„ხალხი ივანიშვილში უფრო ხედავს მგელს, ვიდრე _ სააკაშვილში“

ექსპერტ გია ხუხაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილი ლიდერი აღარ იყო, რასაც ივანიშვილის გაბრაზება და მისი საკმაოდ უტაქტო განცხადებები მოყვა. გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის რეალურ მიზეზზე საჯაროდ პირველად „ქრონიკა+“-თან ისაუბრა.
ექსპერტმა ასევე მმართველ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რესურსზე, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და პოლიტიკური ვითარების სამომავლო პროგნოზზე მოგვითხრო:

_ როგორ ფიქრობთ, ამზადებს თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ოპოზიციას?
_ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობები ოდნავ გადაჭარბებულია. მიუხედავად იმისა, რომ მას, რა თქმა უნდა, მონოპოლიზებული აქვს რესურსები და ის უდავოდ არის ძალის ცენტრი, მასზე საუბარი, როგორც სტრატეგოსზე, რომელსაც სტრატეგია აქვს და ამ სტრატეგიით რაღაცებს აკეთებს _ ეს მოსაზრება რეალობას მოკლებულია. სინამდვილეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მისი უძლეველობის მითი საბოლოოდ დაიმსხვრა და არათუ გარეთ, არამედ პარტიის შიგნითაც მან სრულიად დაკარგა ავტორიტეტი. რეალურად, დღეს თუ „ქართული ოცნება“ ფასადურ ერთიანობას ინარჩუნებს, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ივანიშვილი ავტორიტეტია, ეს ხდება იმიტომ, რომ ის სიკეთეებს არიგებს. ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები არიან პირად კეთილდღეობაზე, საკუთარი ჭიის გახარებაზე, ბუნებრივია, იქ რჩებიან. სხვა შემთხვევაში სად წავიდნენ?! „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, როგორც ერთ მსოფლმხედველობაზე, იდეოლოგიაზე ან ერთობლივ მიზნებზე მდგარი პოლიტიკური ორგანიზმი აღარ არის. „ქართული ოცნება“ ერთგვარი ბაბილონის გოდოლია, რომლის ნგრევის პროცესიც უკვე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი აგური ბესელია იყო და მას კიდევ რამდენიმე ადამიანი მიჰყვა. ეს პროცესი გარდაუვლად გაგრძელდება იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ამ რესურსებსაც თავისი საზღვარი აქვს. ბუნებრივია, ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომაც ახლა დაიწყეს ისტერიულად ახალი ხალხის მოყვანა, რასაც ჰქვია შარიშური. კომედიური ამბავიც კი გავიგე, რომ შპს დაუქირავებიათ კარგი კადრების მოსაძიებად. ალბათ ეს შპს ახლა პრეისკურანტს გამოაქვეყნებს, მაგალითად მინისტრის პოსტი _ მილიონი ლარი, გამგებლის _ 100 000 ლარი და ა. შ. ეს უკვე აბსურდამდე მიდის. კერძო კომპანია, როგორც წესი, HR-ზე მუშაობს, მაგრამ, ძირითადად, კორპორაციებში. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ადასტურებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ საუკეთესო ბიზნესი არის ხელისუფლებაში ყოფნა. ძალიან მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით შეირჩევა ახალი სახეები?! რა თქმა უნდა, ვინც მეტს გადაიხდის, იმას შეარჩევენ. კერძო კომპანია ორიენტირებულია მოგებაზე, ანუ ის „ქართულ ოცნებაზე“ მუშაობს იმიტომ, რომ მოგება ნახოს. პირდაპირ გამოაქვეყნონ პრეისკურანტი, რა ჯდება თანამდებობა. ყველაფერი გამჭვირვალე იქნება, _ გინდა, გახდე მინისტრი? _ გადაიხადე მილიონი! გინდა, გამგებელი გახდე? _ გადაიხადე 100 000! დეპარტამენტის უფროსი _ 50 000! გამოაქვეყნონ პირდაპირ ფასები. სწორედ ასეთ აბსურდამდე მივიდნენ.
_ რა გზა გაიარეს ამ აბსურდამდე მისასვლელად?
