ანაკლია _ თანამედროვე „ოქროს საწმისი“, ანუ „ვეფხისტყაოსნიდან“ „დამპლურ თამაშებამდე“

ანაკლია გეოპოლიტიკური მნიშვნელობით თანამედროვე და ხვალინდელი საქართველოსთვის „ოქროს საწმისის“ სამშობლოში დაბრუნების ტოლფასი ფასეულობაა. მისი მშენებლობა და, ზოგადად, ანაკლიის იდეის განხორციელება კი უმნიშვნელოვანესი ეროვნული აქტი გახლავთ.
ანაკლია, როგორც სიმბოლო, „ვეფხისტყაოსნის“ კოდის გახსნაც არის, როდესაც უამრავი უცხო ტომელი ერთი იდეისთვის ერთიანდება. ყურადღება მიაქციეთ უცხო ტომელი _ არაბიდან დაწყებული, ხვარაზმელით დასრულებული.

ანაკლია _ „შინ და გარეთ“ ქაჯეთის დანგრევისა და გამარჯვების უდიდებულესი სიმბოლოც არის.
სწორედ ამიტომ, თუ გვინდა ანაკლია, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეს ზოგადეროვნული, უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის პირობებში განხორციელდება არა ურაპატრიოტული სულისკვეთებით _ „ანაკლია ქართველმა უნდა ააშენოს“, არამედ სწორედ რომ „ვეფხისტყაოსნის“ სიმბოლიზმზე დაყრდნობით _ როგორც ტრანსნაციონალური ინტერესების შეკრების ცენტრი და გნებავთ, ზოგადსაკაცობრიო (მესმის, რომ ხმამაღალი ნათქვამია) კონტექსტის მქონე იდეა.

იდეა „ანაკლია“

დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ანაკლია _ ლაზიკა მიხეილ სააკაშვილის პროექტია, თუმცა თუ ისტორიასთან სამართლიანები ვიქნებით და თავად მესამე პრეზიდენტიც აღიარებს, ანაკლიაში პორტის მშენებლობა მისი ექსკლუზივი არ გახლავთ. ანაკლიის მიდამოში პორტის მშენებლობის იდეა, ჯერ კიდევ, 1976 წელს გაჟღერდა, რის მიზეზადაც ენგურჰესის მშენებლობის შედეგად საქართველოს სანაპირო ზოლში მოსალოდნელი ცვლილებები სახელდებოდა. პორტის მშენებლობა, გარდა პირდაპირი დატვირთვისა, ნაპირდაცვითი პრობლემის გადაწყვეტისა და რესურსის გონივრულად გამოყენების გზადაც იყო მიჩნეული.
ანაკლიის მახლობლად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი 1980-იანი წლების დასაწყისში მომზადებული ჰქონდათ გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ არჩილ კიკნაძეს და არქიტექტორ გიორგი მეტრეველს. მათი წინადადება ენგურის შესართავთან, ანაკლიის ჩრდილოეთით, ენგურის ზღვაში ჩადინების შედეგად, სანაპიროს სიახლოვეს წარმოქმნილ კანიონთან პორტის მშენებლობას ითვალისწინებდა.
ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებშიც იყო და მისით აქტიურად ინტერესდებოდა იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის კვლევა ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განაცხადი ამ მიმართულებით. პროექტი უფრო გლობალურად იქნა დანახული და მას ენიჭებოდა არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კონტექსტი. პროექტის მნიშვნელოვან გააზრებაზე მეტყველებს „ლაზიკის“ შესახებ კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერი. თუმცა აღიარებას მოითხოვს ის გარემოებაც, რომ რეალური საპროექტო მონახაზი იმ პერიოდში ჯერაც არ არსებობდა _ იყო მხოლოდ კონცეფცია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა „ლაზიკაზე“ და საკუთარ პროექტს ანაკლია დაარქვა. ცხადია, რომ მათთვისაც გასაგები გახდა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროექტს სახელმწიფოს განვითარებისთვის.

…დაიწყო…

2014 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მართალია, პროექტი ერთი-ერთში არ იმეორებდა სააკაშვილისეულ იდეას, მაგრამ ეს იყო ნამდვილი გარღვევა თავისი სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
„მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მივიღეთ, რაც კვლევები ჩატარდა და კვალიფიციური დასკვნა დაიდო. იგი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და პერსპექტიული პროექტია“, _ განაცხადა იმჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და ეკონომიკურ სარგებელზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების იმჟამიდელმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა: „ანაკლიის პორტი გახდება საქართველოს მთავარი საზღვაო კარიბჭე, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯება ასობით მილიონი დოლარის უცხოური და ადგილობრივი ინვესტიცია, პორტის მიმდებარედ ამოქმედდება ლოჯისტიკური ცენტრები, განვითარდება ეკონომიკური კლასტერი და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“.
პოტენციური ინვესტორებისგან ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და სატრანსპორტო კვანძის განვითარებისადმი ინტერესთა გამოხატვის ვადა 2014 წლის პირველ ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კანდიდატების შერჩევა მოხდებოდა გამჭვირვალე პროცედურებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდებოდა გამოცდილებაზე ანალოგიური სირთულის, მასშტაბისა და ტიპის პროექტების განვითარების, მართვისა და დაფინანსების კუთხით (ეს ადგილი კარგად დაიმახსოვრეთ, მოვლენების შემდგომი განვითარებისა და ანალიზისთვის დაგვჭირდება).

