1920 წლის თებერვალი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-6. 

დამანგრეველი მიწისძვრა

1920 წლის 20 თებერვლის ღამეს საქართველოში საშინელი მიწისძვრა მოხდა. ნიადაგის რყევების პირველი ტალღა 02:55 საათზე აღინიშნა და მისმა სიმძლავრემ რიხტერის სკალით 6,2 ბალს გადააჭარბა. მიწისძვრის ეპიცენტრი გორი იყო, მაგრამ ის მთელ საქართველოში და ქვეყნის დედაქალაქ თბილისშიც იგრძნობოდა. თბილისში შენობები უმნიშვნელოდ დაიბზარა, შუშები ჩაიმსხვრა, ხოლო ზოგიერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი ჩამოენგრა.
მიწისძვრის ეპიცენტრში კი საშინელი ვითარება იყო. გორის მცხოვრებლებმა ღამით საკუთარი ბინები დატოვეს და დაზიანებულ სახლებთან მიახლოებასაც ვერ ბედავდნენ. თებერვლის სუსხში ხალხი ღია ცის ქვეშ დარჩა. მოსახლეობაში პანიკა დაიწყო. გავრცელდა ათასი ჭორი, რომელიც ქაოსს კიდევ უფრო აძლიერებდა. გაზეთი „საქართველო“ მიწისძვრის შესახებ პირველ ინფორმაციას 21 თებერვალს ბეჭდავს: „გულ შემზარავი ამბავი მოვიდა გორიდან: მიწის ძვრამ დაანგრია სახლები და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. დაზარალებულია ახლო-მახლო სოფლებიც. ხალხი, რომელიც საოცარ გაჭირვებას განიცდის ახალ უბედურებაში ჩავარდა: ის ცნობები, რომელიც რედაქციამ ჯერ ჯერობით მიიღო, გვატყობინებენ დიდ ზარალს, როგორც ცოცხალი, ისე მატერიალური ძალის, რაც ჩვენგან დაუყოვნებლივ დახმარებას ითხოვს.
ქალაქ გორში დანგრეულია მრავალი შენობა. დაზიანებულია რკინის გზის შენობები. დაზარალდა სოფელი ხიდისთავი, საცა ბევრი სახლია დანგრეული. ზარალი და ადამიანთა მსხვერპლის რაოდენობა ჯერ ჯერობით გამორკვეული არ არის.
თბილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრი ამხანაგი ჭიჭინაძე, რკინის გზის უფროსი, სამედიცინო პერსონალი, ინჟინრები და მრავალი მუშა“.
როდესაც გათენდა, ზოგიერთმა მოქალაქემ დაზიანებულ შენობებში შესვლა და იქიდან საჭირო ნივთების გამოტანა სცადა, მაგრამ სტიქიამ მათ ამის საშუალებაც არ მისცა. როგორც გაირკვა, ღამის მიწისძვრა უბედურების მხოლოდ დასაწყისი იყო. 20 თებერვალს დღის სამ საათზე ბიძგები განმეორდა და იგი გაცილებით დამანგრეველი აღმოჩნდა. ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრემ 8-9 ბალს მიაღწია. პირველი ბიძგების შედეგად დაზიანებული შენობები უკვე პირწმინდად განადგურდა და ქალაქი ნანგრევებად იქცა.
მიწისძვრის შედეგად გორზე მეტად ქალაქის შემოგარენი და სოფლები დაზარალდა: კავთისხევი, სასირეთი, დოესი, ყარაღაჯი, მეტეხი, უფლისციხე, ახალქალაქი, გრაკალი, სკრაი, ხიდისთავი, ოხერა, რუისი, სვენეთი, ატენი, გორისჯვარი, კარალეთი და მრავალ სხვა სოფელი, პრაქტიკულად, მიწასთან იყო გასწორებული და იქ საცხოვრებლად ვარგისი სახლი აღარ დარჩა.
როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, მიწის რყევას თან საშინელი გუგუნი ერთვოდა და მიწა ისე ქანაობდა, რომ ადამიანი ფეხზე ვერ იდგა. შუადღისას, კი როდესაც 8-ბალიანი ბიძგები დაფიქსირდა, ქალაქში ისეთი მტვერი ავარდა, რომ გარკვეული დროის მანძილზე ცა მთლიანად დაფარა და ირგვლივ წყვდიადი გამეფდა.
გორში განადგურდა თვითმმართველობის შენობა, ციხე, ფოსტის შენობა, საერო და სასულიერო სასწავლებლები, სამხედრო ყაზარმები. ნაწილობრივ დაინგრა ან სერიოზულად დაზიანდა გორის ციხე, ქვემო რიეთის ეკლესია, ნათლისმცემლის ეკლესია. ერთადერთი შენობა, რომელიც მიწისძვრამ უმნიშვნელოდ დააზიანა, სახელმწიფო ხაზინის შენობა გახლდათ. მიწისძვრის ეპიცენტრში მომუშავე სპეციალისტების დასკვნით, ნგრევა იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობების უმრავლესობა აღდგენას, უბრალოდ, არ ექვემდებარებოდა. საჭირო იყო ყველა ნაგებობის დაშლა და მათი თავიდან აშენება.
22 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ მიწისძვრის დროს დაღუპულთა შესახებ პირველი ცნობები გამოჩნდა. სოფელ ხიდისთავში ნანგრევებიდან 33 გვამი ამოიყვანეს, ოხერაში _ 13. თავად ქალაქ გორში 54 ადამიანის გარდაცვალებას იუწყებოდნენ: „ქ. გორის ადგილას მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა. მთელს ქალაქში აღარ დარჩენილა არც ერთი სახლი დაუზიანებელი. ჩამოინგრა ძველი გორის ციხის კედლებიც. სადგურისა და მისი უბნის შენობებიც დანგრეულია. დაიქცა და გადმოვარდა გორის ჯვარის ეკლესია, რომელიც მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მთის წვერზე იდგა. სადგურ სკრასა და გორს შუა გახეთქილია გზის პირის კლდე. უკეთუ მიწის ძვრა განმეორდა, მოსალოდნელია, მთა მოირღვეს, მდინარე მტკვარში ჩავარდეს, შეჰგუბოს იგი და მისი კალაპოტი ქალაქისკენ მიჰმართოს. თვით რკინის გზის ლიანდაგი მრავალგან დახეთქილი და გამრუდებულია.
გორსა და სადგურ სურამს შორის მრავალ ალაგას ამოუხეთქია მიწის მცირე ნაპრალებიდან კვამლს, რომელსაც თან ამოჰქონდა მოლურჯო ფერის ქვიშა. ამბობენ აგრეთვე, რომ პირველი მიწის ძვრის დროს მთები განსაკუთრებული შუქით განათებულა“.
მიწისძვრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოს მთავრობის მითითებით სპეციალური კომიტეტი დაარსდა. კომიტეტში შედიოდნენ: იუსტიციის მინისტრი რ. არსენიძე (თავმჯდომარე), სასანიტრო განყოფილების უფროსი ს. ჯაფარიძე და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი ან. სალუქვაძე. კომიტეტში აგრეთვე ირიცხებოდნენ ქალაქთა, ერობათა კავშირებისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები.
მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად თავდაცვის სამინისტრომ გორში დაზიანებული შენობების აღსადგენად 600-კაციანი მესანგრეთა რაზმი მიავლინა. დაზარალებულებს ეხმარებოდნენ სახალხო გვარდიის ნაწილები. დაშავებულთათვის დახმარების აღმოსაჩენად გაიგზავნა სანიტარიული მატარებელი. ჩაიტანეს კარვები, პურის საცხობები, ტანსაცმელი. თბილისის სამხედრო ჰოსპიტალს მიეცა განკარგულება, შეფერხების გარეშე და სრულიად უფასოდ მიეღო ყველა დაშავებული. მთავრობის დადგენილებით 22 თებერვალი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის სასახლეზე დაუშვეს ეროვნული დროშა.