_ ამ აბსურდამდე იმიტომ მივიდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მოდური აღარ არის. ქართულ საზოგადოებაში კარგ ტონად არ ითვლება „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. ნორმალური ადამიანები „ოცნებაში“ აღარ მიდიან. უკვე განცდაა, რომ ისინი წარმავლები არიან. ამიტომ არანირი მიზიდულობის ცენტრი იქ აღარ იქნება. ვუყურებ, რომ უკვე შიგნიდან გარბიან. სამწუხაროდ, ეს პროცესი აუცილებელი კრახით დასრულდება, იგი შეუქცევადი გახდა _ „ქართულ ოცნებას“ არსად აქვს პოზიტიური დღის წესრიგი, სულ ნეგატივია. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად გამოაცხადა, რომ იმ მანკიერი სისტემის სამართალმემკვიდრეა, რის გამოც ჩვენ ყველა ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“: მოსმენებს, მაჟორიტარული დეპუტატების დატოვებას და ა. შ. მხოლოდ ორი საკითხი იყო გახსნილი: ერთ-ერთი მართლმსაჯულების თემა და, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე, კოლექტიურ მურუსიძეს ჩააბარეს, ეს პერიპეტიები დღესაც გრძელდება; ასევე იყო მეორე მიმართულება, _ თითქოს ბიზნესის მიმართ უფრო ჰუმანურები იყვნენ. ეს საკითხიც დახურეს, ანუ დღეს, რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიშა სააკაშვილი კი არ არის, არამედ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უკვე „ქართული ოცნებაა“. ახლა მიდის ახალი „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართული ოცნების“ გარიცხვის პროცესი. ადამიანური რესურსი ტოვებს „ქართულ ოცნებას“ და შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ, რომ ხდება ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, ვგულისხმობ სისტემის თვალსაზრისით.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ივანიშვილის რესურსებსაც აქვს საზღვარი. ის ხშირად აღნიშნავდა, რომ მენეჯმენტი მისი ძლიერი მხარეა. როგორ ფიქრობთ, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მას აღარ ეყო თავისი რესურსი თუ არც არასდროს ყოფილა მისი ძლიერი მხარე მენეჯმენტი?
_ ალბათ კერძო სტრუქტურებში კარგი მენეჯმენტი ჰქონდა, ამას ვერ გავარჩევ, თუმცა მისი პოლიტიკური მენეჯმენტი აბსოლუტურად კატასტროფულია.
ჩემი წამოსვლის პირად ისტორიას მოგიყვებით: თუ რატომ წამოვედი „ქართული ოცნებიდან“, ამაზე ბევრი ჭორი არსებობს. ვიღაცები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ იქიდან ბიძინა ივანიშვილმა მომიშორა _ სინამდვილეში ეს ასე არ იყო. მისთვის ძალიან არაკომფორტული იყო ჩემი წამოსვლა და ბოლომდე ცდილობდა, შევენარჩუნებინე. თუმცა ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, რადგან როდესაც ის ამ მმართველობით სისტემას აშენებდა, მშენებლობის პროცესში ბევრი რამ არ მომწონდა, რასაც მას ვეუბნებოდი. საბოლოო ჯამში, დავასკვენი, რომ ჩვენ შორის გარდაუვალი იყო სერიოზული კონფლიქტის ფორმირება. ამიტომ მას მარტივი რამ ვუთხარი: ბევრი რამ არ მომწონს, როგორც შენდება მმართველობითი სისტემა, შენ ხომ დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ, ამიტომ სჯობს, ამაში ხელი არ შეგიშალო, იმიტომ, რომ შენ აშენებ და გამოდის, რომ მე ამას გინგრევ. სწორედ აქედან გამომდინარე, სჯობს, მე