შოთა მალაშხია: „დღეს საქართველოში საბჭოთა „კაგებეს“ მმართველობის სისტემაა!“

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა, თუმცა იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ახალგაზრდა ქართველმა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ბედი გაიზიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვრაცხელია საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა! ამას ფოტომასალაც ადასტურებს.
კვარაცხელიას ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცს წელის არესა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება, ტანზე კი სილურჯეები ეტყობა.
ზოგადად, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ რუსული ოკუპაციის ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც „მცოცავი ოკუპაცია“ ჰქვია. ამის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი ერთგვარად სირაქლემის პოზაშია და კრემლთან ურთიერთობის გარკვევას ე. წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატით ცდილობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ფორმატი მკვდრადშობილია, რადგან რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი შედეგს არ მოიტანს.

ამ პოზიციას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შოთა მალაშხიაც იზიარებს, რომელიც „ქრონიკა+“-თან საუბრისას მახვილს რუსული „ბოტების სისტემაზე“ სვამს და ამბობს, რომ კრემლს საქართველოში საკუთარი ხელისუფლება ჰყავს:

_ ბატონო შოთა, მართალია, რუსეთი ჩვენს ქვეყანას ორი საუკუნეა ეომება, მაგრამ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ჩვენს ლექსიკონში ახალი ტერმინი გაჩნდა _ „მცოცავი ოკუპაცია“. „მცოცავ ოკუპაციას“, პირდაპირ თუ ირიბად, მმართველი გუნდი ხომ არ უწყობს ხელს?
_ ფაქტებს მივყვეთ.
_ კი ბატონო, მივყვეთ.
_ 2008 წლის აგვისტოში, როცა ომი მოხდა, დასავლეთს შესაძლოა, არ ეგონა, რომ რუსეთი ასეთი აგრესიული სახელმწიფო იყო. ზოგადად, დასავლეთი შეუმცდარი არ არის და ჩვენთან მიმართებითაც ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგალითად, მაპი არ მოგვცა. სხვათა შორის, სტოლტენბერგი დღეს ამბობს, თავის დროზე, შეცდომა დავუშვი, საქართველოს და უკრაინას მაპი რომ არ მივეცითო. მოკლედ, დასავლეთმა ყველაფერი ვერ გაითვალისწინა და უკრაინის პროცესები მიიღო.
_ ანუ უკრაინის ამბები აგვისტოს ომის გამოძახილი იყო?
_ დიახ, უკრაინის მოვლენები აგვისტოს ომის გაგრძელება იყო. იმპერიული ძალების თავხედური სურვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენას უკავშირდება, კარგად არ გაიაზრეს, არ გაითვალისწინეს და იმის გამო, რომ დასავლეთმა რუსეთს საქართველოში სათანადო პასუხი არ გასცა, უკრაინა მიიღო.
_ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დასავლეთი რუსეთის აგრესიულობაში რატომ ვერ დაარწმუნა?
_ რეალობის შეცვლა მარტივი არ არის, რადგან მსოფლიო საზოგადოებრიობას 5-მილიონიანი ერის წარმომადგენლობა ელაპარაკება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველომ შეძლო, რომ გაეროს, ნატოსა და ევროკავშირის რეზოლუციები მიიღო. გაითვალისწინეთ, სად ჩვენი და სად რუსეთის მასმედიის შესაძლებლობები, მაგრამ მაინც შევძელით არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე გატანა, ასევე საერთაშორისო სასამართლოებში საკითხების დაყენება, ანუ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის ამოძრავება დავიწყეთ.
მას შემდეგ, რაც მთლიანი სურათი გამოიკვეთა, დასავლეთის მიდგომებიც შეიცვალა და შესაბამისად, ყირიმში შესვლის შემდეგ დასავლეთს რუსეთის მიმართ სულ სხვა პასუხი ჰქონდა.
_ დიახ, ყირიმის შემთხვევაში დასავლეთი უფრო აქტიური იყო.
_ კი ბატონო, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს სანქციები დაუწესა.
