ქართული პოლიტიკის ნიახური

ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ თხოვდება. ღარიბაშვილი მეორედ მოდის პოლიტიკაში.
ბანკწაღებული მამუკა ხაზარაძე კი ხავსს ეჭიდება და ისევ ბიძინასთან „დალაგებას“ ლამობს, _ იმის თქმა, რაც მეორე ტურის წინ დავწერე, კი დამაძალეს, მაგრამ მე თვითონ ასე ვფიქრობდი და დღესაც დავწერდიო. წერე, წერე, ჩემო ვარდენ, ბანკს თუ ვერ დაიბრუნებ, წერას მაინც ისწავლიო. არა, რა, მაინც, რა მამაცი კაცია ეს მამუკა ხაზარაძე! მიშა შორიდან გაკულაკებით ემუქრება და იმის ეშინია, ეს ბიძინა მართლა აკულაკებს, მშრალზე ტოვებს და ეს რეალურად არსებული და მიმდინარე საფრთხე სულაც არ აშინებს! შესაშური სიმამაცეა, ღმერთმანი! იმდაგვარი სიმამაცე, რომ, ალბათ, მალე მელ გიბსონი „მამაცი გული 2“-ს გადაიღებს, მამუკა ხაზარაძის სიმამაცით შთაგონებული.

რემბრანდტი კი წამოხტება და ბიძინას კარზე ღარიბაშვილის დაბრუნებით შთაგონებული, „უძღები შვილის დაბრუნებას“ ხელახლა დახატავს. ისე, რა გინდა, მართლაც ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც იმ ბიბლიურ იგავში, რომელიც არაერთი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა.
მერე რა, რომ ღარიბაშვილი თავისით არ წასულა და იმან გააგდო და გააპანღურა, ვინც ახლა ზარზეიმით დაიბრუნა. ზარზეიმით კი დაიბრუნა, მაგრამ ბიძინას „უძღები შვილის დაბრუნება“ მაინც ვერ გამოიყურება ისე ოპტიმისტურად, როგორცაა იან სტენის თუ მურილიოს ტილოებზე, რომელიც სწორედ უძღები შვილის დაბრუნებას ასახავს. მათ ტილოებზე ვხედავთ უძღები შვილის დაბრუნებით გახარებულ მსახურებს, მისთვის გამოტანილ ახალ სამოსს, დასაკლავად გამზადებულ ხბოს, წვეულებისთვის მზადებას, პატრონის დაბრუნებით გახარებულ ძაღლსა და ა. შ.
ამ შემთხვევაში ვერ გეტყვით, რამდენად გაუხარდა ღარიბაშვილის დაბრუნება ბიძინას პინგვინს, ან თუნდაც ზებრას, მაგრამ ქოცები რომ თავს ძალით იმხნევებენ, ფაქტია. რა ქნან, ჯერაც იქ არიან, როცა ღარიბაშვილი წავიდა და კვირიკაშვილს „აპიარებდნენ“, როგორც ღარიბაშვილზე აშკარად უკეთესს. მაშინ ამ ქოცისტერიკაში „ნაცებიც“ მონაწილეობდნენ. მათი დიდი ნაწილი ახლა უკვე „ევსაქია“ და თვითონ წასული. იდგა მთელი „ქოცობა“ და ყიყინებდა, კვირიკაშვილს „ღარიბაშვილზე უკეთესად“ აცხადებდა. მერე ღარიბაშვილზე უკეთესმა ღარიბაშვილზე უკეთესადაც იგინა და უკეთესადაც აიწყვიტა ბატონის კარზე და ბატონმა მონასტერში გაუშვა ოფელიასავით.