ამავე დღეს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღად 2015 წლის შემოდგომა დაასახელა.
„საქართველოს მთავრობის სურვილია, ეს პორტი კერძო კაპიტალით აშენდეს“, _ ეს სიტყვებიც გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის და ურიგო არ იქნება, თუ ამ ფრაზასაც დავიმახსოვრებთ მის შემდგომ კომენტართან ერთად: „წინასწარი გათვლებით, პორტის ღირებულება 700 მილიონიდან 800-900 მილიონ დოლარამდე იქნება, მთლიანად ლოჯისტიკური და საწარმოო ზონის განვითარება კი რამდენიმე მილიარდიანი პროექტია, რომელიც საქართველოს შემდეგ 10 წელიწადში ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს“.
ამავე დღეს აღინიშნა, რომ „ანაკლიის პორტი იქნება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. მაგალითად, ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერის გადაზიდვას მხოლოდ 17 დღე დასჭირდება. ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელების შედეგად ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება. დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა“.
ანაკლიის პორტის პროექტი გულისხმობდა საქართველოს გადაქცევას ისეთი ტიპის რეგიონულ ჰაბად, როგორიც არის, მაგალითად, დუბაი ან სინგაპური.
პროექტის ჩაშვების დღიდან საექსპერტო წრეებში გაჩნდა კითხვები და უმთავრესი მაინც ასეთი სახის იყო, _ ვისი ფულით აშენდება ანაკლია: რამდენიმე ინვესტორის მონაწილეობით, სახელმწიფოს დაკვეთით, თუ ერთ კომპანიას მიჰყიდიან და ის პორტს აიშენებს?..
ექსპერტი პაატა შეშელიძე, რომელსაც ნამდვილად ვერავინ დასწამებს პოლიტიკურ მიკერძოებულობას, ასეთ კითხვას სვამდა: „მხოლოდ პორტი ხომ არ იქნება? ალბათ, ინფრასტრუქტურაც არის გასათვალისწინებელი… თუ ამისთვის ბიუჯეტის ფული უნდა დაიხარჯოს, მაშინ არ მგონია ეს კარგი იდეა. თუ კერძო პირი დახარჯავს ამაში ფულს, ის პერსპექტივასაც დაინახავს და ააშენებს კიდეც პორტს“.
მოკლედ, სახელმწიფოს მიერ ვადების გამუდმებით ცვლის, პარალელურად მუშა პროცესის საჯარო დემონსტრირების, უამრავი კომენტარის კეთების, ინტერესთა გამოხატვის პროცესში ათზე მეტი კომპანიის ჩართვისა და მათი გაცხრილვის შემდგომ სახელმწიფო შემდეგი რეალობის წინაშე დადგა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლების საბოლოო მოპოვებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის კონსორციუმი“ ცდილობდნენ. პირველი კონსორციუმი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ დააარსა ამერიკულ კომპანია „კონტი ჯგუფთან“ ერთად, ხოლო კონკურენტ კონსორციუმში გაერთიანებული იყვნენ „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“ და ჩინური სახელმწიფო კომპანია „ფაუერ ჩაინა“.
თავიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება უფრო ჩინური კომპანიისკენ იხრებოდა. ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების ფარგლებში არაერთი განცხადება გაკეთდა გარკვეული მინიშნებებით, ეკონომიკის ექსმინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისიც კი განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზედაც ჩანაწერი გაკეთდა, არის ანაკლიის პორტი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩინეთის მხარე მიესალმება და ინტერესი აქვს ანაკლიის პორტის მიმართ“. დააკვირდით, რაზეა საუბარი: ქუმსიშვილი საუბრობს ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების კონტექსტში ანაკლიის მიმართ გამოთქმულ ინტერესზე. გაიხსენეთ ისიც, რომ „ფაუერ ჩაინა“ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.

„ფაუერ ჩაინა“

ინტერესთა გამოხატვის პროცეში „ფაუერ ჩაინამ“ დელეგირებული უფლებით მისი შვილობილი კომპანია Power Construction Corporation of China შემოიყვანა და პროექტს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პოლიტიკური დატვირთვა მისცა. ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის ჩართვა პროექტში იმთავითვე გულისხმობდა ჩინეთის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და დაინტერესებას. ამავდროულად, ჩინური კომპანია პარტნიორად პროექტში ამერიკულ მხარესაც იწვევდა.
რა პოლიტიკური, უფრო სწორად, გეოპოლიტიკური დატვირთვა ეძლეოდა პროექტს იმ პირობებში, როდესაც ანაკლიიდან სულ რამდენიმე კილომეტშია განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები, ხოლო ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო გემებიც დგას, ვგონებ, გასაგებია. ისევე როგორც ის საფრთხეები, რაც პროექტის სარგებელთან ერთად დგებოდა ქართული სახელმწიფოს წინაშე. ანაკლიის პროექტში ჩინეთის ჩართვა ხდებოდა უსაფრთხოების ბუფერი და გარანტიაც ქართული სახელმწიფოსთვის, პორტის პერსპექტივისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის უსაფრთხოებისა და მისი რეგიონული განვითარებისთვის. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გადასაზიდი ტვირთვის მოცულობის ნახევარზე მეტი სწორედ ჩინეთზე მოდიოდა. აქვე გავიხსენოთ კვირიკაშვილის მიერ ნათქვამი ფრაზა, რომლის დამახსოვრებაც გთხოვეთ: „ჩინეთიდან ევროპაში კონტეინერის გადაზიდვას მხოლოდ 17 დღე დასჭირდება“. უმნიშვნელოვანესია სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობაც და აქაც პირდაპირ უნდა ვთქვათ, _ ჩვენი „ერთმორწმუნე მეზობელი“ რასაც გაუბედავს საქართველოს და გნებავთ, ევროპას, გაუბედავს აშშ-საც (სირიაც საკმარისი მაგალითია), ვერ გაუბედავს ჩინეთს. პროექტის ფარგლებში ჩინური მხარე აპირებდა მასში არაბული კომპანიების ჩართვასაც, რაც ასევე, ერთგვარი უსაფრთხოების გარანტი იყო და ვისაც ამის გააზრება უჭირს გლობალური პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, იმათ ნამდვილად არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები აინტერესებთ და არც პატრიოტიზმის გაგება აქვთ.
2016 წლის 15 იანვარს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ დაახლოებით 12 დღეში დაასახელებდა ანაკლიის პორტის პროექტის განმახორციელებელ კომპანიას. მინისტრმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პირობების შესათანხმებლად სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან „ვაჭრობდა“.
„იმისთვის, რომ ინვესტორს შეუთანხმდე, პირველ რიგში, აკეთებ იმას, რომ გარკვეულ ნაწილზე უთანხმდები წინასწარ და რაღაც ნაწილზე მოგვიანებით ან მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად გამოაცხადებ. ჩვენ ამ წუთში კარგი გაგებით ვვაჭრობთ, რა ნაწილზე შევთანხმდეთ დღეს და რა ნაწილი იქნება გამოცხადების შემდეგ შესათანხმებელი გამარჯვებულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, _ აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ინვესტორი კომპანიის გამოსაცხადებლად მის კალენდარში 12 დღე იყო განსაზღვრული. აღნიშნული 12-დღიანი ვადა 27 იანვარს ამოიწურა და საკითხი ისევ გადაიდო.
ამ დროისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ „ფაუერ ჩაინა“ ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით _ ანუ გამოცდილება არსებობდა, რაზედაც ხელისუფლება, ჯერ კიდევ, 2014 წელს აკეთებდა მინიშნებებს კი არა, მოთხოვნებს აყენებდა.
„ფაუერ ჩაინას“ საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი დუ ჩუნგუო აცხადებდა, რომ კომპანიის წარმომადგენლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს ბაზარს. გარდა ამისა, „ფაუერ ჩაინა“ თანახმა იყო, რომ ანაკლიის პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განეხორციელებინა: „ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ პარტნიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ მუშაობას გავწევთ. ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ „ფაუერ ჩაინას“ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ასობით ადამიანი გვყავს, რომელიც მზად არის პორტის ასაშენებლად“.
და ამ დროს, დააკვირდით, რა ხდება: ქუმსიშვილის მიერ გაკეთებული, ზემოთ ნახსენები განცხადების შემდეგ ნათელი ხდება, თუ რას „ვაჭრობენ“ საქართველოს ხელისუფლება და კერძოდ ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი.
2016 წლის 5 თებერვალს მედიაში ქვეყნდება ინტერვიუ „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“ დამფუძნებელ თემურ ქარჩავასთან, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ხელისუფლება ვერ რიგდება ჩინურ კომპანიასთან. პარალელურად ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონფიდენციალურობის მოტივით დეტალებზე საუბარს არ აპირებენ, თუმცა ქარჩავა, თავის მხრივ, არაფერს მალავს.

