„ბომბი, რომელსაც წულუკიანი „ოცნებას“ აუფეთქებს“

ქართულ პოლიტიკაში მის შემოსვლას მაშხალების სროლა არ მოჰყოლია და რომ არა მისი ყოფილი პარტიული შეფის აქტიურობა, ახალი პოლიტსახის გამოჩენას ვერც ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ ირაკლი ალასანიამ იმდენი ქნა, რომ თეა წულუკიანი არათუ თავის, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, არამედ მედიასაც „თვალში სტენიდა“. ჰოდა, ქართული პოლიტიკური რეალობისთვის სრულიად უცხო პერსონა ქართული პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად იქცა. მასზე ამბობდნენ, მომავალი იუსტიციის მინისტრიაო და ეს წინასწარმეტყველება გამართლდა _ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილმა ქალბატონ წულუკიანს იუსტიციის საჭე, მართლაც, ჩააბარა.

მას მერე, როგორც იტყვიან, ათასმა წყალმა ჩაიარა _ მინისტრებიც შეიცვალნენ, კოალიციაც დაიშალა და „ოცნებას“ წულუკიანის პოლიტნათლია ალასანიამაც აქცია ზურგი, თავად თეა კი „ოცნებაში“, როგორც იტყვიან, ჩადგმითაა, ანუ მას უბატონოდ ბუზსაც ვერავინ უფრენს და თუ გააბრაზეს, იმუქრება კიდეც, აი, წავალო, მაგრამ „ოცნებამ“ იცის, რომ წულუკიანის გაბრაზება ძალიან, ძალიან ძვირი დაუჯდება და ამიტომაც ამ ქალბატონს ზომაზე მეტად ელოლიავება.
მაინც, რა იცის წულუკიანმა ისეთი, რომლის თქმისაც იმ მილიარდერ კაცს ეშინია? _ ამის შესახებ ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ. ახლა კი იუსტიციის, ჯერჯერობით, მოქმედი მინისტრის დოსიეს გავეცნოთ და მის ბეგრაუნდს გადავავლოთ თვალი.
მაშ, ასე: თეა წულუკიანი 1975 წლის 21 იანვარს თბილისში დაიბადა. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ 1992 წელს საფრანგეთში, ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი დაამთავრა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1997 წელს დაასრულა.
2000 წელს წულუკიანი საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) მაგისტრის ხარისხს იცავს.
2000-2010 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.
2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ პარტიას _ „ჩვენი საქართველო _ თავისუფალი დემოკრატები“ უერთდება. პარტიაში ის ჯერ ადამიანის უფლებათა დარგში თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობას იკავებს, მოგვიანებით კი პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ხდება.
2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ _ „ბიძინა ივანიშვილი _ ქართული ოცნება“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. წულუკიანი ნაძალადევის არჩევნებს იგებს, თუმცა დეპუტატად არ მოღვაწეობს, რადგან 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრად ინიშნება.
იმ დროს, როცა მინისტრი გახდა, წულუკიანის გარშემო შავი ღრუბლები უკვე იყო შეკრებილი. ყველაფერი კი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო, როცა ითქვა, რომ თეა წულუკიანი იმ მოსამართლის შვილია, რომელმაც „თვითმფრინავის ბიჭებს“ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს იმთავითვე ფეიკინფორმაცია გახლდათ და აი, რატომ:
მართალია, წულუკიანის მამა საბჭოთა სასამართლოში მუშაობდა, მაგრამ „თვითმფრინავის ბიჭები“ მას არ გაუსამართლებია. თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ახალგაზრდები სასიკვდილო ეშაპოტზე მოსამართლე თემურ გერსამიას განაჩენით ავიდნენ.
ასე იყო თუ ისე, „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმესთან წულუკიანის მიბმა არ გამოვიდა. სამაგიეროდ, იგივე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იუსტიციის მომავალ მინისტრს ნაძალადევის რაიონის დეპუტატის მანდატის მიღებაში შავი სამყაროს წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, დიდი გამოხმაურება და აჟიოტაჟი მოყვა. ზოგი ელოდა, რომ წულუკიანი ამ ბრალდებას უარყოფდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებს არათუ იცნობდა, არამედ მათთან ერთად ფოტოსურათებიც ჰქონდა გადაღებული.
