სკანდალური საქმის გაგრძელება _ რატომ არ ელაპარაკება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საკუთარი მამა?!

2019 წლის 19 თებერვალს „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა სკანდალური მასალა, რომელიც შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ და მის დაზარალებულებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რეალური სურათი ამ დრომდე არ და ვერ შეიცვლებოდა, სკანდალური თემის გარშემო ახალი დეტალებია, რომელზედაც თავად დაზარალებულები ექსკლუზიურად ისევ „ქრონიკა+“-ს უყვებიან.
მეანაბრეების თქმით, კომპანიის ჩაძირვა, გაკოტრება და ბიზნესმენ მერაბ ფერაძის დაჭერა უშუალოდ ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა. ბრძანებებს კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უსიტყვოდ ასრულებდა და ზეწოლას ახდენდა პროკურორზე, მოსამართლესა და ყველა იმ პირზე, ვინც ამ საქმეს უკავშირდებოდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ ერთ-ერთი მეანაბრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის მამა, დიდიმ გვენეტაძეა. კომპანიაში არსებული კრიზისიც სწორედ გვენეტაძის დანიშვნიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.
დაზარალებული ბევრია, მათ შორის, საჯარო მოხელეებიც, თუმცა ისინი ხმამაღლა ამ საკითხზე არ საუბრობენ. მიზეზი მარტივია _ ღიად და პირდაპირ უპირისპირდები შუშის სასახლეში მყოფ ოლიგარქს, რომელიც ებრძვის და ანადგურებს ყველაფერ იმას, რასაც სახელად ბიზნესი ჰქვია.

სკანდალური საქმის ახალ დეტალებზე „ქრონიკა+“-თან დაზარალებულები საუბრობენ.

მაია ბელიაშვილი _ დაზარალებული:
_ როცა შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ პრობლემები შეექმნა, „ბანკები და ფინანსების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ყველა სატელევიზიო გადაცემაში ამბობდა, რომ ეს იყო ფინანსური პირამიდა, რუსეთში ამის პრაქტიკა არსებობდა და არსებობს, შემდგომ ბევრი ჩამოიქცა და ამ კომპანიასაც, საბოლოო ჯამში, ეს კრახი ეწერა. პრინციპში, მისი სიტყვები გამართლდა, მაგრამ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ყოფილა ტიპიური ფინანსური პირამიდა. მერაბ ფერაძე ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული, როდესაც ის ფინანსურ პოლიციაში მოწმის სახით იკითხებოდა, ასევე გამოკითხვაზე იმყოფებოდა კომპანიის დამფუძნებელი და მისი მეუღლე თამარ მეტრეველი, კომპანიის დირექტორი თამაზ ლობჟანიძე. ეს მოხდა 2016 წლის შემოდგომაზე. სასტიკად ვეწინააღმდეგებით იმ აზრს, რომ ეს კომპანია ფინანსური პირამიდა იყო, რადგან კომპანიაში შეტანილ თანხებს უზრუნველყოფის გარეშე ვდებდით, იქ ყველასთან გავდიოდით კონსულტაციებს, ოპერატორებთანაც და დირექტორთანაც. ყველა გვიხსნიდა, რომ ამ კომპანიის უკან რამდენიმე ბიზნესი იდგა.
_ სიტყვის საფუძველზე ენდეთ?
_ სიტყვის საფუძველზე ვენდეთ, რადგან კომპანია 8 წლის განმავლობაში შეუფერხებლად და კარგად მუშაობდა, ჩვენი ახლობლებიც კმაყოფილები იყვნენ და ამიტომ ვენდეთ. ერთი წუთითაც არ გვიფიქრია, რომ მევახშეები ვიყავით და ფულს ვაპროცენტებდით, რადგან ფულს ვდებდით და ინვესტიციას ვახორციელებდით.
_ მევახშეები ვინ გიწოდათ?
_ სხვათა შორის, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა. სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ ჩვენზე, რომ მევახშეები ვიყავით. მათ არ მოსწონდათ ჩვენი აქციები და აქტიურობა.