თემურ ქარჩავა: „საუბარია საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალებზე სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის. ინტერესთა გამოხატვაში ორი კონსორციუმი მონაწილეობს. ერთმა შესთავაზა მთავრობას, რომ გარკვეული პუნქტები საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან მიმართებით მოწესრიგდეს. ამ შემთხვევაში ჩინური კომპანია, ანაკლიის პორტის კონსორციუმთან ერთად, მზად არის დააფინანსოს, ააშენოს და ექსპლოატაცია გაუწიოს ამ დიდ პროექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია. განსახილველია რამდენიმე საკითხი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. შეიძლება შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ინვესტორთა ერთ ჯგუფს ეს პირობები ხელს არ აძლევს, შეიძლება აწყობდეს მეორე ჯგუფს, ხაზარაძის კონსორციუმს _ „თიბისის“ და „კონტი ჯგუფს“.
აბა, კარგად დააკვირდით, ჩინური მხარე ითხოვს ხელშეკრულების პუნქტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ახლა კი მოვლენებს წინ გავუსწრებ და აქვე ვიტყვი, რა ავანტიურაზე წავიდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, როდესაც იმ ხელშეკრულებას დასთანხმდა, რომელსაც ჩინური მხარე არ თანხმდებოდა და ახლა აცხადებს, რომ ხელშეკრულება კაბალურია.
ყურადღებით დააკვირდით, დღეს ლევან ახვლედიანი, კონსორციუმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდეგს აცხადებს: „ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, აბსოლუტურად კაბალური პირობებით იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეგნებულად გავაკეთეთ. ჩვენ ვიცოდით, რაზეც ვაწერდით ხელს იმიტომ, რომ იმ დროს მთავრობას ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ უნდოდა, რაც შეიძლება მინიმიზაცია გაეკეთებინათ მთავრობის ვალდებულებებისა ამ ხელშეკრულებაში. რომ არ მოგვეწერა ხელი, ეს პროექტი არ შედგებოდა. ყველას დაავიწყდებოდა და იტყოდნენ, რომ არ არის ამაზე ინტერესი და ა. შ. ჩვენ ამას შეგნებულად მოვაწრეთ ხელი და მივყევით პროცესებს, რომ მერე პროცესში გამოჩნდებოდა დაბრკოლებები, რაც ამ კაბალურობას მოჰყვებოდა. ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებას 2016 წლის ბოლოს მოვაწერეთ ხელი“.
განა, ადვილი მისახვედრი არ არის, რომ ჩინური კომპანია იმთავითვე ითხოვდა ამ „კაბალური“ ხელშეკრულების პირობების საერთაშორისო სტანდარტებისთვის მორგებას, ხოლო ეს გაჭიანურებული პროცესი იყო თვალში ნაცრის შეყრა. საბოლოოდ კი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი იღებს გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს „კაბალურ“ ხელშეკრულებას და აქაც ცხადია _ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების გარანტიით, რომ ისინი გზადაგზა „მოუვლიან“ ამ ტექსტს და მოარგებენ კონსორციუმის ინტერესებს (იმისთვის, რომ ინვესტორს შეუთანხმდე, პირველ რიგში, აკეთებ იმას, რომ გარკვეულ ნაწილზე უთანხმდები წინასწარ და რაღაც ნაწილზე მოგვიანებით ან მას შემდეგ, რაც გამარჯვებულად გამოაცხადებ, _ დიმიტრი ქუმსიშვილი).
ესეც არ იყოს, რა უფლებით ითხოვდა და ითხოვს ბატონი ხაზარაძე და მისი გუნდი მთავრობის, რეალურად კი საქართველოს მოსახლეობის მიერ ინვესტიციების განხორციელებას ამ პროექტში იმ პირობებში, როდესაც მთავრობას იმთავითვე ჰქონდა დეკლარირებული: „საქართველოს მთავრობის სურვილია, ეს პორტი კერძო კაპიტალით აშენდეს“. ანუ აქ მოვლენების შემდგომი განვითარების გათვალისწინებით ცხადი ხდება, თუ რა ავანტიურაზე წავიდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მისი მხარდამჭერი პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი (ამ ორი პერსონის როლი ცალკე საგამოძიებო უწყების შესწავლის კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენჯერ ჩაუსწორა კონსორციუმს ხელშეკრულება მთავრობამ სწორედ მათი ინიციატივითა და მხარდაჭერით).
ისევ ამონარიდი იმავე ინტერვიუდან: „დავაკვირდებით, რა პირობებს მისცემენ მეორე კონსორციუმს. ჩინეთის გიგანტი კომპანია „ფაუერ ჩაინა“ მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები გადასახედია. თუ მას შევასწორებთ და საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანთ, იგი მზად არის, ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად დააფინანსოს ეს პროექტი. …რამდენიმე პუნქტია, რომელიც მისაღები არ არის ინვესტორისთვის. ამის შესახებ მაშინ ვისაუბრებთ, როდესაც გამარჯვებულს გამოაცხადებენ ან მანამდე, თუკი საჭიროდ მივიჩნევთ. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს… ჩინეთის გიგანტური კომპანია „ფაუერ ჩაინა“, ამერიკული კომპანია და ქართული „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკი“, რომელსაც ერთმანეთთან პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებთ, მზად არიან მისაღები პირობებით დაიწყონ პორტის მშენებლობა. არსებული პირობებით ეს პროექტი თავშივე განწირულია და დიდი რისკის ქვეშ დგას. …ამ პორტის მშენებლობა ითვალისწინებს ახალი მარშრუტის გაჭრას _ ჩინეთი-საქართველო-ევროპა. ახალ მარშრუტს ვერ გაჭრის „თიბისი“ და „კონტი ჯგუფი“ დიდი ჩინური კომპანიის გარეშე.
მოკლედ, ჩინური კომპანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ავანტიურისა (ეს არ გახლდათ რისკი) და მისი ლობისტების წყალობით (ლობისტების სავარაუდო ინტერესებზე არაფერს ვამბობ) პროცესებს მიღმა დარჩა.
ხაზარაძე და კონსორციუმი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს: TBC Holding, Conti International, SSA Marine, British Wondernet Express, G-star ltd
კონსორციუმში მონაწილე კომპანიები: Maritime & Transport Business Solutions (MTBS), Van Oord-I, Royal HaskoningDHV, Moffatt & Nichol
ბარემ აქვე ვიტყვი: „ანაკლიის განვითარების კონსრციუმის“ მიერ მიერ ამ დრომდე შესრულებული სამუშაოები ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი და ცალკეული მიმართულებებით შთამბეჭდავიც კი გახლავთ. თუმცა ამ ყველაფრის მიღმა არის უამრავი პრობლემა.
ვაღიაროთ, მამუკა ხაზარაძე კარგი მენეჯერია. თუმცა მისი ხუთასი დოლარით დაწყებული ბიზნესი, ამერიკული ოცნების ანალოგიით, სუფთა ბლეფია. თბილისი პატარა ქალაქია და ვინ რა და როგორ დაიწყო, გადასარევად ვიცით. მაგრამ ეს თემა არ განვავრცოთ. სხვასაც ბევრსაც ჰქონია ხელშეწყობა, მაგრამ იმის ნახევარი წარმატებისთვის ვერ მიუღწევია, რასაც ხაზარაძემ მიაღწია, არა მხოლოდ საბანკო ბიზნესში, არამედ ბორჯომის „წარმოების“ თუ სხვა ფრიად მომგებიან მიმართულებებში.
მაგრამ… მაგრამ… მას შემდეგ, რაც როგორც ლევან ახლვედიანმა აღნიშნა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი „კაბალურ“ ხელშეკრულებას დასთანხმდა, რეალურად არა სახელმწიფო, არამედ პირადი და კომერციული ინტერესების გათვალსწინებით, ბევრი რამ უცებვე ამოტრიალდა მათ სასიკეთოდ. რატომ ვამბობ არა სახელმწიფოს ინტერესების-მეთქი? _ სწორედ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ხაზარაძე და მისი ჯგუფი იმასაც გაითვალსწინებდა, თუ რა პოლიტიკური რისკები (საგარეო რისკებზე ვსაუბრობ) ახლდა პროექტს და იმასაც მიხვდებოდა, რომ პროექტიდან ჩინური კომპანიის გათიშვა, როდესაც დეკლარირებული იყო ჩინეთის სახელმწიფოს ინტერესები ამ მიმართულებით, პირდაპირ ნიშნავდა გადასაზიდი ტვირთების სიმცირეს. თუნდაც ამ ეტაპზე, ტვირთნაკადის ასპექტში, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების პირობებშიც კი, ხელშეკრულების მოშლას პორტის დასრულების შემდეგ და ქართული მხარის ისევე აყირავებას, როგორც კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ააყირავეს ჩინეთი, დიდი ჭკუა და მოხერხება არ სჭირდება.
საგარეო რისკების კონტექსტში არც ის გაითვალისწინეს, რომ აშშ ვერ გახდებოდა ვერც ერთი საინვესტიციო ჯგუფისა თუ აქციონერის ინტერესების დამცველი პოლიტიკური გარანტორი. ეს გარანტია ერთადერთხელ ამუშავდება, თუ ქართული მხარე ამ ჯგუფის გადაგდებას მოისურვებს. ანუ ამ მოცემულობის _ ანაკლიის გამო აშშ-სა და რუსეთს შორის კულუარებშიც კი არ გაიმართება არასოდეს მსჯელობა. ამის მიზეზია პოლიტიკური პრაგმატიზმი _ აშშ არასოდეს ეტყვის და არც აჩვენებს ღიად რუსეთს, რომ მისი გავლენის სფეროს ორი კილომეტრით მიუახლოვდა. რა თქმა უნდა, ბიზნესინტერესებს გაუწევს ლობირებას და ექნება დაინტერესება, მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად არ გახდის. ამიტომ კვირიკაშვილის პოლიტიკური მავნებლობა, პროექტის პრაგმატულად შეუფასებლობისა და რისკების გაუთვლელობის თვალსაზრისით, აბსოლუტურად ნათელია, ხოლო ხაზარაძის აგდება და პროექტის მისთვის შეტენვა, ამ უკანასკნელის მიამიტობას მივაწეროთ და უფრო შორს არ წავიდეთ.