თავის დროზე, ესეც, ღარიბაშვილიც გააგდო, როგორც დღეს სოსო ცისკარიშვილი ამბობს, _ „პანღურით“. მაგრამ დღეს ისევ მოაგდო. აი, ის კი, ზვიად კვაჭანტირაძე, „ოცნებიდან“ წასვლამ რომ 30 კილოგრამით შეამსუბუქა და გააბედნიერა, დგას და ხელებს იფშვნეტს, _ კაცო, ეგ რომ გადადგა, მე გამახმოვანებინეს მესიჯი, რომ ეგ არათუ პრემიერ-მინისტრობიდან, პოლიტიკიდან, საერთოდ ყველაფრიდან წავიდაო. მეგონა, რომ მართლა ასე იყო. მჯეროდაო. მაშინ სჯეროდა. ახლა უკვირს. რადიო 105.
მკლავს ამ კაცის, კვაჭანტირაძის უკანა რიცხვით გულწრფელობა და უკანა რიცხვით ბუღალტერია. მკლავს იმ ხალხის უტიფრობა, ღარიბაშვილს გუშინწინ რომ კვირიკაშვილზე უარესად მიიჩნევდა და მის „დაპაშოლებას“ მიესალმებოდა და დღეს რომ გაიძახის, _ ოქროს სათადარიგო მოთამაშე დაგვიბრუნდაო.
ბესელიამ კი ქართული პოლიტიკის ლაზიერად წარმოიდგინა თავი, ტუჩის კუთხეებზე ორი თითი ჩამოისვა და ბრძანა, _ ჩემმა წასვლამ იმხელა რყევები გამოიწვია, ბიძინა იძულებული გახდა, პოლიტიკურ დაფაზე ღარიბაშვილი დაებრუნებინაო. ნეტა, თავი მოაქვთ თუ მართლა ასე სჯერათ?
ან თვითონ ის რას ფიქრობს, აი, ის, ხეებს რომ ხან ვალსს ეცეკვება, ხან _ ტანგოს და მერე რომ ძირფესვიანად გლეჯს და მიათრევს? რა ჰგონია, რომ ღარიბაშვილის დაბრუნებით თავს უშველის? ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ რამაც და ვინაც მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ისევ უშველის და გამოიყვანს? მისი მიდგომა მსგავსის მსგავსით განკურნებას ეფუძნება თუ იმ ფოლკლორულ ვალდებულებას _ ძაღლი ვინც მოკლა, იმან რომ უნდა გადაათრიოს ?!
ივანიშვილი ვერ ხვდება მთავარს, _ უკვე დრო მუშაობს მის წინააღმდეგ! დღევანდელი პრემიერი ბახტაძე ყველა ნიშნით სჯობია კისერმოჭიმულ ღარიბაშვილს _ ვიზუალურადაც, ფორმითაც და შინაარსითაც, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი ცუდ დღეშია. ღარიბაშვილი მართლა უარესი იყო დღევანდელებზე, მოჭიმული კისრითაც და გაჭიმული განცხადებითაც, ნაკისრი და შეუსრულებელი ვალდებულებითაც _ მოყოლებული იმ ვალდებულებით, რაც თავად იდო თავს, 7 წლის წინათ ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ამბავთან დაკავშირებით.
დიახ, ღარიბაშვილი ნამდვილად უარესია დღევანდელზე და, რატომღაც, მის ბატონს ჰგონია, რომ მისი მობრუნებით „ყოლიფერი“ ისე გახდება, როგორც იმ წლებში იყო _ ჭარბი ნდობა და დიდქოცობა, რომელიც მილევადი აღმოჩნდა! ივანიშვილი ისე გაერთო ხეებთან თომარით, რომ ვეღარ ხვდება, ის დრო მოკვდა და წარსულს ჩაბარდა, მოლოდინები გაცრუვდა, იმედი დადნა, ვეღარც ინერცია ქაჩავს. იმ 9 წლის მანძილზე ნაშენები, ამ 7 წელიწადში ნელ-ნელა მოირღვა და ჩამოიშალა. ყველაფერი იქამდე დავიდა, რომ მარტო ერთ ეზოში ერთ ღამეში 4 მანქანას ულეწავენ შუშებს და ქურდავენ.
