„ქართული ოცნების“ რესტორნის ხარჯები


„ოცნების“ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერ გაწეული სარესტორნო მომსახურება გამარტივებული შესყიდვით საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
ჩვენთვის ამ ფაქტთან ერთად მნიშვნელოვანია ატვირთული დოკუმენტაციის სიმწირე და ხშირად მიზნობრიობის სრული გაურკვევლობა.

მაგალითად, ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილის (2016 წლის საარჩევნო სიის #53) რესტორანს „აი ღვინის სახლი“ 2015 წლის თებერვლიდან 249 ხელშეკრულება გაუფორმდა.
რიგ შემთხვევებში შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთულია მხოლოდ ქვითარი, რომელზეც აღნიშნულია მომსახურების ღირებულება და შეკვეთილი კერძების ღირებულება.
მთლიანი თანხა, რომელიც რესტორანს მიღებული აქვს ამ მომსახურებისთვის, შეადგენს 352 599 ლარს.
რესტორნის ყველაზე ხშირი სტუმრები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და ა. შ.
ქაშაკაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 2016 წელს შეწირული აქვს 50 000 ლარი.
კიდევ ერთი საინტერესო რესტორანია „მეღვინეობა ხარება“.
შპს „მეღვინეობა ხარებას“ მფლობელები არიან:
ვახტანგ ლიპარტიანი 0.3% (შპს „აქვა გეო“, შპს „ვაჩნაძიანი“, შპს „კობი“);
ალექსანდრე ხარებავა 0.5% შპს „ხევის ნობათი“, შპს „კოლხური ნობათი“, შპს „ვიქტორია 2012“, შპს „ინტელ მედი“, შპს „კობი“, შპს „ქართული პერსპექტივა“, შპს „იმერიმპექსი“, შპს „ინტელ-აგრო-სერვისი“, შპს „პერიტტო“, შპს „ალიგატორ“ი, შპს „ვიქტორია-98“, შპს „საქართველოს მარანი“);
შპს „მეღვინეობა ხარება“ 52.2%;
შპს „საქართველოს მარანი“ 42%;
შპს „ვაჩნაძიანი“ 5%.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვახტანგ ლიპარტიანი,
გიორგი იმნაძე,
ალექსანდრე ხარებავა,
აღმსარულებელი დირექტორი ასევე, ალექსანდრე ხარებავა.
2017 წლის აპრილიდან ამავე წლის დეკემბრამდე აღმასრულებელი დირექტორი იყო ნიკა ზაუტაშვილი. 2019 წლის 18 იანვრის მონაცემებით, ზაუტაშვილი სს „თ & რ დისტრიბუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია კომპანიის ყოფილ მფლობელსა და დირექტორ რაფიელ სურამელაშვილთან და თემურ ჭყონიასთან ერთად. დირექტორი ზურაბ აღნიაშვილია.
სს „თ & რ დისტრიბუშენი“ (2019 წლამდე მონაცემებით შპს „თ & რ დისტრიბუშენი“) ყურადღების ცენტრში მოექცა კომპანია „ომეგასთან“ ხანგრძლივი და სკანდალური სასამართლო დავის გამო. ამასთან,რაფიელ სურამელაშვილი მეტსახელად”რაფო” ექს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და მისი პრემიერობის დროს მოქმედი მოლარე გახლდათ.
ვახტანგ ლიპარტიანი „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მან პარტიას 2014 წელს 37 353 ლარი ჩაურიცხა.
იგივე თანხა აქვს გადარიცხული ალექსანდრე ხარებავასაც. 2016 წელს კი 60 000 ლარის შემოწირულობა გაიღო.
„მეღვინეობა ხარებასთან“ 2012 წლის ბოლოდან გაფორმებულია 126 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით _ 275 907 ლარი.
ხელშეკრულება მეტწილად გაფორმებულია ყვარლის მუნიციპალიტეტთან, თუმცა ასევე გვხვდება ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ა(ა)იპები და სამინისტროები.
„კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ეკუთვნის ზურაბ ჩხაიძეს. 2013 წლის სექტემბრიდან მას 185 ხელშეკრულება აქვს დადებული.
ზურაბ ჩხაიძე „ასკანელი ძმების“ 25%-იანი წილის მფლობელია. ამავე დროს „კიდობანი 2“-ის 14,4%-იან წილსაც ფლობს.
კომპანიის 9%-ს ფლობს შპს „მისანი“, რომლის წილი ეკუთვნის „თეთრი ქალაქი პლუსს“.
ამ კომპანიის 1%-ის მფლობელია ირაკლი იაშვილი, ასევე 27%-იანი წილის მესაკუთრე, შპს „ისთ გეით გრუპის“ 33%-ის მფლობელიც.
შეგახსენებთ, რომ ახლახან იაშვილმა რამდენიმე ბიზნესმენის პრეტენზიასთან მიმართებით განაცხადა:
„წელს 27 წელი სრულდება, რაც ამ ქვეყანაში ვსაქმიანობ. ამ წლების განმავლობაში ვმოქმედებდი და ახლაც ვმოქმედებ მთავარი პრინციპით, რომ არ შევიდე არანაირ გარიგებაში სახელმწიფოსთან. რაც ნიშნავს იმას, რომ არასოდეს მიმიღია მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში, შესყიდვებსა და პრივატიზაციებშიც კი. ერთი თეთრის სარგებელიც კი არ მიმიღია და არც ვაპირებ, რომ მივიღო სახელმწიფოსგან, სხვათა შორის იმიტომაც, რომ სხვადასხვა უმწიფარი და შეუმდგარი ადამიანებისგან არ ვისმინო ის, რაც ამ დღეებში მოვისმინე ჩემზე“.
