1920 წლის მარტი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6;8.

მუნიციპალური არჩევნები ბათუმში

1920 წლის მარტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა ბათუმსა და ბათუმის ოლქს უკავშირდება. ამ თემის შესახებ გაზეთი „საქართველო“ მთელი თვის განმავლობაში ინტენსიურად წერდა და საკუთარ მკითხველს ყოველ ნომერში სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სთავაზობდა. ბათუმის საკითხის გააქტიურება საქალაქო არჩევნებსა და ამ არჩევნებიდან გამომდინარე ბათუმის ოლქის კუთვნილებას უკავშირდებოდა. საქართველოს მთავრობამ სწორედ ამ არჩევნების შედეგების შემდეგ გაააქტიურა ქვეყნის შემადგენლობაში ბათუმის ოლქის დაბრუნებისკენ მიმართული მოქმედება.
4 მარტს გაზეთი „საქართველო“ ბათუმის საქალაქო არჩევნების შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ქართულმა ძალამ მოიპოვა: „ბათომის საქალაქო არჩევნები ქართველობის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა! 36 ადგილიდან 20 ქართველი დეპუტატი იქნა არჩეული. სხვა სიებმა ერთი ორი ადგილი თუ მოიპოვეს და ამ რიგად ბათომის საქალაქო საქმეების მმართვა-გამგებლობა ქართველობას მიაკუთვნა.
დიადია მნიშვნელობა ამ გამარჯვებისა! დიადია სიხარული, რომლითაც უნდა მოიცვას მთელი ქართველი ერი, ბათომის გამარჯვების გამო! მას შემდეგ, რაც ბედის უკუღმართობამ ბათომი საქართველოს ჩამოაცილა, ეს საქართველოს უძვირფასესი კუთხე სრულებით ჩამოსცილდა თავის დედა-სამშობლოს გავლენასაც და უცხოელთა გამგებლობის ასპარეზად გაიშალა. ჯერ ოსმალებმა გახადეს თავის სათარეშოდ იგი და სწოვეს მისი სისხლი, როგორც შეეძლოთ. ოსმალნი განიდევნენ ბათომიდან, მაგრამ საქართველოს კანონიერი უფლებანი მაინც ვერ იქმნა აღდგენილი. ქალაქსა და მთელს მხარეს დაეპარტრონა ბრიტანეთი, მაგრამ ფაქტიურად მის სარდლობის მაგიერ, ბათომს დენიკინის აგენტები დაეუფლენ და ქართული ქალაქი „მოხალისეთა“ სათარეშო ასპარეზად გადიქცა…
ყოველი გამვლელი თავის პრეტენზიას აცხადებდა ბათომსა და მის ოლქზედ, ხოლო ანტანტი მდუმარე შესცქეროდა იმ ავანტიურას, რომელსაც ამზადებდენ ეს ელემენტები საქართველოს საწინააღმდეგოთ. იმის მტკიცებაში იყვნენ, რომ ბათომის მკვიდრი მოსახლეობა წინააღმდეგია საქართველოსთან შეერთებისა: აი, ამისთვის არის საყურადღებო ბათომის საქალაქო არჩევნების შედეგი. ყველა ჯგუფები ხელჩართულ ბრძოლისთვის დაირაზმენ ამ არჩევნებში, ყოველმა ჯგუფმა მოახდინა სრული მობილიზაცია თავის ძალების, რადგან ყველამ იგრძნო, რომ ბათომის არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა ბათომის საკითხის გარდაწყვეტაში. ამომრჩეველთა საერთო რიცხვიდან უჩვეულო პროცენტი გამოცხადდა ყუთებთან _ ასე დიდი იყო ინტერესი ამ არჩევნებისადმი და რა სთქვა ამ არჩევნებმა: აბსოლუტური უმრავლესობა მიაკუთვნა ქართულ სიას სხვა ყველა დანარჩენ პრეტენდენტების სასტიკ დამარცხებით…
საქართველოსთან შეერთება _ აი, ეს არის ბათომის სიტყვა, რომლის უარყოფა უკვე აღარავის შეუძლია. ეს სიტყვა ისეთ პირობებში, როდესაც ბათომის მცხოვრებნი უცხო სახელმწიფოს ხელის უფლების ქვეშ იმყოფებოდნენ და სრულებით მოშორებულნი იყვნენ საქართველოს გავლენას, მით მეტ მნიშვნელობას და ძალას იღებს ბათომის არჩევნებით თქმული სიტყვა!“
ბათუმის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სპეციალური სიტყვა წარმოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა. ამ სიტყვას გაზეთი „საქართველო“ სრულად 4 მარტის ნომერში ბეჭდავს. როგორც გეგეჭკორმა აღნიშნა, ეს არჩევნები ფორმალურად კი იყო მუნიციპალური, მაგრამ სინამდვილეში იგი პოლიტიკურ პლებისციტად გადაიქცა, რომელმაც დაადასტურა, რომ ბათუმის ოლქის მოსახლეობას საქართველოსთან შეერთება სურს და ბათუმს საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიქვამს.
ამ განცხადებამდე 2 დღით ადრე, 1920 წლის 2 მარტის „საქართველოში“ დაბეჭდილია ქართველ მაჰმადიანთა მეჯლისის მიმართვა ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის მიმართ. ამ მიმართვაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე თვის წინ უორდროპმა სამართლიანად მიიჩნია ქართველი ერის მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ და მისი დიდი ხელშეწყობით, საზავო კონფერენციამ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო აღიარა. ამ გადაწყვეტილებამ ქართველ ერს ჩაუნერგა იმედი, რომ უორდროპის მხარდაჭერით საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდებოდა ბათუმის საკითხიც. ეს მიმართვა, რომელსაც ბოლოში მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე აწერს ხელს, ასე სრულდებოდა: „ბათუმის ოლქის მცხოვრებთა სახელით, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, მიიღოთ სათანადო ღონისძიებანი ბათომისა და მისი ოლქის საკითხის უახლოეს ხანაში გადასაჭრელად და ამით 6 წლის ომით გატანჯულ ხალხს თავისუფლად აგრძნობინოთ თავი თვის ისტორიულ სამშობლოს ფარგლებში. ამას მოითხოვს როგორც მცხოვრებთა სურვილი, ისე ბათომის ოლქის საარსებო ინტერესები“.

