ვინ, რატომ და რისთვის ემუქრება ხატია ახალაიას?!

განათლებისა და შრომის ასოციაციის წევრის, ხატია ახალაიას განცხადებით, იგი რამდენიმე დღეა, სახლიდან არ გადის, რადგან მას ინტერნეტში სექსუალური განათლების შესახებ მომზადებული ვიდეოგაკვეთილების გამო ემუქრებიან.

ახალაია „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ მისი გაკვეთილები ბავშვების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა მათ ინფორმაცია დამახინჯებული გზებით არ მიიღონ.
როგორც თვითონ ამბობს, მას ფიზიკური ანგარიშსწორებით და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, ემუქრებოდნენ მის ოჯახსა და შვილებს. სექსუალურ ვიდეოგაკვეთილებში ის საკუთარ შვილთანაც საუბრობს, რომელიც ერთგვარი მაგალითია სხვა მშობლებისთვის, თუ როგორ უნდა ელაპარაკონ ბავშვებს ამ მიმართულებით.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო.
საქართველოში ქალის (მათ შორის, ტრანსგენდერი და ლესბოსელი ქალის) სექსუალობის მიმართ დამოკიდებულება, სტერეოტიპული შეხედულებები და ტაბუები კვლავ მძიმეა, ხოლო მათთან დაკავშირებული დანაშაულები ხშირად ტრადიციისა და კულტურის ნაწილად აღიქმება.
„სექსუალური ძალადობა და ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული დანაშაულები, ძალადობის სხვა ფორმებისგან განსხვავებით, ისევ უკავშირდება სირცხვილსა და სტიგმას. ქალები, რომლებმაც სექსუალური ძალადობა განიცადეს, ამ საკითხზე არ საუბრობენ, რადგან მათ ზურგს აქცევს ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო. ძალადობის მსხვერპლი მიიჩნევა ღირსებადაკარგულად, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავის, როგორც მძიმე დანაშაულის ჩამდენის განსჯა და დასჯა ხდებოდეს. თავად სიტყვა „გაუპატიურებაც“ კი, სამწუხაროდ, მსხვერპლის „პატივის აყრაზე“ აკეთებს აქცენტს“, _ წერია „ქალთა მოძრაობის“ (Georgian Women’s Movement) ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.

რატომ არის აუცილებელი ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს სექსუალური განათლება? რა დადებითი მხარეები აქვს მას? რატომ უნდა ისწავლებოდეს ის სკოლებში ან პირიქით?
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს განათლებისა და შრომის ასოციაციის წევრი _ ხატია ახალაია ესაუბრება:
_ ხატია, მკითხველს მოკლედ მოუყევით თქვენ შესახებ: სად მუშაობთ და რას ემსახურება ეს ვიდეოგაკვეთილები?
_ მე ვარ გენდერის მკვლევარი და ვმუშაობ ორგანიზაციაში „განათლებისა და შრომის ასოციაცია“. ეს ორგანიზაცია მეექვსე წელია, რაც არსებობს ქალთა და გოგონათა უფლებების დასაცავად საქართველოს რეგიონებში. ამ ხნის განმავლობაში 20-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ, რომელიც ორიენტირებულია გოგონათა და ქალთა უფლებების დაცვაზე, რათა მათ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საკუთარ უფლებებსა და სექსუალური განათლების საკითხებზე. ამ ორგანიზაციაში ვმუშაობთ შვიდი ქალი და ფუნქციებს ყველა ვინაწილებთ.
_ თავდაპირველად რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ სექსუალური განათლების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ამ ფორმით, _ ინტერნეტით, ვიდეოგაკვეთილების ჩაწერით მიგეწოდებინათ?
_ სანამ ორგანიზაციას ოფიციალურად დავარეგისტრირებდით, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, შეგვესწავლა და კვლევა ჩაგვეტარებინა, თუ რა ცოდნა და წარმოდგენა ჰქონდათ სკოლის მოსწავლეებს სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ნარკოტიკისა და თამბაქოს უარყოფით მხარეებზე. ამისთვის ფსიქოლოგებთან კონსულტაციები გავიარეთ და საკვლევი კითხვარი შევადგინეთ. დაახლოებით ოცამდე სკოლა მოვიცავით და კვლევის შედეგი გასაოცარი იყო.
_ კონკრეტულად?
