რომან გოცირიძე: „დღეს ბიზნესი ღირსებაშელახულია და სადღაც ეს ბიზნესი იფეთქებს“

4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან წერილი მიიღო, სადაც გარკვეული მოთხოვნები ეწერა, რომელიც მათ არ შეასრულეს. რამდენად არსებობს ეს წერილი და გაიზიარებს თუ არა იგი „ოთხი თითის“ ვიდეოს ბედს, ჯერჯერობით, უცნობია.

რა დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით? რატომ დევნის ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძეს? რა ინტერესები აქვს მას და ასრულებს თუ არა ხელისუფლება არაფორმალური მმართველის დაკვეთას?

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:
_ „თიბისი ბანკის“ პრეცედენტს მმართველი გუნდი აფასებს, როგორც საქმეზე პოლიტიკური სარჩულის მიზანმიმართულად დადებას. არის თუ არა ეს ბიზნესზე ზეწოლის მაგალითი?
_ ბიზნესზე ზეწოლის შესახებ ბიზნესი უკვე დიდი ხანია, საუბრობს, მაგრამ ხმამაღლა _ არა, რადგან ეს საკმაოდ რისკიანი საქმეა. რაც უკვე მოხდა „თიბისი ბანკთან“ მიმართებით, ეს ბოლო წვეთი იყო და თანაც იმ მასშტაბის, რომელიც საქართველოში დღეს ვერავის წარმოედგინა. მათ შორის, ვერც ერთ დიდ თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენელს არ მოუვიდოდა აზრად, რომ შეიძლებოდა ასეთი მასშტაბის ზეწოლა განხორციელებულიყო ისეთ ბიზნესზე, რომელიც უკვე სცდება ერთი ან ორი ძალიან გავლენიანი ბიზნეს ფიგურების საკითხს, რომელიც ასევე შეიძლებოდა გამხდარიყო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებისა თუ სტრუქტურების ჩამოშლის საფუძველი. ივანიშვილმა არაფრად ჩააგდო ის რისკები, რომლის წინაშეც ქვეყანა აღმოჩნდება. ერთი მხრივ, „თიბისი ბანკი“ „საქართველოს ბანკთან“ ერთად, ფაქტობრივად, ფინანსური სისტემის ღერძია და, მეორე მხრივ, ანაკლიის პროექტი, რომელიც საქართელოს ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია. ხელისუფლება ამ მასშტაბის საქმეს ასე უპასუხისმგებლოდ რომ მიუდგებოდა და ამ ბიზნესთან დაკავშირებულ ადამიანებს გაწირავდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ანუ გაწირეს ბიზნესმენი და გაწირეს ქვეყნის ინტერესი.
_ ერთი მხრივ, ქვეყნის ინტერესი და ბიზნესი დგას, მეორე მხრივ, საუბარია ფულის გათეთრების თაღლითურ სქემაზე. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი ბიზნესმენის თუ სხვა პირის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ობიექტური და არ იყოს შერჩევითი სამართალი, მაშინ ლოგიკურია, რომ ყველამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშაულზე, ამაზე რას იტყვით?
