მთავარი ექსკლუზივი ნახვამდის, ევროპა! გამარჯობა, საქართველო!

ნახვამდის, ევროპა! გამარჯობა, საქართველო!

2287
0
გაზიარება

2012-2015 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ჰაკერთა ჯგუფმა უკანონოდ მოიპოვა ამერიკული ფინანსური ორგანიზაციების 100 მილიონამდე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.

დაზარალებულ ორგანიზაციებს შორისაა უმსხვილესი ბანკი jPMorgan Chase. ჰაკერთა ჯგუფმა ბანკის სერვერი გატეხა, მილიონობით ადამიანის პირადი მონაცემი მოიპოვა და ანგარიშებიდან სოლიდური თანხებიც მოხსნა. თანხების გასათეთრებლად გარი შალელაშვილსა და მის ჯგუფს გაკეთებული ჰქონდათ ბიტკოინების ბირჟა Coin.mx, რისი მეშვეობითაც თანხების გადატანა ხდებოდა საქართველოში, შვეიცარიასა და კვიპროსში. დაზარალებულთა შორის იყვნენ ასევე კომპანიები Wall Street joual, E Trado Financial და Scottrade.
2018 წლის მაისში საქართველოდან აშშ-ში განხორციელდა რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტურინის ექსტრადირება, რომლის თანამზრახველად დასახელდა გარი შალელაშვილი, იგივე გარი შალონი.
გარი შალონი „ქართული ოცნების“ პარლამენტარის, შოთა შალელაშვილის შვილია. შალელაშვილმა და მისმა მეგობრებმა ჯამში 450 მილიონი დოლარის მითვისება შეძლეს.
გარი შალონი, რომელსაც პროკურატურაში ჰაკერული ჯგუფის ხელმძღვანელად მოიხსენიებენ, ორენსტაინთან ერთად 2015 წლის ივლისში ისრაელში დააკავეს და 2016 წელს მათი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. გამოძიების ვერსიით, ისინი იაფად ყიდულობდნენ კომპანიების აქციებს, შემდეგ სხვადასხვა ინვესტორს, რომელზეც პირადი მონაცემები წინასწარ ჰქონდათ მოპოვებული, არწმუნებდნენ, რომ აქციები ნამდვილია და მათ დიდ შემოსავალს მოუტანდა. ამის შემდეგ, როცა აქციების ფასი იმატებდა, თავად ყიდდნენ ფასიან ქაღალდებს და მილიონებს იღებდნენ, ხოლო ინვესტორები წაგებულები რჩებოდნენ.
მეორე ვერსიით, თაღლითები აკონტროლებდნენ ასობით ინტერნეტკაზინოს და ფულიც ამ გზით თეთრდებოდა.
თაღლითური გზით მოპოვებული თანხის შესაძლო გათეთრების კვალმა ამერიკული გამოძიება „ქართუ ბანკთან“ მიიყვანა. ბანკში ერთსა და იმავე პირზე გახსნილი 23 ანგარიში აღმოჩნდა, რომელზეც საკმაოდ სოლიდური თანხები იყო გადმორიცხული. ამ თანხებს ამერიკელებმა კონფისკაცია გაუკეთეს. ასევე დაყადაღდა გარი შალელაშვილის ანგარიშები „ბაზის ბანკში“.
ამერიკული გამოძიების ცნობით, შოთა შალელაშვილის შვილი ფულს ათეთრებდა 75 ჰოლდინგური კომპანიის, მსოფლიოს სხვადასხვა ბანკის საბანკო ანგარიშებისა და 200-მდე ყალბი პასპორტის დახმარებით.
მართალია, დეპუტატი მამა კატეგორიულად უარყოფს შვილის დანაშაულებრივ საქმიანობასთან კავშირს, მაგრამ სულ სხვა რამეს ადასტურებს დოკუმენტები, რომელიც „ქრონიკა+“-მა მოიპოვა.
2015 წლის სექტემბერში საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებული იყო გამოძიება საქართველოში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ შოთა შალელაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა.
სასამართლოს განჩინების მიხედვით, შოთა შალელაშვილმა, მისმა შვილმა გარი შალელაშვილმა, რობერტ შალელაშვილმა (რუსეთის მოქალაქე) „ქართუში“ გახსნილ სავალუტო ანგარიშებზე სხვადასხვა კომპანიიდან დიდი ოდენობის თანხის, _ ერთი მილიარდი დოლარის გადმორიცხვა განახორციელეს.
