„შიდა კულუარული მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცი“

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არც აქამდე ყოფილა, მაგრამ ასეთი გაბრაზებული გიგლა ბარამიძე, პირადად მე, არასოდეს მინახავს. რამ გააბრაზა გამოცდილი პოლიტიკოსი? _ ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ. „ქრონიკა+“-ს ბატონმა გიგლამ ასევე რამდენიმე სკანდალური და საინტერესოზე საინტერესო ინფორმაციაც მიაწოდა და აქვე ბიძინა ივანიშვილს მეფე ლირის ბედი უწინასწარმეტყველა.
მაშ, ასე! გთავაზობთ გიგლა ბარამიძესთან საუბრის სტენოგრაფიულ ჩანაწერს:

_ ბატონო გიგლა, ერთმანეთს ბოლოს საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვესაუბრეთ. მას მერე ათას წყალს არ ჩაუვლია, მაგრამ ვითარება მაინც შეიცვალა _ ახალი პრეზიდენტი გვყავს, ამასთან, მმართველი გუნდი დაშლის პირასაა. თქვენი შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში რა ხდება?
_ ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი მდაბიო, პროვინციული აჯაფსანდალია!
_ და ეს პოლიტიკური კერძი, მაინც, როგორია?
_ ზოგადად, ქართველებს, დადებითთან ერთად, უარყოფითიც გვახასიათებს და ამას ისტორიაც მოწმობს. დღესაც ასეა _ ქართველებს ლიქნი, პირფერობა და თვითკრიტიკის უნარის არქონა შემოგვეპარა! მარტო პოლიტიკოსები კი არა, ოჯახებშიც კი იმაზე არ საუბრობენ, რაც რეალურად არის, არამედ, იმას ამბობენ, რაც უნდათ, რომ იყოს. ეს განსაკუთრებით ხელისუფლებას ეხება _ ოღონდ სტომაქი ამოივსოს და ყველაფერზე მიდის!
დიახ, ხელისუფლება საქართველოს შიგნით და გარეთ არსებულ რეალურ მდგომარეობაზე კი არ აკეთებს აქცენტს, არამედ იმას და ისე საუბრობს, როგორც მას აწყობს. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ნაწილი ისე გაეშმაკდა, რომ ყველაფერ ამას ფეხს უწყობს და იმის მიხედვით საუბრობს პოლიტიკურ ძალებზე, პიროვნებებსა და პროცესებზე, როგორც მის პირად კეთილდღეობას აწყობს!
მოკლედ, დღეს საქართველოში სახელმწიფოებრივი ხედვა არ არსებობს და ვიღაც იმიტომ კი არ მოსწონთ, რომ საქმის გამკეთებელია, არამედ, იმიტომ, რომ მასში პირად ინტერესებს ხედავენ!
_ ეს შეფასება მარტო ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერებზე ვრცელდება თუ ოპოზიციასა და მის მიმდევრებზეც იგივე აზრის ხართ, ბატონო გიგლა?
_ ეს შეფასება ოპოზიციის დიდ ნაწილზეც ვრცელდება. საერთოდ, იცით, როგორ არის? _ არ მინდა, ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოების დიდი ნაწილი ერთმანეთისგან გამოვყო იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთს დაემსგავსა, თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არიან, რომლებიც ყველაფერს თავის სახელს არქმევენ, თუმცა, ძირითადად, მაინც ლიქნი და თამაშია. „ფეისბუქის“ ლომები რომ არიან, მამრები და მდედრები, ყველაფერს იფხრეწენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ქუჩაში არ გამოვლენ და არაფერს გააპროტესტებენ, ვაიმე, ფოთოლი არ ჩამოვარდეს და არ დაგვეცესო.
ერთი სიტყვით, ასეთი მონური ფსიქიკა ჩამოყალიბდა და იცით, მონური ფსიქიკა როგორია?
_ როგორი?
