ნიკა ჩიტაძე: „პოლიტიკური ყვარყვარიზმის ეპოქა უნდა დამთავრდეს“

ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდი ხანია, განახლებას მოითხოვს, თუმცა ჰორიზონტზე მკვეთრად ისევ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანს. „ოცნებას“ პოლიტიკური კრიზისი აქვს, ოპოზიცია კი შედარებით პასიურ რეჟიმშია და საარჩევნო სისტემის შეცვლას ხელმოწერების შეგროვებით ცდილობს. ამის პარალელურად, მმართველი გუნდის ყოფილმა აქტიურმა მხარდამჭერმა და პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“ დააფუძნა.

მოახერხებს თუ არა „ქართული ოცნება“ ახალი სახეების მოზიდვით კრიზისიდან გამოსვლას? რა შანსები აქვს თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას და რით აიხსნება ოპოზიციის პასიურობა?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ როგორ აფასებთ მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს და იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ეს არის ივანიშვილის სცენარი საკუთარი ოპოზიციის შესაქმნელად?
_ ჩემი აზრით, მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენები არ გახლავთ ხელოვნურად შექმნილი. უბრალოდ, არსებობს ინტერესთა კონფლიქტი მმართველი გუნდის წევრებს შორის, რომელიც, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია უკავშირდებოდეს, თუ ვინ იქნება 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების სიაში. აქედან გამომდინარე, ბევრმა შეიძლება იფიქრა, რომ ისინი მომავალ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდებიან და ამიტომაც გამოეყვნენ „ოცნებას“. 7 წელია, „ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და ამ დროის განმავლობაში ამ ადამიანებისთვის ყველაფერი მისაღები იყო და უცებ გამოეყვნენ „ოცნებას“, დღეს აღმოაჩინეს, რომ პრობლემები არსებობს?! ბესელია აპროტესტებს, როგორც თვითონ ამბობს, საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების დანიშვნას. მაშინ რატომ არ აპროტესტებდა, როდესაც მურუსიძე იუსტიციის საბჭოს მდივნად დანიშნეს? სწორედ ეს მოსამართლეები ემსახურებოდნენ ამ ხელისუფლებას 7 წლის განმავლობაში, როდესაც სასამართლო აშკარად მიკერძოებული იყო და ეს აისახა Human Rights Watch-ისა და Freedom House-ის ანგარიშებში. 2017-2018 წლებში საქართველოს Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, 7-ბალიანი სისტემით, რომლითაც თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხი ფასდება, 4.5-4.6 ქულა ჰქონდა, ეს იყო საშუალო მაჩვენებელი, _ 10 პარამეტრი იკრიბებოდა: მედიის თავისუფლება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ა. შ., სასამართლოს კი ამ შემთხვევაში 5.5 ქულა ჰქონდა, ანუ რაც უფრო მაღლა მიდიხარ 7 ქულისკენ, მით უარესია. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება პროგრესულად შეფასდა, თუმცა სასამართლოსი _ პირიქით, საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით. ამ კვლევების დროს ბესელიასაც და სხვებსაც არ უჩნდებოდათ პრეტენზიები, თურმე დღეს აქვთ პრეტენზია. ამ ადამიანებს მინდა დავუსვა კითხვა, _ რატომ გაჩნდა პროტესტი დღეს? ეს ყველაფერი ხომ არ არის საეჭვო და ხომ არ ჩანს, რომ მათ ემუქრებოდათ წასვლა, რადგან ივანიშვილი „ქართული ოცნების“ შემადგენლობის გადახალისებას აპირებს, ამიტომაც მათ დაასწრეს და ვითომ თავისი პრინციპულობა გამოავლინეს, რომ თითქოს არ ეგუებიან ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის, სასამართლო სისტემის მიმართულებით. მეორე მხრივ კი არსებობს კითხვები „ქართული ოცნების“ იმ წევრების მიმართ, რომლებიც გუნდში რჩებიან და იმაზე საუბრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ასევე თავიანთ ლოიალურ დამოკიდებულებას გამოხატავენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ალბათ ივანიშვილი ამ ადამიანებზე აკეთებს ფსონს. სავარაუდოდ, ამ ხალხს პერსპექტივა აქვს იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში მოხვდნენ. ივანიშვილის ტაქტიკა ამ შემთხვევაში არის გუნდის გადახალისების იმიტაცია. ივანიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავი 2“ რომ გამორთო, ქვეყანაში იდეალური მდგომარეობააო, მაგრამ მგონია, არცთუ ისე სულელია, ვერ აცნობიერებდეს იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს. გარკვეულწილად მას სურს, რომ ვიღაცამ „განტევების ვაცის“ როლი ითამაშოს. მაგალითად, როგორც თავის დროზე კვირიკაშვილზე ისაუბრა, თითქოს ივანიშვილს გარკვეული რეფორმების ჩატარება სურდა, ენდო, მაგრამ ცუდი პრემიერი აღმოჩნდა და თითქოს ამიტომ შეფერხდა რეფორმები; კოჰაბიტაციის დროსაც აცხადებდა, რომ ყველა დაპირების შესრულება სურდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და ეს ვითომ ხელს უშლიდა. ის ყოველთვის ეძებდა „განტევების ვაცს“ და პოულობდა კიდეც, ეს ხან კვირიკაშვილი იყო, ხან _ ღარიბაშვილი.
_ „ქართული ოცნება“ 2016 წლიდან ორ ბანაკად დაიყო: „ძველები“ და „ახლები“. მუდმივად იყო მოსაზრება, რომ ივანიშვილი კობახიძის გუნდზე დებდა ფსონს. თუნდაც შარშანდელი მოვლენები რომ გავიხსენოთ, კობახიძესა და ჭიჭინაძეს შორის დაპირისპირებას ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა მოყვა. ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით კი ეს მოსაზრება შეიცვალა, რისთვის დასჭირდა ივანიშვილს ღარიბაშვილი?
_ ივანიშვილი, ალბათ, გრძნობს, რომ მისდამი ლოიალური კადრების დეფიციტია. ერთი წლის წინ ჭიჭინაძე უპირისპირდებოდა, დღეს ბესელია უპირისპირდება, ამის შემდეგ კიდევ შეიძლება ვინმე გაჩნდეს, ვინც ღიად დაუპირისპირდება. ამიტომ ღარიბაშვილს განიხილავს ადამიანად, რომელიც ყოველთვის იტყვის: „მადლობა ბატონ ბიძინას“. წლებია იცნობს და დავალებულია ივანიშვილისგან. ერთი პერიოდი ივანიშვილმა იფიქრა, რომ მას ღარიბაშვილი არ სჭირდებოდა და უთხრა კიდეც, _ შენი წასვლის დროა. დღეს, ალბათ, ფიქრობს, რომ მას ისევ სჭირდება ღარიბაშვილი, რადგან, მისი აზრით, ბესელიამ და სხვებმა არ გაამართლეს. კობახიძესაც არ აქვს საკმარისი ქარიზმა იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია ითავოს და ამ შემთხვევაში სჯობს, ეს ღარიბაშვილს გადააბარონ. ის უფრო ხისტია, ფიცხი ხასიათი აქვს და ივანიშვილმა მიიჩნია, რომ ღარიბაშვილი უფრო ლოიალური იქნება მის მიმართ. ჩვენ გვახსოვს ასევე ღარიბაშვილის ხისტი განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით. მან მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა: „ნაციონალებმა“ მადლობა უნდა თქვან იმაზე, რომ ხალხი არ უშვება იმას, რასაც იმსახურებენო. ალბათ ღარიბაშვილის ინიციატივა იყო ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 21 ოფისი დაარბიეს, ამ დროს ღარიბაშვილმა განაცხადა, _ მოსახლეობამ პროვოკატორებს პასუხი გასცაო. წარმოგიდგენიათ, რა კატეგორიასთან გვაქვს საქმე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და ასეთ განცხადებას აკეთებს. სინამდვილეში, თავიანთი აქტივისტები მიუსიეს. Human Rights Watch-ის ანგარიშშიც აისახა აღნიშნული ფაქტი. ღარიბაშვილი გაცილებით უფრო „ანტინაცია“, შესაბამისად, დღეს, ალბათ, უფრო აწყობს ივანიშვილს „ნაციონალებისადმი“ რადიკალურად განწყობილი ადამიანი, ამიტომაც დააბრუნა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ შესაძლოა, ისევ უთხრას, რომ შენი წასვლის დროაო. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი არაა ის, თუ რა აწყობს ივანიშვილს ღარიბაშვილის დაბრუნებით, არამედ მნიშვნელოვანია, სად „წავა“ საქართველო.
