ნანა კაკაბაძე და ეკა ბესელია “ქურდული კანონის”გაუქმებას ლობირებენ ?!

2019 წლის 28 თებერვალს ორგანიზაციების, „ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის“, „არა მიშას, არა ნაციზმს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ „კანონიერი ქურდების“ დევნას აპროტესტებდა და რომ ამ მხრივ მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მიერ დანერგილ მანკიერ პრაქტიკას აგრძელებდა. კაკაბაძის თქმით, ადამიანების ქვეყნიდან განდევნა და დაპატიმრება დაუშვებელია, თუ მათ რაიმე სახის დანაშაულებრივი ქმედება არ უმტკიცდებათ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში „კანონიერ ქურდებს“, ძირითადად, მხოლოდ მათი მრწამსისა და სტატუსის გამო დევნიან და რომ ეს სრულიად მიუღებელია დასავლური ტიპის სახელმწიფოსათვის.

ჩვენ საკმაოდ ბევრი ნიშნით შეგვიძლია ამ განცხადების განხილვა, მაგრამ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ კანონის დასავლური სამყაროსთვის მიუღებლობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
„კანონიერი ქურდის“ ინსტიტუტი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების კატეგორიას განეკუთვნება. ამ კატეგორიის განსაზღვრის პირველი მცდელობა აშშ-ში 1950-60-იან წლებში დაფიქსირდა. მაშინვე მოხდა მისი მახასიათებლების ფორმულირება.
ეს მახასიათებლებია:
ტოტალიტარული ნიშნები, ხანგრძლივად მიმდინარე დანაშაულებრივი მოქმედებები, მყარი თავდაცვითი სისტემის შექმნა;
ადამიანების სისუსტის ან დაჩაგვრის ხარჯზე შემოსავლებისა და უფლებამოსილებების მიღება; შეშინებისა და მოსყიდვის მეთოდების გამოყენება;
საკუთარი უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების მცდელობა კანონისგან.
1975 წელს გაერო იძულებული გახდა, ამ პრობლემისთვის ყურადღება მიექცია.
ჟენევაში მეხუთე კონგრესზე აღინიშნა, რომ ორგანიზებულმა დანაშაულმა ტრანსნაციონალური ხასიათი მიიღო და, ფაქტობრივად, საერთაშორისო ბიზნესად ქცეული, ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე დანაშაულებრივი ქმედების სხვა ტრადიციული ფორმები. ამ პრობლემის განხილვა მიმდინარეობდა სისტემატურად, 2000 წლის ვენის მეათე კონგრესამდე. ამ მუშაობის შედეგია ამავე წელს მიღებული ფუნდამენტური კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ფორმირებების წევრები საკუთარი მიზნების მისაღწევად ხშირად მიმართავენ კორუფციას და კრიმინალური ძალადობის განსაკუთრებით საშიშ ფორმებსაც კი (იგულისხმება ტერორიზმი). თავად ფორმირებები კი წარმოადგენენ ყველაზე მსხვილ კორუპტერებს _ თანამდებობის პირების მომსყიდველებს _ იმ პირების, რომლებსაც აქვთ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებები, ავტორიტეტი, წვდომა და სხვა შესაძლებლობები. ამავე დროს, არანაკლებ წარმატებით „მოღვაწე“ მექრთამეებს ასევე ამ ორგანიზაციის წევრები წარმოადგენენ.
ახლა ჩავხედოთ კანონს ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ:
მუხლი 3. „ქურდული სამყარო“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა, „ქურდული სამყაროს“ წევრი, „კანონიერი ქურდი“, „ქურდული გარჩევა“, „ქურდული შეკრება“.
1. „ქურდული სამყარო“ _ პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.
2. „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა _ „ქურდული სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობით, „ქურდული შეკრებით“/„ქურდული გარჩევით“, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.
3. „ქურდული სამყაროს“ წევრი _ პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.
4. „კანონიერი ქურდი“ _ პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს.
5. „ქურდული გარჩევა“ _ „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების მიზნით.
