ვინ უფეშქაშა დავით მათიკაშვილს 120 000 დოლარი?

ყველა ადამიანს უყვარს საჩუქარი, განსაკუთრებით თუ მას გულით ჩუქნიან.
საჩუქრის ფენომენი დიდი ხნის წინათ წარმოიშვა და მისი ისტორია, ჯერ კიდევ, დაუწერელი ამბების დროში უნდა ვეძებოთ.
საჩუქარი – ეს არის ნივთი, რომელსაც საკუთარი სურვილით ვჩუქნით საყვარელ ადამიანს, რათა იგი გავახაროთ და მას ვასიამოვნოთ. მჩუქებელიც არ არის წაგებული, რადგან სწორად შერჩეული საჩუქარი და თავად ფაქტი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანია ორივე მხარისთვის.

როგორ საჩუქრებს ჩუქნიდნენ ადრე?
შუა საუკუნეებში, არაბულ ქვეყნებში, პოპულარულ საჩუქრებად ცხენები, ფარჩა-აბრეშუმის ნაჭრები, სუნამოები და იარაღი მიიჩნეოდა.
ბაბილონში მიღებული იყო უცხო, თან ძვირფასი საჩუქრის ჩუქება.
ძველ საბერძნეთში საჩუქრებად მიღებული იყო ხელნაწერები, ოქროს სამკაულები, ღვინო და მონები.
არსებობს ტრადიცია, რომ დიპლომატები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. დიპლომატიის უახლეს ისტორიაში რამდენიმე, ყველაზე უცნაური საჩუქარიც არსებობს.
1990 წელს ჯორჯ ბუშს ინდონეზიის ხელისუფლებამ ხვლიკის სახეობა, ვარანი აჩუქა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარანი მთელ დასავლეთ ნახევარსფეროში. მიუხედავად ცხოველის ისტორიული ღირებულებისა, ბუშმა ის ზოოპარკს გადასცა. ინდონეზიაში ეს ცხოველი ნაციონალურ საგანძურად მიიჩნევა.
2009 წელს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჩუქრად მიიღო, არც მეტი, არც ნაკლები, ზეითუნის ზეთი, რომელიც მას პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა აჩუქა. საჩუქრის ღირებულება 75 დოლარი იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი საჩუქარია აშშ-ის პრეზიდენტების საჩუქრებს შორის.
ჩინელები უკვე ათას წელზე მეტია, პოლიტიკურ ლიდერებს პანდებს ჩუქნიან. მხოლოდ 1958-1982 წლებში მათ 23 პანდა გააჩუქეს. 1972 წელს ამერიკის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა ორი შესანიშნავი პანდა მიიღო საჩუქრად _ ლინგ-ლინგი და ჰინგ-ჰინგი. საპასუხოდ, ნიქსონმა ჩინეთს ამერიკული ბიზონები აჩუქა.
ადამიანს უნდა აჩუქოთ ის, რაც იცით, რომ გაახარებს _ ეს ისე… წინასიტყვაობისთვის ჩუქების ისტორიასა და მასთან დამოკიდებულებაზე.
ჩვენთან კი, საქართველოში, ყველაფერი ცოტა უხერხულადაა. პოლიტიკოსებმა, ბოლო წლებია, მოდად აქციეს დეკლარაციაში გამოქვეყნება, როგორ ჩუქნიან მათ მამები თუ დედები ათასობით დოლარს. ასევე განმარტავენ, რომ ეს თანხა მათ მშობლებს ან დანაზოგის სახით ჰქონდათ შენახული, ან უძრავი ქონების გაყიდვის შემდეგ შვილებს სიურპრიზად გადასცეს.

