდომებულად აკეთებდა საქმეს, ადასტურებდა ერთგულებას და მუდამ ხაზზე იყო. მოკლედ, კვაჭანტირაძემ უმრავლესობა დატოვა და მას და მის ძაღლსაც კი მეზობლები და მეზობლის ძაღლები დიდი სიმპათიით ესალმებიან. ისე, როგორ არ უნდა შეგრცხვეს ადამიანს ამის თქმა, როცა ატყობ, _ ექვსი წელი მეზობლებიც კი ამრეზით გიყურებენ და ეს არ გაწუხებდეს. ისე, ხომ არის შესაძლებელი, რომ სწორედ ახლა მეზობლების „სხვანაირი“ მისალმების კონტექსტი იყოს, _ აუ, ეს რა გარეწარია, ვინც ჩააცვა, იმას გახადა და ჩვენ რას გვიზამსო? რა იცი, რა ხდება.
ახლა უფრო წინ წავიწიოთ _ დღეს ბევრს ბჭობენ იმის შესახებ, რომ ბესელიაც ივანიშვილისაა. არა _ ასე არ არის. რა თქმა უნდა, ბესელია იმწამსვე აღმოჩნდება ივანიშვილის გვერდით, როცა მას გული მოუბრუნდება განდგომილზე. ამიტომაც არ წვავს ის ბოლომდე ხიდებს. მაგრამ დღეს ბესელია საკუთარ პოლიტიკურ პასეანსს შლის.
რეალურად, შემდეგი რამ ხდება: პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისთვის დასაყრდენ პოლიტიკურ ძალას ქმნის, რომლის ლიდერები, გარკვეულ დრომდე, სწორედ ბესელია და კვაჭანტირაძე იქნებიან. მათი გეგმის მიხედვით 2020 წლის არჩევნებისთვის ამ პოლიტიკური ცენტრის, ანუ ზურაბიშვილისა და „კვაჭი ბესელგედის“ (ასე უფრო სრულყოფილად ჟღერს) ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ „ძველი ოცნებისტები“ და პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში პრეზიდენტის პოლიტიკურ ცენტრს კოალიციურ მთავრობაში მნიშვნელოვანი ოდენობის პორტფელიც უნდა ერგოს.
ამ გუნდის რუხი კარდინალის როლს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია ასრულებს, რომელიც საჭირო დროს პრეზიდენტს საპატრიარქოს მხარდაჭერასაც ჰპირდება. ინფორმირებული პირები აცხადებენ, რომ ამ თემაზე მას კონსულტაციები საპატრიარქოშიც ჰქონდა უკვე, ისევე როგორც ბესელიას. თავად საპატრიარქოს დივერსიფიცირებული ინტერესების შესახებ ყველასთვის ცნობილია. ეს ინსტიტუცია, ერთი მხრივ, რუსეთის ინტერესების გამტარებელია, მეორე მხრივ კი _ მუდამ საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის რუდუნებს.
რაც შეეხება ფინანსებს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის _ როგორც „კვაჭი ბესელგედის“ წარმომადგენლები სხვადასხვა პერსონასთან კონსულტაციებისა თუ საუბრების დროს აცხადებენ, _ ფული არ არის პრობლემა. ცხადია, ზურაბიშვილს ფული არ აქვს. მაგრამ აქ პოლიტიკური ფაზლის ფრაგმენტად დეპუტატი შოთა შალელაშვილი შემოდის. ფული სწორედ მან უნდა გაიღოს.
ისე, შალელაშვილის ბიოგრაფიაც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი. მის შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიზნესმენმა დირექტორმა საარჩევნო სიაში ადგილი იყიდა _ საკმაოდ დიდი ფული გადაიხადა და ამიტომაც მის მიმართ პრეტენზიები, ფრაქციის დატოვების, მაგრამ უმრავლესობაში დარჩენის შესახებ ვერც კობახიძეს ექნება და მით უფრო _ მდინარაძეს. რაც შეეხება ივანიშვილს, მიუხედავად ქართული მედიის ვარაუდებისა ბიტკოინების ქარხნის შალელაშვილ-ივანიშვილის კუთვნილების თაობაზე, ეს ფაქტებით არ დასტურდება. ვარაუდები _ ქოთანზე ყურის მიდგმა სასურველი მხრიდან სულაც არ ნიშნავს, რომ ქოთანს ყური არ ექნება, უბრალოდ, რამდენად გამოსადეგი იქნება ხმარებისთვის _ სხვა საკითხია.
შალელაშვილის ისტორია, საქმიანობა და მოღვაწეობა კიდევ ცალკე საკითხია. მით უფრო, რომ როგორც ამბობენ, ქალბატონი პრეზიდენტი კვაჭანტირაძის მეშვეობით მას და მის ოჯახს ევროპულ ინდულგენციას დაჰპირდა დაფინანსების სანაცვლოდ. თან ამ პერსონისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დეპუტატის მანდატიც და ხელშეუხებლობის გარანტიებიც. შალელაშვილმა დაბეჯითებით იცის, რომ მომავალ პარლამენტში ის „ოცნების“ სიაში ადგილს ვერ იყიდის. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სწორედ მან მიაყენა მნიშვნელოვანი ჩრდილი ივანიშვილს, როდესაც იგი საკუთარ პარტნიორად „დაანახა“ ხელისუფლების შტოებსა და ობივატელსაც. რა თქმა უნდა, ეს მას ისრაელის ხელისუფლებისთვის დემონსტრირებისა და ებრაელ ბიზნესმენებთან ურთიერთობისთვისაც სჭირდებოდა. მოკლედ, ფულს სალომესთვის შალელაშვილი დახარჯავს.
