„პატრიარქი, რასაკვირველია, მარტოა!“ _ უწმინდესის სულიერი შვილი ალაპარაკდა

„ქრონიკა+“-ის დღევანდელი რესპონდეტი, ისტორიკოსი და პოლიტიკის მეცნიერებათა მკვლევარი, ყოფილი დეპუტატი ნესტან კირთაძე, ისეთ დეტალებზე საუბრობს, რომლითაც „ციანიდის საქმესა“ და სამეფო კარის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სხვა ჭრილში დაინახავთ. მართალია, ქალბატონი ნესტანი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, მაგრამ ქვეტექსტებით ბევრ მინიშნებას აკეთებს. შესაბამისად, წინამდებარე ინტერვიუ საერო ხელისუფლებასა და საპატრიარქოს ადმინისტრაციას, დიდი ალბათობით, ბევრ თავის ტკივილს გაუჩენს, მით უმეტეს, რომ ნესტან კირთაძე, რომელიც უწმინდესის სულიერი შვილია, პატრიარქთან ტეტ-ა-ტეტ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და იმ სიტყვებსაც ასაჯაროებს, რომელიც ილია მეორემ მას „ციანიდის საქმის“ პირველი შოკის გავლის შემდეგ უთხრა.

მაშ, ასე: „ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზივს- სკანდალურ ინტერვიუს ნესტან კირთაძესთან.

_ ქალბატონო ნესტან, პარტიულ საქმიანობას არ ეწევით და ერთგვარად დამკვირვებელი ხართ, ამიტომაც თქვენი აზრი საინტერესოა, _ რა ხდება, ქვეყანაში რა პროცესები ვითარდება?
_ უახლეს ისტორიაში, ანუ ჩვენს თანამედროვეობაში, საქართველოს ასეთი რთული პერიოდი არ ჰქონია. არ ვაჭარბებ და ამ შეფასებას ვაკეთებ, როგორც პოლიტიკოსი, ასევე როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა ექსპერტი და, გნებავთ, ისტორიკოსი. დღეს საქართველო ყველაზე მკაფიო გამოწვევის წინაშე დგას.
_ ეს რა გამოწვევაა?
_ საქართველო შეინარჩუნებს თუ არა სახელმწიფოებრიობას. ეს მარტო მთავარი გამოწვევა კი არა, ჩვენი ქვეყნის მთავარი ღერძია, რომელზედაც საქართველოს მთელი ისტორიაა აწყობილი.
_ შეგიძლიათ, დაასაბუთოთ, თუ რატომ დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა საფრთხის წინაშე?
_ დღეს ხილულად ჩანს, რომ არც გამართულად და არც გაუმართავად თითქმის აღარ ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები _ ისინი ინერციის დონეზე არსებობს. ასევე არ არსებობს და საოცარი დარტყმის ქვეშაა მართლმსაჯულება. საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის, პარლამენტი და მთავრობაც, აბსოლუტურად ფსევდოხასიათისაა. ერთადერთი, რომელიც ყველაფრის სადარაჯოზე დგას, მედიაა, უფრო კონკრეტულად, მედიის გამორჩეული გამოცემები. ასე რომ, საზოგადოება და მედია, ჯერჯერობით, მაყურებლის კი არა, მოდარაჯის როლში გამოდიან. მოდარაჯეებმა და სახელმწიფოს მესაძირკვლეებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს ქართული სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშაა!
_ „ოცნების“ ხელისუფლებამ სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნამდე მიზანმიმართულად მიიყვანა?
_ სურათს და იმ ველს დააკვირდით, რომელსაც საქართველოს ვეძახით.
_ რას ჰქვია, ვეძახით? ეს ხომ საქართველოა?
_ ამ ქვეყნას დღეს ქართულ სახელმწიფოს ვერ დავუძახებ.
_ რატომ?
_ ყველა მიმართულებით აპოკალიფსური სურათი იხატება, ანუ როგორც იტყვიან, ძაღლი პატრონს ვერ სცნობს და ეს ეხება საპატრიარქოს, საერო და სასამართლო ხელისუფლებას. ერთი სიტყვით, დიდი ცვლილებების მომსწრენი ვართ. მაგალითად, ეკლესიაში მთავრდება ეპოქალური პატრიარქის მმართველობის დრო და ახალი იწყება, ოღონდაც საპატრიარქოს ადმინისტრაციაში იმისთვის იზრუნეს, რომ ეს ბუნებრივი ცვლა _ მემკვიდრეობითობის ხაზის ბუნებრივი გაგრძელება არ ყოფილიყო.