6. „ქურდული შეკრება“ _ ორი ან ორზე მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით), პირთა „ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის (მათ შორის, ფინანსური/მატერიალური რესურსების განკარგვის საკითხის) განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
დიდი ფანტაზია სჭირდება გაეროს დასკვნასთან დასაკავშირებლად?
ვფიქრობ, რომ არა.
დღეს არ გავამახვილებ ყურადღებას. „კანონიერი ქურდის“ ცნებაზე, მისი ჩამოყალიბების ისტორიაზე. სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის ყველამ იცის (ზოგს თავად აქვს გამოცდილი), რას ნიშნავს ეს.
ყველას თუ არა, ბევრს გვახსოვს კრიმინალური გარჩევები, ქურდების მონაწილეობა ბიზნესწილების გადანაწილებაში, მკვლელობა და სხვა ათასი უბედურება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის განმავლობაში რომანტიზებულიც კი იყო ეს ინსტიტუტი და 60-70-იანი წლების ახალგაზრდების დიდი ნაწილი ოცნებობდა „კანონიერ ქურდობაზე“. ბევრისთვის სასახელოდ და ქვეყნისთვის სამარცხვინოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ქურდების „ექსპორტით“ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეს ვამარაგებდით.
არც იმას სჭირდება ბევრი ლაპარაკი, რომ როდესაც პიროვნება აღიარებს თავის სტატუსს, ის იზიარებს პასუხისმგებლობას ორგანიზებული ჯგუფის წევრობაზე და ისიც კარგად ვიცით, რომ ქურდად ხელდასხმა დანაშაულის გარეშე არ ხდება.
ზოგადად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ შსს მძლავრად არ ჩაავლებს სადავეებს ხელს, როგორც ერთი მინისტრი ამბობდა, , „კრიმინალი შესანიშნავად იგრძნობს თავს“ და სადაცაა, პოლიციის თანამშრომლებს, ისე, როგორც „ბედნიერ“ საბჭოურ და კიდევ უფრო „ბედნიერ“ 90-იანებში ისევ „ძაღლებად“ მონათლავენ.
არადა, ფაქტია: ცდილობს, რომ ჩაავლოს ხელი!
მაშ, ვინ და რატომ ცდილობს, ქვეყანაში დააბრუნოს კრიმინალური ავტორიტეტების, ე. წ. კანონიერი ქურდების, ორგანიზებული დანაშაულის აქტორების ზეობის ხანა? რას მოუტანს ეს ქვეყანას?
ქურდების კანონის გამო დაპირისპირება, ჯერ კიდევ, 2018 წლის 30 მარტს მოხდა,ალბათ გახსოვთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირველი მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის განცხადება. მისი თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქურდულ სამყაროს“ იმ საკანონმდებლო აქტებზე მუშაობისას ფორა არ მივცეთ, რომელსაც მივიღებთ, რომ მათი უფლებამოსილება შეიზღუდოს. ამ საკითხებზე ჯერ გუნდში უნდა ვიმსჯელოთ, რადგან „ქურდული სამყარო“ თავის წესებსა და კანონებს ხშირად ცვლის. თუ სახელმწიფო ისეთ კანონს მიიღებს, რომელიც მათ უფლებამოსილებას ზღუდავს, ისინი თავის ტრადიციებს ცვლიან და სხვანაირად იქცევიან. ჩემი პოზიცია სწორია, რომ სხდომა დაიხუროს, კითხვებს ღიად ვერ ვსვამ, რადგან სამართლებრივი პრობლემები არსებობს, რაც „ქურდულ სამყაროს“ უკავშირდება. თავად კანონპროექტი იდეალურია, რომელმაც დანაშაული უნდა შეზღუდოს და „ქურდული სამყაროს“ მოქმედების არეალი განმარტოს.