***
მაგრამ ახლა სახელშეკრულებო ავანტიურას დავუბრუნდეთ.
ხელშეკრულებით ნაკისრ პირობებში სახელმწიფოს ვალდებულება განისაზღვრებოდა 60 მილიონით, რითაც უნდა მომხდარიყო კერძო მფლობელებისგან მიწების გამოსყიდვა. თუმცა კონსორციუმმა უმალ დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ პორტის მშენებლობისთვის სახსრების მოძიება გაჭირდებოდა და სახელმწიფო „იძულებული გახადა“, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით პროექტში 100 მილიონის  ჩადების შესახებ გაეფორმებინა ხელშეკრულება. ეს იმთავითვე არღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობას იმის თაობაზე, რომ პორტი უნდა იყოს კერძო და ააშენოს კერძო კომპანიამ. უნდა ჰყავდეს გამოცდილი პარტნიორები, რაც არის ამ პორტის წარმატების პირობა. კერძო კომპანიას უნდა უზრუნველეყო მისი სრულად მუშაობაც და ინვესტიციების მოზიდვაც.
პარალელულად კონსორციუმს თავად უნდა მოეზიდა 120 მილიონი (ამჟამად მოზიდულია მხოლოდ 70 მილიონი) და მოსაზიდი აქვს 400 მილიონი ევროს ოდენობის სესხი (ისე, რა უცნაურია, რომ ამდენ ინვესტორს სახელმწიფოს მონაწილეობისა და გარანტიების გარეშე საკუთარი სარგებლის მისაღებად 500 მილიონის მოზიდვა უჭირს. მაგრამ ეს რიტორიკულ კითხვად დავტოვოთ). ხელშეკრულების შესაბამისად იყო დაგეგმილი, რომ დაფინანსება უნდა მოზიდულიყო 2018 წლის პირველი იანვრიდან. 2017 წელს, როცა ცხადი გახდა, რომ კონსორციუმი ვერ ასრულებდა ამ პირობას, ვადა კვლავ შეიცვალა _ 2019 წლის პირველი იანვრიდან კონსორციუმს სრულად უნდა მოეზიდა თავისი კაპიტალი, 400 მილიონის სესხი.
ჩანართი: ბატონ ხაზარაძეს, როდესაც პერიოდულად ხელშეკრულებების ვადების ცვლას მოითხოვდა, ნუთუ არ უჩნდებოდა უცნაური განცდები? ის ხომ ბანკირია და, სავარაუდოდ, იცის კიდეც, მაგალითად, საკრედიტო ვალდებულების დარღვევისთვის რა სანქციები ეკისრება მსესხებელს. თუ არაფერს ნიშნავს სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება და ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება უფრო წონიანია? თუ მომხმარებელი ვალდებულია ხაზარაძეს და მის ბანკს პირუთვნელად შეუსრულოს ყველა ვალდებულება და კონსორციუმი _ არა? მით უფრო, როცა წინასწარ იციან, რომ ხელშეკრულება „კაბალურია“, რეალურად ვერ შეასრულებენ, მაგრამ მერე რა _ პროექტი მნიშვნელოვანია და სახელმწიფოს დაშანტაჟებაც მოსულა, მით უფრო თუ მთავრობაში ლობისტები გყავს? ან ისიც გააზრებული გაქვს _ სახელმწიფო (ხელისუფლება) თუ არ დაემორჩილება შანტაჟს, ძალიან ადვილია, მას პრორუსობა მიაწერო, რუსული ინტერესების პრიზმაში დაანახო ობივატელს ის, რასაც შენ იმთავითვე ვერ აკეთებდი და იმის გამო, რომ მთავრობას ჩირქი არ მოეცხოს, ყველაფერზე უნდა გამოგყვეს, ხომ?
ახლა ციტატა ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ სამთავრობო საათის ფარგლებში გაკეთებული განცხადებიდან: „პორტის ოპერატორის ნაწილში შემოთავაზება არ შეესაბამება იმას, რაც ინვესტიციის ხელშეკრულებაში იყო გაწერილი. 400 მილიონის დაფინანსების ნაწილში ვარ მომსწრე იმისა, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა დონეზე საქართველოს მთავრობა უსვამდა ხაზს, რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ განიხილონ სესხის გაცემის საკითხი. თუმცა საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეისწავლეს პროექტი და მოგვაწოდეს ის პირობები, რის შეცვლასაც გვთხოვენ და ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ ისინი ითხოვენ ტვირთების გარანტიას, ამას ითხოვენ მთავრობის მხრიდან“.
ეს როგორ, ბატონო მამუკა ხაზარაძევ და ბატონო ექსპრემიერო კვირიკაშვილო? მამუკა ხაზარაძემ, როგორც ბიზნესმენმა, სამომავლო მოგება რომ ნახოს, სახელმწიფო უნდა დაუდგეს გარანტორად?! რატომ?! ა, ეს იმ „კაბალური“ ხელშეკრულების კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მიერ შეპირებული დეზაუვირების ნაწილია, არა?
ახლა ისევ გაგახსენებთ, ამ მიმართულებით რას გვთავაზობდა ჩინური კომპანია და ისიც, თუ ვისი იქნებოდა პორტში მოზიდული ტვირთის უმეტესობა, რომელიც ანაკლიის გავლით 17 დღეში აღმოჩნდებოდა ევროპაში?.. რა ქნას ახლა საქართველოს მთავრობამ (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში. ისე, მე თქვენ გეტყვით და სააკაშვილის ხელისუფლებას გაუბედავდნენ ამას), ჩინეთს უთხრას, ხაზარაძე ბიზნესავანტიურაზე წავიდა, ახლა ჩვენც გვაშანტაჟებს, კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი მავნებლები იყვნენ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ მოდით, ტვირთი მაინც აქეთ გამოუშვითო? თან სამომავლოდ ჩვენ რომ არ გავიჭყლიტოთ და ხაზარაძეს გარანტორად დავუდგეთ, ჩვენ თქვენ დაგვიდექით გარანტორადო?
მოკლედ ესეც მორიგი ცინიზმია, რა თქმა უნდა, კონსორციუმის მხრიდან.
ზემოთ მინისტრ ცქიტიშვილის ციტატა მოვიყვანე და გავიმეორებ: „პორტის ოპერატორის ნაწილში შემოთავაზება არ შეესაბამება იმას, რაც ინვესტიციის ხელშეკრულებაში იყო გაწერილი“.