კონკრეტულ შემთხვევაში შოთა შალელაშვილმა, რომელიც არის საქართველოსა და ისრაელის მოქალაქე, ბანკ „ქართუში“ პირადად გახსნა საბანკო ანგარიშები, ასევე გახსნა საბანკო ანგარიში დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანია SAVINION EXSPORT LP LP-ში (საიდენტიფიკაციო კოდი SL 12764), რომლის ერთპიროვნულ მფლობელსა და დირექტორს თავად წარმოადგენდა. აღნიშნულ კომპანიას თანხები ერიცხებოდა შალელაშვილთან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიიდან. შოთა და გარი შალელაშვილის დახმარებით სს „ქართუში“ ანგარიშები ასევე გახსნეს მილოშ ბინკოვიჩმა და რობერტ შალელაშვილმა, იგივე გია შალონმა.
მათ მიერ გახსნილ სავალუტო ანგარიშებზე თანხები გადმოირიცხა უკრაინაში რეგისტრირებული ორი კომპანიიდან, კერძოდ: SUPERTOOP INVESTMENTS LIMITED და
REALZONE TRADING LIMITED-დან. ორივე კომპანიის დირექტორი პეტრო მელნიჩუკია. ამ კომპანიების მიერ შალელაშვილების ანგარიშებზე რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩაირიცხა.
თანხების აკუმულირების შემდეგ განხორციელებული ტრანზაქციები „ქართუ ბანკს“ საეჭვოდ მოეჩვენა და თავად მიმართა პროკურატურას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით კი ყველა ანგარიში და თანხა დაყადაღდა.
დღეის მდგომარეობით, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს მთავარი პროკურატურის შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გარი და შოთა შალელაშვილების ანგარიშზე დაყადაღებულ თანხებს ამერიკელებმა კონფისკაცია გაუკეთეს. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ამ გამოძიების მერე შოთა შალელაშვილი ძალიან დაფრთხა. მართალია, ის ისრაელის მოქალაქეა, მაგრამ მისი შვილი, გარი შალელაშვილი, სწორედ ისრაელში დააკავეს და გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამდენად, ის ისრაელში თავს უსაფრთხოდ ნამდვილად არ იგრძნობდა, მას იმუნიტეტი სჭირდებოდა და ყველაფერი გააკეთა, რომ იგი მიეღო. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მან საკმაოდ სოლიდური ფინანსების სანაცვლოდ ურთიერთობები დაალაგა უჩა მამაცაშვილთან და „ქართული ოცნების“ სიაში ადგილიც იყიდა. გადეპუტატების შემდეგ შალელაშვილს ხშირად ხედავდნენ „მოდულის“ შენობაში. ამავე წყაროს ინფორმაციით, იგი ყველაზე ხშირად სუსის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს სტუმრობდა. თუ ის ინფორმაცია, რომელიც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, რომ უკრაინიდან გადმორიცხულ ფულს ჩეჩნების კუდი მოყვა, ხოლო საქართველოში ცნობილი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის შემოყვანის ინიციატორი და „კრიშა“ სწორედ სოსო გოგაშვილი იყო, გამორიცხული სულაც არ არის, რომ ამ საიდუმლო სერობებზე „მოდულში“ სწორედ ეს თემები განიხილებოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატაევის ყოფნა გაბაზრდა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია და ჩატაევის ლიკვიდაცია სწორედ კვალის დაფარვის მიზნით განხორციელდა, სუსმა კი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სწორედ იმ პირის ძმისშვილს დააფარა ხელი, რომელიც უკრაინიდან ჩამორიცხული და დაყადაღებული ფულის ავანჩავანს ყველაზე ხშირად კითხულობდა („ქრონიკა+“ ამ სქემის დეტალებს მომავალში აუცილებლად დაუბრუნდება).
მას შემდეგ, რაც ამერიკაში თაღლითური ქსელი ჩავარდა და მისი ორგანიზატორი გარი შალონი დააპატიმრეს, ჯგუფის სხვა წევრებმა, არც მეტი არც ნაკლები, ჯერ ევროპაში, შემდეგ კი საქართველოში გადმოინაცვლეს.
ავსტრიის, გერმანიისა და ბულგარეთის სამართალდამცველი ორგანოების ერთობლივი გამოძიების შემდეგ ევროპაში დააკავეს გარი შალონის კიდევ ერთი თანამზრახველი Gal Barak-ი.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Fin Telegram-ის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები David Dudi Shemech და Marina Andreeva ევროპის სააღმსრულებლო ორგანიზაციების შემდგომი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით საქართველოში გადავიდნენ იმ იმედით, რომ გარი შალელაშვილის მამა, შოთა შალელაშვილი, მათ მფარველობასა და უსაფრთხოებას დაჰპირდა.