_ გასაგებია, რომ ახლა ივანიშვილს აწყობს „ნაციონალური მოძრაობისადმი“ რადიკალურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ რამდენად „იმუშავებს“ ეს საზოგადოებაზე?
_ ერთი პერიოდი ეს მუშაობდა, მაგრამ უკვე არ გაჭრის. თომას ჯეფერსონმა თქვა: „შესაძლებელია, მოატყუო მთელი მოსახლეობა გარკვეული დროის განმავლობაში, მოატყუო მოსახლეობის ნაწილი მუდმივად, მაგრამ შეუძლებელია მოატყუო მთელი მოსახლეობა მუდმივად“. გარკვეული დროის განმავლობაში „არა ნაცებს“ ეს პროპაგანდა მუშაობდა, როცა ხალხის რაღაც ნაწილს სჯეროდა, რომ ხალხს მართლა აუპატიურებდნენ „ნაციონალები“ და ა. შ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა 62% მიიღო, მაშინ მან უპრობლემოდ გაიმარჯვა. დავით ბაქრაძემ კი 21% მიიღო, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო. ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართულმა ოცნებამ“ გაცილებით ნაკლები _ 48% მიიღო და მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში პირველივე ტურში ვერ გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე, მათი რეიტინგი დაეცა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი საერთოდ კატასტროფული მდგომარეობა შეექმნათ, მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა პირველ ტურში უარი უთხრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს და არა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს . ხმა მისცა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას. „ქართულ ოცნებას“ უკანონო რესურსების გამოყენება დასჭირდა გასამარჯვებლად. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ რეიტინგი საპნის ბუშტივით ქრება. ამიტომაც „არა ნაცებს“ პროპაგანდას ნაკლები ეფექტი ექნება, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზე გარკვეული გავლენა მოახდინა. დღეს ივანიშვილს ხელისუფლების გასამყარებლად სჭირდება, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი იყოს მისი მომხრე. იმისთვის, რომ ეს ამომრჩეველი მისი მომხრე გახდეს, ხელისუფლებამ მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები უნდა გადაჭრას, თუმცა ვერ ახერხებს.
_ ივანიშვილის დაპირებული 1 წლიდან ოთხი თვე გავიდა, თუ ხედავთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ 1 წელიწადში რეალური და ძირეული ცვლილებები გატარდება?