წულუკიანისა და ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მეგობრობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა. კერძოდ, 2013 წლის აგვისტოს მიწურულს გიორგი კანდელაკმა საზოგადოებას შოკისმომგვრელი ინფორმაცია მიაწოდა:
„ქვეყანაში კრიმინალი დღითი დღე იზრდება, რასაც შსს აცნობიერებს, მაგრამ არასწორი მეთოდებით _ რეიდებით ებრძვის.
ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის, სოსო ჯოხაძის მეგობარი. ამაზე მეტყველებს გავრცელებული სკანდალური ფოტოები.
სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში უკავშირდება არაერთი გახმაურებული დანაშაული, მათ შორის, 2001 წელს სასტუმრო „საქართველოსთან“ მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც მანქანებში არაერთი ადამიანი ჩაცხრილეს.
ასევე, 2006 წელს, „ციხის ბუნტის“ დროს, ის იყო „კრიტის“ ე. წ. მაყურებელი და „ციხის ბუნტის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.
იმ ფონზე, როცა კრიმინალთან მებრძოლი ადამიანები _ ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი _ ციხეში სხედან, იუსტიციის მინისტრის მეგობრობა კრიმინალურ ავტორიტეტთან საჭიროებს განმარტებებს. საზოგადოება თეა წულუკიანის მხრიდან განმარტებას მოელის“.
იუსტიციის მინისტრმა საზოგადოების მოლოდინი ლამის ერთთვიანი დუმილის შემდეგ დააკმაყოფილა, ანუ მან დაადასტურა, კრიმინალურ ავტორიტეტთან სურათი მართლაც რომ ჰქონდა გადაღებული, თუმცა იქვე ამ ფოტოს გადაღების ასეთი ისტორია შემოგვთავაზა:
„ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზვნის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილნი.
მე დღესაც „ვიძიებ“, თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო“.
აქვე შეგახსენებთ: სოსო ჯოხაძის ძმა, გიორგი ჯოხაძე, შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მისი კუთვნილი „აუდის“ მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი _ „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
იმ დროს, როცა ზემოხსენებული სკანდალი აგორდა, უკვე დადიოდა ხმები იმის შესახებ, რომ წულუკიანს იმ თანამდებობის შესაბამისი დიპლომი არ ჰქონდა, რომელიც ეკავა. ეს ამბავი კი ასე დაიწყო:
2013 წლის დასაწყისში, მაშინდელი უმცირესობის წევრმა, დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ, რომელმაც მოგვიანებით „ნაცმოძრაობა“ დატოვა და თანამოაზრეებთან ერთად „გირჩი“ დააფუძნა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ წულუკიანს იურისტის დიპლომი არ ჰქონდა და შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა არ უნდა დაეკავებინა. ხაჩიძემ ამის შესახებ ვრცელი სტატუსი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:
„იურისტებს! ჟურნალისტებს! საინფორმაციო საშუალებებს! უბრალოდ, დაინტერესებულ ადამიანებს!..
გთხოვთ, ერთად გავარკვიოთ ამ პოსტში დასმული საკითხი.
საქმე ეხება იუსტიციის მინისტრს, ქ-ნ თეა წულუკიანს.
კერძოდ, რამდენად კანონიერად უკავია მას იუსტიციის მინისტრის პოსტი.
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტს ჰქონდა ორი პროფილი _ სამართლისა და ურთიერთობების.
თუ ქ-მა წულუკიანმა სამართლის პროფილით არ დაამთავრა, ეს ნიშნავს, რომ მას არ აქვს „უმაღლესი იურიდიული განათლება“, რასაც კანონი იუსტიციის მინისტრის (შესაბამისად, პროკურორის) პოსტზე დასანიშნად ცალსახად ითხოვს.
კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრი პროკურორიცაა.
იგი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევებში პირს წაუყენოს ბრალი.
„მუხლი 31.
პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას“.
მისი ბიოგრაფია არ ამტკიცებს, რომ მან „უმაღლესი იურიდიული განათლება“ მიიღო. ამის ზუსტად დასადგენად მისი დიპლომის ნახვაა სჭირო, საიდანაც გაირკვევა, რა არის მისი სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები თუ სამართალი? ეს, პრაქტიკულად, გადამწყვეტი მომენტია.
2000 წლის სექტემბერში, ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა.
იურისტის თანამდებობაზე მის მოვალეობებში შედიოდა: საქართველოსა და ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლა, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებათა და განჩინებათა შემუშავება და განსახილველად მათი გადაცემა უფლებამოსილი სასამართლო ორგანოებისთვის, სათათბირო ოთახში მომხსენებელი მოსამართლის თანაშემწეობა, საქართველოდან შემოსულ საჩივრებზე მომუშავე დანაყოფის ხელმძღვანელობა და სხვ.