ისე, კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, მე რა გავაკეთე, გეტყვით: 17 დოკუმენტური ფილმი გადავიღე, რომლითაც მსოფლიოს ვუთხარი, თუ საქართველოს ყურადღებას არ მიქცევთ, მაშინ უკრაინაში ახალ გალადამორს მიიღებთ და ისე ნუ იქცევით, როგორც მსოფლიო მიუნხენის გარიგების დროს მოიქცა, როცა ჰიტლერს თავიდან ყველაფერს უთმობდა, სათანადო პასუხი არ გასცა და, საბოლოოდ, მონსტრი მიიღო-მეთქი.
მოკლედ, უკრაინის მოვლენების შემდეგ რუსეთის მიმართ საერთაშორისო წნეხი გამოიკვეთა. ამიტომ რუსეთს ერთადერთი საშუალებაღა დარჩა _ ის, რაც ტანკით ვერ გააკეთა, ივანიშვილის ხელით გაეკეთებინა! აი, ასე მოვედით 2012 წლამდე.
გახსოვთ, „ქართული ოცნების“ მთავარი თემა რა იყო?
_ რა?
_ ომის დაწყებას საქართველოს აბრალებდა. ამას აკეთებდა, თავის დროზე, ივანიშვილი, ამას აკეთებს ასევე დღევანდელი პრეზიდენტი, რომელსაც პირადად მე, როგორც მოქალაქე და პარტიის ლიდერი, პრეზიდენტად არ ვცნობ, რადგან პრეზიდენტი გაყალბებით გახდა, ანუ არჩეული არ არის. ამასვე აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარეც, ანუ მთელი სახელისუფლებო სპექტრი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.
_ თუ მეხსიერება არ მღალატობს, საქართველო ომის დაწყებაში ბატონმა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ, 2012 წლის არჩევნებამდე ერთ-ერთ პირველ ბრიფინგზე დაადანაშაულა. მიუხედავად ამისა, მაშინ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მაინც „ოცნებას“ დაუჭირა მხარი, ანუ საზოგადოებისთვის ე. წ. ცოცხების კადრები უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე _ ომის დაწყებაში საკუთარი სახელმწიფოს დადანაშაულება. ამას რით ხსნით?
_ ეს მარტივი სისტემაა.
_ კერძოდ?
_ აშშ-ის არჩევნებში რუსეთი ჩაერია?
_ როგორც ირკვევა, დიახ, ჩაერია.
_ ბრექსიტში რუსეთი ჩაერია?
_ აქაც იგივე პასუხი მაქვს _ ირკვევა, რომ ჩაერია.
_ კატალონიის ამბებსა და გერმანიის არჩევნებში ჩაერია?
_ ე. ი., რუსეთი მსოფლიო მონსტრია და ჩვენ როგორ გავუმკლავდებით?
_ დიახ, რუსეთი ყველგან ჩაერია, მაგრამ იქ ინსტიტუტებს დემოკრატიული გამოცდილების დიდი სტაჟი აქვთ. მეტიც, საზოგადოებაც ამ პროცესებთან დაკავშირებით უფრო განათლებულია და შესაბამისად, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს.
ერთ მაგალითს მოვიყვან: გერმანიაში, არჩევნების წინ, ახალგაზრდა ქალი გამოიყვანეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ ემიგრანტებმა გააუპატიურეს. გერმანიის ხელისუფლებას 36 საათი დასჭირდა საიმისოდ დაედგინა, რომ არავის გაუუპატიურებია და ეს რუსეთიდან ჩასული გერმანული წარმოშობის ქალი იყო, რომელმაც დეზინფორმაცია გაავრცელა. ამაზე პასუხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდა. მოკლედ, თემამ დღენახევრის განმავლობაში იმუშავა, ანუ მთელი ტროლების სისტემა მუშაობდა.
_ უკაცრავად, ეს კონკრეტული მაგალითი ჩვენთან რა კავშირშია?
