სახელმწიფოსგან მივიწყებული მარტოხელა დედები

უკვე წლებია, ქვეყანაში მარტოხელა დედების პრობლემა დგას, თუმცა იგი არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან საჯაროდ აღიარებული არ არის. ქვეყნის კანონმდებლობაში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა დედის სტატუსს განმარტავს და სახელმწიფოს ავალდებულებს, მარტოხელა დედების სოციალურ კეთილდღეობაზე იზრუნოს.
ქვრივები, განქორწინებულები ან ისინი, რომელთა შვილებსაც დაბადების მოწმობაში მეორე მშობელი უწერიათ, სტატუსის მიღმა რჩებიან, არადა, რეალურად, ისინიც მარტო ზრდიან შვილებს. სტატუსს ვერ იღებენ მამებიც, რადგან დედის მონაცემები ბავშვის დაბადების მოწმობაში ავტომატურად იწერება. არის შემთხვევები, როცა ქალი საზოგადოების განწყობისგან შვილის დასაცავად ბავშვის დაბადების მოწმობაში სხვა კაცის სახელსა და გვარს უთითებს. თუმცა „მამას“ მცირეწლოვანთან არაფერი აკავშირებს და არც მასზე ზრუნავს. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, რატომ ზრდიან ადამიანები ბავშვს მარტო, _ ყველა მათგანს თანაბარი სამართლებრივი და სოციალური გარანტიები უნდა ჰქონდეს.

რაიმე ტიპის დახმარება კანონის დონეზე არც სტატუსიანი მშობლებისთვის არსებობს. მიუხედავად საკანონმდებლო ჩანაწერისა (სამოქალაქო კოდექსის 11911 მუხლის მე-5 ნაწილი), რომ მარტოხელა მშობლების სოციალური და სამართლებრივი გარანტიები კანონითაა გაწერილი, არ არის მითითებული, რომელ კანონში ან კანონქვემდებარე აქტში არის ეს დახმარება განსაზღვრული.
ერთადერთ შეღავათს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი აწესებს, რომელიც მარტოხელა დედას საშემოსავლოსგან ათავისუფლებს, ისიც წლიური 3000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში და თანაც, მხოლოდ დედებს. მამები კი შეღავათის გარეშე რჩებიან.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არსებობს მარტოხელა დედების ზუსტი სტატისტიკა, შევეცადეთ გაგვერკვია, რა პრივილეგიით სარგებლობენ ამ სტატუსის მქონე ადამიანები.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ პრეზიდენტი თეონა ფირანიშვილი და დამფუძნებელი ეთია ჭიკაძე.

თეონა ფირანიშვილი _ „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაცია“ „მომავალი მზის“ პრეზიდენტი:
_ მე თვითონ გახლავართ მარტოხელა დედა. გადავწყვიტე, რომ დამეფუძნებინა არასამათავრობო ორგანიზაცია „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაცია“. ჩვენი მიზანია, დედათა და ბავშვთა შესახებ საზოგადოებაში არსებული სტიგმის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა. ასევე მარტოხელა დედებისა და ქალების უფლებების დაცვა. პირველი ღონისძიება 2017 წლის 6 ივლისს გავაკეთეთ, როდესაც ჰიმნი ჩავწერეთ, სადაც მონაწილეობა მიიღეს მომღერლებმა და ჟურნალისტებმა. ამ წელიწად-ნახევარში ძალიან ბევრი რაღაც მოვასწარით.
_ როგორია მარტოხელა დედების სტატისტიკა საქართველოში?
_ მარტოხელა მშობლის სტატუსთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბევრი ხარვეზი არსებობს. სტატისტიკა არ გვაქვს და არ ვიცით, რამდენი ადამიანია მარტოხელა მშობელი. ვინც მუშაობს, სტატუსს იღებს, მაგრამ ვინც არ მუშაობს, თავს არ იწუხებს და მარტოხელა დედის სტატუსის ცნობის ასაღებად არ მიდის, რადგან სახელმწიფოსგან არავითარი დახმარება არ გააჩნია. ბევრმა არ იცის, თუ რა პრივილეგიით სარგებლობს მარტოხელა დედა. სტატუსის მინიჭება ხდება იუსტიციის სახლში შესაბამისი განცხადების საფუძველზე. ასევე სტატუსის მაძიებელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობა. თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია, სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობასა და განცხადებას წარადგენს კანონიერი წარმომადგენელი.
_ თქვენს ორგანიზაციაში რამდენი ადამიანია გაწევრიანებული?
_ 200-მდე მარტოხელა დედაა გაწევრიანებული.
_ ვინც ამ ორგანიზაციაში წევრიანდება, რა პრივილეგიით სარგებლობს?
_ არსებობს კვებითი ვაუჩერიც იმ პირისთვის, ვისთვისაც კვებითი უზრუნველყოფა პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ასევე წამოვიწყეთ სოციალური პროექტი „შეამჩნიე“, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად ვეხმარებით დედებს. მათ ვაუჩერებს ვაძლევთ და ყველაზე მთავარი _ სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია „დირსმა“ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრა, კეთილი ნება გამოიჩინა და წელიწადზე მეტია, ერთ-ერთ დედა-შვილს 200-ლარიან ვაუჩერს აძლევს, რითაც მათ შეუძლიათ, საკვები პროდუქტი ან სხვა რაიმე სახის ნივთი იყიდონ. გვინდა, რომ ეს დახმარება გავზარდოთ და #შეამჩნიეს ფარგლებში კიდევ რამდენიმე დედა დავამატოთ, მათაც გამოვუყოთ დახმარება. ძალიან მიხარია, რომ დასაქმების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. ორმა კომპანიამ ჩემს ორგანიზაციაში გაწევრიანებული სამი მარტოხელა დედა უკვე დაასაქმა. გვინდა, ამ ადამიანებმა თვითრეალიზება მოახდინონ და სხვისი ხელის შემყურე არ იყვნენ.

