თინა ბოკუჩავა: „სინერგიული მოქმედებებით აუცილებლად შევძლებთ ივანიშვილის გასტუმრებას“

ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდში არსებული კრიზისის დასაძლევად „ძველი გვარდიიდან“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუხმო, რომელიც ივანიშვილისადმი მორჩილებითა და „ნაციონალური მოძრაობისადმი“ უხეში და რადიკალური დამოკიდებულებით გამოირჩევა.

შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ძალების აღდგენას? რა გეგმები აქვს ოპოზიციას, რას დაუპირისპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ „არა მიშას, არა ნაცების“ პროპაგანდას და როგორ ემზადება მთავარი ოპოზიციური ძალა საპარლამენტო არჩევნებისთვის?

აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას ესაუბრა:
_ როგორ შეაფასებთ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ივანიშვილის ეს ნაბიჯი?
_ ღარიბაშვილის დაბრუნება ზუსტად მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა კრიზისშია შესული ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პროექტი. ფაქტია, რომ ღარიბაშვილი ოდიოზური ფიგურაა, რომელსაც არაფერი პოზიტიური არ უკავშირდება, პირიქით ამ ადამიანის მხრებზეა არაერთი სკანდალი, მათ შორის, ძალიან ბევრი კორუფციული ბრალდება თამაზაშვილის , ჯანყარაშვილისა და მისი კლანის სხვა წევრების მონაწილეობით. ასევე ლარის კურსმა კატასტროფული ვარდნა, სწორედ, მისი პრემიერობის დროს დაიწყო, მის მხრებზეა შალვა თათუხაშვილის საქმე. ის იყო პრემიერი, რომელიც თავისი აგრესიული რიტორიკით ძალიან აღიზიანებდა საერთაშორისო პარტნიორებს და სწორედ მათი ფაქტორის გათვალისწინებითაც გადააყენეს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ღარიბაშვილია ადამიანი, რომელიც პუტინისტური რიტორიკით მოიხსენიებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილი ძალიან ნეგატიური და ოდიოზური ფიგურაა, რომლის დაბრუნებაც ივანიშვილს, მხოლოდ და მხოლოდ, იმიტომ მოუწია, რომ პოზიტიური გამოცდილებისა და კომპენტენციის ადამიანები მას, უბრალოდ, აღარ ეკარებიან. თავად ივანიშვილი და მისი პოლიტიკური პროექტი იმდენად ტოქსიკური გახდა, რომ განახლების არანაირი რესურსი ამ პოლიტიკურ პროექტს და პირადად ბიძინა ივანიშვილს აღარ გააჩნიათ. ღარიბაშვილის დაბრუნებაც სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს ადამიანი რომ ამ გარდაუვალი პროცესის შეჩერებას ვერ შეძლებს, ეჭვი არავის ეპარება და დარწმუნებული ვარ, ეს თავად ივანიშვილმაც მშვენივრად იცის, თუმცა გამოსავალი რეალურად არ აქვს. ის ხავსს ეჭიდება. ღარიბაშვილი გაცოცხლებული იქნება თუ მიძინებული, პოლიტიკურ ველზე მყოფი თუ არმყოფი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამ პოლიტიკური პროექტის კრახი გარდაუვალია. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგად ჩანს მათი კრიზისიდან, რომელიც დღითი დღე ღრმავდება: ხან ერთი მინისტრის წასვლის შესახებ ვრცელდება ცნობა და ხან _ მეორის. ჩვენ ვხედავთ, რომ მინისტრი ღია ეთერით აშანტაჟებს პრემიერ-მინისტრს, რაც ზუსტად კრიზისზე მეტყველებს. მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თუნდაც თეა წულუკიანს პირდაპირი ეთერით გაებედა და დაეშანტაჟებინა პრემიერ-მინისტრი? ამ შემთხვევაში, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი იგულისხმებოდა, რადგან ბახტაძე რომ ნომინალური პრემიერია და ის, უბრალოდ, ივანიშვილის დავალებების შემსრულებელია, მგონი, ეჭვი არავის ეპარება. შესაბამისად, ამ ულტიმატუმებს წულუკიანი ბახტაძეს კი არ უყენებდა, არამედ _ ივანიშვილს და ამის გაკეთებას ის ნამდვილად ვერ შეძლებდა რამდენიმე წლის წინ. ახლა, როცა ივანიშვილი დასუსტებულია და ხელიდან ეცლება ყველა, წულუკიანიც და სხვებიც უკვე აძლევენ თავიანთ თავს იმის უფლებას, რომ ასეთი შანტაჟის ენით ელაპარაკონ ივანიშვილს საჯაროდ.
