დემოგრაფიული კატასტროფა – ემუქრება თუ არა ქართველ ერს განადგურება?!

გაეროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 2050 წელს 30%-ით შემცირდება.
დემოგრაფების მოსაზრებებით პროგნოზი რეალურია. 2002 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 15%-ით შემცირდა და დღეს, დაახლოებით, 3,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ვინაიდან შობადობა წლიდან წლამდე მცირდება, სიკვდილიანობა იზრდება, ემიგრანტთა რაოდენობა მატულობს _ დღეს, როგორც არასდროს, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს თუ ვენდობით, საქართველოს მოსახლეობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა და წინა, 2002 წლის აღწერასთნ შედარებით, 657 731 კაცით არის შემცირებული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგია არ შეიცვლება, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 1,1 მილიონი ადამიანით შემცირდება. ამასთან, ეს, ძირითადად, ქართველ ერს შეეხება. სამაგიეროდ, ნავარაუდევია ეთნიკური აზერბაიჯანელების, დაახლოებით, 30%-ით, ხოლო ეთნიკური სომხების 7%-ით გაზრდა.
„საქართველო, ფაქტობრივად, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ეს არის მთავარი პრობლემა, დღეს ქვეყნის წინაშე“, _ განაცხადა პროფესორმა ანზორ თოთაძემ ქვეყნის დემოგრაფებისა და მეცნიერების მიერ გამართული მრგვალი მაგიდის დროს „საქართველოს დემოგრაფიული განვითარება _ სცენარები და საფრთხეები“. მისივე თქმით, საქართველოში შობადობის სტატისტიკა უფრო დაბალია, ვიდრე სიკვდილიანობის. თოთაძის განცხადებით, თუ საქართველო დაუყოვნებლივ არ იმოქმედებს და არ გამოასწორებს სიტუაციას, რიგი რეგიონები ერთმანეთის მიყოლებით დაცარიელდება.
შობადობის დონე, სიკვდილიანობასა და მიგრაციის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ქმნის მოსახლეობის სტრუქტურას და განაპირობებს მოსახლეობის განვითარებას ნებისმიერ ქვეყანაში. მოსახლეობის სტრუქტურა და დინამიკა განსაზღვრავს ადამიანურ რესურსებს გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. მოსახლეობის დაბალანსებული სტრუქტურა, რომელშიც ახალგაზრდა, შუახნისა და ხანდაზმულ მოქალაქეებს შორის თანაფარდობა პრობლემების გარეშე უნდა იცვლებოდეს, დარღვეულია. 1994 წლიდან მოსახლეობის პროცენტული წილი 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში შემცირდა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) 2018 წლის მონაცემებით, 20%-ს შეადგენს. რაც შეეხება 65 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებელს, იგი 10,5%-დან 15%-მდე გაიზარდა. თოთაძე მაგალითისთვის 1897 წლის დაბადების მაჩვენებელს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში 704 ათას ბავშვზე უფრო მეტი იყო, ვიდრე მოხუცი. 1989 წელს ეს მაჩვენებელი 300 ათასამდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს 69 ათასს შეადგენდა.
ბოლო 25 წელიწადია, ბევრ რეგიონში მოსახლეობის ბუნებრივი კლება საშიშ ზღვარს უახლოვდება. ფინანსური პრობლემების გამო ადამიანები თავს არიდებენ ოჯახის შექმნას, შემცირდა ქორწინებები, იმატა განქორწინებებმა. ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა. გასული საუკუნის ბოლოს კი საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო, აბორტების რიცხვი _ მაღალი.
საქართველოს დემოგრაფთა ასოციაციის წევრის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, თამარ შინჯიაშვილის შეფასებით: საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დღეისთვის ერთდროულად დგას როგორც მოსახლეობის შემცირების, ისე დაბერების ზრდის პრობლემა. ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო ამწვავებს დემოგრაფიულ მდგომარეობას. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ბოლო წლებში ქვეყანა მილიონამდე ადამიანმა დატოვა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის შემცირება და 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის წილის გაზრდა აღინიშნება, რაც მოსახლეობის დაბერებას ნიშნავს.
