არჩილ კბილაშვილი:„ადვოკატი იმ ქირურგს ჰგავს, რომელმაც ოპერაცია უნდა ჩაატაროს და სიცოცხლე გადაარჩინოს“

სასამართლო დავა, რომელიც თბილისში პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიულ შენობას ეხება, მეოთხე წელია, გრძელდება. ობიექტი დღევანდელმა მესაკუთრეებმა ორი მსხვილი კომერციული ბანკისგან გამოისყიდეს.
ორი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეების სარჩელი არ დააკმაყოფილა, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ (ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერაშვილი, პაატა ქათამაძე) კი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და საქმე ისევ სააპელაციო სასამართლოში დააბრუნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს მოსამართლეთა შემადგენლობა ქეთევან მესხიშვილის თავმჯდომარეობით განიხილავს. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან მოსამართლეები თამარ ალანია და თამარ ზამბახიძე. სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გაურკვეველი დროითაა გადადებული.

„ქრონიკა+“, ამჯერად, მოსარჩელე მხარის, სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატს, ყოფილ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს ესაუბრება:

_ ბატონო არჩილ, როგორც ცნობილია, თქვენ იცავთ სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ინტერესებს, რომელიც ამჟამად სასამართლოში დაობს, რომ აღიდგინოს საკუთრების უფლება პეტრიაშვილის #1-ში არსებულ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. სანამ სს „სავანის“ სასარჩელო მოთხოვნის შესახებ ვისაუბრებდეთ, ჯერ შევეხოთ უშუალოდ „სავანის“ შიგნით მომხდარ მოვლენებს, რადგან ამ ნაწილშიც არსებობს სერიოზული კითხვები და „სავანის“ არაერთი აქციონერი მიიჩნევს თავს დაზარალებულად. კერძოდ, თუ შეიძლება, მკითხველს მოუყვეთ იმ პროცესების შესახებ, როდესაც 2000 წელს „სავანეში“, როგორც სააქციო საზოგადოებაში, იწყება აქციონერთა ახალი ჯგუფის შემოსვლა გიორგი მგალობლიშვილის უშუალო მონაწილეობით. უფრო კონკრეტულად კი, თუ შეიძლება, ჩვენი გაზეთის მკითხველს რომ გააცნოთ, რა ხელშეკრულება გაფორმდა „სავანესა“ და შპს „იმპერიალ ჯორჯიან ვაინსს“ შორის და რა სახის ინვესტიციები განახორციელა აღნიშნულმა კომპანიამ „სავანის“ კაპიტალში?
_ სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ინტერესებს 2014 წლის დეკემბრიდან ვიცავ, როდესაც სარჩელი შევიდა სასამართლოში, ქ. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე „სს სავანე ღვინის #1 ქარხნის“ საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით და ვიცი, რომ ამ სარჩელს ქარხნის ყველა აქციონერი უჭერს მხარს. მანამდე განვითარებულ პროცესებში, რომელიც შეეხება სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბებას, აქციონერთა შორის აქციების გადანაწილებასა და მათ შორის ერთმანეთში არსებულ დავას, მე მასში არ ვმონაწილეობდი და შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა პროცესები მოხდა.
_ ბატონო არჩილ, „სავანის“ აქციონერთა ერთი ნაწილი ბრალს სდებდა ბატონ გიორგი მგალობლიშვილს ღვინის ქარხნის ქონების უკანონო მითვისებაში. იმისთვის, რომ უფრო ნათელი მოვფინოთ აღნიშნულ საკითხს, თუ შეიძლება, ჩვენი გაზეთის მკითხველს რომ გააცნოთ, თუ როგორ გახდა ბატონი გიორგი მგალობლიშვილი სააქციო საზოგადოება „სავანის“ აქციების 50%-ის მესაკუთრე იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ ბატონ გიორგი მგალობლიშვილს აქციები არ შეუძენია და არც კომპანიისთვის გადაუხდია რაიმე თანხა? ანალოგიურად, მკითხველისთვის, ვფიქრობ, საინტერესო იქნება თქვენი განმარტებები იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა ბატონი გიორგი მგალობლიშვილის მამამ, მიხეილ მგალობლიშვილმა, ღვინის ქარხნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ საკუთრებაში მაშინ, როდესაც მასაც, საკუთარი შვილის მსგავსად, კონკრეტული თანხა ქონების შეძენაში არ გადაუხდია?
_ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გიორგი მგალობლიშვილი არასოდეს ყოფილა სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ აქციების 50%-ის მესაკუთრე, რაც შეეხება მის მამას _ მიხეილ მგალობლიშვილს, სამოქალაქო საქმეში არსებული მონაცემებით, მან ქარხნის ქონების ერთი ნაწილი _ 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2004 წლის 12 ნოემბერს 75.000 ლარად შეიძინა ჯეფრი ტერენს კოკიჯისაგან. მიხეილ მგალობლიშვილი ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო 2006 წლის 27 დეკემბრამდე, როდესაც ამ უკანასკნელმა, წარმომადგენლის მეშვეობით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ვლადიმერ ცომაიაზე გაასხვისა.
_ ბატონო არჩილ, თქვენთვის, ალბათ, კარგად ცნობილია განაჩენი, რომელიც ღვინის ქარხნის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ დადგა, როდესაც ათამდე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს იმის გამო, რომ მათ ბრალი დაედოთ ორგანიზებული ჯგუფის გამოყენებით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში. იმ დროს მოცემულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ამ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო სწორედ გიორგი მგალობლიშვილი და რომელსაც იცავდით პირადად თქვენ. თუ შეიძლება, მკითხველს რომ განუმარტოთ, ხართ თუ არა იგივე პოზიციაზე, რომ იმ დროს ბატონი გიორგი მგალობლიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლო იყო? თუ დღევანდელი გადმოსახედიდან ფიქრობთ, რომ იმ დროს საქართველოს გენერალური პროკურატურა სამართლიანად ედავებოდა ბატონ გიორგი მგალობლიშვილს ღვინის ქარხნის მოტყუებით მითვისებას და აქციონერების დაზარალებას?
_ სინამდვილეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ მე ბრალდებულ გიორგი მგალობლიშვილის ადვოკატი ვიყავი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმართულ სისხლის სამართლის საქმეში. კლიენტის უფლებების დაცვა საადვოკატო საქმიანობის ფუძემდებლური პრინციპია, ხოლო კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულობა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ძირითადი პრინციპია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე არ ვარ გიორგი მგალობლიშვილის ადვოკატი, იმ საქმეში, რომელშიც ვმონაწილეობდი, მისი ინტერესების პრიორიტეტულობის მოვალეობა დროში შეუზღუდავად მეკისრება. შესაბამისად, ადვოკატს არ აქვს უფლება, კლიენტთან დაკავშირებით პოზიციები იცვალოს დროში და კლიენტის შესახებ ისაუბროს ადვოკატის დღევანდელი თუ ყოფილი თანამდებობიდან გამომდინარე ან, თუნდაც, როგორც თქვენ ამბობთ, „დღევანდელი გადმოსახედიდან“. მოკლედ, დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუთავსებელია ადვოკატის ეთიკასთან.
_ ბატონო არჩილ, დღეს თქვენ იცავთ უშუალოდ სააქციო საზოგადოებას ანუ კომპანია „სავანეს“, თუმცა დროის გარკვეულ პერიოდში იცავდით ასევე ამ კომპანიის ანუ „სავანის“ ქონების მთავარ მიმთვისებელს. აღნიშნული ხომ არ გიქმნით დისკომფორტს და რამდენად სწორია, იყო ერთდროულად დამნაშავისა და დაზარალებულის ადვოკატი?