ლევან გოგიჩაიშვილის პოლემიკაც გვახსოვს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილთან. უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა ე. წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომის დახურვა მოითხოვა, მაგრამ სხდომის დახურვას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია არ დაეთანხმა, რის შემდეგაც ვანო ზარდიაშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილამა, გიორგი ხატიძემ და რატი იონათამიშვილმა სხდომა დატოვეს, თუმცა სხვა კანონპროექტზე მსჯელობისას სხდომაზე დაბრუნდნენ.
მე არ მომისმენია ბესელიას არგუმენტები, რატომ არ სურდა სხდომის დახურვა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნებოდა. წესით, მისთვისაც მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამ საკითხის დახურული წესით განხილვა, თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში საზოგადოებაში სისტემატურად კეთდებოდა აქცენტი მისი და არა მხოლოდ მისი ინტერესებისა და გავლენების შესახებ ე. წ. პოლიტპატიმრების სიაზე.
დაკვირვებული თვალი იმასაც შეამჩნევდა, რომ ბესელიასა და ე. წ. ზარდიაშვილის ჯგუფის დაპირისპირებაც ამ დროიდან დაიწყო.
2018 წლის პირველი მაისიდან ბესელია პოლიტსაბჭოს წევრი აღარ არის, რაც მან, რატომღაც, პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა. სულ ახლახანს კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
ბესელიას წასვლის შემდეგ კაკაბაძის მიერ ხელახლა ამოტივტივებულ ამ კანონთან 30 მარტის ფაქტის დაკავშირება, ვფიქრობ, რთული არ იქნება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პროცესებს, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ წიაღში, გარეთ, მიმართ, წინააღმდეგ თუ გასწვრივ (როგორც გნებავთ, ისე გაიაზრეთ) მიმდინარეობს.
როგორღაც მეუცნაურება, რომ ის ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული ერთგულებითა და უაპელაციო მორჩილებით „ემსახურებოდნენ“ ბიძინა ივანიშვილის ნებასა და გავლენებს, დღეს ჯგუფურად განუდგნენ, ერთიანად გაახსენდათ ტანჯული და დამშეული ერი, განსაკუთრებულ ჰუმანურობაზე აპელირებით, ზოგი მათგანი „კანონიერ ქურდობას“ იბრალებს _ დაჩაგრული ძმების ხვედრის გაზიარებით გულის აჩუყების მიზნით, ზოგიერთი „ჰუმანური“ ენმ-ის დასჯას ითხოვს. სულ არ ადარდებთ, ეს მოვლენა ქვეყანას იმიჯს თუ შეულახავს. თან ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ეკა ბესელია, როგორც იქნა, შეელია პარტიის მანდატს.
ფაქტია, რომ ბესელიამ ისარგებლა მოსამართლეების თემით, თუმცა ეს გამოფხიზლება ძალიან დაგვიანებული მგონია. მეჩვენება, რომ მურუსიძეზე აქცენტის გაკეთება დაგვიანებულია. ქალბატონი ბესელია მაღალი ტრიბუნებიდან გვარწმუნებდა, რომ სასამართლო რეფორმები წარმატებით განხორციელდებოდა.
„ახლების“ ჯგუფის მოსამართლეებთან მეგობრულ კავშირებზე მითითებაც უხერხულია მისი მხრიდან, რადგან, მაგალითად, მოსამართლე ზაზა მეიშვილი, კუბლაშვილის ყოფილი მოადგილე, მისი მეჯვარე და შვილის ნათლიაა, სხვათა შორის, მეიშვილი გირგვლიანის საქმის მოსამართლე იყო. 2015 წელს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „მეიშვილს მიუძღვის წვლილი სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის „იმქვეყნად გასტუმრებაში“. როგორც მინისტრი ამბობს, აღნიშნულმა მოსამართლემ გირგვლიანის მკვლელებს სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა“ (იხ. „პრაიმ ტაიმი“ 2015 წლის 17.01),ადეიშვილის მოადგილე ნონა წოწორია ასევე , ბესელიას შვილის ნათლიაა. კულუარული ინფორმაციით, ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა და 10-დან 5 მოსამართლის კანდიდატურის დასახელების უფლებაც მოითხოვა, მაგრამ, როგორც გითხარით, ინფორმაცია კულუარულია. არც ვახსენებდი (და ეს არც არის სრული ინფორმაცია), რომ არა საქმის უმძიმესი ვითარება და მოსახლეობის გაბიაბრუების მორიგი მცდელობა, რისი დაშვების უფლებაც ჩვენ უკვე აღარ გვაქვს.