ავტოკეფალიის აღდგენის იუბილე

1917 წლის 12 მარტს მცხეთაში, სვეტიცხოვლის ძველ საკათედრო ტაძარში ქართულმა სამღვდელოებამ რუსეთის იმპერიის მიერ ასი წლის წინათ გაუქმებული ავტოკეფალია აღადგინა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 1920 წლის 28 მარტის ნომერში სპეციალურ წერილს უძღვნის, რომელიც ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას ეხება. გარდა ამისა, ამ სტატიაში განხილულია ის სამი წელიც, რომელიც ქართულმა ეკლესიამ უკვე დამოუკიდებლად გაიარა: „დღეს სამი წელი შესრულდა, რაც საქართველოს ეკლესია განთავისუფლდა რუსეთის მონობისაგან და თავისი ავტოკეფალიობა განაგრძო.
საქართველოს ეკლესიას ბრწყინვალე ისტორია აქვს და წარსულ საუკუნეთა სვლაში მაღლა ეტარა წმინდა დროშა საეკლესიო კულტურული და სულიერი სიამაყისა. და დღესაც როგორი აზრისაც არ უნდა იყვნენ საზოგადოდ ეკლესსიაზედ, არ შეიძლება მოწიწებით არ მოვიხსენიოთ ის ღვაწლი, რომელიც თავის ერის წინაშე მიუძღვის ქართველ სამღვდელოებას: მაშინ როდესაც მოდუნებული იყო ეროვნული გრძნობა და დამონებული ჩვენი სამშობლო მძიმე უღლის ქვეშ დრტვინავდა ქართველი, სამღვდელოებაში ნამდვილი პატრიოტული სული ღვიოდა და მედგარ ბრძოლას აწარმოებდა თავისუფლებისათვის. 1917 წელს ეკლესსიის განთავისუფლება იყო პირველი თავის ამართვა ეროვნული სულისა და კათალიკოსის თავზედ მბრწყინავი ძველი ქართული სიამაყის და წარსული საუკუნეთა დიდების და საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განთავისუფლების წინამორბედი.
დღეს საეკლესიო ცხოვრება უკვე იმ ხანში გადავიდა, როდესაც მან მხოლოდ თავისი პირდაპირი საქმე უნდა შეასრულოს და ეკლესიის საქმეებზედ იზრუნოს. ჩვენი ვალია, ვინც ამ ეკლესიას ვეკუთვნით და მის რწმენაში აღვზრდილვართ და ვიზიარებთ, მივიდეთ დამხმარე ხელით ქართველ სამღვდელოებასთან და მივცეთ მას საშუალება, პირნათლად აასრულონ თავისი მოვალეობა. როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება მოვალეა იზრუნოს მისთვის, რომ ქართველ მორწმუნეთა გრძნობები შელახული არ იყვნენ მით, რომ ღვდელთ-მსახურებას სათანადო პირობები არ ექმნებათ თავის სამსახურისთვის“.