_ იმის თქმა მინდა, რომ 2012 წელს ჩვენი პასუხი ვერ იქნებოდა, ცოცხების კადრები დადგმულიაო. ზოგადად, ყველამ, ვისაც ოდნავი სამედიცინო განათლება აქვს, იცის, რომ ცოცხით ადამიანის გაუპატიურება შეუძლებელია, მაგრამ რუსეთმა ტროლების სისტემით მოგვიგო და ყველაფერი ეს ივანიშვილის ხელით განახორციელა.
გავიხსენოთ თუნდაც რაფალიანცის ამბავი _ არჩევნების წინა დღეს ადამიანი გამოვიდა და ხელი დაადო, ბავშვი პირადად ღვინიაშვილმა და, საერთოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოკლაო. ეს ქალი, წლების განმავლობაში, კულტურის მინისტრის მოადგილე იყო და იმის გამო, რაც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ გააკეთა, ბოდიში ერთხელ მაინც ხომ უნდა მოეხადა?
_ ქალბატონ მანანა ბერიკაშვილს მარტო ბოდიში კი არ უნდა მოეხადა, არამედ, „ოცნებას“ რაფალიანცის საქმე უნდა გამოეძიებინა და საზოგადოებისთვის ეთქვა, რეალურად, რა მოხდა და ვის პოლიტიკურ ვნებებს შეეწირა ათი თვის ჩვილი!
_ კი ბატონო…
მოკლედ, რეალობაა, რომ ტროლების სისტემამ მაშინაც იმუშავა და ამიტომ ყველაფერი ეს უნდა გავითვალისწინოთ.
_ როგორ უნდა გავითვალისწინოთ?
_ ყველაფერ ამის საპსუხოდ, ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გადიოდა ჩემი გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელსაც „ტროლები“ ერქვა. ამ ფილმში ყველაფერი ის იყო ახსნილი, რაც მოხდა…
ახლა ძირითად საკითხს დავუბრუნდეთ: დღეს საერთაშორისო დონეზე რუსეთს ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს.
_ ბატონო შოთა, ვიდრე რუსეთის საერთაშორისო პრობლემებზე ისაუბრებთ, ჩაგეკითხებით: 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ რუსული „ტროლების სისტემა“ მუშაობდა, რომელსაც ლოგიკურად მცოცავი ოკუპაცია მოყვა, ამას ამბობთ, არა?
_ იცით, როგორაა? ის, რაც რუსეთმა 2008 წელს ტანკებით ვერ გააკეთა, 2012-ში ტროლებით შეძლო.
_ ჰოდა, მცოცავი ოკუპაცია ხომ რუსული ტროლების გაგრძელება გამოდის?
_ ოკუპაცია მსუბუქი საქმეა.
_ როგორ შეიძლება, ოკუპაცია მსუბუქი იყოს?
_ რუსულ ტროლებს ის მოყვა, რასაც ახლა გეტყვით, ანუ იცით, რუსეთმა ეს ხელისუფლება რატომ მოიყვანა?
_ რატომ?
_ სამი პიროვნება დავასახელე _ ე. წ. პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი, ანუ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი.
_ ამ სამ პიროვნებას რაში ადანაშაულებთ?
_ იმისთვის, რომ რუსეთი „გააპრავო“, ერთადერთი გზა არსებობს _ აგვისტოს ომის დაწყება საქართველოს ხელისუფლებას დააბრალო! აი, ამას „ქართული ოცნება“ და, მათ შორის, ჩემ მიერ დასახელებული სამი პიროვნება თანმიმდევრულად აკეთებს! თუ იტყვი და შენს ქვეყანას დააბრალებ, მძინარე ცხინვალი დაბომბაო, სამართლებრივად, ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც რუსეთი შექმნილი ვითარებიდან გამოძვრება! ყველაფერ ამისთვის, ანუ უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ სირიაში ჩადენილი დანაშაულისთვის რუსეთი ხარკს დღეს თუ არა ხვალ და ზეგ აუცილებლად გადაიხდის.
