„რაც „ოცნება“ მოვიდა, გლეხის საქმე თანდათან უკან-უკან მიდის“

მეგობრებმა უიკენდის ქალაქგარეთ გატარება გადავწყვიტეთ და გეზი კახეთისკენ ავიღეთ. კონკრეტული მარშრუტი არ გვქონია _ იქ გავჩერდებოდით, სადაც გული გვიკარნახებდა. გზად ერთ-ერთმა ჩვენგანმა გვითხრა, მოდით, კაბალში წავიდეთ, ძალიან მაგარ ქაბაბს აკეთებენ და დავაგემოვნოთო. დავთანხმდით.

კაბალი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი, უფრო სწორად, თემის ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სოფელს _ თავად კაბალს, განჯალას, უზუნთალას, ყარაჯალას აერთიანებს.
კაბალი ალაზნის ვაკეზე, მდინარეების _ კაბალისა და ბაისუბნისხევს შორის, ზღვის დონიდან 330 მეტრზე, ლაგოდეხიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი უმეტესად ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 3238 ადამიანი ცხოვრობს.
კაბალი ბაზრობითაა განთქმული, ანუ სოფელში, როგორც ვარკვევ, ორი ბაზარია _ დიდი და პატარა. საქაბაბე, რომლის შესახებაც მთელ ამ მხარეში ლეგენდები დადის, პატარა ბაზართან, უფრო ზუსტად, ბაზრის ეზოში მდებარეობს.
გარედან ვერც შეატყობთ, რომ საზკვების ობიექტია _ ჩვეულებრივი ერთსართულიანი სახლი, ანუ როგორც კახეთში ამბობენ, ბელეტაჟია. სახლის მოპირდაპირედ ხისა და ქვითკირის ოთახები ისეა აშენებული, რომ სათავსები გეგონებათ, მაგრამ, სინამდვილეში, ეს კუპეებია…
მასპინძელი, მეუღლესა და შვილითურთ, ეზოში ზის. მაგიდაზე ნარდი დევს. პირველი, რაც აქ მისულებს თვალში მოგხვდებათ, ისაა, რომ ბელეტაჟის საყრდენ კედელზე დიდი აბრაა გამოკრული, რომელიც გაუწყებთ, _ მოწევა არ შეიძლება და თუ დარღვევას შეამჩნევთ, 112-ში დარეკეთო.
ჩემდაუნებურად პროფესია მახსენდება და ანგლობის განწყობაზე ვდგები:
_ ეუჰ, პატივცემულ გუგულს აქამდეც ჩამოუღწევია! _ ვამბობ და მეგობრებს თვალით იმ აბრისკენ ვანიშნებ, რომელიც სიგარეტის მოწევას კრძალავს.
_ რას ჰქვია, ჩამოუღწევია? _ გაოცებას ვერ მალავს მეგობრებიდან ერთ-ერთი, _ აქაურობა ისტორიული ჰერეთია და, მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოს ეკუთვნის!
_ ჰო, ვიცი, ვიცი, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ მეგონა, გუგული მარტო ქალაქელებს „გვისატკავებდა“, არადა, როგორია, სოფელში, საკუთარ ეზოში ადამიანს გაბოლებას რომ აუკრძალავ?! _ ჩემსას არ ვიშლი.
_ მალე ვეღარ გავაბოლებთ, _ დახვეწილი ქართულით ერთვება საუბარში აზერი მასპინძელი.
_ რატომ ვეღარ გავაბოლებთ? _ ვინტერესდები.
_ რაღა რატომ, მაგას კითხვა უნდა? ამბობენ, რომ მალე ერთი „პაჩკა“ სიგარეტი რვა ლარი გახდება. ქალაქში შეიძლება, რვა ლარი არაფერია, მაგრამ სოფელში ამდენი ფული ვის აქვს, რომ დღეში რვა ლარი პაპიროსში გადაიხადოს? თან, ზოგს ერთი კოლოფიც არ ჰყოფნის.
_ ე. ი., სოფელში ხალხს უჭირს, არა? _ ვცდილობ, მასპინძელს დიალოგი გავუბა.
_ შეიძლება, ჩვენს სოფელში გაჭირვება არ იგრძნობა, რადგან ხალხს სათბურები აქვს, მაგრამ, საერთოდ, ცხოვრება ძალიან გართულდა, _ მპასუხობს აზერი და საუბრის თემას ცვლის, _ რამდენი ქაბაბი გინდათ?
