ღარიბაშვილის კლანის გაფლანგული 58 მილიონი

2013 წელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის, სენაკი-ფოთი-სარფის მონაკვეთის, აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დაიწყო, რომლის საერთო ღირებულება 58 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. 2017 წლის მონაცემებით პროექტისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან მხოლოდ 33 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები იყო შესრულებული. სარფის სანაპიროზე სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ჩაატარა.
სარფის სანაპირო ზოლზე სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. სარფში მცხოვრები მოსახლეობა კი დღეს სახელმწიფოსგან ნაპირსამაგრი სამუშაოების გაგრძელებას ითხოვს, სამუშაოები ბოლო ორი წელია, შეჩერებულია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი, რევაზ ხარაზი, „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ პროექტისთვის გამოყოფილი 58 მილიონიდან აღდგენით სამუშაოებზე თანხის მცირე ნაწილი დაიხარჯა და ყოფილ პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორუფციაში ადანაშაულებს. შესაძლო კორუფციის ფაქტზე მან უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას:
_ ბატონო რევაზ, მოგვიყევით, რა ხდება სარფის სანაპირო ზოლზე, რატომ ჩავარდა მთავრობის მიერ 2013 წელს დაწყებული პროექტი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო?
_ 2013 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ.-ზე გზის საფარის აღდგენისა და სანაპირო ზოლის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. სხვადასხვა სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან 58 400 400 ლარი გამოიყო. დაგეგმილი იყო გზაზე არსებული კლდოვანი ნაწილის ქვის ცვენის საწინააღმდეგო ბადით მოწყობა, პარალელურად ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა მოწყობილიყო პარკინგი და მოძრაობა უნდა ყოფილიყო ოთხზოლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და ის პირდაპირ უკავშირდება თურქეთის რესპუბლიკას. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით პროექტის განხორციელება 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება 2016 წელს იგეგმებოდა. დღეის მდგომარეობით სამუშაოები დაუსრულებელია და სამშენებლო მოედანი მიტოვებულია. ის, რაც გაკეთდა, უხარისხოა და დაუსრულებელი სამუშაოების გამო ნადგურდება. შესაბამისად, 2019 წლის 30 იანვარს წერილობით მივმართეთ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჩვენთვის მოეწოდებინა ინფორმაცია: რა ეტაპზეა სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ.-ზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოები? რამდენი ლარი დაიხარჯა? წარმოედგინა მშენებლობის დასრულების მიღება-ჩაბარების აქტი და შესრულებულ სამუშაოებზე კომისიის დასკვნების ასლები. სამწუხაროდ, სამინისტრომ წერილზე პასუხი დაგვიგვიანა და შემდგომ როდესაც ცხელ ხაზზე დავუკავშირდით და კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ დოკუმენტაცია, ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელი გამოგვიგზავნეს, სადაც წერია: „მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენთან არანაირი დოკუმენტაცია არ ინახება“. სატენდერო პირობაში შპს „სახელწმიფო სამშენებლო კომპანიას“ უწერია, რომ უნდა გაკეთებულიყო კილომეტრ-ნახევრიანი ზღვის დამცავი ჯებირი! თქვენ წარმოიდგინეთ იქ მხოლოდ 800 მეტრის ჯებირიც კი არ არის გაკეთებული და ის, რაც გაკეთებულია, დაუსრულებელი სამუშაოების გამო საფრთხის წინაშეა, _ შტორმების შედეგად ნადგურდება და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. 58 მილიონი დაიხარჯა და აბსოლუტურად არაფერი გაკეთებულა! ეს არის კორუფციის კლასიკური მაგალითი. მაღალჩინოსნების გარკვეულმა ჯგუფმა ათეულობით მილიონი ლარი მიითვისა. ამ კორუფციულ სქემაში ჩართულია ირაკლი ღარიბაშვილის კლანი, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროში იყო მოკალათებული. აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ ინერტული მასალის უსასყიდლოდ მოპოვების უფლება გადაეცა, მაშინ როცა მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი მშნებლობისთვის. ჩვენ უკვე მივმართეთ პროკურატურას და გადავეცით ყველა საჭირო დოკუმენტი, ფოტო და ვიდეომასალა. დაახლოებით 30-ზე მეტი განცხადება შევიტანეთ პროკურატურაში აჭარაში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით და მხოლოდ ორ წერილზე იყო მათი რეაგირება. ეს პროექტი შენიღბულია, თითქოს ეს სამუშაოები გზაზე ავტომობილების მოძრაობას განტვირთავდა, თუმცა უარესი შედეგი მივიღეთ. სარფის ეს სანაპირო ზოლი, სადაც სამუშაოები ჩატარდა, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ადგილი იყო, თავი რომ დავანებოთ კორუფციას და კითხვას, თუ სად დაიხარჯა 58 მილიონი, ამის გარდა, პრაქტიკულად, სარფმა სანაპიროს ის ნაწილი დაკარგა, რომელსაც წლების განმავლობაში უამრავი დამსვენებელი სტუმრობდა.
_ თქვენ კორუფციულ სქემაზე მიანიშნებთ და კონკრეტულ პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებთ, რატომ?
