„ბაქოში გაკეთებული განცხადება იყო ლოდი, რომელსაც პრეზიდენტმა სომხეთში ფეხი წამოჰკრა“

საქართველოს პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიური ტურნე მეზობელ ქვეყნებში და არა მხოლოდ, საკმაოდ დიდი ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. სომხეთში ვიზიტმა კი განსაკუთრებით მწვავე შეფასებები გამოიწვია.

ამ საკითხზე „ქრონიკა+“ ეთნიკურ კონფესიათა ცენტრის ხელმძღვანელს, არმენოლოგ ლელა ჯეჯელავას ესაუბრა:

_ ევროპულ ქვეყნებში ვოიაჟის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ესტუმრა. მისმა ვიზიტებმა ამ ქვეყნებში საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, გაკეთდა უკიდურესად მძიმე შეფასებები. რას იტყვით პრეზიდენტის ვიზიტებზე და ზოგადად მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, რამდენად ანგარიშგასაწევი იყო და არის მის მიერ ამ ქვეყნებში გაკეთებული განცხადებები?
_ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები სომხეთსა და აზერბაიჯანში განსაკუთრებული ყურადღების საგანი აღმოჩნდა როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მედიისთვის. ბუნებრივია, რომ იმ რთული წინასაარჩევნო პერიპეტიების შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას უძღოდა წინ, მისი პოლიტიკური აქტივობების მიმართ არსებობს როგორც ობიექტური, ასევე ჯანსაღი და არაჯანსაღი ინტერესებიც. ხშირად ექსპერტთა და პოლიტიკოსთა მხრიდან არის მცდელობა, რომ პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების გამო სალომე ზურაბიშვილი და მისი პოლიტიკური აქტივობები არ განიხილებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ანგარიშგასაწევ მოვლენად. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ამგვარი დამოკიდებულება დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, ჯერ კიდევ, საერთო-სახალხო წესით არის არჩეული. ის წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ხმას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. სწორედ ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის მოლოდინები ზურაბიშვილისადმი მაინც უფრო მაღალია, ვიდრე პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისა. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტისა და მმართველი ძალის პოლიტიკური დღის წესრიგი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რეჟიმში მიმდინარეობს.
_ და მაინც, რატომ მოყვა ასეთი ხმაური სალომე ზურაბიშვილის კავკასიურ ტურნეს?
_ სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი, ალბათ, როგორც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით პრინციპული და შეუვალი პოზიციის ქონა ყველა დონის შეხვედრაზე _ როგორც სახელმწიფოთაშორისი, ასევე რეგიონული ურთიერთობების ფორმატში. პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ნთლად ჩანს, რომ სწორედ ამ ტიპის დამოკიდებულება იყო გამჟღავნებული როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთის ვიზიტების დროს.
_ მაშ, რამ გამოიწვია ასეთი, ვიტყოდი, არაჯანსაღი აჟიოტაჟი?
_ პრეზიდენტის სომხური ვიზიტი იყო ექო ბაქოს შეხვედრებისა. ვფიქრობ, ბაქოში გაკეთებული განცხადება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იყო ლოდი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ვიზიტისას ფეხი წამოჰკრა.
_ იქნებ, უფრო დააკონკრეტოთ.
_ კავკასიის რეგიონში არსებულმა უმწვავესმა კონფლიქტებმა თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე ახალი წახნაგები შეიძინა. ეს მოცემულობა უკვე თითქმის 30 წელია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხელისუფლებებს მუდმივ რეჟიმში დანის პირზე სიარულს აიძულებს და ხშირად მათთვის იმაზე მეტად მტკივნეულია, ვიდრე ამას მოსახლეობა აღიქვამს.
_ რას გულისხმობთ?