2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, ხოლო 2009 წლიდან _ მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე.
2010 წლის 24 თებერვალს იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა“.
გოგა ხაჩიძის ამ „ფეისბუქგანცხადებას“ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ასევე დეპუტატმა და მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, ამ საკითხს ვრცელი სტატუსი მიუძღვნა:
„როგორც დღეს საფრანგეთის ელჩმაც დაადასტურა, თეა წულუკიანს საფრანგეთში არ მიუღია უმაღლესი იურიდიული განათლება, არამედ მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში. აქ ახალი არაფერია.
ასევე არაფერია ახალი იმაში, რომ საფრანგეთშიც ვერ გახდები სისხლის სამართლის საქმეებზე პროკურორი, მით უმეტეს, გენერალური პროკურორი, რაც ჩვენთან იგივეა, რაც იუსტიციის მინისტრი, თუ არ გაქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
შესაბამისად, დღეს საქართველოს ჰყავს არაუფლებამოსილი იუსტიციის მინისტრი, რომელსაც არ გააჩნია კანონით გათვალისწინებული იურიდიული განათლება.
საუბარი იმაზე, ენა-ს დიპლომით რისი გაკეთების უფლება აქვს საფრანგეთის კანონმდებლობით საფრანგეთის მოქალაქეს, სხვა დისკუსიის საგანია. მაგრამ, კი ბატონო, ამაზეც ვისაუბროთ და განვიხილოთ დასახელებული ორი მაგალითი, სადაც ფრანგული კანონმდებლობით არაიურისტებიც შეიძლება დასაქმდნენ და რომელთაც მოსამართლეებიც შეიძლება ერქვათ. ეს არის ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა) და სახელმწიფო საბჭო.
ეს ორივე ორგანო არის კვაზი სასამართლო ინსტიტუტი, ანუ მათი მთავარი არსი, განსხვავებით სხვა ქვეყნების სასამართლოებისგან, ემყარება იმას, რომ მხოლოდ იურისტები კი არ უნდა წყვეტდნენ დავებს ბიუროკრატიასა და მოქალაქეებს შორის (სახელმწიფო საბჭო) ან ბიუროკრატიის ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა), არამედ ამაში კვალიფიციური იურისტების გარდა თავად მაღალი ბიუროკრატიული გამოცდილების ადამიანებიც უნდა მონაწილეობდნენ იურისტებთან ერთად. საფრანგეთში დამკვიდრებული ტრადიციით, ორივე კატეგორიას, იურისტებსა და ბიუროკრატებს, ამ ორ ინსტიტუტში ჰქვიათ მოსამართლეები. ამას ხსნიან იმით, რომ ბიუროკრატიული გადაწყვეტილებების შეფასება არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე მიზანშეწონილების საკითხი. თავისთავად, ამ მიდგომას ბევრი ოპონენტი ჰყავს და ამიტომაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ასეთი მიდგომა არ არის გავრცელებული.
მიუხედავად ამისა, საფრანგეთის კანონმდებლობით, არც სახელმწიფო საბჭო და არც ფინანსური კონტროლის სასამართლო (კონტროლის პალატა) არ წარმოადგენს პროკურატურას და მით უმეტეს, არც ერთ მის არაიურისტ მოსამართლეს არ აქვს უფლება, განსაზღვროს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა, გაათავისუფლოს და დანიშნოს მთავარი და სხვა პროკურორები, მით უმეტეს, სისხლისსამართლებრივ ბრალმდებლად გამოვიდეს სასამართლოში გაერთიანებული შტაბის უფროსისა და სხვა მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურეების დაპატიმრების მოთხოვნით, რისი უფლებაც ქართული კანონმდებლობით აქვს იუსტიციის მინისტრს. სხვათა შორის, თეა წულუკიანი, თუ ამასაც არ გვიმალავს, არის საქართველოს და არა საფრანგეთის მოქალაქე, და დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ დაიკავებდა ვერც საფრანგეთის ფინანსური კონტროლის სასამართლოს (კონტროლის პალატა) და ვერც სახელმწიფო საბჭოს მოსამართლის თანამდებობას, რომ აღარაფერი ვთქვათ საფრანგეთის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ამას მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ თუკი მითითება კეთდება იმაზე, რისი უფლება აქვთ საფრანგეთში ენა-ს დიპლომით, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვრცელდება თვითონ საფრანგეთის მოქალაქეებზე, და ვერც ერთი ქვეყნის კანონმდებლობით ვერ დარეგულირდება ის, საქართველოში გენერალურ პროკურორს, იგივე იუსტიციის მინისტრს რა მოეთხოვება და რა _ არა.