მათიკაშვილის პროლოგი…

დათო მათიკაშვილს ქართულ პოლიტიკაში 2016 წლამდე არავინ იცნობდა. მასზე, მხოლოდ და მხოლოდ, ცნობილი იყო, რომ იგი 2012 წლის „ქართული ოცნების“ შემომწირველი გახლდათ.
აი, რას წერს მედია დავით მათიკაშვილზე:
„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაჯარიმებული, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველები ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. ამის შესახებ ბანკი „ქართუს“ თანამშრომლებმა და უფლებადამცველებმა დღეს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც „ქართუს“ თანამშრომელმა და კოალიციის ერთ-ერთმა შემომწირველმა, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ჯარიმის გადახდის ვადა მათ დღეს საღამოს ეწურებათ.
მისივე თქმით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მათი ქონების კონფისკაცია და საჯარო აუქციონზე გატანა მოხდება.
„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური დევნაა იმ ნიშნით, რომ ოპოზიციურ პარტიას მხარი აღარ უნდა დავუჭიროთ, რითაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებები ირღვევა“, _ განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე კოალიცია „ქართული ოცნების“ 16 შემომწირველი, მათ შორის, „ბანკი ქართუს“ 8 თანამშრომელი დააჯარიმა“.
დავით მათიკაშვილზე ინფორმაცია მაინც მწირია. მაგალითად, არ ვიცით, მოსწონს თუ არა მას პანდები, არც ის ვიცით, როგორი გემოვნება აქვს და რა საჩუქარი ახარებს ყველაზე მეტად. პოლიტიკოს მათიკაშვილის ანატომია ჯერ შეუსწავლელია…
არადა, 2016 წლიდან დავით მათიკაშვილი პოლიტიკურ არენაზე, როგორც პოლიტიკოსი, ისე გამოჩნდა. თავიდან იგი თელავი-ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად განიხილებოდა. როგორც ახლა, მაშინაც პირველად „ქრონიკა+“-მა გამოაქვეყნა მის შესაძლო კანდიდატობაზე სტატია. მოგვიანებით, მათიკაშვილი პარტიული სიით აღმოჩნდა პარლამენტში. წლების მანძილზე მათიკაშვილი „ქართუ ბანკის“ იურისტად მუშაობდა, სხვა პოლიტიკური რეგალიები მას არ გაუვლია. წარმოშობით ყვარლიდანაა, მისი მამა, როგორც ჩვენი მკითხველისათვის ცნობილია, მიშა სააკაშვილის კახელად მონათვლის რიტუალის მთავარი მონაწილე იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან, დავით მათიკაშვილის მამა უშანგი-ირაკლი მათიკაშვილი ყვარელში განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსია. მისი წლიური შემოსავალი 12 600 ლარს არ აღემატება. სხვა შემოსავალი მას 2013 წლის შემდეგ, დეკლარაციის მიხედვით, არსად უფიქსირდება. ასევე მისი გასავალი მხოლოდ ბანკში აღებული სესხის გადასახადია, რომელიც 3000 ლარია.
პარალელურად, თუ უშანგი მათიკაშვილის ვაჟის, დავით მათიკაშვილის დეკლარაციას გადავხედავთ, ერთ საინტერესო ფაქტს გადავაწყდებით, კერძოდ: პარლამენტარი მათიკაშვილი წერს, რომ მან 120 000 ამერიკული დოლარი 2016 წლის პირველ იანვრამდე მამისგან საჩუქრად მიიღო. არადა, უშანგი მათიკაშვილის დეკლარაციების შევსების ისტორიაში არსად არის ნაჩვენები, საერთოდ თუ ჰქონდა მათიკაშვილს 120 000 ამერიკული დოლარი ან მისი ეკვივალენტის ღირებულების ქონება.
თუმცა 2017 წლის დეკლარაციაში მითითებული 120 000 დოლარი დათო მათიკაშვილმა უკვე 2018 წლის დეკლარაციით გვაჩვენა, თუ როგორ დახარჯა იგი…
კერძოდ: 2018 წელს მათიკაშვილმა შეიძინა: თბილისში, ნავთლუღის ქ. #10-ში, კორპ. III, ბინა #145, #227, #202, რაშიც მან 70 000 ამერიკული დოლარზე მეტი გადაიხადა;
ასევე 2018 წელს ბინა შეიძინა ბორჯომში, დაბა ბაკურიანში 50 000 დოლარად;
ასევე 2018 წელს თანასაკუთრებით შეიძინა მიწის ნაკვეთი ქალაქ თბილისში, სოფელ თხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე 90 000 ამერიკულ დოლარად.
2017 წლის 25 მაისიდან მათიკაშვილის მეუღლე, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხდება. როგორც მათიკაშვილის დეკლარაცია გვიყვება, მათიკაშვილსა და მის მეუღლეს ნინო მამულაშვილს სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები აქვთ „თიბისისა“ და „ქართუ ბანკში“.
ასევე, ოჯახს გასავალი აქვს შვილების სწავლაში. როგორც ჩანს, მათიკაშვილები ბავშვებს კერძო სკოლაში ასწავლიან, რაც მათ ოჯახს წელიწადში 5500 ლარი უჯდება.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებიდან ბევრი ვეცადე, მაგრამ საჩუქრის ბალანსი ვერსად გამოვიყვანე. მთავარი კითხვა, რაც ახლა რჩება ერთია, _ ვინ იტყუება დეკლარაციის მიხედვით _ მამა უშანგი თუ შვილი დავითი?
თუ შვილი დავითი მართალია და მამა უშანგი ტყუის, თუ მამამ შვილს მართლა აჩუქა 120 000 დოლარი და შვილსაც საჩუქარი გაუხარდა და მიიღო, მაშინ ამოცანა გვეკითხება, საიდან ჰქონდა მამას მილიონის მეოთხედი ლარი?
მაგრამ თუ შვილი ტყუის და ფული მამას არ უჩუქებია, მაშინ რა ხდება?
ვინ აჩუქა ფული პარლამეტის წევრ მათიკაშილს?!
ქრთამი აიღო?
ვინმე კეთილმა ბიძამ აჩუქა და დაუბარა, არავის უთხრა, რა კეთილი ვარო?
მოკლედ, პარლამეტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დეკლარაცია დიდი გაურკვევლობის ნიშნებს შეიცავს. ასე რომ, ხვალ-ზეგ ან ოდესმე შესაბამისი უწყებები რომ დაინტერესდნენ, ვინ იყო მართალი და ვინ _ მტყუანი დავით და უშანგი მათიკაშვილების დეკლარაციაში, სიმართლეს აუცილებლად გაარკვევს და დაუსჯელი არავინ დარჩება. გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მამა არა, მაგრამ შვილი იტყუება და იმ კეთილ ბიძიას გვიმალავს, ვინც ფული აჩუქა, მან კი მამად გაასაღა.
ყვარელში იციან, რომ უშანგი შვილის დავალებით დიდ სასტუმროს აშენებს და ამისთვის მას თავისი ვაჟი უგზავნის ფულს. ჯერ სასტუმრო „მამაშვილობა“ დეკლარაციაში არსად ჩანს, თუმცა ყვარლის რუკაზე მის აღმოჩენას არც ისე დიდი დრო დასჭირდება.
ჩემი სტატია შესაბამისმა ორგანოებმა მიიღეთ, როგორც მტკიცებულება და შეგიძლიათ, მოკვლევა დაიწყოთ…
ისე, თავი-ბოლო, ალბათ, უშანგი მათიკაშვილს 1000 ლარით დააჯარიმებენ.

მაკა მოსიაშვილი