„ბიძინას PR-ი არ უყვარს!“

თანამდებობრივი ავადობა _ „მე ყველაფერი ვიცი“, _ საქართველოში პიკზეა. პიკზეა პროფესიონალური უვიცობაც. ადამიანებს, მით უფრო, თანამდებობის პირებს, ახასიათებთ მოჩვენებითი ამნეზია, სიყრუე, სიბრმავე და სხვა მრავალი უგვანობა, რომელიც, ერთი შეხედვით, „შეძენილი სენია“, თუმცა თუ მეცნიერულ და, გნებავთ, მორალურ და ზნეობრივ კატეგორიაში განვიხილავთ, ნამდვილად თანდაყოლილი ავადობაა. ანუ ამ პერსონების ბუნებრივი მდომარეობაა. მერე? რაც ჩვენ თანამდებობებს ჩამოცილებული „პირები“ გვინახავს… მთავარია, რომ ეს ლომგულები მერე კრავები ხდებიან და საკუთარ, იმჟამინდელ ქცევებს ათასი სისულელით ამართლებენ.

ეს ფილოსოფიური „განსჯა“ გვერდით გადავდოთ და საქმეზე ვთქვათ: ამ ქვეყანას არავინ მართავს და ყველაფერი ინერციით მიდის. ყოველ შემთხვევაში, განცდა და აღქმა ასეთია. ზოგადად კი ხელისუფლებების სენია, როდესაც ისინი განწყობებს „ზომავენ“, მაგრამ ამ განწყობების ფორმირების მიზეზებს არ იკვლევენ.

***
არ ვიცი, მერამდენედ მიწევს საუბარი „ოცნების“ PR სტრატეგიაზე. რამდენჯერაც მოვინდომე, რომ პოზიტივიც დამენახა მათ ნამოქმედარში, ვერასოდეს აღმოვაჩინე ან იმდენად სუსტი და უწონადი იყო „კარგი საქმეების“ ტრანსლირება მათ მიერ, რომ მსჯელობისა და განხილვის, დისკუსიის გამართვის აზრს კარგავდა.
ხშირად მიკითხავს, _ კი მაგრამ, რატომ არ აქცევთ ყურადღებას „აი, ამ“ ან „აი, იმ“ საკითხს და აბსოლუტურად გაუგებარი და უშინაარსო პასუხი მიმიღია: „ბიძინას PR-ი არ უყვარს“. მერე დავფიქრებულვარ, _ ჰო, კარგი, არ უყვარს ამ პოზიტივებზე საუბარი. დამიკავშირებია ეს „არ უყვარს“ იმასთან, რომ წლების განმავლობაში ფანტომივით იყო და ადამიანები სახეზეც ვერ სცნობდნენ _ ისინიც კი, ვისაც ეხმარებოდა. მაგრამ მერე სხვა კითხვა გამჩენია, _ მაშინ არც შავი PR-ის ფიგურანტობა უნდა უყვარდეს, არც ის უნდა მოსწონდეს, რომ მას ლანძღავენ და მით უფრო არც ის, რომ მლანძღველებს „სატოპკეებს“ მისი გუნდი და მისი „ოცნების“ თუ ხელისუფლების PR სამსახურები აწოდებენ.
უფრო ღრმა ანალიზის შედეგად მივხვდი, რაც ხდებოდა და რაც ხდება _ „ოცნების“ PR-ის მამა და მამები შეშინებული და დამფრთხალი პერსონები არიან, რომლებიც კი აღმოჩნდნენ მაღალ თანამდებობეზე, მაგრამ შიშს ვერაფერს უხერხებენ და არა მხოლოდ საკუთარ სფეროს, არამედ ამ სფეროსთან ბმაში მყოფ ნებისმიერ საქმეს ლომად გადაქცეული მშიშარა წრუწუნას ფსიქოლოგიით მართავენ.
