ნიკოლოზ ვაშაკიძე: „ჩვენი სახელმწიფოს წარმატება არ არის გარდაუვალი, ის მხოლოდ შესაძლებელია“

საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების, რუსეთთან ურთიერთობისა და ქვეყნის პოლიტიკური მომავლის საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა დიპლომატს, კოალიცია „ახალი საქართველოსთვის“ დამფუძნებელ ნიკოლოზ ვაშაკიძეს:

_ ჩვენი საუბარი რუსეთში არსებული ვითარებით დავიწყოთ. სურკოვის იდეოლოგიური ნარატივი, რომელიც მან სწორედ ახლა შემოაგდო, არა მხოლოდ შიდა, არამედ საგარეო მოხმარებისაც არის. მან „პუტინიზმი“ იდეოლოგიურ დოქტრინად შემოგვთავაზა და მომავლის ხედვად განსაზღვრა. როდესაც რუსეთის არსებობის უმთავრესი ამოცანა დერჟავის საზღვრების გაფართოება და მსოფლიოში საკუთარი გავლენის ზრდაა, რა ახალი საფრთხეების წინაშე დგას საქართველო და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა?
_ სურკოვი დიდი ხანია რუსეთის ან, შეიძლება ითქვას, პუტინის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. ის სამარცხვინო დოკუმენტი, რომელიც მან „პუტინის დღეგრძელი სახელმწიფოს“ სახელწოდებით ახლახან გამოაგდო, მაინც უფრო საშინაო მოხმარების მგონია და არა საგარეოსი. ვფიქრობ, ის, ძირითადად, პირადად პუტინისთვის არის განკუთვნილი. კარგად უნდა გვესმოდეს, რა სიტუაციაა შექმნილი ახლა რუსეთში. პრაქტიკულად, 20 წელია, ქვეყნის სათავეში დგას საშუალო ინტელექტისა და საეჭვო მორალის მქონე დაბალი რანგის ჩეკისტი, რომელიც ამ 20 წლის განმავლობაში განუსაზღვრელი ძალაუფლებით ტკბება. ეს ყველაფერი ხდება რეალური ცხოვრებისაგან მოწყვეტილობისა და აზიური მლიქვნელობის გარემოცვის პირობებში. შეუძლებელია, ასეთ მდგომარეობას მძიმე პათოლოგიური შედეგები არ გამოეწვია მის ფსიქიკაში.
_ რას გულისხმობთ?
_ ის ხომ არც სოკრატეა და არც სოლომონ ბრძენი, ამხელა ცდუნებასა და გამოცდას გაუძლოს. ერთი ჩვეულებრივი ჩეკისტი ვალოდიაა. მან ირწმუნა თავისი მისიის განსაკუთრებულობის მითი.
_ მხოლოდ ირწმუნა და სხვა არაფერი?
_ ერთადერთი, რაც რეალურად შეძლო პუტინმა, ეს არის ძალაუფლებისა და მასთან მჭიდროდ გადახლართული კრიმინალური ბიზნესვერტიკალის აწყობა, ქვეყანა კი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. სავარაუდოდ, ახლა ის განსაკუთრებით სენსიტიურია იმ შეფასებებთან მიმართებით, რომელიც მის და მის მიერ შექმნილი სისტემის ისტორიულ მნიშვნელობას უკავშირდება. მისი „ნამოღვაწარის“ ერთგვარი კონცეპტუალური გამართლება და დასაბუთება მას ახლა ნამდვილად სჭირდება, რომ თვითონაც დაიჯეროს და საკუთარი ხალხიც დააჯეროს თავისი კურსის სისწორესა და სიდიადეში.
_ ანუ სურკოვი მანიპულირებს?
_ სურკოვი საკმაოდ ნიჭიერი კაცია და, პრინციპში, მას შეუძლია, ნებისმიერ სიგიჟესა და უნამუსობას, მეტ-ნაკლებად, მოხდენილი ფსევდოინტელექტუალური ტრაქტატის სახე მისცეს, რაც არაერთხელ გაუკეთებია. თუმცა, ამჯერად, ის, როგორც იტყვიან, დაუკრეფავში გადავიდა.
_ კონკრეტულად?