_ აი, ოთხნი ვართ და, შენი აზრით, რამდენი გვეყოფა?
_ ექვსი შამფური საკმარისი იქნება, _ მპასუხობს საქაბაბის მეპატრონე და გეზს სამზარეულოსკენ იღებს.
ჩვენ, მეგობრები, ეზოში ვრჩებით.
სანამ ქაბაბი შეიწვება, იქვე, სოფლის შარაზე გავდივარ. რამდენიმე წუთში შუახნის მამაკაცი მიახლოვდება. ხელის აწევით მესალმება და მეკითხება:
_ ძმაო, მარნეულელი ხარ?
_ არა, რა შემატყვე?
_ რა ვიცი, შავგვრემანი ხარ და მარნეულელი მეგონე.
_ არა, არა, ქალაქიდან ჩამოვედით მეგობრები. შენ აქაური აზერი ხარ?
_ არა, აზერი არ ვარ, ქართველი ვარ, მეზობელ სოფელში ვცხოვრობ.
_ რა გქვია?
_ სოსო მქვია, მაგრამ ყველა „ტრულაილას“ მეძახის.
_ მე გიორგი ვარ, _ ხელს ვართმევ, _ „ტრულაილას“, ალბათ, იმიტომ გეძახიან, რომ ქეიფი გიყვარს, არა?
_ ჰო, ეგრეა, ძმაო.
_ რას საქმიანობ? _ არ ვეშვები.
_ მანქანების ხელოსანი ვარ, „ჟეშტიანჩიკი“. შენ რა პროფესიის კაცი ხარ?
_ გაზეთში ვმუშაობ.
_ ააა, ჟურნალისტი ხარ? _ ხმა შეეცვალა „ტრულაილას“.
_ ხო, რა იყო?
_ არაფერი, მაგრამ საშიში ხალხი ხართ ჟურნალისტები!
_ რატომ?
_ რავი, ძმაო, რამეს წამამაცდევინებ და მერე გაზეთში გამამაჭენებ, _ იცინის „ტრულაილა“.
_ რა უნდა წამოგაცდევინო, ახლა, შენც სახელმწიფო საიდუმო არ იცოდე, _ ვეხუმრები.
ამასობაში ქაბაბი შეიწვა და „ტრულაილას“ ვთავაზობ, ჩვენთან ერთად ივახშმოს.
თავიდან იუარასავით, მაგრამ ბოლოს, მაინც დამთანხმდა და ფაცხაში ჩვენთან ერთად შემოვიდა.
რაც მართალია, მართალია _ ასეთი გემრიელი ქაბაბი ცხოვრებაში არ გამისინჯავს!
აი, აზერბაიჯანულმა „სუზმამ“ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: „სუზმას“ მთავარი ინგრედიენტი გაწურული მაწონია, რომელსაც მწვანილი _ კამა, პიტნა და მარილი აქვს დამატებული.
_ „ტრულაილა“, მოდი, შენ გვითამადე, _ ვთავაზობ ახლად გაცნობილს.
მეგონა, უარს მეტყოდა, მაგრამ დამთანხმდა, თან დააყოლა, _ მკაცრი თამადა ვარ, როცა მე ვლაპარაკობ, თუ თქვენც ილაპარაკებთ, დაგაჯარიმებთო.
_ მასე იყოსო, _ გავუღიმეთ.
სუფრა ტრადიციული სადღეგრძელოებით დავიწყეთ და, ცოტა ხანში, როგორც ხდება ხოლმე, სიტყვა პოლიტიკაზე ჩამოვარდა.
_ მოგწონს ეს მთავრობა თუ მიშა უფრო მოგწონდა? _ ვეკითხები თამადას.
_ ერთისაც და მეორისაც, _ ალალად მპასუხობს „ტრულაილა“.
_ სალომე ზურაბიშვილს მიეცი ხმა? _ ვაგრძელებ.
_ არა, მაგ ქალის ატანა არ მაქვს.
_ რატომ, რა დაგიშავა?
_ რა ვი, ძმაო, ვერ გავიგე, რა ენაზე ლაპარაკობს, თან გაიძახის, ომი საქართველომ დაიწყოო და აი, ეგეთი პრეზიდენტი რომ გვყავს, ამიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად!
_ არც ბიძინა მოგწონს, ივანიშვილი?
_ რა ვი, მაგ კაცისაც ვერაფერი გავიგე, რომ მოდიოდა, ხალხს გვეგონა, ბევრი ფული აქვს და მოგვხედავსო, მაგრამ რაც ეს „ოცნება“ მოვიდა, გლეხის საქმე თანდათან უკან-უკან მიდის.
