„ვაცხადებთ სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას!“

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ზუგდიდში, სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნით, აქცია გაიმართა _ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მეგრულ, სვანურ და ლაზურ ენებს რატომღაც, განადგურება, ემუქრება, ზუგდიდის ბულვარში შეიკრიბა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი ამ პრობლემის მიმართ ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იური ღვინჯილიამ, რომელსაც ასეთი აქცია სხვა დროსაც გაუმართავს და, ზოგადად, მსგავსი პროვოკაციებით გამოირჩევა, განაცხადა, რომ არც მოქმედმა და არც წინამორბედმა ხელისუფლებამ არ ისურვა მეგრული, სვანური და ლაზური ენების დაცვა, შესაბამისად, ახლა იძულებული გახდა, რომ ძველ მოთხოვნებს პოლიტიკურიც დაუმატოს. ეს პოლიტიკური მოთხოვნა კი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ წასვლაა.
ამასთან, იური ღვინჯილია ამბობს, რომ თავად პრობლემის გადაჭრის გზას მხოლოდ სამეგრელოს პოლიტიკურ ავტონომიაში ხედავს.

„ენების პრობლემა არის იგნორირებული და ჩვენც იძულებული ვართ, პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავიდეთ. მიმაჩნია, რომ სამეგრელოს პოლიტიკური ავტონომიის გარეშე ეს და სხვა პრობლემები მოუგვარებელი დარჩება. სამეგრელოში შექმნილია ეთნოკონფლიქტის წინაპირობა“, _ განაცხადა ღვინჯილიამ.
აქციის მონაწილეებმა ისიც თქვეს, რომ თანდათანობით მცირდება ქართველურ ენებზე მოსაუბრეთა რაოდენობა, რაც ამ ენების განადგურების წინაპირობაა.
შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ პირობა დადო, რომ ის და მისი რამდენიმე თანამოაზრე არ დაიღლება და აქციებს იქამდე გამართავს, სანამ სახელმწიფო მეგრული ენის დასაცავად კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს. სხვათა შორის, ეს ის იზორიაა, რომელიც მოითხოვს, რომ სამეგრელოს ბაღებსა და სკოლებში სწავლება მეგრულ ენაზე მიმდინარეობდეს.
„აქციას შეუერთდნენ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან, კერძოდ სენაკიდან და მარტვილიდან. საუბარია სულ რამდენიმე მოქალაქეზე“, _ ეს არის ამონარიდი ქართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ 24 თებერვალს გავრცელებული ცნობიდან.
ამასთან, აქვე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური მოთხოვნებით ადამიანების ზემოხსენებულმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა აქცია თებერვლის დასაწყისში, კერძოდ, 6 თებერვალს, ჯერ სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გამართა, საიდანაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადაინაცვლა. 11 თებერვალს კი ეს ჯგუფი, დახურულ ფორმატში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილობრივი ოფისის წევრებს შეხვდა.
ზოგადად, იური ღვინჯილია და მისი რამდენიმე მიმდევარი მცირე ზომის აქციას მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვის მოთხოვნით პერიოდულად მართავს ხოლმე. ამასთან, ღვინჯილიას, როგორც იტყვიან, ფანტაზია ზოგჯერ უფრო შორსაც მიდის. ასე მაგალითად, 2014 წელს მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, სამეგრელოს დაცვის მიზნით დასახმარებლად რუსეთს უნდა მივმართოთო.
აქედანაც ნათლად ჩანს, რომ სამეგრელოს ავტონომიისა და, აგრეთვე, მეგრულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება წმინდა რუსული პროვოკაციაა, თუმცა თავად ღვინჯილია, რომელიც განათლების ცენტრ „კოლხიდას“ დამფუძნებელს უწოდებს თავს, იმას, რომ რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არის, კატეგორიულად უარყოფს.