_ თავიდან კვლევა 12-იდან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეებში ჩავატარეთ, რომლებსაც, რეალურად, მინიმალური ცოდნა აღმოაჩნდათ. იმდენად მინიმალური, რომ მათ არ იცოდნენ, მენსტრუალური ციკლის პერიოდში შესაძლებელი იყო თუ არა სხეულის ჰიგიენის დაცვა, ანუ დაბანა(!). ასევე არ იცოდნენ, თუ არსებობდა კონტრაცეპტივების სხვადასხვა საშუალება, გარდა კონდოომისა. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გვემუშავა. დავუკავშირდით საერთაშორისო, უცხოურ ორგანიზაციებს, ასევე შევხვდით საქართველოში მოქმედ ორგნიზაციებს. სექსუალური განათლება არ მოიცავს მხოლოდ ანატომიის სწავლას, ის მოსწავლეს ცოდნით აღჭურვავს. ცოდნით აღჭურვა ნიშნავს გენდერული უთანასწორობის მიზეზების უფრო ღრმად გაცნობას. ამ მიმართულებით წარმოდგენას უქმნის ოჯახში გენდერული როლის გადანაწილებაზე და, ზოგადად, ძალადობის საკითხებზე. რატომ აქვს საზოგადოებას უფრო აღმატებული წარმოდგენა მამაკაცის შესაძლებლობებზე, თითქოს ქალს არ შეუძლია, მაგალითად, მათემატიკის სწავლა? მსგავსი მითები არსებობდა და არსებობს. გარდა ამისა, ბავშვებს 4-5 წლის ასაკიდან უჩნდებათ კითხვები იმის შესახებ, თუ საიდან გაჩნდნენ ისინი. ეს კითხვები უპასუხოდ რჩებოდა და დღესაც ასეა. ჩვენი მშობლები იმ რეალობაში გაიზარდნენ, რომელშიც ჩვენ ვიზრდებით, ანუ ამ ინფორმაციას არავინ გვაწვდის, რაც მუდმივად შეუვსებელია. შესაბამისად, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში ტრენინგების ჩატარება დავიწყეთ. თითო ტრენინგზე, დაახლოებით, 60 მოზარდი და მათი მშობლები გვესწრებოდნენ. ტრენინგებზე განიხილებოდა ისეთი საკითხები, რომელიც ეხება სხეულის განვითარებას, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, სელექციურ აბორტებს და ვცდილობდით, მოსწავლეებისთვის მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიგვეწოდებინა. არც ერთი მშობლისგან უარყოფა არ გვიგრძნია.
_ თუმცა საზოგადოება ორად გაიყო. ნაწილი კატეგორიულ უარზეა, ნაწილი კი თანახმაა, რომ მოსწავლეებმა სექსუალური განათლება მიიღონ.
_ გაღიზიანებას იწვევს საკითხებზე ზედაპირული ინფორმაციის ქონა. მათ რომ იცოდნენ იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც სექსუალური განათლება სავალდებულოა ან არჩევითი საგანია, თუ რა შედეგიანი იყო, კარგი იქნებოდა. მაგალითად ესტონეთის, ფინეთის, შვედეთისა და სხვა უამრავი ქვეყნის დასახელება შეგვიძლია, თუ რა მოცემულობა იყო მათ ქვეყნებში სექსუალური განათლების მიღებამდე და დღეს რა სურათი გვაქვს: როგორ 360 გრადუსით შემოტრიალდა აბორტების სტატისტიკა მოზარდებში, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და ზოგადად გენდერული ძალადობის სტატისტიკა. ამ ცოდნის გათვალისწინებით ჩვენი მშობლები, ბუნებრივია, აგრესიით აღარ განეწყობოდნენ და სექსუალურ განათლებას პოზების სწავლებასთან არ გააიგივებდნენ. ამ ადამიანებს, უბრალოდ, ინფორმაცია არ გააჩნიათ. ისინი ამბობენ, რომ სექსუალური განათლება საზიანოა მოზარდისთვის და მას ფსიქიკას უნგრევს, მაშინ როდესაც ჩვენი ტელევიზიის საშუალებით ბავშვები ბევრ დამახინჯებულ და არასასურველ ინფორმაციას იღებენ, მაშინ ეცნობიან დამახინჯებულ ინფორმაციას ასაკისთვის შეუსაბამო პერიოდში, როდესაც ვიდეოში (პორნოსაიტს ვგულისხმობ) ძალადობრივი სექსის სცენებია, რასაც მოზარდი და მით უმეტეს, მცირეწლოვანი ბავშვი ამას ვერ აღიქვამს, ვერ აცნობიერებს ისე, როგორც ზრდასრულობის პერიოდის შემდგომ. რა ხდება დღეს? მშობელმა ეჭვის დონეზე იცის, რომ მისი შვილი ინფორმაციას პორნოსაიტიდან იღებს, თან იმაზეც საუბრობენ, რომ სექსუალური განათლება საზიანოა. გვაქვს სასწორის მეორე მხარე _ სტატისტიკა! სტატისტიკა _ როგორც რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.