_ მონა განთავისუფლებაზე კი არა, იმაზე ოცნებობს, რომ მონები თავად ჰყავდეს! ეს სტერეოტიპი ათწლეულებია, ჩამოყალიბდა, თუმცა განსაკუთრებით ბოლო დროს გამოჩნდა და ამ თარგზეა მოჭრილი როგორც სახედაკარგული, უმსგავსო და სიცვედნემდე მისული ხელისუფლება, ასევე ოპოზიციური ძალების ნაწილიც, რომელიც ყველაფერს იმის მიხედვით კი არ აფასებს, ქვეყანას რა სჭირდება, არამედ სიტუაციის მიხედვით!
_ ბატონო გიგლა, რაღა დაგიმალოთ და, ძალიან პესიმისტურ სურათს ხატავთ, თუმცა ობიექტურობისთვის, მოდით, ვთქვათ, რომ ყველაფერ ამაში დამნაშავენი, ალბათ, კონკრეტული პიროვნებები არიან, რადგან იგივე საზოგადოებას კონკრეტული სუბიექტები ქმნიან. შეგიძლიათ, იმ ადამიანის გვარი დამისახელოთ, ვინც ხალხს მორჩილების მეინსტრიმს აძლევს და მონობისკენ უბიძგებს?
_ აქამდეც მივალ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც უღირს ხელისუფლებას ირჩევს, მსხვერპლი კი არა, უღირსი ხელისუფლების თანამონაწილეა! ხელისუფლება ერთხელ, ორჯერ რომ მოგატყუებს, მესამედ კი სახეში შეგაფურთხებს, მაგრამ მაინც მზად ხარ, ხმების მიცემის სანაცვლოდ მიეყიდო, ე. ი., შენ, როგორც ამომრჩეველი, თახსირი ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებელი ხარ!
მეკითხებით, ყველაფერ ამაში დამნაშავე ვინ არისო? მოდით, ვთქვათ, თუ რა არის სახელმწიფო.
_ კი ბატონო, ვთქვათ.
_ სახელმწიფო არის ორგანო, რომელიც საზოგადოებას წარმართავს. სახელმწიფოს თავში უწესრიგობაა და, ბუნებრივია, მისი დაქვემდებარებული სტრუქტურებიც დეგრადირებულია.
აქამდე საუბარი მონარქიის აღდგენაზე იყო, ახლა ბაგრატიონების წარმომადგენლები ერთმანეთს ჭამენ. ყველაფერ ამაზე მეცინება.
_ რატომ?
_ ბატონებო, ბაგრატიონები რაში გჭირდებათ? რა, დიდი ხანია, საქართველოში მეფე არ გვიზის?! განა, იმ ერთი მილიარდერის გარეშე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ საჭორაო დღის წესრიგი დგება?! დიახ, ყველაფერი ამ ერთი ადამიანისგან მოდის _ რა აწყობს, რა არ აწყობს. საქართველოში პატრონყმური (ყმა, ამ შემთხვევაში, როგორც მონა) სისტემა ჩამოყალიბდა და ამაში მთელ სახელისუფლებო ვერტიკალს ვგულისხმობ _ აღმასრულებლიდან დაწყებული, სასამართლოთი დამთავრებული.
ეს პატრონყმური სისტემა ბოლო დღეებამდე ორ ძირითად რამეს ეფუძნებოდა: პატრონისადმი, ანუ მილიარდერისადმი შიშის გრძნობას და მეორე _ სიმდიდრის წვდომასა და სიყვარულს. დღეს ამ მილიარდერის მიმართ შიშის გრძნობა, პრაქტიკულად, აღარ არის, სიმდიდრის გრძნობის გამოც თავს არ იკლავენ იმიტომ, რომ მათი პატრონი ძალიან სუსტად არის და არავის უნდა, პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყვეს! მათ ამ 6-7 წლის განმავლობაში საკმარისი თანხა იშოვეს საიმისოდ, თავი რომ გაიტანონ, ძალიან კარგად იყვნენ და ახლა ერთი სული აქვთ, როგორმე გამოერიდონ და ახალ პოლიტიკურ მეინსტრიმს აჰყვნენ!
_ როგორც ვხვდები, ივანიშვილსა და მისგან გამიჯნულებზე საუბრობთ, არა?
_ მარტო მათ არ ვგულისხმობ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაემიჯნენ.