_ უკან-უკან რატომ მიდის? აი, ხალხი ხომ თავისუფლად სუნთქავს?
_ ვინ გითხრა, რომ თავისუფლად ვსუნთქავთ?
_ აბა, ვინმე რამის თქმას გიშლით?
_ ერთი, აქეთ მაიხედე, ძმაო, _ „ტრულაილა“ არყის ბოთლს ხელს ჰკიდებს, _ მეზობელ სოფელში ერთი ჩემი ნაცნობის შვილს, ახალგაზრდა ბალღს, იცი, რა უყვეს?
_ რა უყვეს?
_ ამ ბალღს სკუტერი ჰყავდა და სოფლის ცენტრში დააჯირითებდა ხოლმე. იქვე სოფლის დეპუტატი ცხოვრობდა. ამ კაცს, თურმე, არ მოსწონდა ამ ბალღის ჯირითი.
_ რატომ არ მოსწონდა?
_ ხმა აღიზიანებდაო, ეგრე თქვეს. მოკლედ, ამ ბიჭისთვის უთქვამს, მეორედ აქეთ გამოვლილი არ გნახოო, მაგრამ ახალგაზრდებს რას გააგებინებ? ჰოდა, კიდევ რომ გაუვლია სოფლის ცენტრში, ამ დეპუტატის დამქაშებს ეს ბალღი დაუჭერიათ, „პადვალში“ ჩაუთრევიათ და ერთი მაგრად უბეთქიათ.
_ ახლა ამას მართლა ამბობ თუ იგონებ?
_ დედის სულს გეფიცები, თუ ვიგონებდე.
_ ეს ამბავი როდის მოხდა?
_ ერთი-ორი წელი იქნება გასული.
_ მერე, დაზარალებულმა მოძალადე დეპუტატს არ უჩივლა?
_ ჩივილს რა აზრი ჰქონდა?
_ რატომ არ ჰქონდა?
_ იმიტომ არ ჰქონდა, ძმაო, რომ მილიციაც ამათია, პოლიციაც და სასამართლოც.
მიშას დროს რაღაც მაინც კეთდებოდა, ახლა ყველა საკუთარი ჯიბის გასქელებაზეა გადასული.
მაშინ ხალხი თუ რამეს გააპროტესტებდა, ცოტას მაინც იგებდნენ, ახლა კი ხმას თუ ამოიღებ, ეგრევე „ნაციონალს“ გეძახიან. არადა, ამის დედა ვატირე, „ნაციონალობა“ რა შუაშია, როცა ლამის არის, შიმშილით ამოვწყდეთ!
_ სოფელში ძირითადი შემოსავალი რა არის?
_ ზოგს საქონელი ჰყავს და რძე-მაწონს ყიდის, ზოგი მიწას ამუშავებს, მაგრამ ესეც გამართლებაზეა _ თუ მოსავალი მოვიდა, ცოტა მშვიდად იქნები _ გაყიდი და ზამთრისთვის კარტოფილი და ფქვილი მაინც გექნება.
ისე, შენ გეცოდინება, მართალია, რომ ამბობენ, ვინც რძე-მაწონს ყიდის, იმათ გადასახადები უნდა გადაიხადონო?
_ ჰო, ეგრე ამბობენ… მე ამ მთავრობის ცოცხალი და მკვდარიც…
_ გინებას არ ვიყოთ, „ტრულაილა“, თორემ შენც დაგიჭერნ და მეც ზედ მიმაყოლებენ, _ ვეხუმრები კახელს.
_ დამიჭირონ, მაგის დედაც… ციხეში იმაზე საფიქრალი მაინც აღარ მექნება, პურის ფული როგორ ვიშოვო.
_ შვილები არ გყავს?
_ ერთი შვილი და ერთი ცოლი მყავს, _ ხუმრობს.
_ ერთი, აბა, მაშ, რამდენი ცოლი უნდა გყავდეს?
_ კაცო, საყვარელი არ მყავს, რა ვერ გაიგე? _ იცინის.
_ ცოლი დიასახლისობს თუ სადმე მუშაობს?
_ სოფლის ამბულატორიაში მუშაობდა, მაგრამ ვუთხარი, იქ წასული აღარ დაგინახო-მეთქი.
_ რა იყო, ხომ არ იეჭვიანე?