_ ბატონო შოთა, სანამ რუსეთი ხარკს გადაიხდის, ჩვენ ხომ შეიძლება, ხელახალი ოკუპაციის წინაშე დავდგეთ? აგერ, რამდენიმე დღის წინ რუსი ოკუპანტები ხურვალეთში გამოჩნდნენ. ამასთან, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას ტრაგედია კვლავ განმეორდა და აფხაზეთში კიდევ ერთი ქართველი მოკლეს.
_ საზოგადოება უკვე მომწიფდა და ტროლების აღარ სჯერა! ყველაფერ ამას კი საბოლოო წერტილი ამ პრეზიდენტის არჩევის დროს დაესვა!
_ როგორ?
_ ამ არჩევნებზე ივანიშვილმა და რუსეთმა ყველა ქვემეხიდან გაისროლეს, ანუ ყველაფერი გაიშიფრა _ ძველი „კაკებეშნიკური“ მეთოდები, „ანონიმშიკები“… ის, რაც ია კერზაიასთან დაკავშირებით მოხდა, საცოდაობაა _ სკოლაში კომისია ანონიმური წერილის საფუძველზე გააგზავნეს.
დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი გვიყვება, მასზე რა ძალადობა იყო. აქამდე „შავ სალაროზე“ მარტო ოქუაშვილი ლაპარაკობდა, ახლა კი მთელი ბიზნესი უკვე ამაზე ლაპარაკობს. ერთი სიტყვით, „პანდორას ყუთი“ გაიხსნა. ამიტომ ყველაზე დიდი დრო, როცა ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, 2020 წელია, თუმცა სასურველია, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს!
ის, რომ „ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ყველა ქვემეხიდან გაისროლა, ერთი დეტალითაც ჩანს _ გემბანს უკვე ვირთხები ტოვებენ!
_ „ვირთხების დატოვება“ ხმამაღალ ნათქვამად მეჩვენება, რადგან იგივე დავით მაღრაძე, რომელიც ივანიშვილის საყვარელი პოეტია და ამის შესახებ ყოფილ პრემიერს თავად აქვს ნათქვამი, არ მგონია, დამოუკიდებლად მოქმედებდეს. დიახ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ პოეტის გაოპოზიციონერება მილიარდერის მორიგი პროექტია.
_ დიახ, დიახ. ამასთან დაკავშირებით სულხან-საბას ერთ იგავს გაგახსენებთ: აზნაური მიდის და ხორცის გამყიდველს ეუბნება, _ ხორცი მომყიდეო. _ სისხლიანი ხორცი შენ როგორ გაგატანო, წადი, მოახლე გამოაგზავნე და მას გამოვატანო, _ მიუგებს ხორცის გამყიდველი. აზნაური დაინტერესდება, მის მოახლეს როგორ იცნობს. ხორცის გამყიდველი დააკვალიანებს, _ შენი ულვაში გამოატანეო. მართლაც, მოახლე მივა, ულვაშს მისცემს და ელოდება, ხორცს როდის აუწონიან. ხორცის გამყიდველი გაიცინებს და ეტყვის, შენი ბატონი აქ მყავდა, ხორცი მას არ მივეცი და ახლა ულვაშის სანაცვლოდ ხორცს როგორ გაგატანო.
_ მაღრაძის ოპოზიციაში გადაბარგებასთან ეს იგავი რა კავშირშია?
_ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთად რომ იყვნენ, ყოფა ეტირათ და ახლა, ცალ-ცალკე რომ აღმოჩნდებიან, წარმოიდგინეთ, როგორ იქნებიან. ჰოდა, მაღრაძე ვისი მართულიც უნდა, იმისი იყოს! მთავარია, რომ სისტემა დაიშალა!
_ „ოცნების“ სისტემის დაშლა რუსულ ოკუპაციას შეაჩერებს?
_ ჩვენი მიზანი ის არის, რომ ივნიშვილის ხელისუფლება გამოიცვალოს! აი, მაშინ გახდება საქართველო საერთაშორისო დონეზე მოთამაშე! რუსეთმა ივანიშვილის ხელით ის გაგვიკეთა, რომ საერთაშორისო ასპარეზიდან გამოგვაგდო.