_ ადრეც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წულუკიანი გუნდის შიგნითაც საუბრობდა ულტიმატუმის ენით, ახლა კი ეს საჯაროდ დაიწყო. ის ფაქტი, რომ მე-7 წელია, წულუკიანს ვერ „ეხებიან“, რაზე მიუთითებს? სხვადასხვა ვერსია არსებობს, თქვენ როგორ ახსნით?
_ წულუკიანი არის „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების, საიდუმლოებების თანამონაწილე და შესაბამისად, ინფორმაციას ფლობს ამ ბინძურ საქმეებზე. მაგალითად, როგორ „დალაგდა“ „რუსთავი 2-ის“ საქმე, ასევე ჰააგის თემა, რომელიც ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესია და რომელზედაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, საჯაროდ ხმამაღლა არ ვსაუბრობთ, მაგრამ შეიძლება ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შეიარაღებული ძალები. შეგვიძლია გავიხსენოთ ასევე კიწმარიშვილის ბუნდოვანებით მოცული საქმე, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმე, რაზედაც საქართველოსთან მიმართებით სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ წულუკიანისა და რეესტრის გამოყენებით ყალბდება არჩევნები სახელისუფლებო გუნდის სასარგებლოდ. ამ ყველაფერში, დიდი ალბათობით, სავარაუდოდ, წულუკიანის ხელი ურევია, ამიტომ ის ამ საიდუმლოებების მცველია და არა _ „ქართული ოცნების“. სწორედ ამ საიდუმლოებების გამჟღავნების ეშინია ივანიშვილს და ამიტომ აძლევს წულუკიანი საკუთარ თავს იმის უფლებას, ასე ივაჭროს და აშანტაჟოს ივანიშვილი, ამით კი ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, თორემ ივანიშვილი რომ კომპენტენციის მიხედვით კადრებს არ არჩევს, რაც არ უნდა ვიდავოთ ან არ ვიდავოთ წულუკიანის კომპენტენციაზე, ეს ხომ ცხადზე ცხადია. ადამიანი, რომელიც ჭიკაიძეს დანიშნავს იმ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად, რომლის 20%-იც ოკუპირებულია, სადაც მზარდი კრიმინალი გვაქვს და რომელსაც „თალიბანი“ ადამიანი ჰგონია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე ნათელია, _ ივანიშვილისთვის კომპეტენცია ნამდვილად არ არის ის ღირებული ნიშან-თვისება, რითაც ის კადრებს არჩევს. მისთვის ღირებულია ლოიალობა, ერთგულება _ სწორედ ამ ნიშნით არჩევს ეს ადამიანი კადრებს, წულუკიანის შემთხვევაში კი ეს თავდაპირველი ლოიალობა ახლა უკვე გადაიზარდა შიშში იმისა, რომ წულუკიანი გაამჟღავნებს ივანიშვილის ხელისუფლების ბინძურ საქმეებს, რაც ბოლო 7 წლის მანძილზე გაკეთდა.
_ წულუკიანის მინისტრის პოსტზე დარჩენის პარალელურად „ქართული ოცნება“ იწყებს ახალი სახეების მოძიებას. გავრცელდა კიდეც ინფორმაცია, რომ ამაში უცხოური Hღ კომპანია ჩაერთვება. ამის გათვალისწინებით რამდენად აქვს „ოცნებას“ ძალების აღდგენის შანსი?
_ არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის ლიდერია, მამუკა მდინარაძე კი _ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. თავის დროზე, ეს ადამიანები იყვნენ ვითომ ახალი სახეები „ქართული ოცნებისთვის“ და ვინ არიან ისინი დღეს?! ისინი არიან ბრმა გამჟღერებლები იმ პარტიული დიქტატისა, რომელიც ივანიშვილის სურვილებისგან შედგება, ანუ ამ ადამიანებს თავიანთი აზრი არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ იმ მესიჯის გაჟღერება შეუძლიათ, რასაც თავიანთ ჯგუფურ ჩატში მიიღებენ, ეს მესიჯები კი ივანიშვილისგან მომდინარეობს. პოლიტიკაში ახალი სახეები მხოლოდ ფიზიკურ ახალ სახეს ან ახალ ვიზუალს არ ნიშნავს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ახალი სახე ახალ, ჯანსაღ ხედვას ნიშნავს და ხშირ შემთხვევაში უფრო კრიტიკულ ხედვას. მმართველ გუნდში ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს, ანუ სიახლის მოზიდვა უნდა გინდოდეს იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი შეიტანო შენს ხედვაში. წლების მანძილზე შეიძლება, დაიღალოს „ჯგუფური აზროვნება“ _ ასეთი თეორიაა პოლიტიკურ მეცნიერებაში. ამ შემთხვევაში ჯგუფურად კი არ აზროვნებენ, მხოლოდ ერთი ადამიანის კარნახს ელოდებიან და იმის იქით აზროვნების, უბრალოდ, აღარც უფლება აქვთ და შეიძლება, ზოგიერთ მათგანს _ აღარც შესაძლებლობა და უნარი. ახალი სახე უნდა ნიშნავდეს ახალი ენერგიისა და ხედვის შემოტანას, იმისთვის თუ როგორ უნდა განავითარო ქვეყანა. ამის რესურსი ამ გუნდში არ არსებობს. პირველ რიგში იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების წესი არის მანკიერი, არაჯანსაღი, არადემოკრატიული. იქ განსხვავებული აზრი არ არსებობს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მდინარაძეს რაღაც არ მოეწონება ნებისმიერ თემაზე, მაგალითად: საგადასახადო კოდექსზე, მოსამართლის დანიშვნის წესზე, ადგება და ივანიშვილს ეტყვის, რომ ასე არა, სხვანაირად გავაკეთოთო? _ ეს ხომ აბსურდია. რაც იწვევს შემდეგ ჩაკეტილ წრეს, სადაც შეუძლებელი ხდება კომპეტენტური, ნათელი, კრიტიკული და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების მოზიდვა. ამიტომაც ტარდება ეს კონკურსი, რომელსაც, სავარაუდოდ, დიდ რესურსს ახარჯავს ხელისუფლება. ამ რესურს ისევ გადასახადების გადამხდელების ფულით ხარჯავს, თორემ ივანიშვილი ამ ფულს ჯიბიდან ნამდვილად არ ამოიღებს. ისევ ჩვენ _ მოქალაქეებს გადაგვახდევინებს ფულს იმისთვის, რომ სოზარ სუბარმა და მისმა სტაფმა ხელფასი აიღონ ახალი სახეების მოსაზიდად, რომლის მთავარი სიმბოლოც არის ირაკლი ღარიბაშვილი. სრული აბსურდია ის, რომ ეს რაღაც ცვლილებას გამოიწვევს ამ პოლიტიკურ გუნდში.
_ როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია ახალი სახეების მოზიდვასთან დაკავშირებით, მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ „ქართული ოცნება“ აღარ არის „მოდური“ და ამიტომ მმართველ გუნდს დიდი ძალისხმევის დახარჯვა უწევს გუნდში ახალი სახეების მოსაზიდად. „ოცნების“ პოლიტიკურ ველზე გამოჩენის პერიოდი ახლანდელ მოცემულობას, რომ შევადაროთ, როგორ შეიცვალა შკალაზე მისი რეიტინგი და რამ განაპირობა ის, რომ მმართველი გუნდი დღეს „მოდური“ აღარ არის?