ახლა ამ შეშინებულ ბედოვლათებს რომ ჰკითხო, რატომ არ არიან პოზიტივზე ორიენტირებულნი, ვერ გიპასუხებენ, რადგან გალომებულ წრუწუნებს მხოლოდ ერთი მოტივი ამოძრავებთ _ გადასანსლონ ყველა და ყველაფერი, ვისთვისაც მათი შიშები ცნობილია ან ვისთანაც შესაძლოა, ეს შიშები გამჟღავნდეს. და ეს გააკეთონ მანამ, სანამ „ტყის ბინადრებს“ ისინი ლომები ჰგონიათ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მათი ბრიყვული ფობიებით „ოცნებას“ კი არა სახელმწიფოს, ქვეყანას ცუდ სამსახურს უწევენ. მაგრამ გინახავთ ოდესმე ბრიყვი თანამდებობის პირი საქართველოში? ან დაუმსახურებლად თანამდებობაზე მჯდარი? _ არაო, _ იტყვით ხმამღლა, მაგრამ გულში მიპასუხებთ, _ რამდენიც გინდათო. ჰოდა, მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ქვეყნის PR-ს მავნებლები განაგებენ. ამის თქმის მიზეზი სულაც არ გახლავთ ტროლების ფაბრიკა თუ ქარხანა, ამის მიზეზი ის პოლიტიკა და სტრატეგიაა, რომელსაც ბრიყვები განსაზღვრავენ.
მარტივად ვიტყვი: ჩაისვრის კოკა და მისი რაზმი, რომელიც შიშის მუდმივ განცდასთან ერთად პროფესიონალიზმისა და ინტელექტუალურ დეფიციტს განიცდის და მერე უამრავი სამსახური თუ პერსონა უამრავ დროსა და რესურსს ხარჯავს კოკას გარეცხვაში. ამასობაში ისინი სხვა შეცდომას დაუშვებენ, ანუ ისევ „გაეპარებათ“ და ისევ იწყება კოკას განბანა. და მთავარი კოკა კი არ არის მხოლოდ, არამედ ის, რომ „ოცნებაში“ არც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ აღმოჩნდა ამ წლების განმავლობაში, რომელიც იტყოდა, _ საკმარისია ამდენი იდიოტიზმი!

***
ბარემ ერთხელ და სამუდამოდ მოვრჩები „ოცნების“ პარტიული თუ სახელისუფლებო PR სტრუქტურების სახელმწიფოსა და ქვეყნისთვის მავნებლურ საქმიანობაზე საუბარს. მაგრამ მანამდე რამდენიმე პასაჟი მათი სიბრიყვე-იდიოტიზმის დასტურად.
დავიწყებ იმით, რომ „ოცნებისთვის“ ხელისუფლების გადაბარებისა და მინისტრების კაბინეტებში შესვლის დღიდან, სადაც კი შეძლო, პრემიერის პრეს-სამსახურის შეფმა ყველაგნ საკუთარი კადრები დანიშნა. მაშინ იმ სამსახურს, რასაც მერე კოკა ყანდიაშვილი ჩაუდგა სათავეში, ბატონი გორგილაძე ხელმძღვანელობდა და მას ამ პროცესისთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით _ ადვილად დაეთანხმა კოკა ყანდიაშვილს. მიზეზი მარტივი იყო: თუ ვიღაც სათანადოდ ვერ გაქაჩავდა, მან იცოდა, ვინ ვისი პროტეჟე იყო.
აი, კოკა ყანდიაშვილის აღზევების შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. მთელ რიგ სამინისტროებში მან საკუთარი ოდეერები დაანიშნინა. ცოდვას ვერ ვიტყვი, ყველგან-მეთქი, რადგან ცალკეული მინისტრები იმ კოალიციურ მთავრობაში წინააღმდეგობებს წევდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში კოკამ საწადელს მიაღწია და თუ დღეს რომელიმე მინისტრი ფიქრობს, რომ მისი PR სამსახურის უფროსი მისივე კადრია, ეს სულაც არ ცვლის არაფერს, რადგან PR ოფისში რიგით მაგიდასთან მჯდომი ერთი უწყინარი თანამშრომელი პირდაპირ კოკაზეა „მიერთებული“.