_ აბა, კიდევ ვისზე გაქვთ აქცენტი?
_ ყველაზე, ვინც სამსახურებში არიან და ივანიშვილს საბოტაჟს უწყობენ _ აღარაფერს აკეთებენ და ერთი სული აქვთ, მას როგორმე გაემიჯნონ!
_ რატომ გამორიცხავთ, რომ ამ ადამიანებისგან გამიჯვნას თავად ივანიშვილი ცდილობდეს?
_ ჯერ ერთი, ეს არ ჩანს. მეორეც, ერთმა გარემოებამ არ უნდა მოგვატყუოს.
_ კერძოდ, რომელმა გარემოებამ?
_ შიდა კულუარული მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცი, ანუ ერთი თვის წინ იქ არსებობდა ასეთი განწყობა: შვიდი-რვა პარტია დამოუკიდებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ პარლამენტში „ნაცების“, „ოცნებისა“ და „ევრონაცების“ გარდა სხვაც იყოს, მაგრამ ეს შვიდივე თუ რვავე პარტია ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ და ვეღარავინ გვეტყვის, არადემოკრატიული და ერთპარტიული მმართველობააო, მაგრამ მას შემდეგ, რაც წინ უვადო მოსამართლეების საკითხი წამოვიდა, რღვევა დაიწყო და ვისაც ჩაძირული გემიდან თავის შველა უნდოდა, ეს საკითხი თავისი დროშისთვის ძალიან კარგად გამოიყენა. მათი იქიდან წამოსვლის რეალური მიზეზები შეიძლება, სხვა რამე იყო.
_ რა?
_ ახლა ამაზე საუბარი არ მინდა. ყველამ ყველაფერი ისედაც ძალიან კარგად ვიცით.
_ დიახ, ვიცით და საზოგადოების უმრავლესობას ეჭვი არც იმაში ეპარება, რომ იგივე დავით მაღრაძე, რომელიც, სხვათა შორის, ივანიშვილის საყვარელი პოეტია და ამის შესახებ მილიარდერს თავად აქვს ნათქვამი, ოპოზიციაში იმ „ბრძენ კაცთან“ შეთანხმების გარეშე მიდიოდეს…
_ შეიძლება ითქვას, რომ მე და დათო მაღრაძე მეგობრები ვართ _ ერთმანეთს ყოველდღე არ ვხვდებით, მაგრამ ერთ უბანში ვცხოვრობდით, მშობლებთან ურთიერთობა გვქონდა და კონტაქტი აკადემიური წრიდანაც გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე დათო მაღრაძესთან არ მისაუბრია, თუმცა ის, რასაც ვამბობ, მას არ ეხება.
_ აბა, ვის ეხება?
_ იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტსა თუ მის გარეთ არიან და მილიარდერთან დაკავშირებით ის რეალობა, რაზედაც დღეს საუბრობენ, რატომღაც მეშვიდე წლის დასაწყისში შენიშნეს.
_ გამოდის, რომ ეკა ბესელიას „არტყამთ“, ბატონო გიგლა, არა?
_ არავის „ვარტყამ“. ამას ზოგადად ვამბობ.
რაც შეეხება ეკა ბესელიას, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ იგივე ამ დეპუტატებთან შეკითხვები მაქვს.
_ მაინც, რა შეკითხვები?
_ როცა, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ ან როცა ნარკოტიკების ლეგალიზებაზე, კორუფციასა და საყდრისის აფეთქებაზე იყო საუბარი, როცა „ომეგას“ დახურვის საკითხი იდგა და ტელეკომპანია „იბერია“ დღემდე არ მაუწყებლობს, დღეს გაოპოზიციონერებულ დეპუტატებს გეძინათ თუ ხმას რატომ არ იღებდით? ზოგიერთის მიმართ სიმპათია მაქვს, ზოგს არ ვიცნობ, მაგრამ ეს კითხვები ბუნებრივად ჩნდება!
_ გეთანხმებით, რომ კითხვები ბუნებრივად ჩნდება, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები, ყოველ შემთხვევაში, არგუმენტირებული, არ არსებობს.