მარინა ბიჭიაშვილი _ დაზარალებული:
_ ეროვნულმა ბანკმა, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი ქმედებები განახორციელა „საფინანსო კომპანია საქართველოს“ წინააღმდეგ. ამის მტკიცებულებებიც არსებობს. ეროვნულ ბანკს დისკრეციული უფლება ჰქონდა, ანუ შეეძლო, თავისი ზედამხედველობის ქვეშ მოექცია, როდესაც 400 ფიზიკური პირისგან მიიღებდნენ თანხას და როდესაც 5 მილიონს გადასცდებოდა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა ეს ქმედება არ განახორციელა, გარდა 2012-2016 წლებისა. ეს გამოიკვეთა კიდევაც მერაბ შალიკაშვილის დაკითხვაზე. მერაბ ფერაძემ კითხვები დაუსვა და ის დაიბნა. ნორმალური ქვეყნის პირობებში მერაბ შალიკაშვილი დარბაზიდან უნდა აეყვანათ. მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა მეორე კომპანიის არსებობის შესახებ, მაინც უგზავნიდნენ წერილებს თაროზე შემოდებულ, 2012 წელს გაჩერებულ კომპანიას. იმ კომპანიის კოდით მთელი ეს დოკუმენტაცია იგზავნებოდა. ფაქტობრივად, ერთ კომპანიას, რომელიც გაჩერებული იყო, არც ერთი მეანაბრე არ ჰყავდა და ბრუნვა ნული ჰქონდა. 2013 წელს გახსნილი კომპანია უკვე კოსტავას 72 ნომერში მდებარეობდა. თავისთავად, აღმაშენებელზე გაგზავნილი წერილები ამ მისამართზე ვერ მივიდოდა და ეს მაშინ დადასტურდა, როდესაც მერაბ შალიკაშვილმა თქვა, რომ ნამდვილად აღმაშენებელზე გზავნიდნენ წერილებს.
იურიდიულად კომპანიის 100%-იანი მეწილე იყო თამარ მეტრეველი და დირექტორი გახლდათ ლობჟანიძე. მერაბ შალიკაშვილი ეროვნული ბანკის ტერიტორიაზე ხვდება მერაბ ფერაძეს. ხომ უნდა შეისწავლო, ვისია ეს კომპანია?! საჯარო რეესტრის ამონაწერში გარკვევით წერია, რომ აღნიშნული კომპანია მეტრეველს ეკუთვნის, ხოლო დირექტორი ლობჟანიძეა. ფერაძე კომპანიიდან ოფიციალურად ფულის მსესხებელი იყო. თუ კომპანიას პრობლემები ჰქონდა, რატომ არ დაიბარა ოფიციალურ შეხვედრაზე შალიკაშვილმა მეტრეველი და ლობჟანიძე და რატომ ხვდებოდა მერაბ ფერაძეს? ეროვნული ბანკი არჩევნების წინ მერაბ ფერაძეს აშანტაჟებდა. როგორც ჩანს, გარკვეული რაოდენობის თანხას ითხოვდნენ.
_ ეროვნულ ბანკს საარჩევნოდ უნდოდა ეს თანხა?
_ რა თქმა უნდა.
_ ანუ ეროვნული ბანკი მოლაპარაკებული იყო ხელისუფლებასთან?
_ რა თქმა უნდა. ეროვნული ბანკი თუ არა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მაინც, რომლის ერთ-ერთი წევრიც გახლავთ ბატონი მერაბ შალიკაშვილი.