კულუარულ ინფორმაციას რაც შეეხება, ჩვენ არ შეგვიძლია შევამოწმოთ, ასე იყო თუ არა, მით უმეტეს, რომ ის ადამიანი, ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელთანაც ამის გამო იკამათა, ვეჭვობ, თავს შეიკავებს საუბრისგან, მაგრამ, სამაგიეროდ, შეგვიძლია ინფორმაცია მივიღოთ საკმაოდ დელიკატურ საქმეებზე, თუ გამოვითხოვთ ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე მოქალაქის ქეისს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან. საინტერესოა, რა ნიშნით იყვნენ დაფიქსირებული პოლიტპატიმრების სიაში?
ბევრი რამ არის გასარკვევი ბევრზე ბევრ საქმეზე, რომელიც ჩვენი თვალსაწიერის მიღმა ხდებოდა ამ „ბედნიერი“ 6 წლის განმავლობაში.
არავინ იფიქროს, რომ მე „ახლებს“ ვგულშემატკივრობ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ სამარცხვინოდ ჩაშალეს თბს ბანკის საქმის გამო ჩანიშნული კომიტეტის სხდომა.
სულაც არა.
საქმე სიმართლეშია.
არავის უნდა მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და მისი აზრით მანიპულირების საშუალება.
ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ბესელიას გარშემო თავს იყრის ისეთი ადამიანების ჯგუფი, რომელთა მიმართ, დარწმუნებული ვარ,სამართალდამცავებს არაერთხელ გაუჩნდებათ ან უკვე უნდა გასჩენოდათ შეკითხვები.
იმედია, ბევრ რამეს გავიგებთ და ბესელია ქართული პარლამენტის ისტორიაში არ დარჩება მხოლოდ როგორც ერთადერთი კანონმდებელი, რომელსაც 17 მძღოლი ჰყავს გამოცვლილი.
დავუბრუნდეთ ნანა კაკაბაძეს, რადგან სწორედ მისმა, ფაქტობრივად, სკანდალურმა განცხადებამ გამოიწვია ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი.
სხვა რა, თუ არა სკანდალური?
ადამიანი, რომელიც ქვეყანას 90-იან წლებში დაბრუნებისთვის იმეტებს, ალბათ, უნდა აცნობიერებდეს ამას.
ბესელიასა და კაკაბაძის გვარმა ამ 6 წლის განმავლობაში არაერთხელ გაიჟღერა ერთმანეთის გვერდით პატიმრების შეწყალების კომისიის საქმეში. რამდენიმე ადამიანი ედავებოდა მათ ამ საქმეში, მაგრამ ამ ეტაპზე არავითარი სარწმუნო ინფორმაცია არ გვაქვს, გარდა ბრალდებებისა.
რა განაპირობებდა, რომ ამ ბრალდებების საფუძვლიანი შესწავლა არ მოხდა, ამაზე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.
ეს შეიძლება ყოფილიყო ბესელიას გავლენებიც, რომლის შესუსტებასთან ერთად მისი თანამოაზრეების მხრიდან სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმოდა ლაპარაკი ხელისუფლებაში მყოფ ე. წ. პორტირებულებზე. კაკაბაძის ბოლო განცხადებაში არაორაზროვნად იყო მითითებული, რომ „ოცნება“ ენმ-ს გზას მიჰყვებოდა. ბიძინა ივანიშვილზე დარტყმას, ჯერჯერობით, ვერ ბედავენ, თუმცა ფარული მუქარის ინტონაცია უკვე ისეთი ადამიანების სიტყვებში გაისმის, რომლებიც, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მთელი არსებით იყვნენ ჩართულები პროცესში. მათი რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, ჰგონიათ, რომ ბიძინა ივანიშვილს მათი ვალი აქვს. არადა, დარწმუნებული ვარ, ის სხვა რამეს ფიქრობს.