დიახ, ბიძინა ვერ ხვდება, რომ ყველაფერს, მათ შორის, ძალაუფლებასაც, ხელისუფლებასაც ყავლი გასდის! კორეული სიბრძნეა, _ მარტო ადამიანი კი არა, დროთა განმავლობაში ძალაუფლებაც ბერდება!
ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება ან ხვდება და არ უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ მისი ძალაუფლება ჩაბერდა! რომ მისი 9 წელიც მოვა, სადაცაა! რომ მალე მასაც გაუყენებს ხალხი იმ გზას, რომელ გზასაც, თავის დროზე, „ნაცმოძრაობა“ გაუყენა.
ბიძინა ივანიშვილი იმ მოხუც ქალს ჰგავს, რომელიც ასაკს არ ეპუება და ექიმთან მისვლის ნაცვლად კოსმეტიკას ეძალება. ივანიშვილს კოსმეტიკა, ტონალური კრემები აღარ შველის და „შპაკლზე“ გადავიდა. დიახ, ივანიშვილი კი არ ფერთხავს, ფინთხავს („შპაკლავს“) „ქართულ ოცნებას“ და „ოცნების“ ხელისუფლების სიბერის ნაოჭებს.
მობრუნდა ივანიშვილის მიერ წიხლით გაგდებული ღარიბაშვილი და თავის პირველ ინტერვიუში ისევ 9 წელზე ისაუბრა, ისევ ის ცხრა წელი წყევლა და კრინტიც არ დაძრა იმ წლებზე, როცა პენსიონერივით სახლში იჯდა და ხან რანაირად ცდილობდა პოლიტიკაში შემობრუნებას და ხან _ რანაირად.
აგერ, მამუკა ხაზარაძე გაყვლიფა და გააკულაკა, მაგრამ რა გინდა? ხაზარაძემ ინტერვიუ მისცა „პალიტრას“ და რიხით გვამცნო, _ რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოვაქვეყნე, იმას დღესაც ხელს მოვაწერ, მერე რა, რომ დამაძალესო. დგას და ისევ მიშასა და „ნაციონალებს“ ლანძღავს.
ეკა ბესელიაა და რომ ჰკითხო, ოპოზიციაში ივანიშვილს გაექცა, მაგრამ მაინც ისიც მიშას ლანძღავს, წყევლის და ბიძინაზე გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ძრავს.
მოკლედ, ამათ პოლიტიკური აღებ-მიცემობის ისეთი პოზები დაამუღამეს, კამასუტრის შემოქმედი გაოცებისგან ლამის 25 საუკუნის წინათ დაშრეტილ თვალებს ჭყიტავს სამარეში.
მოკლედ, ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ გათხოვდა. ღარიბაშვილი მეორედ მოვიდა, როგორც „წუნა და წრუწუნაშია“, _ ნიახურივით. მე კიდევ ის მაინტერესებს, ის ბატუტიანი „კაროტი“, რომელშიც ჩვენი ჯიბიდან 181 401 ლარი გადაიხადა, ისევ ფორმაშია, თუ მოირყა და „პრუჟინები“ დაუცვდა და ახლა ისევ ახალი უნდა ვუყიდოთ და ვუყუროთ მაგის კისერმოჭიმულ ხტუნაობას საზოგადოდ ქართული პოლიტიკის ბატუტზე?
აგრეთვე მაინტერესებს, ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობის საქმეს ამ შემობრუნებაზე მიხედავს თუ ამისთვის კიდევ რამდენიმე პოლიტიკური სიცოცხლე სჭირდება კატასაებრ?
ისიც მაინტერესებს, გაგდებულ-მოგდებულმა ღარიბაშვილმა კიდევ რამდენ წელს უნდა იძახოს 9 წელი? სანამ ამ ცხრა წლის მომსწრე ადამიანები მილევად რეჟიმზე არ გადავალთ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებივით?