ნანა გოგიაშვილი _ დაზარალებულის მეუღლე:
_ ჯერ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ იყო დაწყებული, როცა კეპულაძე ტელევიზიით გამოდიოდა და ყველას ეუბნებოდა, რომ „საფინანსო კომპანია საქართველო“ ფინანსური პირამიდააო. ჩვენ თვითონაც არ ვიცოდით, რა იყო და ის უკვე ამტკიცებდა.
_ რის საფუძველზე ამტკიცებდა?
_ არ ვიცი. ალბათ, პროცენტიდან გამომდინარე. თუ ფინანსური პირამიდა იყო, როგორ აღმოჩნდა ჩვენთან ერთად დაზარალებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მამა დიდიმი გვენეტაძე? პირადი საუბარი მქონდა კეპულაძესთან და ვუთხარი, _ მსოფლიო ბანკის წევრობა ქვეყანას ავალდებულებს, რომ ასეთი კოლაფსის შემთხვევაში თანხები უნდა აგვინაზღაურდეს-მეთქი. ამის მერე საერთოდ აღარ დამკავშირებია. სხვათა შორის, ეკონომიკის სამინისტროს გვერდზე ასეთი რამ წავიკითხე, რომელიც შემდეგ გააქრეს: მსგავსი ჩავარდნის დროს მთავრობა ვალდებულია, დაზარალებულს 20 ათასი ლარის ოდენობით აუნაზღაუროს ზარალი. ყველა მეანაბრემ ვიცით, რომ ჩვენი ჩაძირვა მაშინ დაიწყო, როდესაც მერაბ ფერაძეს არჩევნებისთვის 2 მილიონ-ნახევარი გამოსძალეს, შემდეგ ფერაძემ პროკურატურაში იჩივლა, მერე კი კომპანია ჩაძირეს.
_ რა გიქმნით ეჭვის საფუძველს?
_ ამ კომპანიაში თუ დარღვევა იყო, რატომ არ დაიჭირეს დამფუძნებელი და დირექტორი? პირველად რატომ დაიჭირეს დამფუძნებლის ქმარი, ანუ ბიზნესმენი? ფერაძეს შპს „განთიადი“ ჰქონდა, რომელიც 16 დიდ საწარმოს აერთიანებდა. რა თქმა უნდა, აწყობდათ ამ კაცის დაჭერა. შემდეგ მეანაბრეები ერთმანეთს დაგვაპირისპირეს, მერაბ ფერაძისგან მტრის ხატი შექმნეს და თუ ფერაძე დაიჭირეს, როგორც კომპანიის თაღლითური ჯგუფის წარმომადგენელი, მაშინ რატომ არ გაასამართლეს თაღლითობისა და გაფლანგვის მუხლით?
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ მერაბ ფერაძე პოლიტიკური პატიმარია?
_ ნაწილობრივ არის.

მაია ბელიაშვილი _ დაზარალებული:
_ ეს არის 182-ე მუხლი _ წაქეზება-გაფლანგვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ, რომლის მოსამართლეც ლილი მსხილაძე იყო, განაჩენი გამოსცა, რომ ლობჟანიძე-მეტრეველი ფსიქიკური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და ფერაძე წააქეზეს, რომ ფული გაეფლანგა. პირველი ინსტანცია სანამ დასრულდებოდა, პროკურორს ვეკითხებოდით, შეიცვლებოდა თუ არა კვალიფიკაცია? ვანო ოქროპირიძემ კატეგორიულად განგვიცხადა, რომ არა! ამ საშინელი მუხლით მხოლოდ ფარატინა ქაღალდი დავიჭირეთ, სადაც მოხსენიებული ვართ, როგორც დაზარალებულები, ჩვენ არ ვიყავით მხარე, მხოლოდ და მხოლოდ, მოწმის სახით ვიკითხებოდით და იძულებულები ვართ, რომ კომპანიას, ფერაძეს, ლობჟანიძესა და მეტრეველს სამოქალაქო წესით ვუჩივლოთ, რადგან ხელში რაღაც გადაწყვეტილება დავიჭიროთ, რომ ჩვენი ფულის დაცვის მექანიზმი გამოვიმუშავოთ. ამჟამად ფერაძეს არანაირი ფული არ გააჩნია, თითქმის მილიონამდეა ასული შპს „განთიადის“ დავალიანება, ყველაფერი გაჩერებულია. „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დავალიანება 200 ათასი ლარზეა ასული და ორივემ ერთად, ჯამურად, მილიონს გადააჭარბა. შემოსავლების სამსახური ყველაფერს წაიღებს.

მედეა ჯიმშელეიშვილი _ დაზარალებული:
_ რასაც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ვუყურებ ხაზარაძესთან დაკავშირებით, პირდაპირ პარალელებს ვავლებ ჩვენს საქმესთან. აქაც ხელისუფლების მიზანი ანაკლიისა და ხაზარაძის პროექტის ჩაშლა იყო, რომელმაც ეროვნული ბანკი გამოიყენა, რაც პირდაპირი ანალოგია ფერაძის საქმესთან. მერაბ ფერაძე ერთადერთი ბიზნესმენი იყო ლაგოდეხის რაიონში, რომელმაც ააყვა იქაურობა და 300 კაცი ჰყავდა დასაქმებული. ხელისუფლებამ დიდი დარტყმა მოახდინა ფერაძის ბიზნესზე, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა.