_ ეს საკითხი ზნეობრივ კატეგორიას არ განეკუთვნება. არც „კომფორტი“ და „დისკომფორტი“ გამოდგება შესაფასებლად. ადვოკატი იმ ქირურგს ჰგავს, რომელმაც ოპერაცია უნდა ჩაატაროს და სიცოცხლე გადაარჩინოს. ქირურგს არ აქვს უფლება დაინტერესდეს, თუ ვინ წევს მის საოპერაციო მაგიდაზე _ კრიმინალი თუ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსი. მან ოპერაცია ერთნაირი ხარისხით უნდა ჩაატაროს. ასეა ადვოკატიც. მან ერთნაირი მაღალი სტანდარტით უნდა დაიცვას მისი კლიენტის ინტერესი, ვინც არ უნდა იყოს იგი. როგორც ექიმისთვის, ასევე ადვოკატისთვისაც არ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები. ამიტომ შეზღუდვა ზნეობრივ კატეგორიაში ან კომფორტში კი არ არის, არამედ იგი შეიძლება არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტში, თუმცა კი ამჟამად ეს კონფლიქტიც არ არსებობს, რადგან ჩემ მიერ ქარხნის ინტერესების ამჟამინდელი წარმომადგენლობა შევათანხმე გიორგი მგალობლიშვილთან, ხოლო, თავის მხრივ, სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხანამ“ იცოდა, რომ მე წარსულში გიორგი მგალობლიშვილის ადვოკატი ვიყავი.
_ ბატონო არჩილ, ყველას კარგად მოეხსენება, რომ 2012 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, თქვენ გახდით საქართველოს მთავარი პროკურორი. სწორედ ამ პერიოდში აქტიურად დაისვა წინა ხელისუფლების მიერ დევნილი პირების რეაბილიტაციის საკითხი და საქართველოს პარლამენტმა ამ თვალსაზრისით გადადგა კიდეც კონკრეტული ნაბიჯები. ამ შეკითხვას გისვამთ სწორედ ღვინის ქარხნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის კონტექსტში. კერძოდ, ღვინის ქარხნის ქონების მითვისების ორგანიზატორობაში ბრალდებული გიორგი მგალობლიშვილი, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, თავდაპირველად ცდილობდა, რომ მისი „გამართლება“ მომხდარიყო სწორედ საქართველოს პარლამენტის მეშვეობით და მას შემდეგ, რაც აღნიშნული ვერ განხორციელდა, უშუალოდ საქართველოს მთავარი პროკურატურის მეშვეობით გიორგი მგალობლიშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. თუ შეიძლება, მკითხველს გააცნოთ, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია და თუ არ შეესაბამება, მაშინ საზოგადოებას რომ განუმარტოთ, იმ დროს თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რა საფუძვლით შეწყვიტა სისხლის სამართლის დევნა თქვენი ყოფილი კლიენტის, გიორგი მგალობლიშვილის მიმართ იმ პირობებში, როდესაც ათამდე პირი ამავე დანაშაულზე იყო უკვე გასამართლებული და სასჯელმოხდილი?
_ თქვენი კითხვა შეიცავს ფაქტობრივ უსწორობას, როდესაც აცხადებთ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში „უშუალოდ საქართველოს მთავარი პროკურატურის მეშვეობით გიორგი მგალობლიშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა“.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის 28 დეკემბერს, მიღებულ იქნა კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომლის მე-11 მუხლით სასჯელის მოხდისგან უნდა განთავისუფლებულიყო ყველა პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა) გათვალისწინებული დანაშაული, თუკი დაზარალებული პირი თანხმობას განაცხადებდა მსჯავრდებული პირის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე.
ამავე კანონის მე-16 მუხლით კი ყველა მსჯავრდებულს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა (ვისაც კანონის კონკრეტული მუხლი არ ეხებოდა).