ცნობისთვის: ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განათლების ცენტრი „კოლხიდა“ 2005 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ აბასთუმანში მცხოვრებმა იური ღვინჯილიამ დააფუძნა. ამ ე. წ. ცენტრში, როგორც ირკვევა, სულ ხუთი ადამიანი მუშაობს. ღვინჯილია სხვადასხვა მედიასაშუალებასთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ეს ხუთი ადამიანი საინიციატივო ჯგუფია, რომლის მიზანიც გაქრობის პირას მისული ენების შენარჩუნება-განვითარებაზე ზრუნვაა.
ღვინჯილია იმასაც ამტკიცებს, რომ „კოლხიდას“ დამფინანსებელი არ ჰყავს და ზუსტად უსახსრობის გამო შეწყვიტა გაზეთ „შურობუმუს“ გამოცემა.
დავუშვათ, ყველაფერი, მართლაც, ისეა, როგორც ღვინჯილია ამბობს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც საგარეო, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთურ საფრთხეებში ერკვევიან, მიიჩნევენ, რომ სამეგრელოს თემით მუდმივად კრემლი მანიპულირებს. ამ კონტექსტში შესაძლოა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი გავიხსნოთ, რომელიც ისტორიაში „მეგრელთა საქმის“ სახელით შევიდა, თუმცა ამ კუთხით მსჯელობის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ამიტომ, მოდით, დღევანდელობაზე ვისაუბროთ და ამ კონტექსტში უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც ნათლად ხსნის, რომ ისეთ აქციებს თუ გამოსვლებს, რომლითაც დღევანდელი სტატია დავიწყეთ, წმინდა რუსული პროვოკაციის სუნი ასდის.
აქვე განვმარტავთ, რომ უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ჩვენთან კომუნიკაციაზე იმ პირობით წამოვიდა, თუკი მის კონფიდენციალობას დავიცავდით. ჩვენ ამ პირობაზე, რასაკვირველია, დავთანხმდით.
ჩვენი კონფიდენტის ინფორმაციით, ისეთი თემები, როგორიც, ვთქვათ, სამეგრელოს ავტონომიაა, რუსეთის კვლევით ცენტრებში მუშავდება და შემდეგ იტესტება:
„ჩვენმა საზოგადოებამ ნაკლებად იცის, არადა, აუცილებელია, იცოდეს, რომ რუსეთში ბევრი კვლევითი ინსტიტუტი არსებობს, რომელიც სტრატეგიული მიმართულებით მუშაობს. აქედან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი“, იგივე „რის“, რომელიც, ძირითადად, რუსეთის საგარეო დაზვერვის, „ესვეერის“ ყოფილი და მის საფარქვეშ ამჟამად მოქმედი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული.
აღსანიშნავია, რომ „ესვეერის“ სათავეებთან ევგენი პრიმაკოვი იდგა, რომლის ბეგრაუნდიც, გარკვეულწილად, სწორედ „რისს“ უკავშირდება. ეს ორგანიზაცია საყურადღებო იმიტომ არის, რომ რუსეთის განვითარების გეგმებსა და პრიორიტეტებს შეიმუშავებს, რომლის აღსრულებაც რუსეთის სახელმწიფო მანქანისთვის აუცილებელია.
ეს ინსტიტუტი სსრკ-ს დროსაც ფუნქციონირებდა, თუმცა მაშინ ცოტა სხვა მიმართულებით მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ამ ინსტიტუტის ბაზა შენარჩუნდა.
სხვათა შორის, ეს ორგანიზაცია მხოლოდ რუსეთში კი არა, რუსეთის საზღვრებს გარეთაც ავტორიტეტულად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, მის ექსპერტებს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა თუ სიმპოზიუმზე იწვევენ.
„რისი“ რუსეთის სპეცსამსახურის საფარქვეშ მუშაობს. ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ეს ინსტიტუტი დაფინანსებას რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, რაც ყველაფერზე მეტყველებს.