მარინა _ ბიჭიაშვილი, დაზარალებული:
_ დღეს სად ხედავთ გამოსავალს?
_ საქმის პროკურორ ვანო ოქროპირიძეს მთავრობის დავალების შესრულების გამო, ალბათ, ცოტა ხანში დააწინაურებენ კიდეც. მის ადგილზე მოვიდა ახალგაზრდა პროკურორი გიორგი კაპანაძე, რომელმაც გვითხრა, რომ თქვენ ახლა ერთადერთი გამოსავალი გაქვთ, _ პრეზიდენტს უნდა მიმართოთ, რათა ფერაძე შეიწყალოს, ციხიდან გამოვიდეს, თავისი ბიზნესები აამუშაოს და ფული დაგიბრუნოთო. ამას ვითხოვთ კვირიკაშვილის მთავრობიდან მოყოლებული.

მედეა ჯიმშელეიშვილი _ დაზარალებული:
_ ახალმა პროკურორმა გვითხრა, რომ გამოსავალს შეწყალებაში ვხედავ და პრეზიდენტს მიმართეთო. ძველმა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ ბოლოს აღიარა, რომ მასზე სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა და ყველაფერი ზემოდან იმართებოდა გეგმის მიხედვით, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაკვეთა იყო, _ ფერაძის ბიზნესის გაკოტრება და მისი დაჭერა. ფერაძემ რამდენჯერმე მოინდომა საპროცესოთი გამოსვლა, ხელმოწერებსაც ვაგროვებდით, მაგრამ პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ არ ისურვა, რადგან თქვა, რომ კობახიძე-ივანიშვილი აფერხებენ ამ საქმესო. ფერაძის ციხეში ყოფნა მათი ინტერესია.

ნანა გოგიაშვილი _ დაზარალებულის მეუღლე:
_ კობა გვენეტაძის ბიძაშვილია უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. მისი უახლოესი დაქალი იყო მოსამართლე ლილი მსხილაძე, რომელმაც ფერაძის საქმე აიღო და ალბათ, რაღაც ხარკის ფასად გვენეტაძის საქმე გააკეთა. ფერაძე ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ მის გვერდით საკანში იჯდა ლილი მსხილაძის მეუღლე _ ნარკორეალიზატორი. აქ აბსოლუტურად სხვანაირი სიტუაცია იკვეთება, ანუ ხელმა ხელი დაბანა.

მედეა ჯიმშელეიშვილი _ დაზარალებული:
_ სხვათა შორის, ლილი მსხილაძე უვადო მოსამართლეთა სიაშია შესული. ჩვენი სამი ინსტანციიდან სამივე მოსამართლე ამ სიიდან არის.
_ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ არ იცოდა, რომ მამამისმა ამ კომპანიაში ფული ჩადო?

მარინა ბიჭიაშვილი _ დაზარალებული:
_ ამდენი არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით, რომ მამამისი დღემდე არ ელაპარაკება. დიდიმ გვენეტაძემ იცის, რომ მისი შვილი დამნაშავეა და ძალიან წუხს, რომ ამდენი ადამიანი ჩავარდა ასეთ დღეში.

ნანა გოგიაშვილი _ დაზარალებულის მეუღლე:
_ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გვწერს, რომ თქვენს კომპანიას არანაირი შეზღუდვები არ დაწესებია და დღესაც შეუძლია, თანხების მიღება განაგრძოსო. აქ ისმის კითხვა, _ მაშინ ვინ გამოატა ცირა შათაშვილს (თამაზ მეჭიაურის მეგობარ ქალბატონს) ეროვნული ბანკიდან გრიფით საიდუმლო დოკუმენტი ჩვენთან, რომელმაც მეანაბრეებთან პანიკა შექმნა?!

