მედიკოსების დაუდევრობა და სამედიცინო შეცდომები

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია _ დღეს, მედიცინის არნახული განვითარების ეპოქაში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სამედიცინო შეცდომებია, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იმატებს და საზოგადოებას უდიდეს მორალურ თუ ფინანსურ ტვირთად აწვება.

მედიცინა ერთ-ერთი ის დარგია, რომელშიც დაშვებულმა გადაცდომამ მეტად სავალალო და ტრაგიკული შედეგი შეიძლება გამოიწვიოს. საქმე ხომ ადამიანს, მის სიცოცხლეს ეხება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, სამედიცინო წარმომადგენლის ყველა შეცდომა რომ აისახოს, სტატისტიკურად, სიკვდილის ძირითად მიზეზებში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიმსივნის შემდგომ, ექიმების შეცდომები მესამე ადგილზე იქნებოდა.
საქართველოში პაციენტთა დაღუპვის მიზეზი ხშირად სწორედ ექიმების მიერ დასმული არასწორი დიაგნოზია. თბილისის ერთ-ერთი პოლიკლინიკის ექიმის ასეთმა დაუდევრობამ შეუქცევადი შედეგები გამოიწვია.
2018 წლის აგვისტოში ადგილობრივმა მკვიდრმა ხმის დაკარგვის სიმპტომით დაუყოვნებლივ თავის თერაპევტს მიმართა. ექიმის დიაგნოზი იყო _ ბრონქიტი. ავადმყოფს გამოუწერეს ანტიბიოტიკები, საწუწნი აბები და სახლში გაუშვეს. თუმცა პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა და სამი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას, სინამდვილეში, ფილტვის კიბოს მეოთხე, ანუ ყველაზე მძიმე სტადია ჰქონდა. ექიმის ცრუ დიაგნოზი მამაკაცისთვის ფატალური შედეგით დასრულდა _ თებერვალში იგი 66 წლის ასაკში გარადაიცვალა.
“ქრონიკა +”-ს დეტალებს გარდაცვლილის შვილი უყვება :
„2018 წლის აგვისტოში მამამ ხმა დაკარგა, რაც ძალიან მოულოდნელი იყო, ვინაიდან ის არ ეწეოდა და არც გაციებული იყო. იგი რაიონულ თერაპევტთან მივიდა, რომელმაც ფილტვების რენტგენოგრაფიაზე გაუშვა. რენტგენის სურათის დანახვის შემდეგ ბრონქიტის დიაგნოზი დასვა, მედიკამენტები გამოუწერა და სახლში გაუშვა. არანაირი საფრთხის შესახებ თერაპევტს არ გაუფრთხილებია, რენტგენის სურათზე კი ეწერა მხოლოდ ერთი ფრაზა: „უარყოფითი დინამიკა“. მამას მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ექიმის მიერ გამოწერილი მკურნალობა არ შველოდა. იმანაც შეგვაშინა, რომ პირველად სიმპტომს დაემატა ხიხინი, გახანგრძლივებული ხველა, წონაში კლება, სისუსტე. დიაგნოზში ეჭვი შეგვეპარა და ნოემბერში მამა ნაცნობ ონკოლოგთან წავიყვანე. სპეციალისტის განაჩენი ჩვენთვის დარტყმა იყო“.
2018 წლის ნოემბრამდე მამაკაცმა თავისი ზუსტი დიაგნოზი არ იცოდა და სიტუაციის მთელი სერიოზულობის შესახებ მხოლოდ კვალიფიციური ონკოლოგის კონსულტაციის შემდეგ გაიგო: „როგორც კი ონკოლოგმა მამაჩემი გასინჯა და აგვისტოში გადაღებული რენტგენის სურათი შეისწავლა, ფილტვის კიბოს დიაგნოზი დასვა, ხოლო დამატებითი ანალიზების ჩატარების შემდეგ მეოთხე სტადიის შესახებ გვაცნობა. ისიც გვითხრა, რომ ორი თვის წინათაც კი ავთვისებიანი უჯრედების განვითარების პრევენციის დიდი შანსი იყო“.
მზრუნველმა ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანისთვის ცოტა მაინც გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე და მდგომარეობა შეემსუბუქებინა. სამწუხაროდ, ორი ქიმიოთერაპიის შემდეგ მამაკაცი 66 წლის ასაკში სახლში, ოჯახის წევრების თვალწინ გარდაიცვალა.
„ეს არის არაპროფესიონალიზმისა და დაუდევრობის სამწუხარო რეალობა. ვინ იცის, სინამდვილეში, რამდენი ოჯახი აღმოჩნდა ასეთ დღეში. ჯანდაცვის სფერო რომ ყველაზე პრობლემური დარგია, ეს დღეს კიდევ ერთხელ საკუთარ მშობელზე გამოვცადეთ“.
სად გადის ზღვარი შეცდომასა და დაუდევრობას შორის?
ამ ტრაგედიის თავიდან აცილება ჯერ კიდევ ექვსი თვის წინათ იყო შესაძლებელი სწორი დიაგნოზის დასმით და კიბოს ადრეული გამოვლენით. ვინაიდან ფილტვის კიბოს უჯრედები დიდი სიჩქარით მრავლდება, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნი სწრაფად იზრდება, სამი თვე სრულებით საკმარისი გახდა სასიკვდილო დაავადების შორსწასული ფორმის ჩამოსაყალიბებლად.