_ ივანიშვილის ხელით როგორ გამოგვაგდო?
_ „ქართული ოცნების“ პოზიცია ასეთია: რუსეთსა და დასავლეთს შორის ჩვენ დაპირისპირების ობიექტი არ უნდა ვიყოთო. არადა, მთელი დასავლეთი რუსეთს უპირისპირდება. ჩვენ კი თამაშიდან გამოვვარდით, ანუ ახლა, როცა რუსეთს სანქციებს ადებენ, იქ წერია უკრაინა, სირიაც, მაგრამ საქართველო აღარ წერია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ და ისევ საერთაშორისო კონიუნქტურაში მოვხვდებით! შესაბამისად, ეს საერთაშორისო კონიუნქტურა რუსეთს იძულებულს გახდის, რომ შედეგი დაიდოს.
_ 2020 წლის შემოდგომამდე, ანუ იმ დრომდე, როცა წესით, არჩევნები უნდა ჩატარდეს, ლამის წელიწად-ნახევარია.
_ 2020 წელი ის მაქსიმუმია, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება.
_ მესმის, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ვადამდელი არჩევნების კონტურები არ ჩანს. შესაბამისად, 2020 წლამდე რუსები შესაძლოა, თბილისს მოადგნენ და ეს ოკუპაცია როგორ შევაჩეროთ, თქვენი რეცეპტი როგორია?
_ ციფრებს გეტყვით, თუ რა ხდება: გატაცებები ორნახევარ-სამჯერ გაიზარდა. მკვლელობები საერთოდ არ არსებობდა, ახლა კი ესეც გაზრდილია და იცით, რატომ?
_ რატომ?
_ ადრე იქაურობას სოდი თუ კუდი აკონტროლებდა და იმას, ვინც ჩვენს მოქალაქეს რამეს დაუშავებდა, სათანადოდ სჯიდა. დღეს კი ბიჭები, რომლებიც მაშინ საოკუპაციო ხაზს თავგანწირვით იცავდნენ, „ოცნებას“ ან ციხეში ჰყავს, ან საქართველოდან გაქცეულები არიან.
მოკლედ, ყველაფერი თვისობრივად უნდა შეიცვალოს და ეს ის ვითარება არაა, როცა ცოტა ხელისუფლება ჩაიჩოჩებს და ცოტა _ ოპოზიცია. ყველაფერი ახალ დონეზე უნდა გადავიყვანოთ და ის კურსი აღვადგინოთ და გავაგრძელოთ, რომელიც საგარეო პოლიტიკაში 2012 წლამდე გვქონდა. სხვათა შორის, დღეს ამ კურსის გაგრძელების გაცილებით მეტი შანსია, რადგან უკრაინას ვებმით და საერთაშორისო სტრუქტურებიც ჩვენკენ არიან!
_ ამას რა სჯობია, თუ მსოფლიო, მართლაც, გვერდით გვიდგას, მაგრამ ამბობთ, რომ „ოცნებას“ რუსეთი „კრიშავს“. ჰოდა, ამ კოზირს კრემლი დათმობს?
_ თუ 2008 წელს რუსეთს წინააღმდეგობა მარტომ გავუწიეთ, ახლა, 2019-ში, როცა ევროპა, უკრაინა, აშშ და სხვა ქვეყნები ჩვენთან არიან, წინააღმდეგობის გაწევას რატომ ვერ მოვახერხებთ?
_ მოვახერხებთ?
_ რა თქმა უნდა.
_ ისე, მე თუ მკითხავთ, მარტო გარე მეგობრების იმედზე არ უნდა ვიყოთ და შიდა ოპოზიციაც ცოტა უნდა გააქტიურდეს, მინიმუმ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. არ მეთანხმებით?
_ რა თქმა უნდა.