მარინა ბიჭიაშვილი _ დაზარალებული:
_ თანამედროვე საქართველოს სასამართლოში პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარეობს. ლილი მსხილაძის პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესიდან მუდმივად იყო გაძევებული მერაბ ფერაძე და მისი ადვოკატები. თუ ჩვენც ამოვიღებდით ხმას და ფერაძეს დავიცავდით, ჩვენც გამოგვაძევებდა ქალბატონი ლილი. მე და მარინა ბიჭიაშვილი 2016 წლის 18 აპრილს სასამართლო სხდომაზე დაგვკითხეს. ყველაფერი ღიად და გარკვევით ვთქვი, რომ კომპანია საათივით აწყობილი, შეუფერხებლად მუშაობდა, ვიდრე ეროვნულმა ბანკმა მას მიზანმიმართულად არ დაუწყო შევიწროება და დაშანტაჟება. საოცრება მოხდა: ჩემი დაკითხვა 2018 წლის აპრილის ოქმში არ არის შეტანილი და დაკითხულთა სიაში დღემდე არ ვარ მოხსენიებული.
_ მეანაბრეებს რაში აწყობდათ მერაბ ფერაძის დაჭერა?
_ პროკურორი ვანო ოქროპირიძე ატყუებდა და მეანაბრეებს ჰპირდებოდა, რომ როდესაც მერაბ ფერაძეს დაიჭერდა, 10 წელს მიუსჯიდა, ის 43 მილიონს მოიტანდა, რომელიც დამალული ჰქონდა. შემდეგ გვითხრა, რომ ფერაძეს ჯერ კიდევ არ მოაქვს 43 მილიონი და მის ცოლს რომ დაიჭერენ და სამი შვილი რომ ქუჩაში უპატრონოდ დარჩება, მერე მოიტანენ ამ თანხას და ვალები დაგეფარებათო. პროკურორ ოქროპირიძეს ვკითხე, _ ბატონო ვანო, თქვენ 99%-ით მართალი ხართ, როცა ბრძანებთ: როდესაც ადამიანს 10 წელს მიუსჯიან, მის ცოლს კი 7 წელს, შესაბამისად თანხას მოიტანს, მაგრამ მე ვარ ის ერთი პროცენტი, რომელსაც ჰგონია, რომ ფერაძეს ეს 43 მილიონი დოლარი იმიტომ არ აქვს, რომ პროცენტის სახით დააბრუნა 29 მილიონი, დარჩენილი აღებული თანხიდან 18 თუ 20 მილიონის ქონება აღრიცხულია, ხელფასებს იხდიდა, გარდა ამისა, ჩვენგან აღებული და მისი კომპანიებიდან გამომუშავებული თანხები ბიუჯეტში შექონდა და სწორედ ამიტომ ის ვერ მოიტანს 43 მილიონს-მეთქი! ამ შემთხვევაში მე რა ვქნა, რომელსაც არ სჯერა, რომ ფერაძეს, შესაძლოა, 43 მილიონი დოლარი ჰქონდეს? პროკურორმა ოქროპირიძემ ხაფანგში მოგვაქცია და მეანაბრეები მოატყუა.

მაია ბელიაშვილი _ დაზარალებული:
_ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ შალიკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ეს კომპანია საფინანსო ბაზარზე ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უშლიდა ხელს. კონტროლირებადი ბიზნესიდან, ანუ ბანკებიდან, თანხები გაედინება არაკონტროლირებად სფეროში, ანუ ფერაძის „კანტორაშიო“. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კომპანია გაეჩერებინა. ეროვნულმა ბანკმა 20 სექტემბრის განკარგულება გამოსცა, რის მიხედვითაც კომპანიას ფიზიკური პირისგან ეკრძალებოდა თანხების მოზიდვა და მხოლოდ იურიდიული პირებისგან შეეძლო ამ ოპერაციების განხორციელება. გავარკვიეთ და აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელსაც 19 სექტემბრის განკარგულებით აკრძალვები დაუწესდა, ძველი კომპანია იყო, რომელიც 2008 წელს ლამარა ფერაძის (მერაბ ფერაძის და) დარეგისტრირებული იყო. როცა აჟიოტაჟი შეიქმნა, კომპანიაში მივედით და გვითხრეს, რომ ჩვენ არ ვიყავით ამ კომპანიის კლიენტები. შესაბამისად, არანაირი აკრძალვები და შეზღუდვები დაწესებული არ ჰქონდა, რადგან ხვა საიდენტიფიკაციო კოდი ჰქონდა. გვითხრეს, რომ მდგომარეობა ცოტა ხანში გამოსწორდებოდა და ყველაფერი კალაპოტში ჩადგებოდა. კომპანია ისე დაიხურა, რომ აბსოლუტურად ყველას გადაუხადა პროცენტი. ის ხალხს სთხოვდა, რომ დამაცადეთ, გამოვალ და ძირ თანხებს ყველას გადაგიხდითო, მაგრამ, როგორც ხედავთ, მისი გამოსვლა არ აწყობთ. ჩვენი კომპანიის კრახი ეროვნული ბანკის ბრალია.

გიორგი საკარული