_ ივანიშვილმა ეს დაპირება ნაწილობრივ ცხელ გულზე გასცა და, მისი მხრიდან ამომრჩევლის მისამართით გაკეთებული სატყუარაც იყო. ქვეტექსტში იგულისხმეს, თითქოს, თავისი მილიარდები, რაც ამ 6 წლის განმავლობაში არ დაუხარჯავს, ახლა 1 წელიწადში დაახარჯავდა ხალხს. სხვანაირად პირადად როგორ უნდა აეღო ეს პასუხისმგებლობა? ნახეთ კონკრეტული გეგმა, მაგალითად, რა ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს: ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. რამე მსგავსი წარუდგინა საზოგადოებას? მან თქვა, უბრალოდ, რომ დრო მომეცითო. ონორე დე ბალზაკს კარგად აქვს ნათქვამი: „ხალხი ყველაზე მეტად იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც სურს“. შეიძლება ვიღაცამ იფიქრა, რომ უფასო ფულს მიიღებდა. 600 000 ადამიანს კრედიტები დაუფარეს, მაგრამ ფაქტია, რომ მას რეალური რესურსი ეწურება. ერთადერთი ისევ დარჩა სათქმელი, რომ „ნაცები“ ცუდები არიან, ამიტომაც ებღაუჭება ამას. ხალხს ახსნა სჭირდება იმისა, თუ როგორ გადაჭრი ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს. ლარის კურსი ისევ არ დასტაბილურდა, დემოკრატიის განვითარების მიმართულებით რომ განვიხილოთ, ჟურნალ „ეკონომისტის“ მონაცემებით საქართველომ 2018 წელს 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, დაახლოებით, იგივე 4000 დოლარი რჩება. ეუთოს ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშებში კი მკაფიოდ წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველზე სერიოზული ზეწოლა იყო. ეკონომიკას რაც შეეხება, 3-4%-იან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ მგონია, ეს რადიკალურად ვერ შეცვლის ქვეყანაში არსებულ პრობლემას.
_ „ოცნება“ პრობლემებს ვერ აგვარებს, თუმცა ახალ სახეებს აქტიურად ეძებს. რაზე მიუთითებს ეს ფაქტი და რამდენად არის იმის შანსი, რომ რეალურად ახალი სახეები იქნებიან და არა კობახიძე-მდინარაძეები, რომლებიც „ოცნების“ რუპორებად იქცნენ?
_ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ წიწამურში იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ 15 ახალი სახე წარადგინა. ის ადამიანები, რომლებმაც დასავლეთში მიიღეს განათლება, მათ შორის, ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების დამთავრებულებიც იყვნენ. წესით, ყველანი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რა თქმა უნდა, სოსო ჯაჭვლიანზე, კურტანიძეზე და მსგავს კატეგორიაზე უფრო განათლებულები არიან, მაგრამ ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა და მათ იცოდნენ, რაზეც მიდიოდნენ. პარლამენტში 2016 წელს მივიღეთ ახალი სახეები, მაგრამ არაფორმალური მმართველობის სისტემა არ შეცვლილა. მე რასაც ვხედავ შესაძლოა, საკადრო ცვლილებები მოხდეს, ახალი სია წარმოადგინონ, ასევე შეიძლება სამთავრობო ცვლილებებიც განახორციელონ, მაგრამ მგონია, რადიკალური ცვლილება არ მოხდება. თუ რეფორმები გინდა, მაშინ რეფორმატორების გუნდი უნდა მოიყვანო. მარტო ვერაფერს იზამ. მაგალითად, სააკაშვილი მარტო რომ ყოფილიყო, ვერაფერს იზამდა. ვაჟა-ფშაველას აქვს კარგად ნათქვამი: „მარტოკა კაცი რას იზამს, თუნდაც ცეცხლს ყრიდეს პირითაო“. სააკაშვილმა კი ბევრი ღირსეული ადამიანი დაიყენა გვერდით, მათ შორის, ცხონებული კახა ბენდუქიძე და ცხონებული ზურაბ ჟვანია. ბენდუქიძემ ეკონომიკის მიმართულებით ბევრი რეფორმა განახორციელა. ასევე მერაბიშვილი და ადეიშვილი, რომლებიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მე მომწონს. სამწუხაროდ, იყო სფეროები, სადაც ჩავარდნები მოხდა, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში. მაგალითად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ოქრუაშვილმა არ გაამართლა, თუმცა სერიოზული ძვრები იყო და ამას მარტო სააკაშვილი ვერ იზამდა. ივანიშვილსაც თუ რეფორმების განხორციელება სურს, აუცილებლად უნდა მოიყვანოს რეფორმატორთა გუნდი და ეს არაფორმალური მმართველობა უნდა შეწყდეს. თუ ახალ სახეებს რეფორმების განხორციელების საშუალება არ მიეცა, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება და ღარიბაშვილის მსგავსი კადრების ამარა დავრჩებით. რომაელმა პოეტმა ოვიდიუსმა თქვა: „მხოლოდ განათლებულ ადამიანს ძალუძს თავისუფლებაო“. ამიტომაც მგონია, თუ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები იქნებიან და ივანიშვილი მათ მისცემს საშუალებას, ძირეული რეფორმებიც განხორციელდება, მაგრამ ივანიშვილი ამის საშუალებას არ მისცემს, რადგან ის ფიქრობს, რომ ყველაზე ჭკვიანი ის უნდა იყოს და გუნდში მასზე ჭკვიანი არ უნდა გამოჩნდეს . რეალობა არის ეს, რომ სისტემა არ იცვლება.