ახლა კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი, პრაქტიკულად, იდეოლოგიის გარეშე დარჩა, ამიტომ იდეოლოგიის საფუძვლის ძებნა დაიწყო, რაშიც ანალიტიკური ცენტრები და, პირველ რიგში, „რისი“ ჩაერთო _ ის მკვლევრებს ქირაობს და თითქოს ისტორიულ კვლევებზე დაყრდნობით, რაღაც იდეოლოგიის საფუძველს ქმნის, ანუ იმაზე ლაპარაკობს, რუსული სახელმწიფოებრიობა რას ეფუძნებოდა და დღევანდელი რეალობისთვის სწორედ მის მორგებას ცდილობს. ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ძალიან საინტერესოა, „რისმა“ 2011 წლის ბოლოს ან 2012 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. ეს კვლევა, რომლის ავტორიც ისტორიკოსი, ვინმე ალექსანდრე ბოხანოვია, სრულიად ნათელს ჰფენს, თუ რა არის რუსეთის ახალი ნაციონალურ-კონსერვატორული იდეოლოგია და, საერთოდ, რას ეფუძნება რუსული იმპერიალიზმი.
ჩვენმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით იმ ნაწილმა, რომელიც კრემლისადმი ლოიალურად არის განწყობილი და შვებას რუსეთში ხედავს, ნათლად უნდა იცოდეს, რა არის რუსეთის იდეოლოგია და როგორ ცდილობს იგი მოდერნიზებული იმპერიის შექმნას. თუ რუსეთის გზას ავირჩევთ, ადრე თუ გვიან, მისი იდეოლოგიის გათავისებაც მოგვიწევს, რადგან ეს შეუქცევადი პროცესია, მით უმეტეს, რომ ამ იდეოლოგიის ექსპორტი პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში ხდება, სადაც რუსეთისკენ მიტრიალებას აპირებენ.
საქართველოში გამოჩნდა მცირე სეგმენტი, რომელიც იმ აზრის დამკვიდრებას ცდილობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა თითქოს ტერიტორიულ მთლიანობას მოგვიტანს, ამასთან, ლიბერალიზმი თითქოს ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ არის მიმართული და ამის გამო მართლმადიდებლობა, ასევე ჩვენი მშობლიური ენა საფრთხის ქვეშ დგას.
„მართლმადიდებლური უნივერსალიზმიდან დანახული რუსეთის მრავალსაუკუნოვანი იმპერიის საფუძვლები“ _ ასე ჰქვია მონოგრაფიას, რომელიც „რისის“ ეგიდით გამოვიდა და მასში იმაზეა ლაპარაკი, თუ რა იყო რუსეთის იმპერიის კონსოლიდაციისა და სახელმწიფოებრიობის შემკვრელი. ავტორის თქმით, ეს „შემკვრელი“ სულიერ-რელიგიური საფუძველია.
ზოგადად, როცა მსგავსი ნაშრომის გამოქვეყნებას ისეთი ინსტიტუტი უწყობს ხელს, როგორიც „რისია“, ეს, ალბათ, პუტინის რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, როცა მან თქვა, რომ საბჭოთა რუსეთის მთავარი შეცდომა მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ტოტალური შეტევა იყო.
ბოხანოვს თავისი ნაშრომი დამოუკიდებლად რომ გამოექვეყნებინა და მის უკან ისეთი ორგანიზაცია არ მდგარიყო, როგორიც „რისია“, საგანგაშო არ იქნებოდა და ეს ნაშრომი შეიძლება, ჩვეულებრივ სეკულარიზმად ან არასერიოზულობად მოგვენათლა, მაგრამ როცა ყველაფერ ამის უკან სახელმწიფო დგას, ამაზე დაფიქრებაა საჭირო, თუ რა შედეგს მოიტანს ამ იდეოლოგიის ანგაჟირება და პედალირება.
ეს, პრაქტიკულად, მცდელობაა, რომ იმ იდეოლოგიას, რომლითაც რუსეთის იმპერია მოდერნიზებას ცდილობს, მეცნიერული საფუძველი დაუდონ.