გორის მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრა

გაზეთი „საქართველო“ 1920 წლის მარტის გამოცემებში, თითქმის, ყოველ ნომერში უთმობს ადგილს გორში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. გორში მიწისძვრა 1920 წლის 19 თებერვლიდან 20 თებერვლის ღამეს მოხდა და მისმა სიმძლავრემ რიჰტერის სკალით 6 ბალს გადააჭარბა. მეორე დღეს 3 საათზე მიწისქვეშა ბიძგები კვლავ განმეორდა და ამჯერად ის გაცილებით ძლიერი იყო. 8-ბალიანმა მიწისძვრამ ქალაქსა და გორის მაზრის სოფლებში თითქმის ყველა შენობა დაანგრია და 200-მდე მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ უბედურების ადგილზე საკუთარი კორესპონდენტი გაგზავნა, რომელიც გაზეთს უახლოეს ცნობებს ადგილიდან აწვდიდა. 11 მარტის ნომერში დაბეჭდილი ინფორმაციიდან ვიგებთ, რომ გორში მიწისქვეშა ბიძგები კვლავ გრძელდებოდა, თუმცა თებერვალთან შედარებით ნიადაგის რყევა გაცილებით სუსტი იყო. მაგალითად 9 მარტს მიწა შეირყა, მაგრამ მას ნგრევა არ მოჰყოლია.
დაიწყო ქალაქის განახლების სამუშაოები. ნანგრევებიდან ამოიღეს ფოსტა-ტელეგრაფის მოწყობილობები, ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა ლაბორატორიის ინვენტარი. მუშაობა განაახლა ხაზინამ, ფოსტამ, ერობამ. ამ უწყების თანამშრომლებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური დროებითი ბარაკები. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გაიხსნა რამდენიმე სადალაქო, კოოპერატივი, დუქანი და რესტორანი.
ინჟინერთა აზრით, გორში ახალი ქალაქი უნდა შეექმნათ. საცხოვრებელი სახლები იაპონიისა და ინგლისის მსგავსად ხისგან აშენდებოდა და ერთმანეთისგან ხეხილის ბაღებით იქნებოდა დაშორებული.
გაზეთ „საქართველოს“ კორესპონდენტი ზოგიერთ პრობლემაზეც საუბრობს: „არ შეიძლება მწუხარებით არ აღვნიშნო ერთი გარემოება, რომელიც ასე სასტიკად აშფოთებს დღეს გორის ყველა დაზარალებულ მოქალაქეს. ამ ჟამად დიდი არევ-დარევაა სურსათის დანაწილებაში. ჩვენ არ ვიცით, რით ხელმძღვანელობენ, როცა სურსათსა და ფქვილს არ ურიგებენ ყოფილ ვაჭრებს და სახლის პატრონებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ჟამად გორში არც ერთი ფურნე არ არსებობს, ადვილი მისახვედრია, თუ რა გაჭირვებას უნდა განიცდიდნენ ეს გამორჩენილი და განწირული მოქალაქენი“.
მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად შექმნილმა ტექნიკურმა საზოგადოებამ 6 და 7 მარტს დაათვალიერა დაზარალებული რაიონები და აღდგენითი სამუშაოებისთვის ღონისძიებები დასახა. საჭირო იყო უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის დროებითი ბარაკების აშენება. უნდა დაენგრიათ ის შენობები, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. გორის მთავარი ქუჩები მსგავსი ნაგებობებისგან უკვე გაწმენდილი იყო, მაგრამ ქალაქში მაინც მრავლად რჩებოდა დანგრევის პირას მდგომი სახლები. დაისახა ნანგრევებიდან სახელმწიფო ქონების ამოღებისთვის საჭირო ღონისძიებები. პირველ რიგში უნდა აღდგენილიყო ელექტროსადგური, წისქვილი, ქარხნები და სხვა სტრატეგიული ობიექტები.
18 მარტს გაზეთი „საქართველო“ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქალაქში დევნილების დაბრუნებას ეხება. ამ სტატიიდან ჩანს, რომ გორი ისევ დანგრეულია, მაგრამ ხალხი საკუთარი კერის აღდგენას რაც შეიძლება მალე ცდილობდა: „ქალაქიდან წასულნი ნელნელა ბრუნდებიან. ქალაქის პირას ხიდთან უკვე ჰხედავთ გაცხარებულ მუშაობას _ ფიცრის ოთახებს და ფარდულებს ჰკრავენ სასწრაფოდ.
წვრილ-წვრილი დუქნებიც გაღებულია საწვრილმანოთი. თუმცა დაზიანებულ, მაგრამ ძირის სართულში გადარჩენილ დარბაზში გახსნილა რიგიან სასადილო რესტორანიც. მის გვერდით ხორცის დუქანშიც გაჩაღებულა ვაჭრობა. აგერ სადალაქოდანაც ხედავთ გამოსულ წვერ-ულვაშ გაკეთებულ გორელსაც. აი, ურმებიც კომბოსტოთი დატვირთული მიმავალები სადგურისკენ. ყაფანთანაც შეჯგუფებულა ხალხი, _ ეტყობა ვაჭრობა ამოძრავებულა. აქა იქ ცეცხლის მქრობელთა რაზმელები საარაკო თავდადებით ებრძვიან ნანგრევთა უვარგის ნაწილებს. ფოსტის, ერობის, ქალაქის გამგეობის დაწესებულებათა კარიც გაღებულა და საქმიანობას შესდგომიან“.