_ „ციანიდის საქმეზე“ აკეთებთ აქცენტს?
_ ყველა იმ პროცესზე ვაკეთებ აქცენტს, რაც დღეს საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
_ სანამ საპატრიარქოს ადმინისტრაციის თამაშებს გავშლით, მითხარით, თქვენი დაკვირვებით, ყველაფერ ამაში საერო ხელისუფლება თუ ჩაერია ან კვალი ჩრდილოეთამდე ხომ არ მიდის, ანუ რუსეთია ხელშემწყობი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო?
_ პასუხს მარტივად ვერ გაგცემთ… გახსოვთ უწმინდესისა და უნეტარესის ბოლო ვიზიტი მოსკოვში? მაშინ პატრიარქს მოსკოვში უნდა გავყოლოდი, მაგრამ ავად გავხდი.
_ პატრიარქი მოსკოვში ბოლოს, მგონი, 2017 წელს იყო, არა?
_ წელი ზუსტად არ მახსოვს, შეგიძლიათ, დაადგინოთ, თუმცა თუ არ ვცდები, ეს ვიზიტი ნოემბერში ან დეკემბერში იყო.
_ ანუ „ციანიდის სკანდალი“ ჯერ დაწყებული არ იყო?
_ ვფიქრობ, რომ ყველა ეს მომენტი წინ იყო… ტრადიციულად, უწმინდესს ყველა ძირითად შეხვედრაზე ვახლდი ხოლმე…
_ ცნობილია, რომ ილია მეორესთან ახლო ურთიერთობა გქონდათ.
_ დიახ. მოკლედ, როდესაც ილია II მოსკოვიდან ჩამობრძანდა, ვკითხე, _ ვიზიტის შედეგები როგორი იყო-მეთქი? მიპასუხა, _ კლიმატი უაღრესად მკაცრი იყო, მაგრამ დახვედრა კიდევ უფრო მკაცრიო. მართალია, დეტალებსაც კარგად ვიცნობ, მაგრამ აი, მაშინ, ზედმეტი დეტალების გარეშე მივხვდი, რომ მოსკოვი პატრიარქის შესაცვლელად ემზადებოდა!
_ ამ დროს მეუფე შიო უკვე პატრიარქის თანამოსაყდრეა?
_ არა, ეს მანამდე ხდება. სხვათა შორის, თქვენ ის ჟურნალისტი ხართ, რომელმაც „ციანიდის საქმის“ გახმიანების დღესვე დამირეკეთ, მაგრამ თუ გახსოვთ, კომენტარი შეგნებულად არ გავაკეთე, თუმცა გითხარით, უახლოეს წუთებში სოციალურ ქსელში სტატუსს დავწერ-მეთქი. მართლაც, ასე მოვიქეცი და სტატუსი _ „კლინიკა საქართველო“ გამოვაქვეყნე. დღესაც საქართველო კლინიკაა, ყველა მიმართულება კლინიკურია. ცვლილებების წინაშე დგას ეკლესია, ასევე ხელისუფლება. ვინმეს უნდა თუ არა ან ეგუება თუ არა, ციკლი დასრულებულია და სრულიად ახალი ციკლი უნდა დაიწყოს. როგორი იქნება ეს ახალი ციკლი _ ცუდი, კარგი, საშუალო თუ საუკეთესო, ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, მაგრამ ვთქვათ, რომ ძველი ციკლის დასრულების დროს ერთი მხარეც არ ან ვერ აღმოჩნდა იმ სიმაღლეზე, რომ სიახლის დაწყებამ ყველაზე მთავარი _ ქართული სახელმწიფოებრიობა არ შეიწიროს!
_ მეჩვენება, რომ დღეს პატრიარქთან ახლო ურთიერთობა აღარ გაქვთ. ვცდები?
_ რას ბრძანებთ?! მისი სულიერი შვილი ვარ და ყოველდღიური კონტაქტი მაქვს.
_ თუ ასეა, ცხადია, გეცოდინებათ, არის თუ არა უწმინდესი ცალკეული ადამიანების ტყვეობაში, ანუ ვიღაცები პატრიარქს არასწორ ან მათთვის სასურველ ინფორმაციას აწვდიან?