_ ამ სისტემასთან ერთად არ იცვლება თეა წულუკიანი, რომლის თანამდებობიდან გადადგომაზეც იყო საუბარი, თუმცა ვნახეთ, რომ ის საჯაროდ შანტაჟის ენით ესაუბრა პრემიერს. რით ხსნით იმ ფაქტს, რომ წულუკიანი მე-7 წელია, ხელშეუხებელი მინისტრია?
_ გარკვეულწილად ისე გამოვიდა, რომ წულუკიანმა მთავრობა დააშანტაჟა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრიც.. „ქართული ოცნება“ სუფთა რომ ყოფილიყო, მას ამ შანტაჟის არ შეეშინდებოდა. დიდი ალბათობით წულუკიანს რაღაც ინფორმაცია აქვს, რომელიც უკავშირდებოდა სასამართლო სისტემას, იუსტიციის საბჭოს საქმიანობას, პროკურატურას, ბუნებრივია, რომ ამ სტრუქტურებთან იუსტიციის სამინისტროს შეხება ჰქონდა, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, წულუკიანს პრესკონფერენცია ჩაეტარებინა და ეთქვა რეალური პრობლემების არსებობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ შეშინდა ხელისუფლება? ამიტომაც ცდილობენ, კოჭი გაუგორონ წულუკიანს და შეწყალების კომისია დაექვემდებაროს არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არამედ _ იუსტიციის სამინისტროს.
_ ამ პროცესების პარალელურად როგორ ახსნით ოპოზიციის პასიურობას?
_ არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ მიზანმიმართულად პაუზა აიღო. საზოგადოების ყურადღება გადატანილია „ქართული ოცნების“ შიდა კინკლაობაზე. შესაძლოა, არც სურს ოპოზიციას, რომ მათ საქმიანობაზე იყოს მიმართული ყურადღება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვების პროცესშიც არიან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით სს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს, მინიმუმ, 200 ათას ამომრჩეველს და შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობენ. მეორე მხრივ კი პაუზა აიღეს იმ თვალსაზრისით, რომ დააცადეს ბესელიასა და კობახიძეს ერთმანეთის დისკრედიტაცია, ამით კი უფრო დაეცემა „ქართული ოცნების“ რეიტინგი. ოპოზიციას შესაძლოა აწყობს, რომ ყურადღება ამ მიმართულებით იყოს გადატანილი. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ამ შემთხვევაში მთავარი ფაქტორია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდნენ. ასევე მნიშვნელოვანია რესპუბლიკელებიც. შესაძლოა, მათ დიდი რეიტიგი არ გააჩნიათ, თუმცა წონადი პოლიტიკური ფიგურები ნამდვილად ჰყავთ. არ არის აუცილებელი ყველა პარტიის გაერთიანება. პირადად ჩემთვის მიუღებელია ბევრი დღევანდელი პოლიტიკოსი, რომელიც ვითომ ავანგარდში გამოდის ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისას.
_ მაგალითად?