კრიმინალური ქრონიკა

1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სადგურ სანაინთან ბოროტმოქმედებმა გაძარცვეს სომხეთიდან საქართველოში მომავალი სამგზავრო მატარებელი. შეიარაღებულმა ყაჩაღთა ჯგუფმა მემანქანეს მატარებელი გააჩერებინა, შემდეგ კი ვაგონებში მყოფი მგზავრების ძარცვას შეუდგა. გაზეთ „საქართველოს“ ინფორმაციით, გაძარცვეს აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი სომხეთში, რომელიც თბილისში მიემგზავრებოდა. როგორც ირკვევა, მას 5 მილიონ 400 ათასი მანეთი წაართვეს.
9 მარტს გაძარცვეს ფასანაურის სამხედრო გზის მონაკვეთის უფროსი ა. ჩხეიძე. იგი ავტომობილით თბილისში მიემგზავრებოდა და თან მუშების ხელფასი _ მილიონ 200 ათასი მანეთი მიჰქონდა. მე-12 ვერსზე მას ავაზაკებმა გადაუჭრეს გზა და მთელი თანხა წაართვეს.
30 მარტის გაზეთი „საქართველო“ იტყობინება, რომ ახალციხეში უპატრონოდ დატოვებული მეჩეთის შენობები ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ უმოწყალოდ იძარცვებოდა. მოსახლეობა სალოცავებიდან ხსნიდა ხის ჩარჩოებს, კარებს, ლითონის ნაკეთობებს. ზოგან მეჩეთებს ფანჯრები და საწვიმარი მილებიც კი არ შეარჩინეს.