_ არსებობს დაუწერელი შეთანხმება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები არასოდეს იქნას განხილული ერთ სიბრტყეზე მათი განსხვავებული შინაარსისა და ანატომიის გამო. მიუხედავად რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური მოცემულობისა, მოხერხდა, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არის ის ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ამდენი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პირველად ბაქოში გაისმა სომხეთის მიმართ სიტყვა ოკუპაცია. ჩემი ურყევი მოსაზრებაა, რომ ეს იყო პოლიტიკურად და, გნებავთ, მორალურად გაუმართლებელი განცხადება. არა იმიტომ, რომ ფორმულირება მცდარია და აზერბაიჯანს ჩვენ მსგავსად არ აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ ვისაც ამ შემთხვევაში ეს ტერმინი ოკუპანტი, მიემართება, არის საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და ცხადია, ამ მოცემულობიდან მასთან დიალოგი პრეზიდენტისთვის უკვე ძალიან რთული იქნებოდა.
_ რატომ გამოიყენა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში სიტყვა „ოკუპაცია“?
_ დიახ, ლოგიკურია დავსვათ კითხვა, _ რა აუცილებელი პირობა არსებობდა აზერბაიჯანში ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებისა, რისი მოსმენაც აზერბაიჯანელი კოლეგებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა, ხოლო სომხეთისთვის, რომლის ყურადღების ცენტრში, ვგონებ, ჩვენზე მეტად იყო ეს ვიზიტი, უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა და მისმა თანმხლებმა დელეგაციის წევრებმა უნდა აუხსნან საქართველოს მოქალაქეებს, რა პოლიტიკური დივიდენდები მივიღეთ ჩვენ წლების წინათ დადგენილი თამაშის წესების შეცვლით. შეიძლება ითქვას, რომ ჯერ პასუხგაუცემელი, შეცვლილი მოცემულობის ფონზე განხორციელდა პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მოკლე დროში სომხეთში, სადაც, ვფიქრობ, საკმაოდ ხისტი ფორმით შეფასდა ეს ფორმულირება. ბუნებრივია, ეს საკითხი იქნებოდა სომხეთის პირველ პირებთან დახურულ შეხვედრებზე რთული საუბრების საგანი, მაგრამ იმ ფორმით საჯაროდ გამოტანა, როგორც ეს გააკეთა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანმა, ყველასთვის მოულოდნელი იყო და ალბათ, ქართული დელეგაციისთვისაც.
_ მირზოიანის მიერ გაკეთებულ შეფასებას გულისხმობთ?
_ რა თქმა უნდა, არარატ მირზოიანმა საქართველოს პრეზიდენტის ბაქოს განცხადების შეფასებისას გამოიყენა ტერმინი აღმაშფოთებელი. ზედმეტად მენტორულად ჟღერდა პრეზიდენტ სარქისიანის მინიშნებებიც კონფლიქტების ერთ სიბრტყეზე განხილვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ასეთ ფონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ფორსმაჟორში მიღებული გადაწყვეტილება შეტევითი სტრატეგიის შესახებ, ასევე არ აღმოჩნდა შეცდომებისგან დაზღვეული. ჩემთვის, როგორც ქართულ-სომხური ურთიერთობის მკვლევრისთვის, ძნელად გასახსენებელია ორი ქვეყნის მაღალი დონის შეხვედრების დროს საჯაროდ გამოტანილი ისეთი ფრაზეოლოგია, რომელიც ამ შეხვედრის დროს გამოვიდა. „აღმაშფოთებელი“, „არაკეთილგანწყობილი გარემო“, „სომხური ეკლესია არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ და ა. შ.
