ხათუნა ლაგაზიძე: „ჰაერში 2003 წლის სუნი ტრიალებს“

ბოლო ორი თვის განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით დაწყებული აზრთა სხვადასხვაობის გამო „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა ექვსმა ადამიანმა, მათ შორის, მმართველი პარტიის ოთხმა წევრმა დატოვა. ამ პროცესების შემდეგ კი ივანიშვილმა მორიგი ხმაურიანი სვლა გააკეთა და მის საჭადრაკო დაფაზე სათადარიგო მოთამაშედ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შემოიყვანა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეორე პრემიერ-მინისტრმა პარტიაში პოლიტიკური მდივნის პოზიცია დაიკავა.

რაზე მეტყველებს ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება? რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ივანიშვილმა? გადაარჩენს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ახალი სახეებით დაკომპლექტება და რა მთავარ შეცდომას უშვებს ამ პროცესში მმართველი გუნდი? როგორია ოპოზიციური სპექტრის შესაძლებლობები ამ მოცემულობაში და უნდა ველოდოთ თუ არა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:
_ რა პროცესები მიმდინარეობს მმართველ გუნდში? არის თუ არა რეალურად რღვევის პროცესი დაწყებული და როგორ შეაფასებთ ღარიბაშვილის დაბრუნებას?
_ ღარიბაშვილის დაბრუნებამ რაღაცები გადაალაგა. ღარიბაშვილის მისვლამდე პროცესებს რომ ვაკვირდებოდი, იმთავითვე გამოვრიცხავდი რომ, პარტიის დაშლა ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებული პროცესი იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი ამ პროცესს დიდად არ შეუშლიდა ხელს. მე ამ პროცესს უფრო გაშლას ვუწოდებდი, ვიდრე _ დაშლას: მაგალითად, უმრავლესობა დატოვა გია ჟორჟოლიანმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მემარცხენე ფლანგს წარმოადგენდა, ბესელია და მისი თანამოაზრეები კი უფრო კონსერვატიული გემოვნების არიან. „ქართულ ოცნებაში“ ასევე იკვეთებოდა რამდენიმე ფიგურა, რომელთა პოზიციაც მოსამართლეების თემასთან მიმართებით ღირსეული იყო, ვგულისხმობ ლევან კობერიძეს, რომან კაკულიას. ისინი თამამი განცხადებებით გამოირჩეოდნენ და შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ისინი შესაძლოა, საკუთარ პოლიტიკურ ნიშას ეძებდნენ „ოცნების“ გარეთაც. ეს ყველაფერი, და ამასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მიერ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა, მაფიქრებინებდა, რომ ივანიშვილი ხელს არ შეუშლიდა „ოცნების“ გაშლის პროცესს. გაშლაში კი ვგულისხმობ იმას, რომ „ოცნების“ ბაზაზე თუკი წარმოიქმნებოდა მეტ-ნაკლებად პერსპექტიული რამდენიმე ახალი პარტია, რომელიც აითვისებდა მემარცხენე, კონსერვატიულ, თანამედროვე პროგრესზე ორიენტირებულ ფლანგებს, ასევე დავით ჭიჭინაძემაც დააანონსა პარტიის შექმნა, ამ კონფიგურაციით ივანიშვილს შეეძლო ესარგებლა: 2020 წელს, მით უმეტეს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, 3%-იანი ბარიერის გადალახვისას ამ პარტიების რაღაც ნაწილი შევიდოდა პარლამენტში და შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციურ მთავრობას შეკრავდა. მათი ნაწილი შესაძლოა, მართული ოპოზიცია ყოფილიყო, რაღაც ნაწილი _ არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილისთვის მათთან უფრო კომფორტული იქნებოდა პარლამენტის შიგნით ერთიანი კოალიციური უმრავლესობის შექმნა, ვიდრე, მაგალითად, „ევროპულ საქართველოსთან“. ანუ პოლიტიკურ ბრძოლაში მეტ-ნაკლებად გამოცდილი „ოცნების“ ყოფილი ლიდერები სხვადასხვა ოპოზიციურ ნიშას შეავსებდნენ. ეს არ იყო „ოცნებისთვის“ ცუდი პერსპექტივა.