აღნიშნულის საპასუხოდ კონსორციუმი აცხადებს, რომ პორტის ოპერირების გამოცდილებასთან დაკავშირებით, მინისტრის განცხადებაში ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა გამოცდილება ან ჰყოლოდა პარტნიორები, ვისაც ჰქონდა გამოცდილება პორტის მართვის მიმართულებით. შესაბამისად, კონსორციუმმა პროექტში შემოიყვანა ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი _ ამერიკული „სსა მარინე“ (SSA Marine), რომელიც პორტის ოპერატორი და ინვესტორია. „სსა მარინე“ მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორია, რომლის ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში მდებარეობს, წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს და მსოფლიოს 250 წერტილში ოპერირებს.
სინამდვილეში კი საქმე გვაქვს ფაქტების სასურველ ინტერპრეტირებასთან. არ მინდა უფრო მძაფრი შეფასების გამოყენება. დაინტერესებული პირებისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულებას SSA Marine-სთან მართლაც მოეწერა ხელი პრემიერ კვირიკაშვილის დროს. მაგრამ ახლა ირკვევა, რომ რეალურად პორტის ოპერირებას მოახდენს SSA International-ი, რომელიც გაცილებით მცირე კომპანიაა. თან აქ არის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ პორტის ოპერატორობა რეალურად გულისხმობს SSA International-ის ხუთი თანამშრომლის ყოფნას ადგილზე.
„დღეს კონსორციუმს შემოთავაზებული აქვს ჩვენთვის არა SSA Marine-ის, არამედ ერთ ჯგუფში შემავალი, პარალელური ორგანიზაცია SSA International-ის შემოსვლა. SSA Marine ნამდვილად არის დიდი კომპანია, 250 პორტის ოპერატორია. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი SSA International-ზე, რომელიც ბევრად პატარა კომპანიაა, რამდენიმე პორტის ოპერატორი ისიცაა, მაგრამ ის პორტები ანაკლიასთან შედარებით მცირე ზომისაა… გარდა ამისა, როცა ვსაუბრობთ პორტის ოპერატორზე, როდესაც კონსორციუმი კონკურსში შემოდიოდა, შემოთავაზებული ჰქონდა 12 თუ 17 დიდი პორტის ოპერატორი კომპანიები. ახლა ჩვენ გვაქვს ალტერნატიული მოდელი, როცა კომერციულ რისკებს საკუთარ თავზე იღებს კონსორციუმი, ასევე, კონსორციუმისა და SSA Internationalის მიერ დაფუძნებული კიდევ სხვა ქართული კომპანია, რომელშიც იმუშავებს 5 ამერიკელი მენეჯერი და ამ კომპანიამ უნდა წარმართოს პორტის კომერციული მართვა. სამწუხაროდ, ეს არღვევს ინტერესთა გამოხატვის პირობასაც და სულისკვეთებასაც“, _ აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
მოკლედ, ხაზარაძესა და კონსორციუმს გასდით და როგორც სურთ, ისე აპამპულებენ სახელმწიფოს. ჩვენ კიდევ, მთავარია, წონადმა და ავტორიტეტულმა სახელებმა მოგვჭრას ყური, თორემ შინაარსი არც არასოდეს გვაინტერესებს და სიღრმეებში ძიება _ მით უფრო.
მოკლედ, კონსორციუმში რადგან ღრმად არიან დარწმუნებულნი, თუ ხელისუფლება არ აჰყვება მათ ამ შანტაჟის პირობების შესრულებაში, მისი დისკრედიტება (რომ მთავრობა ხელს უშლის ანაკლიას და რუსულ ინტერესებს ატარებს) ადვილია. მით უფრო, თუ მედიასაც დატენი, წონად სახელებსაც გააჟღერებ და ცალკეულ სასარგებლო იდიოტებს თუ ანგარებიან პერსონებს შენ სასარგებლოდ განაწყობ.
მოკლედ, მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. მთავრობამ კონსორციუმი 20-მილიონიანი გარანტიისგან გაათავისუფლა და თანხების მოზიდვის ვადა ივნისამდე გადაუვადდათ.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა თავდაპირველად გაწერილი, ჩვენ გვქონდა საფინანსო ინსტიტუციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რათა მათთან ერთად გავიაროთ ყველა შესაძლო, სასურველი ცვლილება და მერე ყველამ ერთად განვსაზღვროთ, რა ცვლილებების შეტანა იქნება შესაძლებელი. ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან საფრთხე არ ემუქრება. გზის ნაწილში 11 მილიონი იყო გათვალისწინებული პროექტირებაზე. შარშან ეს ტენდერები ჩავარდა, რადგან ეს არ იყო მხოლოდ გზა, ეს არის გზა და რკინიგზა. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ სატენდერო პირობაში შესატან ცვლილებებზე. აქტიურ კავშირში ვართ, როგორც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ასევე ოთხივე დონორთან, რათა კონსორციუმმა დაფინანსების მოძიება შეძლოს“, _ აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
კონსორციუმი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ისე საუბრობს მის მიერ პირობების შესრულებაზე, არც ერთ ადგილას, არც ერთ წინადადებაში და მოსაზრებაში მადლიერებასაც კი არ გამოხატავს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობის გავლით აშანტაჟებს და აიძულებს, მუდმივად წავიდეს დათმობაზე. ისე, არც უნიათოდ გამოცხადებულ ხელისუფლებას ეუბნება მადლობას იმისთვის, რომ მის მიერ „კაბალური“ ხელშეკრულების ხელმოწერა იყო ბლეფი და სფეროში ნულოვანი გამოცდილების (მითხარით რამე ანალოგიური და მასშტაბური, რაც კონსორციუმს ჰქონდა განხორციელებული) კომპანიისთვის ამ პროექტის მიცემა იყო პროტექციონიზმის კლასიკური მაგალითი. დეკლარირებული პრინციპების უგულებელყოფა:
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდებოდა გამოცდილებაზე ანალოგიური სირთულის, მასშტაბისა და ტიპის პროექტების განვითარების, მართვისა და დაფინანსების კუთხით“. გახსოვთ, ზემოთ გიორგი კვირიკაშვილის ამ სიტყვების დამახსოვრება გთხოვეთ.
ახლა კიდევ კონსორციუმი გვამადლის: „იმისთვის, რომ არ დარღვეულიყო პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის გათვალისწინებული ვადები, კონსორციუმის ინვესტორებმა გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ პროექტის ფინანსურ დახურვას და განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის, 30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ადრეული ფსკერდაღრმავებითი და რეფულირების სამუშაოები“. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ რომ დროზე ვერ მოიძიეთ ინვესტორები, ვერ დაიწყეთ შესაბამისი სამუშაოები და ახლა იმას გვამადლით _ ფულს ვინ ჩივის, პროექტიც არ არის, მაგრამ ჩვენ სამუშაოებს ვასრულებთო, იცით, რას ჰგავს? საზეიმო სუფრისთვის დიასახლისმა სახაჭაპურე ცომი რომ მოზილოს, სხვა კერძების მომზადებას ვერ ასწრებდეს და რამდენიმეჯერ მოუწიოს გადაზელვა. ბიზნესის ენაზე ეს კიდევ უფრო მეტი ავანტიურაა _ ხალხს ანახო, რომ აკეთებ, მაშინ როდესაც სრულად გასაკეთებელი კაპიტალი არ გაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მადლობა იმისთვის, რომ ვიცით _ სუფრაზე ხაჭაპური იქნება. მერე რა, თუ არც ყველია და არც მისი საყიდელი ფული?
მინიმუმ, ძროხაც არ არის, რომ მოწველო და ახლა სახელმწიფოსგან ითხოვ ძროხას, ბალახსაც, მწველავსაც, ყველის ამომყვანსაც, მცხობელსაც და მერე სუფრაზე მიიტან, თავს მოიწონებ? არა, არა, თავს კი მოიწონებ, მაგრამ სუფრის წევრებს კი არ გაუმასპინძლდები _ მიჰყიდი. ეს კულინარიული გადახვევა იმისთვის, რომ მაძღარ თუ მშიერ ქართველს სუფრის ენა უკეთ ესმის, ვიდრე ბიზნესის და, პოლიტიკასაც მხოლოდ მაგიდასთან „აკეთებენ“ წარმატებულად.
რაც შეეხება ვადებს, კონსორციუმი აცხადებს, მერე რა, თუ „მოხდა მხოლოდ პროექტის ფინანსური დახურვისთვის განსაზღვრული ვადების გადავადება, თუმცა ეს გავლენას არ იქონიებს იმაზე, რომ პორტის პირველი ფაზის მშენებლობა თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში დასრულდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მივიღოთ ოპერირებადი პორტი“. როგორც თანამედროვე საქართველოში იტყვან: SORRY? ან What? ამავე ტონში ვიკითხავ: რატომ, ძმაო? რატომ? ბანკირებისთვის სიტყვა არ ფასობს და წონა არ აქვს? თქვენთვის მოსულა პირობების შეცვლა, ვადების გადავადება, კონტრაქტების საკუთარ თავზე მორგება და თქვენ მიერ უსახლკაროდ დატოვებული ადამიანებისთვის, _ არა?!! ჰო, მესმის რა შუაშია ეს ყველაფერი ბანკთან, მაგრამ მაშინ უნდა დავიჯერო, რომ ანაკლიის ხაზარაძე-კვირიკაშვილისეული ავანტიურა _ ფული არ მაქვს და პორტს და სიტის ვაშენებ კონსორციუმის „ობლიკო მორალეა“? თუმცა რატომაც არ უნდა დავიჯერო?
როგორ ეუბნებით ხოლმე ოპოთეკარებს, მსესხებლებს _ აი, ეს შენი ხელმოწერაა? წაგეკითხა, ძმაო, რას აწერდი ხელს. ჰოდა, წაგეკითხათ, ძმაო, რას აწერდით ხელს, თუ ეს წინასწარ დაგეგმილი ავანტიურა არ იყო. მეტიც: როგორ ფიქრობთ, მანდ, კოსორციუმში, _ ეს ქვეყანა მიშასია, ბიძინასია (არც ერთი გევასებათ თქვენ და არც _ მეორე) არა, ეს ქვეყანა ჩვენია, საქრთველოს მოქალაქეების, როგორ ხბოებადაც არ უნდა მიგვიჩნევდეთ და იდიოტებად.
მოკლედ, მე მაქვს პერსონალური შეფასება და სულაც არ არის სავალდებულო, ეს სრულიად საქართველომ გაიზიაროს. სულაც არ მაინტერესებს, ამ ყველაფერში ვინ ჩაითრია ხაზარაძე თუ კონსორციუმი. მაგრამ ბიზნესის ენაზეც, კაცობაშიც, ქუჩურშიც ამას სხვადასხვა სახელი აქვს, რომელსაც ერთი შინაარსი აერთიანებს და მის ყველაზე ვულგარულ ჟღერადობას აქ არ მოვიხმობ.
სახელმწიფოსთან და საკუთარ ქვეყანასთან მიმართებით კი ამ ყველაფერს პოლიტიკური და ეკონომიკური მავნებლობა ჰქვია. აქაც ხელები მექავება, უფრო მძიმედ დავწერო შეფასება, მაგრამ _ თავს შევიკავებ. თუმცა მსუბუქად მაინც ვიკითხავ, _ ხომ იცოდით, რომ ამის თავი არ გქონდათ და არც გამოცდილება, რომელი ნიკო ნიკოლაძე თქვენ იყავით და აკაკი ხოშტარია? მაგრამ თქვენ ხომ, ისევ და ისევ, ახვლედიანის ნათქვამის არ იყოს: „ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, აბსოლუტურად კაბალური პირობებით იყო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს შეგნებულად გავაკეთეთ. ჩვენ ვიცოდით, რაზეც ვაწერდით ხელს იმიტომ, რომ იმ დროს, მთავრობას ისეთი პოზიცია ჰქონდა, რომ უნდოდა, რაც შეიძლება მინიმიზაცია გაეკეთებინათ მთავრობის ვალდებულებების ამ ხელშეკრულებაში“. სახელმწიფოს ასე უღირდა, ასე ხედავდა და თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ის აგეყირავებინათ წინასწარი განზრახვით? ნინიას ბაღია?