_ არის თუ არა ხელშეუხებლობის გარანტია იმის გამო, რომ ხარ დიდი ბიზნესმენი ან ახორციელებ დიდ პროექტს? _ ხელისუფლება ასე სვამს კითხვას და ამბობს, რომ: დანაშაული არ უნდა ეპატიოს არავის და სამართალმა პური უნდა ჭამოს. შერჩევითი სამართალი სწორედ ის გახლავთ, რომ ამ 7 წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ გვახსოვს, როცა ხელისუფლებას ცნობილი კორუფციული სკანდალების შემდეგ თუნდაც ერთი ადამიანი დაესაჯოს, რომელიც ასოცირდება სახელისუფლებო კლანთან, ივანიშვილთან ან ასოცირდება იმ სახელისუფლებო კლანებთან, რომელიც ხელისუფლებაში იყო და სახელმწიფო ფული შეჭამა, მათმა მფარველებმა პოლიტიკური პასუხი აგეს, მაგრამ არავინ დასჯილა. მაგალითად, პრემიერი ღარიბაშვილი გადადგა, თუმცა მისი კლანიდან ციხეში არავინ წასულა; ინფრასტრუქტურის სამინისტროში 6 წლის მანძილზე 6-ჯერ რომ შეცვალეს მინისტრი, რომელიმეს საყვედური გამოუცხადეს ან რაიმე დარღვევა აღმოუჩინეს?! იმ სკანდალებიდან, რაც დაკავშირებული იყო ზაზა ოქუაშვილთან და „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან ან ფარცხალაძესთან, ვინმე დასაჯეს?! ერთადერთი, ვინც კორუფციულ საქმეზე დაისაჯა, იყო მერიის თანამშრომელი, რომელმაც 3000 ლარი ქრთამი აიღო და ერთი ტორტი, რაღაც წვრილმანი საქმის მოსაკვარახჭინებლად. შემდეგ ისიც გამოუშვეს ციხიდან. როდესაც სამართალი რაღაც ნიშნით და შერჩევით ხდება, ეს ნიშნავს სწორედ კლანის გაძლიერებას და ბიზნესში კონკურენტების ჩაძირვას, მაგრამ თუ მას აქვს არა მხოლოდ ფინანსური და კონკურენტული ბრძოლის ხასიათი, არამედ _ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში ვინმე არის თუ არა დამნაშავე, ეს სხვა საკითხია. ამას ჰქვია პოლიტიკური დევნა. ამიტომ პროცესები, რაც დღეს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ ვითარდება, რამდენიმე შრეს მოიცავს: 1. ეს არის აშკარა პოლიტიკური დევნა, რადგან ხაზარაძე ასოცირებული იყო კვირიკაშვილთან და პროექტები, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო, აღქმული იყო, როგორც კვირიკაშვილის მიერ მხარდაჭერილი პროექტები. გარდა ამისა, ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ ის არ ენდობა კვირიკაშვილს და, ფაქტობრივად, მიიჩნია, რომ კვირიკაშვილი არ იყო იმდენად ყურმოჭრილი და ერთგული, რომ თუნდაც დასავლეთსა და აშშ-ში ვიზიტებისას ემუშავა ივანიშვილის რეალური სახის დამალვაზე. როგორც ამბობენ, კვირიკაშვილი უფრო თამამად საუბრობდა ქვეყანაში არსებული არაფორმალური მმართველობის შესახებ. ჩანს, ივანიშვილმა იეჭვიანა ფინანსურად ძლიერი და პოლიტიკურად ნელ-ნელა დასავლეთსა და აშშ-ში სიმპათიის დამგროვებელი ადამიანების ერთად ყოფნა, ამ შემთხვევაში ხაზარაძე-კვირიკაშვილს ვგულისხმობ. ივანიშვილმა იფიქრა, რომ ეს ტანდემი უნდა გაეწყვიტა და გაენადგურებინა. მომენტალურად გაანადგურა კიდეც კვირიკაშვილი და საერთოდ არავინ დაუტოვა ხელისუფლების მაღალ და დაბალ ეშელონში.
_ კვირიკაშვილის ფაქტორი რომ გამოვრიცხოთ, მაშინ როგორ შეიძლება აიხსნას ივანიშვილის მხრიდან ხაზარაძის დევნა?
_ შესაძლოა, ის ხაზარაძეს მიიჩნევდა, როგორც პოტენციურად გავლენიან ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ფული, სოციალური პროექტები, აფინანსებდა კულტურას და ის არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანი. მას ასევე ჰქონდა გარკვეული საზოგადოებრივი კაპიტალი. აქედან გამომდინარე, პოტენციურად ივანიშვილი ხაზარაძეში კონკურენტს ხედავდა, თუნდაც ოპოზიციის პირდაპირი ან ირიბი მხარდამჭერის თვალსაზრისით.