ჩვენ ერთი მიმართულებით ვსაუბრობთ, თუმცა სხვა მიმართულებებითაც სრული კატასტროფაა. ისე, ეს ერთი მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ხალხი უხელფასობასაც მოითმენს და უსამსახურობასაც, მაგრამ მოქალაქეებისთვის მთავარი პატრიოტიზმია. ხალხს იმედი რომ ჰქონდეს, ეს ან რომელიმე სხვა ხელისუფლება მისი ძირითადი მოთხოვნის, ანუ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს, რაღაცებს მოითმენს, მაგრამ ამ ხელისუფლებას აღარაფერს მოუთმენს იმიტომ, რომ უამრავი პრობლემაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამდენი ხანია, ორი შვილმკვდარი მამა, პრაქტიკულად, ქუჩაში გააგდეს და არ პასუხობენ!
_ უსამართლობის დამკვიდრება და კორუფციაც რუსული ნარატივი ხომ არ არის?
_ დიახ! ეს საბჭოთა „კაგებეს“ მმართველობის სისტემაა! კომუნისტების დროს „ანონიმშჩიკი“ ცუდი მოვლენა იყო. ახლა, როგორც წეღან აღვნიშნე, „ანონიმშჩიკმა“ დაწერა წერილი განათლების მინისტრის სახელზე, რის საფუძველზეც სკოლის დირექტორი მოკლეს! ე. ი. მთელი სამინისტრო „ანონიმშჩიკად“ იქცა! ასეთი რაღაც კომუნისტების დროსაც კი არ მომხდარა! ეს ხელისუფლება ყველაზე ცუდი პერიოდის ყველაზე საზიზღარ მეთოდებს იყენებს!
_ ორიოდ სიტყვით კარასინის მუქარასაც შევეხოთ, რომელმაც პირდაპირ გვითხრა, თუ ნატოსკენ სიარულს გააგრძელებთ, პრობლემები შეგექმნებათო. კარასინის ამ ღია მუქარაზე ჩვენს ხელისუფლებას რეაქცია, პრინციპში, არ ჰქონია.
_ მოდით, პირველ რიგში, კარასინი-აბაშიძის ფორმატზე ვთქვათ: როცა კონფლიქტების კუთხით საერთაშორისო ფორმატი არსებობს, სადაც აშშ, ევროპა და, მოკლედ, ყველა ჩართულია და ამ დროს ფორმატს აკნინებ და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე გადიხარ, ეს რას ნიშნავს? დავუშვათ, აბაშიძე სუპერ დიპლომატია, მაგრამ ამ კარასინთან მოლაპარაკების ფორმატში საქართველო მაინც დამცირებულია.
_ რატომ?
_ კარასინის უწყების სტაფი, ალბათ, ხუთი-ექვსი კაცისგან შედგება. კარასინის უკან კი რუსეთის მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო დგას და ეს მოცემულობა საქართველოსთვის ხომ უკვე წამგებიანია?!
რაც შეეხება ფორმატს, ესეც საზიზღრობაა. ჩემთვის თავიდანვე ცნობილი იყო, ახლა კი ჩვეულებრივი ობივატელიც ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან დათმობის პოლიტიკას ატარებს.
ყველაფერ აქედან გამომდინარე, ჩვენ, უკრაინამ და მოლდოვამ საერთაშორისო ასპარეზზე კონსოლიდებულად უნდა ვიმოქმედოთ.
_ საერთაშორისო ასპარეზი გასაგებია, მაგრამ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ოპოზიციას კონსოლიდირება ქვეყნის შიგნითაც არ აწყენდა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლას, როგორც ჩანს, არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპოზიციამ იმის შანსი, რომ 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემა გაუქმებულიყო, ხელიდან გაუშვაო.
_ ოპოზიციამ კონსოლიდაცია ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოახერხა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
_ ამ კონსოლიდაციის შედეგი, როგორც იტყვიან, არ დაიდო.
_ როგორ არ დაიდო.
_ პრეზიდენტი ოპოზიციის კი არა, ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატი გახდა და ესაა შედეგი?