_ ეს უკანასკნელი მეტად დელიკატური საკითხია…
_ გეთანხმებით, საუკუნეების მანძილზე ქართულ-სომხურ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს საკმაოდ მძიმე ფონი ჰქონდა, რაც უპირატესად განპირობებული იყო იმით, რომ თითქმის მუდმივად სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ორბიტაზე ვმოძრაობდით და მუდმივად არსებობდნენ დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეები, რომელთა ინტერესებშიც არ შედიოდა ორი მეზობელი ხალხის პოზიციების დაახლოება. მე-7 საუკუნეში მომხდარი საეკლესიო განხეთქილების (რომლის აჩრდილიც დღემდე მოსდევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას) მიზეზები უფრო პოლიტიკური ხასიათისა იყო, ვიდრე _ დოგმატური. ეს ანბანური ჭეშმარიტება ცნობილია სომხეთის მცოდნე ყველა პროფესიონალისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული ინტელექტუალური რესურსის გამოყენებას კეთროვანივით გაურბიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ სენის მოძალება განსაკუთრებით შესამჩნევია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. სომხეთის წმინდა სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელთან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხი სრულიად საფუძვლიანია და ის არ არის პრეზიდენტის მიერ აღმოჩენილი ნოვაცია. ამაზე დიდი ხანია, საუბარი მიდის საქართველოს ეკლესიის წიაღში, თავადაც არაერთხელ მისაუბრია საქართველოში სომხური ეპარქიის ადგილობრივ წინამძღოლთან, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან სხვადასხვა დროს. საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს იმ სირთულეების მიუხედავად, რაც სომხეთის მხარისთვის თანამდევი იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიმაჩნია, რომ ამ საკითხის დაყენება სომხეთის პატრიარქთან აუცილებელი იყო, მაგრამ სხვა ფორმით. მით უფრო, რომ საკითხი ორი პატრიარქის ოფიციალური შეხვედრების დროს ჯერ არასდროს ყოფილა განხილული.
_ ანუ გარკვეული დიპლომატიური ეტიკეტი აქაც დაირღვა?
_ ასეთი კატეგორიული ტონი, რომ სომხეთის ეკლესია არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შეიძლება გქონდეს მას შემდეგ, რაც ორი პატრიარქის შეხვედრაზე ეს საკითხი განხილული იქნებოდა და სომხეთის მხრიდან მიღებული გვექნებოდა ან კატეგორიული უარი, ან შეუსრულებელი დაპირება. ცოტა უხერხულია ჩემთვის, როდესაც მე მიწევს გამოცდილი, პროფესიონალი დიპლომატის განცხადებების კომენტირება და მის შეცდომებზე საუბარი, მაგრამ როგორც სომხურ-ქართული ურთიერთობების სპეციალისტი, ამ ვიზიტს ვუყურებ დიაქრონულ ჭრილში და არ ვსაუბრობ ისტორიული კონტექსტიდან ამოგლეჯილ ერთ კონკრეტულ ვიზიტსა და მის თანამდევ შედეგებზე. მით უფრო, რომ როგორც აღვნიშნე, საეკლესიო განხეთქილებამ სერიოზული კვალი დააჩნია ორი ქვეყნის ურთიერთობას, დროდადრო ის კვლავ ახალ წახნაგებს იძენს.
_ უფრო კონკრეტულად?
_ კულტურული მემკვიდრეობის თემა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე, ცალკეული ისტორიული მოვლენების შეფასებები და ა. შ. თემა ძალიან მგრძნობიარეა და პრობლემებისადმი უკიდურესად კვალიფიციური და პროფესიონალური მიდგომებია საჭირო ორივე მხრიდან. მაინც გამოვყოფდი ერთ კონკრეტულ საკითხს პრეზიდენტის სომხური ვიზიტიდან.
_ ცოტაზე მეტად გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება: „რეგიონული კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა გადმოვიდეს“. როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი?
_ არ ვიცი, რამ მისცა პრეზიდენტს ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველი. მაშინაც კი, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი უმწვავეს ფაზაში იყო, საქართველომ მაქსიმალურად აირიდა კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შესაძლებლობა. ხოლო ახლა, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირები, საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთთან პირდაპირ კონტაქტზე არიან და ამ თვალსაზრისით გარკვეული გარღვევა ნამდვილად არის, გაუგებარია, სად დაინახა ასეთი საფრთხე ჩვენმა პრეზიდენტმა?..
_ იქნებ, ეს ჯავახეთის კონტექსტში იყო ნათქვამი?