სტოლერმანის სასამართლო პროცესი

1920 წლის მარტში თბილისში სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქმე ეხებოდა 1920 წლის 15 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ოპერის დირიჟორ სამუილ ალექსანდრეს ძე სტოლერმანის მიერ საკუთარი მეუღლის _ ალექსანდრა ფედოტის ასულ სტოლერმანის მკვლელობას. ყურადღებას ის გარემოება იქცევდა, რომ მკვლელი თავად გამოცხადდა მილიციაში, ბრალი აღიარა, მაგრამ გამოძიებამ იგი არ დააპატიმრა და სასამართლო გარჩევამდე დირიჟორი თავისუფლებაზე დატოვა.
ამ საქმესთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 5 და 6 მარტს ვრცელ რეპორტაჟს ბეჭდავს. 5 მარტის ნომერში ამ მკვლელობის ისტორიაა მოთხრობილი, 6 მარტს კი მკითხველი უშუალოდ სასამართლო დარბაზში განვითარებულ მოვლენებს და განაჩენს ეცნობა.
სასამართლო გარჩევა 3 მარტს დაიწყო და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძეც კი ესწრებოდა. წინასწარი გამოძიებით გამოირკვა, რომ სტოლერმანმა თავისი მომავალი მეუღლე ციმბირში, კერძოდ კი ირკუტსკში გაიცნო, სადაც ის ადგილობრივი ოპერის დირიჟორი გახლდათ, ხოლო ქალი კი თეატრში დამწყები მსახიობი იყო, რომელიც დრამატულ როლებს ასრულებდა. ისინი გაცნობიდან წელიწად-ნახევარში შეუღლდნენ და სტოლერმანმა, რომელიც ებრაელი იყო, ამ ქორწინების გამო, ქალის მოთხოვნით, მართლმადიდებლობაც კი მიიღო. მაგრამ როგორც რეპორტაჟიდან ჩანს, მათი ოჯახი არ იყო ბედნიერი და ამის მიზეზი სტოლერმანის მეუღლის ანჩხლი ხასიათი გახლდათ: „ქმარი იყო წყნარი, მშვიდი, სუსტი ნების პატრონი, ამასთანავე სუსტი ჯანმრთელობით. ცოლი კი ნების პატრონი, სავსე ძალღონით. ქმარი ნაკლებ იყო ჩახედული პრაქტიკულ ცხოვრებაში, ცოლი კი მართავდა ოჯახს და ვერ ითმენდა თავის სურვილების ჩაშლას თუ აუსრულებლობას. ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ თავის ქმართან და ასევე ექცეოდა სხვებსაც. ის თავის ქმრისგან სრულ მორჩილებას ითხოვდა, მის შემოსავალსაც ის განაგებდა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, სტოლერმანს მანეთი არ ჰქონია ჯიბეში.
ცოლი ერეოდა მის მუსიკალურ საქმეებში, ლანძღავდა ქმარს, ეძახდა ურიას, იდიოტს და სხვა. ერთხელ 2-3 წლის წინედ ესსენტუკის პარკში თავის ქმარს დიდი სკანდალი შეუქმნა და ქოლგით გამოეკიდა საცემლად. სტოლერმანი ეძებდა მუსიკაში არა მარტო საშუალებას, არამედ უმაღლეს ესტეტიურ ტკბობასაც. ცოლი მისი კი სულ ფულებზე ჰფიქრობდა და ყოველთვის ძალას ატანდა მას, უფრო მეტი ჰონორარი მოეთხოვა.
ორი წლის წინად სტოლერმანმა სახელმწიფო თეატრში პირველ დირიჟორის ადგილი დაიჭირა. ეს იმ ხანებში იყო, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. სტოლერმანი დიდი ყურადღებით ექცეოდა პირველ ქართულ ოპერას „აბესალომ და ეთერის“. ბევრი იშრომა მასზე. უფრო მეტი ენერგია შესწირა დოლიძის ქართულ კომიკურ ოპერა „ქეთო და კოტეს“ შემუშავებას.