ასევე მინდა აღვნიშნო, ამ პროცესის დევნის მეორე პლასტი არის „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდება: ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რომლებიც ბანკის 20 %-ის წილების მფლობელები არიან, პირდაპირ აიძულებდნენ თავიანთი წილის გაყიდვას ან მეორე გზა მენეჯმენტის შეცვლა ჰქონდათ, რასაც მიაღწიეს. სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე „თიბისი ბანკში“ მენეჯმენტი შეცვალეს. ჯაფარიძე უკვე ჩამოაცილეს და შემდეგი ნაბიჯი, ალბათ, დღევანდელი მენეჯმენტის ეტაპობრივი შეცვლა იქნება. შეუძლებელია, რომ ივანიშვილი მხოლოდ ამაზე გაჩერდეს, შემდგომი დარტყმა იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც „თიბისი ბანკში“ მუშაობდა ამ სამი ათეული წლის განმავლობაში და რომლებიც მამუკა ხაზარაძესთან ერთად ამ ბანკის შემქმნელები იყვნენ. „თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდებით და მისი გაკონტროლებით რეალურად მოხდებოდა ამ ბანკის შემდგომი განვითარების შეფერხება და წარმოიშვებოდა ახალი გაერთიანება „ქართუ ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ სახით, ასევე იქნებოდა „საქართველოს ბანკი“, რომელიც პოლიტიკურად განეიტრალებულია და მისი აქციონერები ივანიშვილის მიმართ ლოიალურები არიან. ამავე დროს, „თიბისი ბანკი“ ამა თუ იმ ფორმით იქნებოდა ხელისუფლების გავლენის ქვეშ.
_ „თიბისი ბანკის“ თემაზე საუბრისას ერთ-ერთი აქტუალურია ანაკლიის პორტის საკითხი. საუბრობენ იმაზეც, რომ რუსეთია ჩარეული და ივანიშვილს აიძულებს, შეწყდეს ამ პროექტის განხორციელება. თქვენ რამდენად ხედავთ ამ პროცესში რუსულ კვალს?
_ შეუძლებელია, ვინმეს არ სცოდნოდა, რომ ამ საქმის წამოწყება უდიდეს ზიანს მიაყენებდა, როგორც „თიბისი ბანკს“, რომელმაც მრავალმილიონიანი ზარალი განიცადა ამ პროცესში, ასევე ანაკლიის პროექტს. ხელისუფლებისა და პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს მოვლენები არ უნდა დავუკავშიროთ ანაკლიის პროექტს, დემაგოგიურია. პრემიერმა ისიც განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტზე ქვეყანა ზრუნავს და იგი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ეს პროცესები კი მას ხელს არ შეუშლისო. თუ ვინმე ამას შეგნებულად არ აკეთებს და უბრალოდ ეს პროცესები ასე გამოსდით, მაშინ ისინი ბრიყვები ყოფილან. დიახ, ბრიყვები, რადგან ანაკლიის პროექტს ისე ასამარებენ, თითქოს ამის გაკეთება არ უნდოდათ. უბრალოდ, ისინი თავის მართლების ცრუ ხერხს იყენებენ. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ დღეს ანაკლიას ორი მთავარი სტრუქტურა აქვს: ერთი პორტი, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი აქციონერი და ამ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა, ასევე, ანაკლიის ირგვლივ ფორმირებული ქალაქი, თავისუფალი ეკონომიკური ზონით, რომელსაც „ანაკლია სითი“ ჰქვია, რომლის ერთ-ერთი მესაკუთრე და ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა. შეუძლებელია, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დააბრალო ისეთი დიდი დანაშაული, როგორიც არის ფულის გათეთრება და ამის შემდეგ ამ პროექტებს განვითარების პერსპექტივა ჰქონდეს. თუ ანაკლიის პროექტი ივანიშვილს უნდოდა, მაშინ რა უშლიდა მას ხელს?! ამ ანაკლიის პროექტში 2 მილიარდ ნახევარი დოლარი უნდა დაიხარჯოს, ივანიშვილის მთელი ქონება კი ამას არ ეყოფა. მიუხედავად იმისა, რომ 5 მილიარდია მისი შემოსავალი, დიდი ნაწილი უძრავი ქონებაა. ბუნებრივია, რაც არ უნდა დიდი მილიარდერი იყო, ასეთ პროექტს ვერ აიღებ. ივანიშვილის ინტერესი