_ დღევანდელ ინტერვიუს ასეთ დეტალებზე სასაუბროდ არ განვიხილავ, მაგრამ ეს კითხვა უპასუხოდ რომ არ დავტოვო, გეტყვით: საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი ინტერესთა ჯგუფი არსებობს და ამ ინტერესთა ჯგუფებმა, ზოგმა ცალკე და ზოგმაც _ გაერთიანებული ძალებით, ჩვენი უწმინდესის ფიზიკური დასუსტებითა და დაღლილობით, უბრალოდ, ისარგებლეს და დამოუკიდებელი თამაში მათთვის საინტერესო პოზიციებით დაიწყეს.
_ ქალბატონო ნესტან, პირდაპირ გეკითხებით: შორენა თეთრუაშვილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
_ შორენა, ვფიქრობ, იმდენი ყურადღების ღირსი არ არის, რომ ამ ინტერვიუში შევეხოთ. მასთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ პატრიარქთან ურთიერთობაში ჩემი შუამავალი არასოდეს ყოფილა. უწმინდესს ან პირდაპირ ვუკავშირდებოდი ან თავად მიკავშირდებოდა და როცა ამას საჭიროდ მიიჩნევს, მიკავშირდება კიდეც.
_ პატრიარქთან „ციანიდის საქმეზე“ გისაუბრიათ?
_ რასაკვირველია.
_ უწმინდესის პოზიცია როგორი იყო და არის?
_ პირველი პოზიცია „ციანიდის საქმეზე“ ჩვეულებრივი შოკი იყო, მაგრამ როცა ამ შოკის ემოციამ გაიარა და უწმინდესი საქართველოში ჩამობრძანდა და გერმანიის რომელიღაც კლინიკის პაციენტი კი არა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, სწორედ ამ მზერით ჩემთან საუბრისას თქვა, _ ეს ფარსიაო.
_ ამის შესახებ პატრიარქმა საჯარო განცხადება რატომ არ გააკეთა? იმ დაჯგუფებებს, რომელიც წეღან ახსენეთ, ვერ უმკლავდება? უწმინდესი მარტოა?
_ შესაძლოა, მთელ რიგ შემთხვევებში მარტო იყოს, შესაძლოა, მის გარშემო ვიღაცები ტრიალებდნენ, მაგრამ როგორც პატრიარქი, რასაკვირველია, მარტოა!
_ ამ მოცემულობას სახელმწიფო სათავისოდ იყენებს?
_ ერთ ექსკლუზივს გეტყვით: 2015 ან 2016 წელს უკვე ვიცოდი, რომ საპატრიარქოში იყო ახალგაზრდა მღვდელი, მამა გიორგი მამალაძე, რომელსაც კონკრეტული ფუნქცია ჰქონდა და მან თავისთვის, დამოუკიდებლად ან ვინმეს დავალებით საქართველოს ეკლესიის ქონებასა და იმ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელზედაც მოარული ხმა დადიოდა, კვლევა დაიწყო. იმ დროს, როცა ამის შესახებ გავიგე, ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა საკმაოდ სქელტანიანი მასალა და იმ წრეში, სადაც ამ თემაზე, რასაკვირველია, დახურული და ექსკლუზიური საუბარი გვქონდა, ვთქვი: ეს ვითარება ურთიერთობას ძალიან გაამწვავებს და რამდენიმე ადამიანი შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს-მეთქი.
გეტყვით, ყველაფერი ეს საითკენაც მიდის: ეს არ არის, დავუშვათ, პატრიოტი მამულიშვილების ბრძოლა საქართველოს საპატრიარქოს განსაწმენდად და რაღაც ხელოვნური კათარზისების მოსაწყობად.
_ აბა, რა არის?
_ ის არის, რითაც საუბარი დავიწყეთ _ საპატრიარქოს ძალაუფლების შენარჩუნების ან ძალაუფლების გადანაწილების ეტაპი დაუდგა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჯანმრთელობაშერყეული, მაგრამ რეალურად არსებული პატრიარქის სიცოცხლეშივე დაიწყეს საპატრიარქო ტახტისა და გავლენების გადანაწილებისთვის ბრძოლა.
_ ქალბატონო ნესტან, თქვენ, როგორც ისტორიკოსს, გექმნებათ თუ არა განცდა, რომ „ციანიდის საქმის“ მთავარი მიზანი პატრიარქის მოცილება იყო?