ექიმების არაკომპეტენტურობა, უყურადღებობა ან სიტუაციის სერიოზულობის არასათანადო შეფასება თავისი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, ჩვენს რეალობაში გავრცელებული ფენომენია. ზოგჯერ ექიმის ასეთი გადაცდომა შეიძლება უვნებელი იყოს, მაგრამ თავისი ფუნქციების სპეციფიკურობის გამო, უფრო ხშირად, ექიმის შეცდომას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება.
ეს ტრაგიკული ისტორია არ არის გასული წლის ერთადერთი შემთხვევა, როცა პაციენტის ახლობლები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
2018 წლის განმავლობაში 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში გვამცნობს:
პროფესიული განვითარების საბჭომ გასული წლის განმავლობაში პაციენტებისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული 162 საკითხი (სულ _ 348 ექიმი) განიხილა. საკითხის განხილვის შედეგად კი 342 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა. 342 ექიმიდან ნახევარზე მეტს (235 ექიმი) ყველაზე მსუბუქი სასჯელი დაეკისრა _ „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა; 105 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა (1 თვით _ 54 ექიმს, 2 თვით _ 36 ექიმს, 3 თვით _ 11 ექიმს, 4 თვით _ 3 ექიმს, 5 თვით _ 1 ექიმს); და მხოლოდ და მხოლოდ 2 ექიმს გაუუქმდა სახელმწიფო სერტიფიკატი, ანუ სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია წაერთვა.
დღეს საქართველოს სამედიცინო სფეროში არსებული ვითარება მძიმეა. ამის დასტურია დღემდე არსებული აქტუალური კითხვა: „ვინმე სანდო ექიმს ხომ არ მირჩევდი?“ სანამ მაღალია ექიმების პროფესიული საქმიანობისას შეცდომების დაშვების რისკი, მათ შორის, ექიმების არაპროფესიონალიზმის, გულგრილობის, პაციენტების მიმართ უხეში დამოკიდებულებისა და მათი საქმიანობის რეგულირების ბერკეტების შეუსაბამობის მიზეზების გამო, ყველა პაციენტის სიცოცხლის უფლება დაუცველია. შესაძლოა, ვინმემ ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა სხვა ქვეყნებს შეადაროს და დაასკვნას, რომ საქმე არც ისე ცუდად გვაქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი შემთხვევის მიღმა კონკრეტული ადამიანის, ოჯახის ტრაგედია დგას, ვისთვისაც დამნაშავე ექიმზე სხვადასხვა სანქციის დაკისრებაც მცირე, მაგრამ მაინც შეღავათია.
თუმცა, ხშირად სრული სურათი მაინც ვერ აისახება, რადგან პაციენტის ახლობლები ზოგჯერ არ ან ვერ მიმართავენ შესაბამის უწყებებს რეაგირების მოთხოვნით. მათი დიდი ნაწილი საჩივარს მხოლოდ იმ მიზეზით არ წერს, რომ შედეგის იმედი არ აქვს. ამის თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ 13 წლის განმავლობაში, 2006 წლიდან 2018 წლამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სერტიფიკატი მხოლოდ 10 ექიმს გაუუქმა, ეს მაშინ, როდესაც კლინიკებში გარდაცვლილი თითქმის ყოველი მესამე პაციენტის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს.
მართალია, სამინისტრო ყველა შემოსულ საჩივარს სწავლობს, თუმცა არსებული სტატისტიკიდან ისეთი სურათი იკვეთება, რომ ბუნებრივი ეჭვი ჩნდება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს არაკეთილსინდისიერებაში, თითქოს სააგენტოს წევრები უფრთხილდებიან თავიანთი კოლეგების იმიჯს და ყველაზე მძიმე შემთხვევების დროსაც კი მათთვის ლიცენზიის შეჩერებაზე მკაცრ სასჯელს არ ითხოვენ. ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არც ერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და საბჭო, მაქსიმუმ, ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერებით ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლება. სხვა სადამსჯელო ღონისძიება ექიმების წინააღმდეგ, პრაქტიკულად, არ გატარებულა.
ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ერევა ან არ სურს საკითხის გადაჭრა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია და აუცილებელია, მათი სასწრაფოდ მოგვარება. ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრმა, სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება.

ალვინა ალექსანიანი