ეთია ჭიკაძე _ „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის“ _ „მომავალი მზის“ დამფუძნებელი:
_ ასოციაციის შექმნის იდეა თავისთავად მომწიფდა. თეო მარტოხელა დედაა. ყოველდღიურ ყოფაში წარმოქმნილმა პრობლემებმა ამ ასოციაციის შექმნის იდეაც და საჭიროებაც დააყენა. მარტოხელა დედების სრული რაოდენობა დღემდე არსად არაა აღრიცხული, მაგრამ დამერწმუნეთ, მათი რაოდენობა მრავალრიცხოვანია.
_ რა პრივილეგიით სარგებლობს ასოციაციაში გაწევრიანებული მარტოხელა დედა?
_ ასოციაცია პრივილეგიებზე დაფუძნებით კი არა, გაერთიანების იდეითაა შექმნილი. ვერ წრმოიდგენთ როგორ შეიძლება დაეხმაროს თავად მარტოხელა დედა მეორე ასეთს, ვისაც მეტად უჭირს. ჩვენც, რეალურად, შიშველი ხელებით, იდეის სწორად მიტანის საშუალებით ვცდილობთ, ერთმანეთს კონკრეტულ, საჭირო დროს დავეხმაროთ. იდეის სწორად მიტანაზე გესაუბრებოდით და ჩვენთვის სასიამოვნოდ გასაოცარი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ რამდენიმე ბიზნესკომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა ჩვენ გვერდით დგომაზე. ეს კომპანიები ქალებს აუცილებელ სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებს. კონკრეტული დეველოპერული კომპანიის დახმარებით ასოციაციას საკუთარი ჭერიც გაუჩნდა.
სულ ახლახან ქველმოქმედთა კლუბის თაოსნობით ბავშვებისთვის თბილისის მულტიფუნქციურ ვარკეთილის ბიბლიოთეკაში საკვირაო სკოლა გაიხსნა, სადაც ბავშვები უცხო ენასა და ლიდერობის უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ ნათელ მაგალითად დამენახვებინა, როგორი გადამდებია სიკეთე, თუმცა ეს ერთჯერადი აქციები, ალბათ, მაინც ზღვაში წვეთია და პრობლემა უფრო გლობალურ მიდგომებს მოითხოვს, მათ შორის, სახელმწიფოსგან.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ის, რომ არ არსებობს მარტოხელა დედათა სრულყოფილი რეგისტრაცია, თითქოს არც ვაღიარებთ, რომ მათ უმრავლესობას ხელშეწყობა სჭირდება. მათ შორის პირველი არის დასაქმება, რათა ამ ქალბატონებმა საკუთარი თავის რეალიზაცია შეძლონ. ეს სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რათა დედებმა შვილების სრულფასოვნად აღზრდა შეძლონ. როცა დედა, ქალი მარტოა, მას სხვანაირი ხელშეწყობა სჭირდება.
_ არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების დახმარებაც.
_ რა თქმა უნდა! ფსიქოლოგის კონსულტაცია აუცილებელია იმ სტიგმის მოსახსნელად, რომელიც ჯერ კიდევ მაინც არსებობს ქვეყანაში და იმ პრობლემების გადასალახად, რომელმაც შესაძლოა, ქალს წარმატებაში ხელი შეუშალოს. ხელშეწყობა ბავშვებსაც სჭირდებათ… გაეროს ბოლო კვლევებით საქართველო მილევად და მოსახლეობის ზრდის კუთხით საკმაოდ პრობლემურ ქვეყნად ითვლება. არ შეიძლება, გამოარჩიო ბავშვი, ხელშეწყობაც და დახმარებაც ყველას ერთნაირად სჭირდება.

გიორგი საკარული