_ „ციანიდის საქმის“ მთავარი მიზანი საპატრიარქო ტახტზე ხელისუფლებისთვის სასურველი პატრიარქის აღყვანება იყო! ამას რა ფორმით განახორციელებდნენ და რა პროექტი შეადგინეს გონებადაბნელებულმა ადამიანებმა _ ათეისტებმა თუ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, ეს უკვე მათი პრობლემაა, თუმცა ამ ვითარების გამო ეკლესია და ბევრი წარჩინებული სასულიერო მოძღვარი ძალიან გაილახა, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ წიაღში აღმოჩნდნენ ძალიან გაბედული მამები, ისეთები, როგორებიც არიან, მაგალითად, მეუფე პეტრე, მეუფე გრიგოლი და ამ ადამიანებმა საქართველოს ეკლესიის სინდისისთვის ბრძოლა ხელში აიღეს.
_ ხელისუფლებისთვის სასურველი მღვდელმსახური, ვისაც ილია მეორე უნდა შეეცვალა, მეუფე შიოა?
_ არა.
_ აბა, ვინ არის?
_ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს.
_ ჩაგეკითხებით: მღვდელმთავარი, რომლის გაპატრიარქებასაც ხელისუფლება გეგმავდა თუ გეგმავს, ასე ვთქვათ, გაპიარებულია?
_ საუბარი გავაგრძელოთ.
_ ამ თემაზე საუბარი რატომ არ გინდათ?
_ თუ მომინდება, ამ ინტერვიუს დასრულებამდე აუცილებლად ვიტყვი!
_ გასაგებია… იმ მღვდელმთავარს, რომლის ვინაობის დასახელებისგანაც თავს იკავებთ, კრემლთან ბმა აქვს?
_ როგორი იქნება საქართველოს საპატრიარქოს მემკვიდრეობითობის ხაზი და ვინ დაბრძანდება საპატრიარქო ტახტზე, ეს კრემლისთვის ათას მეერთეხარისხოვანი საკითხი არ არის, რადგან რელიგიური ბმის გარდა ეს რეგიონში, კონკრეტულად, საქართველოში კრემლის გავლენების ბმაც არის, მით უმეტეს, რომ საქართველოს უძველეს ეკლესიას მსოფლიო მართლმადიდებლურ სამყაროში უდიდესი გავლენა აქვს. ასე რომ, აქ კრემლის დაინტერესება, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება!
_ „ციანიდის საქმეზე“ ივანიშვილმა, თქვენი ინფორმაციით, წინასწარ იცოდა თუ საქმის კურსში პოსტ-ფაქტუმ ჩააყენეს?
_ ჩემი კი არა, მგონი, ჰიჩკოკის ფანტაზიაც ვერ წავა იქამდე, ეს წინასწარ ვინ იცოდა და ვინ _ არა, თუმცა, რასაკვირველია, ციდან არ ჩამოვარდნილა. ეს საკმაოდ ორგანიზებული, ბოროტი პროექტი იყო, მაგრამ პროექტის ავტორებმა და მისმა შემსრულებლებმა, უბრალოდ, ვერ გათვალეს, რომ ღმერთზე ძლიერები არ არიან! შეიძლება, მათ პატრიარქის გამოსათხოვარი წერილებიც კი ჰქონდათ გამზადებული, მაგრამ პატრიარქი გადარჩა!
მეტსაც გეტყვით: პირადად მქონდა კონტაქტი გერმანიის იმ კლინიკასთან, სადაც უწმინდესი იმყოფებოდა და გერმანელი ექიმები გაოცებულები ამბობდნენ, ორ დღეში სურათი სრულიად შეიცვალა და პატრიარქს ოპერაცია აღარ დასჭირდაო. მოკლედ, პატრიარქის ისე გაყვანა, როგორც ამას ე. წ. ციანიდის პროექტის ავტორები გეგმავდნენ, ღმერთმა არ დაუშვა!
_ ანუ უშვებთ, ოპერაცია რომ გაკეთებულიყო, შედეგი შესაძლოა, ფატალური დამდგარიყო?
_ ეს ჯგუფი პატრიარქის საკმაოდ მძიმე ფიზიკური მდგომარეობით სარგებლობდა და საპატრიარქო ტახტზე მისთვის სასურველი კანდიდატის დასმაზე ზრუნვა ვადაზე ადრე დაიწყო!