_ თავიდანვე ვახსენე, რომ ივანიშვილი და ეს პოლიტიკური პროექტი ტოქსიკური გახდა, _ აღარ იზიდავს ახალ ხალხს. ადამიანს, რომელსაც სუფთა წარსული, მაღალი რეპუტაცია და კომპეტენცია აქვს, მას არ სურს, რომ მისი სახელი გაისვაროს იმით, რომ ასოცირდეს კაცთან, რომელსაც მომავალი არ გააჩნია. ხალხში ეს განცდაა _ ამ ადამიანს და მის პოლიტიკურ პროექტს მომავალი აღარ გააჩნია. შეიძლება, დღეს-ხვალ იყოს, მაგრამ ზეგ და მაზეგ ეს პოლიტიკური პროექტი დასრულდება. ეს ადამიანები არ არიან გაერთიანებული რაღაც იდეის ირგვლივ, მათ მხოლოდ ივანიშვილის ფული იზიდავთ მაგნიტივით. როგორც წესი, ფულის ინტერესის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები ძალიან მალე იქსაქსებან და იშლებიან, როდესაც ეს ერთადერთი ინტერესი ქრება. „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე წლებია, ებრძვიან: რამდენი ლიდერი დაგვიჭირეს, რამდენი ქვეყნიდან გააგდეს და ათასობით ხალხს ატარებდნენ სხვადასხვა სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვებზე. მაგალითად, ერთი ადამიანი გვყავდა მარტვილში, რომელიც 31-ჯერ დაკითხეს. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა იყო, რომ შეხედულებები შეგვეცვალა მაგრამ ეს არ ემართებათ იდეის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მთელი უბედურება ის არის, რომ ეს ვერ გაიგო. მას ჰგონია, რომ, ზოგადად, მხოლოდ მერკანტილური ინტერესებით იმართებიან ადამიანები და საერთოდ არ ესმის, სხვა რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკოსს ან ჩვეულებრივ აქტივისტს. მას არ ესმის, რატომ უნდა ჩამოუყალიბდეს კონკრეტული მრწამსი თუ ამ მრწამსში არ დევს მერკანტილური ინტერესები, ეს ვერ შეიგნო ამ ადამიანმა და ამიტომაც არის მისი პოლიტიკური გუნდი ასეთი მყიფე.
_ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ივანიშვილისთვის წარმოუდგენელია არამერკანტილური ინტერესებით ადამიანების გაერთიანება. მისი ასეთი დამოკიდებულება ჩვენი საზოგადოების დამსახურება ხომ არ არის? თავის დროზე, როცა ივანიშვილი მოვიდა, ხალხის დიდ ნაწილს განცდა ჰქონდა, რომ უფასო ფული იქნებოდა და ივანიშვილის კმაყოფაზე შეძლებდა ცხოვრებას.
_ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი დიდწილად ამომრჩევლის მოსყიდვამ და თუნდაც იმ ვალების გაუქმების პროგრამამ გადაწყვიტა, რომელიც ივანიშვილმა ბახტაძის პირით დააანონსა. ეს ასე იყო და ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა. მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ყველაფერში მოქალაქეების დადანაშაულება ძალიან დიდი უსამართლობაა. ხელისუფლების არაკომპეტენტურობამ, საკუთარ თავზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ, რომლითაც ივანიშვილი მხოლოდ თავისი კაპიტალის გაზრდაზე ფიქრობს და მისი ბიუროკრატები, უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ჯიბის გასქელებაზე ფიქრობენ, სწორედ ამან მოიტანა ის უკიდურესი სიდუხჭირე, რაც მერე აიძულებს ადამიანებს, რომ ყველაზე ძვირფასი _ სამოქალაქო უფლება, ანუ ქვეყნის მართვის ბედში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობა, თავიანთი ხმა გაყიდონ 10, 20, თუ 50 ლარზე ან 5 კილოგრამ კარტოფილზე. აქ მთავარი დამნაშავე ბიძინა ივანიშვილია, რომელიც, დიახ, დაჰპირდა მოქალაქეებს: სოციალური დახმარების გაზრდას, უპროცენტო სესხებს და ა. შ., ყველანაირი დაპირება იყო, მაგალითად, ზღვისპირა ქალაქებში ხელოვნური რუჯის აპარატების დარიგებასაც კი ჰპირდებოდა ხალხს. წინასაარჩევნოდ აბსურდამდე მისული დაპირებების ნუსხა ჰქონდა. შემდგომ, როგორც მას სჩვევია, ხალხი მოატყუა და ამ დაპირებების შესრულების ნაცვლად გადაწყვიტა პლანის პლანტაციების მოშენება, საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა და ამით თავის მილიარდიან ქონებაზე კიდევ მეტი კაპიტალის დამატება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ნამდვილად ხელისუფლებაზე და ივანიშვილზეა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეზე, რომელსაც შეიძლება, იმ მომენტში სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს.