_ რა შემთხვევაში გაივლებოდა ივანიშვილისთვის წითელი ხაზი და როდის ეცდებოდა ის ამ „გაშლაში“ ჩარევას?
_ წითელი ხაზი მოინიშნებოდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი შეამჩნევდა, რომ „ოცნება“ შეიძლებოდა დეპუტატთა 2/3-ის ქვემოთ ჩამოსულიყო. ეს იქნებოდა ის წითელი ხაზი, რომლის იქითაც ივანიშვილი პარტიას ჩამოშლის საშუალებას აღარ მისცემდა. ღარიბაშვილის გამოჩენამ ეს ხედვა დააკორექტირა. ბოლო რამდენიმე დღე „ქართული ოცნების“ გარინდება იმ ვარაუდის სისწორეს მიანიშნებს, რომ ღარიბაშვილის შემოყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესის შეჩერება. წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას გადასცა _ ამ თემასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, მედიას მცდელობა ექნებოდა, „ოცნების“ დეპუტატების პოზიციები მოესმინა, მათ შორის, მათიც, ვინც მოსამართლეების თემაზე, პირდაპირი მნიშვნელობით, ყალყზე იდგა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ წერილთან დაკავშირებით მაქსიმალურად თავშეკავებულები გახდნენ ის დეპუტატებიც კი, რომლებიც მკვეთრად აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ხაზარაძის საქმის საკომიტეტო მოსმენისას. სწორედ ამას ვუკავშირებ ღარიბაშვილის დაბრუნებას. როგორც ჩანს, „ოცნების“ დეპუტატები, ცვლილებების მოლოდინში, მაქსიმალურად ერიდებიან მედიასთან დამოუკიდებელ ურთიერთობას, მინიმუმ მანამ, სანამ პარტიის შიგნით სერიოზული გადალაგებების პროცესი მიდის. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ საგანგებო ზომების მიუხედავად, „ოცნების“ დაშლის პროცესი გაგრძელდება.
_ როგორ შეაფასებთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ოცნება“ უცხოური კომპანიის მეშვეობით ახალ სახეებს ეძებს? „ოცნება“, როგორც პარტია, არ არის საინტერესო ახალი სახეებისთვის?
_ ეს ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ შეკვრისა და გამრავალფროვნების მცდელობა დაიწყო. შესაბამისად, ვასკვნი, რომ ივანიშვილი გაშლის პროცესს არათუ არ ემხრობა და არ მიესალმება, არამედ ამ სცენარს ის, უბრალოდ, არ განიხილავს. „ქართული ოცნება“ პარტია არასდროს ყოფილა იმ გაგებით, რა გაგებითაც თქვენ კითხვა დამისვით. იდეების, პრინციპების, ღირებულებების გარშემო მყოფი გაერთიანება, რაც რეალურად არის პარტია, ასეთი „ქართული ოცნება“ არასდროს ყოფილა. ის შეიქმნა სააკაშვილის ხელისუფლების საპირწონედ, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, სადაც მივიდნენ სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების, განსხვავებული საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები. მათი ერთადერთი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლების ქვეყნიდან გასტუმრება იყო. სხვა ამ ადამიანებს არაფერი აერთიანდებდა. მაშინ ეს ეკლექტურობა ასეთი თვალში საცემი არ იყო, რადგან იდეურად შეკრული „თავისუფალი დემოკრატები“ აბალანსებდა, რომლებმაც ის მაინც იცოდნენ, რომ მათი საგარეო პოლიტიკური კურსი პროდასავლური იყო, ასევე „რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“, რომელსაც ფასეულობითი ღერძი ჰქონდა _ კონსერვატიული, ზომიერ-ნაციონალისტური და ა. შ. ამ საერთო კოალიციის ფონზე „ქართული ოცნების“ ეკლექტურობა ასე ძალიან არ ჩანდა. ამას ერთი გარემოებაც ემატებოდა, რომ 2012 წლის „ოცნება“ მხოლოდ ერთ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე იყო ორიენტირებული. 