მოკლედ, 2012 წლიდან კანცელარიის პიარის შეფებმა (ვაღიარებ, საკმაოდ ჩახლართული სტრუქტურა აქვთ), არ დატოვეს საკუთარ სანათესაოსა და სანაცნობოში ადამიანები, რომლებიც PR-ისა და PR მარკეტინგის (სხვადასხვა რამეა) სფეროში არ დაასაქმეს.
ცალკე საკითხია ზოგიერთი პატივცემული მინისტრის უთავმოყვარეობა. მათ მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილი კადრი მართლა „ოცნების“ სტრატეგიის რეალიზატორი ჰგონიათ? სულ არ ფიქრობენ იმაზე, რომ დამფრთხალი და ფობიებით შეპყრობილი PR მამების პროტეჟეები სასარგებლოს ვერაფერს შექმნიან? თავი დავანებოთ ადმინისტრაციიდან და პარტიიდან მოსულ დირექტივებს იმის შესახებ, მინისტრებმა თუ დეპუტატებმა რომელ მედიასაშუალებას უნდა მისცენ კომენტარი და რომელს _ არა, ვისთან ითანამშრომლონ და ვისთან _ არა. ისე, როგორ ტეხავს, როცა მინისტრების სიტყვაზე უფრო მეტი ძალა აქვს ვიღაც ამბიციური, ტენდენციური და ინტელექტდაქვეითებული PRკაცის თუ PRქალის სიტყვას. წარმოგიდგენიათ, პოლიტიკური თანამდებობის პირს, ადამიანს, რომელიც სახელმწიფოში ამა თუ იმ სფეროს განკარგავს, კოკა უსაზღვრავს, რომელი გაზეთი წაიკითხოს, რომელ არხს უყუროს და რომელი სააგენტოსგან მიიღოს ინფორმაცია. აუ, ძალიან მაგრად ტეხავს, ძალიან! ამიტომაც ვამბობ, რომ „ოცნების“ მინისტრების უმეტესობა, როდესაც ბრმად ემორჩილება პრინციპს _ „ბიძინას PR-ი არ უყვარს!“ _ იქნებ, დაფიქრდეს თავად PR-ის რაობაზე და მეტიც: დაფიქრდეს, როგორ ხდება კოკას შიშებითა და ფობიებით ნაკვები ამბიციების რეალიზატორი.
მავანი იტყვის, _ რა შუაშია PR-თან კოკა თუ კოკები, ფობიები, შიშები? პასუხად მარტივად შემოგაგებებთ, _ გაიხედეთ გარეთ.
განგიმარტავთ, რომ წარმატებული საქმე, წარმატებული პროექტი თვით გუნდში ქმნის წარმატებულობის ფორმულას და პოზიტიური კონკურენციის განცდასა და გარემოს. ფიასკოს რომ ფიასკო მოჰყვება, ინდიფერენტულობას _ ინდიფერენტულობა და უმოქმედობას _ უმოქმედობა ეს რამე ახალი აღმოჩენაა? მინიმუმ, კარგსაც რომ აკეთებ და ამის შესახებ შენ გარდა არავინ იცის, ეს თუ კარგი საერთო-სახალხო სიკეთეა, ვინ გაიგებს ამის შესახებ და როგორ ისარგებლებს ამ სიკეთით? ერთი ნიუსია საქმე? ნიუსი, რომელიც შესაძლოა, არც არავინ წაიკითხოს, მით უფრო, სტანდარტული სათაურით, მაგალითად: „იუსტიციის სამინისტროში სიახლე დაინერგა“. შესაბამისად, ტლანქი, უმოქმედო, უინიციატივო მთავრობის აღქმა სწორედ რომ კოკასა და მისი რაზმის დამსახურებაა, რომელმაც ტროლების ფაბრიკა სწორედ რომ საკუთარი შიშებისა და ფობიების გადასაფარავ პროდუქტად შექმნა და არა „ოცნებისა“ თუ ხელისუფლების წარმატებების დემონსტრირება-ტრანსლირებისთვის.