_ ბოლო პერიოდში წინა პლანზე წამოვიდა მმართველ გუნდში არსებული კრიზისი. ამის პარალელურად, თითქოს, ოპოზიცია პასიური გახდა და მოსაზრება გაჩნდა, რომ ოპოზიცია დაიბნა. ვერც ოპოზიციის კონსოლიდაცია ვნახეთ, თქვენ როგორ ახსნით ამას?
_ მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვანია და მედიის დიდი ყურადღებაც ეთმობა, _ რადგან არის საზოგადოებრივი ინტერესი, მედიამ მას უნდა უპასუხოს. ის, რომ ოპოზიციის კონსოლიდაცია უმნიშვნელოვანესია, ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ეს აჩვენა თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნებმა, როდესაც შევძელით გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატის შექმნა, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში, უპრეცედენტო გაყალბების მიუხედავად, შეძლო, რომ ძალიან სერიოზული შედეგი დაედო. 800 ათასი ხმა არის იმაზე მეტი, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 2016 წლის არჩევნებზე, რითაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. არადა, წარმატებას მივაღწიეთ იმის ფონზე, რომ არჩევნებზე მოსყიდვა და დაშინება ხდებოდა, რეალურად არჩევნებს სუსი ატარებდა; საჯარო მოხელეები ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მათ შორის საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულები, _ ერთ შემთხვევაზე ფატალური შედეგიც კი დადგა, _ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორ ია კერზაიაზე ვსაუბრობ. არჩევნების შემდგომ პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივები იყო, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომელსაც 20-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მოაწერა ხელი, _ ძალიან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და პოზიციების პარტიებმა. ესეც მნიშვნელოვანი კონსოლიდაციაა. ახლა საუბარია იმაზე, რომ შუალედურ არჩევნებშიც მოხდეს გარკვეული კონსოლიდაცია სხვადასხვა ოპოზიციურ ძალას შორის. პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ, რათა ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან, თუნდაც ზუგდიდსა და მთაწმინდაზე. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია ყველა იმ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ივანიშვილის გასტუმრება უნდა, ასევე სურს ნორმალური, კომპეტენტური მთავრობა და არა ერთი კაცის მიერ საკუთარი ფინანსური ინტერესებით მართული ქვეყანა. ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევა მიდის, რა თქმა უნდა, ოპოზიციის გაძლიერების დამსახურებაა. ასევე იმის დამსახურება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილმა ასეთი კატასტროფული შედეგი დადო ან თუნდაც პირდაპირ ხელის გადაგრეხით მოუწია ამ არჩევნების მოპარვა, რამაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ასეთი მძიმე დასკვნები გამოიწვია. ამ ყველაფერმა კრიზისში შეიყვანა ხელისუფლება: მინისტრები მიდიან, საკონსტიტუციო უმრავლესობა იშლება, ივანიშვილს აშანტაჟებენ და ა. შ. ასე რომ, ეს ბუნებრივად და თავისთავად არ ხდება, ჯანსაღი აქტიური, კრიტიკული და კომპეტენტური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობს. ივანიშვილის სურვილი კი ოპოზიციის გაქრობა და საკუთარი ფსევდოოპოზიციის შექმნაა. ეს მან საჯაროდაც თქვა: მე თვითონ შევქმნი ჩემს ოპოზიციასო. ასე არ იმართება დემოკრატიული ქვეყნები, ეს ვერ გაიგო ამ ადამიანმა. როცა ქვეყანაში ჯანსაღი, კრიტიკული ოპოზიციაა, ეს ხელისუფლებას იმ თვალსაზრისით ადგება, რომ საკუთარი შეცდომის დროულად გამოსწორების საშუალებას აძლევს და არ შედის იმ ღრმა კრიზისში, როგორშიც ახლა შევიდა ივანიშვილი საკუთარი არანორმალური, ოლიგარქიული სტილიდან გამომდინარე.