გავიწიო იმისთვის, რომ შენ კომფორტი გქონდეს, ააშენო ის, რისი აშენებაც გინდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ მან ააშენა ბაბილონის გოდოლი, ანუ შეკრა ე. წ. პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ერთმანეთი ეზიზღება, ეს ხომ მკვეთრად გამოჩნდა. ამ ადამიანებს დღემდე არაფერი აერთიანებთ. რეალურად, იმ პარლამენტში 80% ბესელიაა. კობახიძე, სინამდვილეში, უმცირესობაშია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო მისკენ იხრება, ეს ხალხი ჩუმად არის, თორემ, რეალურად, პარლამენტში დღეს ბესელიას ჭკუაზეა ყველა. ეს რეალობაა. აქედან გამომდინრე, ხარვეზებით აშენებული, გაუგებარი სისტემა ინგრევა. ჩვენ ნგრევის პროცესში ვართ. ვიღაც ხედავს, ვიღაც ვერ ხედავს, მაგრამ შეუძლებელია, ბაბილონის გოდოლმა დიდხანს იარსებობს. ის აუცილებლად დაინგრევა. ჩვენი საფიქრალი ის კი არ არის, რომ გადავარჩინოთ „გოდოლი“, არამედ ჩვენი საფიქრალია, რომ ამ ნანგრევებში ქვეყანა არ მოყვეს. მომავალზე უნდა ვიფიქროთ, რა კონფიგურაციით გააგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას, რადგან „ქართული ოცნება“ უკვე განწირულია ფიასკოსთვის. ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა გადააადგილოს კადრები და სკივრიდან ძველი თოჯინები ამოქექოს, ეს აღარ უშველის. იქიდან გამომდინარე, რომ ელექტორალური საყრდენი აღარ აქვს, გადაწყვიტა, რესურსების მონოპოლიზაციით მოიგოს 2020 წლის არჩევნები, _ ფინანსური ნაკადები გააკონტროლოს და მაქსიმალურად მოუჭიროს ადმინისტრაციულ რესურსს. ამ აბსოლუტურად დამღუპველი მიმართულებით აიღო ორიენტაცია. მას ილუზია აქვს, რომ მხოლოდ არჩევნების ყიდვით შეიძლება ფონს გასვლა. რეალურად, ამ ქვეყნის ისტორია აჩვენებს, რომ ეს ასე არ ხდება და არც მოხდება. ძალიან ვწუხვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილის ბედი ჩემთვის არ არის სულერთი, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ მისი წასვლის პროცესი ძალიან დრამატული იყოს, რასაც არ ვისურვებ. სამწუხაროდ, ისეთი განცდა მაქვს, რომ ისევ ჩემი და ჩემი მეგობრების დასაცავი გახდება. ის დასაცავი გახდება მაშინ, როდესაც ეს ჭეშმარიტების წამი დადგება. ჩვენი დასაცავი გახდება სწორედ იმიტომ, რომ კობახიძე მოკურცხლავს, თან ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს დააბრალებს. ჩვენ ვიცით, რა ხალხია კობახიძე და მისთანები, მაშინაც ბუჩქებში ისხდნენ, ერთი დღე არ უბრძოლიათ, მზამზარეულზე მოვიდნენ. როგორც კი რაღაც პრობლემა შეიქმნება, ეგრევე იტყვიან: ჩვენ რა ვქნათ, პატარა ხალხი ვიყავით, თუ რამე ცუდი ხდებოდა, ყველაფერს ბიძინა გვავალებდაო. ეს გარდაუვალია იმიტომ, რომ ისტორიას კანონზომიერება ახასიათებს. სხვანაირად შეუძლებელია. ცოცხალი ადგილი აღარ დატოვეს, არც ერთი მიმართულებით აღარ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი. მხოლოდ დაპირისპირება, სიძულვილი და ნეგატივია ამ ქვეყანაში.
_ წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრეთ. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გაიაზრა, რომ მის მიერ აშენებული მმართველობითი სისტემა მანკიერი აღმოჩნდა, ჰქონდა თუ არა მცდელობა, დაბრუნებულიყავით?