საქართველოში გადმოსულმა პირებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკვე გამოაქვეყნეს სტატუსები მათ ახალ სახლზე თბილისში, ღვინოსა და მომსახურების დაბალ ფასებზე. მაგრამ Fin Telegrami-ს მიერ გასაჯაროებული სქრინშოტების შემდეგ აქაუნთები ერთმანეთის მიყოლებით გააუქმეს. ასევე მოიქცა Marina Andreeva-ც.
ამავე გამოცემის ცნობით, Gal Barak-ის, Gary Shalon-ისა და Vladislav Smirnov-ის კობერდამნაშავეების „ოჯახი“ ამჯერად საქართველოში განაგრძობს კიბერდანაშაულებრივ საქმიანობას და ამ სქემის დეტალების გარკვევას უკვე „ქრონიკა+“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაგრძობს.
დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც ამჟამად ევროპაშია დაკავებული, Gal Barak-ი კომპანია E&G Bulgaria-ს მფლობელია. ოფიციალურ დოკუმენტებში ბულგარეთის კომერციულ რეესტრში კომპანიის აქციონერად და მენეჯერად მოხსენიებულია itzk Gellet-ი.
ევროპული გამოძიების მასალებიდან ირკვევა, რომ Gal Barak-ი მარტო არ მოქმედებდა, მასთან დანაშაულებრივ სქემაში ასევე იყვნენ ჩართული Gary Shalin-ი და Vladislav Smirnov-ი. კომპანიის ყოფილი თანამშრომლებისგან მოპოვებული ინფორმაციით, ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე Krif Levy, Marina Andreeva-სთან ერთად, კომპანიის თანამშრომლებს აშანტაჟებდა, თუ ისინი უკანონო საბროკერო ოპერაციებს არ განახორციელებდნენ. ამ დანაშაულებრივი ჯგუფის მსხვერპლი გასულ წელს მილიონამდე ინვესტორი იყო. ევროპული გამოძიების ცნობით, უკანონო საბროკერო საიტებიდან ჯერ კიდევ მოქმედებენ Tradeinvest90, Option888, XMarkets, Safemarkets or XTraderFX.
ევროპელი სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თუ ისინი ამ საბროკერო კომპანიების მსხვერპლი არიან, დაუყოვნებლივ მიმართონ გამოძიებას.
2018 წლის 18 აპრილს ამჟამად კიბერდანაშაულისთვის დაკავებული Gal Barak-ის კომპანია E&G Bulgaria საქართველოში შპს „ალფა მარკეტინგს“ აფუძნებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა, კომპანიის დირექტორად კი ვინმე კესო ბესელიას ნიშნავს.
„ალფა მარკეტინგი“ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, #34-ში არის რეგისტრირებული. Fin Telegramis ცნობით, ოფიციალურ დოკუმენტებს Gal Barak-ის პარტნიორმა etzk Gellet-მა მოაწერა ხელი.
არ ვიცი, რას ეუბნება ეს სახელები და გვარები ევროპელ სამართლადამცველებს, მაგრამ „ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ კესო ბესელია პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ გენერალური მდივნის, ირაკლი ღლონტის ცოლისდაა, ხოლო კომპანიის რეგისტრაციის მისამართი მისსავე სიდედრს ეკუთვნის. 2019 წლამდე „ალფა მარკეტინგის“ ოფისი თბილისის ცენტში, „პიქსელის“ შენობაში იყო განთავსებული და როგორც ევროპელი სამართალდამცველები ვარაუდობენ, სწორედ ფულის გათეთრებით და უკანონო საბროკერო საქმიანობით იყო დაკავებული. კომპანიამ ოფისი მას შემდეგ დახურა, რაც უცხოურ მედიაში პირველი ცნობები გამოჩნდა Gal Barak-ის დანაშაულებრივი დაჯგუფებისა და მისი თაღლითური სქემის შესახებ.