2016 წელს კი პარტიის რამდენიმე ლიდერს მიეცა საშუალება, თავისი კვოტა ჰქონოდა საპარლამენტო სიაში, მათ შორის, კახა კალაძეს, გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებსაც. როგორც შემდეგ მედიაშიც აღიარეს „ოცნების“ დეპუტატებმა, მათმა დიდმა ნაწილმა ერთმანეთი საარჩევნო კლიპის გადაღებისას გაიცნო და არც მას შემდეგ ამ ადამიანებს ერთმანეთთან საერთო ენის, ღირებულებების გამონახვის სურვილი არ ჰქონიათ. ისინი ღირებულებების მიხედვით არ შერჩეულან. „ოცნების“ დეპუტატებს არ დაუმალავათ, რომ გასაუბრების დროს მათ ღირებულებებზე, საგარეო პოლიტიკურ ხედვებზე, საშინაო პოლიტიკის საკითხებზე მათთვის არავის არაფერი უკითხავს. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებაზე“, როგორც პარტიაზე, ვერანიარად ვისაუბრებთ, რადგან პარტიას, მინიმუმ, ერთიანი ღირებულებითი ღერძი უნდა ჰქონდეს. შემდგომშიც კი არავის უცდია, რომ ეს ადამიანები ერთ ღერძზე აეწყო. პირიქით, ახლა „ოცნებიდან“ გამოსულები აცხადებენ, რომ ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში პარლამენტში ფრაქციის სხდომა სულ ორჯერ გაიმართაო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანების გაერთიანებაზე არავის უზრუნია. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ახალი სახეების მისაზიდად Hღ კომპანია დაიქირავეს.
_ რა დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს ამ ფაქტს?
_ ამას აქვს ერთი პლუსი, კერძოდ: ეს უცხოური კომპანია ადამიანების შეფასებისას ობიექტური და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება. ეს ნამდვილად პლუსია, რადგან ვიღაცების ლობირებით ადამიანებს არ შეიყვანენ. თუმცა, როგორც ჩანს, ღირებულებებსა და იდეოლოგიას ისევ არანაირი ყურადღება არ მიექცევა. „განახლების“ პროცესში არანაკლებ საინტერესოა ის, რომ ღარიბაშვილის შემოსვლას, გარდა დაშლის შემაკავებელი ბარიერის ფუნქციისა, მეორე ფუნქციაც აქვს, _ ეს არის კობახიძის ფრთის განეიტრალება. ზოგადად, კობახიძე არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ რეალობა არის ის, რომ პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციები ნაწილობრივ დაკომპლექტებულია კვირიკაშვილის გავლენით, ნაწილობრივ _ კობახიძის, დიდი წილი _ კალაძის გავლენით. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ საკადრო განახლების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი, იგი ვერ განხორციელდებოდა, თუკი მას საპირწონე კადრები არ ეყოლებოდა, მაგალითად, კობახიძისა თუ კვირიკაშვილის კადრების ჩამნაცვლებლები. ვფიქრობ, ღარიბაშვილი ამ პროცესის შემკრებადაც მოიყვანა. შესაძლოა, ნაწილობრივ ღარიბაშვილის ვერტიკალზე აიგოს ახალი საკადრო რესურსი.
_ პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კახა კალაძე უხელმძღვანელებს უშუალოდ საკადრო პოლიტიკას და ახალი სახეებით გუნდის დაკომპლექტებას, ამაზე რას ფიქრობთ?
_ როცა დადასტურებულად არ იცი, რთულია მსჯელობა. ამ ინფორმაციაში ბევრი კითხვის ნიშანია. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში ღარიბაშვილის ფუნქცია ძალიან სიმბოლურია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ „მესამე გამოშვების“ (ასე დავარქმევდი) შემადგენლობაც ბალანსზე და არა საერთო იდეურ ღერძზე იქნება აგებული: ანუ შეიძლება, ამ კადრების შერჩევის პროცესში თავისი წონა ჰქონდეს ღარიბაშვილსაც, კალაძესაც, გახარიასაც. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მისცემს პარტიის ვერტიკალის საკუთარ თავზე აგებისა თუ მორგების საშუალებას. ამ თვალსაზრისით უცხოური კომპანიის დაქირავებაც მოწმობს, რომ მას სურს, ამ შერჩევის პროცესში ვინმეს პოლიტიკური გავლენები გამოირიცხოს. საბოლოო გადაწყვეტილებას, ალბათ, რამდენიმე ლიდერი ერთად მიიღებს.