მონოგრაფიის წამყვანი ღერძი რელიგიაა და ავტორი პუტინის სიტყვებს სხვა კონტექსტში იმეორებს, ანუ ამბობს, რუსეთის შეცდომა საზოგადოების რელიგიისგან ჩამოცილება და მართლმადიდებლობის საწყისებიდან მოწყვეტა იყოო. ყველაფერ ამის საფუძვლად კი 1917 წელს „ქრისტიანული იმპერიის“, ანუ მეფის რუსეთის კოლაფსს მიიჩნევს.
ბოხანოვის ტერმინოლოგიიდან კიდევ ერთ „მარგალიტს“ მოვიყვან:
„რუსეთის იმპერია მართლმადიდებლობის გარეშე გაგებული ვერ იქნებოდა, ვინაიდან ეს იმპერია ბიზანტიური სახელმწიფოს წარმომავლობისა და მისი საქმის გამგრძელებელი მესამე რომია. სწორედ ამიტომაა რუსული გერბი ორთავიანი ბიზანტიური არწივი“.
ამ ნათქვამის დასამტკიცებლად ბოხანოვი შუა საუკუნეებს იხსენებს და ამბობს, რომ 1472 წელს მოსკოვის თავადი ბიზანტიის იმპერატორს დაუმოყვრდა, ანუ რუსმა თავადმა ბიზანტიელი ქალი შეირთო, რომელსაც იმპერატორი ბიძად ეკუთვნოდა. ამით რუსეთის ბიზანტიურ იმპერიასთან კავშირი წარმოიქმნა და ორთავიანი არწივი, რომელიც დღეს რუსეთის გერბია, მოსკოვის სიმბოლო გახდაო.
ბოხანოვის თქმითვე, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის სამართალმემკვიდრედ რუსეთი გამოცხადდა და, შესაბამისად, აღმოსავლეთის ქრისტიანების დამცველიაო.
არავინ იცის, მართლაც, ასე იყო თუ არა, მაგრამ ბოხანოვს მსჯელობა იქითკენ მიჰყავს, რომ რუსეთის სახელმწიფო მოწყობის ერთადერთი ფორმა ქრისტიანული იმპერიაა, რაც, პრაქტიკულად, სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობას ნიშნავს.
ბოხანოვი თავისი მოსაზრების „დამტკიცებას“ შემდეგი ფრაზით ცდილობს: „რუსეთის ისტორია _ ეს მართლმადიდებლობის ისტორიაა!“
ბოხანოვის თქმითვე, მართლმადიდებლობის სახელმწიფოსთან გაიგივება ივანე მრისხანიდან დაიწყო, მაგრამ მას „ავიწყდება“, რომ მიტროპოლიტი ფილიპი სწორედ ივანე მრისხანემ დასაჯა სიკვდილით.
ერთი სიტყვით, ზემოხსენებული მონოგრაფიის ავტორი რეალობისგან სრულიად საპირისპირო სურათს ხატავს და ამით ცდილობს, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის სინთეზს ხაზი გაუსვას, ანუ ისტორიულ რუსეთში რელიგია სახელმწიფოს გარეშე ვერ იარსებებდა და რომანოვების შტოს სიძლიერის მთავარი მახასიათებელი თითქოს სწორედ ეს იყო.
ყველაფერი ეს, პრაქტიკულად, ახალი ძველი იდეოლოგიის ჩამოყალიბების მცდელობაა, რომელსაც, თავის დროზე, რუსული იმპერია ეფუძნებოდა. რუსეთს თავისი იმპერიის გამართლება დღესაც სჭირდება და ცდილობს, მართლმადიდებლობა საკუთარი იმპერიალისტური მიზნებისთვის გამოიყენოს! თუ ეს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში არა, თავის მონათესავე ხალხებში, ანუ სლავებში მაინც გამოუვა!
ეს ნაშრომი ზემოხსენებულ ორგანიზაციაში რომ არ „დაბადებულიყო“, მაშინ შეგვეძლო, სეკულარიზმისა და შუა საუკუნეების ჩვეულებრივ პროპაგანდად ჩაგვეთვალა, მაგრამ საშიში ისაა, რომ ეს მონოგრაფია რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ედება საფუძვლად.