მოკლე ხანში მას უნდა ედირიჟორნა „აბესალომ და ეთერისთვის“, მაგრამ ცოლი ამას წინ აღუდგა; მას სძულდა ქართული მუსიკა, უკრძალავდა ქმარს, ხელში „აბესალომ და ეთერი“ აეღო და ამ ოპერას ვირის ოპერას უწოდებდა. ერთხელ მან ქმარს განუცხადა: თუ „აბესალომ და ეთერის“ პარტიტურას თავიდან არ მოიშორებ, მე დაგიხევო“.
როგორც ამ რეპორტაჟიდან ჩანდა, სტოლერმანის ცოლი დირიჟორს ეჭვიანობის სცენებს ყოველდღე უწყობდა, რეპეტიციების დროს ღიად დასცინოდა, მუდამ ეჩხუბებოდა, სცემდა, თმებით ითრევდა და სახეს უკაწრავდა.
14 იანვარს ცოლი მას მორიგ ჯერზე ეჩხუბა და საძინებლიდან გამოაგდო. დილით სტოლერმანმა გადაწყვიტა, „აბესალომ ეთერის“ პარტიტურაზე ემუშავა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მეუღლემ პარტიტურა დაუხია. ამ გარემოებამ დირიჟორი ისე ააღელვა, რომ მან თავისი „სმიტ ვენსონის“ სისტემის რევოლვერი აიღო და მძინარე ცოლს ორჯერ ესროლა. გაზეთი იმასაც მოგვითხრობს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მკვლელობის შემდეგ: „გამოვიდა იმ ოთახში, რომელშიც მთელი ღამე იმყოფებოდა და იქ იმყოფებოდა იქამდე, სანამ მერძევე ქალმა კარებზე არ დაუკაკუნა, რამაც ის გამოარკვია სრულ აპატიიდან.
ის მივიდა ცოლის გვამთან, მისი ქისიდან ასი თუმანი ამოიღო, დასტოვა სახლში რევოლვერი, ჩაკეტა კარები და ქუჩაში გამოვიდა. რუსთაველის ქუჩაზედ ის შეჰხვდა „აბესალომ და ეთერის“ ავტორს ზ. ფალიაშვილს და მას უამბო მომხდარი ამბავი. ბატონმა ფალიაშვილმა იგი სახელმწიფო თეატრის კომისართან ა. წუწუნავასთან მიიყვანა, რომელმაც მომხდარი ამბავი აუწყა, სადაც ჯერ არს.
გვამის სასამართლოს სამედიცინო გასინჯვამ დაამტკიცა, რომ სტოლერმანის ცოლი მოკლულია ორი ტყვიით. ერთი მოჰხვედრია მარცხენა საფეთქელში, ხოლო მეორე კეფის მარცხენა ნაწილში; ორთავე ტყვია წასულა ტვინში. სტოლერმანის მიერ ჩადენილი მკვლელობა განხილულია, როგორც განზრახ მოფიქრებული და გაყენებულ აქვს დასჯ. დებ. 1 ნაწ. 1451 სტ, რომლის ძალითაც ბრალდებული უვადო კატორღით ისჯება“.
გაზეთ „საქართველოს“ 6 მარტის ნომერში მკითხველი იგებს, თუ რით დასრულდა სასამართლო პროცესი და რა მიუსაჯეს ცოლის მკვლელ დირიჟორს. 4 მარტს დღის 4 საათზე სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომლის ძალითაც სტოლერმანი ბოროტმოქმედების ჩადენის დროს გონება დაკარგულად სცნო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საერთოდ არ დააკისრა. როგორც ჩანს, ცოლის მიერ დევნილი დირიჟორი სასამართლოს ისე შეეცოდა, რომ ჩადენილი მკვლელობის მიუხედავად, ის სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