_ 21-ე საუკუნეში, გლობალიზაციის, ინტერნეტის, სოციალური ქსელებისა და მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში ის მსოფლიოს სთავაზობს პატერნალისტურ დიქტატურას, როგორც ყველაზე რელევანტურ პოლიტიკურ მოდელს. სთავაზობს რეალურად მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი მოდელი დაამყარა პუტინმა რუსეთში და არც უნდა და არც შეუძლია მისი შეცვლა. ერთი სიტყვით, სურკოვი კარგად გრძნობს, ფსიქოლოგიურად რა სჭირდება ახლა პუტინს და ცდილობს, მაქსიმალურად ასიამოვნოს, რომ სანაცვლოდ მსუყე დივიდენდები მიიღოს.
_ დერჟავა, იმპერია?
_ ერთი რამ ცხადია, და ეს თქვენ სწორად აღნიშნეთ _ რუსული იმპერიული მოდელი, მისი უკანასკნელი და ყველაზე მახინჯი, კარიკატურული სტადიის, პუტინის რუსეთის ჩათვლით, თავისი არსით პარაზიტულია და მიმართულია მუდმივ ექსპანსიასა და ტერიტორიულ გაფართოებაზე. მით უმეტეს ახლა, როცა კრიზისში შესული პუტინის რეჟიმი ცდილობს, რუსეთის საზოგადოება მორიგი აფხაზეთით და ყირიმით კვებოს კრიზისიდან ყურადღების გადასატანად. ამდენად, სურკოვი, პუტინის საამებლად, დაუფარავად და თავხედურად უქმნის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას იდეოლოგიურ საფუძველს.
ცხადია, რუსეთის მეზობლებისთვის და, მათ შორის, საქართველოსთვის, სწორედ ეს წარმოადგენს საფრთხეს. პუტინი არასდროს გააჩერებს თავისი სამეზობლოს მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას და ეს ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
_ ამოვიდეთ სახელმწიფოებრივი ხედვიდან და ერთი წუთით დავივიწყოთ, ვინ, რომელი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას. ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც მსოფლიოს მთავარ პოლიტიკურ აქტორს _ აშშ-ს _ დიდად არ სცალია და ცხელა ჩვენთვის. მეტიც, ვხედავთ მის პოლიტიკას თუნდაც სირიასთან მიმართებით. არც აშშ-ის წინა ადმინისტრაციას გამოუდევს დიდად თავი აქ საკუთარი პოზიციების უფრო მყარად წარმოსაჩენად. ამ ფონზე, ჩვენი ქვეყანა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სტატუს-კვოს. დღეს ხომ უმთავრეს ამოცანად ჩანს, რომ მინიმალური ზიანით მივიდეთ სხვა პოლიტიკურ რეალობამდე, როდესაც უფრო მეტად საჭირონი გავხდებით. ამ გადმოსახედიდან ასე დავსვამ კითხვას: როგორ მივიდეთ სხვა პოლიტიკურ რეალობამდე მინიმალური ზიანით?
_ ერთადერთი გზა _ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, მისი უსაფრთხოების, ეკონომიკის გაძლიერება. საქართველო ვალდებულია, იყოს ულტრადინამიკური და ულტრათანამედროვე თავის განვითარებაში. ჩვენ კი საწინააღმდეგო გზას დავადექით. რუსეთთან მიმართებით სიფრთხილეს შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ, მაგრამ რა გამართლება აქვს კარტელური და მაფიოზური ეკონომიკისა და შესაბამისი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას? ეს ხომ უკიდურესად ასუსტებს ჩვენს სახელმწიფოს და რყვნის და ანგრევს ჩვენს საზოგადოებას? ქვეყნის სპეცსამსახურები გარეშე საფრთხესთან ბრძოლის ნაცვლად ოპოზიციის თვალთვალით, დევნითა და არჩევნების მანიპულირებით არიან დაკავებულნი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურა უკიდურესად გაძლიერდა, როცა მანამდე მათი პოზიციები ჩვენს ქვეყანაში უპრეცედენტოდ შესუსტებული იყო. ზოგადად, ის რეჟიმი, რომელიც დამყარდა საქართველოში, იწვევს აპათიას, უიმედობასა და ჩვენს მოქალაქეებს მასობრივი ემიგრაციისკენ უბიძგებს, რომელშიც, ძირითადად, ყველაზე ნიჭიერი და აქტიური ადამიანები მიდიან. ასეთ რეალობაში სასიკეთო საერთაშორისო კონიუნქტურის პერიოდამდე მიღწევა გაგვიჭირდება. აუცილებელია ამ პროცესის შეჩერება და შემოტრიალება. ერთი სიტყვით, საქართველოში აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, პროფესიონალებისა და პატრიოტების მოსვლა ქვეყნის მართვაში.