_ თუ აქ იგულისხმებოდა ახალქალაქში განვითარებული მოვლენები _ ყარაბაღის ომის მონაწილე საქართველოს მოქალაქის ძეგლის ისტორია იყო თემა, რომელმაც სიმწვავე დიპლომატიური თვალსაზრისით სომხეთის მხრიდან დაშვებული გარკვეული შეცდომების გამო შეიძინა, ეს ძეგლი დიდი ხანია დგას. მაგრამ განახლებული ძეგლის გახსნისთვის საზეიმო ფორმატის მინიჭებამ _ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის დასწრებამ და ელჩის მონაწილეობამ _ სიტუაცია გაამწვავა. თორემ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს თავის დროზე არ ჰქონიათ ასეთი მწვავე რეაქცია. მიმაჩნია, რომ ამ ღონისძიების დაგეგმვა არ უნდა დარჩენილიყო ჩვენი შესაბამისი სამსახურების ყურადღების მიღმა და პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო.
_ როგორ?
_ სომხეთის საელჩოსთან ურთიერთობა და განმარტება შეიძლებოდა, რომ ეს არ შეუწყობდა ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკას და რომ არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. ის, რომ ამ ძეგლის საზეიმოდ გახსნაში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მონაწილეობდა, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთ წარმომადგენელს გაცნობიერებული არ აქვს საკუთარი მოქალაქეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ამ მოვლენაზე, რომელსაც არაერთგვაროვანი გამოძახილი ჰქონდა ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსა და ჩვენს თანამოქალაქე აზერბაიჯანელებში, თავისი წილი პასუხისმგებლობა ჩვენს ხელისუფლებასაც ეკისრება. ეს იყო გარკვეული ტიპის შეცდომა, რისგანაც ყველამ თავი უნდა დავიზღვიოთ. ამ ტიპის დაშვებები მეზობელი სახელმწიფოების ურთიერთობებში ხდება ხოლმე, მაგრამ ნამდვილად არ არის იმ მასშტაბის პრობლემა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, რეგიონული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის რისკზე ვისაუბროთ.
_ რა გაძლევთ ამ ვარაუდის საფუძველს?
_ გაცილებით მაღალი წარმოდგენის ვარ ჩვენს მოქალაქე სომხებსა და აზერბაიჯანელებზე. ისინი სრული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ამ თემას, გაცნობიერებული აქვთ, პირადად მათთვის, ზოგადად მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოსთვის რამდენად გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება, მოჰყვეს კონფლიქტის აქ გადმოტანას. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამის მცდელობა არ ყოფილა და არ ვფიქრობ, რომ სადღეისოდ რამე მსგავსი რისკის ნიშნები იგრძნობოდეს.
_ რამდენად იციან და ესმით საქართველოში სომხეთის ახალი ხელისუფლების სურვილები და რამდენად არის თანხვედრა პოზიციებში?
_ სომხეთში გასული წლის აპრილის ცნობილი მოვლენების შემდგომ ნამდვილად გაჩნდა შესაძლებლობა, ქართულ-სომხური ურთიერთობებისთვის ძალიან პოზიტიური პლატფორმა შექმნილიყო ახალი რეალიების გათვალისწინებით. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ სარქისიანის პირველი სამუშაო ვიზიტები საქართველოში იყო ღია დემონსტრირება, რომ სომხეთის საგარეო ვექტორებში საქართველო პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს პრეზიდენტის ცოტა უფერულ ინაუგურაციას მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციით მისი უფლებამოსილებებიც შეზღუდულია, არმენ სარქისიანი საკმაოდ მძიმე წონის პოლიტიკური ფიგურაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სომხეთის ახალი ხელისუფლება ცდილობს, რომ გარკვეული გარღვევა მოახდინოს ევროკავშირთან ურთიერთობაში იმ რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად, რომელშიც ის იმყოფება. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით ჩვვენს მოკავშირეობას _ რაოდენ რთულიც არ უნდა ჩანდეს ეს _ შეუძლია ახალი იმპულსი შესძინოს სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს თანამედროვე საერთაშორისო რეალიების გათვალისწინებით. მიმაჩნია, რომ, ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯეროვნად არ არის გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომელიც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამოუკიდებელი, ახალი პოზიტიური პლატფორმების შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ტრანსფორმაციისა და იმ რესურსის გათვალსწინებით, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტის სამხრეთ კავკასიური ტურნე ნამდვილად არ ყოფილა ნაბიჯი წინ.

კოკა წერეთელი