ამ საკითხის მკვლევარი არ ვარ, თუმცა ზუსტად ვიცი: მამა გიორგი მამალაძე, რომელსაც ყველა ჩვენგანივით თავისი ცოდვები, სიხარულები, წარმატებები აქვს, მკვლელი არ არის და ვიღაც ბოროტმა ჯგუფმა ამ სცენარში ჩასვა და გამოიყენა! ამით ორი კურდღელი დაიჭირა: ერთი მხრივ, საპატრიარქოს ადმინისტრაციაში კორუფციული სქემების გაშიფვრის მცდელობა დადუმდა, არადა, საპატრიარქოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სასულიერო პირები საერო ხელისუფლებასთან ერთად უნისონში საკმაოდ დიდ ქონებას ინაწილებდნენ; მეორე მხრივ კი, მართალია, ამ ჯგუფმა ბევრი რამ ვერ გათვალა, მაგრამ ყველაფერ ამას მამა გიორგი მამალაძე იმ მხრივ ემსხვერპლა, რომ ის დღეს უკანონო ტუსაღია!
_ გამოდის, რომ ავტორებს ციანიდის ბოროტი პროექტი ჩაუვარდათ, არა?
_ დიახ.
_ ამ კონტექსტშივე განვიხილოთ საქართველოს სამეფო სახლის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც, ანუ, ქალბატონო ნესტან, ის, რაც დღეს ბაგრატიონებში ხდება, რაღაცნაირად, „ციანიდის პროექტის“ გაგრძელება ხომ არ არის, მით უმეტეს, რომ საქმეში უკვე საპატრიარქო ფიგურირებს _ დავით მუხრანელის ადვოკატის თქმით, სწორედ საპატრიარქოს დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, სინამდვილეში, სიხარულიძეა?
აქვე გაგახსენებთ: 2009 წელს უწმინდესი, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრის დაბადება მისი იდეა იყო, ანასა და დავითის ჯვრისწერას არ დაესწრო.
_ პატრიარქი მაშინაც გერმანიაში იყო სამკურნალოდ.
_ დიახ, ვიცი, მაგრამ შეიძლებოდა, ჯვრისწერა უწმინდესის დაბრუნების მერე შემდგარიყო… მოკლედ, ეკლესიის იმიჯის შელახვის შემდეგ იგივე მონარქიის დისკრედიტაციასაც ჩრდილოეთი ხომ არ ცდილობს?
_ ყველაფერი, რასაც დღეს პოლიტიკურ კონტექსტში გააჟღერებთ, ერთადერთისკენ მიდის და ეს ერთადერთი ქართული სახელმწიფოებრობის წინააღმდეგ ბრძოლაა! ქვეყნის შიგნით და გარეთ ძალიან ბევრი ინტერესთა ჯგუფია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მიდის! ისე, ძალიან კარგი იქნება, თუ ამ საკითხებზე მედია უფრო გააქტიურდება.
რაც შეეხება სამეფო დინასტიას, შემიძლია, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ძვირფასი და საამაყო ეპიზოდია, მათ შორისაა უწმინდესის სულიერი შვილობა. როცა ახალი იდეები და პროექტები მზადდებოდა, ერთმანეთს ძალიან ხშირად ვხვდებოდით. ასე გაჩნდა დინასტიის აღდგენის იდეაც და ამაზე პატრიარქის მოსაზრებებს ვიწერდი. სხვათა შორის, როცა წიგნის _ „ნათელი ქრისტესი“ პირველ ტომს ვამზადებდით, უწმინდესმა პირდაპირ მომცა დავალება, რომ წიგნში აუცილებლად შემეტანა ბაგრატიონთა გენეალოგია, ასევე ის ეპიზოდი, რომელიც სვეტიცხოველში მეფეთა კურთხევას ეხება. იმის თქმა მინდა, რომ ეს მხოლოდ პროექტი არ იყო, ანუ მარტო ამ პატრიარქს შეეძლო, ეს იდეა არათუ გასჩენოდა, არამედ მისი რეალიზაციისთვისაც ეზრუნა, ვინაიდან ლაპარაკი მმართველ მეფეზე არასოდეს ყოფილა. ჩვენი პატრიარქი უაღრესად თანამედროვეა და ის გეოპოლიტიკური პროცესები, რაც საქართველოს გარშემო მიმდინარეობს, ზედმიწევნით იცის. დიახ, უწმინდესს უნდოდა, რომ კაცობრიობას საქართველო მხოლოდ უძველესი ქრისტიანული ცივილიზაციის კი არა, უძველესი ისტორიული სახელმწიფოებრიობის ქვეყნადაც ეცნო. ამის ყველაზე ნათელი გამოხატულება და დადასტურება უძველესი სამეფო დინასტიის გაცოცხლებაა.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ, ქალბატონო ნესტან, დღეს ამბობენ, მაშინ, როცა ანასა და დავითის ქორწინება გადაწყდა, საპატრიარქოსთვის ცნობილი იყო, რომ ნუგზარ ბაგრატიონი, სინამდვილეში, სიხარულიძეაო. ჯერ ერთი, საინტერესოა, რატომ სიხარულძე და არა, ვთქვათ, ღობეგლეჯიაშვილი? მეორეც, თუ საპატრიარქომ ამის შესახებ იცოდა, მაშინ ანასა და დავითის შეუღლებას ხელი რატომ შეუწყო?