_ როგორია რეალური სტატისტიკა?
_ რეალური სტატისტიკა ისაა, რომ 30 ათასი გოგონა არ დაიბადა სელექციური აბორტების შედეგად; ნაადრევი ქორწინების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში მეზობელ ქვეყნებზე ბევრად მაღალია; აივ ინფექცია 2017 წლის მონაცემებით 20%-ით გაზრდილია; მოზარდებში სუიციდის მცდელობებმა იმატა _ გარდატეხის ასაკში თინეიჯერებს თავიანთი სხეული არ მოსწონთ, მისდამი შეუთავსებლობას განიცდიან, ამ ასაკში ჰორმონული აფეთქება ხდება, რაციონალური განსჯის უნარი არ შესწევთ და იმის მაგივრად, რომ მშობელი შვილს დაეხმაროს, ის ცდილობს, სახლში გამოკეტოს. მშობელმა რომ იცოდეს, ეს ქცევა ბუნებრივი და ნორმალურია, სხვანაირად დაეხმარება. სამწუხაროდ, ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ეს გამოცდილება დღემდე მოგვსდევს. სექსუალური განათლება ისეთი ჯანსაღი საზოგადოების შექმნაში გვეხმარება, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი უფლებები, _ სადაც მთავრდება მისი უფლებები, სწორედ იქ იწყება სხვისი უფლებები. იმის ილუზიაც არ უნდა გვქონდეს, რომ თუ სექსუალური განათლება შემოვა სკოლებში, ძალადობა აღარ იქნება და ეს პრობლემა ამით აღმოიფხვრება, _ არა, რადგან ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. ეს პროცესი თუ არ დაიწყო და სისტემური ხასიათი არ მიიღო, ანუ ეროვნულ სასწავლო გეგმაში თუ არ შევიტანეთ და მოსახლეობამ თუ არ მოითხოვა, რომ განათლება ჩვენი უფლებაა, მაშინ ბუნებრივია, პროცესები ვერასოდეს დაიწყება.
რამდენადაც ვიცი, ზოგიერთ სკოლაში ისწავლება საგანი „მე და საზოგადოება“. ეს ძალიან კარგი საგანია და მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ის მოზარდების შეკითხვებს ბოლომდე ვერ ფარავს. ძალიან კარგია, როდესაც მოზარდებს ვესაუბრებით, რომ ბებიასა და ბაბუას პატივი უნდა ვცეთ, რომ ოჯახის რელიკვია არ უნდა გავაფუჭოთ, მაგრამ სხეულის განვითარებაზე, გენდერის სოციალურ განსაზღვრებაზე ან უთანასწორობის მიზეზებზე თუ არ დაველაპარაკეთ, რეალური სტატისტიკის პრევენციის საპირწონედ ვერაფერს გავაკეთებთ.
_ ყველა პატარას აინტერესებს, თუ საიდან გაჩნდა და ზემოთ ამ თემას თქვენც შეეხეთ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ 4 და 5 წლის მცირეწლოვანს დეტალურად ავუხსნათ, თუ საიდან და როგორ გაჩნდა ის?
_ ამ ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. მაგალითად, 5 წლის ბავშვი როდესაც გეკითხება, თუ საიდან გაჩნდა, ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ავუხსნათ, რომ შენ ჩემს მუცელში იჯექი, რადგან მე და მამას ერთმანეთი გვიყვარდა. დამატებით ახსნას ბავშვი ამ ასაკში არ ითხოვს. არ ითხოვს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ როგორ მოხდა ეს აქტი, რა წინაპირობები ჰქონდა და ა. შ. ეს მას არ აინტერესებს. რაც შეეხება 12, 14 წელს და შემდგომ ასაკს, რასაკვირველია, უნდა ვუთხრათ და ავუხსნათ, რომ ეს ძალიან კომპლექსური მოვლენაა; უნდა ავუხსნათ, რომ სექსის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვთან ფაქტი უნდა დავაკვალიფიციროთ, როგორც გაუპატიურება, ცოლ-ქმრის შემთხვევაშიც კი და ეს თავიდანვე უნდა ავუხსნათ. სამწუხაროდ, დღესაც არის მითი, რომ ქორწინებაში გაუპატიურება არ არსებობს. ისიც უნდა ავუხსნათ, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია, უარი თქვას სექსზე, თუნდაც დაწყებული ჰქონდეს სექსუალური აქტი და ა. შ.