ან ამ უშიშარმა, ვითარცა უსესხომ, მამუკა ხაზარაძემ, რამდენი წელი უნდა იცხოვროს „ნაციონალური მოძრაობის“ შიშში? რა ვერ გაუნელდა და რა ვერ გამოუვიდა ორგანიზმიდან იმ შიშის შლაკები? ბიძინა, პროკურატურა, მთელი სახელისუფლებო მანქანა მას აშინებს და ამას ისევ სააკაშვილის ხსენებაზე ადევს შაშინებული თაგვის ფერი. მაგას ისე ეშინია მიშასი და მიშას რევანშის, მე იმის მეშინია უკვე, მაგ შიშისგან მძვინვარედ არ შეუყვარდეს სააკაშვილი. მაგრამ, მგონი, ეს მაგას უკვე ბიძინაზე დაემართა _ შიშისგან ისე შეუყვარდა, რომ ტრფობის ალი სწვავს და დაგავს.
ახლა სხვა ბიზნესები, სხვა ბიზნესმენები ალაპარაკდნენ ტერორსა და შევიწროებაზე, რეპრესიებზე.
არადა, ყველა გვიმტკიცებდა, რომ ბიზნესი თავისუფლად სუნთქავდა ამ ქვეყანაში. ამას გვიმტკიცებდა დიდი „ქოციც“ და პატარა „ქოციც“. ამას გვიმტკიცებდნენ თავად ბიზნესმენებიც და ისინიც, რომელთაც კაპიკი არ უჭყაოდათ გამოხეულ ჯიბეში და ვერ გაიგებდი, რაში ანაღვლებდათ ბიზნესი, თავისუფლად სუნთქავდნენ თუ „რივოკებით“.
ამას გიმტკიცებდნენ მაშინ, როცა სხვადასხვა წარმოება, სავაჭრო დაწესებულება ერთ მეორის მიყოლებით იხურებოდა! ამას გვიმტკიცებდნენ მაშინ, როცა სარეკლამო ბაზარი ფარჩაკდებოდა _ დღითი დღე ნაკლებად უკვეთდნენ რეკლამას…
ამას გვიმტკიცებდნენ მაშინ, როცა დღითი დღე ამცირებდნენ სამუშაო ადგილებს და ხალხს უშვებდნენ მათი კომპანიებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვეღარ იყვნენ ისეთ მოგებაზე, როგორც იმ სისხლიან 9 წელს, როცა „ნაცები“ გუდავდნენ და დეზდემონასავით ახრჩობდნენ!
მოკლედ, ამათი ლოგიკით რომ იმსჯელო, _ ფული ხრჩობისას და გუდვისას იშოვება და არა _ თავისუფალი სუნთქვისას!
იხტიბარსაც არ იტეხდნენ, _ მერე რა, რომ ის ბრუნვა, ის მოგება აღარ გვაქვს, სამაგიეროდ, არავინ არაფერს გვახევს და თავისუფლად ვსუნთქავთო.
დღეს კი ლამის ყველამ უტიფრად იმ უტიფარ ცხვირ-პირზე ფუფალასავით კიტრის ნაფცქვენი დაილაგა და აყაყანდა, _ არცა შიოლა ყოფილა და არცა თავისუფალი სუნთქვაო.
დიახ, არა ყოფილა და თქვენ გამოიგონეთ იქ _ მიშას გულის სახეთქად და აქ _ ბიძინას საამებლად და ბოლოს თქვენ დარჩით გულგახეთქილებიც და ჯიბეაფეთქებულებიც. თორემ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არც მიშას წაურთმევია რამე და არც _ ბიძინას. ვერც მიშა და ვერც ბიძინა ვერ ჩამიძირავს ფლოტს შავ ზღვაში.
მიზეზი მარტივია _ არ მყავს ფლოტი.
ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ გათხოვდა. ღარიბაშვილი მეორედ მოვიდა, _ ნიახურივით.

რეზო შატაკიშვილი