სახელმწიფო და ხელისუფლება

ის, რა ზიანიც გასწია ხელისუფლებამ კვირიკაშვილისა და ქუმსიშვილის მეშვეობით ამ პროექტის ფარგლებში, დანაშაულია. საუბარი არ მაქვს იმაზე, რომ ხელისუფლებამ ამ პროექტის არასწორი და პროტექციონისტული მენეჯმენტით თვითდაზიანება მიიყენა, ვგულისხმობ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზიანს _ კარი დაუხშო 70-მილიარდიანი აქტივების მქონე ჩინურ სახელმწიფო კომპანიას, ურთიერთობები გააცივა ჩინეთთან, რომელიც პროექტის უსაფრთხოების გარანტორიც ხდებოდა, მთლიანობაში კი გეოპოლიტიკურ და ტრანსნაციონალურ პროექტს შეუქმნა საფრთხე.
თუმცა ამჟამად გვაქვს მოცემულობა და კრიზისი, რომელიც სახელმწიფოს დაუზიანებლად უნდა გადაწყდეს. ამისთვის აუცილებლად მიმაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ ღიად და საჯაროდ დააფიქსიროს მისი ვალდებულებები პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებზე და დათქვას კონკრეტული ვადები.
ამავდროულად, ხელისუფლებამ არამც და არამაც არ უნდა იკისროს კაბალური გარანტიები კონსორციუმის _ კერძო კომპანიის, ვალდებულებების გადასაფარავად, თუნდაც ტვირთების გარანტიებულ ნაკადთან მიმართებით. მე და ვერც ერთი საქართველოს მოქალაქე, ვერც ერთი ხელისუფალი, ვერ დაუდგება მოჯამაგირედ კონსორციუმს იმისთვის, რომ მან შემდგომი 50 წელიწადი ანაკლიის პორტიდან მიღებული მოგებით საკუთარი შთამომავლობის სიმდიდრე გააუხვოს.
სწორედ აქ, ამ ქვეთავში უნდა მოვიხმო კონსორციუმის განცხადების ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ანუ კონსორციუმი განმარტავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არ არის ერთი რომელიმე კერძო პირის ან ერთი კომპანიის პროექტი, არამედ ქვეყნისა და ხალხის პროექტია. საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, კონსორციუმმა ოპერირებადი პორტი საინვესტიციო ვადის გასვლის შემდეგ (დარჩენილია 50 წელი, _ ავტ.) სახელმწიფოს უნდა გადასცეს, მანამდე კი პორტის ოპერირებიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული წილი გაუზიაროს.
ბატონო? რამე ხომ არ გეშლებათ? მაშინ თუ ამას ჩემს პროექტადაც მიიჩნევთ და ჩემი შვილების პროექტად, რატომ არ იფიქრეთ სააქციო საზოგადოების შექმნა საქართველოს თითოეული მოსახლის წილის _ ნომინალური აქციის ფლობის უფლებით, რომელსაც თუნდაც სავალდებულო წესით, ამახევდა ხელისუფლება ოჯახის თითოეულ სულზე _ მაგალითისთვის, ათი ლარის ოდენობით?
მასე ვერ მომატყუებთ, რომ 50 წლის შემდეგ ქვეყნის გახდება. რომელი ქვეყნის და სახელმწიფოსი, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან აბიაბრუებს კონსორციუმი? ისე, იმ 100 მილიონში, რომელიც საპარტნიორო ფონდმა გამოყო და რომელსაც ახლა საერთო-სახალხო დატვირთვით იყენებთ, ხომ არ გავიწყდებათ, რომ 50 წლის გამავლობაში თქვენი ოჯახების გამდიდრებისთვის ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულია? საქართველოს მოქალაქეების, ქართული სახელმწიფოს ინტერესი ამ პროექტში სწორედ ის არის, რა თანმდევი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური სიკეთეებით ისარგებლებს ქვეყანა, რომელმაც დიახაც, რომ კერძო კომპანიას ანდო ამ სიკეთეების მისაღებად პროექტის განხორციელება. ეს ძალიან მარტივია, უმარტივესი გასაგები. მე გიკვეთავ აქ მშენებლობას, გაძლევ სარგებლის მიღების უფლებას და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი _ სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების სარგებლის ინტერესებისთვის არის განკუთვნილი.
აქვე ისიც გასაგებია, რაოდენ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ხელისუფლება იმთავითვე არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გამო. მით უფრო თემაში რუსეთის შემოყვანით და სახელშეკრულებო შანტაჟის პირობებში.
თუმცა გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და ხელისუფლების ვალდებულებაც კი არის, რომ ამჯერად მაინც მინიმალური დაზიანებებით გამოვიდეს ამ პროცესიდან და როგორც იტყვიან, კარტები ბოლომდე გახსნას. მომავალი თაობების გარატიით კი არც ერთ პირობას არ დათანხმდეს, მით უფრო ისეთს, რომლის რისკების პროგნოზირებაც ამ ვითარებაში, ერთი მხრივ, ცხადიც არის და, მეორე მხრივ, ძნელად პროგნოზირებადი.