_ დიპლომატიაში სახელმწიფოთა შორის კონტაქტების უამრავი ხერხი არსებობს, ხილულიც და უხილავიც _ ანუ კულუარულიც. ამ კულუარული კონტაქტებისას შესაძლოა, უფრო მეტი საქმე კეთდებოდეს, ვიდრე ღია კონტაქტების დროს. ვის მოსწონს და ვის _ არა, ან რამდენად პროდუქტიულია ან _ არა, ჩვენს შემთხვევაში არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მართალია, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებული ქართული ღვინო და ქინძი თუ ოხრახუში ამ ფორმატის დამსახურებად მიიჩნევა, მაგრამ რამდენად პროდუქტიულია ის პოლიტიკურ კონტექსტში, თუნდაც ახალ რეალობამდე მისასვლელ გზაზე მინიმალური ზიანის პრიზმაში?
_ მაშინ, როცა უკვე მრავალი ოჯახის კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული რუსეთიდან მომდინარე ტურისტულ ნაკადზე და, გარკვეულწილად, ჩვენი პროდუქციის რუსეთში ექსპორტზე, ძნელი და პიარულად წამგებიანია ისაუბრო იმაზე, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან ამგვარი ურთიერთობა სახიფათოა, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი პოლიტიკით რუსეთს ჩვენს ქვეყანაზე გავლენისა და ზეწოლის მძლავრი ბერკეტი მივეცით. ყოველთვეს გამოვთქვამდი შეშფოთებას იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ეკონომიკის რუსეთთან გადამეტებულ დამოკიდებულებაში გამომდინარეობს. დღეს ეს საფრთხე უკვე რეალობაა.
_ ფორმატის ბოლო შეხვედრას დავუბრუნდეთ. მიმაჩნია, რომ კარასინის მიერ გაჟღერებული ცალკეული განცხადებები, სწორედ რომ „პუტინიზმის“ დოქტრინის გამოძახლია. მართლაც ცინიკური იყო განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცდილობთ სომხეთის ჩათრევას ნატოსთან ურთიერთობის პროცესში, მაშინ როდესაც ასეთი სახის პრეტენზიები ოფიციალური ერევნის მისამართით არ გაჟღერებულა, თან გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობის პირობებში. ანუ რა თქვა ამით კარასინმა? მეორე და ასევე მნიშვნელოვანი განცხადება: „გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი უკრაინაში“. ამ განცხადებაში ირიბად იმის აღიარებაც არის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში სწორედ რუსეთია მთავარი მოქმედი პირი, რასაც დღემდე უარობს საერთაშორისო არენაზე. ე. ი. რუსეთი საომარი მოქმედებებით გვემუქრება?
_ ცხადია, საქართველო არანაირ პოლიტიკურ ნაბიჯებს სომხეთის ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით არ დგამს. გამოდის, რომ კარასინი გულისხმობს იმას, რომ თავად ჩვენი ქვეყნის ოფიციალური კურსი ნატოსთან ინტეგრირების კუთხით სომხეთისთვის ერთგვარ პოლიტიკურ ორიენტირს წარმოადგენს, რომელიც ესოდენ არასასიამოვნოა რუსეთისთვის. მოკლედ, პრაქტიკულად, კარასინის გზავნილი ასე იკითხება: დროა, დაასრულოთ ეს თქვენი ნატოსთან ინტეგრირების კურსი, რადგან ის სერიოზულად გვიშლის ხელს ჩვენი ინტერესების რეგიონში მყარად გასატარებლად. უკრაინაზე მინიშნებაც ამ კონტექსტში ჯდება. რუსული აგრესია ხომ სწორედ მაშინ მოხდა, როცა უკრაინელმა ხალხმა ე. წ. ღირსების რევოლუცია მოახდინა და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის მკაფიო არჩევანი გააკეთა. ჩვენ ამ მუქარებმა არ უნდა დაგვაბნიოს. კარგად უნდა გვახსოვდეს _ არანაირი საფრთხე რუსეთს ნატოს მხრიდან არ ემუქრება და ეს კრემლში მშვენივრად იციან. ნატოსთან ჩვენი თანამშრომლობის შენელება ან თუნდაც შეწყვეტა რუსეთს მხოლოდ ერთადერთი მიზნით სჭირდება _ საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი მთლიანად საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქციოს და მაქსიმალურად გაიადვილოს მათი გადაყლაპვის ამოცანა.