სხვადასხვა ამბავი

როგორც გაზეთ „საქართველოს“ 4 მარტის ნომერი იუწყება, დამფუძნებელი კრების წევრმა, გერმანელმა ბიულმა, შინაგან საქმეთა მინისტრს შუამდგომლობით მიმართა, რათა ბორჩალოს მაზრის ორ სოფელს _ არაშენს და იაკობლის _ სახელი შეეცვალოს და შესაბამისად დაერქვას ვალდჰაიმი და ბლიუმენფელდი. ამ შუამდგომლობას თან ერთვოდა ორივე სოფლის გლეხობის შესაბამისი დადგენილებები.
6 მარტს მიღებული დეპეშის თანახმად, საქართველოს სატრანსპორტო საზოგადოებამ წყალში ჩაუშვა 17 ათასი ფუთი წყალწვის გემი „ქართლი“. როგორც ცნობაში წერია, ფოთში გემის ჩაშვების ცერემონიალს დაესწრნენ დამფუძნებელი კრების წევრები სპირიდონ კედია და ალექსანდრე ასათიანი, აგრეთვე სატრანსპორტო საზოგადოების დირექტორები და ფოთის საზოგადოება.
ქართველმა არქეოლოგებმა მცხეთაში ძველი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გაზეთი „საქართველო“ 17 მარტის ნომერში გვაუწყებს: „მარტის 14-ს მცხეთის საკერამიკო სკოლის გვერდით, გზის პირად გაბო ხუბიეროვის სახლის საძირკვლის თხრის დროს, ძალიან ღრმად, აღმოჩნდა დიდი აკლდამა, გადაბურული დიდი, სუფთა ლოდებით. აკლდამის გახსნისას აღმოვაჩინეთ უთავო ჩონჩხი, ჩონჩხის გვერდით: სურები, შუშის ქილები, საცრემლოები, ფულები ანტონი რომის კეისრის წარწერით, ბეჭდები და სხვა სამკაული. სამწუხაროდ, ზოგი ნივთეული პატრონმა მიითვისა და შეძლება არ გვენახა. ყოველივე ეს ეუწყა საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს, რომელიც იმედია, დაჩქარებით მიხედავს ამ საქმეს და ამოსთხრის აკლდამის არე-მარესაც _ მდიდარ წარმართულ სასაფლაოს, სადაც ყველაზე მეტად, ჩვენი აზრით, საინტერესო იქნება ქართულ კერპების კოლექცია“.
აჭარიდან იტყობინებოდნენ, რომ ბათუმისკენ მომავალი გემი „დანუბე“ ნავსადგურამდე 2 საათის სავალ მანძილზე წყალქვეშა ნაღმს შეეჯახა და აფეთქდა. გემზე ქართველებიც იმყოფებოდნენ, რომელთაგან 20-მდე დაიღუპა. როგორც ირკვევა, გემი ბოსფორიდან გამოვიდა და ნაღმს ღამის ორ საათზე გადააწყდა. აფეთქების ძალისგან ხომალდი შეირყა და ცხვირით წყალში ჩავიდა, თუმცა არ ჩაძირულა.