_ ივანიშვილი, როგორც გუნდის ლიდერი, კარგავს თუ არა ავტორიტეტს? როგორ ფიქრობთ, მას ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, გაუჭირდა გუნდის მართვა?
_ ივანიშვილის ალტერნატივა პარტიაში, უბრალოდ, არ ჩანს. ანუ მასთან მიახლოებული წონის ფიგურა, რომელზე სწორებასაც პარტიის წევრები მოახდენენ. არც ერთი დეპუტატი, რომელმაც პარტია დატოვა, ივანიშვილს არ ახსენებს. ესეც ადასტურებს იმას, რომ ისინი, უბრალოდ, მისი ალტერნტიული წონის ფიგურას სივრცეში ვერ ხედავენ. ის ადამიანები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, ალბათ, მაინც ფიქრობდნენ, რომ ისევ იტრიალებდნენ ბიძინა ივანიშვილის ორბიტაზე, 2020 წლის არჩევნების გადმოსახედიდან. მათ ექნებოდათ განცდა, რომ ისინი ივანიშვილისთვის გაცილებით უფრო კომფორტული ოპოზიციონერი პარტნიორები იქნებოდნენ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ან, თუნდაც, „ევროპული საქართველო“. ეს ადამიანები ამ იმედს 2020 წლის არჩევნებამდეც არ დაკარგავენ. შესაძლოა, ისინი არც იყვნენ მართული ოპოზიციის სტატუსით, მაგრამ სულ მცირე ის, რომ ისინი 2020 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციაში განიხილავდნენ საკუთარ თავს, ეს შემიძლია გითხრათ. მაგრამ ეს მანამ, სანამ „ოცნების“ დაშლისა და დასუსტების პროცესი შეუქცევად ხასიათს მიიღებს.
_ თქვენ ახსენეთ, რომ „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, ვერ განვიხილავთ და ის, როგორც წინააღმდეგობის მოძრაობა, ისე მოვიდა ქვეყნის მმართველობაში. აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს ახალ სახეებში, ამ მოცემულობაში რა პერსპექტვები აქვს „ოცნებას“? იქნება თუ არა მისი „მესამე გამოშვება“ კვლავ ხელისუფლებაში?
_ მთავარი კითხვაა, _ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ რეფორმებისთვის? ღარიბაშვილის შემოსვლა ძალიან კარგი ინდიკატორია იმისთვის, რომ გავიგოთ, ემზადება თუ არა „ოცნება“ რეფორმებისთვის. ინგა გრიგოლიასთან მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილი საუბრობდა „ძველი გვარდიის“ შემოკრებაზე და იმ ღირებულებებთან მიბრუნებაზე, რომლითაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა. ჯერჯერობით რეფორმებზე საუბარი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, მე ყურში არ მომხვედრია. როდესაც პარტიის კონსერვატიული ნაწილიდან ბევრი გავიდა, მათ შორის, „პირველი გამოშვების“ „მეოცნებეები“ ბესელია, კვაჭანტირაძე და ა. შ., ნუკრი ქანთარიაც გამოირჩეოდა საკმაოდ კრიტიკული განცხადებებით. ასეთ დროს ღარიბაშვილის დაბრუნებას ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, თითქოს ძველ გვარდიას ეუბნებოდნენ, _ თქვენი დრო არ წასულა. ამავდროულად, ღარიბაშვილის დაბრუნება შეიძლებოდა „ოცნებისთვის“ ძალიან კარგი საშუალება ყოფილიყო მოსამართლეების თემიდან განსაწმენდად. ველოდი, რომ ღარიბაშვილის შემოყვანით „ქართული ოცნება“ მოსამართლეთა კლანის საწინააღმდეგო დროშას ხელში აიღებდა და თვითონ დაიწყებდა სასამართლო რეფორმაზე ზრუნვას. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობდი, რომ კობახიძის მიდგომებს მოსამართლეების კლანთან მიმართებით გაემიჯნებოდა. ასეთ შემთხვევაში ბესელიას ხელიდან გამოგლეჯდნენ არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციური პარტიების თემას და ღარიბაშვილს დააჭერინებდნენ ხელში. ღარიბაშვილის მისვლა შეიძლებოდა ყოფილიყო ის ამოსავალი წერტილი, როცა „ქართული ოცნება“ ყველა იმ ნეგატივს, რაც მან მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით დააგროვა, ჩამოირეცხავდა. ჩვენ საპირისპირო ვიხილეთ, _ ღარიბაშვილსაც მოუწია იმ ხაზის გატარება, რასაც აქამდე „ოცნება“ ატარებდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ ახალ სახეებსაც „ქართული ოცნების“ უკვე არსებული გეზის რუპორის ფუნქცია დაეკისრება. აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის რეფორმებისთვის და ახალი სახეები რეფორმატორებად მოჰყავს და არა _ რუპორებად, სამწუხაროდ, სულ უფრო ნაკლებია.
_ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ განახლებაზე. როგორ ფიქრობთ, ამ განახლების პროცესში რა მთავარ შეცდომას უშვებს მმართველი გუნდი?
_ აგრესიას არა ადამიანები, არამედ ის იდეები და მიდგომები იწვევს, რომელსაც ეს ადამიანები აჟღერებენ. ამდენად, „ოცნებამ“ ახალი სახეები რომც იშოვოს, თუ ისინიც „ოცნების“ უკვე დაშვებული შეცდომების გამთეთრებლების, გამჟღერებლებისა და რუპორების რიგში ჩააყენეს, მათგან 2020 წლამდე 10-ით მეტ კობახიძეს მიიღებენ და მეტს არაფერს. ასევე მიიღებენ საზოგადოების გაზრდილ აგრესიასაც. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ლოგიკასთან ახლოს იყოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემა. შეიძლება, ამასაც განიხილავდნენ.
_ იმ საარჩევნო სისტემით, რაც გვაქვს, შესაძლოა, სწორედ „ოცნებას“ აწყობდეს ვადამდელი არჩევნები. რამდენად წავა „ოცნება“ იმ დათმობაზე, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა პროპორციულით შეცვალოს?
_ ამ დათმობაზე „ქართული ოცნება“ არ წავა. თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, ფიზიკურად დროც არ მისცემს ამის საშუალებას, რადგან კონსტიტუციურად მთელი პროცედურები ვადებშია გაწერილი. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების პირობებში საარჩევნო სისტემის ცვლილების თეორიული შანსიც კი არ არსებობს. თუ „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებზე წავიდა, ეს ორ რამეზე მიანიშნებს: 1. საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის; 2. „ოცნება“ რეფორმებისთვის არ არის მზად. პარტია, რომელიც საკუთარ ძალაში, რესურსებში დარწმუნებულია, მასშტაბურ რეფორმებს აპირებს და ამ რეფორმებით დანაკლისის ამოქაჩვას, რეიტინგის გაზრდას გეგმავს _ ასეთი პარტია ვადამდელ არჩევნებზე არ იფიქრებს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“, გარდა ახალი რუპორებით პარტიის მომარაგებისა, ვერ ხედავს რეფორმების საჭიროებას და მიაჩნია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს.
_ ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოსახლეობას ერთი წელი სთხოვა, თქვენ ამბობთ, რომ „ოცნება“ ვერ ხედავს რეფორმების საჭიროებას. ამის გათვალისწინებით, რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ ერთ წელიწადში რაიმე ძირეულად და პოზიტიური კუთხით შეიცვალოს?
_ თუ სურვილია, რეფორმების დაანონსებასა და საზოგადოებაში ძირეული ძვრების დაწყების განცდის შექმნას დიდი დრო არ სჭირდება. ამ შემთხვევაში დრო ყველაზე ნაკლები ბარიერია. საქმე ის არის, რამდენად ხედავენ ამის საჭიროებას. გავიხსენოთ, 2016 წელს რამდენი ახალი სახელი და გვარი შევიდა პარლამენტში. მათგან რამდენი პარლამენტარი გახსოვთ, რომელმაც პოზიცია დააფიქსირა მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით?! უბრალოდ, ამ თემაზე ესირცხვილებათ ხელისუფლების პოზიციის გაჟღერება. ფრონტის ხაზზე არიან: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე, დანარჩენი _ სანგარში სხედან. მომავალში შერჩეული ახალი სახეებიდან რამდენი დასთანხმდება იმ სიმღერის მღერას, რასაც ახლა კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე მღერიან?! _ ძალიან ცოტა. ვინც დათანხმდება, ის ღირებული არ და ვერ იქნება და ძალიან მალე დაკარგავს სიახლის ეფექტს. ახალი სახეები ახალი იდეებით უნდა შემოიყვანო, რომ მათ მიმართ მოლოდინი გაჩნდეს, თორემ თუ გაცვეთილი თემების გადამღერებისთვის შემოიყვანე, ისინი მალევე დაკარგავენ პეწს.