საქართველოს კანონმდებლობით კი იუსტიციის მინისტრი არის პროკურორი და მას უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. თეა წულუკიანი კანონის ამ მოთხოვნას ისევ ვერ აკმაყოფილებს.
მეორე საკითხი, რომელიც დასახელდა, იყო ის, რომ თეა წულუკიანს ენა-ს დიპლომით უფლება მიეცა, მუშაობა დაეწყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. ეს მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ თეა წულუკიანის პროფესიული გამოცდილება სათანადოდ მიიჩნიეს იურისტის პოსტის დასაკავებლად, რაც არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თეა წულუკინისთვის უნდა არსებობდეს გამონაკლისი ქართული კანონმდებლობიდან, რომელიც გარკვევით ითხოვს არა იურისტად მუშაობის გამოცდილებას, არამედ უმაღლეს იურიდიულ განათლებას იუსტიციის მინისტრის პოსტის დასაკავებლად.
ამდენ იწილო-ბიწილოს, ბარემ აიღეთ პასუხისმგებლობა! აღიარეთ, რომ დაარღვიეთ კანონი, გააუქმეთ კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, პროკურორების უკანონო განთავისუფლება-დანიშვნები, უკანონო პროკურორების მიერ უკანონოდ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და შემდგომ ვიმსჯელოთ, მიზანშეწონილია თუ არა, თეა წულუკიანისთვის სკამის შესანარჩუნებლად და მის განათლებაზე კანონის მოსარგებად კანონმდებლობის მოთხოვნის შეცვლა და იმის ჩაწერა, რომ იუსტიციის მინისტრს აღარ სჭირდება უმაღლესი იურიდიული განათლება. მით უმეტეს, რომ ამის გაკეთებას ისედაც აპირებდით, ოღონდ იმის აღიარების გარეშე, რომ არაფრად მიგაჩნიათ კანონის დარღვევა და რომ ერთ ადამიანს გინდათ მოარგოთ ახალი კანონი“.
გიორგი კანდელაკის თქმით კი „სასწავლებელი, რომელიც თეა წულუკიანმა დაამთავრა, იურისტის დიპლომს არ გასცემს. შესაბამისად, გენერალური პროკურორის რანგში წულუკიანის მიერ გაცემული ყველა გადაწყვეტილება არის უკანონო“.
მოვიანებით, წულუკიანი იძულებული გახდა, დუმილი დაერღვია და შეეცადა, საკუთარ უდიპლომობაზე გავრცელებული ხმები გაექარწყლებინა. ამ მიზნით მან „საზოგადოებრივი ტელევიზიის“ გადაცემაში, რომელსაც იმ დროს ეკა კვესიტაძე უძღვებოდა, დიპლომები მიიტანა და განაცხადა:
„ENA-ში მივიღე უმაღლესი იურიდიული განათლება და არა მარტო უმაღლესი, უმაღლესის უმაღლესი _ საფრანგეთში არსებობს უმაღლეს სასწავლებელზე მაღლა მდგარი რამდენიმე დაწესებულება და ერთ-ერთი ასეთი სკოლაა ENA. ENA ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს. ამ სფეროში _ ადმინისტრაციულ სამართალმცოდნეობაში, ევროპულ სამართალში, ადამიანის უფლებებში იძლევა იურიდიულ უმაღლეს განათლებას. რაც შეეხება ქართულ კანონს, ის ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და მქონდეს იურიდიული განათლების უმაღლესი დიპლომი. მე მაქვს ორი დიპლომი ENA-დან: ერთი დიპლომი, რომელიც ადასტურებს, რომ მე მაქვს ეს განათლება და მეორე _ ესაა ხარისხი, რომელიც არჩევით იყო, მაგრამ მე მოვიპოვე. ასე რომ, ქართული კანონის მოთხოვნას ვაკმაყოფილებ. ჩემი განათლების წარსული არასდროს ყოფილა დამალული და პარლამენტის არც ერთ კომიტეტს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს. პარლამენტმა დამამტკიცა იმ განათლებით, რა განათლებითაც ვარ. მე კანონიერად ვარ იმ თანამდებობაზე, რასაც ჰქვია იუსტიციის მინისტრი და პროკურორი“.