_ ასეთი ტიპის პროცესები სეირად და მონარქიის იდეის შელახვად მეჩვენება. თუ დღეს ვინმე არის ძალიან ღირსეული ქართველი და ვინმე თავისი ღირსებით, სულითა და ხორცით ბრწყინავს, ეს ანა ბაგრატიონია, რომელმაც ზუსტად გაიგო ის მისია, რაც ღმერთისგან პატრიარქისა და სახელმწიფოს წინაშე ეკისრებოდა. ერთი ღმერთმა და მეორე ანა ბაგრატიონმა იცის, ამ ჯვრის ზიდვის გამო რა დიდი სულიერი და გნებავთ, ადამიანური ტანჯვა ერგო. ეს არის ნამდვილი ბაგრატიონის სვლა, რათა ქართულ სახელმწიფოს განვითარებადი ქვეყანა კი არ ერქვას, არამედ, ცივილიზებული ბეჭედი ეპყრას, რომელიც მისი სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას უსვამს ხაზს!
რა დაიწერა და რა კომენტარს აკეთებს შორენას რჩეული ჯგუფი, მათ შორის, გიორგი ანდრიაძე, ეს არც მე მაინტერესებს, არც საზოგადოებას უნდა აინტერესებდეს და ისტორიასაც არ დააინტერესებს. ეს მარტო მან კი არა, სხვებმაც უნდა იცოდნენ!
_ სამაგიეროდ, საზოგადოებას აინტერესებს და, ალბათ, ისტორიაც დაინტერესდება, თუ რატომ შეირჩა ანას თანამეცხედრედ, მაინცდამაინც, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი?
_ ამას თავისი გენეზისი აქვს. ამაზე ჯგუფები მუშაობდნენ, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ. ისე, ორი-სამი ისეთი პასაჟი გითხარით, რომლითაც ბევრი რამ გაიხსნა!
_ ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესო შორენას ხსენება იყო. სხვათა შორის, მეგონა, რომ აქვე ლევან ვასაძესაც ახსენებდით, რომელსაც 2013 წელს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ რაინდის წოდება მიანიჭა. ახლახან, „ქრონიკა+“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვასაძეს საქართველოს პრემიერობა უნდა, ასევე ჩვენმა გამოცემამ დაწერა, რომ გავლენიანი რუსი ბიზნესმენები საიდუმლო ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდნენ და შეხვედრები საპატრიარქოში გამართეს. ყველაფერი ეს ერთი აჯაფსანდალია?
_ დიახ, გეთანხმებით, ეს ერთი აჯაფსანდალია… თქვენ ისეთი ჟურნალისტი ხართ, რომელიც სულის მოთქმის საშუალებას ყველაზე დახვეწილ რესპონდენტსაც არ აძლევთ და ამიტომ ზუსტად ველოდი, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პასაჟზე აუცილებლად მიმითითებდით… როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც ახალი ციკლისთვის მზადების პროცესია, იქაც დაპირისპირებაა საერო და სასულიერო ხელისუფლებას შორის. რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებას თავისი ფავორიტი ჰყავს, თუ ვინ შეიძლება მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში.
_ ეს ფავორიტი ლევან ვასაძეა?
_ ღმერთმა არ ქნას ასეთი პროექტის განხორციელება, მაგრამ ეს იქნება რაღაც ორთოდოქსი-ნაციონალისტური ფრთა, რომელიც საქართველოს რამდენიმე საუკუნით უკან დახევს!