საინტერესოა, რომ 2017 წლის მარტამდე მდგომარეობით შპს „ორხევი 2-ში“ იაშვილის პარტნიორი იყო ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ რამდენიმე დამფუძნებელი.
ზურაბ ჩხაიძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ 60 000 ლარით დააფინანსა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია.
ირაკლი კობახიძის მეგობრის, პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსის, ნიკოლოზ ნათენაძის, ერთ-ერთი კომპანია „ვარძია“ ხელშეკრულებებს საკმაოდ აქტიურად დებდა ნათენაძის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თუმცა მას შემდეგ, რაც ის განთავისუფლდა, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები, ფაქტობრივად, შეწყდა.
ნიკოლოზ ნათენაძე ამავე დროს ფლობს:
1. 50%-იან წილს შპს „ჯი-პლუსში“;
2. 55%-იან წილს შპს „ანკლა სისტემსში“;
3. 50%-იან წილს შპს „შენობის დასუფთავების სერვის ბი-სი-ესში“;
4. 10%-იან წილს შპს „777 2009-ში“;
5. 10%-იან წილს შპს „დიდუბე 2009-ში“.
22 ხელშეკრულება აქვს დადებული შპს „გურჯაანი+“-ს, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარის, დავით სონღულაშვილის ძმას, იოსებ სონღულაშვილს, ეკუთვნის.
საყურადღებოა, რომ დავით სონღულაშვილის ოჯახმა და საახლობლო წრემ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ 290 000 ლარი ჩაურიცხა;
მამამ, ბიძინა სონღულაშვილმა, 50 000 ლარი, ხოლო ძმამ, იოსებ სონღულაშვილმა _ 100 000 ლარი.
ორიოდე სიტყვა ოჯახის წევრების წარსულსა და ბიზნესზე:
იოსებ სონღულაშვილს 2007-2010 წლების სხვადასხვა პერიოდში ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრების აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა.
ბიძინა სონღულაშვილი კი 2002 წელს კახეთის გუბერნატორი იყო.
2016 წელს მისი სახელი და 2010 წელს დაარსებული კომპანია „სონნეთ ქონსთრაქშენი“ ერთ საინტერესო საქმეში გაჟღერდა _ თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაში. საპროექტო არეალის ნაწილი _ 2539 კვ.მ. _ მზიურის პარკის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს.
ამავე დროს, სონღულაშვილი არის ავტორი კანონპროექტისა, რომელიც რეკრეაციულ ზონებში დაავადებული ხეების ჭრას უკავშირდება.
საპროექტო არეალი 13 საკადასტრო ერთეულად იყო დაყოფილი. აქედან მიწის 7 ნაკვეთი კერძო პირებს ეკუთვნოდა, ექვსი კი შპს „სონნეთ ქონსთრაქშენს“. აქვე დავამატებთ, რომ კომპანია შპს „სონნეთ ქონსთრაქშენის“ 72%-ს იოსებ სონღულაშვილი ფლობს, დანარჩენ 28%-ს კი (7-7%) _ საფრანგეთის ოთხი სხვადასხვა მოქალაქე. ხუთი წლის განმავლობაში შპს „სონნეთ ქონსთრაქშენის“ ბრუნვამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ყველაზე დიდი რაოდენობის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „წისქვილს“.
2012 წლის მარტიდან 2019 წლის მარტამდე შეადგენს 701 შესყიდვას. რესტორანი სხვადასხვა დროს ემსახურებოდა თითქმის ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო სსიპ-სა თუ ა(ა)იპ-ს.
მისი მფლობელები არიან:
ლაშა ჩხაიძე 37.99%;
ოთარ ლოლაშვილი 17.51%;
შოთა საღლიანი 30.00%;
ლიდია ბარამია (უკრაინა) 14.5%.
ჩხაიძე, ლოლაშვილი და საღლიანი 2016 წელს „ქართული ოცნების“ შემომწირველები იყვნენ 1600-1600 ლარით.
ჩხაიძე და ლოლაშვილი ფლობენ 2018 წელს დაფუძნებულ კომპანიას „თბილისი აუთლეთი“, ხოლო 2016 წელს საღლიანთან ერთად დააფუძნეს კომპანია „ღვინის სოფელი“.
ზოგადად, ბიუჯეტის ფულით სარესტორნო შესყიდვებთან მიმართებით არსებობს გამამართლებელი ახსნა _ იგულისხმება წარმომადგენლობითი ხარჯები, თუმცა თითოეული ხელშეკრულების ანალიზი გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ მიზნობრიობის არანაირი მინიშნება არ არსებობს. ასეთი შემთხვევები არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვს აჩენს, მით უმეტეს, თუ ამას ემატება რესტორნების მფლობელების პირადი კავშირები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან მათი ფინანსური მხარდაჭერა.
შეგახსენებთ: 2018 წლის იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, სარესტორნო ხარჯებმა შეადგინა 3 900 000 ლარზე მეტი.

ვატო გელაშვილი