_ ამ ფონზე მეტად მნიშვნელოვნი იყო აქცენტები, რომელიც ქართულმა მედიამ გააკეთა, _ თუ რატომ შეხვდა კარასინთან ვიზიტის წინა დღეს ზურაბ აბაშიძე ბიძინა ივანიშვილს? გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, ეს პოლიტიკური დისკომფორტია, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას ტექნიკური პრემიერი ჰყავს და მასთან მიმართებით არანაირად არ რჩება ასოციაცია, რომ იგი პოლიტიკური ლიდერია, ვისთან უნდა გაიაროს აბაშიძემ კონსულტაცია თუ არა ივანიშვილთან? და აქვე მეორე საკითხიც: დიპლომატიურ პრიზმაში რამდენად სასარგებლოა ამ თემის ანგაჟირება? სხვა საკითხია, რატომ ვერ ხერხდება ასეთი შეხვედრების კონფიდენციალობის დაცვა.
_ ჩვენ მაინც ვისაუბროთ ღიად _ ოფიციალური, სახელისუფლებო დისკურსის აუცილებელი თვალთმაქცობით ხომ არ ვართ შეზღუდულები. აბაშიძის ოფიციალური სტატუსია _ პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში, მაგრამ მისი ეს სტატუსი რეალობას მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ასახავდა. ამ პირველი წლის შემდეგ, დღემდე ის არის ფორმალურად კერძო მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში. სწორედ იმასთან მივიდა მოლაპარაკებების წინ პოზიციების შესათანხმებლად, ვისაც ის რეალურად წარმოადგენს. საერთოდ, მაინტერესებს, დადის კი ამ საკითხებით ბახტაძესთან? შეიძლება, არც დადის. თუ დადის, ამ „კონსულტაციების“ ცქერას ვისურვებდი. ერთობ სახალისო სანახაობა იქნებოდა.
_ რეალისტები ვიყოთ: არსებობს ეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი და აქედან ამოვიდეთ. როგორ ფიქრობთ, რა მაქსიმალური და მინიმალური სარგებელი შეიძლება მივიღოთ ამ ფორმატიდან და თავად როგორ შეცვლიდით ამ ფორმატის ფარგლებში მისაღწევი მიზნებისთვის ამოცანებს?
_ არ მიმაჩნდა გამართლებულად ამ ფორმატის დაწესება. საერთოდ, ვეჭვობ, რომ ეს რუსეთის კარნახით მოხდა. არ არის სწორი მოძალადესთან ინტიმური განმარტოება. ეს, როგორც წესი, კარგად არ მთავრდება. გვქონდა და გვაქვს რუსებთან სალაპარაკოდ ჟენევის ფორმატი, სადაც საერთაშორისო არბიტრები მონაწილეობენ. თუ მაინცდამაინც დამატებითი ფორმატები გვინდოდა, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მოედანი უნდა გამოგვეყენებინა. ვფიქრობ, რომ იმ სამწუხარო ფაქტში, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა, უკრაინისგან განსხვავებით, საგრძნობლად ამოვარდა დასავლეთის პოლიტიკური რიტორიკიდან და რუსეთის მიმართ პრეტენზიების სიიდან, მნიშვნელოვანწილად აბაშიძე-კარასინის ფორმატის დაწესების შედეგია. არა მგონია, რომ მისგან რამე სერიოზული დადებითი შედეგი მივიღოთ. თუმცა, როცა ის უკვე ამდენი წელია, არსებობს, მასზე ახლა უარის თქმა შეიძლება დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდეს. დღეს ამ ფორმატში რაიმე ცვლილებების შეტანაზე საუბარი უაზრობაა. ახალმა ხელისუფლებამ შეიძლება ეს ფორმატი შეინარჩუნოს, მაგრამ, ცხადია, აბაშიძე სხვა ფიგურით უნდა ჩაანაცვლოს, რომელიც აღარ იქნება ასოცირებული ბიძინა ივანიშვილთან და თავისუფალი იქნება რუსული გავლენებისგან.