პიროვნული შემადგენელი

მოკლედ, ალბათ, ძალიან იდეური უნდა იყო და სახელმწიფოს აღქმისა და გაგების ხედვაც უნდა გქონდეს იმისთვის, რომ არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად გაიაზრო, რა არის ანაკლია საქართველოს მომავლისთვის. ვგონებ, მაქვს ამის პრეტენზია, იმის მიუხედავად, რამდენად შეიძლება ჩემი მოსაზრებები ვინმემ გაიზიაროს ან პირიქით.
ეტყობა, ნამდვილად არ ვარ ბოლომდე დალაგებული, თორემ რა უნდა მრჯიდეს, ანაკლიის პროექტისთვის ინვესტორები ვეძებო? გასული წლის ზაფხულში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდნენ შვეიცარიული და ჩინური კომპანიების წარმომადგენლები. შვეიცარიულ კომპანიას საგზაო ინფრასტრუქტურისა და კერძოდ, დაკიდებული მეტროს მშენებლობის საკითხი აინტერესებდა. ბატონ კალაძესთანაც მოვახერხე მათი შეხვედრა. საუბარი იყო 35-მილიონიან ინვესტიაციაზე. საკითხი გაიჭედა. მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩინელებს კი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტები აინტერესებდათ. მაგრამ რადგან ეს სფერო „ოკუპირებულია“, შევეცადე, მათი ყურადღება ანაკლიისთვის მიმეპყრო. კონსორციუმის წერილობითი შემოთავაზებები როგორც პროექტთან, ასევე ანაკლია სიტისთან დაკავშირებით ორივე მხარემ მიიღო (არ შემიძლია, აქ „ანაკლია სიტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ბოჭორიშვილის გულისხმიერებაზე არ ვისაუბრო. ის ნამდვილად გამორჩეული მენეჯერია ამ პროექტში).
შვეიცარიელებმა უარი თქვეს სუფთა სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე. მერიის მაგალითზე ჩაითვალა, რომ საქართველოში ბიუროკრატია საშინლად მუშაობს. რაც შეეხება ჩინელებს, აი, აქ საქმე მართლაც ძალიან უხერხულად წარიმართა. როგორც მათ დაადგინეს, ჩინური მხარე დღემდე ნაწყენია „ფაუერ ჩაინას“ მიმართ გამოჩენილი დამოკიდებულებით და რაც მთავარია, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა გაბითურებით. მეტიც: ითქვა, რომ „ფაუერ ჩაინას“ საკითხი შეთანხმებული ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის დონეზე და ახლა ამ საკითხის ხელახლა გაცოცხლება სახელმწიფო დონეზე (არ იგულისხმება ცალკეული ჩინური კომპანიების მინიმალიზებული მონაწილეობის შესაძლებლობა პროექტში), თან სათადარიგო მოთამაშის დონეზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მეტიც: ცნობილი ხდება, რომ ჩინეთი მზად იყო, პროექტში სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე მილიარდი ჩაედო, კონკრეტული თანხაც კი დასახელდა: ათი წლის განმავლობაში განსახორციელებელი _ 12 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თანმდევი სოციალური კულტურული და რეგიონული პროექტების რეალიზებისთვის. სულ გათვლილი იყო 20-წლიანი საინვესტიციო პერიოდი.
სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის მერე ცდუნებას ვერ გავუძელი და ვიკითხე, _ რატომ არ ბრაზდება ჩინეთი საჯაროდ? სუფთა აღმოსავლური პასუხი მივიღე, _ მეგობრებს არ უბრაზდებიან, მეგობრებზე გული სწყდებათ და მათ ნაცვლად განიცდიან.
მასალები, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩემს არქივში დაგროვდა, 12 გადაძეძგილ საქაღალდეს მოიცავს. შევეცდე, დიდად არ გადამეღალეთ ზედმეტი ფაქტებით. თუმცა პუბლიკაციის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წინააღმდეგი ვარ და თავად ბატონ ხაზარაძეზეც არ მაქვს კარგი წარმოდგენა.
განვმარტავ: ბატონ ხაზარაძეს არ ვიცნობ, მიმაჩნია კარგ მენეჯერად, აქვს უამრავი კარგი სოციალური და კულტურული პროექტი, არის კარგი ფინანსისტი, მაგრამ სახელშეკრულებო ავანტიურა ცხადყოფს, რომ, სამწუხაროდ, ის არ გახლავთ გამორჩეულად პატიოსანი ბიზნესმენი (პიროვნული თვისებები ჩემი შესაფასებელი არ გახლავთ და არც არასოდეს ვიკადრებ ამ მიმართულებით აქცენტებს), დანარჩენი კიდევ პოზაა. ვიმეორებ: ბატონი ხაზარაძე საქართველოს (ანუ თითოეული მისი მოაქალაქის) სახელით გაფორმებულ ხელშეკრულებას მოექცა უკიდურესად ცუდად. მან და მასთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, მისმა ლობისტებმა ხელისუფლებაში ვერანაირად ვერ გათვალეს საქართველოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტის პრაგმატული ნაწილი და ფულს, შესაძლოა, პირად ამბიციებს დახარბდნენ, როდესაც ისეთ საქმეს შეეჭიდნენ, რომელშიც არაფერი გაეგებოდათ, მოკლედ, ქვეყნისთვის საზიანო „დამპლურ თამაშები“ ჩაერთვნენ.
მოკლედ, კარგი იქნება, თუ ბატონი ხაზარაძეც და ხელისუფლებაც სწორად გაიაზრებენ, რომ ანაკლია ნამდვილად არის ჩემი პროექტი სახელმწიფოებრივ პრიზმაში და მისით ნებისმიერი მოქალაქის დაინტერესება და მხარდაჭერა, ასევე კრიტიკა, აბსოლუტურად სწორია.

დაბოლოს

ზემოთ „ვეფხისტყაოსანი“ ვახსენე. ტყულად კი არა. თუ ხაზარაძეს და ხელისუფლებასაც მართლა უნდათ ამ პროექტის წარმატება _ მხოლოდ პორტის აგება არაა წარმატება, არამედ ანაკლიის ტრანსნაციონალურ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მაგალითი სახეზეა _ მოუყარეთ იქ თავი ყველას ინტერესს, განსაკუთრებით იმათსას, ვისაც შეუძლია საქართველოს თანადგომა. მეტიც: თუ გვინდა, რომ აქ ქვეყანაში „ოქროს საწმისიც“ გვქონდეს და ის არასოდეს წაგვართვან, მას ბევრი მეგობარი უნდა იცავდეს ჩვენთან ერთად და, რა თქმა უნდა, მათთვისაც ღირებული უნდა იყოს.
ჰო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იქნებ, თავად ბატონი ხაზარაძე დაელაპარაკოს ახლა გნებავთ „ფაუერ ჩაინას“ ან ჩინეთის ხელისუფლებას. დამიჯერეთ, ეს ერთ-ერთი სწორი და პრაგმატული ნაბიჯი იქნება. ერთ-ერთი და არა ერთადერთი. ისევე, როგორც სწორი იქნებოდა სახელშეკრულებო პირობების დაცვა როგორც კონსორციუმის, ასევე ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ახლა ამას გვერდი ავუაროთ. პროექტს გლობალურ პრიზმაში შევხედოთ და უპირველესად პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების გარანტიების კუთხით. დრო და შანსი ჯერაც არის. თორემ ანაკლია ნამდვილად აშენდება _ გააჩნია, როგორ და რის ფასად?
სულ ეს იყო, რაც ამ პუბლიკაციაში მინდოდა მეთქვა. სხვა ასევე უმნიშვნელოვანეს დეტალებზე შემდგომ პუბლიკაციებში ვისაუბრებ.

გოჩა მირცხულავა