იქნებოდა, პროექტის განხორციელებაში მიეღო მონაწილეობა, როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, რომ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი მიეღო. ან ეს მინიმალური დანახარჯებიც შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფოს მონაწილეობა ამ პროექტში და რეალურად ეს გაესაღებინა საკუთარ დამსახურებად, აქედან გამომდინარე კი კონტროლი დაემყარებინა მენეჯმენტზე. ბუნებრივია, ივანიშვილი თავის ინტერესებს ამ მიმართულებით იპოვიდა. უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ თუ ხაზარაძე არ უნდოდა, მაშინ რატომ გაამარჯვებინა ხაზარაძესო? ხაზარაძეს გაამარჯვებინა, რადგან ეგონა, რომ კვირიკაშვილი, რომელიც მის მიერ იყო დანიშნული და რომელსაც საკუთარ მარიონეტად და მსახურად მიიჩნევდა, კვირიკაშვილის მიერ მხარდაჭერილი სტრუქტურები, რომლებიც ანაკლიაში მოიკიდებდნენ ფეხს, სინამდვილეში მისი ინტერესების გამტარებლები იქნებოდნენ. ივანიშვილს მიაჩნდა, რომ კვირიკაშვილი-ხაზარაძე მისი ინტერესების გამტარებლები იყვნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდა, რომ კვირიკაშვილი არასაიმედოდ იქცეოდა დასავლეთში ივანიშვილთან მიმართებით. ივანიშვილის ერთ-ერთი მიზანი ამ პროექტის გაჩერებაა, რომ მაისსა და ივნისში დაფინანსება არ გამოიყოს. ამ პროექტში აქციონერების უკვე 180 მილიონი დაიხარჯა, დიდი სამუშაოები ჩატარდა. რეალურად, იმდენად მიმზიდველ მდგომარეობაში იმყოფება ანაკლიის პროექტი სახელმწიფო ვალდებულებების ჩათვლით, როგორიცაა საავტომობილო რკინიგზის მიყვანა, მიწების გამოსყიდვა სახელმწიფოს მხრიდან და ა. შ., კომპლექტში სახელმწიფოს ინვესტიციას, პლუს ამ დონემდე პროექტის მომზადება, შეიძლებოდა გამხდარიყო 600-მილიონიანი დაფინანსების ამ 6 ბანკის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სწორედ ასეთ მომენტში ხელოვნურად მოახდინა პროკურატურამ ამ ინფორმაციის პრესაში გავრცელება. ინფორმაციის გაჟონვით იცოდნენ, რომ ანაკლიის პროექტს ხელი შეეშლებოდა. 600 მილიონის მიღებისა და ანაკლიის პირველი პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი მამუკა ხაზარაძე და ეს ჯგუფი ძალიან დიდ პოლიტიკურ და ფინანსურ დაცვას მიიღებდა. ეს იქნებოდა მათი ქოლგა, რომელსაც ივანიშვილი თავისი ქვების სროლით ვერ გაარღვევდა და თუ მოინდომებდა ხაზარაძისთვის ქვის სროლას, მოხვდებოდა ქოლგას. ყველაზე დიდი შეიძლებოდა, შემოვლითი გზით პომიდორი ესროლა სახეში, რომელიც მხოლოდ რეპუტაციულ ზიანს თუ მიაყენებდა მას. ივანიშვილმა მიიჩნია, რომ ხელიდან უსხლტებოდა ანაკლიაზე კონტროლი, ასევე ხაზარაძისა და „თიბისი ბანკის“ განადგურების შანსი. ამიტომ ის წავიდა ვა-ბანკზე და როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია, რადგან, დიდი ალბათობით, ამ ეტაპზე პროექტი გაჩერდება. ივანიშვილის ერთ-ერთი მიზანი იყო რუსეთისთვის კიდევ ერთხელ იმის ჩვენება, რომ ის არის რუსეთისთვის საჭირო კაცი, ვინაიდან ანაკლიის პროექტის გაჩერება დღეს უზარმაზარი საჩუქარი იქნება რუსეთისთვის. ანაკლიის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ირიბ სიკეთეს თუ შემოსავალს ივანიშვილი რუსეთის გახარებაში ხედავს. დაბეჯითებით არ ვამბობ, რომ ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებს, რომ მოსპობს ანაკლიის პროექტს; არც იმას ვამბობ, რომ მას ეს შეუგნებლად გამოსდის. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ორ კურდღელს იჭერს: ანაკლიის პროექტზე საკუთარი გავლენის დამყარების შესაძლებლობას ინარჩუნებს და ამ პოლიტიკურ ვითარებაში რუსეთისადმი მავნებლურ ნაბიჯებს დგამს.