ისე, გარკვეული კითხვები თქვენთან დაკავშირებითაც ჩნდება, ანუ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებთ და ვიღაც აუცილებლად იტყვის, ეს ის ბარამიძე არ არის, „ნაციონალების“ მმართველობის დროს, 9 წლის განმავლობაში, საქართველოში რომ ვერ ჩამოდიოდა, სამშობლოში „ოცნების“ დროს დაბრუნდა და ახლა რატომ აკრიტიკებსო?
_ საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ივანიშვილს ჩემი კეთილგანწყობა შევუთვალე, მაგრამ ივანიშვილამდე იმის წინაპირობა, რომ „ნაციონალები“ წასულიყვნენ, 2011 წლის 26 მაისი იყო და მაშინ ის პოლიტიკური ძალა აქტიურობდა, სადაც ვარ.
ამას გარდა, არ მიყვარს „ხელი ხელს ჰბანს“ პრინციპი, ანუ რახან შენ ეს გააკეთე, მე უნდა მოგეფერო. სხვათა შორის, 2013 წლიდანვე ოპოზიციონერი ვარ და იცით, რატომ?
_ არ ვიცი, რატომ?
_ იმიტომ, რომ ის იდეალები, რაც „ოცნებას“ ჰქონდა, ფეხქვეშაა გადებული და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კრიტიკა დავიწყეთ _ საქართველოში „ოცნება“ მეგონა და აქ ჩამოსულს ისევ „ნაციონალური მოძრაობა“ დამხვდა. ამიტომ დღევანდელი, ამ ვითომ, ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთი წამიც არ მითანამშრომლია.
_ ალბათ, იმიტომ არ გითანამშრომლიათ, რომ „ოცნებამ“ არ მიგიღოთ.
_ მიღების სურვილი არც მქონდა. უბრალოდ, მინდოდა, „ქართული ოცნება“ ის ყოფილიყო, რის გამოც ქართულმა მოსახლეობამ ხმა მისცა, მაგრამ ლამის პირველსავე დღეს კოჰაბიტაცია გამოაცხადეს და ის მოსამართლეები თუ პროკურორები, რომლებიც 9 წელი დაგვდევდნენ, გვერდით დაისვეს! მაშინვე მივხვდი რომ „ოცნება“ დიდი, ეპოქალური ტყუილი იყო და იმ წამიდან ჯერ ზომიერ, შემდეგ კი მკვეთრ ოპოზიციონერად ვიქეცი. ესენი, ყველანი ერთად აღებულნი, მაშინ სად იყვნენ? სახედაკარგულ „ოცნებასთან“ ერთი დღეც არ მითანამშრომლია, არადა, თავიდან მეგონა, რომ ის იყო, რისთვისაც ასი ათასობით ადამიანი თავს იკლავდა და, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიყავი, „ოცნების“ გამარჯვებას მეც დიდი სიხარულით მივეგებე! „ოცნება“, თურმე, სახეშეცვლილი „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილა, იმ დღიდან ჩემი ოპოზიციონერობა დაიწყო და აი, აქამდე მოვედით. ზოგიერთი კი შვიდი წლის მერე მიხვდა, რომ „ქართული ოცნება“, თურმე, არასწორ გზას ადგას!
სხვათა შორის, ამ ადამიანებმა „ოცნებიდან“ ბევრი სიკეთე მიიღეს!
_ „ოცნების“ პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აკრიტიკებთ. ამასთან, ახლახან განცხადება ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებითაც გააკეთეთ და თქვით, ის გვარები ვიცი, ვინც ბადრის უღალატაო. ჰოდა, ეს გვარები უნდა მითხრათ, ბატონო გიგლა!
_ კი ბატონო, მაგრამ ჯერ იმას გეტყვით, რომ ჩვენი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი ძირგამომთხრელი იგივე ბიძინა ივანიშვილია!
_ ეს როგორ?
_ ივანიშვილმა უამრავი არასწორი ნაბიჯი გადადგა. ის საკუთარ თავს ებრძვის, ანუ, ერთი მხრივ, მეცენატი კაცია, რომელმაც კულტურისა და ქველმოქმედების კუთხით იღვაწა; მეორე მხრივ კი არის კაცი, რომელიც ყველაფერ ამას ანადგურებს, ანუ კაცს, რომელსაც უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა, ახლა ეს ავტორიტეტი ნულს ქვემოთაა.