_ ხელმეორედ გეკითხებით: რუსეთის საეკლესიო ხელისუფლება საქართველოს მმართველად ლევან ვასაძეს ამზადებს?
_ ამაზე ექსპერტებს ჰკითხეთ. მე ის კონცეფცია გითხარით, რომელიც დღეს რუსეთში არსებობს.
ასევე არსებობს მეორე კონცეფციაც, რომლის მიხედვითაც საერო ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, როგორი ტიპის გავლენა შეიძლება არსებობდეს საქართველოზე. ასე რომ, ეს ფარული თუ ღია ბრძოლა მიმდინარეობს და ამას გამოხატულება საქართველოშიც აუცილებლად ექნება!
ზოგადად, მთელ ამ სპექტაკლს, რომელსაც ვიღაც კულისებიდან მართავს და წინა პლანზე გამოაქვს, თავისი დატვირთვა აქვს, ანუ ეს თემები ავანსცენაზე ბუნებრივი სიმწიფის გამო არ გამოდის, თუმცა ყველაფერი ეს ერთ საერთო კონტექსტში ჯდება და ეს ძალაუფლების გადანაწილების პროცესია, რომელიც ერთციკლიანი საარჩევნო პროცესი არ არის. ძალაუფლების გადანაწილება, რაც ახლა დაიწყება, მომავალი 30 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ მთელი მსოფლიო და მსოფლიო წესრიგი შეიცვალა, თუმცა, წინა წესრიგისგან განსხვავებით, ახლა კონკრეტული შეთანხმება მონახაზის დონეზეც არ არსებობს. მსოფლიო წესრიგის მამები კულისებსა და კულისებს მიღმაც ამ წესებს ახლა, ასე ვთქვათ, აწყობენ. ასი წლის წინანდელ პოლიტიკურ წესრიგში საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ვერ მოიხაზა. დღეს მოიხაზება თუ არა ან ძალიან მნიშვნელოვანი აქტიორი გახდება თუ არა, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ანაკლიის საერთაშორისო პროექტთან! ეს პროექტი რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენის ან კომერციული ოპერატორის ბედს კი არა, საქართველოს გეოპოლიტიკურ ადგილს ცვლის, მაგრამ ამაზე წარმოდგენა ამ პროექტის ავტორებსაც არ აქვთ!
მოკლედ, ნუ შეიჭრება ბიზნესი პოლიტიკურ ველში და ის იქნება წარმატებული ბიზნესი!
ნუ შეიჭრება ეკლესია პოლიტიკაში და ის იქნება ერის სულიერი საყრდენი, ციტადელი და იმ გაუგებრობებისგან, რაც დაატყდა, თავს დაიხსნის! ყველაფერ ამის შემოქმედი, პირველ რიგში, საპატრიარქოს ადმინისტრაციაა და ამას პირდაპირ ვაბობ. ისე, ჟურნალისტებს გთხოვთ, რომ საპატრიარქო და საპატრიარქოს ადმინისტრაცია ერთმანეთისგან განასხვავოთ.
ასევე პოლიტიკურ ველში არც სამეფო პროექტი უნდა შეიჭრას. სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში როიალისტური მიმდინარეობები გაჩნდა. მაგალითად, ბულგარეთმა, ამ ტენდენციის გამო, მონარქია სიმბოლურად აღადგინა, მაგრამ ახალგაზრდა მეფემ პრემიერობა მოინდომა. პრემიერი კი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში პანღურით გააგდეს, ანუ როგორც კი ეს ჯერ კიდევ არარსებული ინსტიტუტები პოლიტიკაში შეიჭრებიან, მათი არათუ კუთხეში დაყენება, არამედ გაჭყლეტა მოხდება!
და კიდევ ერთი: თქვენი გაზეთის საშუალებით: ყველა 90-იანელ პოლიტიკოსსა და, საერთოდ, პატიოსან ადამიანს, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა შეინარჩუნა, ვინც დამოუკიდებლობასა და კონსტიტუციაზე ხელი მოაწერა, ვეუბნები: დადგა დრო, ყოველგვარი ენის მოჩლექის გარეშე პასუხისმგებლობა აიღონ და ერთიანი ეროვნული პლატფორმა შეიქმნას, რათა საქართველომ, როგორც მრავალეთნიკურმა და დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ისტორიაში თავისი სვლა გააგრძელოს!

გიორგი აბაშიძე