_ უშუალოდ „თიბისი ბანკის“ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც ფულის გათეთრებაზე საუბრობენ? კონკრეტულად ეს ქეისი განვიხილოთ.
_ რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არის ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმების დარღვევა. მამუკა ხაზარაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა: ფული, რომელიც ჩემი მეგობარი ბიზნესმენისგან ვისესხე და შემდეგ შევიტანე ბანკის კაპიტალში, რომ მცოდნოდა, მას ეს ფული „თიბისი ბანკისგან“ ჰქონდა აღებული, ამას არ გავაკეთებდიო. ანუ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა სესხი აიღო „თიბისი ბანკისგან“ და შემდეგ ეს ფული მამუკა ხაზარაძეს ასესხა, ხაზარაძემ კი ეს ფული ისევ ბანკის კაპიტალში შეიტანა. ასეთი შემთხვევა განვიხილოთ: ეს ფული რომ ყოფილიყო ამავე ბიზნესმენის თამბაქოს ბიზნესისგან ნასესხები, თამბაქოს ფაბრიკის ანგარიშიდან გამოტანილი ფული რომ ესესხა და ისევ შეეტანა ბანკში, რამე დარღვევა იქნებოდა?! ბუნებრივია, არ იქნებოდა. მას საკუთარი ბანკიდან რომ აეღო ფული და შეეტანა, იქნებოდა დარღვევა?! ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ნორმატივის დარღვევა იქნებოდა. ბანკთან დაკავშირებული პირი, ეს იქნება დირექტორი, აქციონერი თუ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, შეზღუდულია ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ნორმით, მას არ შეუძლია რაღაც რაოდენობაზე მეტი თანხის აღება, ეს რაოდენობა ბანკის კაპიტალთან მიმართებით განისაზღვრება. შესაძლებელია, რომ ხაზარაძეს მართლაც აეღო „თიბისი ბანკისგან“ სესხი და შეგნებულად დაერღვია ეს ნორმატივი, ოღონდ მას არა, ამ შემთხვევაში ბანკის ადმინისტრაციას დაეშვა ასეთი ქმედება, ამ მოცემულობაში დაჯარიმდებოდა არა ის, ვინც სესხი აიღო, არამედ ბანკი, რომელმაც ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული მარეგულირებელი ნორმები დაარღვია. შესაძლოა, ბანკს კიდევაც უღირდეს ფულის გაცემა და ის დათვლის გაცემით მიღებულ შედეგს, ასევე ეროვნული ბანკის მიერ გაცემულ სანქციას. სანქცია შეიძლება იყოს: გაფრთხილება, ჯარიმა, ადმინისტრატორებისთვის გარკვეული დროით თანამდებობის დაკავების შეზღუდვა ან თუნდაც ბანკის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება. ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ შემთხვევაში გამოიყენა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სანქცია _ მან ხაზარაძე და ჯაფარიძე დაკავებული თანამდებობებიდან გადააყენა, ასევე სამეთვალყურეო საბჭოდან გამოიყვანა და მათ მილიონი დააკისრა. თქვენ გაქვთ უფლება, ახლა წახვიდეთ და რუსთაველის გამზირზე რომელიმე მაღაზიაში დაამტვრიოთ შუშა. თქვენ იცით, რომ ამისთვის დაგაჯარიმებენ და ის შუშა თუ ღირს 1000 ლარი, ორჯერ მეტს გადაგახდევინებენ, ამიტომ თქვენ არჩევანის თავისუფლება გაქვთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასე რომ, თქვენ იცით, რას რისკავთ. ასევე რისკავს ბანკიც, _ მან იცის, რა შედეგებიც მოჰყვება მის ქმედებას. ეს არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის ადმინისტრაციული ხასიათის დანაშაული, რომელიც ჯარიმით ისჯება.