ამ იდეოლოგიის ავანგარდისტები დასავლეთს ისე განიხილავენ, როგორც აბსოლუტურ ბოროტებას და რეალური ისტორიული ჯოჯოხეთის გეოგრაფიულ ადგილსამყოფელს.
ამ რუსული იდეოლოგიის ავანგარდისტები ალექსანდრე შუმსკი, ჩაპლინი, გეორგი გოროდევცევი, პროხოროვი, დუგინი, მამონტოვი, დრუზდი და სხვები არიან. ისინი რუსულ სპეცსამსახურების მიერ წლების განმავლობაში შემუშავებულ-ჩამოყალიბებულ გეგმას მიჰყვებიან, რომლის მიზანიც დასავლური ლიბერალიზმის მთავარ მტრად წარმოჩენა გახლავთ.
მოგეხსენებათ, 70 წლის განმავლობაში, დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა, რომელშიც დასავლეთმა გაიმარჯვა. შესაბამისად, საბჭოთა იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ რუსეთი დილემის წინაშე დადგა, ანუ მას იდეოლოგიური საფუძვლები აღარ ჰქონდა, ამიტომ მთავარ მტრად ლიბერალიზმი გამოაცხადა, ანუ კრემლი ღიად და პირდაპირ კი არ ამბობს, ჩვენი მტერი ევროპა და აშშ-აო, არამედ, ამბობს, ჩვენი პირველი მტერი დასავლური ლიბერალიზმია, რომლის შემოტანაც რუსულ სახელმწიფოებრიობას აბსოლუტურად დაანგრევს და დაშლისო.
მოკლედ, კრემლის იდეოლოგები მასებზე თამაშობენ და ამ „თამაშის“ გასამაგრებლად ბზეჟინსკის მიერ თითქოს 30 წლის წინათ ნათქვამ ატავიზმს იშველიებენ, თუმცა, სინამდვილეში, არავინ იცის, ბზეჟინსკიმ მართლა თქვა თუ არა, აშშ-ს მსოფლიო ბატონობას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უშლის ხელსო. მოკლედ, ყველაფერ ამაში ყოფილი „კაგებესა“ და მისი მემკვიდრის, „ეფესბეს“ ხელი თუ მუშაობის სტილი ნათლად ჩანს“, _ უყვება „ქრონიკა+“-ს ქართული სპეცსამსახურის გამოცდილი თანამშრომელი და დასძენს, რომ იგივე ღვინჯილიას და მისი რამდენიმე თანამოაზრის აქტიურობა პირდაპირ ჯდება ახალი რუსული იდეოლოგიის ჩარჩოებში, ანუ მართალია, სამეგრელოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა პირდაპირ ვესტერნიზმს _ დასავლურ იდეოლოგიასა და სიტყვის თავისუფლებას არ ურტყამს, მაგრამ ეს ძალიან სენსიტიური თემაა, რომელსაც საქართველოს თითოეული მოქალაქე მძაფრად განიცდის. შესაბამისად, საზოგადოების ნაწილისგან შესაძლოა, ასეთი შეფასებაც მოისმინოთ, _ აი, თქვენი დასავლეთი და დემოკრატია, აბა, ღვინჯილია კარგი ბიჭი ყოფილიყო და სამეგრელოს ავტონომია საბჭოთა კავშირის დროს მოეთხოვაო.
ერთი სიტყვით, როგორც ჩვენს გამოცემას რესპონდენტი უხსნის, ზუგდიდში გამართული მინიაქცია, რომლის შესახებაც სტატიის დასაწყისში ვისაუბრეთ, შესაძლოა, სასაცილოდ გამოიყურებოდა და ზოგმა, იქნებ, ისიც კი თქვა, ესენი ალაოდ ხომ არ არიანო, მაგრამ ამის მიუხედავად, საფრთხე, როგორც ირკვევა, სერიოზულია, რადგან სამეგრელოს ავტონომიის მოთხოვნა ერთგვარი იდეოლოგიური პროვოკაციაა.