მართალია, კესო ბესელია ამბობს, რომ ის დირექტორის თანამდებობას ფორმალურად იკავებდა, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის ცხადზე ცხადია, რომ საერთაშორისო თაღლითები თავიანთ შვილობილ კომპანიებს შემთხვევით ადამიანებს არ ანდობენ. როგორც გაირკვა, საერთაშორისო დამნაშავე Gal Barak-ის კომპანიას იურიდიულ მომსახურებას თავად ირაკლი ღლონტი უწევდა საკუთარი კომპანიის, „ირაკლი ღლონტი და პარტნიორების“, მეშვეობით. ქართული საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ირაკლი ღლონტი და პარტნიორები“ საჯარო რეესტრში „ალფა მარკეტინგის“ რეგისტრაციამდე ერთი თვით ადრე, 2018 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნიკო კირვალიძეა, ირაკლი ღლონტი კი კომპანიის დირექტორია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გარი შალელაშვილის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ირაკლი ღლონტი „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა დააკავშირა და მანვე გაუწია რეკომენდაცია. იურიდიული კომპანიის დაფუძნება მხოლოდ შირმა იყო, Gal Barak-ს აქ სანდო პარტნიორი სჭირდებოდა და შოთა შალელაშვილის რეკომენდაციის შემდეგ ღლონტმა საკუთარი სიდედრის მისამართზე საერთაშორისო დამნაშავეს კომპანია „ალფა მარკეტინგი“ დაარეგისტრირებინა, ხოლო კომპანიის დირექტორად საკუთარი ცოლისდა, კესო ბესელია დაანიშნინა.
ნახვამდის, ევროპა! გამარჯობა, საქართველო!
შემთხვევითი იყო თუ არა დანაშაულებრივ სინდიკატ E&G Bulgaria-ს ხალხის საქართველოში გადასვლა, სადაც გარი შალონის მამა, შოთა შალელაშვილი, გავლენიანი პოლიტიკოსია? _ სვამს კითხვას Fin Telegram-ი. და იქვე პასუხობს, რომ ეს ძნელი დასაჯერებელია, რადგან ყველა თაღლითური საიტი ჯერ ისევ ონლაინ რეჟიმში მუშაობს (XTradderFX, SafeMarkets, Golden Markets). ებრაელი ბიჭები ნამდვილად ფიქრობენ, რომ მათ ყველაფრის კეთება შეუძლიათ?
Fin Telegram-ი აცხადებს, რომ მათ მისია აქვთ დაამტკიცონ, რომ დამნაშავეები ცდებიან.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, შოთა შალელაშვილის ირგვლივ დანაშაულებრივი წრე უფრო და უფრო ვიწროვდება. როგორც ირკვევა, ის, თავის დროზე, ისრაელშიც იყო ნასამართლევი. მართალია, თავად აცხადებს, რომ მხოლოდ ქრთამის მიცემაზე, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ეს ასე არ არის (ამ თემის დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ). შალელაშვილმა უკვე იცის, რომ კიბერდანაშაულის ქართულ კუდებს ევროპელი სამართალდამცველები მისწვდნენ და, დღეს თუ არა ხვალ, მასზეც გავლენ, ამიტომ ახლა მას არა დეპუტატის მანდატი, არამედ დიპლომატიური იმუნიტეტი სჭირდება, ამიტომ მის პატრონთან, უჩა მამაცაშვილთან, ახალი სქემის დალაგებასა და დიპლომატიური იმუნიტეტის მოპოვებას ცდილობს, _ უნდა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩად დაინიშნოს. პარალელურად კი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან ზვიად კვაჭანტირაძის მეშვეობით დაალაგა ურთიერთობები. ჩვენი წყარო ამბობს, რომ შუამავლობის სანაცვლოდ ზვიად კვაჭანტირაძემაც სოლიდური გასამრჯელო მიიღო. შოთა შალელაშვილი სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ცდილობს დაალაგოს ევროპელ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, თუმცა მას ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება, _ მსოფლიო კარგა ხნის წინ შეთანხმდა, რომ ფულის გათეთრებასა და კიბერდანაშაულს საზღვრები არ აქვს და სალომე ზურაბიშვილის ჩარევა შოთა შალელაშვილს ნამდვილად ვერ გადაარჩენს.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის პარტია „კანონი და სამართლის“ გენერალურ მდივან ირაკლი ღლონტს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მას Cal Barak-ის მენეჯერი ltzk Gellet-ი პირადად დაუკავშირდა:
_ ირაკლი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კიბერდანაშაულისთვის დაკავებულია გარი შალონის თანამზრახველი გალ ბარაკი? იცნობთ, თუ არა მას და გქონდათ თუ არა მასთან რაიმე შეხება?
_ მასთან არანაირი კავშირი არ მქონია, არც ამ კომპანიასთან. როგორც ვიცი, დაკავებული არც არის, რეალურად. ჩვენ რომ მოვიკითხეთ, გვითხრეს, დაკავებული არავინ არის, ყველაფერი წესრიგშიაო. იყო გარკვეული შეკითხვები, რომელზედაც სათავო ოფისმა და კომპანიამ უპასუხა. ამჟამად ამ ინფორმაციას ვფლობ.