_ ეს ტრანზაქცია 11 წლის წინათ განხორციელდა, იგი 2008 წლის ომის პერიოდს უკავშირდება. როგორ ცვლის ეს ფაქტი „თიბისის“ საქმის გარემოებას?
_ ეს კონკრეტული საქმე სისხლის სამართლის დანაშაული რომც ყოფილიყო, მაგალითად, შეიძლება გადაკვალიფიცირებულიყო, როგორც გადასახადების შემცირება ან გადასახადების დამალვა, ასეთ შემთხვევაშიც კი ხანდაზმულობის ვადა გასულია. ადმინისტრაციული ხანდაზმულობის ვადა არ გადის და ეროვნული ბანკი როცა აღმოაჩენს, მაშინ შეუძლია დააკისროს სანქცია. სისხლის სამართლის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა სხვა არის, ეროვნული ბანკის რეგულატორის უფლებების განხორციელების კუთხით წარმოქმნილი დარღვევები და დანაშაული _ სხვა. ვინაიდან ამ საქმეს მიზნობრივი, შერჩევითი, პოლიტიკური, ბოღმისა და ამბიციის ფაქტორი ჰქონდა, ამიტომაც წაიყვანეს ამ კუთხით. ივანიშვილს პირადად სურდა ხაზარაძის დამცირება. ეს ეგოცენტრისტული ფაქტორიც მოქმედებს, როგორც ქვეყნის მმართველისა, რომელმაც არ აპატია მის ქვეშევრდომს კონკრეტულ საკითხებში რაღაცების დაჯერება. ვინაიდან ხანდაზმულობის ვადა გასული იყო და, ამავდროულად, ივანიშვილმა ხაზარაძის დასჯა განიზრახა, გადაწყდა, რომ ეს პროცესი პროკურატურის მხრიდან შეფასებულიყო, როგორც ფულის გათეთრება, ფულის გათეთრება ეს არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სესხი კანონიერი ფორმით იყო აღებული, კაპიტალში შეტანა კანონიერი ფორმით მოხდა და ბუნებრივია, ამის მიზანი არ იყო კრიმინალური ფულის დამალვა, ეს არ იყო არც ნარკოტიკების, არც იარაღით ვაჭრობის ან გადასახადის დამალვით ნაშოვნი ფულის გამოჩენა და კაპიტალში დაბანდება, შესაბაბამისად, ეს არ იყო ფულის გათეთრება. ვინაიდან ამ საქმეს ფულის გათეთრების იარლიყი მიაწებეს, ეს ნიშნავდა, რომ ხანდაზმულობის ვადის გამო მუდამ ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე ყურებით დაჭერილი და დამოკლეს მახვილი ყელზე ჰქონოდა ჩამოკიდებული. სწორად თქვა ხაზარაძემ, როცა პარლამენტში იყო, _ მერე ამ საქმეს თაროზე შემოდებდნენ და როცა მოუნდებოდათ, მაშინ გააცოცხლებდნენ 1 ან 10 წლის შემდეგ. გააცოცხლებდნენ იმისთვის, რომ მამუკა ხაზარაძე ყველა მისი შესაძლო აქტივობის დასაბლოკად ემართათ.
_ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, მაშინ სრულიად ლოგიკური იქნება ის, რომ მამუკა ხაზარაძემაც დაიწყო თავისი სვლები და ერთ-ერთი ასეთი გამიზნული სვლა შესაძლოა, შს მინისტრ გიორგი გახარიას სავარაუდო წერილით თამაში იყო. რამდენად რეალურია ის, რომ მინისტრი ამ ფორმით ეკონტაქტება ბიზნესმენებს, მით უმეტეს, არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს და გავითვალისწინოთ ისიც, რომ მსგავსი წერილის დაწერა ნებისმიერს შეუძლია.
_ ყველა იმ ქმედებებიდან და რეაქციიდან გამომდინარე, რაც აქვს ხელისუფლებას, 1000%-ით დასტურდება წერილის ნამდვილობა და არსებობა. ჯერ ერთი, ბუნებრივია, რომ არავინ დაწერს წერილს ხელით და არ მოაწერს ხელს. ასე თუ მოიქცევი, მაშინ აბსოლუტურად უგუნური ადამიანი უნდა იყო. როცა ამბობენ, რომ ეს არის პრინტერზე ამობეჭდილი ქაღალდი ხელმოწერის გარეშე, მაშინ იბადება კითხვა: ხელმოწერა უნდა ჰქონოდა?!
ხელმოწერა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს წერილი ნამდვილად გახარიას დაწერილია?
ის, რომ ეს წერილი გახარიას დაწერილია, ამის ტკიცება პროკურატურას ძალიან მარტივად შეეძლო. პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება იმაზე, იყო თუ არა ეს წერილი ნამდვილი, მოხდა თუ არა შანტაჟი. თუმცა პროკურატურა კანონის სადარაჯოზე დადგომის ნაცვლად შინაგან საქმეთა მინისტრის დაცვის სადარაჯოზე დადგა. პროკურატურას უნდა გაეკეთეინა ის, რასაც დღეს მამუკა ხაზარაძე აკეთებს. ანუ პროკურატურას, პირველ რიგში, ამ წერილის ანალიზი უნდა დაეწყო. წერილი შუამავლის მეშვეობით გაიგზავნა, შუამავალი კი ცოცხალი ადამიანი, საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, შუამავლის ვინაობის გარკვევა უნდა დაეწყოთ. ამის შემდეგ კი უნდა გაერკვიათ, ამ წერილში მოცემული დავალებები რამდენად იყო რეალობასთან შესაბამისობაში და შესრულდა თუ არა ისინი. ამ დავალებებში სამი მოთხოვნა იყო, _ პირველი: „ტვ პირველს“ შეეცვალა თავისი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, დამჯდარიყო „იმედის“ ტრენდზე და გამხდარიყო „იმედი“. ეს უკვე „ტვ პირველზე“ ზეწოლის მცდელობის მეორე შემთხვევა იყო. თუ არის კითხვა, _ რა შუაშია ხაზარაძე „ტვ პირველთან“? ხაზარაძემ ამ ტელევიზიის მფლობელ ავთო წერეთლისგან აიღო სესხი. ამ ისტორიაში ისინი დაკავშირებული პირები არიან. ეს პირველი დავალება არ შესრულდა.
მეორე დავალება: მას მხარი უნდა დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის. ზუსტად იგივე სიტყვებით დაგმო ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და მხარიც დაუჭირა ზურაბიშვილს. ეს პირობა მან შეასრულა.
ერთ-ერთი დავალება: „არტ არეა“, რომელიც შემოქმედებითი არხია, მომენტალურად უნდა გადაქცეულიყო საინფორმაციო არხად.