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის კანონის ამოქმედების დროისთვის გიორგი მგალობლიშვილი სწორედ 180-ე მუხლით იყო დამნაშავედ ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 დეკემბრის განაჩენით და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
2013 წლის 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც გიორგი მგალობლიშვილისთვის ამნისტიის კანონის ნორმების შეფარდებაზე მსჯელობდა, მიიღო განჩინება, რომლითაც გიორგი მგალობლიშვილს მისჯილი 7 წელი 4 წლამდე და 10 თვემდე შეუმცირა (ანუ სასჯელი მხოლოდ ერთი მეოთხედით შეუმცირა). სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გიორგი მგალობლიშვილის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლებას მხარს უჭერდა დაზარალებული _ სააქციო საზოგადოების დირექტორი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა, რადგან გიორგი მგალობლიშვილის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად არავინ იყო ცნობილი (რაც, თავის მხრივ, საქმის ხარვეზს წარმოადგენდა, თუმცა ეს სხვა საკითხია). ასეთ ვითარებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაზარალებულად მიიჩნია არა სააქციო საზოგადოება, არამედ სახელმწიფო. პროკურატურის წარმომადგენელმა კი, რომელიც პროცესზე სახელმწიფოს სახელით გამოდიოდა, მხარი არ დაუჭირა გიორგი მგალობლიშვილის სასჯელისგან სრულად განთავისუფლებას. აღნიშნულის საფუძველზე გიორგი მგალობლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, 2013 წლის 24 ივლისს, გიორგი მგალობლიშვილი სასჯელისგან სრულად გაათავისუფლა, რადგან უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად საქმეში ასეთი დოკუმენტის არარსებობისა, ამ საქმეში დაზარალებული იყო სააქციო საზოგადოება, რომელიც თანახმა გახლდათ გიორგი მგალობლიშვილის მიმართ ამნისტიის სრულად გავრცელებაზე.
აი, ასეთია სინამდვილე.
და კიდევ ერთი დეტალი: ჩემთვის ამ პროცესის მიმდინარეობის შესახებ იმჟამად სრულიად არ იყო ცნობილი (მსგავსი ათასობით პროცესი მიდიოდა). ამ საკითხით დავინტერესდი ახლა, როდესაც სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა არაერთხელ განაცხადა პროცესზე, რომ თითქოსდა გიორგი მგალობლიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემი ხელშეწყობით შეწყდა. ამის უარსაყოფად მე გიორგი მგალობლიშვილს დავუკავშირდი, რომელმაც მომაწოდა კიდეც ზემოაღნიშნული ინფორმაცია. თუ დაინტერესდებით, შემიძლია მოგაწოდოთ კიდეც უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებაც, რომელიც მე გიორგი მგალობლიშვილმა გამომიგზავნა.
_ ბატონო არჩილ, ახლა უკვე გადავიდეთ უშუალოდ ღვინის ქარხნის მიმართ განვითარებულ პროცესებზე. როგორც მოგეხსენებათ, გაზეთი „ქრონიკა+“ აქტიურად აშუქებს ამ მოვლენებს და, მათ შორის, ქრონოლოგიურად გაცნობილი ვართ იმ პროცესებს, რომელიც აღნიშნული ობიექტის მიმართ დროში განვითარდა. სწორედ ამ კონტექსტში გვაინტერესებს შევეხოთ 2008-2009 წლების მოვლენებს. ანუ პერიოდს, როდესაც ღვინის ქარხანა ჯერ კიდევ არ იყო გასხვისებული სხვადასხვა პირსა თუ კომპანიას შორის. კერძოდ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2009 წელს თქვენ იცავდით კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტს“. სხვათა შორის, აღნიშნული კომპანია უშუალოდ იყო მხილებული ღვინის ქარხნის ქონების მითვისებაში. განაჩენი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ქარხნის მითვისების ერთ-ერთ ფიგურანტად ასახელებს სწორედ კორპორაცია კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტს, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი მგალობლიშვილის ნათესავი ზურაბ მარგველაშვილი. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თქვენ ამ კომპანიის ადვოკატი იყავით და 2009 წელს ამტკიცებდით, რომ იმ დროს საქართველოს ხელისუფლების უკანონო და დანაშაულებრივი ჩარევით, რაშიც მონაწილეობდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნები, თქვენმა კლიენტმა, კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტმა“ უკანონოდ დაკარგა ქონება. ანუ მას ქონება წაართვა სახელმწიფომ და თქვენ იმ დროს ითხოვდით, რომ ქონების საკუთრება აღდგენოდა სწორედ კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტს“. ბატონო არჩილ, თუ ეს ინფორმაცია სწორია, მაშინ თუ შეიძლება, გაზეთის მკითხველს რომ განუმარტოთ, რამ განაპირობა ამჟამად თქვენი პოზიციის ცვლილება, როდესაც ამჟამად უკვე ამტკიცებთ, რომ ქონებაზე საკუთრება უნდა აღუდგეს არა კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტს“, არამედ „სააქციო საზოგადოება სავანეს“?