_ ღარიბაშვილის დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად მოიაზრება ის, რომ მან გაააქტიუროს „არა ნაცებს, არა მიშას“, პროპაგანდა, ამის საპირწონედ რას დადებს „ნაციონალური მოძრაობა“?
_ საპირწონედ გვაქვს ის, რომ ჩვენ არავისგან ვაპირებთ მტრის ხატის შექმნას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას. ჩვენი მტერი არის სიღარიბე, შიმშილობა. ქვეყანაში, სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს, შეძლება, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი უფრო წუხდეს მის ოპოზიციაზე, ვიდრე სიღარიბის პრობლემის გადაჭრაზე?! მილიარდერი, რომელიც საკუთარი ფულის დარიგებას ჰპირდებოდა ხალხს, დღეს სრული გულგრილობით უყურებს იმას, რომ ბავშვები ჯართის შეგროვების დროს იღუპებიან. ყოველ მე-3 პენსიონერს ბანკიდან წინასწარ გამოაქვს პენსია, რომ შიმშილით არ მოკვდეს. ადამიანები აფთიაქებში შედიან და მათთვის სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს ვერ ყიდულობენ _ ამას უნდა შევებრძოლოთ ჩვენ და აუცილებლად შევებრძოლებით კიდეც. დარწმუნებული ვარ, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით არა, 2020 წლის არჩევნებში ხელისუფლებას აიღებს პროფესიონალი, ნორმალური ადამიანების გუნდი.
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ახსენეთ. ვადამდელი არჩევნებს აზრი არ ექნება, თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა. საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით ოპოზიცია ხელმოწერებს აგროვებს, თუმცა რამდენად წამოგყვებათ ამ დათმობაზე მმართველი გუნდი? რეალურად, პროპორციული სისტემა ყველაზე ნაკლებად მათ აწყობთ.
_ ხელისუფლებას მოუწევს საკუთარი ასი ათასობით თანამოქალაქის აზრის გათვალისწინება. ამ თამაშის წესებით, რომლითაც ივანიშვილს შეუძლია 75 მანდატი იყიდოს, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს და რომც დანიშნონ ასეთი არჩევნები, არ მგონია, რომ ვინმეს მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეს. ეს თამაშის წესები უნდა შეიცვალოს. საკონსტიტუციო ცვლილება უნდა მივიღოთ, რაც შესაძლებელია უმრავლესობის პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში 3/5-ის მხარდაჭერის შემთხვევაში. ამ ცვლილებების მიღების შემდეგ უნდა ჩავატაროთ არჩევნები. რაც შეეხება ხელისუფლების რესურსს, ვადამდელი იქნება თუ არავადამდელი, ხელისუფლება თავის რესურსს ყოველთვის გამოიყენებს, დაარეკეტებს ბიზნესს და საკუთარი საარჩევო ფონდისთვის თანხას მოიპოვებს, მაინც გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, მაინც გამოიყენებს სუსს ადამიანების დასაშანტაჟებლად და ეცდება, ამით შეცვალოს ბალანსი თავის სასიკეთოდ. მთავარია, რომ ხელისუფლებას თამაშის წესები შევაცვლევინოთ, ანუ იყოს სრულად პროპორციული სისტემა და მაშინ ოპოზიცია მზად იქნება კიდევაც, რომ შევიდეს ამ ბრძოლაში და გაიმარჯვოს.
_ ბევრი ვისაუბრეთ ივანიშვილსა და მის ავტორიტეტზე გუნდის შიგნით, რომ მინისტრი უკვე საჯაროდაც აშანტაჟებს მას. ახლა სააკაშვილის როლზე მინდა გკითხოთ: საპრეზიდენტო არჩევნების დროს საუბრობდნენ, რომ მისი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებდა გაერთიანებული ოპოზიციის რეიტინგზე, თქვენ როგორ ხედავთ სააკაშვილის როლს?