_ თუ მას არ იცნობთ, მაშინ როგორ მოხდა, რომ გალ ბარაკის კომპანია დაფუძნებული და რეგისტრირებულია თქვენი სიდედრის მისამართზე და მისი დირექტორი არის თქვენი ცოლისდა, კესო ბესელია?
_ რეალურად, ეს კომპანია გალ ბარაკის არ არის. მას მეპატრონე და დამფუძნებელი ჰყავს, რომელიც ამ სათავო ოფისისა და კომპანიის 100%-იანი მეპატრონეა (ltzk Gellet). სწორედ ეს ადამიანი დამიკავშირდა და დამიკვეთა იურიდიული სერვისები. მან მთხოვა, რომ მათთვის დაგვეფუძნებინა ერთ-ერთი კომპანია „ალფა მარკეტინგი“. ცხადია, ვურჩიე დარეგისტრირებულიყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით. მაშინ შეხვედრაზე მახლდა კესო ბესელია იმიტომ, რომ კესო წარმატებული კურსდამთავრებულია, ოთხი ენის მცოდნეა და ხანდახან ასეთ შეხვედრებზე, როცა უცხოელებთან მიწევდა კომუნიკაცია, მისი უნარებით ვსარგებლობდი. მერე თვითონ მაგათ, როგორც გავიგე, ქართველებთან არანაირი წვდომა არ ჰქონიათ და ორგანიზაციის დაკომპლექტება გვთხოვეს. რადგანაც საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, კომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებს უფლებამოსილი პირი ჰყავდეს წარმომადგენლობაზე, ამიტომ მათ სჭირდებოდათ, ვინმე დირექტორი ყოფილიყო, რეალურად, ოფისმენეჯერი, თუნდაც დირექტორის უფლებამოსილება გაწერილიყო შემკავებლობის მიხედვით. კესო თვითონ მეც კი არ შემითავაზებია. რეალურად, კესო მეორე ქართველი იყო. კესოს ჰკითხეს, რას საქმიანობდა. კესომ უთხრა, რომ ამ დროისთვის სამსახურს ეძებდა და ვინაიდან მან ინგლისური მაღალ დონეზე იცოდა, სთხოვეს, დასაქმებულიყო. რამდენიმე ხნის განმავლობაში კონსულტაციები მიმდინარეობდა ხელფასთან, სამუშაო პირობებთან დაკავშირებით და კესომ შეთავაზებაზე თანხმობა უთხრა.
_ ვინ იყო ის მეორე ქართველი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა?
_ კესო ბესელია და მე, ანუ ჩემ გარდა მეორე ქართველი იყო კესო ბესელია, რომელიც მათთან მაღალ დონეზე ინგლისური საუბრით მეხმარებოდა.
_ როდის დაგიკავშირდათ ის უცხოელი, რომელმაც იურიდიული კონსულტაცია გთხოვათ საქართველოში და ვისი მეშვეობით, როგორ გიპოვათ?
_ პირველ რიგში, მათ ჩემს ნომერზე დამირეკეს. რადგან ინგლისური ენა კარგად არ ვიცი და კომუნიკაცია არ შემეძლო, ვთხოვე, რამდენიმე საათში გადავურეკავდი. მერე როცა დავურეკე, თვითონაც არ იცოდნენ მაღალ დონეზე ინგლისური. ამის შემდეგ ვთხოვე კესოს თარჯიმნობის დახმარება. ჩვენ შორის საუბარი შედგა და მითხრეს, ჩამოდიო. თვე ზუსტად არ მახსოვს, შემიძლია, დოკუმენტბრუნვას გადავხედო და აქედან გავიხსენო. ეს იყო, დაახლოებით, 8-9 თვის წინ, თუ არ მეშლება.
_ ანუ ეს ამბავი 2018 წელს იყო?
_ შემიძლია დაგიზუსტოთ, 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის მიწურულს იყო პირველადი სატელეფონო საუბარი. ამის შემდეგ „რედისონში“ შევხვდით. ეს იყო პირველი შეხვედრა. ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ, ამიხსნეს, რაც უნდოდათ. რჩევები მივეცი, რომ იურიდიული თვალსაზრისით გამართული რომ ყოფილიყო, ამისთვის სჭირდებოდათ იურიდიული მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომრის გახსნა, ბეჭედი, ხელშეკრულების მომზადება სათავო ოფისსა და შვილობილ კომპანიას შორის.
_ ამ დროისთვის თქვენი იურიდიული კომპანია „ირაკლი ღლონტი და პარტნიორები“ სულ ერთი თვის დაფუძნებული იყო. რატომ გააკეთეს არჩევანი თქვენზე? ხომ არ არსებობდა წინასწარი შეთანხმება და ხომ არ იყო თქვენი რეკომენდატორი შოთა შალელაშვილი?