ნაფიცი მსაჯულები

1920 წლის 10 მარტს გაზეთი „საქართველო“ მეტად საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს _ 8 მარტს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სასამართლოში საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გაირჩა. საოლქო სასამართლოს დარბაზში 18 ნაფიცი მსაჯული გამოცხადდა, რომელთაგანაც 9 ქალი გახლდათ: „სხდომის გახსნის წინ დარბაზი საზოგადოებით გაივსო. არიან: დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უფროსი ამხანაგი ა. ლომთათიძე, ს. მდივანი, დამფუძნებელი კრების წევრნი, სენატორები, სასამართლოს, პროკურატურისა და რეგისტრატურის წარმომადგენელნი, პრესის წარმომადგენელნი და სხვ.
საბრალდებო სკამზეა 15 ბრალდებული… დარბაზში მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას და იუსტიციის მინისტრის რ. არსენიძის შემოსვლის შემდეგ სხდომა იხსნება. სასამართლოს წევრი ორჯონიკიძე მიჰმართავს ნაფიც მსაჯულებს სიტყვით, რომელშიაც აღნიშნავს ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის დიდ მნიშვნელობას.
ორჯონიკიძის სიტყვის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რ. არსენიძემ მიჰმართა ნაფიც მსაჯულთ სიტყვით, რომელშიც მოაგონა ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის დიდი დანიშნულება მათი უფლება-მოვალეობა“. როგორც 28 მარტის ნომრიდან ირკვევა, ნაფიც-მსაჯულთა სიები თბილისის შემდეგ თელავსა და სიღნაღის მაზრებშიც შეადგინეს.
12 მარტს თბილისში დამფუძნებელი კრების დაარსების წლისთავი იზეიმეს. დილიდანვე მთელი ქალაქი ეროვნული დროშებით მოირთო. მთავრობის სასახლის წინ მოეწყო ჯარების აღლუმი. მუშათა სასახლის წინ გაიმართა საზეიმო მიტინგი, სადაც შეკრებილების წინაშე პროფკავშირების თამჯდომარე ხელაძე გამოვიდა.
11 საათზე დამფუნებელი კრების სხდომათა დარბაზში საზეიმო სხდომა გაიხსნა და დეპუტატებს სიტყვით ალექსანდრე ლომთათიძემ მიმართა. საღამოთი ქალაქში საზეიმო განათება ჩართეს. მუშათა კლუბებში და სახალხო სახლებში გაიმართა მიტინგები, რომელსაც აუარებელი ხალხი დაესწრო.

კულტურა

26 მაისს კლუბ „ქიმერიონში“ პოეტური დაჯგუფება „ცისფერი ყანწების“ დიდი საღამო გაიმართა. როგორც გაზეთი „საქართველო“ გვამცნობს, ამ საღამოსთვის ქართველმა პოეტებმა განსაკუთრებული პროგრამა შეადგინეს. აქ იყო წარმოდგენილი როგორც საესტრადო, ასევე საბალეტო ნომრები. შესრულებული იყო ხალხური ცეკვები, დამსწრე პუბლიკამ მოისმინა სიმღერები და ახალი ლექსები. საბალეტო ნაწილში ცეკვავდა მოცეკვავე ლიდია ჯონსონი, ტანგოს ასრულებდა ფრანგი ქალი ტრუზი, რომელსაც კავალერობას უწევდა ველტე.
ბრწყინვალე ნომრები შეასრულა პეტროგრადიდან ჩამოსულმა ბოშათა ქორომ ფისენკოს მეთაურობით. ქართულ საცეკვაო ნომრებს ასრულებდნენ თავადი იასე ანდრონიკაშვილი, ნ. ანდრონიკაშვილის ასული და ნინა წერეთელი.
ჩრდილოეთ კავკასიაში მოხალისეთა არმიის დამარცხებამ საქართველოში დევნილთა ახალი ნაკადი გამოიწვია. თბილისს უამრავი რუსი ხელოვანი მოაწყდა, ისინი საქართველოს დედაქალაქში ბოლშევიკურ ტერორს გამოექცნენ. ამ მოვლენას გაზეთი „საქართველო“ 26 მარტის ნომერში სტატიას უძღვნის სათაურით: „რუსეთის არტისტები თბილისში“: „დენიკინის ფრონტის დარღვევის გამო თბილისში აუარებელი რუსის არტისტები იყრიან თავს, როგორც ოდესიდან და როსტოვიდან, ისე მინერალური წყლებიდან. ჩამოსული არიან ჯერ-ჯერობით საიმპერატორო თეატრის არტისტები: ტარასოვი, ხოდოტოვი. ფოთში იმყოფება მთელი მოსკოვის სამხატვრო თეატრი ო. კნიპერის და ვ. კაჩალოვის მეთაურობით და ამ დღეებში მოელიან თბილისში.
გუშინ ჩამოვიდა აგრეთვე ი. მაჩაბელის პეტერბურგის თეატრის „ბი ბა ბო“-ს მთელი დასი: კონფერანსიე კარუხინი, პოეტი პტუივცევი, ქ-ნი ნევეროვი და ბევრი სხვა. „ბი ბა ბო“-ს არტისტები პირველათ გამოვლენ დღეს „ცისფერი ყანწების“ საღამოზე კლუბ „ქიმერიონში“.

მიხეილ ბასილაძე