***
დამისახელეთ ერთი სფერო, ერთი საქმე, რომელიც სათანადოდ გაპიარდა. „ივანიშვილის ხეების“ მაგალითზე ვიტყვი: საზოგადოებისთვის ამ ხეების გადარგვის დაწყებამდე რომ ეცნობებინათ, _ საქართველოში პირველი, მსოფლიოში უნიკალური პარკი შენდება, სადაც დაირგვება (გადაირგვება) მსოფლიოში არსებული უნიკალური ხის ჯიშები და ეს იქნება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანიო; ეთქვათ, რომ ეს პარკი თუ ტყე მოიზიდავს ათი ათასობით ტურისტს, ეთქვათ, რომ… მოკლედ, ხომ ცხადია, ოცი, ორმოცდაათი, ასი წლის შემდეგ ეს პარკი, გინდა-არგინდა, იარსებებს და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში მას მართლაც ექნება უნიკალური ტურისტული და გნებავთ, სამეცნიერო დატვირთვა. მაგრამ რად გინდა?! _ ახლა რესურსი იმაში იხარჯება, რომ მედიამ და ოპოზიციამ ამაზე რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროს. აქ არ ვგულისხმობ ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზიანს, რომელიც ნამდვილად გაუგებარია გაწეული ხარჯის პირობებში და ცუდი არ იქნება, თუ ბატონი ივანიშვილი თავად დაიტერესდება ამ საკითხით.
ცალკე თემაა მარიხუანის კულტივირების საკითხიც. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სხვა ხელისუფლებაც წავა ამ მიმართულებით, მაგრამ უფრო გონიერად და სწორად ისინი ან იმათი თანაგუნდელები დაგვიწყებენ დარწმუნებას, რომ „მარიხუანა“ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგალითად მოგვიყვანენ ინგლისს, აშშ-ს, კანადას, ისრაელს. თუ დასჭირდათ, რუსეთსაც და თურქეთსაც. მოკლედ, აქაც სრული სიბრიყვე.
ასეა ყველა სფეროში და ასეა ნებისმიერი მიმართულებით. „ოცნების“ PR სამსახური „PR-ზე რეაგირების სამსახურად“ იქცა. სიმაღლის შიშით შეპყრობილი ადამიანი ცათამბჯენებს ვერ ააშენებს და მუდამ ერთი ამოცანა ექნება _ ზემოთ ასული ჩამოაგდოს ან ამ ცათამბჯენს საძირკველი გამოაცალოს. ამას აკეთებს ახლა კოკა და მისი რაზმი. კოკა კრებსითად, მანდ ახლა სხვა აქტიური პერსონებიც არიან, ვისაც ასევე ეკითხებიან „ჭკუას“, მაგრამ ისინიც შეშინებულნი და დამფრთხალნი, ფობიებით შეპყრობილნი არიან.
კარგი, ვთქვათ, შიდა საქმეებში ცუდად გვაქვს ვითარება, რა ხდება გარეთ? _ უარესი. ქვეყანა ჰიბრიდულ ომშია გახვეული და კოკასა და მის რაზმს ამის შესახებ არაფერი სმენიათ, ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. სრული სტაგნაციაა ევროკავშირთან ურთიერთობის დემონსტრირების კუთხით და აქ თემა მხოლოდ ის არის, წლის განმავლობაში რამდენი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, არაფერი ისმის სასიკეთო ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების სიკეთეებზეც, არაფერი გვესმის ჩინეთზე, დაგვავიწყდა აშშ. მოკლედ, რა…
ცალკე საკითხია, როგორ მართავენ კრიზისს კოკები. განვრცობას უხვი მაგალითის მოხმობით აზრი არ აქვს _ ისედაც ყველას ახსოვს, თუნდაც, ნაწილი _ ციანიდის საქმის, გასული წლის მაისის მოვლენების, სარალიძის, მაჩალიკაშვილის, ოქუაშვილის, ხაზარაძის ქეისები და ამ ჭკუის კოლოფების მომზადებული მესიჯები. კარგად გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნები და „წარმატებულად“ გორვა რუსულ ტალახში.