საერთოდ, ღალატი არ მიყვარს და არ მსიამოვნებს, როცა წლების განმავლობაში ერთ ადამიანთან დგახარ და მერე, უცებ, აღმოაჩენ, რომ ეს ის არ არის, რაც გეგონა. ეს ქალსაც ეხება, კაცსაც, დეპუტატსაც, ბიზნესინტელიგენციის წარმომადგენლებსაც და იმ მრჩევლებსაც, ბიძინას რომ ახვევიან. ამიტომ, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი მეფე ლირივით ეულად დარჩეს და დიდი ნაწარმოების _ „ამოდის, ნათდებას“ პერსონაჟის, ტოტიას ბედი გაიზიაროს! დიახ, მისიანები დაგლეჯენ!
აი, სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე ბადრი პატარკაციშვილიც, რომელთანაც არ ვმეგობრობდი, თუმცა ბოლო პერიოდში, მის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, სატელეფონო კავშირი მქონდა. როცა რაღაც განსაკუთრებული ინფორმაციები უნდა გაგვეცვალა, იმ ქვეყანაში, სადაც ვიყავი, ჩემთან მისი წარმომადგენელი მოდიოდა და ჩემს აზრს ვუწერდი ხოლმე.
_ დაწერა რა საჭირო იყო?
_ ამ თემებზე ტელეფონით საუბარი არ შეიძლებოდა. არ ვიცი, პატარკაციშვილი ამ აზრებს ითვალისწინებდა თუ არა.
_ პატარკაციშვილის წარმომადგენელი, ვისაც ხვდებოდით ხოლმე, ვინ იყო?
_ მისი ახლობელი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იყო… მას არ ვიცნობდი, თუმცა ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი.
_ ქართველი იყო?
_ დიახ, დიახ, ოღონდ სხვა ქვეყნებში მოღვაწეობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გამეცნო. ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკურ საკითხებზე როცა მესაუბრებოდა, მივხვდი, რომ ძალიან გულნატკენი იყო, განსაკუთრებით იმაზე, რომ უღალატეს. როცა ამ საკითხებზე ტელეფონით მესაუბრებოდა, ვუთხარი, ეს ის თემებია, რომლებზეც ტელეფონით საუბარი არ შეიძლება, მე ძებნაში ვარ და ვერ გადავაადგილდები-მეთქი. მითხრა, _ მაშინ ჩემს უახლოეს სანდო ადამიანს გამოგიგზავნი, რომელსაც შეკითხვებს ღიად დავუწერ და შენ შენი მოსაზრებები დაწერე და გამოატანე. შეგიძლია, შეკითხვები შენც დაწერო და მეც გიპასუხებო. მე ხომ ვიყავი და ვიყავი, მაგრამ ბადრიც ბოლოს რაღაც დაჩაგრულივით იყო. სხვათა შორის, პოეზიას ძალიან კარგად იცნობდა _ ტელეფონში ანა ახმატოვასა და ბროდსკის ლექსებს ციტირებდა ხოლმე.
ჰოდა, როცა ვუთხარი, საქართველოში პოლიტიკური ელიტისა და ე. წ. ცნობადი სახეების რაღაც სექტა, კლანი ჩამოყალიბდა, რომელსაც ნებისმიერ გამოცდილ პოლიტიკოსზე დიდი ყნოსვა აქვს იმ თვალსაზრისით, თუ როდის უნდა მივიდეს ცნობილ და ძლიერ ადამიანთან და როდის უნდა დატოვოს-მეთქი, ამ კონტექსტში შევარდნაძე და ის ადამიანები გავიხსენე, რომლებიც ჯერ ამბობდნენ, შევარდნაძე მსოფლიო მოვლენააო, მერე კი, როცა უკვე უძლური იყო, მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ. ასე იქცეოდნენ გამსახურდიას და, სხვათა შორის, სააკაშვილის დროსაც. ასევე აკეთებდნენ და იქცეოდნენ პატარკაციშვილის დროსაც. ახლაც, ბიძინას დროსაც ასეა.