_ გეტყვით, ვისაც ვგულისხმობ და მინდა მათ „ქრონიკა+“-ის მეშვეობით კითხვა დავუსვა. წინა ხელისუფლებას ხშირად მეც ვაკრიტიკებდი, ბევრი მიმართულებით ვუჭერდი მხარს: კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა სასამართლო სისტემის ქმედება, 7 ნოემბერს ძალის გადამატება მიუღებელი იყო და ამ შემთხვევაში კრიტიკა მისასალმებელია. მაგრამ, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი, ადამიანი გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ინფორმაცია მაქვს, ჯოხებით აუპატიურებენ პატიმრებსო და ა. შ., ასეთ ტყუილს კადრულობ, შემდეგ ივანიშვილს აძლევ ხმას, სათანადო სარგებელს ვერ ნახულობ და უცებ მის გინებას იწყებ. მაგალითად, ალეკო ელისაშვილი, პირადად ვიცნობ მას, ტელეკომპანია „კავკასიაში“ დავდიოდი მის გადაცემაში სტუმრად, ის აშკარად ეწეოდა „ოცნების“ აგიტაციას. თავადაც თქვა ერთხელ: „არც ვაქცევდი ყურადღებას, ვინ იყო ივანიშვილის გვერდით, მთავარი იყო, „ნაციონალები“ წასულიყვნენო. შეიძლება, „ნაციონალები“ არ მოგწონდეს, მაგრამ „გრეჩეხას“ მხარი როგორ უნდა დაუჭირო?! ან, ვთქვათ, იმ ადამაინებს, რომლებიც მოსკოვში ჩადიოდნენ, ჟირინოვსკისა და პუტინს ხვდებოდნენ. ალეკოს მისამართით მაქვს, კითხვა, _ ის გადაცემაში ოპონირებას ხშირად მიწევდა, თუმცა არ უწევდა ოპოზიციონერს. ოპონირება ორივეს უნდა გაუწიო, ფეხბურთის მსაჯი, რომ ხარ, არ არის სწორი, ერთი გუნდის კარში ყოველთვის პენალტი დანიშნო და მეორის მიმართულებით აუტი არ დანიშნო. ივანიშვილმა როცა ჟურნალისტები დაიბარა, მათ შორის ელისაშვილიც იყო და თქვა, ბატონმა ბიძინამ ცოტა მიგვჯირყვნაო. მაშინ ის ივანიშვილთან იყო დაახლოებული, მერე შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს და ამის შემდეგ გაარკვია, თურმე, რომ ბესელია ცუდი ყოფილა. ანუ რა გამოდის _ ან გაქვს ინტელექტუალური პრობლემა, ვერ აცნობიერებდი, ვინ იყო ივანიშვილი და დღეს გააცნობიერე? მეორე ვარიანტია, რომ აცნობიერებდი და გულწრფელი არ იყავი. ე. ი. ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ან ზნეობრივ პრობლემასთან. პირველი ტურის შემდეგ ელისაშვილი „რუსთავი 2-ზე“ გამოვიდა და თქვა, რომ ნებისმიერს მიეცით ხმა სალომე ზურაბიშვილის გარდა, რადგან საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულაო. ისმის კითხვა, _ რატომ უჭერდა მხარს ის ივანიშვილს? თავის დროზე, მის ერთ-ერთ პირველ კონფერენციაზე, 2011 წლის შემოდგომაზე, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი. რატომ იყო მაშინ შენთვის ივანიშვილი მისაღები და რატომ არის მიუღებელი ზურაბიშვილი? იმიტომ, რომ ივანიშვილი, გარკვეულწილად, ფულთან ასოცირდებოდა?! ულვაშებგაპარსული ორჯონიკიძეა ზურაბიშვილიო, ესეც განცხადა ელისაშვილმა და ივანიშვილი არ იყო მაშინ ორჯონიკიძე, როცა აცხადებდა, სააკაშვილმა დაიწყო ომიო? ხუხაშვილსაც ამათთან ერთად მოვიხსენიებ, ნიკა გვარამიასთანაც მაქვს კითხვა, ის ხშირად იწვევს ხუხაშვილს და ბიძინოლოგს ეძახის. ჯერ ერთი, ეს ადამიანი პოლიტოლოგი არ არის, სირცხვილია, მაგასაც პოლიტოლოგი ერქვას და _ მეც. 6 წიგნი და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი მაქვს გამოცემული, მათ შორის, საზღვარგარეთის 20 ქვეყანაში. 