იუსტიციის მინისტრის ამ ნაბიჯმა შესაძლოა, მისი ფანკლუბის წევრების აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ საზოგადოებას დღემდე ჰგონია, რომ წულუკიანი უდიპლომოა და შესაბამისად, მას უფლება არ ჰქონდა, რომ მაგალითად, გენერალი გიგი კალანდაძე დაეკავებინა. არადა, ქართული პრესის არქივში არსებობს წულუკიანის ინტერვიუები, სადაც ის კალანდაძის დაკავებით ამაყობს.
ისე, იყო დრო, როცა ეს ქალბატონი ირაკლი ალასანიასთან მეგობრობითაც ამაყობდა და აცხადებდა:
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ალასანიას და, საერთოდ, „თავისუფალი დემოკრატების“ მსგავსი პოლიტიკური ძალების დრო მოდის! ამაში დარწმუნებული იმიტომ კი არ ვარ, რომ საფრანგეთში ვიყავი გადაკარგული და საქართველოს რეალობას არ ვიცნობ, არამედ ყველა რეიტინგი ადასტურებს, რომ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს აღარ უნდათ ნგრევა და სისხლი. როცა ხელისუფლებაში ალასანია მოვა, საჯარო მოხელეს, თუკი მას დანაშაული არ აქვს ჩადენილი, სამსახურიდან კი არ დაითხოვენ, არამედ კარიერული წინსვლის პერსპექტივა ექნება“ (აღნიშნული განცხადება წულუკიანმა 2010 წელს გააკეთა).
სხვათა შორის, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, _ ადამიანი, რომელსაც ევროსასამართლოში 65 წლის ასაკამდე გარანტირებული სამსახური ჰქონდა, ამ სამსახურზე უარს რატომ ამბობს და 2010 წელს საქართველოში რატომ ბრუნდება? ყურადღება მიაქციეთ: 2010 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ჯერ გააქტიურებული არ არის და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ერთი წლის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება“ დაფუძნდება. ალასანიას პარტია კი დიდი გავლენით არ გამოირჩეოდა, ანუ იმის მოლოდინი, რომ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეცვლიდა, არავის ჰქონდა. ამ ფონზე წულუკიანის ჩამოსვლა ბევრისთვის ამოუხსნელი იყო, თუმცა 2012 წლის პირველი ოქტომბრის მერე განვითარებულ მოვლენებს თუ გავაანალიზებთ, ყველაფერს ნათელი მოეფინება, ანუ ცნობილია, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახლდათ. წულუკიანიც, როგორც თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, 16 წლის ასაკიდან საფრანგეთში ცხოვრობდა, ანუ შეიძლება, დავუშვათ ვარაუდი, რომ ის საქართველოში საკუთარი სურვილით კი არ დაბრუნდა, არამედ თავიდანვე იმ პროექტის ნაწილი იყო, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა ერქვა. ეს შესაძლოა, შეთქმულების თეორიაა, მაგრამ წულუკიანი, პრინციპში, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც 7 წელია, თანამდებობას უცვლელად ინარჩუნებს და რამდენიმე დღის წინაც, როცა მან დააანონსასავით, რომ გუნდთან უთანხმოება ჰქონდა და თუ ეს უთანხმოება არ მოგვარდებოდა, ითქვა, რომ იუსტიციის მინისტრი „ოცნებას“ აშანტაჟებდა. ბოლოს ეს უთანხმოება მოგვარდა და წულუკიანი თანამდებობაზე დარჩა, ანუ კულუარებში ამბობენ, რომ წულუკიანის გაშვებისა და შესაბამისად, მისი ალაპარაკების „ზევით“ ძალიან შეეშინდათ და ამიტომაც მასთან კონფრონტაციისგან თავი შეიკავეს.
რა იცის წულუკიანმა ისეთი, რისიც დაშლის პირას მისულ „ოცნებას“ და ასევე ივანიშვილს ეშინია? _ ამის შესახებ დაზუსტებით, ივანიშვილის გარდა, არავის არაფერი მოეხსენება, თუმცა წულუკიანი ივანიშვილისთვის ძვირფასი რომ არის, რამდენიმე წლის წინათაც გამოჩნდა, როცა წულუკიანმა ალასანიას „ოცნება“ ამჯობინა და პოსტზე დარჩა.