_ ყველამ _ ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მ იცის, თუ როგორ გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციები და დამკვირვებლები აფიქსირებენ, რომ ასეთი ცუდი არჩევნები საქართველოში არასოდეს ჩატარებულა და არც ამდენი მოსყიდვა ყოფილა. აქედან გამომდინარე, ყველაფერ ამის განმეორების საშუალებას „ოცნებას“ აღარავინ მისცემს _ არც ქართული საზოგადოება და არც _ საერთაშორისო! ამიტომაც ვამბობ, ჩაძირული გემბანიდან ვირთხები გარბიან-მეთქი.
_ იმედოვნებთ, რომ „ოცნების“ გაჯიუტების მიუხედავად, ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნება?
_ თუ ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, მაშინ 2020 წლისთვის „ოცნება“ უარესად დალპება. საარჩევნო სისტემის არშეცვლა კი იმას ნიშნავს, რომ „ოცნება“ ქართველი ამომრჩევლის ნების საწინაღმდეგოდ მიდის. შესაბამისად, ის საარჩევნო სისტემა, რომლითაც მომავალ არჩევნებს ჩაატარებენ, მათ საბოლოოდ დაასამარებს!
სხვათა შორის, ამ საარჩევნო სისტემით ჩვენ არჩევნები 2012 წელს წავაგეთ და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში აღმშენებლობა მიდიოდა. ამათ ხელში კი ყველაფერი ფუჭდება: სტრუქტურები ჩამოშლილია, სახელმწიფოებრიობა, პრაქტიკულად, წაგვართვეს და ამ ფონზე არსებული საარჩევნო სისტემა „ოცნების“ საწინააღმდეგოდ იმუშავებს!
_ მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ 2020 წლამდე ოკუპაცია გაძლიერდება და ჩვენ, ხალხმა, ომის განახლების შიშით უნდა ვიცხოვროთ?
_ რუსეთს ომის განახლების შესაძლებლობა არ აქვს.
_ დარწმუნებული ხართ?
_ ჯერ ერთი, რუსეთი ომს იმიტომ არ განაახლებს, რომ აქ თავისი ხელისუფლება ჰყავს და გამოცვლას რა აზრი აქვს?
მეორეც, რუსეთს პრობლემები შიგნით აქვს _ მაგალითად, ინტერნეტის გათიშვას აპირებს, საპენსიო რეფორმას, ამასობაში ოთხი გუბერნატორის არჩევნები წააგო, პუტინის ფინანსების სერიოზული შესწავლები დაიწყეს და ა. შ. ამას გარდა, რუსეთს პრობლემები უკრაინაშიც აქვს, სირიასა და საქართველოშიც. ამიტომ ფიზიკურად ვეღარ შეძლებს, რომ ყველაფერი ეს გააკონტროლოს.
ამასობაში, რეგიონში საქართველო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდება.
_ ეს როგორ?
_ დასავლეთთან მიმართებით ირანისა და თურქეთის პრობლემაა. ერთადერთ წამყვან ქვეყნად საქართველო რჩება და ამის შინაგანი მოთხოვნა ქართველებს ყოველთვს გვქონდა.
_ ე. ი., იმის თქმა გინდათ, რომ დრო და საერთაშორისო ვითარება ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს, არა?
_ დიახ, ცალსახად ასეა. საზოგადოებამ თვალები ფართოდ გაახილა. სხვათა შორის, ფილმი „ტროლები“ ასეთი იგავით დავასრულე: სულხან-საბა უფლისწულს რომ ლოცავს, ეუბნება: ვირის გონება მოგეცეს, რადგან ვირი იმ ადგილას, სადაც ერთხელ ტალახში გაიარა, იქ ტალახიც რომ არ იყოს, მეორედ აღარ გაივლისო. ჩვენ, ქართველებს, ვირის გონებაზე მეტი გონება გვაქვს, რომ ერთხელ ჩავარდნილ ტალახში მეორედ და მესამედაც არ ჩავვარდეთ. ამიტომ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ გადაწყდება და იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ვიმსახურებთ!
_ ღმერთმაც გისმინოთ და მსოფლიო პოლიტიკის მამებმაც, ბატონო შოთა!

გიორგი აბაშიძე