24 თებერვალს გაზეთი „საქართველო“ მკითხველს გორიდან და გორის მაზრის სოფლებიდან სპეციალურ რეპორტაჟს სთავაზობს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რა საშინელი უბედურება დაატყდა თავს მოსახლეობას: „გორის სადგური სულ მთლად დანგრეულია. ქუჩებში ხალხი ნაკლებ მოსჩანს. ალბად სოფლებში არიან გახიზნულნი, მაგრამ ვინც დარჩენილა, ნახევრად შეშლილის შთაბეჭდილებას სტოვებს, ისეთი მწუხარებით არის მოცული. ქუჩებში შეხვდებით საზარელ სურათებს. აქ დედა მისდგომია ნანგრევებს და დასტირის თავის შვილს, რომელიც ნანგრევებში მოჰყოლილა. იქ შეშლილი სახით ბავშვები დაეძებენ მამას. გზებზე ქალები და ბავშვები მოწყალებას ითხოვენ. საერთოდ მეტად საზარელ სურათს წარმოადგენს განადგურებული გორის ქუჩები. სადგურზე ხალხი ასობით არის დაგროვილი და ელის მატარებელს. მიწის ყოველი მცირე ძვრა ხალხში დიდ შიშს იწვევს, აიშლებიან, გაიფანტებიან დამფრთხალნი და ისევ დასხდებიან.
გორში არ არის არც ერთი შენობა, რომელშიც ცხოვრება შეიძლებოდეს. ფოსტის შენობა, რომელიც გარედან კარგად გამოიყურება, შიგნით მთლად ჩანგრეულია.
სოფელი ხიდისთავი მიწასთან არის გასწორებული. სახლებისგან მხოლოდ ყორეებია დარჩენილი. აქაც ის საზარელი ამბებია, როგორც გორში. ირგვლივ ტირილი და ვიში. თოვლში მინდვრად დარჩენილი ხალხი ნანგრევებს აღარ ეკარება, ბავშვები და ქალები პერანგის ამარა, ღამის ტანისამოსში სიცივით იყინებიან. აგერ ერთი ქალი რაღაცას დასტირის. ჩავხედეთ _ თოვლში პაწია თავგახეთქილი ბავშვი უდევს. იქ ერთი გლეხი ბარით დასდგომია და მიწას სთხრის, ცოლშვილს ეძებს“.
გაზეთის სპეციალური კორესპონდენტი მსგავს აღწერას გვთავაზობს უფლისციხიდან, ხიდისთავიდან, ოხერადან. ყველგან ერთი და იგივე სურათია: დანგრეული სახლები, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და ზამთრის სიცივეში ღია ცის ქვეშ დარჩენილი ხალხი. ხელისუფლებამ გორის მაზრიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. უსახლკაროდ დარჩენილებს ბორჯომში, სურამსა და თბილისში ანაწილებდნენ. მთავრობამ სპეციალური დეკრეტით მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 20 მილიონი მანეთი გადადო.
ამ მძიმე ფონზე იბეჭდება ინფორმაცია მაროდიორების შესახებაც, რომლებიც უპატრონოდ მიტოვებულ ქონებას ითვისებდნენ და არც ძარცვას თაკილობდნენ. მაგალითად, 21 თებერვლის ღამეს გორში გაქურდეს რესტორან „პურ-ღვინოს“ პატრონი ვინმე აბაშიძე და 70 ათასი მანეთი წაიღეს.