_ დაბრუნებაზე მე თვითონ არ ვიქნებოდი თანახმა, მან ეს მშვენივრად იცოდა, მაგრამ კომუნიკაცია გვქონდა. პირდაპირ გეტყვით: საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე, დაახლოებით, 2 კვირით ადრე გვქონდა ბოლო კომუნიკაცია, რასაც შემდეგ ურთიერთობის გამწვავება მოყვა. მე მას ვაფრთხილებდი, რომ სისტემური პრობლემა ჰქონდა და სისტემურ პრობლემას სისტემური პასუხი სჭირდებოდა. კოსმეტიკით ის ფონს ვერ გავიდოდა. რბილად რომ ვთქვათ, ამაში არ დამეთანხმა, ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო. საკმაოდ კატეგორიული გახლდათ და ფიქრობდა, რომ მე არასწორ რაღაცებს ვეუბნებოდი. ამის შემდეგ იმედი დავკარგე, დავინახე, რომ ის აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალურ გარემოს და მაშინ პირველად გამოვაცხადე, რომ ივანიშვილი აღარ არის ლიდერი. ის გაბრაზდა. ჩემი განცხადება, მან ძალიან მტკივნეულად აღიქვა, მიიჩნია, რომ ურთიერთობაში წითელი ხაზები გადავკვეთე და ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ჩემთვის რამდენიმე „ტკბილი სიტყვაც“ გაიმეტა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის ისტორია. მასთან კომუნიკაცია ბოლო მომენტამდე მქონდა, სანამ საშუალებას ვხედავდი, რომ კიდევ შემეძლო მისი მიწაზე დასმა. ის, ფაქტობრივად, ღრუბლებში იყო. შემიძლია ვაღიარო, რომ მისი მიწაზე დასმა ვერ მოვახერხე.
_ ანუ ბიძინა ივანიშვილი რეალობას აცდენილი იყო და ვერ იაზრებდა, რა გამოწვევების წინაშე იდგა?
_ ვერ იაზრებდა ან ირგვლივ ისეთი ხალხი ჰყავდა, რომელიც საპირისპიროს ეუბნებოდა, _ ბიძინა ყველაფერი შესანიშნავად არის! და მასაც სჯეროდა. საბოლოო ჯამში, რასაც ვეუბნებოდი და ვუხსნიდი, აბსოლუტურად ყველაფერი თვალწინ დაუდგა, ერთი ერთზე აუსრულდა. თავს არ ვიქებ, ეს არაფერში მჭირდება, მაგრამ რეალურად ასეც მოხდა. საპრეზიდენტო არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა თავი წააგო, მან მთელი თავისი რესურსი ჩადო, ბოლო კრედიტი აიღო ხალხისგან, მას შეჰპირდა, რომ უკანასკნელად მაპატიეთ და ხვალიდან ვარსკვლავბიჭუნა გავხდებიო, თუმცა ხალხი მეორე დღესვე გადააგდო. ვინც მეორე ტურზე იმ იმედით მიიყვანა, რომ ბიძინა რაღაცას შეცვლიდა, სწორედ ეს ხალხი გადააგდო. ადამიანები ძალიან გაბრაზებულები არიან. ბიძინამ უნდა იცოდეს, რომ ის ხალხი, ვინც, ფაქტობრივად, მოტყუებით მოიზიდა, მასზე 2020 წელს, თუ მანამდე არა, ძალიან მწარედ იძიებს შურს და ნუღარ ექნება იმის იმედი, რომ ისევ „მგელი მოდის, მგელი მოდის“ ძახილით გავა ფონს და ყველაფერს მიშას დააბრალებს. ანტი მიშა მისთვის აღარ იმუშავებს, ვიღაცისთვის შეიძლება იმუშაოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის დაძახებულზე აღარავინ გამოვა. პირიქით, ეს ხალხი მასში უფრო ხედავს მგელს, ვიდრე მიშა სააკაშვილში. ეს არის მისი დრამა.
_ ამ ერთ წელიწადში ბიძინა ივანიშვილს რეალურად რამის ძირეულად და უკეთესობისკენ შეცვლის უნარი და რესურსი აქვს?
_ უკვე სამი თვე გავიდა, ის კი ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ივანიშვილმა საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა: ღარიბაშვილი სკივრიდან ამოიყვანა. შესაბამისად, დინამიკა აჩვენებს, რომ უკეთესობისკენ კი არა, დეგრადაციისკენ გააგრძელა სვლა. არაფერი შეუცვლია, აქედან გამომდინარე, რატომ უნდა მქონდეს უკეთესობისკენ შეცვლის იმედი? ადრე ყველას ჰქონდა იმედი, რომ ბიძინა ფოკუსებს ჩაატარებდა და მაინც წარმატებული იქნებოდა. ვერ იყო წარმატებული იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წააგო. მან არითმეტიკულად წააგო არჩევნები და ეს ფაქტია. ამის შემდეგ ქართული პოლიტიკის გარე ძალები, კონსერვატიული ფრთა მოიხმო, ტელეფონზე გვირეკავდა! გვთხოვა, გვეხვეწა, წავედით და კიდევ ერთხელ მივეცით ხმა. მან კი მეორე დღიდანვე ყველას უთხრა, რომ გადაგდებულები ხართ, არაფერსაც არ შევცვლიო. მისი ყველა მოქმედება ხომ ამაზე მეტყველებს.