_ ივანიშვილს ძალიან სურს, რომ რამენაირად დაამკვიდროს ეს მოსაზრება, რადგან ის მთავარ მტრად, პოლიტიკურ ოპონენტად აღიქვამს სწორედ მიხეილ სააკაშვილს. ამას ივანიშვილი არ მალავს არც საჯარო და არც პირად საუბრებში. მახსოვს, ჯერ კიდევ, 2012 წელს, როდესაც ის პრემიერის რანგში ესტუმრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, პირადად, მათ შორის, მეც ზუსტად იგივე გამიმეორა, რასაც ამბობდა საჯაროდ, რომ მისთვის პრობლემა არ არის ბოკუჩავა ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსის რიტორიკა, არამედ მისთვის მთავარია, რომ ჩვენ გავემიჯნოთ მიხეილ სააკაშვილს. ზუსტად ეს ტერმინოლოგია ჰქონდა მას. ანუ ეს ადამიანი მთავარ საფრთხედ აღიქვამს მიხეილ სააკაშვილს, შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობს მის და მისი მემკვიდრეობის დემონიზაციას. ეს არის მთავარი პოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ივანიშვილმა აირჩია. როგორც ჩანს, თქვენც თავად აღნიშნეთ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებაც ერთგვარად ამას უკავშირდება, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დემონიზაცია მოხდეს. საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს აღარ მუშაობს. ხალხი დაიღალა მუდმივად წარსულზე საუბრით. მას სურთ, რომ დღევანდელი მოცემულობა შეიცვალოს. ხალხს სურს, რომ ის მძიმე პირობები, რაშიც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს, გაუმჯობესდეს. ამას ივანიშვილი ვერასდროს წაართმევს ვერც მიხეილ სააკაშვილს, ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც რიგით წევრს, რომელიც ემსახურებოდა თავის ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე დაფიქსირდა, როგორც სახელმწიფო, ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსტიტუტები, კორუფცია აღმოიფხვრა, სამაგალითო ქვეყანა ვიყავით რეფორმების მხრივ აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო კვლევისა და რეიტინგის მიხედვით, ბიუჯეტი გაიზარდა 10-ჯერ, ქვეყანა რეალურად გარდაიქმნა _ ამას ივანიშვილი ადამიანების ცნობიერებიდან ვერ ამოიღებს, ვერ შეცვლის და ვერ გადაწერს ისტორიას, რამდენი მოშე კლუგჰაფტიც არ უნდა დაიქირავოს და რამდენი ასი ათასი ლარიც არ უნდა ამოაცალოს საქართველოს მოქალაქეებს ჯიბიდან გადასახადების გადახდილი ფულით და ჩადოს ამ ბინძურ პიარში, იქნება ეს მოშე კლუგჰაფტის სახით თუ „ტროლების“ სახით, რომლებიც ხან „ნაციონალურ მოძრაობას“, ხან „თიბისის“ და ნებისმიერ ადამიანს თუ ორგანიზაციას ებრძვიან, რომელიც გაბედავს და რაიმე განსხვავებულს გაიფიქრებს ან იტყვის, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის კონსოლიდაცია. ამ ადამიანის ხელში ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა, მხოლოდ რეგრესია შესაძლებელი, მასთან ერთად ვერასდროს გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ვერასდროს შევძლებთ, რომ ბიუროკრატები არ ხელმძღვანელობდნენ საკუთარი გამდიდრების ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ქვეყნის განვითარების ინტერესიდან. ამ ადამიანს ასეთი მართვის სტილი აქვს, უხეშად და მარტივად რომ ვთქვათ, 90-იანი წლების რუსეთში ასე იშოვებოდა ფული და მას ჰგონია, რომ ასე უნდა იმართებოდეს ქვეყანა. ყველაფერი დროებით გვერდით უნდა გადავდოთ და სხვადასხვა ფორმით კონსოლიდაცია მოვახდინოთ. შეიძლება ყველა პარტია ერთი საარჩევნო კოალიციის ქვეშ არ გაერთიანდეს, მაგრამ ზოგადი ერთობა, კონსოლიდაცია, ფრაგმენტაციისგან თავის არიდება ნებისმიერ ფასად უნდა შევძლოთ, თუ გვაქვს საერთო ინტერესი. საჭიროა თემატური გაერთიანებები თუნდაც ისეთი ტიპის, როგორსაც ვხედავთ ხელმოწერების ირგვლივ. ასეთი სინერგიული მოქმედებებით და ენერგიით უნდა შევძლოთ და აუცილებლად შევძლებთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრებას.

ნენე ინჯგია