_ თქვენ გინდათ, რომ საგანი სექსუალური განათლების შესახებ სკოლებში ისწავლებოდეს. თუ გქონიათ განათლების სამინისტროსთან კონსულტაციები, შეხვედრები და როგორია, ზოგადად, მათი პოზიცია?
_ თავიდან, როდესაც ტრენინგები დავიწყეთ ბულინგზე, ძალადობასა და ძალადობის სამართლებრივ მექანიზმებზე, იქვე გვთხოვეს, ხომ არ ჩაგვეტარებინა სექსუალური განათლების საკითხებზე ტრენინგები. ბუნებრივია, განათლების სამინისტროს მივმართეთ, რათა ტრენინგების ჩატარების ნებართვა მოეცათ, თუმცა ჩვენ სექსუალური განათლება არ გვიხსენებია. გვინდოდა, რომ სკოლის მოსწავლეებს განვითარების თავისებურებებზე დავლაპარაკებოდით. მოვამზადეთ ტრენინგ-მოდული, თან იმ ადამიანების განათლება დავურთეთ, რომლებიც სკოლებში შევიდოდნენ და რეგიონებში ტრენინგებს ჩაატარებდნენ. დაახლოებით ერთი თვე ველოდებოდით სამინისტროს პასუხს. ბოლოს, მათ გვიპასუხეს, რომ ტრენინგ-მოდულში საკმარისად არ იყო წარმოდგენილი ის საკითხები, რაზედაც სკოლის მოსწავლეებთან ვისაუბრებდით. დასკვნა: მათ არ ითანამშრომლეს ჩვენთან, არ გვითხრეს დეტალურად, თუ რას მოითხოვდნენ ჩვენგან ან რა ტიპის ინფორმაცია გვაკლდა. საბოლოოდ, ეს იყო უარი! შემდეგ მოლაპარაკებები დავიწყეთ სკოლის დირექტორებთან. მოლაპრაკებამდე მათ განგვიმარტეს, რომ სკოლაში ჩვენი შეშვების უფლება ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პრობლემები არსებობს, ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა ტრენინგების ჩატარება გვთხოვა. შეგახსენებთ: ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, სანამ განათლების სამინისტროდან პასუხი მოვიდოდა. როდესაც სამინისტრომ უარი გვითხრა, არ გვინდოდა, რომ სკოლის დირექტორები უხერხულ მდგომარეობაში ჩგვეყენებინა და გადავწყვიტეთ, ტრენინგები USA-ის ადგილობრივ ცენტრებში ჩაგვეტარებინა, რომელსაც მშობლები და სკოლის მოსწავლეები ერთად დაესწრებოდნენ. ეს ტრენინგები დღემდე წარმატებით გრძელდება.
_ თქვენს შვილთან რამდენად გახსნილი ხართ? თუ აძლევთ მას მსგავსი სახის ინფორმაციას?
_ განვითარების ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში კითხვების ბუმია. რასაკვირველია, ჩემს შვილს ასეთი სახის ინფორმაციას ვაწვდი. მან ძალიან კარგად იცის, რომ თავის მეგობარს დაუკითხავად არ უნდა შეეხოს. როცა სახლში მოდის მეუბნება, რომ დღეს ერთი ბიჭი გოგოს შეეხო და მე შენიშვნა მივეციო; ან ვიღაცა არასწორად მოიქცა და ვუთხარი, ეს ძალადობაა-მეთქი. 4 წლის ასაკის კვალობაზე ეს ყველაფერი მარტივად ესმის.
_ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ბულინგის მსხვერპლი გახდით: საზოგადოების გარკვეული ფენისგან დიდი აგრესია წამოვიდა, დაგემუქრნენ კიდეც. ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?
_ თავიდან ძალიან რთული იყო, როდესაც ადამიანებისგან სრულიად დაუმსახურებლად იღებ ასეთი ტიპის მუქარას და მსხვერპლი ხდები. საბედნიეროდ, ოჯახის წევრებში ძალიან გამიმართლა. მათ ზუსტად იციან, რომ რაზეც დღეს ვმუშაობ და რის გარეშეც მართლა არ შემიძლია ცხოვრება, ეს ჩემი ღირებულებაა. 100%-ით ძალიან სწორ საქმეს ვაკეთებ. ოჯახიც ბოლომდე მხარდაჭერას მიცხადებს.