_ მაგ კითხვასთან დაკავშირებითაც გიპასუხებთ: იურიდიული კომპანია ოფიციალურად დავაფუძნეთ 2018 წლის მარტში, შემიძლია გადავამოწმო.
_ 2018 წლის მარტში…
_ შემიძლია, რეესტრში გადავამოწმო…
_ გადავამოწმე უკვე…
_ მაგრამ 2016 წლის შემდეგ, როგორც კი მე განვაცხადე ე. წ. პოლიტიკური ტაიმ-აუტის შესახებ, მე, როგორც ფიზიკური პირი, იურისტი, არაერთ კერძო და ფიზიკურ პირს ვუწევდი იურიდიულ მომსახურებას. სხვა ბიზნესი არ გამაჩნია, ეს ყველამ კარგად იცის. ერთადერთი შემოსავლის წყარო დარჩენილი მქონდა ის, რომ ჩემი პროფესიით ამ კუთხით გამეგრძელებინა მუშაობა და 2016 წლის შემდეგ იურიდიული საქმიანობა დავიწყე. მათ შორის არაერთი უცხოელისთვის მიმიცია იურიდიული კონსულტაციები.
_ იყო თუ არა თქვენი რეკომენდატორი შოთა შალელაშვილი?
_ ვერ გეტყვით, ამ ადამიანთან ამ საქმეზე საერთოდ საუბარი არ მქონია. შოთა შალელაშვილის სახელი და გვარი მას შემდეგ გავიგე, რაც თებერვალში სააგენტოზე ამ კომპანიასთან სახელის ასოცირებაზე საუბარი დაიწყო.
_ შოთა შალელაშვილს უფრო ადრე არ იცნობდით?
_ შოთა შალელაშვილს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში და, ზოგადად, პოლიტიკაში გამოჩნდებოდა. მე ის გავიცანი ებრაულ წრეში. არაერთ ქართულ-ებრაულ ღონისძიებაზე ვარ მასთან შეხვედრილი. ცხადია, ყოველდღიური ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვიცნობ. თუმცა ჩემი და მისი პოლიტიკური ხედვები არსებითად და მკვეთრად განსხვავებულია და ამიტომ ჩვენ ახლო ურთიერთობა, ცხადია, არ გაგვაჩნია. ვიცი, რომ პარლამენტშია; ვიცი, რომ რამდენიმე საინტერესო ინიციატივაც ჰქონდა. ეს შემიძლია გიპასუხოთ.
_ ირაკლი, თქვენ თქვით, რომ იურიდიული კომპანია თქვენი ბიზნესი და შემოსავლის წყაროა. ამ დროს იურიდიულ კომპანიაში „ღლონტი და პარტნიორები“ 100%-იანი წილის მფლობელი არის სულ სხვა პირი და თქვენ, უბრალოდ, ამ კომპანიაში დირექტორი ხართ.
_ კი ბატონო, ნიკოლოზ კირვალიძე ამ კომპანიის 100%-ის დამფუძნებელია. მე ვთხოვე ნიკას, დაეფუძნებინა.
_ ვინ არის ნიკოლოზ კირვალიძე?
_ ეს არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და თანამებრძოლი.
_ თქვენ დირექტორად დაგნიშნათ და არ ხართ ამ კომპანიის მოწილე, ბიზნესი თქვენი როგორ გამოდის?
_ წილობრივად არა, უბრალოდ, ამ კომპანიის დირექტორი ვარ.
_ გალ ბარაკისა და „ალფა მარკეტინგის“ გარდა სხვა უცხოურ კომპანიებთან თუ გაქვთ მსგავსი ტიპის ურთიერთობები, როცა მათ იურიდიულ მომსახურებას უწევთ?
_ რა თქმა უნდა, კი.
_ თუ შეიძლება, დააკონკრეტოთ, ვინ არიან ეს ადამიანები?
_ მეტსაც გეტყვით: გუშინაც განვმარტე არაერთ კომენტარში ტელეეთერითაც, _ არავითარი ვალდებულებები არ გამაჩნია, რომ ჩემს კლიენტებზე ვისაუბრო. ეს პროფესიული თვალსაზრისით არაეთიკურია…
_ თქვენ ადვოკატი არ ხართ, ირაკლი!..
_ ადვოკატი არა, მაგრამ იურისტი ვარ. არანაირი მნიშვნელობა, მე მგონი, ამას არ გააჩნია.