_ როდესაც ვსაუბრობთ რუსეთზე, მის ინტერესებზე, ვათვითცნობიერებთ ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მასშტაბებს _ ზოგი მიიჩნევს, რომ არანაირი ომი არ მიმდინარეობს _ მორიგი, ნებისმიერი ზიანი, რომელიც შესაძლოა, რუსეთმა მოგვაყენოს, იქნება ზიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ და შედეგის მიხედვით დაზარალებული გამოვა არა ხელისუფლება, არამედ საქართველო, მისი მოსახლეობა იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს მის ერთ ან მეორე ნაწილს. რუსეთი ზიანს მხოლოდ ივანიშვილს რომ არ მიაყენებს, ესეც ცხადია. ასეთ დროს რა უნდა იყოს ქართული პოლიტიკური სპექტრის ამოცანა? ან უნდა იყოს თუ არა ეს ის თემა, რომელიც საზოგადოების, გნებავთ, ერის კონსენსუსის განმსაზღვრელი იქნება. მეტიც: რა არის ამ კონსენსუსის ფორმულა, შინაარსი?
_ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ერთადერთი სწორი და ეფექტიანი პასუხი ამ საფრთხეზე არის ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც რეალურად იზრუნებს მის უსაფრთხოებაზე და სწრაფ დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებაზე. ოპოზიციური პოლიტიკური საზოგადოებაც სწორედ ამ ამოცანაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ოღონდ აქ თუ პრინციპულად არ შევცვალეთ რაღაცები, ამის მიღწევა ძნელი იქნება.
_ რას გულისხმობთ?
_ ფაქტია, საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო უარი უთხრა ხელისუფლებას და ოპოზიციას დაუჭირა მხარი. რა მახინჯი გზებით მოხდა საბოლოო ჯამში სახელისუფლებო კანდიდატის გათრევა, ეს სხვა საკითხია. თუმცა, პატიოსნად ვთქვათ, _ აქვს კი დღეს ოპოზიციას ცოცხალი კავშირი და თანამშრომლობა იმ მილიონამდე ამომრჩეველთან, რომელმაც მას ამ არჩევნებზე მხარი დაუჭირა? სამწუხაროდ, არა. დღეს კი სწორედ ეს არის საჭირო. აუცილებელია ფართო საზოგადოების აქტიურ, შემოქმედებით პოლიტიკურ პროცესში ჩართვა. თუ ხელისუფლებამ არსებულ სახელმწიფოებრივ სისტემაში, პრაქტიკულად, მოსპო დემოკრატია და არჩევნები, ეს ყველაფერი სრულფასოვნად და აქტიურად უნდა გადავიტანოთ და ოპოზიციურ მოძრაობაში დავნერგოთ.
_ როგორ, რა ხერხით და მექანიზმებით?
_ მიმაჩნია, რომ დღეს ოპოზიციამ ოპოზიციური სიის ფორმირება უნდა მოაწყოს საყოველთაო ეროვნული არჩევნების გზით. თუ ოპოზიციამ ეს შეძლო, ჩათვალეთ, რომ მას და მასთან ერთად მთელ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მოგებული აქვს. ოღონდ ამისთვის რადიკალური ცვლილებებია საჭირო თავად ოპოზიციურ მოძრაობაში. ძველი ფორმები ახალ რეალობებს და ამოცანებს აღარ პასუხობს. ჩვეული პოლიტიკური პარტიების, ალიანსების დრო წასულია. კულუარული გარიგებების დრო ახლა არ არის. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. საჭიროა ახალი ფორმები. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა იმოქმედოს ღია პოლიტიკური პლატფორმის პრინციპით, რომლის ბაზაზე ოპოზიციური საარჩევნო სიის ფორმირება მოხდება. ამ პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს ღია პოლიტიკური დისკუსია და დიალოგი ქვეყანაში, მასში ფართო საზოგადოების ჩართვა, ახალი პოლიტიკური ლიდერების წარმოჩენის საშუალება, ერთი სიტყვით, ბუნებრივი მოღვაწეების ფორმირება და მათი ცოცხალი ინტერაქცია ხალხთან, საბოლოო ჯამში კი, ოპოზიციური საარჩევნო სიის, საერთო ეროვნული არჩევნების ორგანიზება, რაც შედეგად უზრუნველყოფს საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის გამარჯვებას მაფიაზე.