_ რით შეიძლება აიხსნას ღარიბაშვილის სკივირდან გამოყვანა, როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს და რა ლოგიკით შეიძლება ავხსნათ?
_ ტაქტიკური ლოგიკა ღარიბაშვილის დაბრუნებაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიპოვით, მაგრამ სტრატეგიულად ღარიბაშვილის დაბრუნება ივანიშვილის სამომავლო მარცხს გარდაუვალს ხდის. ტაქტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილი შიდა პარტიული ბალანსის გაჩენას ფიქრობს. ასევე შესაძლოა, ღარიბაშვილის მეშვეობით კონსერვატიულ ფრთასთან ხიდის გადებას ფიქრობდეს და ამით სიტუაციის დაბალანსებას. თუ ხელისუფლებაში გახარიას ყოფნა გაპრობლემდა, ივანიშვილს მისი ჩამნაცვლებელი არავინ ჰყავს და შეიძლება, გახარია ღარიბაშვილით ჩაანაცვლოს. რაც შეეხება ემოციურ ფონს, გასაგებია, რომ ბიძინა ახლა პოლიტიკურ დეპრესიაშია. შეუძლებელია ვერ იგრძნოს, რომ „დანიის სამეფოში“ რაღაც ყარს. ამას გრძნობს და მას ნოსტალგია აქვს თავისი „პოლიტიკური ბავშვობის“ პერიოდთან. თინეიჯერებს ეჩვენებათ, რომ ისინი არავის უყვარს, დეპრესიაში ვარდებიან ხოლმე და ღრმა ბავშვობაში უნდათ გადასვლა, სადაც ისინი ყველას უყვარდა, ცხოვრება მშვენიერი იყო და ძველ სათამაშოებს პოულობენ. ფაქტობრივად, ემოციურად, ღარიბაშვილის დაბრუნებით, ივანიშვილმა 2012 წელი დააბრუნა, როდესაც ის ყველას უყვარდა და ყველაფერი კარგად იყო. ქვეცნობიერი მოტივი ალბათ ეს არის, თუმცა პრაქტიკული ამოცანებიც აქვს და ამას ასრულებს.
_ გაჩნდა განცდა, რომ ივანიშვილი მუდმივად ე. წ. ახლებზე, ანუ კობახიძის გუნდზე აკეთებს არჩევანს, მათზე დებს ფსონს, რამდენად დაეთანხმებით ამ მოსაზრებას?
_ ესეც ილუზიაა. ბიძინა ივანიშვილის მმართველობითი ფილოსოფია მარტივია: ყველას მისი ვალი აქვს და მას არავის ვალი არ გააჩნია. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ძველმა გვარდიამ“ თავი ამოყო და მათ, ალბათ, სამართლიანად ჩათვალეს, რომ რაღაც სიტყვა ეთქმით. მათ თავიანთი აგური დადეს და შესაბამისად, სიტყვის თქმის უფლებაც ჰქონდათ. კობახიძემ პირველი ტური წააგო, ესენი შემდეგ მიეხმარნენ და მოიგო, _ ასე ხედავს „ძველი გვარდია“ და აქედან გამომდინარე, აღარ არის თანახმა, რომ კობახიძე ეჯდეს თავზე. მათ ძალაუფლების კუთვნილი ნაჭერი მოითხოვეს. შესაბამისად, ეს რყევებიც ამას უკავშირდება და არა რაღაც ფუნდამენტურ მსოფლმხედველობრივ სხვაობას მათ შორის, თუმცა არც უამისობაა. ამ ადამიანებს არ ესმით, რა დამსახურებისთვის უნდა იყოს მათი უფროსი კობახიძე, ბიძინას კი არ უყვარს ვიღაცასთან ვალში ყოფნა. კობახიძის ვალი არ აქვს და ამიტომაც მასთან კომფორტს გრძნობს. როცა ვიღაცები მიდიან მასთან და ეუბნებიან, რომ მათაც სურთ კუთვნილი წილი, ეს აღიზიანებს. არ მოსწონს, რადგან მისთვის ეს არაკომფორტულია და ამიტომ იხრება კობახიძისკენ. კობახიძეც არ არის მისთვის ბოლომდე სანდო და მისაღები იმიტომ, რომ მასშიც ხედავს რაღაც რისკებს. „ძველ გვარდიაში“, რყევის ფონზე, ღარიბაშვილის შემოყვანის ერთ-ერთი მოტივი ზუსტად ეს იყო, რომ ბავშვები ადგილზე მოჯდნენ, დიდი ამბიციები ნუ ექნებათ. აქედან გამომდინარე, დასკვნას, რომ ივანიშვილის ფავორიტი კობახიძეა, უბრალოდ, ვერ გავაკეთებ. პირველ ეტაპზე ივანიშვილი დაბალანსებას ეცდება, ხოლო მეორე ეტაპზე არ გამორიცხოთ, რომ მიჯირყვნასაც.