მე ორ ფაქტს გავიხსენებ, როდესაც კაკაბაძე ბესელიას დამცველად მოგვევლინა.
2013 წლის ივნისში ის კატეგორიულად უარყოფდა, რომ ბესელიამ პარლამენტში ჩატარებულ საკომიტეტო მოსმენაზე სპეციალურად მიიწვია გიორგი გაბედავა და ის ჯგუფი, რომელიც 17 მაისს აგრესიულად ცდილობდა ლგბტ აქტივისტების მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას.
2015 წელს კი აცხადებდა, რომ პოლიტპატიმრების საქმეზე გადაწყვეტილებას ეკა ბესელია არ იღებდა, რადგან ეს მას არ ეხებოდა.
ბრალდებები ისმოდა არაერთი ადამიანისგან.
თუ სოსო ოხანაშვილი და ალეკო ელისაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი პირები არიან და ვინმემ შეიძლება მხარედ მიიჩნიოს, 2011 წლის 21 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის, დედა, ანა აზნაურაშვილი, ამ კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება. აზნაურაშვილი 2016 წელს დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს თავისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიით ციხიდან გამოშვებისთვის ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს სია სულაც თავისით შედგა და ეს ხალხიც თავისი ძალითა და ნებით აღმოჩნდა იქ.
სულ უფრო და უფრო საინტერესოა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები და მათი პარტნიორები, რომლებშიც ე. წ. უფლებადამცველები მუშაობენ.
დღეს რამდენიმე მათგანის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.
„ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისათვის“ 1998 წელს შეიქმნა.
მისი დამფუძნებლები არიან: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ქეთევან პერანიძე, ლია შონია, ირინე ბადრიძე.
გელა ნიკოლაიშვილი კაკაბაძესთან და ილია წუწუმიასთან ერთად ფონდ „მოქალაქის“ დამფუძნებელია.
მისი სახელი გვხვდება „სახალხო სამართალში“, რომლის თანადამფუძნებლები არიან: მინდია უგრეხელიძე და შიო არსენაშვილი.
შპს სამართალი ხალხისთვის.
დამფუძნებლები არიან: კობა კობიაშვილი (ქვემო ქართლის ტაეკვონ-დოს რეგიონული ფედერაცია, ადამიანის უფლებათა სამართლებრივი ცენტრი, ბოლნისის გლობალ ტაეკვონ-დოს კლუბი „დრაკონი“), ეკა ჯიხვაშვილი (შპს „ჯუღა პროდაქშენ“, შპს „კალიგრამი“, თავისუფლების ცენტრი, მედია ჰოლდინგი „ქართლის ცხოვრება“, შპს „ისტორიაფილმი“, შპს „პროგრესი“).
ქართული ეროვნული ერთობის დარბაზი დამფუძნებლები არიან: ეკა ჯიხვაშვილი, ლანა გვარლიანი, მერაბ რატიშვილი (შპს „გეოთოლ როუდი“, შპს „თბილისის მეტრომშენი“, შპს „ინგეოჯგუფი“, შპს „კავგვირაბმშენი“), გიორგი მამაცაშვილი (შპს „რეპორტიორი“, თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი, VI კორპუსი, ქართული აზრი, ქონებრივი საავტორო უფლებებისა და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაცია).
განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე პირის ისტორია და კავშირები.
მერაბ რატიშვილი 2007 წლის 26 ოქტომბერს, ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით, წინსწრებით დააპატიმრეს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განთავისუფლდა 2013 წელს. მისი საქმე მოხვდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის (FIDH) მიერ 2009 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში; სახალხო დამცველის 2007-2008 წლების ანგარიშში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში, 2009 წლის 23 იანვარს ადამიანის უფლებათა კომისიის მიერ დამტკიცებულ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დასკვნაში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში.