_ ყოველგვარი პირფერობის გარეშე გეტყვით, რომ თქვენი ეს პოზიცია სრულიად ესადაგება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში არსებულ განწყობებს. ეს არის ძალიან თამამი განცხადება თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მოყირჭებული და წარუმატებელი ლიდერები წლიდან წლამდე ვერ იზრდებიან და მათი თვალსაწიერის მიღმა მუდმივად რჩება სახელმწიფო. თქვენ მიერ ზემოთ ნათქვამ სიტყვებს თუ თქვენივე შექმნილი, საკმაოდ წონადი და საინტერესო სახელმწიფო დოქტრინის _ „ახალი საქართველოსთვის“ _ კონტექსტში დავინახავთ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ვთქვათ _ სახელმწიფოს წარმატება გარდაუვალია. თუმცა დამეთანხმეთ, რომ ასეთი მიდგომებისთვის თავად ოპოზიციციური პარტიების ლიდერები მზად არ არიან. მეტიც, არც კი ფიქრობენ ასე სიღრმისეულად. მაშინ რას ვითხოვთ ამომრჩევლისგან? ანუ როგორ არის შესაძლებელი პოლიტიკური კათარზისის დაწყება და ახალი რეალობისა და მოთხოვნებისთვის თვალის გასწორება? მეტიც, ამ მოთხოვნების შესაბამისი ქმედებები, რაც სახელმწიფოს განვითარების ყველა ასპექტს მოიცავს _ დაწყებული უსაფრთხოებიდან და სოციალური საკითხებით დასრულებული?
_ არ მგონია, ჩვენი სახელმწიფოს წარმატება გარდაუვალია. საერთოდ, დეტერმინიზმის არ მჯერა. ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება და არჩევანის საშუალება არა ხუმრობით, არამედ რეალურად მისცა. ამიტომ ყოველ საკვანძო სიტუაციაში განვითარების ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს _ მარცხისა და გამარჯვების. რა გზით წავა ადამიანი, ადამიანთა ერთობა, თუ, გნებავთ, მთელი ერი, ეს მნიშვნელოვანწილად თავად ხალხის ნებასა და ქმედებაზეა დამოკიდებული ამ საკვანძო მომენტებში. ამდენად, ასე ვიტყოდი: ჩვენი სახელმწიფოს წარმატება არ არის გარდაუვალი, ის მხოლოდ შესაძლებელია და იქცევა თუ არა ეს შესაძლებლობა რეალობად, მთლიანად ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე არის დამოკიდებული. თუ ამას კარგად გავიგებთ და დავემშვიდობებით ქართული მენტალობისთვის ესოდენ დამახასიათებელ ფატალიზმსა და ინფანტილიზმს, ანუ რეალურად გავაჩენთ ჩვენში ჩვენი ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობის გრძნობას, მაშინ მართლა ევროპული ტიპის ნაციად ვიქცევით და გავიმარჯვებთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ვერ შევძლოთ. კაცობრიობის ისტორიაში ბევრი სახელმწიფო და ერი დაღუპულა. დაღუპვის პირამდე მისული კატასტროფებით არის სავსე საქართველოს ისტორიაც. ამიტომ არხეინად ნუ ვიქნებით. მოვლენათა განვითარების ნეგატიური და პოზიტიური ვარიანტი თანაბრად შესაძლებელია. ეს კარგად უნდა გავიგოთ და მობილიზებულად და მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ სასიკეთო ვარიანტის გამარჯვებისთვის

გეგა სილაგავა