_ მოკლედ, მითხარით, პატარკაციშვილს კონკრეტულად ვინ უღალატა?
_ შუამავლის მეშვეობით ამ ადამიანების გვარები ჩამომიწერა. ესენი არიან პოლიტიკოსები და ის ცნობილი სახეები, რომლებიც დღესაც ყელყელაობენ ქართულ პოლიტიკაში, ყოფით თუ სოციალურ ცხოვრებაში, ასევე ტელეეთერიდან თავიანთი მატრაბაზობით და უსირცხვილობით გვახსენებენ თავს!
_ გვარები დამისახელეთ, გვარები, ბატონო გიგლა!
_ ამ გვარებს მაშინ ვიტყვი, როცა საჭიროდ მივიჩნევ… ესემესებითა და ეპისტოლეებით საუბარი არ მიყვარს!
სხვათა შორის, პატარკაციშვილს ვკითხე, რამე რომ იყოს, უფლება მაქვს, რომ ეს გვარები დავასახელო-მეთქი?
_ რა გიპასუხათ?
_ კი, გაქვს, მაგათი ასე და ისეო, გრადაციაც კი გამიკეთა, ეგ ეგეთი იყო და არ მწყინს. აი, ამეებისგან კი მწყინს, რადგან ჩათვალეს, რომ ზურგში დანა ჩამარტყესო. კი ვუთხარი, _ ამ ხალხს როგორ ენდე-მეთქი? მაგრამ ყველაფერი ეს მისი პრობლემები იყო.
_ კარგი, გვარებს არ ასახელებთ, მაგრამ ის მაინც თქვით, ეს ადამიანები პატარკაციშვილის გარემოცვაში იყვნენ?
_ მოდით, ასე ვიტყვი: მასთან მიდიოდნენ და მოდიოდნენ.
_ დღეს „ოცნებაში“ არიან?
_ „ქართულ ოცნებაშიც“ არიან, საზოგადოებაშიც…
_ ე. ი., პატარკაციშვილმა იცოდა, რომ ღალატობდნენ?
_ უფრო დავაკონკრეტებ: როცა ღიად საუბარი წავიდა, ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან წასული ვარ, მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც შენთან ლონდონში ჩამოდის და რაღაც კონტაქტი გაქვს, სანდო არ არის, მე ასე მგონია, მაგრამ შენ, ალბათ, შენი აზრი გაქვს-მეთქი. მერე, როცა უღალატეს, ყველაფერი ჩამომიწიკწიკა და მითხრა, _ ნეტავ, შენთვის მომესმინაო.
_ შეიძლება, ვცდები, მაგრამ როგორც მახსოვს, პატარკაციშვილთან ლონდონში გოგა ხაინდრავაც ჩადიოდა ხოლმე.
_ ასე ზუსტად არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი. გოგასთან ახლობლობდა და კონკრეტულად არავისზე საუბარი არ მინდა, მაგრამ შეიძლება, მოვიდეს დრო და ეს ფაქტი რომ მოხდა, იმ ახალგაზრდამაც დაადასტუროს, რომელიც მაშინ ჩემთან მოდიოდა ხოლმე.
საერთოდ, ქართველებს ასეთი რაღაცები გვახასიათებს, რაც ცუდია და უნდა ამოვშანთოთ. ქართულ რეალობას რომ ვუყურებ, დღესაც იგივე მეორდება, ოღონდ _ სხვა ლოზუნგებით და გული მტკივა. საზოგადოების ნაწილს კი, რომელიც გათვითცნობიერებული არ არის, რაღაცის კიდევ სჯერა და ამ საკენკს კენკავს.
_ სხვათა შორის, ამბობენ, რომ ივანიშვილსა და პატარკაციშვილს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. თქვენი აზრით, სააკაშვილსა და პატარკაცშვილს შორის ვითარების დაძაბვას ივანიშვილმა ხომ არ შეუწყო ხელი?
_ ივანიშვილთან ურთიერთობა არ მქონია და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კაცი არაორდინალური აზროვნებისაა.