ამასთან, ეს მოვლენა შესაძლოა, ჰიბრიდული ომის შემადგენელ ნაწილადაც განვიხილოთ, მით უმეტეს, რომ ღვინჯილია და მისი „კოლხიდა“ პერიდულად გამოდის ასპარეზზე და ხმაურიან განცხადებებს ზუსტად იმ დროს აკეთებს, როცა იგივე რუსული პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საქართველოს მისამართით მუქარის მესიჯებს აგზავნიან ხოლმე.
ყოველივე ეს მოწმობს და ნათელყოფს, რომ კრემლი ჩვენს ქვეყანაში სეპარატისტულ ნაღმებს დებს და არავინ იცის, მათ როდის გაააქტიურებს.
ერთ-ერთ ასეთ ნაღმად შესაძლოა, ზუსტად ღვინჯილია მივიჩნიოთ, რომელმაც 2016 წლის 30 აპრილს სოციალურ ქსელში „სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ გამოაქვეყნა: „გვახსოვს რა, რომ ჩვენ, სამეგრელოს ხალხი, ვართ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეები, და რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ისტორია, კულტურა, ლაზურ-მეგრული, სვანური ენა, შევქმნათ პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პირობები, აღვადგენთ სამეგრელოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, გაუქმებულს 1867 წელს რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად, სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიის საზღვრებში 1804 წლის მდგომარეობით (ქ. გალი, ქ. ოჩამჩირე მდინარე კელასურამდე ჩათვლით), ვსარგებლობთ რა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებით, ღმერთისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე ვაცხადებთ: სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას!“
„სამეგრელოს დამოუკიდებლობის აღდეგნის აქტამდე“ ორი წლით ადრე, კერძოდ, 2014 წელს, ღვინჯილიამ არანაკლებ პროვოკაციული სტატუსი დაწერა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“:
„ათობით ათასი უცხოელი გაიგებს სამეგრელოს არსებობას, იმასაც გაიგებენ, რომ არსებობენ ბოროტი ქორთუები, რომელთაც არ უნდათ სამეგრელოს, მეგრული ენის განვითარება.
მეგრელები მიხვდნენ იმასაც, რომ ქორთუების გარეშეც შეიძლება განვითარება და მშვიდად ცხოვრება. სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე, მაგის დროც მოვა, ალბათ, იმედით ცხოვრობს ადამიანი…“
2014 წლის 18 მარტში კი ღვინჯილიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:
„როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები და ჩაგრული მეგრელები, იქმნება ეთნოკონფლიქტის საშიშროება. ეს კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, თუ ქართველებმა ისევ გააგრძელეს ჩვენი ჩაგვრა. ჩვენ გვინდა ერის განვითარება და თქვენ _ არა. თუ ქართული სახელმწიფო არ აღიარებს მეგრულ და სვანურ ენებს, ეს ნიშნავს, რომ სვანები და მეგრელები ვართ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მაშინ იძულებულები ვიქნებით, ჩავატაროთ რეფერენდუმი და მოვითხოვოთ სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა. საქართველოში მიმდინარეობს სამეგრელოს თვითმყოფადობის განადგურება და ეს რომ არ მოხდეს, ერთადერთი გამოსავალია სამეგრელოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისთვის, სადაც ეს მოთხოვნა დადგება. საქართველო ჩემი სამშობლო არაა, ჩემი სამშობლო არის სამეგრელო“.
რუსეთი ე. წ. მეგრული სეპარატიზმის შექმნას ახლა კი არა, მეფის რუსეთიდან მოყოლებული ცდილობს და ამას ისტორიაც ნათელყოფს:
1801 წლის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გააუქმა ქართული სამეფოები და სამთავროები. ასევე აქტიურად ტარდებოდა ქართველი ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის მთავარი ღერძი კი ქართველთა ენობრივი თვითმყოფადობის დაშლა გახლდათ. შედეგად, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში რუსებმა ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება დაიწყეს.