_ სინამდვილეს შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2009-11 წლებში მე თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოვადგენდი კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტის“ ინტერესებს, რომლითაც იგი ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა. კორპორაციის სარჩელი ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ კორპორაციის წარმომადგენელმა, კორპორაციის მიერ შეძენილი ქონება, კორპორაციის ნების საწინააღმდეგოდ დათმო. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 18 ოქტომბერს საქმის განხილვა შეწყვიტა. ასეთი იყო ამ საქმის პროცესუალური შედეგი.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, _ ჩემი პოზიციის ცვლილების შესახებ, _ რასაკვირველია, არავითარი პოზიციის ცვლილებას ჩემგან ადგილი არ აქვს. 2009-11 წლებში წარმოვადგენდი კორპორაციის ინტერესებს და ვიყავი კორპორაციის ადვოკატი, რომელიც 2011 წელს დასრულდა, როდესაც საქმის წარმოება შეწყდა. სააქციო საზოგადოების ადვოკატი ვარ 2014 წლის დეკემბრიდან, როდესაც სასამართლოში სარჩელი შევიდა. სანამ სააქციო საზოგადოების ინტერესების დაცვას შევუდგებოდი, აღნიშნულის შესახებ კორპორაციის წარმომადგენელს ვაცნობე და სააქციო საზოგადოების ინტერესების დაცვას შევუდექი მას შემდეგ, რაც კორპორაციამ მაცნობა, რომ კორპორაციის მხრიდან ინტერესთა კონფლიქტი არ იყო.
_ ბატონო არჩილ, გვინდა, ისევ გავაგრძელოთ ის კითხვა, რაც უკვე დავსვით, კერძოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თქვენ 2009 წელს ამტკიცებდით, რომ თქვენმა კლიენტმა, კორპორაცია „კაპიტალ მენეჯმენტ ინვესტმენტმა“, ღვინის ქარხანა დაკარგა საქართველოს გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნების უშუალო დანაშაულებრივი ჩართულობის შედეგად. გვაინტერესებს, მკითხველს რომ განუმარტოთ: მას შემდეგ, რაც თქვენ 2012 წელს გახდით საქართველოს მთავარი პროკურორი, მინიმუმ, სისტემიდან თუ დაითხოვეთ ყველა ის პროკურორი ან/და გამომძიებელი, რომელიც უშუალოდ თქვენ მიერ გადამოწმებული ინფორმციით ჩართული იყო ღვინის ქარხნის ქონების უკანონო წართმევის საქმეში?
_ ეს კითხვა ეხება საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემს საჯარო-სამართლებრივ საქმიანობას. მას შემდეგ, რაც მე აღარ ვარ მთავარი პროკურორი, არ მაქვს ეთიკური უფლება, ვისაუბრო პროკურატურის საქმიანობის დეტალებზე ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით.
_ ბატონო არჩილ, როგორც ზემოთ გავუსვით ხაზი, „ქრონიკა+“ აქტიურად აშუქებს ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. თქვენ, რასაკვირველია, გაცნობილი ხართ მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქმე ახლიდან განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ მოვიპოვეთ აღნიშნული გადაწყვეტილება, რომლის გაცნობის შემდეგაც შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ნებისმიერ პირს შეგიძლია ედავო ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირს, ანუ ქონების ბოლო მესაკუთრეს, არ ჰქონია არაინარი შემხებლობა მოდავე მხარესთან და ამასთან, ამ დავის წამოწყება არ არის შეზღუდული დროში, ანუ მოთხოვნა შეგიძლია დააყენო მიუხედავად იმისა, თუ რა ვადაა გასული ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვიდან. ბატონო არჩილ, ხომ არ ფიქრობთ, რომ უზენაესი სასამართლოს აღნიშნული დასკვნები საკმაოდ დააზიანებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, დააფრთხობს ინვესტორებს და იმის შიშს გაუჩენს, რომ ერთ დღეს მათ შეიძლება მიიღონ სარჩელი, სადაც მოდავე მხარე აცხადებს, რომ ქონება მას ეკუთვნოდა 10-15 წლის წინათ და ამჟამად ის მას სასამართლომ უნდა დაუბრუნოს?
_ მკითხველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ინტერვიუს თქვენ გაძლევთ, როგორც სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ადვოკატი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი პასუხები უნდა გამომდინარეობდეს კლიენტის ინტერესებიდან. ამ ინტერვიუს ფარგლებში არ ვარ არც ექსპერტი, მით უფრო, არც პროკურორი და არც დაუინტერესებელი პირი. თქვენ ახლა მეკითხებით უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოცემულ დავაზე არის გამოტანილი და რომლის საფუძველზეც საქმის განხილვა ახლაც გრძელდება. პროცესის თითოეული მონაწილე ისე განმარტავს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ეს მის პროცესუალურ ინტერესს შეესაბამება. თქვენს კითხვაში ჩემი პროცესუალური მოწინააღმდეგის ნარატივი მესმის, ამიტომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მკითხველს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება, ჩემი საადვოკატო მიზნებიდან გამომდინარე, წარმოვუჩინო. უბრალოდ, ისეთივე არაობიექტური ვიქნები, როგორიც კითხვის შინაარსია. ამ გადაწყვეტილების შეფასებას პროცესზე გავაკეთებ, რაც ჩემს საადვოკატო მოვალეობას წარმოადგენს.
_ დაბოლოს, ბატონო არჩილ, თუ შეიძლება გაზეთის მკითხველს გააცნოთ ის კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ღვინის ქარხნის ამჟამინდელ მესაკუთრეებს ამხელს ქონების უკანონო დაუფლებაში. როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დასტურდება, ღვინის ქარხნის ამჟამინდელ მესაკუთრეებს გადახდილი აქვთ საკმაოდ სოლიდური თანხა. ეს ინფორმაცია საჯაროა და მათი ყველა ხელშეკრულება, მათ შორის, ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი, ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრში ყველა დაინტერესებული პირისთვის. თუ შეიძლება, გაზეთის მკითხველს დეტალურად განუმარტოთ, რატომ უნდა ჩამოერთვათ ქონება იმ პირებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქონება შეიძინეს კანონიერად, მასში გადაიხადეს თანხა და საერთოდ არ მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი ჩვენს შეკითხვებში?
_ ეს კითხვა, რომელიც თქვენ ბოლოსთვის მოიტოვეთ, მთელ მრავალტომიან საქმეს მოიცავს. მას შემდეგ, რაც ქარხნის ქონება სს „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ნების საწინააღმდეგოდ (2006 წ.) გავიდა სააქციო საზოგადოების საკუთრებიდან, ამ ქონებამ მესაკუთრეთა მრავალი თაობა გამოიცვალა. ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე, ვისაგანც ქონებას ვითხოვთ, მეექვსე თაობის მესაკუთრეა. აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ ვასაბუთებთ, რომ ექვსივე თაობის მესაკუთრე და, მათ შორის, ამჟამინდელი მესაკუთრეც (საწარმო) არ არის კეთილსინდისიერი შემძენი. ქარხნის ქონების შემძენები ან პირდაპირ მონაწილეობდნენ ქარხნის ქონების უკანონოდ დასაკუთრებაში („აქტიური არაკეთილსინდისიერება“), ან კიდევ იცოდნენ, რომ ქონება უკანონოდ იქნა ქარხნის საკუთრებიდან გასული, ან კიდევ უნდა სცოდნოდათ ამ უკანონობის შესახებ და შეეძლოთ კიდეც ამის გაგება („პასიური არაკეთილსინდისიერება“). ცხადია, ამ ინტერვიუს ფარგლებში და ისიც ბოლოს დასმულ კითხვაში, მე ვერ შევძლებ ქონების ექვსი თაობის შემძენთა დახასიათებას. უფრო დეტალურად რომ გაიგოთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. მეც მზად ვარ, დეტალურად გესაუბროთ თითოეული შემძენის მიერ ჩადენილ დარღვევებზე და ცალკე ინტერვიუც მოგცეთ, თუკი ამის სურვილი გექნებათ.

ელისო კილაძე