_ პასუხისმგებელი ამ თანხებზე იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის ის შემადგენლობა, რომელიც მის გვერდით იდგა. ყველას კარგად გვახსოვს იმ დროს მოქმედი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, რომლის მიმართ უამრავი კითხვა არსებობდა სხვა პროექტებთან დაკავშირებით და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის მაშინდელი პრემიერ-მინისტრისა და მისი ხელისუფლების დანაშაული, რადგან პროექტი არასწორად დაიგეგმა და იმ შედეგის გათვალისწინებით, რასაც დღეს ვხედავთ, ბუნებრივია, არსებობს ეჭვები, რომ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი მოიპარეს. პროკურატურაში უკვე შევიტანეთ განცხადება და კონკრეტული ადამიანების დაკითხვას ვითხოვთ! ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის უკვე გამზადებული გვაქვს წერილი და სასამართლოშიც წავალთ, რათა სამინისტრომ ინფორმაცია გაასაჯაროოს, _ სად წავიდა 58 000 000 მილიონი მაშინ, როცა სარფის სანაპირო ზოლის გარდა რეგიონში პრობლემებს ვერ დაითვლი, იმდენია და უამრავი ადამიანი ელოდება დახმარებას. 58 მილიონი თავისუფლად შეიძლებოდა მოხმარებოდა ბათუმისა და ქობულეთის ინფრასტრუქტურის მოწყობას. ღარიბაშვილმა და მისმა კლანმა საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონები მიითვისა და ეს არ ეხება მხოლოდ აჭარის რეგიონს _ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მილიონიანი პროექტები ხორციელდებოდა. აჭარაში ეს ერთადერთი პროექტი არ არის, რაც ღარიბაშვილის დროს დაიწყო და შემდგომ ან კორუფციით დასრულდა, ან კიდევ დაუსრულებელი დარჩა. მაგალითად: 5 მილიონი ლარი, რომელიც ბათუმის სანაპიროს ერთკილომეტრიანი მონაკვეთის ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის გამოიყო. ამ თანხაზეც პრობლემებია. აღნიშნულმა პროექტმა სარგებელი მოუტანა მხოლოდ კონკრეტულლ ადამიანებს და არა _ ბათუმს. დღეს თქვენ რომ ნახოთ ის სანაპირო ზოლი, გაკეთებულს ვერაფერს აღმოაჩენთ. ყველა ეს პროექტი ფულის საჭრელი დაზგა იყო, რომელზედაც ღარიბაშვილმა და მისმა კლანმა ხელი მოითბო. წარმოუდგენელია, _ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ღარიბაშვილი მოიყვანა და „ქართული ოცნების“ შტაბში დასვა. ჩვენ პროკურატურისგან მოვითხოვთ და ისინი ვალდებულნი არიან, კვალიფიციური დასკვნები წარმოგვიდგინონ ამ თემაზე… 8 წელიწადი გავიდა, მილიონობით თანხა გაიფლანგა და სამინისტრო ელემენტარულ ინფორმაციასაც არ გვაწვდის _ დოკუმენტებს მალავს.
_ როგორ გგონიათ, რატომ?
_ ყველამ ვნახეთ მისი გამოსვლა პარლამენტში, როდესაც პარლამენტარები კითხვებს უსვამდნენ. ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს იმაზე, რაც წინა წლებში ხდებოდა. ყველა ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მოქმედი პირია და შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან გვიპასუხონ, სად დაიხარჯა 58 000 000 ლარი და რატომ დღემდე არ არის დასრულებული სამუშაოები? მინისტრმა ცქიტიშვილმა, მინიმუმ, ის მაინც ხომ უნდა გააკეთოს, რომ ჩვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია მოგვაწოდოს: ბრძანებები, განკარგულებები, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, როდის განხორციელდა ტენდერში გამარჯვებული თანხის ჩარიცხვა და ა. შ.
ცქიტიშვილი ამ შეკითხვებზე პასუხებს არ გვაძლევს და მან ძალიან კარგად იცის _ თუ ამ ყველაფრის შესახებ რეალურად დაიწყებს საუბარს, ის ღარიბაშვილს დაეჯახება და ბუნებრივია, პრობლემები შეექმნება. ღარიბაშვილმა კარგად იცოდა, როდესაც ამ პროექტის შესახებ განკარგულებას იღებდა, რაც მოხდებოდა… სამწუხაროდ, პროექტი ვერ გააკეთეს, არ დაასრულეს და ხალხის ფული მოიპარეს.
_ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უჩნდებათ კითხვები, სად გაქრა 58 მილიონი და რატომ ვერ დასრულდა პროექტი?
_ პირდაპირ გეტყვით: ადგილობრივ ხელისუფლებას აჭარაში არავინ არაფერს ეკითხება. ერთადერთი მათი ფუნქცია-მოვალეობაა, თუ სამინისტროს წარმომადგენლები ჩამოვლენ და ლენტის გაჭრას დააპირებენ, გვერდი დაუმშვენონ. წარმოუდგენელია, ადგილობრივი ხელისუფლებიდან ვინმემ მოიკითხოს, 2013 წელს რა პროექტი დაიწყო და სად გაქრა 58 მილიონი. როდესაც ამ პრობლემაზე ტელევიზიაში სიუჟეტი გავიდა, ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ თითქოს ტექნიკა დღესაც ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და სამუშაოები გრძელდება.

ლევან ქემოკლიძე