_ ვიეჭვიანე კი არადა, ისა…
_ აბა, „გრუზინული“ ჩაგერთო და ცოლი სამსახურში ამიტომ აღარ გაუშვი?
_ არა-მეთქი, არა.
_ აბა, ნუ მომკალი, მითხარი, რა მოხდა?
_ რა მოდხა, ძმის გულო და, დილიდან საღამომდე ამბულატორიაში იყო ჩემი დედაკაცი, ზოგს ჭრილობას უხვევდა, ზოგს _ ნემსს უკეთებდა. საღამოს შინ რომ მოდიოდა, ჭამის თავიც არ ჰქონდა. კაპიკებს უხდიდნენ და ვუთხარი, დაჯე, ქალო, სახლში და მაგ ფულს მე მოგცემ-მეთქი.
_ ხელფასი რამდენი ჰქონდა?
_ ვირივით ამუშავებდნენ და თვის ბოლოს ხან 120 ლარს მიუგდებდნენ, ხან _ 150-ს. რამდენჯერმე გააპროტესტა, ხელფასი მომიმატეთო, მაგრამ მენეჯერმა უთხრა, თუ არ მოგწონს ჩვენი პირობები, აგერ, კარი მანდაა და მიბრძანდიო. „ზატო“, თვითონ მენეჯერს აქვს ხელფასი, ამბობენ, თვეში, 1200 ლარამდე გამოსდისო.
_ სულ ცუდზე რომ ლაპარაკობ, დავიჯერო, კარგი არაფერი ხდება? _ გამომწვევად ვეკითხები „ტრულაილას“.
თანამეინახე, უფრო სწორად, სუფრის თამადა თვალს თვალში მიყრის და სრული სერიოზულობით მპასუხობს:
_ კი, როგორ არა, კარგიც ხდება.
_ მაგალითად?
_ აი, ჩემს სიდედრს სამი თვეა, ყურს დააკლდა და დასვენებული ვარ _ ჩემს „კნეინასთან“ საუბარი ჩურჩულით აღარ მიწევს.
_ ოოო, იუმორი კი გაქვს კარგი!
_ ძმის გულო, იუმორიც რომ არ მქონდეს, სული გამძვრებოდა, _ ცალყბად მომიგდო „ტრულაილამ“ და ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დალია.
ამ საუბრით, ცხადია, რეალურად ვერ გადმოვცემ იმ პრობლემებსა და გაჭირვებასაც, რასაც ხალხი განიცდის.
ისე, თუ გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, როცა მმართველი გუნდი მიხვდა, რომ „ოცნებება“ ხუხულასავით თავზე ეშლებოდა, „ოცნების“ ბოსებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მთელი „ოცნება“ _ დიდიან-პატარიანად, ხალში გასულიყო და მოჰფერებოდა, მაგრამ ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა. „ტრულაილას“ ვკითხე, _ რომელიმე „ოცნებელი“ ხომ არ მოგფერებია-მეთქი? ჯერ ალმაცერად შემომხედა, _ შენა, იმნაირი ხომ არ გგონივარო, მაგრამ მერე, როცა ავუხსენი, რა მოფერებასაც ვგულისხმობდი, ერთი დაიჭიხვინა და მომახალა:
_ მაგათი მოფერება რა ჩემ ფეხებად მინდა? მაგათ ურჩევნიათ, სამუშაო ადგილები შექმნან, ხალხს პურის ფული რომ ჰქონდეს და თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ სულ აი, ვენახის ჭიგოებით გავრეკავთ აქედან!
კარგი იქნება, თუ ამ კახელი გლეხის ნაფირქ-ნააზრევს ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს გადაავლებენ და ყველა სიმართლის მთქმელს „ნაცს“ კი არ დაუძახებს, არამედ საკუთარ თავში დაიწყებს პრობლემის ძებნას, თორემ ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ყველაზე ძვირი მათ დაუჯდებათ, რადგან ხალხი ბრძენია და ზუსტად იცის, რომ ქვეყანა, რომელმაც აღა-მაჰმად-ხანს თუ თურქ-სელჩუკებს გაუძლო, ვიღაცების მერკანტილურ ინტერესებს არ უნდა გადაჰყვეს. ამიტომაც, სანამ რომელიმე ძალად გადიდკაცებული იფიქრებს, რომ ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა _ ქალამნად, ჯობია, ღრმად ჩაისუნთქოს და იმაზე დაიწყოს ფიქრი, ხალხის რისხვისგან თავი როგორ უნდა დაიცვას!

გიორგი აბაშიძე