გარდა იმისა, რომ ემიგრაციის შედეგად მცირდება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, ემიგრაციას თან ახლავს კვალიფიციური კადრების გადინება, რაც ამცირებს ქვეყნის მწარმოებლურობას და კიდევ უფრო აუარესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. “საქსტატის” მონაცემებით საზღვარგარეთ წასულთა ნახევარზე მეტი 40 წლამდე ასაკისაა. კაც ემიგრანტთა 80%, ხოლო ქალ ემიგრანტთა საშუალოდ 68% იმყოფება 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნიდან, გაჭირვების გამო გადის შრომისუნარიანი და რეპროდუქციული ხალხი. ასეთ ვითარებაში, დღეს, როცა საქართველო მუდმივად იცლება ქართველებისგან, ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე უფრო დიდი საზრუნავი ხელისუფლებასა და მთავრობას არ უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ მდგომარეობა ნამდვილად პრობლემურია და ათეული წლებია, ვერ მოხერხდა ემიგრანტების დაბრუნების სამთავრობო პროგრამის დამუშავება.
ქართველ დემოგრაფთა მონაწილეობით 2016 წელს შემუშავდა „საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის 24 ივნისს დაამტკიცა. პარლამენტმა საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ 2017 წლის პირველ ივნისამდე დაემტკიცებინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას, მაგრამ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად აქამდე გატარებული ზომები აშკარად არ არის საკმარისი. პრაქტიკულად, დღეს საქართველოში დემოგრაფიული საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იგნორირებულია. დემოგრაფიული ინიციატივის განხორციელება ხომ ძალიან დიდ ფინანსურ დახმარებასთან არის დაკავშირებული.
სად არის დამოსავალი?
დემოგრაფი ანზორ თოთაძე: „დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად საქართველომ წელიწადში, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. ვინაიდან ეკონომიკური ხაზი დღეს არც ისეთ სასურველ მდგომარეობაშია, ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას რომ ველოდოთ, ერი დაბერდება და ბუნებრივი მატება აღარ იქნება. ერმა თავად უნდა გადაარჩინოს საკუთარი თავი“.
ვინაიდან დემოგრაფიული პრობლემების წარმოქმნის მთავარი მიზეზი არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნიდან მიგრაციაა, არამედ საზოგადოების ცნობიერება, თოთაძე მის მიერ შემუშავებულ სპეციალურ პროგრამას გვთავაზობს, რომელიც ქართული გენოფონდის გადარჩენისთვის საჭირო ფინანსურ დახმარებას მოიპოვებს და, რაც უფრო მთავარია, აამაღლებს ეროვნულ თვითშეგნებას. პროექტი ითვალისწინებს სიგარეტებზე აქციზური გადასახადის მომატებას 30 თეთრით, ალკოჰოლური სასმელების ფასების გაზრდას 50 თეთრით, გადასახადის დაწესებას ბავშვების არყოლის შემთხვევაში (ყოველთვიურად არა უმეტეს სამი ლარისა), ორი ლარი დაეკისროს თითოეულ დასაქმებულ მოქალაქეს და სახელმწიფოს _ 1%. თოთაძე დარწმუნებულია, რომ ამ გზით შესაძლებელია წელიწადში 500 მილიონის შეგროვება და ერის გადარჩენა. იმის შესამოწმებლად, არის თუ არა ერი მზად ასეთი ცვლილებებისთვის, დემოგრაფმა კვლევა ჩაატარა თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, ქართლში, იმერეთსა და კახეთში. რესპონდენტთა უმრავლესობა დადებითად მიუდგა ფასების გაზრდას და გადასახადის შემოღებას დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. თოთაძის განცხადებით, ამ ფულით ქვეყნის შობადობა უნდა წახალისდეს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ მთავრობისთვის შეთავაზებული პროექტია, რომელსაც მმართველი გუნდი საკმარის ყურადღებას არ აქცევს.
დემოგრაფიულ პრობლემებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მმართველი ძალა განსხვავებულად ებრძოდა. თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა პრობლემად რჩება და უარესდება, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს 2050 წლის გარდაუვალ ნეგატიურ დემოგრაფიულ ვითარებაზე.
შეგახსენებთ: გაეროს მონაცემებით საქართველო, იაპონიასთან და ბულგარეთთან ერთად, ასევე შედის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ერების ხუთეულში.

ალვინა ალექსანიანი