შეაჩერე კორუფცია – დაუსრულებელი ტენდერები

2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა DEP-ტენდერი, რომელიც ითვალისწინებდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზის 7,2-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას, რისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. გარდა ამისა, იგეგმებოდა ტაძრის რეაბილიტაციაც.

ტურისტებსა და მომლოცველებს საფარის სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა დღემდე ერთადერთი, მწყობრიდან გამოსული გზით უწევდათ.
საფარის გზის აღდგენითი სამუშაოები 2016 წელს უნდა დაწყებულიყო.
მსოფლიო ბანკის მესამე პროექტის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისთვის 60 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.
მის ფარგლებში მესხეთში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, 14 პროექტი განხორციელდება. სამუშაოები, რომელიც 2015 წელს დაიწყო, 2020 წელს დასრულდება.
საფარის გზის სამუშაოების ხანგრძლივობა შეადგენდა 12 (თორმეტი) თვეს სამუშაოების დაწყებიდან. ტენდერში მონაწილეობდნენ კომპანიები:
1. სს „კავკასავტომაგისტრალი“;
2. შპს „არალი“;
3. შპს „ცეკური“;
4. შპს „ყარაბაღი-ერ“;
5. შპს „ააბ პროექტი საქართველოს ფილიალი“;
6. VAHOSTAV-SK ა.ს.-ს ფილიალი;
7. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1.
გამარჯვებული კომპანია _ შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ (3,198,099.81 ლარი).
კონტრაქტის ზოგადი პირობების 47.1 პუნქტის მიხედვით, მთელი ობიექტის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების ჯარიმა შეადგენდა კონტრაქტის საბოლოო ფასის 0,1%-ს თითოეულ გადაცილებულ დღეზე. მთელი ობიექტის სამუშაოების ვადაგადაცილების ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ფასის 10%-ს.
დღეის მდგომარეობით, შესყიდვას აქვს სტატუსი „მიმდინარე ხელშეკრულება“ და მითითებულია ვადაგადაცილება 743 დღე.
ინფორმაცია გადახდის შესახებ დაფიქსირებული არ არის.
მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი შემთხვევა მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვებში და აუცილებლად იმსახურებს დეტალურ შესწავლას.
ამჯერად, მხოლოდ ამ კომპანიის შესყიდვებით შემოვიფარგლებით.
დაკვირვებისთვის გთავაზობთ კიდევ ერთ მაგალითს:
ამჯერად ევროპის ბანკის დაფინანსებით დაიწყო ადიგენის მუნიციპალიტეტის ზანავი-გომაროს გზის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებდა ზანავი-გომაროს გზის რეაბილიტაციას.
გზის სიგრძე 1 956 მ.-ია. დაგეგმილი იყო ორფენიანი ა/ბეტონის (5+4) საფრის, სავალი ნაწილის (სიგანე 5 მ.), მიერთებებისა და წყალამრიდი მილების მოწყობა.
ტენდერში მონაწილე კომპანიებია:
1. შპს „არალი“;
2. ინდ/მეწარმე „დავით სიჭინავა“;
3. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“.
გაიმარჯვა ამ უკანასკნელმა (682,000.00 ლარი).
ტენდერი გამოცხადდა 2016 წლის აგვისტოში, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თანხა გაიზარდა 698 473 ლარამდე.
კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაში შეიცვალა ფასები საბაზრო ღირებულების ცვლილებების შესაბამისად.
კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, 365 დღის განმავლობაში უზრუნველეყო დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრა.
ეს პროექტი დასრულდა და დაფიქსირებულია მიღება-ჩაბარების აქტიც.
თიანეთის მუნიციპალიტეტში არჩილის მონასტერთან და ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა თბილისი-თიანეთის გზიდან არჩილის მონასტრამდე მისასვლელი (სიგრძით 6 323 მ.) და ჟებოტის ამაღლების კომპლექსთან მისასვლელი გზების (სიგრძით 1 285 მ.) გზების მოასფალტებას, ლითონის მილების, ეზოში შესასვლელებისა და ავტო პარკინგის მოწყობას.
სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრული იყო 10 (ათი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.
ტენდერში მონაწილეობდნენ:
1. შპს „ენკო“;
2. სს „კავკასავტომაგისტრალი“;
3. შპს „ცეკური“;
4. შპს „დაგი“;
5. უცხოური საწარმოს ფილიალი „აზ-ინშაატ ჯორჯია“;
6. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“;
7. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“;
8. შპს „ქარე იაფი მიმარლიქ ინშაათ სანაი ვე თიჯარეთის“ ფილიალი საქართველოში.
გაიმარჯვა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“-მა, 3,035,000 ლარით.
ამ პროექტში ფიქსირდება ვადაგადაცილება 594 დღე.
შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 3 192 283 ლარიდან კომპანიას ჩარიცხული აქვს 1 260 122 ლარი (39%).
ეს გარემოება ერთგვარად ხსნის მუშაობის შეფერხების საფუძველს, თუმცა არაფერი ვიცით თავად შეფერხების მიზეზზე.
2016 წელს კომპანიას კიდევ ერთი საინტერესო ხელშეკრულება გაუფორმდა: ქალაქ გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩებისა (კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩები) და სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.
ტენდერში მონაწილეობდნენ:
1. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“;
2. ე/ს „ჯავა და გზები და კეთილმოწყობა“;
3. შპს „ენკო“;
4. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ (1,654,000.00 ლარი).
აქაც ფიქსირდება ვადაგადაცილება 653 დღე და ასევე ფასის ცვლილება. ნაცვლად 1 654 000 ლარისა, ხელშეკრულებაში ფიქსირდება 1 653 270 ლარი.
პროექტი დაიწყო 2016 წლის აგვისტოში, უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ივნისში.
დღევანდელი მდგომარეობით ჩარიცხული აქვს 1 128 630 ლარი (68%).
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. მირაშხანში მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ითვალისწინებდა სოფ. მირაშხანში მისასვლელი 3685 მ-იანი გზის კეთილმოწყობას, 6 კომპანია მონაწილეობდა:
1. შპს „არალი“;
2. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ 916,364.48 ლარი;
3. შპს „ქროსფოინტი“;
4. შპს „ორბიტა“;
5. შპს „ასტორია“;
6. შპს „ჯეო სერვისი“.
სამუშაოების ხანგრძლივობა იყო 4 (ოთხი) თვე დაწყებიდან.
პროექტი დაიწყო 2017 წლის დეკემბერში და მის დასრულებამდე სამი თვეა დარჩენილი.
თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფ. ნადოკრა-ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 75 კმ. მანძილზე ითვალისწინებს ნადოკრა-ხევსურთსოფლის (სიგრძით 7 356 მ.) გზის მოასფალტებას, ლითონისა და რკ/ბეტონის მილების, ეზოში შესასვლელების, მიერთებების მოწყობასა და არსებული ხიდის შეკეთებას, 4 კომპანია მონაწილეობდა:
1. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“;
2. ე/ს „ჯიარჯი“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“;
3. შპს „ენკო“;
4. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ (3,585,834.97 ლარი).
პროექტის ვადა ჯერ არ ამოწურულა. დასრულებლამდე 37 დღეა დარჩენილი და ჩარიცხულია 3 019 880 ლარი (84%). არ დასრულებულა საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებული ამ კატეგორიის ტენდერებიც.
შიდასახელმწიფოებრივი გზის აგარა-ყორნისი-ცხინვალის კმ1-კმ4; კმ9-კმ16 მონაკვეთი (5,193,139 ლარი); ვადაგადაცილება _ 1117 დღე;
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის (შ-131); საავტომობილო გზის წინარეხი-ქვათახევის კმ1-კმ4.5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (3,052,168 ლარი);
თბილისი (პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზის კმ23-კმ32 სარეაბილიტაციო სამუშაოები (6,995,801 ლარი).
ამ შესყიდვებში ძალიან ბევრი რამ არის საყურადღებო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი შემთხვევები ინტენსიურად ფიქსირდება სწორედ დონორების ფულით დაფინანსებულ პროექტებში.
შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1-ის“ მფლობელები არიან:
შოთა აბულაძე (შპს „დგვრისი“, შპს Georgian Fish);
ნუგზარ აბალაკი (რკ „ქართული ნატურალური პროდუქტი“, ქ. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკი „ახალბაღი“, შპს „ჯბპ“, შპს „ეი ვი სი“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო“ #2);
ნუკრი აბალაკი (შპს „რეზიდენსი“, შპს „ჯბპ“, შპს „ეი ვი სი“, შპს „პარადაის გრუპ“, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #2“, (შპს „დგვრისი“, შპს „Gეორგიან Fისჰ“).
ნუგზარ და ნუკრი აბალაკები „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან 60 000-60 000 ლარით, ხოლო შოთა აბულაძემ 60 000 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს.
კომპანიას 120-ზე მეტი ტენდერი აქვს მოგებული.
მხოლოდ 2018 წლის მონაცემების ანალიზით, მას მიღებული აქვს 29 850 356 ლარი. 20 შესყიდვიდან 12 _ გორის მუნიციპალიტეტში. საყურადღებოა, რომ დამფუძნებლები გორელები არიან და აქ განსაკუთრებით მყარი პოზიციები აქვთ. მხოლოდ ორ ტენდერში ჰყავთ კონკურენტი, დანარჩენ შემთხვევაში მარტო მონაწილეობენ. მხოლოდ ერთხელ უფიქსირდებათ საწყისი ფასის დაკლება, რასაც ვერ ვიტყვით სხვა პროექტებზე. ვიმეორებ: აქ საუბარია მხოლოდ 2018 წლის შესყიდვებზე.
კომპანიას მიღებული აქვს 54 გამარტივებული შესყიდვა.
მისი შემსყიდველები, ძირითადად, არიან:
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“;
შპს „გორის კეთილმოწყობის სამსახური“;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
გორის მუნიციპალიტეტი;
კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები;
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“.
კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებული ბევრი სამუშაოს შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი მასალა მოამზადა.
2016 წელს ქ. გორში ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებულ სავაჭრო დანიშნულების ობიექტზე (ს/კ 66.45.07.178) სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის გამო „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 დაჯარიმდა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ასევე ხშირად საუბრობენ კომპანიის დამფუძნებლების კავშირზე გორის მაჟორიტარ იოსებ მაკრახიძესთან.

ქეთევან ენუქიძე