_ როგორც ვიცი, სახლიდან თამამად ვერ გამოდიხართ, რადგან გეშინიათ. თქვენ წინააღმდეგ რა სახის მუქარები ხორციელდება?
_ 23 ადამიანის მისამართით საქმე აღვძარით, მაგრამ პარადოქსია _ აქედან მხოლოდ 3 ადამიანის მოძიება შევძელით, რადგან ეს ადამიანები „ფეიქ-გვერდებით“ სარგებლობენ, ზოგი უცხოეთიდან პოსტავს და ზოგიერთი საერთოდ არ არსებობს. რეალურად ეს ვითომ აგრესორი ადამიანები არ არსებობენ ან მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა. ქუჩაში გასვლის ნამდვილად მეშინია ჩემი ოჯახის გამო, რადგან მარტო საკუთარ თავზე პასუხისმგებელი არ ვარ. მათ გამო ვღელავ და ამ დღეების განმავლობაში ჩემი შვილები ბაღშიც არ დადიოდნენ. ამას წინათ პოლიციაში ვიყავი და დამამშვიდეს, რომ რეალურად არ არის იმ აგრესორების რაოდენობა ბევრი, რომლებიც გაუპატიურებით და სიცოცხლის მოსპობით მემუქრებიან იმის გამო, რომ ინტერნეტში საგანმანათლებლო ვიდეოებს ვაქვეყნებ.
_ ეს მუქარა გახლდათ იმის მიზეზი, რომ გარკვეული პერიოდი ინტერნეტში ვიდეოების განთავსება შეწყვიტეთ?
_ მეტიც: 75 წლის ქალმა მომატყუა, _ შენი ნათესავი ვარ და შეხვედრა მინდაო. შევხვდი და საუბარი დამიწყო, რომ ფულს მომცემდა, რათა ქვეყანა დამეტოვებინა ან მეორე ვარიანტი იყო, _ რელიგიურ თემებზე გაკვეთილები ჩამეწერა. ახლახან ვიდეოგაკვეთილები აღვადგინე, სადაც მენსტრუალურ ციკლზე ვსაუბრობ, რაც მნიშვნელოვან დეფიციტურ ინფორმაციებს აწვდის გოგოებს, რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში ამ პერიოდში. კითხვებზე პასუხების რეჟიმიც გვაქვს, კითხვები ყოველდღე მოგვდის. ვიდეო იმ სტიგმის საპასუხოდაა, რაც ქალის სექსუალობასთან დაკავშირებით არსებობს.
_ ხატია, დღეს რამდენად დაცული ხართ საფრთხისგან?
_ ჯერჯერობით არც ერთი ადამიანი დასჯილა, მათ მიმართ არანაირი სამართლებრივი სანქცია არ დაწყებულა. ვერ ვიტყვი, რომ დაცული ვარ. მეშინია. გარეთ რომ გავიდე და რაღაც მოხდეს, სახელმწიფო ვერ დამიცავს, რადგან მეტყვის, რამდენი ერთი უნდა დავსაჯოო.
_ საპატრიარქომაც რომ უარყოს ან უხეშად ჩაერიოს თქვენ შემთხვევაში, ამ დროს რა მოხდება? ჩვენ არაერთი სასულიერო პირის კომენტარი წავიკითხეთ, რომელიც ამბობდა, რომ თუ საგანი „სექსუალური გაკვეთილები“ შეისწავლება, ისინი აუცილებლად გამოიყვანენ თავიანთ შვილებს სკოლიდან.
_ მოხდება ის, რაც მოხდა ლია უკლებას შემთხვევაში. ადამიანმა, რომელმაც ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით დახატა. ძალიან რთულია, როდესაც ამხელა ძალა, ანუ ეკლესია გებრძვის პირადი აზრის გამოხატვის გამო და გემუქრება.
_ რას გააკეთებთ?
_ არ ვიცი, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნიდან წასვლასა და ჩემი საქმიანობის შეწყვეტას არ ვაპირებ, რადგან მე ახალი არაფერი გამომიგონებია. რა შემთხვევაშია ეს ყველაფერი გარყვნილება, ადამიანები ამას ვერ მისაბუთებენ, შესაბამისად, ზღვა არგუმენტი მაქვს იმისთვის, რომ ჩემი პოზიციები განვამტკიცო და საკუთარ თავთან აბსოლუტურად მართალი ვარ.

გიორგი საკარული