_ შეიძლება, მაგრამ იქნებ, კითხვაზე მიპასუხოთ, _ ივანიშვილმა ხომ არ შეუწყო ხელი, რომ სააკაშვილისა და პატარკაციშვილის ურთიერთობაში ბზარი გაჩენილიყო?
_ აქეთ მივდივარ, ანუ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, ესეც იყო ან არა, მაგრამ იმ დროს რა სცენარები გაათამაშა, ვერ გეტყვით.
_ ბატონო გიგლა, საუბრის დასაწყისში ბაგრატიონები ახსენეთ. ისტორიას კარგად იცნობთ და ეგებ, განმარტოთ, ბოლოს და ბოლოს, სამეფო ტახტი ბაგრატიონების რომელ შტოს ეკუთვნის და, ზოგადად, ამ ამბავს პოლიტიკურ მოვლენებთან რამე კავშირი აქვს?
_ ბაგრატიონები უზარმაზარი გვარია. მეტიც, მსოფლიოში სულ ორი-სამი გვარია, მათ შორის, ერთი ბაგრატიონია, რომელსაც მეფობის რამდენიმე საუკუნოვანი დინასტია ჰქონდა. ეს ჩვენთვის საამაყოა და იმითაც უნდა ვიამაყოთ, რომ ბაგრატიონები უნიჭიერესი ადამიანები არიან _ პოეტები, მეცნიერები, მეფეები, მთავარსარდლები, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, არ მიკვირს, რადგან, ისტორიულად, ყოფილა შემთხვევები, როცა სამეფო ტახტის გამო ბაგრატიონები ერთმანეთს ჭამდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ამიტომ იმაში, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.
ახლა იმაზე არ ვსაუბრობ, რომელი მართალია და რომელი _ მტყუანი, მე სხვა რამ გამიკვირდა.
_ რა?..
_ ჩვენი კოხტაბზიკა საზოგადოებისა და ფეისბუქლომების განწყობა მიკვირს, დედა, ეს რა ხდებაო?!
წეღანაც გითხარით, რამდენიმე წელია, საქართველოში მეფე გვიზის და რა გიკვირთ? დღეს ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე ქართველ მეფეებს ჰქონდათ, თავის დროზე.
ერთ მაგალითს ექსკლუზიურად გეტყვით: თუ დავით აღმაშენებელსა და თამარ მეფეს გამოვრიცხავთ, ბიძინა ივანიშვილი ჩვენს მეფეებზე უფრო დიდ ტერიტორიებს მართავს! დიახ, მცირე გამონაკლისის გარდა, ბაგრატიონებს გაერთიანებული საქართველო არ ჰქონიათ. ჰოდა, რაღა მეფეს ეძებენ? მეფე არ გვყავს, აბა, ვინ არის? უვადო მოსამართლეები მისგან არიან, კანონებს მისგან ვიღებთ, ყველაფერი მისგან იწყება და მთავრდება.
საზოგადოებას ვეუბნები: ისეთი ცხოვრება გვაქვს, როგორიც ავირჩიეთ და თუ გვინდა, ეს აღარ განმეორდეს, მრავალპარტიული საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი უნდა დავუჭიროთ, თორემ თუ მეფე გინდათ, ადრე ბაგრატიონი იყო, ახლა ივანიშვილია, ოღონდ ამას უფრო მეტი უფლება აქვს!
იმ საზოგადოებაში, რომელიც აიტანს და მოუსმენს ვინმე ოხანაშვილის ჭკუის დარიგებას, ავადმყოფობის ნიშნები შეინიშნება. ზოგადად, საუკუნეების განმავლობაში ერებს ასეთი ნიშნები უჩნდებათ ხოლმე, მაგრამ ის ერი, რომელიც ამას მოერევა, გადარჩება. ის ერი კი, რომელიც ამბობს, მე ყველაზე მაგარი და კარგი ვარ, რაც ხდება, სხვისი ბრალიაო, აღარ არსებობს! საქართველოსაც ეს რომ არ დაემართოს, მშრომელები უნდა ვიყოთ, თვითკრიტიკულები, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და რაც მთავარია, ნურავის მივეყიდებით!

გიორგი აბაშიძე