საინტერესო დეტალი: მისი ვაჟიშვილი, ფსევდონიმით გია მევარ, სწავლობდა შვეიცარიაში, ასევე იურიდიულ ფაკულტეტზე მოსკოვის უნივერსიტეტში. მესამე კურსზე გახსნა ტურისტული სააგენტო. მოხვდა ნატალია სიდნეევას მასტერკლასში და გადაწყვიტა, ტელევიზიაში ეცადა ძალები. ნატალია სიდნეევა მუშაობს „ვოკრუგ.ტვ“-ში, რომლის ოფიციალური პარტნიორები არიან „გაზპრომ-მედიას“ არხები: ÒÍÒ, ÍÒÂ, ÒÂ-3; 1 ÒÂ, ÂÃÒÐÊ, ÑÒÑ, ÐÅÍ Ò და ა. შ. კურსებიდან მოხვდა „äîæäü.Ò“-ში, რომელიც 2012 წელს დატოვა. მერაბ რატიანის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორია (შპს „თბილისის მეტრომშენიდან“) პაატა ქვლივიძე, რომელიც შპს „ქართუ-უნივერსალის“ 3%-იანი წილის მფლობელია.
გიორგი მამაცაშვილის ერთ-ერთი კომპანია „თავისუფალ ჟურნალისტთა კლუბი, VI კორპუსი“ 2013 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: კახაბერ იორამაშვილი, ნუგზარ ფოფხაძე, ნანა დევდარიანი, ლაშა ხარაზიშვილი, რეზო სახეიშვილი.
მამაცაშვილი შპს „რეპორტიორის“ 50%-ის მფლობელია.
ყველაზე ცნობილი ამ ჯგუფში ნუგზარ ფოფხაძე და ნანა დევდარიანი არიან.
თუმცა ლაშა ხარაზიშვილი „იმედის“ ჟურნალისტი იყო და ყველაზე მეტად, ალბათ, მოდელირებული ქრონიკით დაგვამახსოვრდა.
ჟურნალისტი იხსნებს, რომ გადაცემამადე 5 დღით ადრე, 8 მარტს, მამამისი სამართალდამცველებმა დააკავეს და გადაცემის ეთერში გასვლიდან 5 დღეში 3-წლიანი ვადის თავდებობით და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, შემდეგ კი საქმე მოულოდნელად დაიხურა.
„საქმე დაიხურა 2012 წლის 24 ოქტომბერს. მას შემდეგ, რაც ძველმა თანამშრომლებმა გავაჩერეთ ეთერი „იმედში“ არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით და დავტოვეთ არხი. პროკურორმა დარეკა, საქმე სასწრაფოდ უნდა დავხუროთო“, _ აცხადებდა ხარაზიშვილმა.
მისივე თქმით, მოგვიანებით, მამამ საქმის გასაჩივრებაც სცადა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან საქმეს საიდუმლო გრიფი ედო.
რემარკა: ფაქტობრივად, ოჯახს წარმოდგენა არ აქვს, რისთვის დაიჭირეს.
გადაცემასთან ამ ისტორიის დაკავშირება რაში დასჭირდა, ესეც გაუგებარია. შეუცვლელად გადმოვეცი, იქნებ, ვინმე მიხვდეს.
ნუგზარ ფოფხაძის მოკლე ბიოგრაფია ასეთია: 1979-1986 წწ. _ საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი; საქტელერადიოკომიტეტის თავმჯდომარე; 1986-1987 წწ. _ საქართველოს კპ ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგე; 1987-1988 წწ. _ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი; 1988-1989 წწ. _ საქართველოს კპ ცკ-ის მდივანი; 1995 წლიდან თბილისში გაზეთ „სამშობლო-ფორტეს“ მთავარი რედაქტორი, ამავე დროს ედუარდ შევარდნაძის ფონდ „დემოკრატია და აღორძინების“ პრეზიდენტი, მისი რეორგანიზაციის შემდეგ (2000 წელს) _ სტრატეგიული კვლევისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ინსტიტუტის „დემოკრატია და აღორძინების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; „ვარდების რევოლუციამდე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი.