ამ პოლიტიკურ მოზაიკაში არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფრაგმენტი _ კახი კალაძე. კალაძეს სალომესთან, მიუხედავად მის მიერ პირველი ტურის შემდეგ გაკეთებული საკმაოდ მკვეთრი განცხადებისა, საკუთარი მოკავშირე ჰყავს. არიან ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს ხდებიან პირველები, მაგრამ მეორე ადგილზე ისინი შეუცვლელები გახლავთ. ამ შემთხვევაშიც ასეა _ „მუდმივმოქმედი“ მოადგილე ლამის ყველა სამუშაო ადგილზე და ორი თვით ენერგეტიკის მინისტრი, მანამ კი ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ვიდრე კალაძე დედაქალაქის მერი გახდებოდა და ახლა ისევ და ისევ კალაძის მოადგილე _ ილია ელოშვილი ზვიად კვაჭანტირაძის მამიდაშვილია. ვითომც არაფერი, მაგრამ თუ კვაჭანტირაძე-შალელაშვილის მეგობრობას და ბიზნესინტერესების რეალიზებაში ელოშვილის თანადგომას გავითვალისწინებთ, რაზედაც ვრცელი საუბარი უახლოეს მომავალში მოგვიწევს, ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება.
კალაძის პოლიტიკურ მზეს „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ დიდი ღრუბელი აეფარა. ცხადია, კალაძემ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მასზე წონადი მასალები აქვთ. ამიტომ ის ღიად არასოდეს დაუპირისპირდება ივანიშვილს, მაგრამ მისი პოლიტიკური მომავალი რომ საფრთხის ქვეშაა, ამას ნამდვილად ხვდება. ამიტომ ის შეეცდება, წარმატებულად ითამაშოს ორ ფრონტზე და 2020 წელს დაელოდოს, როდესაც შესაძლოა, პოლიტიკური კონფიგურაცია შეიცვალოს და მაგ ვითარებაშიც მისთვის სასარგებლო განლაგება შექმნას. არც ისაა არავისთვის დასამალი, რომ კალაძეს, მიუხედავად საჯარო ურთიერთგმობისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეულ ფრთასთანაც არ უჭირს ვითარების დალაგება. ამის პირველი სიმპტომები ღიად 2016 წელს გამოჩნდა, ხოლო 2017 წლის მაისში მისი კულუარული ინტერესები პირდაპირ დაემთხვა ოპოზიციის ინტერესებს. მართალია, ობივატელი კადრის მიღმა ბევრ რამეს ვერ ხედავს და სიტუაციის ანალიზს „კადრში“ მოხვედრილი განცხადებებით აკეთებს, მაგრამ კალაძის ფული როდის და ვის ჯიბეში ილექებოდა, თბილისში ამაზე ღიად საუბრობენ. როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება.
რაც შეეხება „დაიცავი სქართველოს“, იმის გარდა, რომ ამ აღდგენილ მოძრაობაში საკმაოდ არიან წარმოდგენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რომ საქართველო დასაცავია, ასევე უხვად არიან ისინიც, რომელთათვისაც საქართველო და ქართული სახელმწიფო პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტია. ამ მოძრაობის წარმომადგენელთა ახლო კავშირი სალომე ზურაბიშვილთან ასევე თვალნათელი და ფაქტებით განმტკიცებულია. უნდა ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ვერ აღმოჩნდება ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ამ გუნდს ისევ „ქართული ოცნების“ წიაღში მოიხმობს. არადა, მისი დაბრუნების ერთ-ერთი მისია ესეც გახლავთ.
მოკლედ, ჩვენ გვაქვს შემდეგი მოცემულობა: 2020 წლის არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში და ხელისუფლებაში საკუთარი გუნდი სჭირდება, ხოლო გუნდს _ ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა აქვს როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ზურაბიშვილი, „კვაჭი და ბესელგედი“, „დაიცავი საქართველო“ იქნება საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის მთავარი ბირთვი. ვიმეორებ: ამ გუნდის ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნებში ისეთი შედეგის მიღწევა, რომ მათ გარეშე მმართველი კოალიციის ფორმირება შუძლებელი გახდეს. განიხილება ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მომავალ პარლამენტში მათთან ერთად დადგება „პატრიოტთა ალიანსი“, რაც კიდევ უფრო გაზრდის მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის აუცილებელი პოლიტიკური სუბიექტების წონას და პოლიტიკურ მადას.
ქალბატონი პრეზიდენტი და მისი მომავალი გუნდის წევრები ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ თუნდაც დამარცხდეს არჩევნებში „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე გასული, ამჟამინდელი მმართველი პარტია და პირადად ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდებიან, სწორედ მათთან ჰქონდეთ კოალიცია. ასეთ დროს ისინი წაიყვანენ პოლიტიკურ „სტოსს“ და მათ მხარდაჭერასა და თანადგომას ოქროს ფასი დაედება.
სულ ეს იყო ამჯერად, გასაგებად და ნათლად. სხვა მნიშვნელოვან დეტალებს სალომესა და „კვაჭი ბესელგედის“ გეგმებზე მომავალ ნომრებში გაგაცნობთ.

არმაზ მეტრეველი