24 თებერვალს დამფუძნებელ კრებაზე მიწისძვრასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა რაჟდენ არსენიძემ. ამ მოხსენებაში მინისტრმა მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა პირველად მონაცემებსა და მიყენებულ ზარალზე ისაუბრა: „დაზარალებულია 50 სოფელი. დაზარალებული რაიონი იწყება გრაკალით და თავდება სკრით. ამ რაიონში 35-40 ვერსის მანძილზე ქვის შენობები სულ დანგრეულია. გადარჩა გომურები და წნულები, სადაც ხალხს თავი აქვთ შეფარებული. გარდაცვლილია 200 კაცამდე. უმეტესი ნაწილი დახოცილია ხიდისთავ-ოხერაში. არაა სოფელი, სადაც 4-5 მიცვალებულზე ნაკლები ყოფილიყოს. უფლის ციხეში კვირამდის 24 მკვდარი დაუსაფლავებიათ. 200 მძიმედ დაჭრილი და დაავადებული გამოიგზავნა თბილისის სხვა და სხვა საავადმყოფოში. დანარჩენ სოფლებიდან დაჭრილ დასახიჩრებულთა გამოგზავნა გრძელდება. პანიკა დიდია. ხალხს დაკარგული აქვს გრძნობა შთაბეჭდილების მიღებისა და თითქმის ლაპარაკისაც.
დაზარალებულთა რიცხვი 70 ათასზე ნაკლები არ უნდა იყოს. ყველაზე უფრო საშინლად დაზარალდა სანოვაგე, საქონელი და ხარკამეჩი და რაც გადარჩა, დამფრთხალი გაქცეულა და პატრონებს დღემდის ვერ უპოვიათ“.
სწორედ გორის ამ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩნდა ხალხში გამოთქმა გორელივით შუა გზაზე სიარულის შესახებ. ვინაიდან გორში ყველა შენობა ძლიერ დაზიანებული იყო და ყოველ წუთს მათი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა, შეშინებული მოქალაქეები ნაგებობების სიახლოვეს არ დადიოდნენ და გზის სავალ ნაწილზე სიარულს არჩევდნენ.

თბილისის განტვირთვის გეგმის შეჩერება

როგორც გაზეთ „საქართველოს“ 1920 წლის 16 თებერვლის ნომერი იუწყება, ქალაქის თავმა ბენია ჩხიკვიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოფიციალური მიმართვა მიიღო, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო ქალაქის მმართველობას სთხოვდა, აზრი გამოეხატა თბილისიდან მოქალაქეთა გასახლების პროცესის შესაძლო შეჩერების თაობაზე. საუბარი ეხებოდა 1919 წლის 18 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას. ამ დადგენილების მიხედვით, თბილისიდან უნდა გაესახლებინათ უცხო ქვეყნიდან შემოსული დევნილები, აგრეთვე ყველა უსაქმური ადამიანი და ის მოქალაქეები, რომლებიც თავისი პროფესიით და საქმიანობით არ იყვნენ დაკავშირებულნი დედაქალაქთან. თბილისის განტვირთვის მთავარ მიზეზად გაზრდილი კრიმინალი, ანტისამთავრობო საქმიანობა, აგრეთვე მძიმე სასურსათო და საბინაო კრიზისი სახელდებოდა.
თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობამ სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა ამ გეგმის განხორციელება და 1920 წლის თებერვლისთვის გასახლების პროცესის შეწყვეტას აპირებდა. გაზეთ „საქართველოში“ მოცემულია ამ დადგენილების გაუქმების მოტივებიც: „სავალდებულო დადგენილებამ ვერ მიაღწია იმ დიდ მიზნებს, რომელიც წინათ იყო დასახული. საერთაშორისო მდგომარეობა მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და რამდენიმე უცხო ქვეყანა საქართველოს დაჰპირდა პურის მოწოდებას“. საბოლოოდ, ქალაქის საბჭომ ამ დადგენილების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა, როგორც სხდომაზე ქალაქის საბჭოს წევრთა გამოსვლებიდან ჩანს, კვლავ მწვავედ იდგა უცხო ქვეყნიდან საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით დევნილთა შემოსვლის პრობლემა. ეს განსაკუთრებით რუსეთთან საზღვარს ეხებოდა. ჩრდილო კავკასიაში ბოლშევიკების გამოჩენამ და დენიკინის მოხალისეთა არმიის დამარცხებამ საქართველოს მიმართულებით ლტოლვილთა ახალი ნაკადი წარმოშვა, რომელიც გაჭირვებული ქვეყნისთვის უდავოდ დიდი პრობლემა იყო.
ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთმა „საქართველომ“ 1920 წლის 13 თებერვალს დიდი სტატია გამოაქვეყნა, საიდანაც იკვეთებოდა, რომ საქართველოს საკუთარი საზღვრები უნდა ჩაეკეტა და დევნილთა ახალი ნაკადი აღარ შემოეშვა: „ბოლშევიკების მოახლოვებამ საქართველოსკენ აუარებელი ხალხი დასძრა. გამორბიან ოდესიდან და შავი ზღვის სხვა სანაპირო ქალაქებიდან, გამორბიან კავკავიდან. თბილისი სამოთხეაო, _ ხმა გავრცელებულა და ყველა ამ სამოთხისკენ გამორბის. დიდი ტალღაა მოსალოდნელი კავკავიდან, რომელსაც ბოლშევიკები ემუქრებიან. რანაირი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ამ უცხო იმმიგრაციის საკითხისადმი? თბილისი ისედაც ხალხითაა გატენილი. სიძვირე დღითი დღე მატულობს; პირველი საჭიროების საგნები უფრო და უფრო იშვიათი ხდება. შემოხიზნულთა შორის ბევრია ისეთი, რომელიც ჩვენს მდგომარეობას ექსპლოატაციას უკეთებს და სპეკულიაციას აწარმოებს…
გვეყო, რაც აქამდის სიბრიყვე და უდარდელობა ჩავიდინეთ. ამ არა ჩვეულებრივ პირობებში შეუძლებელია, ჩვეულებრივი დროის ხალვათობა და სტუმართ-მოყვარეობა ვაწარმოვოთ. ყოველი უცხო პირი ქართველი კაცის კერძ პურსა სჭამს და მის ლუკმას იუფლებს. ხომ ვხედავთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, თითქმის ჩვენი სიმინდისა და ხორბლის ამარა ვრჩებით და გასული წელიწადი ისე დავასრულეთ, რომ უცხოეთიდან თითქმის ვერაფერი შემოვიტანეთ. ასეთ პირობებში როგორ შეგვიძლიან მჭამელთა კიდევ ახალ-ახალი ტალღები შევასიოთ ჩვენს დედაქალაქს. ვინც ამ საკითხს დემაგოგიური საბუთებით არ შეეხება, არამედ სახელმწიფოებრივ სიფრთხილისა და გამოზოგვის მხრივ, ის დაგვეთანხმება, რომ აუცილებელია ჩვენი საზღვრების დაკეტვა…
საზღვრების დაკეტვა და თბილისის გაწმენდა _ აი მომენტის მოთხოვნილება. თუ ადმინისტრატიული აპარატი მართლაც გვაქვს და ყველაფერი ცარიელი ტრაბახობა არაა, ერთიც და მეორეც სათანადო სიძლიერით უნდა ვაწარმოვოთ“.

მდგომარეობა ბათუმში

1920 წლის თებერვლის ნომრებში გაზეთი „საქართველო“ ინტენსიურად აშუქებს ბათუმის ოლქის ცხოვრებას და იქ მომდინარე მოვლენებს. 1919 წლის შემოდგომაზე საქართველოდან დიდი ბრიტანეთის საარმიო ნაწილების გასვლის შემდეგ, ბათუმი ამიერკავკასიაში ერთადერთი ადგილი იყო, რომელიც ჯერ კიდევ ბრიტანელთა ოკუპაციის ქვეშ რჩებოდა. მართალია, დანარჩენ საქართველოსთან ბათუმის ურთიერთობა არ შეწყვეტილა, მაგრამ იგი საქართველოს ტერიტორიად არ ითვლებოდა და მას ბრიტანული სამხედრო ადმინისტრაცია მართავდა.