ამასთან, მეფის რუსეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ განსხვავებული დამწერლობა შეექმნათ მეგრული ენისათვის და ისეთი გამორჩეული მნიშვნელობის კულტურული ძეგლების, როგორიც არის, მაგალითად, ბიბლია და „ვეფხისტყაოსანი“, მეგრულად თარგმნაც სცადეს, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია.
ბოიკოტის ნიშნად მრავალი მეგრელი აღარ ესწრებოდა მეგრულ ენაზე შესრულებულ საეკლესიო მსახურებას და არც თავიანთ შვილებს უშვებდა საჯარო სკოლებში.
ამ გეგმას ასევე პროტესტით შეხვდა სამეგრელოს არისტოკრატიაც. ამ ძლიერი წინააღმდეგობის გამო რუსებმა უკან დაიხიეს და თავიანთ გეგმაზე უარი განაცხადეს.
„დღესაც, რუსულ პრესასა და ინტერნეტსივრცეს თუ გადავხედავთ, არსებობს სურვილი, აჩვენონ, რომ სამეგრელოში თითქოს სეპარატიზმი არსებობს. ეს კრემლის პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ქართველთა შორის კონფლიქტის გაღვივება და შემდგომ საქართველოს სრული დაშლა აქვს გადაწყვეტილი“, _ მიიჩნევენ ისტორიკოსები.
ამის მიუხედავად, ღვინჯილია აცხადებს, რომ ქართულ საქმეს აკეთებს, მაგრამ თავად განსაჯეთ, მისი ქმედებები ქართულია თუ წმინდა წყლის რუსული პროვოკაცია.
აქვე გთავაზობთ ენათმეცნიერ ტარიელ ფუტკარაძის პოზიციას მეგრული ენის ე. წ. დაცვაზე. ფუტკარაძის განმარტებით, მეგრული ქართული ენის დიალექტია და შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც ენის დაცვის მიზნით სამეგრელოს პოლიტიკურ დამოუკიდელობაზე საუბრობენ, ერს ძირს უთხრიან:
„ქართულ საეკლესიო ენას, სალიტერატურო ენას, მრავალი საუკუნის განმავლობაში ქმნიდა მეგრელიც, აჭარელიც, ქართლელიც, სვანიც, ხევსურიც და თუშიც. შესაბამისად, ეკლესიის პოზიცია, მრავალი საუკუნეა, ცნობილია. ეკლესია არის ერთენოვანი და ვინც ახლა ცდილობს, რომ ახალი საეკლესიო ენა შექმნას მეგრულისა და სვანურის საფუძველზე, მას უნდა ეკლესიის დაშლა და საქართველოს დაშლაც.
ამბროსი ხელაია თვლიდა, რომ ქართული ენის დიალექტი არის მეგრული, ასე თვლიდა გრიგოლ დადიანიც, ასე თვლიდა კონსტანტინე გამსახურდია და ძალიან ბევრი სხვაც. ასეთმა ხალხმა წაიკითხოს თუნდაც თედო სახოკიას წერილი ამ თემაზე, რომელიც გამოქვეყნდა 20-იან წლებში.
საქართველოს ერთ-ერთი საფუძველი და ხერხემალი, მართლაც, სამეგრელოა და ზოგიერთის მცდელობისგან, რომ ეს კუთხეები ერთმანეთს დააშოროს, რა თქმა უნდა, არაფერი გამოვა“.
ასეა თუ ისე, როგორც იტყვიან, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და ამიტომ კარგი იქნება, მეგრული ენის დაცვის მიზნით გამართულ რამდენიმეკაციან აქციაზე არათუ მხოლოდ ვიღლიცინებთ, არამედ პრობლემას უფრო სერიოზულად აღვიქვამთ და ჩვენი უშიშროების სამსახურებიც დაინტერესდებიან, ყველაფერი ეს შორსმიმავალი პროვოკაცია არის თუ არა.

გიორგი აბაშიძე