_ არა, ადვოკატია შეზღუდული, რომ თავის კლიენტებზე კონფიდენციალური ინფორმაცია არ გასცეს, მაგრამ თქვენ არ ხართ ადვოკატი, არც ხართ ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არ გაქვთ ჩაბარებული გამოცდები.
_ კი, მაგრამ მე ვარ იურისტი და იურიდიულ საკითხებს სრულიად კანონიერად ვახორციელებ.
_ შეგიძლიათ თუ არა დამისახელოთ სხვა უცხოელები, ვისთანაც მსგავსი ტიპის კომუნიკაცია გქონდათ და მათ იურიდიული დახმარება გაუწიეთ?
_ კი ბატონო, მე ძალიან ბევრი კლიენტი მყავს და მყოლია, ახლაც შეხვედრაზე გახლავართ ერთ-ერთ ძალიან დიდ კომპანიასთან და მილიონნახევრიან სადავო ურთიერთობებში მონაწილეობის მიღება მთხოვეს. სავარაუდოდ, დავთანხმდები და ამ კომპანიას იურიდიულ სერვისს გავუწევ.
_ კომპანიას არ დაასახელებთ?
_ მაპატიეთ, მაგრამ არა, ეს არაეთიკური იქნება.
_ როგორ, თუკი დავა უნდა აწარმოოთ და, შესაბამისად, სასამართლოში და სხვადასხვა ინსტანციაში უნდა წარმოადგინოთ, ეს არ იქნება კონფიდენციალური ისტორია, სასამართლო პროცესები ღიაა.
_ კონფიდენციალური არ არის, თუმცა ჩემს კლიენტებთან შეუთანხმებლად საუბარი, ვფიქრობ, არასერიოზულია. ძალიან ბევრ ემიგრანტს ვემსახურები, ოღონდ ემიგრანტებთან მიმართებით უსასყიდლოდ ვახორციელებ სერვისებს, რადგან ჩემი დამოკიდებულება დიასპორასთან მიმართებით, მგონი, საზოგადოებისთვის ნათელია. ქალბატონო ელისო, ჩემი თითოეული ნაბიჯი არის ძალიან საჯარო, ღია და გამჭვირვალე.
_ ბოლო კითხვას გისვამთ: გალ ბარაკი არის ცნობილი დანაშაულებრივი სინდიკატის ხელმძღვანელის, გარი შალელაშვილის პარტნიორი,
_ ჩემთან დაკავშირებით არ მესმის, რა შუაშია გალ ბარაკი.
_ გალ ბარაკის კომპანია „ი ენდ ჯი ბულგარეთი“ არის იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომლის დირექტორიც თქვენი ცოლისდაა. სხვა რამეს გეკითხებით: აბსოლუტურად ყველა ეს ადამიანი, პირდაპირ და ირიბად არის დაკავშირებული ფულის გათეთრების სქემებთან მსოფლიოში…
_ სავარაუდოდ…
_ სავარაუდოდ არა, უკვე ბრალი დადასტურებულია, მათ შორის, 2015 წლიდან გარი შალონის. ამ სქემასთან პირდაპირ და ირიბად დაკავშირებული პირები ავტომატურად ირიცხებიან ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების შავ სიაში. თქვენ ხართ პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ გენერალური მდივანი. ვისი რეკომენდაციით მოხვდით ამ პარტიაში და მიიჩნევთ თუ არა, რომ ეს სკანდალი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია თქვენს სახელთან, პარტიას, მის დასავლურ ორიენტაციასა და კურსს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან, დააზარალებს?