ივანიშვილი და გახარია ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მამუკა ხაზარაძე ასეთ დიდ დაპირისპირებაში შევიდოდა. მათთვის ასეთი წერილები პირველი არ არის, ეს მათი მუშაობის ჩვეულებრივი ფორმაა. შუამავალი ჯერ არ სახელდება, რადგან დასახელების შემთხვევაში მასზე საშინელი ზეწოლა მოხდება და შუამავალი უარყოფს, რომ მან შუამავლის ფუნქცია შეასრულა. რატომ არ იძიებს პროკურატურა იმას, იყო თუ არა ეს შუამავალი იმ დღეს შსს-ში? შსს-ს ვიდეო ჩანაწერები აქვს, საიდანაც შეიძლება გაირკვეს, იყო თუ არა გახარიას კაბინეტის დერეფანში იგი. შუამავალმა როცა გამოიარა გზა „თიბისი ბანკამდე“, მისმა მობილურმა ტელეფონმა გადაკვეთა თუ არა მობილური ტელეფონის ანძები შსს-ს მიმდებარე ტერიტორებიდან „თიბისი ბანკამდე“? თუ „თიბისიში“ შევიდა, არის თუ არა დაფიქსირებული შესვლისა და გამოსვლის დრო? პროკურატურა ამ ყველაფრის დამალვას საკუთარი თავისა და შსს-ს დახმარებით ცდილობს. ნორმალური პროკურატურა უცხოეთში ამ ამოპრინტერებული ქაღალდით დაადგენდა, რომელი პრინტერიდანაა ამობეჭდილი, შესაბამისად, გაირკვოდა, ეს პრინტერი არის თუ არა ის, რომელიც გახარიას კაბინეტში ან შსს-ს რომელიმე კაბინეტში დგას. სავარაუდოდ, ამავე ქაღალდზე იქნება თითის ანაბეჭდები. შესაძლოა, გახარიას ეჭირა ეს წერილი, კითხულობდა და შემდეგ გადასცა შუამავალს. სწორედ ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს: ვინმეს თითის ანაბეჭდი არის თუ არა მასზე? საკმარისია, შუამავლის ანაბეჭდი და დნმ-ს კვალი აღმოჩნდეს და რაც არ უნდა თქვას მან, როგორც არ უნდა დაატერონონ, ფაქტია, რომ ამ ადამიანის თითის ანაბეჭდი ასახული იქნება, რითაც ეს ყველაფერი დადასტურდება. ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ შუამავალმა თავისი მონაწილეობა უარყოს. როდესაც ნიკა გვარამიას უკანონდ უსმენდნენ, აშანტაჟებდნენ, მისი მოსყიდვა სურდათ, სპორტის სფეროში ძალიან ცნობილი ადამიანი, რომელიც გვარამიასთან და ხელისუფლებასთან იყო დაახლოებული, შუამავლად გამოიყენეს. როდესაც ნიკა გვარამია იძულებული გახდა, შუამავალი დაესახელებინა (მიუხედავად უხერხული მომენტისა, ამის აუცილებლობა იყო და დაასახელა), შუამავალმა ფაქტი უარყო. წარმოგიდგენიათ, რა დონის შანტაჟი უნდა განხორციელებულიყო შუამავალზე, რომ მან საჯაროდ უარყო ის, რაც გააკეთა. როგორი წნეხის ქვეშ იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში შუამავალი იყო.
_ თუ არსებობს ისეთი ვინმე, რომელიც შესაძლოა, წნეხის ქვეშ იყოს, თუმცა ანალოგიური სცენარით „ოთხი თითის“ ვიდეოც არსებობდა. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ამ საქმით „ქართულ ოცნებას“?
_ დადგება დრო და ეს ვიდეოც იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა უკვე ძალიან დიდი ზიანი მიიღო. საზოგადოებაში ამ საქმით ნათელი მოეფინა იმას, თუ რა დონის უსამართლობაა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ბიზნესს უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენეს. ხაზარაძე ამ ბიზნესისა და თბილისის გარკვეული კატეგორიის საზოგადოების ლიდერი იყო. როგორც წესი, საზოგადოების ეს ნაწილი „ოცნების“ მომხრე არის და მათაც ძალიან დიდი იმედგაცრუება მიიღეს. რეალურად დაინახეს, თუ რა დონის სახიფათო მმართველობასთან გვაქვს საქმე. ბიზნესმა საკუთარ თავზე იწვნია, რომ ქვეყანა არ ვითარდება და შესაბამისად, არ იზრდება მათი შემოსავალი. ბიზნესს, როგორც კლასს, შეურაცხყოფა მიაყენეს და დღეს ბიზნესი ღირსებაშელახულია, სადღაც ეს ბიზნესი იფეთქებს.

ნენე ინჯგია