***
ამ „დედებსა და მამებს“ სტრატეგიად კიდევ ის მიაჩნიათ, რომ მედიასაშუალებაში, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ, ცალკეული პერსონები დაითრიეს ივანიშვილის ფულით და მათ უხდიან ქეშად. ეს ვაიჟურნალისტები გამომცემლებს ეუბნებიან, _ ნახეთ, რა ექსკლუზივი „გავაძრეთო“ და შემოგდებული თემებით აგიჟებენ მათ. პრინციპში, ჟურნალისტიც კმაყოფილია ქეშისთვის, დაგოიმებული გამომცემელიც _ ექსკლუზივისთვის და რა თქმა უნდა, დამკვეთიც, რომელიც საკუთარ პოლიტიკას ატარებს.
ბარემ აქვე ვიტყვი: რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს მედიაში ტრიალებს _ შავ ფულს, რაც მოედინება (პირველ რიგში, რუსეთიდან), ამ ყოველივეს კონკრეტული მიზეზი აქვს: დანაშაულებრივად არასისტემური მიდგომა მედიისადმი, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან!
წინა ხელისუფლებამ ვითომ დიდი საქმე გაუკეთა მედიას, როდესაც გააუქმა სასამართლოში ჩივილისა და ფინანსური ანაზღაურების შესაძლებლობა (ცრუ დასმენისა და ცილისწამების გარდა), მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი არაფორმალური მეთოდებით, მათ შორის, ძალისმიერი ბერკეტებით და პირდაპირი ტერორით ცდილობდა მედიის გაკონტროლებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას.
„ოცნებამ“ თითქოს ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ბევრად უარესი: დაფინანსების „შავი სქემები“ იმ მედიის, იმ ტელევიზიების, საინფორმაციო სააგენტოების, გაზეთების მიმართ, რომელიც ვითომ ხელისუფლების არაა, მაგრამ სინამდვილეში ბიუჯეტიდან ფინანსდება ან მოსკოვიდან გამოგზავნილი თანხებით იკვებება.
და აქაც კოკა და მისი რაზმია ბრალში. სწორედ მათ მოიფიქრეს ეს სქემა და უდიდესი ზიანი მიაყენეს მეოთხე ხელისუფლებას. სწორედ მათ შექმნეს უკიდურესი ურთიერთდაპირისპირებული პოლუსები და სწორედ მათ განსაზღვრეს ამ შავი ფულის მეშვეობით ქართული საინფორმაციო ველის სახელმწიფოებრივად უსახური და უსუსური მოდელი.

***
გავა დრო და კოკა იტყვის, _ რა მექნა, ბიძინას PR-ი არ უყვარს, თორემ მე ყველაფერი ვიცი და პროფესიონალი ვარო. ის არაფერს იტყვის საკუთარ ფობიებზე. არაფერს იტყვის საკუთარ ფსიქოლოგიურ განწყობებზე და მეტიც _ არაფერს იტყვის საკუთარ მავნებლობაზე სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისე, რა უნდა ქნას მართლა, როცა თავისი შიშების გადასაფარავად თვით საკუთარი თავიც კი დაარწმუნა, რომ: „ბიძინას PR-ი არ უყვარს“ და ამიტომაც შეიყვარა ტროლები. ტროლები _ საკუთარი სიდიადისა და ლომგულობის დემონსტრირებისთვის.

გეგა სილაგავა