_ ბოლო რამდენიმე კვირაა, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებებს ვუყურებთ, „ოცნების“ შიდა პრობლემები მთავარი თემა გახდა, ამასობაში კი საზოგადოებას თითქოს გამოგვრჩა ოპოზიციის როლი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ოპოზიცია, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს და ძალების მობილიზება შეძლოს?
_ ოპოზიციას თავისი გასჭირვებია. სამწუხაროდ, ამ ყველაფრიდან ვერ გამოდის. იმედი ვიქონიოთ, რომ რაღაც შეიცვლება. მთავარი ამოცანა დღეს ამ ორპოლუსიანი ნარატივის, ამ მანკიერების, სიმბიოზის დარღვევაა. სასიცოცხლო ამოცანაა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტების გაჩენა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც ერთი პოლუსი და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მეორე პოლუსი, შულერული თამაშით ორივე თავის ამოცანას ატარებს. ქართული პოლიტიკის ასეთ ვითარებაში დატოვება არ შეიძლება იმიტომ, რომ ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. აქტიურ ნაწილს ვგულისხმობ. აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკურ ლანდშაფტზე ძალა, რომელიც ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს შეიწოვს და მათ კაპიტალიზაციას მოახდენს. ეს რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს. როგორ უნდა მოხერხდეს, ამაზე მეც ვფიქრობ. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ხელი შევუწყო ამ პროცესს, რადგან ეს ობიექტურად აუცილებელი პროცესია.
_ ამ მოცემულობაში მოქმედი პოლიტიკური ძალებიდან თუ ხედავთ ისეთს, რომელსაც ძალა შესწევს, რომ ეს ორპოლუსიანობა გაარღვიოს და ნიჰილიზმით სავსე ელექტორატს არჩევანის საშუალება მისცეს?
_ ვერავისზე ვილაპარაკებ. ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული, რეალური და პერსპექტიული არ ჩანს.
_ ივანიშვილსა და მის მმართველობაზე საუბრისას ბრძანეთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მან საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, აქედან გამომდინარე, ეს რამდენად ზრდის იმის რისკს, რომ 2020 წლამდე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები?
_ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. წეღან აღვნიშნე, რომ „ბაბილონის გოდოლი“ ინგრევა. იმის პროგნოზირება არ შემიძლია, რამდენად სწრაფად დაინგრევა, მაგრამ ფაქტია, რომ საკმაოდ დიდი ტემპი აკრიფა, აქედან გამომდინარე, მართლაც შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. მაინც არ ვისურვებდი კონსტიტუციური ციკლის დარღვევას, მაგრამ ხელისუფლება წერას ჰყავს ატანილი, ამიტომაც ვერაფერს გამოვრიცხავ. არ შეიძლება, საქართველოს ნაირ ქვეყანაში რესურსი, ვერ გამოიძებნოს. რესურსი არის, მაგრამ ის ჯერ არ ფორმალიზებულა. იმედია, მალე ფორმალიზდება.

ნენე ინჯგია