4 თებერვლის გაზეთი იუწყებოდა, რომ ბათუმის ბაზარზე პირველი საჭიროების საგნების შოვნა გაძნელდა. ადგილობრივი კომერსანტები ბრიტანელების მიერ საქონელზე დაწესებულ ნიხრს ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ და საკუთარი სურვილის მიხედვით აწარმოებდნენ ვაჭრობას. აქვე აღნიშნული იყო, რომ ბათუმის ბაზარზე ვაჭრობა, ძირითადად, ქართული და ამიერკავკასიური ბონების საშუალებით მიმდინარეობდა.
12 თებერვლის ნომრიდან ვიგებთ, რომ თვის ბოლოს, კერძოდ კი 29 თებერვალს, ქალაქის საბჭოს არჩევნები დაინიშნა და ამისთვის უკვე შედგენილი იყო ამომრჩეველთა სიებიც. გაზეთი აქვეყნებს საინტერესო ინფორმაციას, საიდანაც ჩანს, თუ როგორი იყო ბათუმის ეთნიკური შემადგენლობა 1920 წლისთვის. ხმის მიცემის უფლება ჰქონდა: 4045 ქართველს; ქართველი მაჰმადიანების რიცხვი ამ სიებით 626 უდრიდა; აფხაზი _ 46; სომეხი _ 2230; ბერძენი _ 1854; რუსი _ 1734; ებრაელი _ 534; აზერბაიჯანელი _ 259; ოსმალო _ 213; ევროპის სხვა ერები _ 247; სულ ხმის უფლება 12 146 მოქალაქეს ჰქონდა, რომელთაგან 5 ათასი ქართველი იყო.
გაზეთი ამავე ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ბათუმი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და იმედს გამოთქვამს, რომ აჭარა ქვეყნის შემადგენლობაში სულ მალე დაბრუნდება. ამასთან, გამოცემა ბათუმში მცხოვრებ ქართველებს ძალების გაერთიანებას და არჩევნებში ერთ ფრონტად გამოსვლას მოუწოდებს: „იქ მყოფი ქართველობა დაქსაქსული პარტიული სიებით კი არ უნდა გამოდიოდნენ არჩევნებში, არამედ ერთი ქართველთა სიით, ამით ისინი შესძლებენ ბათუმის სათავეში მოექცნენ და ეს საქმეში გამოხატული ქართველი ერის სურვილი და მისწრაფება კიდევ ერთხელ დაარწმუნებს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთ, რომ ბათუმი საჩქაროთ საქართველოს უნდა შეუერთდეს. ჩვენ გვინდა ვიწამოთ, რომ ბათუმის დემოკრატია, _ ხალხი, სრული ეროვნულის შეგნებით შეხვდება ამ არჩევნებს და ბათუმის არეულ ცხოვრებას კალაპოტში ჩააყენებენ. ბათუმის ქართველებო, იბრძოლეთ მხოლოდ ქართველი ერის მისწრაფებისთვის!“
არჩევნების წინ _ 27 თებერვალს, გაზეთი „საქართველო“ უკვე ჩვენი მთავრობის ვრცელ განცხადებას ბეჭდავს, რომელიც აჭარის სამშობლოში დაბრუნების სულისკვეთებით არის განმსჭვალული. განცხადების დასაწყისში აღნიშნულია, რომ მძიმე საგარეო ვითარების გამო საქართველოს სხეულს დროებით მოწყდა მისი ორგანული ნაწილი _ ბათუმის ოლქი, მაგრამ საქართველოს მთავრობა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ეს უსამართლობა სულ მალე დაიძლეოდა და ბათუმი, რომელიც ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და ეკონომიკურად უდავოდ საქართველო იყო, კვლავ დაუბრუნდებოდა დედა-სამშობლოს. მთავრობის განცხადებით, საქართველოს მტრები სარგებლობდნენ არასახარბიელო მდგომარეობით და ხალხში ავრცელებდნენ ათასნაირ ჭორებს, ეწეოდნენ ანტიქართულ აგიტაციას და მოსახლეობაში ცდილობდნენ პანიკური განწყობების შექმნას და ქართული სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის დათესვას: „მთავრობას აქვს უტყუარი ცნობები, რომ ოლქის საზღვრებთან და თვით ოლქში დაძრწიან შეიარაღებული ბრბოები და პირები და ხალხს აქეზებენ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა გადაჭრით აცხადებს, რომ იგი შევა ბათომის ოლქში არა მტრული განზრახვით ვისიმე მიმართ, არამედ თანახმად ხალხის მტკიცე სურვილისა, სრულის სიმშვიდისა და წესიერების დასამყარებლად და ერთნაირის მზრუნველობით და სამართლიანობით დაიცავს მშვიდობიან მცხოვრებთა ინტერესებს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა.
საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა ზომებს, რათა ოლქის ცხოვრება მოაწყოს ისეთ ნიადაგზე, რომელიც უზრუნველყოფს მის თავისუფალ კულტურულ და ეკონომიკურ აყვავებას. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობას ვერ შეაცვლევინებს ვერავითარი ძალღონე. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ბათომის და ბათომის ოლქის მშვიდობიან მცხოვრებთ, არ აყვნენ ანარქიის და არეულობის მქადაგებელთ და თავიდან მოიცილონ შეიარაღებული ბრბოები“.

კულტურა

კულტურული თვალსაზრისით, 1920 წლის თებერვალი საქართველოში საკმაოდ საინტერესო გამოდგა. კონსტანტინოპოლიდან თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მომღერალი ქალი საბანეევა. 6 თებერვლიდან საქართველოს დედაქალაქში გასტროლებს მართავდა ცნობილი კომიკოსი მსახიობი მიხაილ ჩერნოვი. წარმოდგენილი იყო მისი დადგმა „დეიდა ჩარლეია“. ჩარლეიას როლს კი თავად ჩერნოვი ასრულებდა. არტისტული საზოგადოების თეატრში მაყურებელს ერისთავის ისტორიული პიესა „სამშობლო“ შესთავაზეს. სახელმწიფო თეატრში გაიმართა შულგინას ბენეფისი. ქართულ კლუბში 5 თებერვალს მოეწყო მუსიკალური საღამო, რომელზეც კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა ახალი რომანსების სერია შეასრულა.
მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ დაასრულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას ბიუსტზე მუშაობა. 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა, რომ სურვილის შემთხვევაში საზოგადო და საქვემოქმედო ორგანიზაციებს თავისუფლად შეეძლოთ ჟორდანიას ბიუსტის ასლების შეძენა.
თუმცა 1920 წლის თებერვლის მთავარი კულტურული მოვლენა თბილისში ქართული კონსერვატორიის დაარსების გადაწყვეტილება გახდა. როგორც გაზეთ „საქართველოს“ 14 თებერვლის ნომერი იუწყებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ქართული სამუსიკო საზოგადოების გამგეობის ინიციატივით, საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას ცნობილი მუსიკოსი ანდრონიკაშვილი თავმჯდომარეობდა.
ანდრონიკაშვილის გეგმით, უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელი ყოფილი რუსული კონსერვატორიისა და ქართული სამუსიკო სკოლის შეერთებით უნდა შექმნილიყო. კრებაზე მოხსენება გააკეთა კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა და დიმიტრი არაყიშვილმა, რომლებმაც კონსერვატორიის დაარსებასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება გამოთქვეს. აზრთა გაცვლის შემდეგ სიტყვა ანდრონიკაშვილმა აიღო: „აქ, როგორც სჩანს, სამი აზრი არსებობს: 1) დაარსდეს ქართული კონსერვატორია ქართულ სამუსიკო სკოლის გაფართოების სახით. 2) გადაკეთდეს რუსული კონსერვატორია სახელმწიფო კონსერვატორიად. 3) შეერთდეს ორივე სასწავლებლის ძალები და ამ გზით დაარსდეს ქართული კონსერვატორია.