მშრალი ბიოგრაფიული მონაცემების მიღმა შეგახსენებთ, რომ ფოფხაძე, პირველ რიგში, ეს არის პირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის მიტინგის დარბევას მოითხოვდა.
ნანა დევდარიანი რამდენიმე სხვა ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა.
მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“. „კავკასიური თანამშრომლობა“ გულბაათ რცხილაძესთან ერთად. გულბაათ რცხილაძის შექმნილია „ევრაზიის ინსტიტუტი“, რომლის მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“.
ინსტიტუტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც, თავის მხრივ, მედიაგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა.
„ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“.
„ისტორიული მემკვიდრეობის“ საზოგადოებრივი საბჭოს წევრი შექმნის დღიდან არის პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელიც მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ დააჯილდოვა. ალექსანდრე ჭაჭია „გლობალიზაციის პრობლემების კვლევის ცენტრის“ საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეცაა, ასევე ორგანიზაცია „სამეგრელოს“ და „მოსკოვის მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საქართველოს ასოციაციის“ ხელმძღვანელი.
„ევრაზიის ინსტიტუტს“ შეუერთდა პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული შოთა აფხაიძე _ ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი.
აფხაიძე ასევე „დემოკრატიული ლიგისა“ და მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრია. ორგანიზაციას სამხედრო საკითხებში კონსულტაციას უწევს კობა ოთანაძე, რომელიც საზოგადოებისთვის „მუხროვანის ამბოხში“ მონაწილეობითაა ცნობილი.
ორგანიზაციის ახალგაზრდულ პროექტებს ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობს _ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი.
ძალიან საინტერესოა ევრაზიის ინსტიტუტის კიდევ ერთი პარტნიორი „ლევ გუმილევის ცენტრი“. 2014 წელს ცენტრის დირექტორი პაველ ზარიფულინი აღნიშნავდა, რომ „ინსტიტუტი დამაკმაყოფილებლად ვითარდება, რადგან დასავლეთში უკვე ესმით, რომ „თუ ქართული ინტელიგენცია ხალხთან ერთად გაერთიანდება რუსეთთან მეგობრობის იდეით, ამერიკელების მმართველობას სამხეთ კავკასიაში ბოლო მოეღება“ (ციტატა).
2015 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“ ა/ო IDFI-ს მკვლევრები აღნიშნავდნენ, რომ „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ 2013 წელს გამოსცა წიგნი „უცნობი პუტინი“.
წიგნის პრეზენტაციაზე დამფუძნებელმა ტარას გაგნიძემ განაცხადა, რომ რუსული პოლიტიკისა და ვლადიმირ პუტინის შესახებ საქართველოში უკიდურესად ტენდენციურ ინფორმაციას ფლობენ, ამიტომაც გადაწყვიტეს, შეექმნათ კრებული, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ქართული საზოგადოებისთვის უცნობი ინფორმაცია. წიგნის პრეზენტაციას იმ პერიოდისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიაც დაესწრო.
„ისტორიული მემკვიდრეობა“ კონფერენციებს მართავს და იმ პირებს იწვევს, რომლებიც პრორუსული და ანტიდასავლური პოზიციებით არიან ცნობილნი.
2014 წლის 14 ნოემბერს მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ელიზბარ ჯაველიძე, ვალერი კვარაცხელია, ნანა დევდარიანი, არნო ხიდირბეგიშვილი, ჰამლეტ ჭიპაშვილი, იური მეჩითოვი. ირაკლი უბილავა _ გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრი; გრიგოლ ონიანი _ საზოგადოება „სტალინი“; ზვიად ირემაძე _ ანტიგლობალისტური ცენტრი „ივერიელები“; გულბაათ რცხილაძე _ „ევრაზიის ინსტიტუტი“, თამარ კიკნაძე _ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე.
გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული „საქინფორმიც“.
გამოცემის რედაქტორი და მფლობელი არნო ხიდირბეგიშვილია.
მათ მიერ მომზადებულ მასალებში ჭარბობს ანტიდასავლური განწყობები.
საყურადღებოა, რომ „საქინფორმის“ პარტნიორ კოლეროვს აკრძალული აქვს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ესტონეთმა და ლატვიამ. ლატვიამ მას სანქცია 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით.
არნო ხიდირბეგიშვილის მოსაზრებები ქვეყნდება რუსულ საინფორმაციო სააგენტოზე www.iarex.ru, რომელიც „საქინფორმის“ პარტნიორია. Rex-ის კონტენტიც ანტიდასავლური განწყობებით გამოირჩევა. მისი რედაქტორი მოდესტ კოლეროვი Regnum.ru-ს დამფუძნებელი და რედაქტორიცაა. კოლეროვი ცნობილია, როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. კოლეროვი იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეგიონული და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი 2007 წლამდე. მის ფუნქციებში შედიოდა „ფერადი რევოლუციების“ აღკვეთა, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა.
კიდევ ერთი განსაკუთრებული ორგანიზაციაა გორჩაკოვის ფონდი, რომლის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, ხოლო ცენტრის წევრები: ნატალია წერეთელი (საქინფორმის კორესპონდენტი), ანა ბოხუა, მარია ლიამცევა (ფონდის პრ-ტექნოლოგი), ნატალია ბურლინოვა (ფონდის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი); დამფუძნებელი საბჭოს წევრია სერგეი ლავროვი, შექმნის ინიციატორი კი _ მედვედევი.
ფონდი ცნობილია, როგორც რუსული რბილი ძალის პოლიტიკის აქტიური გამტარებელი.
ეს წრე, რომელიც სულაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორგანიზაციებით, ძირითადად, სოციალური, საზოგადოებრივი, პატრიოტული თემატიკით მანიპულირებს. ორგანიზაციათა სახელწოდებებიც მეტყველებს ამაზე, მაგრამ მათი მიზნის განხორციელების გზები მაინც ძალიან ბუნდოვანია (მიზანს და მიმართულებას არ ვგულისხმობ, რომელიც უდავოა _ საქართველოს მომავალი რუსეთთან ერთად და ამას არც მალავენ). მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, რაღაც კონტურების დანახვა შეიძლება.
კრიმინალური, კორუმპირებული ქვეყანა, განათლების დაბალი დონით, ჩამოშლილი ეკონომიკით, ბუტაფორიული ხელისუფლებით, შესანიშნავი საკბილოა ჩრდილოელი მეზობლისთვის.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ უკანასკნელი ღონე გამოაცალოს ქვეყანას.
ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ რამდენიმე სტატია გავაერთიანე, მაგრამ არა!
ერთი და იგივეა ყველაფერი, კარგად თუ დააკვირდებით.
ჭორ-მართლით გაჯერებული საინფორმაციო ველი, დაპირისპირება ლიბერალურ ღირებულებებთან, კანონთან, საღ აზრთან, ახლა უკვე ლამის პოლიციასთან _ ამ ადამიანების პირად კავშირებსა და ბრჭყვიალასახელწოდებებიან გაურკვეველ ფონდებსა და ორგანიზაციებს (რომელთა ისტორია აუცილებლად შესასწავლია) თუ გადავხედავთ _ მივხვდებით, რომ ერთი და იგივე უბედურების სხვადასხვა მხარეა.
დეტექტიურ ჟანრში როგორი გამოთქმა აღარ არსებობს:
ეძებე მოტივი!
ეძებე ქალი!
მაგრამ ჩვენთან საქმე კიდევ უფრო მარტივად არის…
ძებნაც არ სჭირდება, იმდენად მკაფიოდ ჩანს ყველაფერი _ ჯაჭვივით ერთმანეთზე მიწყობილი და ურთიერთგადაწნული.

ქეთევან ენუქიძე