20 წელია, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი , მეცნიერებათა დოქტორი ვარ, უცებ ხუხაშვილი ან ვინმე ე. წ. ექსპერტი გამოვა და 5-10-წუთიან ინტერვიუს მისცემს და მათაც პოლტოლოგებს ეძახიან. მაინტერესებს, რატომ არის ხუხაშვილი ბიძინოლოგი, ანუ რას ნიშნავს, _ ბიძინას სპეციალისტია? თუ ბიძინოლოგია, მაშინ უნდა სცოდნოდა, რომ ბიძინა არ იყო კარგი. თუ ბიძინოლოგი ხარ, მაშინ თავიდანვე უნდა გცოდნოდა ბიძინას შესახებ, ე. ი. ბიძინოლოგიც არ ხარ, პოლიტოლოგობაზე საუბარი არც არის. მე არ ვამბობ, რომ ეს ადამიანი უჭკოა, შესაძლოა, როგორც მეწარმე და ბიზნესმენი ჭკვიანია. მე, მაგალითად, ბიზნესში არ მაქვს იმდენი გამოცდილება და პოლიტოლოგობაზე ვდებ თავს. ისევ და ისევ ჩნდება კითხვა, _ ან გულწრფელი არ იყავი, როცა ამას აკეთებდი, ან ზნეობრივ პრობლემასთან გქონდა საქმე, ბიძინოლოგი კი არა ფულოლოგი ხარ მაშინ. ჯერ არკადი პატარკაციშვილთან თანამშრომლობდი, რის გამო? _ კარგი პიროვნება იყო და მისი ზოდიაქოს ნიშანი გიზიდავდა?! რა თქმა უნდა, არა. ხუხაშვილის, ჩარკვიანის, ელისაშვილის მსგავსი ბევრია. მე კითხვები მაქვს ასევე ჩემი კოლეგა გია ნოდიას მიმართ, ის დიდ პოლიტოლოგად ითვლება, ნამდვილად ჭკვიანი კაცია, ბევრი ნაშრომი აქვს, მაგრამ დისერტაცია 1986 წელს დაიცვა თემაზე: „შრომითი ურთიერთობები და მარქსისტული მორალი“, ე. ი. კომუნისტურ აგიტაციას ეწეოდა ადამიანი და შემდეგ ლიბერალი გახდა.
_ ხომ არის შესაძლებელი, რომ რეალურად შეიცვალოს ადამიანმა დამოკიდებულებები და პოლიტიკური შეხედულებები?
_ შესაძლებელი არის, მაგრამ პოლიტიკური ყვარყვარიზმის ეპოქა უნდა დამთავრდეს! მაქს ვებერს აქვს ნათქვამი: „როგორიც არის ადამიანი, ისეთივეა მის მიერ გატარებული პოლიტიკა“, ამიტომ პიროვნულ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს.
_ თაკო ჩარკვიანის მიერ დაფუძნებული პარტია „კანონი და სამართალის“ ადგილი სად არის ქართულ პოლიტიკურ ველზე? რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მას?
_ ეს პარტია ივანიშვილის რეჟიმს უპირისპირდება და მხოლოდ მისი კრიტიკით შემოიფარგლება, თუმცა ამის ალტერნატივას რას გვთავაზობენ? „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ოპოზიციის საქმიანობა სწორედ იმიტომ არ მომწონდა, რომ ალტერნატივას ვერ სთავაზობდნენ ამომრჩეველს, _ პროგრამა არ გვაქვს, სააკაშვილის რეჟიმს დავამთავრებთ და მერე შევიმუშავებთო. ბევრმა ე. წ. პოლიტიკოსმა თუ პოლიტოლოგმა არც იცის, რას ნიშნავს ტერმინი „პოლიტიკა“, ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფო მართვის ხელოვნებას ნიშნავს. თაკო ჩარკვიანმა უნდა აღიაროს, რომ ის ცდებოდა.

ნენე ინჯგია