კრებამ გამოიტანა შემდეგი რეზოლიუცია: დაარსდეს ქართული კონსერვატორია, არსებულ რუსულ კონსერვატორიის და ქართულ სამუსიკო კოლეგიის პროფესორთა შეერთებული ძალებით. ქართული სკოლა უნდა გადაკეთდეს დასაწყის და საშუალო სამუსიკო სასწავლებლად. უმაღლესი კურსი კი იყოს კონსერვატორიაში. ორივე სამუსიკო სასწავლებელი, როგორც უმაღლესი ისე საშუალო გამოცხადდეს სახელმწიფოდ. ეთხოვოს განათლების მინისტრს, რაც შეიძლება მალე მიიღოს ყოველი ზომა ამ საქმის მოსაწყობათ“.

სხვადასხვა ამბავი

გაზეთ „საქართველოს“ ჰქონდა მუდმივი რუბრიკა, სადაც მოკლე და მოქალაქეებისთვის საჭირო ცნობები იყო თავმოყრილი. 5 თებერვალს გაზეთი იტყობინებოდა, რომ მთავრობის სპეციალური დადგენილებით, დიდების ტაძრიდან („ცისფერი გალერეა“ რუსთაველის გამზირზე) ჩამოხსნეს თუჯისგან დამზადებული რუსული ასოები.
მეორე ინფორმაცია უკვე სვეტიცხოველს ეხებოდა. დამფუძნებელი კრების სამხატვრო კომისიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს განცხადება მიიღო, საიდანაც ირკვეოდა, რომ სვეტიცხოვლის ტაძრის სახურავი დაზიანდა და წვიმის დროს ტაძარში წყალი ჩადიოდა. მისი უწმინდესობა საქართველოს მთავრობას სთხოვდა, ამ გარემოებისთვის ყურადღება მიექცია, რათა ქვეყნის ეს დიდების ნაშთი არ გაფუჭებულიყო.
19 თებერვლის ნომერში გაზეთი გვატყობინებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა ტოკიოდან დეპეშა მიიღო, რომლის მიხედვითაც იაპონიამ ოფიციალურად აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. იანვარში ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარების შემდეგ იაპონია არგენტინის შემდეგ უკვე მეორე ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო.
7 თებერვლის ნომერში დაბეჭდილი ცნობის მიხედვით, ბოლო ხანებში თბილისში საგრძნობლად გაიზარდა გადამდები სენით დაავადებულთა რიცხვი. კერძოდ, გამოვლინდა პარტახტიანი ტიფითა და ხუნაგით ავადმყოფობის შემთხვევები. მეორე დღეს გაზეთი უკვე ქალაქის სამედიცინო-სანიტარიულ ინსპექტორ მეუნარგიას ვრცელ მოხსენებას აქვეყნებს, რომელიც მან ქალაქის საბჭოში გააკეთა. ამ მოხსენებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ქალაქში მარტო ტიფის 6013 შემთხვევა დაფიქსირდა. მეუნარგიას თქმით, ავადმყოფობა, ძირითადად, ქალაქის ღარიბ უბნებში იყო გავრცელებული, სადაც სანიტარიის ნორმები არ იყო დაცული და სიბინძურე სუფევდა.
დაბოლოს, კვლავ მძიმე იყო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. თბილისის ზოგიერთ გიმნაზიაში სათბობი მასალის დეფიციტის გამო სწავლა შეწყდა. გზათა დეპარტამენტმა გაძვირებული საწვავის გამო დამფუძნებელ კრებას პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც რკინიგზაზე მგზავრობისა და ტვირთების გადაზიდვის ტარიფის გაზრდა იგეგმებოდა.

მიხეილ ბასილაძე