სხვათა შორის, ინტერვიუში, რომელიც ქალბატონ წულუკიანს 2010 წელს აქვს მიცემული, ბევრ საინტერესო მინიშნებას აკეთებს. „ქრონიკა+“ გთავაზობთ რამდენიმე პასაჟს ამ ინტერვიუდან:
„_ ქალბატონო თეა, საფრანგეთიდან როდის და რატომ დაბრუნდით?
_ საფრანგეთიდან 2010 წლის მაისში იმიტომ დავბრუნდი, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ გვერდით დავდგომოდი…
_ საქართველოში, სადაც არავინ იცის, რა ელის, მხოლოდ იმ საბაბით დაბრუნება, რომ ალასანიას გვერდით დამდგარიყავით, მყარი არგუმენტი არაა. ვერ გავიგე, „თავისუფალ დემოკრატებს“ ისეთი რა ხიბლი აქვთ, რომ სტრასბურგულ კარიერაზე უარი თქვით?
_ ჩემთან მიმართებით ადამიანმა შეიძლება, ბევრი სხვა სიტყვა გამოიყენოს, მაგრამ არა _ ხიბლი, რადგან არც პროფესიული და არც სხვა გადაწყვეტილება ხიბლის გამო არასოდეს მიმიღია. ისე, ჩემი გადაწყვეტლება, ერთი შეხედვით, სულელურად და გულუბრყვილოდ გამოიყურება, მაგრამ ყველაფერი მართალი მარტივი და გულუბრყვილოა. მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 65 წლამდე უზრუნველყოფილი პოსტი, დაცული უფლებები და ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა, ვთქვი, ასაკი მემატება და თუ საქართველოში ახლა არ დავბრუნდი, აღარასოდეს აღარ დავბრუნდები-მეთქი. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა? ერთი ვარიანტი, სადაც შეიძლება, მუშაობა დამეწყო, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იყო. მეორე ვარიანტი კი ის იყო, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთულიყავი და თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ცალსახად ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიას გვერდით დავდგებოდი, თუმცა არ მქონდა პრეტენზია, რომ პარტიაში მოსვლის დღიდანვე გამოცდილი პოლიტიკოსი ვიქნებოდი…
2000 წელს, როცა მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში დავიწყე, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო და საერთო ნაცნობის მეშვეობით მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა. თავდაპირველად ეს შემოთავაზება ხუმრობად მივიღე, რადგან ვერ წარმომედგინა, რომ 25 წლის ადამიანი შეიძლება, მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. მახსოვს, არც კი დავფიქრებულვარ, შემოთავაზებაზე უარი ისე ვთქვი, თან გამეცინა. ასაკისა და გამოცდილების გარდა არც იმას დაგიმალავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2000 წლის შემოდგომიდან ჩემს თვალში სიმპათიით არ სარგებლობდა და არ მიმაჩნდა, რომ საქართველოსთვის სიკეთის მოტანა შეეძლო. მოგვიანებით, 2004 წლის გაზაფხულზე, შემოთავაზება მეორედ მივიღე, რომელიც, ასე ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგებოდა, ანუ არჩევანს მთავაზობდნენ, _ მოგვეხმარე, ახალგაზრდა კადრები გვჭირდებაო, თუმცა ამ დროს 25 წლის აღარ ვიყავი… მოკლედ, შემოთავაზება ასეთი იყო: თუ მაინცდამაინც საფრანგეთში ყოფნა მინდოდა, ელჩობას ავირჩევდი ან საქართველოში დავბრუნდებოდი და ერთ-ერთი მინისტრის მოადგილედ დავინიშნებოდი.
_ ელჩობასა თუ მინისტრის მოადგილეობაზე უარი მაშინვე თქვით?
_ არა, მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე…
რაც შეეხება ხელფასს, სტრასბურგში ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა _ თვეში 8 ათასი ევრო და ამაზე მეტს ვერც ხელისუფლება შემომთავაზებდა და ვერც _ ალასანია…“
ყველაფერ აქედან ნათელი ხდება, რომ თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის დიდი თავის ტკივილია, ანუ ეს ქალბატონი, ასე თუ ისე, იდუმალებით არის მოცული, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში „ოცნებას“ შესაძლოა, ძალიან დიდი ბომბი აუფეთქოს, ბომბი, რომელიც მმართველ გუნდს კომაში ჩააგდებს!

გიორგი აბაშიძე