_ პირველი: მე მიმიწვია, ჩემი შეფასებით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა ქართველმა ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა. მასთან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა ძალიან კეთილგანწყობილი, საქმიანი და კარგი, მეგობრული ურთიერთობა. ჩვენი ხედვები დასავლეთთან მიმართებით ევროატლანტიკური მიმართებით სრულად ემთხვეოდა, ასევე კანონისა სამართლის აღსრულებისა და საჭიროების ნაწილში. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს და გადავწყვიტე, პოლიტიკური ტაიმ-აუტის რეჟიმიდან გამოვსულიყავი და მის გვერდით დავმდგარიყავი, ასევე ძალიან კარგი და ძლიერი გუნდის გვერდით. რაც შეეხება მეორე შეკითხვას: მინდა გიპასუხოთ, რომ ჩემს საქმესთან დაკავშირებული სკანდალი ცოტა გაზვიადებული მგონია. ჩემი შეფასებით, მე ჩვეულებრივი იურისტი ვიყავი, რომელიც თვეში და ორ თვეში ერთხელ ავდიოდი კომპანიაში, როცა დამირეკავდნენ, როცა იურიდიული სერვისი დასჭირდებოდათ. მაგალითად, ხელშეკრულების გაფორმება, საჯარო ხელშეკრულების გაფორმება კონსულტაციებთან და იურიდიულ საკითხთან მიმართებით. ამას ვახორციელებდი ისე, როგორც არაერთი სხვა კლიენტისთვის. შესაბამისად, აქ ვერ ვხედავ, რომ ჩემი სახელი ფიგურირებს. ერთადერთი ფიგურირებს იმ გაგებით, რომ მე, როგორც დაქირავებულმა იურისტმა, თანამშრომლობა გავუწიე კომპანიას, რომ ამ კომპანიის საქმიანობა კანონთან და სამართალთან შესაბამისობაში ყოფილიყო. გულწრფელად მინდა გითხრათ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ჩემი ინტერესიცაა, საგამოძიებო ორგანოებსაც კი მივცე დაწვრილებით ამომწურავი და დადასტურებული პასუხები, თუ მათი ინტერესი გაჩნდება, ავუხსნა ჩემი დამოკიდებულება და ჩემი სამართლებრივი კავშირი ამ კომპანიასთან. ჩვენს გუნდს და კორპუსს, ზოგადად, ბევრი კლიენტი ჰყოლია, ზოგი კეთილსინდისიერი და ზოგი არაკეთილსინდისიერი. გულწრფელად მინდა გიპასუხოთ, რომ ვერ ვაგებ პასუხს, კომპანიასთან, სავარაუდოდ, კავშირში მყოფ გალ ბარაკთან მიმართებით, რომელიც არც ერთ იურიდიულ დოკუმენტში ჩვენთან მიმართებით არ ფიგურირებს.
_ თუ გაირკვა, რომ კომპანია, რომელსაც თქვენი ცოლისდა ხელმძღვანელობს, საბროკერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოში, მაშინ რა ხდება?
_ ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუკი რაიმე დანაშაულებრივი ნიშნები იარსებებს, თუმცა გულწრფელად უნდა გიპასუხოთ, რომ მე და კესო რამდენადაც გავეცანით კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას, იგი აბსოლუტურად შესაბამისობაშია ქართულ კანონმდებლობასთან. მარტივად შეიძლება ამის იდენტიფიცირება მოხდეს, გადამოწმდეს ამ კომპანიის საბანკო ანგარიშები, რომელიც არც ისე სოლიდურად გამოიყურებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი კონცერნი, რომლის მსგავსი ორგანიზაცია თბილისში, გაწვდით ინფორმაციას, რომ, დაახლოებით, 200-დან 250-მდე შეიძლება დავითვალოთ.
_ თუმცა „პიქსელის“ შენობაში ძვირადღირებული ოფისის ქირაობას კომპანია, რომელსაც სახსრები არ გააჩნია, ვერ ახერხებს.
_ ფული არ აქვსო, მე არ მითქვამს, უბრალოდ, არც ისეთი სოლიდური თანხები არის, რომლის დაანგარიშებაც ფინანსურმა პირებმა ვერ შეძლეს. ამას ვგულისხმობ, თორემ ფული რომ არ ჰქონოდა, ამ ადამიანებს ვერც ხელფასს გადაუხდიდა და ოპერირებადი ვერ იქნებოდა, ხომ? ახლა გამახსენდა: თქვენ მკითხეთ, სხვა ორგანიზაციებზე დამიკავშირდა ზუსტად ორი კომპანია, უფრო სწორად, ერთი კომპანია და ერთი ფიზიკური პირი. ეს იყო ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე და მთხოვეს. ეტყობა, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაც ღლონტს შეუძლია, იურიდიული სერვისები გაგვიწიოს და მთხოვეს, კომპანია მათთვისაც დამეფუძნებინა, მხარდაჭერა აღმომეჩინა. უარი ვთქვი, რადგან მაგ პერიოდში სხვა საქმეებსაც ვაწარმოებდი და დრო არ მრჩებოდა. ამას გარდა, არაკეთილსინდისიერება იქნებოდა ორ, ერთნაირი ტიპის კომპანიაში ვყოფილიყავი, იურისტი და მომსახურე. ერთი თვის წინ 200 ლარი გადავიხადე, ტესტირება უნდა გავიარო. თუ დრო დამრჩა, პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, მინდა, ადვოკატთა ასოციაციას შევუერთდე. ამ გზით მსურს სვლა. ვაპირებ „ღლონტი და პარტნიორები“ გავაძლიერო და გარკვეული ინვესტიცია ჩავდო, რომ კომპანია წარმატებული იყოს.

ელისო კილაძე

 

დატოვეთ კომენტარი