_ ბევრი ვისაუბრეთ მმართველ გუნდზე და „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებზე. ბოლო პერიოდში ეს იმდენად აქტუალური იყო, რომ თითქოს ოპოზიცია ამასობაში, მეორე პლანზე გადავიდა, ყურადღების ეპიცენტრიდან გაქრა. რამდენად ძლიერდება ოპოზიციური ფლანგი ამ პროცესების პარალელურად ან რამდენად აქვს გაძლიერების პერსპექტივა მას?
_ ოპოზიციაში დაბნეულობაა. შეიძლება სწორედ ამით ისარგებლოს მმართველმა გუნდმა და ვადამდელი არჩევნების თემა შემოიტანოს. ასე, უბრალოდ, წერტილს დაუსვამს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ვადებში ვერანაირად ვეღარ ესწრება. „ქართულმა ოცნებამ, თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ოპოზიციურ სპექტრს ცაიტნოტში დატოვებს. ვერც ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება ესწრება, რაზეც ხშირად საუბრობენ. ასე რომ, ყველაფერი მართლაც შეიძლება უბიძგებდეს „ქართულ ოცნებას“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ. მთაწმინდის არჩევნები ასევე კარგი ინდიკატორია იმის დასანახად, რეალურად როგორი დაქსაქსულია ოპოზიცია. ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება პროპორციულ არჩევნებზე, თუმცა სხვა კუთხით საერთო ენის გამონახვა ძალიან უჭირს. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიები ამ ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებენ, როცა ყველაზე უპრიანი იყო, რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმებულიყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროებით ხომ შესაძლებელია გადადონ საკუთარი დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი ამბიცია და დიდი არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია გაიარონ?! არჩევნები კარზეა მომდგარი, რომელიც ჯერ არ ვიცით, 2019 წლის შემოდგომაზე ჩატარდება თუ _ 2020 წლის შემოდგომაზე. გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მთაწმინდაზე კენჭისყრას აპირებს, ასევე ელისაშვილმა დააანონსა, რომ მისი პარტიიდანაც იქნება კანდიდატი, ანა დოლიძემაც თქვა, რომ შეიძლება კენჭი იყაროს. იმის ნაცვლად, რომ რესურსი გააერთიანონ, რესურსების დაქსაქსვის პროცესს ვუყურებთ, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შემხედვარე ხელისუფლებამ შეიძლება მართლაც იფიქროს, რომ ვადამდელი არჩევნები მათთვის პანაცეაა. თუმცა ამ დღეებში დავით უსუფაშვილმა ძალიან საინტერესო იდეა გააჟღერა: „დანიშნავენ რიგგარეშე მაჟორიტარულ არჩევნებს 2018-ში?! მიიღებენ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს 2020-ში. როგორ? _ უსუფაშვილი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, თითოეულ მაჟორიტარულ ოლქში შეჯერდნენ თითო ოპოზიციურ კანდიდატზე და ამით ხელისუფლებას მაჟორიტარული ოლქების მოგების იმედი გამოაცალონ ხელიდან. პროპორციული წესით რომ „ოცნება“ უმრავლესობას ვერ აიღებს, ეს ისედაც ცხადია და ამ წესით დაკომპლექტებული პარლამენტი უკვე ვადამდელ არჩევნებს 2020-ში ჩატარებს პროპორციული წესით. ვნახოთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რაციონალური და რეალისტური იდეაა, რაც ოპოზიციის სტრატეგიაში აქამდე მოგვისმენია.
ფაქტი ის გახლავთ, რომ „ოცნებას“, რომელსაც საკუთარი დეპუტატებიც კი ვერ ამოუსვია სანგრებიდან და ვერ დაურწმუნებია თავისი ბრძოლის სამართლიანობაში, მძიმე გამოწვევები ელოდება. ჰაერში 2003 წლის სუნი ტრიალებს.

ნენე ინჯგია